Перейти к контенту

ისტორია - ძველი ეკლესიის ისტორია_i_1 - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
ლუი დიუშენი

ძველი ეკლესიის ისტორია
ძველი რომი


ავტორის წინასიტყვაობა
 
დიოკლეტიანეს დევნულების დროს, როდესაც ანგრევდნენ ეკლესიებს, წვავდნენ წმიდა წიგნებს, ხოლო ქრისტიანებს დევნიდნენ და აიძულებდნენ სარწმუნოების უარყოფას, ევსები, მშვიდად მუშაობდა ქრისტიანობის პირველდაწყებითი ისტორიის შედგენაზე. ეს არ იყო უდიდესი გონიერების მქონე ადამიანი, მაგრამ იყო მომთმენი, კეთილსინდისიერი მუშაკი. ხანგრძლივი წლების განმავლობაში აგროვებდა ის მასალებს ჩაფიქრებული წიგნისთვის; მან შეძლო განადგურებისგან ეხსნა და დაემუშავებინა მრავალი მათგანი. ასე გახდა ევსები კესარიელი საეკლესიო ისტორიის მამა. მათ, ვინც ევსების შემდეგ, ასეთივე მძიმე დღეებში, ამგვარი ღვაწლის შედგომას აპირებენ, უპირველეს ყოვლისა უნდა ახსოვდეთ იგი და მისი შეუდარებელი დამსახურებები. მას რომ არ გადაექექა უმაგალითო მიმოწვლილვით პალესტინური ბიბლიოთეკები, სადაც მეცნიერმა ორიგენემ და ეპისკოპოსმა ალექსანდრემ უძველესი დროიდან შეკრიბეს მთელი ქრისტიანული ლიტერატურა, ჩვენი ცნობები ეკლესიის არსებობის პირველ სამ საუკუნეზე ძალიან მცირედით იქნებოდა შემოფარგლული. მისი წყალობით ჩვენ არა თუ არ გვიწევს მთელი ამ ლიტერატურის დაკარგვაზე წუხილი, არამედ საკმაოდ მნიშვნელოვანი ნარჩენების წყალობით შეგვიძლია წარმოდგენა შევიქმნათ მასზე.
 
მაგრამ ევსები - ჩვენი ერთადერთი წყარო როდია. მის მიერ ნახსენებმა ზოგიერთმა ძველმა წიგნმა ჩვენამდე მოაღწია; სხვა წიგნები ხელში ჩაუვარდათ დაუოკებელი მკითხველთ, რომელთაც შთამომავლობას გადასცეს წაკითხული, როგორც, მაგალითად, წმ. ეპიფანემ, იერონიმემ და ფოტიმ. უძველესი ეპოქის ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია განუხორციელებელი რამ სულაც არ არის. მსგავსი მცდელობები არცთუ იშვიათია. გერმანიაში სულ ახლახან გაჩნდა ო. ბარდენგევერის ნაშრომი (Geschichte der altkirchlishen Litteratur, Herder 1902–1903, 2 vol.). ადოლფ ჰარნაკის საქმიანი წერ უკვე ოცდაათი წელია ევსებივით აგროვებს მასალებს თავისი უდიდესი შემაჯამებელი ნაშრომისთვის. ეს მოსამზადებელი სამუშაოები სამეცნიერო სამყაროს მონაპოვარი ხდება პერიოდული გამოცემის Texte und Untersuchungen-ის წყალობით (Texte und Untersuchungen zur Geschichle der altchristlichen Litteratur, Leipzig, Hinrichs) და განსაკუთრებით წინმსწრები ხასიათის ორი ნაშრომის გამოქვეყნებით, რომლებიც ეძღვნება საეკლესიო გადმოცემაში ძველქრისტიანული ლიტერატურის საკითხებს და მის ქრონოლოგიას (Geschichte der altchristlichen Litteratur; 1 Theil: Die Ueberlieferung und der Bestand (1893); 2 Theil: Die Chronologie (1897–1904)) (1).
 
___________________
 
1. მე ასევე უდნა ვახსენო პირველი სამი საუკუნის ქრისტიან მწერალთა ნაშრომების კრებულები, რომელსაც გამოსცემს ბერლინის აკადემია: რამოდენიმე ტომი უკვე გამოიცა.
 
___________________
 
ამ ნაშრომებმა, რომელთა გვერდითაც შეგვეძლო დაგვესახელებინა სხვებიც, რომლებიც გამოიცნენ საფრანგეთში (განსაკუთრებით Р. Monceaux, Histoire lilteraire de l’Afrique chetienne, 1901), ინგლისსა და იტალიაში, ძალიან ბევრი გააკეთეს ძველი ძეგლებისა და მათი ურთიერთკავშირის განმარტებისთვის. დოკუმენტების კრიტიკულმა დამუშავებამ ძლიერ განვითარდა. XVII ს-ის მიწურულს კეთილსინდისიერმა და ფაქიზი კრიტიკული ტაქტით დაჯილდოვებულმა ტილმონმა თავისი კვლევების საფუძვლად დადო მის დროს ცნობილი წყაროების ყველაზე მიმოწვლილვითი შესწავლა. მას ძალიან გაუკვირდებოდა, მკვდრეთით რომ აღმდგარიყო და ენახა, თუ რა აღმოაჩინა მეცნიერებამ მის შემდეგ.
 
თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ცოდნის წარმატებებმა არსებითად ან შესამჩნევად შეცვალეს ტრადიციული შეხედულებები, რომლებიც გამოხატულია მის ტევად სამეცნიერო შრომებში. ნაწილობრივი შედეგები, რომლებიც მიღებულ იქნა ესოდენი ძალისხმევისა და აღმოჩენების შემდეგ, საერთო ჯამში მიდის ლუდოვიკო XIV-ის დროინდელ მეცნიერ კრიტიკოსთა შეხედულებათა გამართლებისკენ. უგუნური სისტემებით გატაცებამ, რაშიც განსაკუთრებულად გამოირჩეოდა ტიუბინგენური სკოლა, ახლა ჩაიარა; მართალია, მათ ნაცვლად მოვიდნენ სხვები, რადგან ადამიანის გონება ყოველთვის ნაყოფიერია უცნაურ თეორიათა აღმოსაცენებლად, მაგრამ არსებობს საშუალო მიმართულება, რომელიც წარმოდგენილია სერიოზულ და საღად მოაზროვნე ადამიანებით, და ის ხდება დღეს ავტორიტეტი ყველა იმათთვის, ვინც საგანზე მშვიდად საუბრობს. მე არ მჭირდება ლაპარაკი იმაზე, რომ საკუთარ თავს ამ მიმართულების მომხრედ მივიჩნევ. შეიძლება, ეს - თვითცდუნება იყოს, მაგრამ ერთნაირ ზიზღს ვგრძნობ, როგორც სხვა თეორიათა სისულელეებისადმი, ასევე სხვადასხვა ლეგენდების მიმართაც. მე იმასაც კი ვფიქრობ, არჩევამ რომ მომიწიოს, უპირატესობას მაინც ლეგენდებს მივანიჭებდი, რადგან მათში უკიდურეს შემთხვევაში ჩადებულია მცირედი პოეზია და ხალხური სული.
 
ამრიგად, სამეცნიერო ძიებათა წარმატება გამამართლებს მე იმაში, რომ ვიღებ ღვაწლს, - მოკრძალებულს, რომლის მიზანია მათი გადმოცემა და პოპულარიზაცია. მაგრამ კალამი ხელში ავიღე მრავალ პირთა ზეწოლისა და რჩევის შედეგად; მე იძულებული ვიყავი დამეკმაყოფილებინა მათი სურვილი, რათა მომასვენონ (2).
 
___________________
 
2. უნდა ვაღიარო, რომ მიძღოდა სურვილი მიმოქცევიდან ამომეღო ლექციათა ძველი ლითოგრაფირებული კურსი, რომელიც ოცდაათი წლის წინათ გამოიცა და, როგორც მეჩვენება, ძალიან დაძველდა, რათა არ მომხდარიყო ჩემი რეპუტაციის კომპრომეტირება.
 
__________________
 
 
ეს პირები მე ვერ დამიცავენ კრიტიკისგან, რადგან მათი უმეტესობა არ არის ლიტერატურული საქმიანობის თანაზიარი, მაგრამ გამოცდილი და გონიერი ადამიანები მომიტევებენ იმას, რომ, მსურდა რა ჩემი წიგნი ყოფილიყო იოლად წასაკითხი, არ შევედი კრიკიტულ ძიებებში და არ გადავტვირთე იგი ბიბლიოგრაფიით.  ისინი ასევე გამიგებენ რატომ არ შევჩერდი დიდი ხნით ქრისტიანობის ისტორიის ყველაზე პირველ მომენტებზე.  მე ჯეროვანი საფუძვლიანობით რომ მივყოლოდი საკითხების განხილვას, რომლებიც ეხებიან ეკლესიის დაფუძნებასა და სახარების ქადაგების პირველ ნაბიჯებს, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ მიუახლოვდებოდი ჩემი წიგნის უახლოს საგანს. ყველაფერს თვისი დრო და ადგილი აქვს. მომიტევონ ასევე ზოგიერთი მცდელობა, რომ შემოვფარგლე ჩემი დაინტერესების არეალი. მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, რომელთაც სურთ ყველაფრის ცოდნა, და ქედს ვიხრი იმ გამომგონებლობის წინაშე, როგორითაც შეუძლიათ მათ წარმტაც ჰიპოთეზათა მეშვეობით გააფართოვონ ზუსტად შემოწმებულ მონაცემთა თვალსაწიერი. პირადად მე მყარ ნიადაგს ვამჯობინებ; მირჩევნია არ წავიდე ძალიან შორს, მაგრამ ვიარო უფრო საიმედო და მტკიცე ნაბიჯებით, non plus sapere quam oportet sapere, sed sapere ad sobrietatem (არ იმჭერმეტყველო საჭიროზე მეტად, არამედ ზომიერად).
 
რომი, 1905 წ-ის 22 ნოემბერი.
 
 

თავი I

რომის იმპერია, როგორც ქრისტიანობის სამშობლო
 
ხმელთაშუა ზღვა და ძველი სამყარო. - რომის იმპერია და მისი მეზობლები. - ებრაელები და მათი რელიგია. - რომის პროვინციები და საქალაქო მმართველობა. - ზნე-ჩვეულებანი, იდეები, რელიგია: მისტერიები, აღმოსავლური კულტები. - სახარების ქადაგების მომზადება.
 
ქრისტიანობის გამოჩენის დღეებში რომის იმპერია მშვიდობით ბატონობდა ხმელთაშუა ზღვის მთელ სანაპიროზე. საერთო მსოფლიო წყობაში მას იგივე ადგილი ეპყრა, რაც უპყრია ევროპას ჩვენს დღეებში, მაგრამ ის უფრო განკერძოვებული იყო. არაფერი რომ არ ვთქვათ ამერიკაზე, რომლის არსებობა მაშინ ჯერაც არავინ უწყოდა, ჩინეთის, ინდოეთის და შიდა აფრიკის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ხმელთაშუა ზღვას არ იცნობდა და თავის მხრივ უცნობი იყო მისი ხალხებისთვის. თუმცა, იმ დროისთვის, ამ თითქმის ზღაპრულ ქვეყნებს, შეეძლოთ ურთიერთობა ჰქონოდათ ორი ყურეს მეშვეობით, რომლებიც შემოკრულნი იყვნენ არაბეთის ნახევარკუნძულს და ჩადიოდნენ ინდოეთის ოკეანეში: სწორედ ამ ორი მსოფლიო გზის გასწვრივ აღმოცენდნენ ყველაზე ძველი დროიდან აყვავებული სახელმწიფოები, - ეგვიპტე, ასურეთი, ქალდეა და სუზიანა (3).
 
___________________
 
3. სუზიანა - ოლქი, რომელიც ტიგროსის ქვედა დინების მარცხენა სანაპიროზე მდებარეობდა. - მთარგმნ. შენიშვნა.
 
__________________
 
მაგრამ თავიანთი გეოგრაფიული მდებარეობისდა მიუხედავად, რომელიც ესოდენ ხელსაყრელი იყო შორეულ ქვეყნებთან ურთიერთობისთვის, ეს სახელმწიფოები, როგორც ჩანს, თითქმის ყოველთვის ჩაკეტილები იყვნენ აღმოსავლეთის მხრიდან და თავიანთ დაპყრობებს და ცივილიზაციას ხმელთაშუა ზღვისკენ ავრცელებდნენ: კერძოდ, ამ მიმართულებით შეეჯახნენ ისინი ბოლოს და ბოლოს უფრო ახალგაზრდა ერებს, რომელთაც განსაზღვრული ჰქონდათ შეეჩერებინათ მათი გავრცელები, ბოლო მოეღოთ მათი ისტორიისთვის და შეეცვალათ მათი პოლიტიკური ბატონობა დასავლეთ აზიაში.
 
ქრისტეს შობამდე IV ს-ში ნილოსისა და ევფრატის ქვეყნები სპარსელთა ძალაუფლების ქვეშ გაერთიანდნენ. ეს იყო ფხიანი ხალხი, რომელთა დაპყრობებმა ერთი მხრივ ეგეოსის ზღვას და დუნაის მიაღწიეს, მეორე მხრივ კი ჰინდუს ნაპირებსაც. ორასი წლის შემდეგ ალექსანდრემ დაანგრია ეს მყიფე სამეფო და აღმოსავლეთი ბერძნებს დაუმორჩილა.
 
პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლითაც ცდილობდა იგი დაესრულებინა თავისი ბრწყინვალე საგმირო საქმენი, სინამდვილეში ძალიან ხანმოკლე იყო, მაგრამ მაკედონიის დაპყრობის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობდა, რომ მან აღმოსავლეთში საფუძველი დაუდო ელინიზმს (4). ამ ქვეყნებში, რომელთაც უკვე საკუთარი ძველი და მძლავრი ცივილიზაციები ჰქონდათ, ალექსანდრემ შემოიტანა წესები, რომელთაც სულ სხვა ხვედრი ელოდათ, ვიდრე მის მონარქიას.
 
___________________
 
4. ელინიზმად იწოდება ცოდნის, ხელოვნების, იდეებისა და დაწესებულებების ერთობლიობა, რომლებიც საბერნეთიდან შეიჭრნენ აღმოსავლეთში და, იქ ადგილოებრივ ელემენტებს შეერივნენ, შექმნას ცხოვრების თავიანთი წყობა, რომელიც აღმოსავლეთში რომაელთა მთელი მმართველობის პერიოდში ბატონობდა, რომლებიც მნიშვნელოვანწილად ასევე ელინიზირებულნი იყვნენ. ელინიზმს ახასიათებდა: საქალაქო კეთილმოწყობისა და თვითმმართველობის განვითარება, მრეწველობა, ურთიერთობები, ძველი ბერძნული ფილოსოფიის იდეათა და მეთოდთა ათვისება, ბერზნული ხელოვნების კლასიკური ნიმუშებისადმი მიბაძვა, ყველა კულტურული ხალხისთვის საზოგადო ცხოვრების წესისა და მსოფლმხედველობის ჩამოყალიბება, რომელიც შედგებოდა საზოგადო იდეებისგან, გრძნობებისგან და ინტერესებისგან; რელიგიის სფეროში ეს იყო - სინკრეტიზმი, სხვადასხვა რელიგიური სისტემის აღრევა, ოღონდ მცდელობის გარეშე მათგან ერთი მწყობრი სისტემა შეექმნათ. - მთარგმ. შენიშვნა.
 
___________________
 
 
მართალია ირანმა მალევე დაიბრუნა დამოუკიდებლობა, დაიწყო ბერძნულ სახელმწიფოთაგან განცალკევებული ცხოვრება და თან ტიგროსისა და ევფრატის ნაპირებზე თავისი ძველი ვასალური ქვეყნებიც გაიყოლა, მაგრამ არც პართეველ მეფეებს, და არც მათ მემკვიდრე სასანიდებს (5), უკვე აღარ შეეძლოთ დასავლეთთან მიმართებაში დაეკავებინათ აშურბანიპალისა და დარიოსის პოზიცია. ამ მიმართულებით მათ ყოველგვარ გავრცელებას წინააღმდეგობა ხვდებოდა. მართალია, ისინი ბერძნულ სახელმწიფოთა დაცემის მოწმეები იყვნენ, მაგრამ ამ უკანასკნელთა ადგილი რომის ლეგიონებმა დაიკავა; და ხანგრძლივი საუკუნეების განმავლობაში საზღვარს მათი ჯარები იცავდა.
 
გახდა რა იტალიის ბატონ-პატრონი, დაამარცხა კართაგენი და საბერძნეთი, რომმა ქრ. შ-მდე 64 წელს დაანგრია სელევკიდების სამეფო; ოცდაათი წლის შემდეგ მანვე დაიპყრო პტოლომეოსთა მემკვიდრეობა (6).
 
___________________
 
5. სასანიდები - ძველ სპარს მეფეთა მემკვიდრეები. - მთარგმნ. შენიშვნა.
 
6. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ სირია მისი მხედარმთავრის სელევკოს ნიკატორის მმართველობაში გადავიდა, ეგვიპტე ერგო - პტოლომეოს ლაგუსს, რომელთა სახელების მიხედვით იწოდნენ დინასტიები. - მთარგმნ. შენიშვნა.
 
___________________
   
ხმელთაშუა ზღვის მთელი ოლქი ანტიოქიიდან ესპანეთამდე მის ძალაუფლებას აღიარებდა. კეისარმა აქეთ შემოიერთა გალია, ავგუსტუსმა საზღვრები დუნაიმდე გააფართოვა, კლავდიუსმა - შოტლანდიამდე. ჩრდილოეთით რომს წინ ედგა მხოლოდ ბარბაროსთა ტომები, დასავლეთში მას ატლანტიკის ოკეანე ესაზღვრებოდა, სამხრეთში - უდაბნო. მხოლოდ აღმოსავლეთში, მდინარე ტიგროსისა და არმენიის მხრიდან, ესაზღვრებოდა ის სხვა სახელმწიფოს, მაგრამ რომაელთა შეტაკება პართეველებთან შესუსტდა მათ შორის მდებარე მთელ რიგ მცირე დამოკიდებულ სახელმწიფოთა მიერ, რომლებიც გადაშლილები იყვნენ შავი ზღვიდან ვიდრე წითელ ზღვამდე. ერთ-ერთ ასეთ მცირე სახელმწიფოში, იუდეაში, აღმოცენდა ქრისტიანობა.
 
იუდეველობა, რომელიც წინ უსწრებდა მას და შეამზადა იგი, წარმოადგენდა სირიის სამხრეთ კუთხეში მცხოვრები მცირე ერის პირველდაწყებით რელიგიას; ეს ხალხი შედგა სხვადასხვა ტომთაგან, რომლებიც გაერთიანდნენ ჯერ ერთ, შემდეგ კი ორ სამეფოში, მცირე ხნით იარსებეს და ასირიელთა და ქალდეველთა დარტყმების შედეგად დაეცნენ.
 
ბოლო სამეფოს დაღუპვის მომენტში (590 წ. ქრ. შ.-მდე) იუდაური რელიგია, თანდათანობით განწმენდილი წინასწარმეტყველთა შთაგონებებისგან, კონცენტრირდებოდა ეროვნული ტაძრის ირგვლივ იერუსალიმში. აქ თაყვანს სცემდნენ ღვთაებას, როგორც ერთ ჭეშმარიტ ღმერთს და უფალს, რომლის წინაშე ყველა სხვა დანარჩენი ცრუ-ღვთაება კერპებად და დემონებად მიაჩნდათ. ისრაელმა ის (ჭეშმარიტი ღმერთი - "აპოკ". რედ.) შემოქმედად და სამყაროს შემქმნელად აღიარა; მას ახსოვდა, რომ უძველესი აღთქმით არის მასთან შეკრული.
 
სამყაროს შემქმნელი იაჰვე იყო მისი ღმერთი, ხოლო თავად - ერი იაჰვესი. აქედან მომდინარეობს მისი ძალიან მაღალი წარმოდგენა საკუთარ ღირსებაზე, მოდგმასა და მოწოდებაზე; აქედან მოდის მისი შეუდრეკელი რწმენაც საკუთარი დანიშნულებისადმი და იმისადმი, ვინც მას ეს დანიშნულება მიანიჭა.
 
ტაძარი დაინგრა, დინასტია ამოწყდა, თვით ხალხი სხვადასხვა ქვეყნებში გაიფანტა. ყველაფრის მიუხედავად ისრაელი იმედს მაინც ინარჩუნებდა და ამ იმედში ის არ მოტყუებულა. სპარსელებმა დაანგრიეს ქალდეველთა სამეფო, დაიპყრეს და გაძარცვეს საძულველი ბაბილონი და იუდეველებს ნება მისცეს კვლავ აღედგინათ თავიანთი ტაძარი, გაერთიანებულიყვნენ მის ირგვლივ და მეტიც, გაემყარებინათ იერუსალიმი.
 
ეროვნულ დამოუკიდებლობას ებრაელები დაემშვიდობნენ, მაგრამ მათ ნუგეში იმაში ჰპოვეს, რომ უფრო განამტკიცეს კავშირები, რომლებიც ისრაელის ძეთ აკავშირებდათ იაჰვესთან და თვითონაც განმტკიცდნენ იაჰვეში. მონარქები, რომლებიც სუზაში (იგივე შუშა - "აპოკ." რედ.) მეფობდნენ, მათ ფართო, ადგილობრივი ავტონომია მიანიჭეს, რომელიც შემდეგში დაცულ იქნა პტოლემეოსების და სელევკიდების მიერ მანამ, სანამ ანტიოქოს ეპიფანემ ღმრთის ერის ელინიზება არ განიზრახა. იცავდნენ რა თავიანთ რწმენას, ღმრთის ერი აჯანყდა, რომელიც წარმატებით დაგვირგვინდა და ებრაელი ერი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებამდე მიიყვანა. ამ სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირთა შთამომავალების, ასმონელთა მოდგმის მღვდელმთავრები მართავდნენ.
 
თანდათანობით ეს მღვდელმთავრები იუდეველ მეფეებად გადაიქცნენ. ამგვარი სახელმწიფოებრივი წეს-რიგი ასი წელი გრძელდებოდა ვიდრე რომაელთა გამოჩენამდე. პომპეუსს, რომელმაც ბოლო მოუღო სელევკიდების სამეფოს და დაეუფლა იერუსალიმს (63 წ. ქრ. შ.-მდე), საერთო ჯამში ეს წეს-რიგი არ შეუცვლია. ანტონიუსმა მის ადგილზე დასვა ასმონელთაგან უკანასკნელი, ადგილობრივი წარმომავლობის ავანტიურისტი - ჰეროდე, რომელმაც დიდის ზედწოდებაც მიიღო (40 წ. ქრ. შ.-მდე). მისგან იწყება სახარებისეული თხრობა. მისი სიკვდილის შემდეგ (750 წ. რომის დაფუძნებიდან და 4 წ. ქრ. შ.-მდე) მისი საკმაოდ ვრცელი სამეფო დაიყო სამ ნაწილად: ის ნაწილი, რომელშიც იმყოფებოდა იერუსალიმი, ერგო მის ძმას არქელაოსს, რომელიც მას ქრ. შ.დან მე-6 ს-მდე ფლობდა, რის შემდეგაც გადააყენეს და პროკურატორით შეცვალეს, რომლებიც განუწყვეტლივ მართავდნენ იუდეას 66 წლის დიდ აჯანყებამდე, გარდა ჰეროდე აგრიპას სამწლიანი მეფობის მონაკვეთისა (42-44 წლები).
 
როდესაც აჯანყებამ იფეთქა, ქრისტიანობა უკვე არსებობდა, რომელსაც გზას სახარების ქადაგება უკვალავდა. თუმცა თავიდან ის მიდიოდა არა აღმოსავლეთით: მხოლოდ გვიანდელი ქრისტიანობა მტკიცდება პართეველთა სახელმწიფოში; პირველ საუკუნეებში მთელი მისი ყურადღება მიმართული იყო ბერძნულ სამყაროსა და რომის იმპერიაზე.
 
მიუხედავად იმ უმსგავსობისა, რაც თამაშდებოდა რომში, რომის იმპერია მაინც უზრუნველყოფდა მშვიდობას, უსაფრთხოებას და თავისუფლებასაც კი იმ აზრით, რომ ის ენთუზიაზმით ახალისებდა ქალაქის თვითმართველობის განვითარებას. პროვინციები, რომელთაგან ზოგნი სენატის დანიშნულებით ყოველწლიურად ცვლიდნენ პროკონსულებს, ხოლო სხვები იმპერატორთა სახელით ლეგატ-პროპრეტორებს, შედგებოდა ოლქთა ჯგუფებისგან, რომელთაგან თითოეულს ქალაქის არჩევითი ხელისუფალი მართავდა და ოლქის მეტროპოლიის როლში გამოდიოდა.
 
იმ ქვეყნებში, სადაც საქალაქო მოწყობა არ იყო შემოტანილი, თვითმართველობა სხვანაირად იყო ორგანიზებული. მოხელეები ბევრნი არ იყვნენ, თუ არ ჩავთვლით ღალის ამკრეფებს; სასამართლო, სისხლის სამართლის დანაშაულობათა გარდა, - და ასეთი გამონაკლისიც კი ყველგან როდი იყო, - რჩებოდა საქალაქო ხელისუფლების გამგებლობაში. მაგრამ პირები, რომლებიც სარგებლობდნენ რომის მოქალაქის უფლებით, მხოლოდ რომის სასამართლოებს ექვემდებარებოდნენ.
 
სასაზღვრე პროვინციები თავიანთ საზღვრებში ინახავდნენ საიმპერატორო ჯარებს; საშინაო სიმშვიდის დაცვა ადგილობრივ საქმეთა სფეროს განეკუთვნებოდა და საქალაქო ხელისუფლების მოვალეობაში შედიოდა. ეს ლიბერალური ორგანიზაცია არ იწვევდა არსებით უწესივრობას: მიღებული იყო უსაფრთხოების ზომები, რათა ძალაუფლება ქალაქებზე არ დაქვემდებარებოდა უზრუნველყოფილ კლასთა ძალმომრეობას; სახალხო მასას არანაირი გავლენა არ ჰქონდა ადგილობრივ მმართველობაზე.
 
ასეთ წესრიგში ჰყვაოდა მშვიდობა, ბერძნულ-რომაული ცივილიზაცია სწრაფად იმორჩილებდა ქვეყნებს, სადაც მანამდე ბატონობდა ან ცხოვრების სხვაგვარი წესი, ან კიდევ ბარბაროსობა. სოფელში ჯერ კიდევ დაცული იყო ადგილობრივი ენა, - კელტური, პუნიკური, იბერიული, ილირიული, სირიული, ეგვიპტური, მაგრამ ქალაქებში იშვიათად მეტყველებდნენ რომელიმე ენაზე, გარდა ბერძნულისა და ლათინურისა. გზების ფართე ქსელი ერთმანეთთან აკავშირებდა იმპერიის ყველა ნაწილს; მათით იგზავნებოდა საიმპერატორო ფოსტა, მათით სარგებლობდნენ კერძო პირებიც. თვით ხმელთაშუა ზღვა წარმოადგენდა დიდ, უსაფრთხო და სწრაფ სამაუწყებლო გზას. რადგან ურთიერთობები გაადვილდა, ისინი უფრო გახშირდნენ.
 
მაგრამ ამ უზარმაზარ სხეულში გონებრივ საქმიანობაზე მეტად მატერიალური ცხოვრება ჩქეფდა. ავგუსტუსის საუკუნემ ჩაიარა; პოეზია და მჭევრმეტყველება ჩაქრა, სწავლულმა გრამატიკოსებმა ადგილი დაუთმეს დიდ მწერლებს. თვით ფილოსოფია დაკნინდა. მოდური სკოლები, ეპიკურელთა და სტოიკოსთა, თითქმის არ მეცადინეობდნენ მეტაზიკაში; ის იშვიათი გონებანი, რომლებიც ჯერაც მუშაობდნენ, როგორიც იყო, მაგალითად, სენეკა, უფრო ზნეობრივ საკითხებს განიხილავდნენ.
 
რომში რამოდენიმე კეთილშობილური ხასიათი, როგორებიც იყვნენ თრაზეა ან ჰელვიდიუს პრისკუსი, ადამიანური სინდისის ცოცხალ პროტესტს წარმოადგენდნენ კეისართა და ფლაბიოსთა ტირანიის წინააღმდეგ, ეს იყო დაღუპული თავისუფლების გამოძახილი. მაგრამ არც ამ თავგანწირულ ოპოზიციას, არც მჭვრეტელობით ფილოსოფიას არ გააჩნდა რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა რომაულ ბრბოზე ან პროვინციებში მცხოვრებ მოსახლეობაზე.
 
რელიგიის საქმეში უმაღლესი კლასები საერთოდ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. საბერძნეთისა და რომის ძველი კულტებიდან მხოლოდ ოფიციალური წესჩვეულებებიღა დარჩა. ძველი რომაული რელიგია თითქმის არ შეიცავდა არაფერს რიტუალების გარდა; მისი განყენებული ღმერთები მოკლებულნი იყვნენ ხატებას, პოეზიას, ზოგჯერ სახელებსაც კი. ბერძნების ფანტაზიამ, პირიქით, შეძლო ნამდვილი სახეებით შეემოსა პირველყოფილი ნატურალიზმის განყენებული იდეები და მათგან ზებუნებრივი ძალის, გონებისა და სილამაზის ადამიანები შექმნა. პოეტები უმღეროდნენ მხოლოდ ამ მომხიბლავ უკვდავ არსებათა გმირობებსა და თავგადასავლებს, მაგრამ მათი პანთეონიდან არ იქმნებოდა არანაირი თეოლოგია, არანაირი სარწმუნოებრივი სწავლება.
 
მართალია, ფილოსოფია ცდილობდა ეპოვა კოსმოგონიური აზრი (7) რელიგიურ მითებში, მაგრამ ამგვარი გზით მან არა იმდენად განმარტა ისინი, რამდენადაც გააქრო ნდობა მათდამი. წინაპართა ოლიმპისგან ზურგშექცევის შემდეგ, რელიგიური გრძნობა გადაეშვა მისტერიებში, რომლებიც საუკუნეთა მიღმიერ საიდუმლოთა გახსნას, დატყვევებული სულის გათავისუფლებასა და მომავალ ცხოვრებაში უზრუნველყოფილ ბედნიერებას ჰპირდებოდნენ ადამიანს. მაგრამ ბერძნული საიდუმლოებანი სულაც არ იზიდავდა უბრალო ხალხს; ზოგიერთი მათგანი, რომელიც მეტისმეტად ემუქრებოდა ზნეობრიობას აკრძალული იყო ან მკაცრ ზედამხედველობას იყო დაქვემდებარებული.
 
___________________
 
7. კოსმოგონია - სწავლება სამყაროს წარმოშობის შესახებ. - მთარგმნ. შენიშვნა.
 
___________________
 
აღმოსავლეთისა და ეგვიპტის დაპყჰრობამ ახალი რელიგიური ელემენტები შემოიტანა: ყველა მხრიდან იჭრებოდნენ ხმაურიანი, მათრობელა, უზნეო კულტები, რომლებიც თავიანთ დღესასწაულებზე დასაშვებად მიიჩნევდნენ კაცებისა და ქალების, მდიდართა და ღარიბთა, მონათა და თავისუფალთა მონაწილეობას. ეგვიპტიდან გადმოტანილ იქნა იზიდას და სერაპისის კულტები, სირიიდან - ადონისისა და ასტარტასი, სპარსეთიდან მიტრას კულტი, ფრიგიიდან - ციბელასი და საბაზიოსის. ყველგან აღმოცენდა ამ ახალ ღვთაებათა საპატივცემო უთვალავი საძმოები, და მათდამი თაყვანისცემამ ისეთი რელიგიური საკვები მისცა გრძნობას, რომელსაც ის უფრო ოფიციალურ ცერემონიებში ვერ პოულობდა.
 
ამ უკანასკნელებმაც განიცადეს სახეცვლილება. ძველ ეროვნულ საკერპეებში გრძელდებოდა ღვთისმსახურება, მაგრამ ძველ ღმერთებთან ერთად ჩნდებოდნენ ახლებიც, უფრო ახლობელი და მძლავრი ღვთაებები, რომლებიც მათთვის საშიში მოწინააღმდეგეები გახდნენ. მე ვგულისხმობ რომისა და ავგუსტუსის (8) კულტებს. ეს კულტი პირველად პროვინციაში გაჩნდა იმპერატორ ავგუსტუსის დროს და უჩვეულო სისწრაფით გავრცელდა.
 
___________________
 
8. ამ ფორმულაში აუცილებელი არ არის ავგუსტუსის სახელი ნიშნავდეს იმპერატორ ოქტავიანე-ავგუსტუსს, არამედ საერთოდ ცოცხალ ავგუსტუსს, მოქმედ იმპერატორს.
 
___________________
 
ყოველ პროვინციაში ქალაქებისგან უფლებამოსილნი ყოველწლიურად იკრიბებოდნენ რომისა და იმპერატორისადმი მიძღვნილ ტაძართან. ეს რწმუნებულები თავიანთი გარემოდან ირჩევდნენ მოგვს, რომელზეც მთელი მომავალი წლის განმავლობაში დაკისრებული იყო კულტის მსახურება პროვინციის სახელით; ის ატარებდა flamen-ის (ფლამენი), sacerdos (მღვდლის), ἀρχιερεύς (მღვდელმთავრის) ტიტულს. აქ დიდ საზეიმო ვითარებაში შეიწირებოდა მსხვერპლი და ეწყობოდა საზოგადოებრივი თამაშები; იმის შემდეგ, რაც შემოწმდებოდა მოგვის საქმიანობა, რომელმაც იმსახურა მისთვის გამოყოფილი ვადა, დელეგატები იშლებოდნენ.
 
ამ ზეიმობათა გარდა, რომელსაც მთელი პროვინცია ატარებდა, რომსა და ავგუსტუსს ქალაქთა უმრავლესობაში ჰყავდათ საკუთარი მუნიციპალური მოგვები და ტაძრები, მეტიც, რელიგიური სიმდიდრეებიც კი. ქალაქურ მუნიციპიათა და პროვინციათა ორგანიზებასთან დაკავშირებული ეს კულტი, რომელიც აერთიანებდა მას იმპერიის უმაღლეს ძალაუფლებასთან თავისებური რელიგიური საკვრელებით, ძალიან მალე ოფიციალური რელიგიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდა.
 
ესოდენ განსხვავებული წარმომავლობისა და შინაარსის ყველა ეს რელიგია, ერთმანეთის გვერდიგვერდ არსებობსა და არ გამორიცხავდნენ ერთურთს. ყოველი აკეთებდა თავის არჩევანს მათ შორის თავისი გემოვნებისა და კომფორტის მიხედვით; დასაშვები იყო მსახურება ყველა კულტისადმი, ვითარებისდა მიხედვით. ქრისტიანობის წინაშე გაიშალა არა ცარიელი სივრცე: მას უწევდა მისკენ გადმოსულთა სულებში აღმოეფხვრა არა მარტო ამა თუ იმ განსაკუთრებული კულტის გავლენა, არამედ საერთოდ ცნობილი მიდრეკილებაც წარმართული რელიგიებისკენ, რომლებიც თანდათანობით დაშრევებული და გადაწნული იყო ერთმანეთზე ადამიანის ყოველდღიურ რელიგიურ ცნობიერებაში.
 
ყოველივე ამ თქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ქრისტიანობის ქადაგებას მის თანამედროვე რომაულ იმპერიაში დახვდა როგორ ხელსაყრელი პირობები, ასევე წინააღმდეგობებიც. ხელსაყრელ პირობათა შორის პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ საყოველთაო მშვიდობა, ენის ერთგვაროვნება და აზრის მდგომარეობა, შეტყობინებათა სისწრაფე და უსაფრთხოება.
 
ქრისტიანობას შეეძლო ფილოსოფიაც სასარგებლო მოკავშირედ მიეჩნია, იმ დარტყმებისდა გამო, რომლებიც მან მიაყენა ძველ გადმოცემებს, და მის უუნარობას მათ ნაცვლად რაიმე საკუთარი შეექმნათ: წარმართობაზე ეკლესიის მამები ლუკიანეს ენით მეტყველებენ (9).
 
___________________
 
9. ლუკიანე სამოსატელი, დაიბ. დაახლ. 125 წ. ქრ. შ.-დან. ის დასცინოდა ღმერთებს თხზულებაში "საუბრები მკვდართა სამეფოში". - მთარგმნ. შენიშვნა.
 
___________________
 
დასასრულ, აღმოსავლურმა რელიგიებმა, რომლებმაც გარკვეული საკვები მიაწოდეს რელიგიურ გრძნობას, არ მისცეს მას გაქრობის შესაძლებლობა, და დაეხმარნენ დალოდებოდა აღორძინებას სახარების მეშვეობით. მაგრამ ამ ხელსაყრელ ვითარებებთან ერთად, რამდენი წინააღმდეგობა არსებობდა! რომი ძალიან მალე გადავიდა დევნულებათა გზაზე; რამოდენიმეჯერ სცადა მან შერკინებოდა ქრისტიანობას არა სასიცოცხლოდ, არამედ სასიკვდილოდ. ბერძნული ფილოსოფიის რაციონალისტურმა სულმა დროთა განმავლობაში დაიპყრო ქრისტიანული სწავლების დოგმატური ნაწილი და ასობით მრავალგვაროვანი მწვალებლობა გააჩინა.
 
რაც შეეხება ხალხურ კულტებს, თუმც ისინი გარკვეულ დონემდე მხარს უჭერდნენ რელიგიურ გრძნობას, მაინც, მათგან ვერ წამოვიდოდა შეწევნა ბრძოლაში თავმოყვარე და სამარცხვინო ვნებებთან, რომლებიც როგორც ხალხში, ასევე ცალკეულ ადამიანებში, ყოველთვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენენ ცხონების გზაზე.
ძველი რომი
თავი II

პირველყოფილი ეკლესია იერუსალიმში
 
იუდეველობა რომის იმპერიაში და პალესტინაში. - იესუს მოწაფეები: მათი ქადაგება, მათი ორგანიზაცია. - სავლე თარშიშელი. - წარმართთა პირველი მოქცევა, რომლებიც იუდეველობისკენ იყვნენ მიდრეკილნი.
 
 
"ხსნა იუდასგან მოვა", უთხრა იესუმ სამარიელ დედაკაცს. ეს სიტყვები გვაძლევენ სახარებისეული ქადაგების გარეგან დახასიათებას: მისი ამოსავალი წერტილი - იერუსალიმშია; ის წარმართებამდე მივიდა ებრაულ კოლონიათა დახმარებით, რომლებიც მთელ იმპერიაში იყო გაბნეული.
 
იმ დროიდან, რაც ალექსანდრესა და რომაელთა წყალობით მსოფლიოს წინაშე გაიშალა სამოგზაურო გზები, იუდეველობამ საკუთარი თავისგან გამოჰყო კოლონიები. ტყვეობის დროიდან, თავისი აკვნის - პალესტინის - გარეთ მას უკვე ჰქონდა მნიშვნელოვანი ცენტრი ბაბილონში; მაგრამ ეს უკანასკნელი თითქმის არ იმსახურებას პირველდაწყებითი ქრისტიანობის ისტორიკოსის ყურადღებას. სულ სხვა საქმეა ებრაული კოლონია ალექსანდრიაში, რომელიც შეადგენდა ამ დიდი ქალაქის მოსახლეობის ორ მეხუთედს. მან, ფილონის განმარტებების გარდა (10), მსოფლიოს მისცა, სიბრძნის კანონიკური წიგნი და რამოდენიმე მნიშვნელოვანი აპოკრიფული (11) ნაწარმოები. თუმცა, ეგვიპტის ქრისტიანობისკენ მოქცევა ღრმა სიბნელით იყო მოცული, და ამიტომ ამ კოლონიაზე შეჩერებაც არ მოგვიწევს.
 
___________________
   
10. ფილონი – (20 წ. ქრ. შ.-მდე – 50 წ. ქრ. შ. - დან.) ალექსანდრიელი ებრაელი, ფილოსოფოსი და წერილის მცოდნე, რომელმაც ბიბლიის ალეგორიული განმარტებების გზით ერთმანეთს დაუახლოვა იუდეველობა და ბერძნულ-პლატონური და სტოიკური ფილოსოფია. - მთარგმნ.
 
11. აპოკრიფულად იწოდება თხზულება, რომელიც თავისი ლიტერატურული ფორმით, ნაწილობრივ კი შინაასრით, ახლოსაა წმ. წერილის წიგნებთან (აპოკრიფული სახარებები, მოციქულთა საქმეები, ეპისტოლეები, აპოკალიფსისები), მაგრამ ეკლესიის მიერ ავტორიტეტულად არ არის აღიარებული და წმიდა წერილის კანონში არ არის შესული. ისინი აპოკრიფებად იწოდებოდნენ (ბერძნ.: ακοχροφος-დან - საიდუმლო, დაფარული), რადგან ამოღებულნი იყვნენ ფართო პუბლიკისგან, ასევე იმიტომ, რომ მათი ავტორები და მათი წარმომავლობის ვითარებანი უცნობი იყო. - მთარგმნ.
 
___________________
 
იმპერიის დანარჩენ ნაწილებში მთავარი ქალაქები მოიცავდნენ მეტ-ნაკლებად მრავალრიცხოვან ებრაულ მოსახლეობას, რომელიც დასაქმებული იყო ვაჭრობით და, რომელსაც იცავდა პრივილეგიები, რამოდენიმეჯერ დადასტურებული ალექსანდრეს პირველ მემკვიდრეთა დროიდან. ისრაელის შვილები იკრიბებოდნენ სინაგოგებში, რათა მოესმინათ და განემარტათ წმიდა წერილი, აღესრულებინათ საერთო ლოცვები და განეხილათ ადგილობრივი თემის სულიერი და საერო საქმეები.
 
 
ეს რელიგიური ორგანიზაცია, ჯერ-ერთი, ეფუძნებოდა შესაძლო სრულ განცალკევებას წარმართთაგან, და მეორეც, ისრაელის ღმერთისადმი რწმენას, მესიანურ სასოებას და რჯულის დაცვას, რომელიც, თუმცა, შერბილებული იყო გარემო პირობების გავლენით და ვიწრო ფორმალიზმისგან, რომელიც იერუსალიმში სუფევდა, გათავისუფლდა.
 
პალესტინაში ტაძარი, როგორც იაჰვეს რელიგიის ერთიანი სიწმიდე, მძლავრ მიმზიდველობას ინარჩუნებდა. მღვდლები, რომელთა სათავეში იდგა სადუკეველთა არისტოკრატიული პარტია, საწესჩვეულებო განაწესთა მკაცრ დაცვას ითხოვდა, მაგრამ ფუფუნება, უზნეობა და რელიგიური ინდიფერენტიზმი, რომლითაც თავს იწონებდნენ სასულიერო ფენის ბელადები, მათი მაამებლობა რომაელი ხელისუფლებისადმი, მათი უგულებელყოფა ხალხის მესიანური იმედებისადმი და სწავლებისადმი მკვდრეთით აღდგომის შესახებ, ხალხის გულისწყრომას და მათგან განშორებას იწვევდა. ზოგიერთებში კი გარკვეულ დონემდე თვით ტაძრისადმი უპატივცემობასაც კი იწვევდა: მათდამი ზიზღის გამო ადამიანები შორდებოდნენ ოფიციალურ სიწმიდეს და მის მსახურებს, რათა საერო ცხოვრებას მოშორებულებს ღმრთისმსახურებისა და რჯულის ზუსტი დაცვისადმი მიეძღვნათ თავიანთი თავი. ეს მოძრაობა ჩამოყალიბდა ესეელთა სექტით, რომლებიც პატარ-პატარა თემებით ცხოვრობდნენ მკვდარი ზღვის სანაპიროზე ენგადის შემოგარენში.
 
იესუ ქრისტესა და მისი მოწაფეების მდევნელები სადუკეველი მღვდლები იყვნენ; რაც შეეხება ესეებს, ისინი აგრძელებდნენ თავიანთ არსებობას ახალდაბადებულ ქრისტიანობასთან ერთად, და თუკი მიუერთდნენ მას, მხოლოდ მოგვიანებით. ფარისევლები, რომლებიც ესოდენ ხშირად არიან მხილებულნი სახარებაში მათი პირმოთნეობისთვის, ცრუ ღვთისმოსაობისთვის და თავისებური კანონებისთვის, ცალკე სექტას არ წარმოადგენდნენ: მათი სახით საერთოდ აღინიშნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ზედმიწევნით იცავდნენ რჯულს და არა მარტო მას, არამედ კიდევ ათასობით ჩვეულებას, რომლებიც ამ რჯულზე დაახვავეს, და თანაც ისეთივე მნიშვნელობას ანიჭებდნენ მას, როგორსაც ძირითად ზნეობრივ მცნებებს. სამაგიეროდ ისინი მტკიცედ მიჰყვებოდნენ სასოებას მესიის მოსვლის შესახებ და ასევე სწამდათ მიცვალებულთა აღდგომის; მათ გადაჭარბებულ და თვითკმაყოფილებით სავსე ერთგულებაში წვრილმანი ჩვეულებებისადმი იმალებოდა ღრმა რწმენისა და ღვთისმოსაობის მონაცემები, რომელმაც ქრისტიანობას მისცა მრავალრიცხოვანი და ერთგული მიმდევრები.
 
როგორ და რა ვითარებებში აღმოცენდა პალესტინის რელიგიურ ატმოსფეროში მოძრაობა, რომელმაც ეკლესიის დაფუძნება გამოიწვია? ყველა ცნობა ერთხმად მიგვითითებს, როგორც ამოსავალ პუნქტს, პიროვნებათა ჯგუფზე, რომლებიც იმპერატორ ტიბერიუსის (30-37) მეფობის უკანასკნელ წლებში იერუსალიმში ცხოვრობდნენ. ეს პირველი მორწმუნეები აღიარებდნენ იესუ ნაზარეთელის სახელსა და სწავლებას, რომელიც იუდეველთა ხელისუფლების წაქეზებით ჯვარცმულ იყო პროკურატორ პილატეს დროს. მრავალი მათგანი პირადად იცნობდა მას სიცოცხლეშივე, ყველამ იცოდა, რომ ის მოკვდა ჯვარზე, ყველას ერთნაირად სწამდა, რომ ის აღდგა მკვდრეთით, თუმცა მხოლოდ მათ ნაწილს ეღირსა მისი გამოცხადება მკვდრეთით აღდგომის შემდეგ. ისინი მას აღთქმულ და ნანატრ მესიად მიიჩნევდნენ, ღმრთის ძედ, რომელიც ზეგარდმო გადმოვიდა და, რომელსაც ამ წუთისოფელში უნდა აღედგინა სამართლიანობის სამეფო და უზრუნველყო სიკეთის ზეიმი ბოროტებაზე.
 
მან თავის მორწმუნეებს აღუთქვა, რომ დააფუძნებდა სამეფოს, ღმრთის სამეფოს, საიდანაც განდენვილ იქნებოდა ბოროტება და გზა გაეხსნებოდა ყველას, ვინც კი მიჰყვებოდა მას (მესიასა და ქრისტეს). მისმა სიკვდილმა ჯვარზე, მართალია, შეანელა დაპირების აღსრულება, მაგრამ ის უახლოეს მომავალში უნდა აღსრულდეს. ამისი წინაპირობა იყო გამარჯვება სიკვდილზე, რომელიც მკვდრეთით აღმდგარმა მოძღვარმა მოიპოვა: ის ავიდა ზეცად და დაჯდა ღმრთისა და მამის მარჯვნივ, და კვლავ უნდა დაბრუნდეს, რათა გამოაჩინოს თავისი დიდება და დააფუძნოს საკუთარი სამეფო.
 
ამის მოლოდინში მისი მიმდევრები სახარებას ავრცელებდნენ, და ასე ამრავლებდნენ რჩეულთა რიგებს. ისინი სულიერ ერთობაში ცხოვრობდნენ: ერთი ჰქონდათ რწმენა, ერთი მოლოდინი მჭიდროდ ჰკრავდა მათ ურთიერთ შორის. მათ სათავეში იდგა თორმეტი ადამიანი, რომლებიც ქრისტეს მიწიერ ცხოვრებაში თან ახლდნენ და მუდმივად მასთან ახლო ურთიერთობაში ცხოვრობდნენ; მათ მისგან მიიღეს სწავლება, რომელიც გაავრცელეს მისი სახელით, და შეეძლოთ დაემოწმებინათ მის მიერ აღსრულებული სასწაულები.
 
თუმცა, მოძღვართან სიახლოვისდა მიუხედავად მათ მიატოვეს იგი კრიტიკულ მომენტში, და მისი მკვდრეთით აღგომაც უცებ როდი დაიჯერეს, მაგრამ ამჯერად მათი რწმენა ყოველგვარ ეჭვქვეშაა და არანაირ გამოცდას არ საჭიროებს, რისმა გამოვლინებამაც არ დააყოვნა.
 
მორწმუნეთ ეს პირველი ჯგუფი ღრმად იყო იუდაური სულისკვეთებით გამსჭვალული. მათსა და ღვთისმოსავ ებრაელებს შორის შეუძლებელი იყო მომხდარიყო განხეთქილება. ყველაფერი, რისიც მათ სწამდათ, რასაც იმედოვნებდნენ, ყველა წეს-ჩვეულება, რომელსაც მათი ხალხის ღვთისმოსავი ადამიანები ასრულებდნენ, - ეს ყველაფერი მათი რწმენის, სასოებისა და ღვთისმოსაობაში წვრთნის საგანს წარმოადგენდა: ისინი, ისევე როგორც სხვები, დადიოდნენ ტაძარში და მოსეს რჯულის საზოგადო განწესებებს ექვემდებარებოდნენ. მხოლოდ ერთი რამ განასხვავებდა ქრისტიანებს: მათთვის მესია მომავლის ბურუსში როდი იყო ჩაკარგული; მათ ის იპოვეს, რადგან ის უკვე მოვიდა და წარმოაჩინა თავისი თავი; ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მალე მას კვლავ იხილავდნენ.
 
მიუხედავად იმისა, რომ ამაში არაფერი იყო ებრაული იდეებისა და მისწრაფებების საწინააღმდეგო, არ შეიძლება ითქვას, რომ ასეთი იმედი და ის თემი, რომელიც მისი გავლენის ქვეშ დაარსდა, შეესაბამებოდა ან თუნდაც გულგრილობას იწვევდა ებრაული სამღვდელო დასის მხრიდან. იესუს მიმდევრად საკუთარი თავის გამოცხადება, და განსაკუთრებით მისი გამოცხადება ისრაელის სასოებად, ნიშნავდა პროტესტის გამოთქმას ადამიანის დასჯის მიმართ, რომელიც ერის ბელადებმა საშიშ, დამნაშავე და სიკვდილის ღირს ადამიანად ჩათვალეს.
 
მეორე მხრივ სახალხო მოძრაობა, რომლის გამოვლინება ესოდენ აშინებდა მღვდელმსახურებს, კვლავ და კვლავ ჩნდებოდა სხვა სახით. ხმაურიანი ასამაღლებლების ნაცვლად მიდიოდა ჩუმი ქადაგება; მაგრამ მტკიცე მიმდევრები, როგორც ჩანს, უკვე მრავლად იყვნენ, ვიდრე იესუს დროს, და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდებოდა, მათში იბადებოდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია; მათ ჰყავდათ ხელმძღვანელები, სწორედ ის მეგობრები, რომლებიც თავიდანვე მიიზიდა იესუმ გალილეაში.
 
ასეთ პირობებში ქრისტეს მოწაფეებისთვის რთული იყო თავიდან აეცილებინათ შევიწროებანი ებრაელ ხელისუფალთა მხრიდან: და ეს შევიწროებანი დაიწყო კიდეც, როგორც ეს მოციქულთა საქმეებიდან ჩანს (შეად. მთ. 10:16-24, I თეს. 11:14). დაპატიმრებებისა და მუქარების მიუხედავად, მოციქულები თამამად არღვევდნენ აკრძალვებს და ითმედნენ გამათრახებასა და პატიმრობებს, რითაც მათი დაშინების უფლებას არავის აძლევდნენ. თუმცა მღვდლებს არ შეეძლოთ ყველაფრის გაკეთება, რაც მათ სურდათ: პროკურატორი, როგორც ჩანს, არ ავლენდა ახალი სასჯელებისადმი მზადყოფნას.
 
მაგრამ ქრისტეს მოწაფეებს უმძიმესი წუთების გადატანამ მოუწიათ: სტეფანე, მოქცეულთაგან ერთ-ერთი პირველი, მოციქულთა გულმხურვალე თანამშრომელი, ბრალდებულ იქნა ტაძრისა და მოსეს რჯულის გმობაში. მისი სიტყვების მიხედვით, რომელიც მოციქულთა საქმეების წიგნშია გადმოცემული, ჩანს, მისი ქადაგება მართლაც გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმხურვალით. ასე იყო თუ ისე, სინედრიონმა, მოიკრიბა მხნეობა, და შესაძლოა, პროკურატორის უძლურების გამო ან კიდევ ისარგებლა რა იმ წუთით, როდესაც ეს თანამდებობა ჯერაც თავისუფალი იყო, სტეფანეს გამოუტანა განაჩენი და ჩაქოლა იგი ტრადიციის ყველა მოთხოვნისამებრ.
 
ამ მოვლენის შემდეგ ერთგულ (ქრისტიანთა) წინააღმდეგ მიღებულ იქნა უსასტიკესი ზომები, შეშინებულითემი გარკვეული დროით დაიშალა. მაგრამ, შიში დიდხანს არ გაგრძელებულა, და თემმა, რომელსაც უკვე "ეკლესიას", უწოდებდნენ (ქრისტიანები), აღორძინება არ დააყოვნა.
 
მისი შიდა მოწყობა, როგორც ჩანს, არც ისე რთული იყო. მასში გაწევრიანება ხდებოდა ნათლისღებით, - იესუსადმი თანაზიარობის სიმბოლოთი, რომლის სახელითაც ის აღსრულდებოდა, და ამავდროულად მოქცევით, ზნეობრივი აღორძინებით, რომლისკენაც იყო მოწოდებული ყოველი ქრისტიანი. ყოველდღიური საზოგადო ტრაპეზი თემური ცხოვრების გამოხატულებას და შემტკიცებას წარმოადგენდა. აქ აღსრულდებოდა ევქარისტიის საიდუმლო, როგორც შეგრძნებითი და საიდუმლო შეხსენება უხილავ მოძღვარზე. პირველ დროებაში ერთობლივი ცხოვრების მოთხოვნილება იმდენად ძლიერი იყო, რომ მართალნი ქონების ერთიანობამდე მივიდნენ. აქედან განვითარდა საეკლესიო მმართველობაც: მოციქულები ირჩევდნენ თავიანთ თანაშემწეებს, რომლებიც დიაკონთა პირველხატნი გახდნენ. ცოტა მოგვიანებით ჩნდება შუალედური ხარისხი, უხუცესთა საბჭო (პრესვიტერები), რომლებიც მოციქულებს ეკლესიის საზოგადო მმართველობაში ემსახურებოდნენ და მათთან ერთად ბჭობდნენ.
 
მართალია ეს პირველი ქრისტიანული თემი სწრაფად გავრცელდა, მაგრამ მას ადრევე მოუწია უარი ეთქვა სასოებაზე საკუთარ რიგებში გაეწევრიანებინა ყველა პალესტინელი იუდეველი. მისი ქადაგება წააწყდა არა მარტო სასულიერო ხელისუფალთა მტრობას, არამედ საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგობასაც.
 
როდესაც იერუსალიმში წინააღმდეგობას წააწყდნენ, სწავლება სწრაფად გავრცელდა მის ფარგლებს გარეთ, როგორც ჩანს, არა იმდენად ჩაფიქრებული გეგმის მიხედვით, რამდენადაც ვითარებათა გამო. გაქცევა, რომელიც მოხდა არქიდიაკვან სტეფანეს სიკვდილის შემდეგ, შორეულ ქვეყნებში გაფანტა მრავალი მორწმუნე ენთუზიასტი, რომლებმაც "სახარება" მთელ პალესტინასა და მის ფარგლებს გარეთ, სირიაში, ფინიკიაში და თვით კუნძულ კვიპროსზეც კი გაავრცელეს. გალილეაში, სახარების პირველ სამშობლოში, სავარაუდოდ შენარჩუნდა ძველ მოწაფეთა ჯგუფი; იგივე ხდებოდა დამასკოში, არაბეთის სახელმწიფოში.
 
ასეთ ვითარებებში და ამ დროს აღორძინებადმა ეკლესიამ მიიღო ყველაზე მოულოდნელი ახალი მიმდევარი - სავლე ტარსელი, რჯულის მოშურნე და განსწავლული დამცველი, რომელიც აქამდე იესუს მოწაფეთა მძაფრი მდევნელი იყო. ის ქრისტიანობისკენ მოექცა უფლის გამოცხადების შედეგად, როდესაც იერუსალიმიდან დამასკოში მიდიოდა. თავიდან ის შეუერთდა ამ ქალაქის ქრისტიანთ, შემდეგ კი არაბეთში დაიწყო ქადაგება.
 
როგორც ყველა ახალმოქცეული, სავლეც სისხლით ხორცამდე ებრაელი იყო, და თავის თანამემამულეთა მსგავსად, სიამაყისა და განსაკუთრებულობის გრძნობით იყო გამსჭვალული, რომელიც ხელმძღვანელობდა მას უცხოტომელებთან ყოველგვარ ურთიერთობაში. ასეთ ვიწრო სამყაროში თავისთავად იგულისხმებოდა, რომ ღმრთის სასუფეველი განეკუთვნება ღმრთის ერს, იმ პრივილეგირებულ ეროვნებას, რომელზეც ღმერთმა ესოდენ უხვად გადმოღვარა მრავალგვარი წყალობა და, რომელსაც ამდენი აღთქმა უბოძა.
 
მაგრამ, რადგან ღმრთის ერი საერთო მასაში აჩვენებდა ნაკლებ მიდრეკილებას გაწევრიანებულიყო იესუს მიმდევართა რიგებში, ამ უკანასკნელთ გაუჩნდათ სურვილი საკუთარი თემისთვის უფრო ფართე საფუძვლები მიენიჭებინათ. ზოგიერთებმა იმათგან, ვინც დევნულებამ იერუსალიმიდან გაქცევა აიძულა, მიმართეს იმ ადამიანებს, რომლებიც ებრაელთა რელიგიისადმი კეთილგანწყობას გამოხატავდნენ და გარკვეულ ზომამდე იცავდნენ მის წესებს, როგორც მაგალითად, ეთიოპიელი დედოფლის დიდებული ან კორნილიუს ასმეთაური. სახარების ქადაგებამ არც სამარიელებს აუარა გვერდი.
 
ამ მიმართებით მოციქულთა საქმეები მოგვითხრობენ რამოდენიმე ღირსშესანიშნავ შემთხვევას, რომლებიც არსებულ მდგომარეობას კარგად აღწერენ. ამ მოთხრობებში, მაშინაც კი, როდესაც ეს პირდაპირ არ არის გამოხატული, იგრძნობა, რომ ასეთი მოქცევა სირთულეების გარეშე როდი ხდებოდა: ეკლესიის წიაღში ასმეთაურ კორნილიუსის მიღებამ მის სახლეულობასთან ერთად იერუსალიმის ქრისტიანებში იმდენად ძლიერი წინააღმდეგობა გამოიწვია, რომ მოც. პეტრე იძულებული გახდა დაეცვა იგი საღმრთო მითითების საფუძველზე.
 
აღწერილი მოვლენები და ქრისტიანული ეკლესიის ზრდას ადგილი ჰქონდა 30-42 წლებში, აი ყველაფერი, რაც კი შეიძლება ითქვას ქრონოლოგიის თვალსაზრისით, რომელიც, სანდო მონაცემთა ნაკლებობის გამო, ძალზედ ბუნდოვნად რჩება, სხვა, ცალკეულ მოვლენებთან მიმართებაში.
 
42 წელს იერუსალიმში კვლავ გამოჩნდა იუდეველი მეფე, ჰეროდე აგრიპა, ჰეროდე დიდის შვილიშვილი, რომელიც უკვე რამოდენიმე წლის განმავლობაში მართავდა ფილიპესა და ჰეროდე ანტიპას (იორდანის მიღმური ქვეყანა და გალილეა) ტეტრარქიებს.
 
იმპერატორ კლავდიუსის წყალობით წმიდა ქალაქში დამკვიდრებული ჰეროდე აქ სამი წელი მეფობდა. ეს რთული დროება იყო ქრისტიანული თემისთვის. აგრიპა ქვეშ ეგებოდა სამღვდლო არისტოკრატიას; ის იესუს მოწაფეებისადმი მათი სიძულვილის იარაღი გახდა. ზოგიერთმა მათგანმა ძლიერ ივნო. ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მოციქული იაკობი, ზებედეს ძე, თავმოკვეთილ იქნა, პეტრე დააპატიმრეს; მას იგივე ხვედრი ელოდა, რომელსაც სასწაულებრივად გადაურჩა. მაგრამ ჰეროდე მალევე მოკვდა (44 წ.), პროკურატორის თანამდებობა ისევ აღდგა, და ქრისტიანებმა კვლავ მოიპოვეს მშვიდობიანი ცხოვრება.
 
ძველი გადმოცემა ამ დროებას მიაკუთვნებს თორმეტი მოციქულის გაფანტვას, რომლებიც მანამ იერუსალიმის თემს განეკუთვნებოდნენ. ეს შეიძლება სრულად ავხსნათ ჰეროდეს დევნულებებით, რომლებიც უმთავრესად მათ წინააღმდეგ იყო მიმართული. მაგრამ, რამოდენიმე წლის შემდეგ (12), პეტრე ჯერ ისევ იმყოფებოდა იერუსალიმში.
 
___________________
 
12. ამ გადმოცემის შესახებ იხ. Harnack, Сhronologie, 1. I, S. 24–3, и Dobschütz, Texte und Unters. Т. XI, Η. I. S. 51. ჰარნაკი, როგორც ჩანს საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამგადმოცემას, რომელიც, როგორც ჩანს, თავის სათავეს იღებს რომელიღაც აპოკრიფული თხზულებიდან, როგორც პეტრეს კერიგმა (ქადაგება).
 
___________________
ძველი რომი
თავი III

ანტიოქია და მოციქულ პავლეს მისიონერობა
 
 
იუდეველი-ელინისტები. - ქრისტიანული თემის წარმოქმნა ანტიოქიაში. - სავლეს და ბარნაბას მოგზაურობა მცირე აზიის მთიან ოლქებში. - მოქცეულ წარმართთა მდგომარეობა: შიდა უთანხმოებანი. - მოც. პავლე მაკედონიაში, საბერძნეთსა და ეფესოში. - მისი დაბრუნება იერუსალიმში. - მისი მდგომარეობა ებრაელ ქრისტიანთა შორის. - მისი ეპისტოლეები; მიდი დაპატიმრება.
 
 
პირველყოფილ ქრისტიანთა გარემოში ტრადიციებს ყველაზე მეტად ერთგულებდნენ და ებრაული თვალსაზრისით ყველაზე კონსერვატულ ელემენტებს წარმოადგენდნენ პალესტინელ იუდეველთაგან ახალმოქცეულები, რომლებიც არამეულად მეტყველებდნენ და ამიტომაც გარეგანი გავლენებისთვის სრულიად მიუწვდომელნი იყვნენ. მაგრამ, თვით იერუსალიმშიც გვხვდებოდნენ სხვა ქვეყნებიდან გამოსული ებრაელები, რომლებიც ებრაელები იყვნენ წარმოშობითაც და რწმენითაც, მაგრამ არა ენით და დაბადების ადგილით. ისინი მოდგმით ებრაული კოლონიებიდან იყვნენ, რომლებიც უკვე დიდი ხანია დამკვიდრდა ბერძნულ ქვეყნებში, მაგრამ ეტყობოდათ საკუთარი გარემოს გავლენა, რომელიც ესოდენ განსხვავებული იყო წმიდა ქალაქის გავლენისგან.
 
თავიანთი თავდაპირველი სამშობლოს ეროვნული ტრადიციებისა და რელიგიური წეს-ჩვეულებებისადმი მათი ერთგულებისდა მიუხედავად, მათ საკმაოდ ახლო შეხება ჰქონდათ ბერძნულ სამყაროსთან, რათა არ ყოფილიყვნენ მცირედით მაინც მისაწვდომნი იმ შეხედულებებისთვის, რომლებიც მათი საკუთარისგან განსხვავდებოდნენ. პირველივე დღეებიდან მათი ნაწილი, რომლებიც იერუსალიმში ცხოვრობდნენ, მოციქულებს შეუერთდა. როდესაც დევნულებამ დროებით გაფანტა იერუსალიმის თემი, ამ მოქცეულთაგან ზოგიერთმა სახარებისეული ქადაგება გადაიტანა ფინიკიის სანაპიროს ქალაქებში, კუნძულ კვიპროსსა და ანტიოქიაში.
 
კვიპროსისა და კირენაიკის (13) მკვიდრთა შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც სახარების ქადაგებას ანტიოქიელ "ელინთა" შორისაც ბედავდნენ, ანუ უქადაგებდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც რაოდენიც გინდ კეთილგანწყობილნი ყოფილიყვნენ ისრაელის ღმერთისადმი, წინადაცვეთილთა რიგებს მაინც არ ეკუთვნოდნენ. მრავალი მათგანი მოექცა, და ამრიგად გაჩნდა ანტიოქიის ეკლესიის ბირთვი, რომელიც მალე ქრისტიანობის განვითარებისა და განსაკუთრებით, სახარების ქადაგების მეორე ცენტრი გახდა.
 
___________________
 
13. კირენაიკა - ჩრდ. აფრიკის ოლქი, დღეისთვის ბარკა. - რედ. შენ.
 
___________________
 
ანტიოქიის ეკლესია ორგანიზებულ იყო ბარნაბას მიერ: წარმოშობით კვიპროსელი, ის პირველი მოწოდების ერთ-ერთი უადრესი და მოშურნე გახლდათ. იერუსალიმის თემი, რომელიც თავიდან შეშფოთებული იყო წარმართთა ამ პირველი ნაკადით, ის საქმის მოსაგვარებლად ანტიოქიაში წარაგზავნა. ეს წარმატებული არჩევანი იყო. ბარნაბას გააჩნდა საკმაოდ ფართო თვალსაწიერი და გონება, რათა ჩაწვდომოდა მდგომარეობას და განეჭვრიტა ახალი თემის მომავალი. მან თანამშრომლობისთვის მიიმხრო სავლე, ახალმოქცეული მდევნელი, რომელიც მცირე ხნით ადრე თავის სამშობლოში, თარშიშში დაბრუნდა. მათი წყალობით მორწმუნეთა რიცხვმა ძალიან მალე მოიმატა. სწორედ ანტიოქიაში იწოდნენ პირველად იესუს მოწაფეები ქრისტიანებად, მესიის, ანუ ქრისტეს მიმდევრებად (14).
 
___________________
 
14. მოციქულთა საქმეების იმ ადგილის გარდა (11:26), სადაც აღნიშნულია ამ სახელწოდების წარმოშობა, ეს სახელი ახალ აღთქმაში სულ ორჯერ გვხვდება (საქმე 26:28; 1 პეტრე 4:16), ისიც, როგორც სახელწოდება, რომელსაც არაქრისტიანები იყენებდნენ. შესაბამისად ის არ გვხვდება არც მოციქულებრივ კაცებთან, წმ. ეგნატეს გარდა, რომელიც მოდგმით ანტიოქიიდან იყო (Harnack, Мission, 295.).
 
___________________
 
აქედან დაიწყო პირველი შორეული მოგზაურობა ქადაგების მიზნით. ეს საქმეც სავლეს და ბარნაბას მიენდო. ისინი ჯერ კვიპროსის კუნძულზე გაემგზავრნენ და მთლიანად მოიარეს იგი სალამინიდან პათამდე, სადაც პროკონსულმა სერიუს პავლემ, მათი სასწაულებით გაოცებულმა, ქრისტიანობა მიიღო. იქიდან ისინი გაემგზავრნენ მცირე აზიაში და დიდი ხანი დაჰყვეს პამფილიის, პისიდიისა და ლიკაონიის სხვადასხვა ადგილებში.
 
ისინი ჩერდებოდნენ ქალაქებში, სადაც ებრაული კოლონიები არსებობდა, შაბათობით მიდიოდნენ სინაგოგებში და იქ ქადაგებდნენ. ამ უკანასკნელს არასოდეს ჰქონია დიდი წარმატება ნამდვილ იუდეველებში, მაგრამ პროზელიტები, "ღვთისმოშიში ადამიანები", ანუ წარმართები, რომლებიც მეტ-ნაკლებად აღიარებდნენ იუდაურ ერთღმერთობას, ხალისით იღებდნენ ქრისტიანობას. მათ შორის მრავალი მოექცა, როდესაც სინაგოგიდან განდევნილი სამოციქულო ქადაგება უშუალოდ მათდამი იქნა მიმართული.
 
ოთხი თუ ხუთი წლის გასვლის შემდეგ მქადაგებლები ანტიოქიაში დაბრუნდნენ; ყველა ქალაქში, სადაც კი იყვნენ, დააფუძნეს მცირე ქრისტიანული თემები, რომლებიც განცალკევებულნი იყვნენ ებრაული თემებისგან, და გადაეცნენ მათ მიერვე ხელდასხმულ უხუცესობას, ანუ პრესვიტერთა ხელმძღვანელობას.
 
სავლეს, რომელიც უკვე პავლედ იწოდებოდა, და მის თანამეგზურ ბარნაბას ეკლესია სიხარულით შეეგება. მათი ქადაგებით გამოწვეულმა მოქცევებმა, და რაც მთავარია წარმატებებმა, რომლებსაც მიაღწიეს მათ წარმართთა შორის, რა თქმა უნდა, უდიდესი ინტერესი აღძრა. მაგრამ ისინი მკაცრად სვამდნენ საკითხს, რომელიც სავარაუდოდ უკვე წამოჭრილი იყო, განსაკუთრებით ანტიოქიის ეკლესიაში: რა პირობებით შეიძლებოდა მიეღოთ წარმართობიდან ეს ახალმოქცეულები და იუდეველი პროზელიტები? საჭიროა თუ არა მოვთხოვოთ მათ ყველა რელიგიური წეს-ჩვეულების აღსრულება, რომელიც სავალდებულო იყო იუდეველთა მოდგმისთვის და, რაც მთავარია, უნდა დაქვემდებარებოდნენ თუ არა ისინი წინადაცვეთას? იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ იზიარებდნენ ამ შეხედულებას, და განსაკუთრებით (ასეთ პოზიციაზე იდგნენ) თვით მქადაგებლები (ე. ი. პავლე და ბარნაბა - "აპოკ." რედ.). მაგრამ რჯულის განუხრელმა შესრულებამ ასევე მრავალრიცხოვანი და გავლენიანი მომხრეები ჰპოვა. გაჩნდა უთანხმოება, რომელიც მოციქულთა მსჯავრსა და იერუსალიმში მყოფ "უხუცესობას" მიენდო. ანტიოქიიდან წმიდა ქალაქში წარგზავნილ იქნა დეპუტაცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ პავლეც და ბარნაბაც.
 
მათ ჯერ მოუწიათ ბრძოლა პრინციპულ წინააღმდეგობასთან, რაც ასეთ გარემოში სრულიად გასაგები იყო. მაგრამ პირები, რომლებიც ეკლესიას მეთაურობდნენ, განსაკუთრებით პეტრე, იოანე და იაკობი, "ძმა უფლისა", მათ მხარეს დადგნენ და ამ აზრის სასარგებლოდ გადაწონეს.
 
როგორც ჩანს ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა ის აზრი, რომ რადგან იუდეველობაში პროზელიტები ყველგან იყვნენ ნამდვილ იუდეველთა გვერდით, თანაც ერთნიც და მეორენიც, სინაგოგებში დაიშვებოდნენ, ზუსტად ასევე ქრისტიანული ეკლესიებიც შეიძლებოდა მორწმუნეთა ორი კატეგორიისგან შემდგარიყო ქრისტიანობისკენ მოქცეულთაგან, რომელთაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ჰქონდათ იუდეველობისადმი. ამ გადაწყვეტილების შესახებ ანტიოქიის ეკლესიას ეუწყა წერილით, რომელიც მას მიუტანეს იერუსალიმის ეკლესიის ორმა წევრმა: იუდა ბარსაბამ და სილამ (იხ. საქმე 15).
 
თითქოსდა ყველაფერი მოწესრიგდა, მაგრამ სინამდვილეში ასე როდი იყო. დამარცხდნენ რა პრინციპულ დავაში, მოსეს რჯულის იუდეველმა მოშურნეებმა მიმართეს მეორეხარისხოვანს. მათ ვერ მოახერხეს ხელი შეეშალათ ქადაგებისთვის წარმართთა შორის და მათ მიღებას თემში, - მაშინ ისინი ეცადნენ გამოეყოთ მათთვის განსაკუთრებული ადგილი. ერთ-ერთი პუნქტი, რომელშიც მთელი ძალით გამოვლინდა ებრაული მგრძნობელობა, იყო ტრაპეზის საკითხი.
 
ძველი წრთობის ისრაელიტებს ეზიზღებოდათ საკვების მიღება წინადაუცვეთელ წარმართებთან ერთად. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო საქმისთვის, რადგან მთავარი, რაშიც გამოიხატებოდა ქრისტიანული თემის რელიგიური ცხოვრება, სწორედ საერთო ტრაპეზობა გახლდათ. რადგან ერთი თემის ერთგულთ არ შეეძლოთ ერთად ტრაპეზობა, იკარგებოდა ურთიერთობა, ირღვეოდა ერთობა. ასეთი შეხედულებების პირობებში ჩამოყალიბდებოდა არა ქრისტიანული ძმობა, არამედ რელიგიური საზოგადოება, რომელიც გამიჯნული იქნებოდა ორ ფენად, როგორც ეს იყო შემდგომ მანიქეველთა სექტაში.
 
იერუსალიმში, სადაც მთელი გარემო ებრაული იყო, საშიშროება არ იგრძნობოდა. შორსმჭვრეტელი პავლე სასოწარკვეთაში მოდიოდა იმის გამო, რომ თვით ანტიოქიაშიც კი წინადაცვეთილნი ემიჯნებოდნენ წინადაუცვეთელთ. როდესაც პეტრე სირიის დედაქალაქში ჩავიდა, პავლემ ის ჯერ თავის მხარეს მიიმხრო და დაარწმუნა მონაწილეობა მიეღო ტრაპეზში წინადაუცვეთელ ქრისტიანებთან ერთად. მაგრამ იუდეველთა პარტია მკაცრად ადევნებდა თვალყურს მოციქულთა მეთაურს.
 
იერუსალიმიდან გამოჩნდნენ იაკობის მსტოვრები, ანუ ისინი, ვინც თავს ასეთებად აცხადებდნენ, და აიძულეს იგი შეეცვალა თავისი მოქმედება. მისმა მაგალითმა მრავალზე იმოქმედა: თვით ბარნაბაც კი გაემიჯნა მეგობარს და თავის მოციქულებრივ თანამოღვაწეს. მაგრამ პავლე არ ნებდებოდა. ის ღიად გამოვიდა ეკლესიის დიდი სვეტის წინააღმდეგ და საკმაოდ მკვეთრ გამოთქმებში მას არათანმიმდევრულობა უსაყვედურა. ძნელი სათქმელია, როგორი იყო ამ შეტაკების უშუალო ადგილობრივი დასასრული. მხოლოდ ერთი რამ არის უეჭველი, - ბოლოს და ბოლოს ქრისტიანული საზოგადოების წყობაში იმარჯვა პავლეს შეხედულებებმა. ეს გარდაუვალი იყო. იუდეველთაგან მოქცევულნი ყველგან, გარდა პალესტინისა, სულ უფრო უმცირესობაში ექცეოდნენ. ქრისტიანობის გავრცელება, რომელმაც პირველი ბიძგი მათგან მიიღო, მათ გარეშეც აგრძელებდა თავის მსვლელობას.  
 
პავლემ თავისი ცხოვრების დარჩენილი ნაწილი მიუძღვნა იმას, რათა მიეღწია ამ შედეგისთვის. ის მალევე გაემგზავრა მცირე აზიაში უკვე არა ბარნაბას თანხლებით, რომელთანაც ოდნავ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ამასწინანდელი შეტაკებისა და კიდევ სხვა მიზეზთა გამო (იხ. საქმე 15:36-39), არამედ სილა, გამოჩენილი იერუსალიმელი ქრისტიანი, რომელიც, როგორც ჩანს, ძალიან განიმსჭვალა მისი იდეებით. ლიკაონიის გავლისას მან მიიზიდა ძვირფასი თანამშრომელი, ტიმოთე, რომლის მამა "ელინი" იყო, ხოლო დედა ებრაელი ჰყავდა. მან წინადაცვითა იგი, რადგან შეეძლო დამორჩილებოდა ვითარებათა მოთხოვნებს და არ სურდა საკუთარი თავისთვის ზედმეტი და არასაჭირო დაბრკოლებები შეექმნა. ფრიგიასა და გალატიაში ის მივიდა ტროადის პორტამდე მიზიაში დ აიქიდან მაკედონიაში გადავიდა; შემდეგ გარკვეული დრო დაჰყო ფილიპოსში, თესალონიკეში და სხვა ადგილებში, ზღვით მიაღწია ათენს, სადაც მცირე ხანი დაჰყო, და ბოლოს გაჩერდა კორინთოში, სადაც 18 თვე იცხოვრა (53-54 წწ.). ასეთი იყო მისი ე. წ. მეორე მისიონერული მოგზაურობა საიდანაც ის ზღვით ეფესოში გაემგზავრა. იქაც მცირე ხანი დაჰყო, და პალესტინის კესარიის გავლით ანტიოქიაში დაბრუნდა.
 
ის აქ მცირე ხნით დარჩა და მალევე შეუდგა თავის მესამე მოგზაურობას. მცირე აზიას რომ კვეთდა აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ის ეფესოში ჩავიდა, სადაც სამი წლით დასახლდა (55-57 წწ.). აქ ის შეხვდა ორ მხცოვან რომაელ ქრისტიანს, აკილას და პრისკილას, რომლებთანაც ის ადრე კორინთოშიც დარჩენილა თავისი წინა მოგზაურობის დროს. როგორც ჩანს, აკილა ცოლთან ერთად ქადაგებით არ იყო დასაქმებული. მაგრამ, ჯერ კიდევ პავლეს ჩამოსვლამდე მათ მოუწიათ ერთ ალექსანდრიელ იუდეველთან, აპოლოსთან გასაუბრება, რომელიც სახარებას ქადაგებდა, მაგრამ არ იცოდა სხვა ნათლობა იოანეს ნათლობის გარდა. მას ჰყავდა მოწაფეები, რომლებმაც პავლეს გავლენით ჩამოაყალიბეს ეფესოს ეკლესიის პირველდაწყებითი ბირთვი. ეს უკანასკნელი შემდგომში განვითარდა ჯერ სინაგოგაში ქადაგებით, შემდეგ კი სხვა ადგილებშიც. ამ დროს არა მარტო ეფესოში, არამედ აზიის პროვინციის (15) მრავალ სხვა ადგილშიც მოისმინეს სახარების ქადაგება. დასასრულს, მოციქულმა გადაწყვიტა კიდევ ერთხელ დაბრუნებულიყო სირიაში, ოღონდ წინდაწინ მოისურვა მოენახულებინა თავისი ქრისტიანული თემები მაკედონიასა და აქაიაში (16). მან გამოიზამთრა კორინთოში (57-58 წწ.) და შემდეგ გაზაფხულს მაკედონიის გავლით კიდევ ერთხელ გაიარა აზიის სანაპიროზე. დასასრულ გემით გაემგზავრა ფინიკიასა და პალესტინაში. ორმოცდა მეათე დღის დღესასწაულზე (58 წ.) ის იერუსალიმში ჩავიდა (17).
 
___________________
   
15. ასე უწოდებდნენ რომაელები მცირე აზიის დასავლეთ ნაწილს. - მთარგმნ. შენ.
 
16. ახლანდელი საბერძნეთი - მთარგმნ. შენ.
 
17. ამ თარიღზე ბევრს დავობდნენ. ჰარნაკი Сhronologie-ში (В. I, S. 233 და შემდგ.) ამ თარიღს 4-5 წლით უკან სწევს. მე ვერ მივიღებ მის მტკიცებულებებს, რომლებიც, სხვათა შორის, საკმაოდ საფუძვლიანა უარყო Scgürer-მა, იხ. Geschichte des jüdischen Volkes, 3 Αufl. В. I, S. 578.
 
___________________
 
პავლე ქრისტიანობის აკვანს უბრუნდებოდა მრავალი წლის შემდეგ, რომელიც მან შეალია სახარების ქადაგებას შორეულ ქვეყნებში, სადაც პავლემდე არავინ მისულა. მან მცირე აზიის, მაკედონიისა და აქაიას უდიდესი ნაწილში დათესა მყარი და სიცოცხლისუნარიანი თემები. მისი წყალობით ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა - ეფესო, თესალონიკე, კორინთოსი და სხვები - აღმოცენდნენ თავიანთი ეკლესიები, რომლებიც აღვსილნი იყვნენ რწმენით, სიყვარულითა და შთაგონებით. ადვილი მისახვედრია, რა უღირდა მას ასეთი შედეგი; ის თვითონაც ახსენებს ამას ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში (კორინთ 11:12), სადაც მოგზაურობის სირთულეებთან ერთად, როგორიც იყო: შიმშილი, წყურვილი, ავაზაკთა თავდასხმები და გემის ჩაძირვები, - სხვადასხვა ხელისუფლებთანაც უწევდა შეტაკებები, რომლის შედეგადაც პავლე განიცდიდა: გამათრახებას, ქვებით ჩაქოლვას, ჯოხებით ცემას და სხვა. ამ ყველაფრის მეშვეობით მოციქული მოწამეობრივ ღვაწლსაც იყო შედგომილი. არავის არ უღვაწია იმდენი, არ გადაუტანია ასეთი ტანჯვა და განსაცდელი რწმენისთვის, როგორიც გადაიტანა პავლემ. მას იერუსალიმის დედა ეკლესიასთან მიჰქონდა ახალი თემების ერთგულების გამოხატულება და დიდი წყალობა, როგორც მათი სიყვარულის ნიშანი. მაგრამ ის სულაც არ იყო დარწმუნებული იმგვარ მიღებაში, როგორიც ეკუთვნოდა, და ეს წინათგრძნობა, როგორც მალე აღმოჩნდება, საფუძველს როდი იყო მოკლებული.
 
გამონაკლისობის სული, რომელსაც ათი წლის წინ შეეჯახა პავლეს მსოფლიო მისწრაფებები, ანტიოქიაში შეიძლებოდა დამარცხებულიყო; მაგრამ სულ სხვანაირად გახლდათ საქმე იერუსალიმში. მოციქულებმა დიდი ხნის წინ დატოვეს წმიდა ქალაქი. ყველა ადამიანი, ვისაც კი აქ მეტ-ნაკლებად შეეძლო მიეღო უფრო ფართე იდეები, როგორც ჩანს, მათ მიჰყვნენ, გადასახლდნენ ანტიოქიაში ან ქადაგებას მიჰყვეს ხელი ან კიდევ მისიონერულ საქმიანობას.
 
მარტო დარჩენილ ძველ კონსერვატორებს შეეძლოთ კიდევ უფრო განმტკიცებულიყვნენ თავიანთ მიმართულებაში. მათ სათავეში იდგა იაკობი "ძმა უფლისა", რომელიც ჯერ კიდევ მოციქულთა იერუსალიმში ყოფნის დროს სარგებლობდა დიდი პატივისცემით და მათთან ერთად ხელმძღვანელობდა ადგილობრივ ეკლესიას. ეს იყო საზოგადოდ აღიარებული სიწმიდის ადამიანი, ღრმად მორწმუნე, მაგრამ ძალიან მიჯაჭვული იუდაური ჩვეულებებისადმი. ის არ იყო განწყობილი იმისკენ, რაიმე დაეთმო მათ სავალდებულო შესრულებასთან დაკავშირებით. მისი თანამოაზრეების წრეში პავლეს სიახლეებს უფრო ითმენდნენ, ვიდრე აღიარებდნენ. აქედან მოდიოდა ის გავლენები, რომლებმაც ერთი წუთით გაჰყვეს ანტიოქიის თემი და გამოიწვიეს შეტაკება პეტრესა და პავლეს შორის. აქედანვე მიჰყვნენ პავლეს ნაკვალევს მცირე აზიასა და საბერძნეთში სხვადასხვა აგენტები, რომლებიც ცდილობდნენ პავლეს მიერ მოქცეული წარმართების ან პროზელიტების მობრუნებას სუფთა იუდეველობისკენ, და მათ ცინადაცვეთასაც; ხოლო ამისთვის რომ მიეღწიათ, ისინი ცდილობდნენ შეებღალათ წარმართთა მოციქულის ავტორიტეტი.
 
თავისი შემრიგებლური ტენდენციების ძალით მოციქულთა საქმეების წიგნის ავტორი მოკლედ ახსენებს ამ შეტაკებებს და კრიზისებს. მაგრამ იმ დროისთვის, რომელზეც ახლა ვლაპარაკობთ, მოციქულ პავლეს ექვსი ეპისტოლე უკვე მიმოქცევაში იყო შესული. ისინი ზუსტად გადმოცემენ მოვლენებს. ორ ეპისტოლეში თესალონიკელთა მიმართ, რომლებიც კორინთოდან დაიწერა მოციქულის ამ ქალაქში პირველი ყოფნის დროს, ჯერ კიდევ არაფერია ნათქვამი იუდეველობის მოშურნეთა მხრიდან წინააღმდეგობებზე. პავლე თავისი სულიდან სიყვარულს აფრქვევს საყვარელი მოწაფეების წინაშე; ის მათ ახსენებს იმ განსაცდელებზე, რომელთა გატანამ მას მოუწია ებრაელთა მხრიდან სახარების პირველი ქადაგების დროს. ეს გამოცდები არ დასრულდა: მაგრამ საჭიროა მათი მოთმინებით გადატანა. ის სიხარულით მიესალმება თესალონიკელთა ქცევას და განწყობას, ის ამაყობს მათით. ისინი მოცულნი არიან უფლის მოსვლის მოლოდინით: მოციქული პასუხობს მათ კითხვებს და ცდილობს მათ დამშვიდებას.
 
ამ იდილიურ წერილებს მოსდევს ეპისტოლე კორინთელთა მიმართ. ორივე მათგანი მოწმობს რომელიღაც უთანხმოების შესახებ, რომელიც მოხდა მოციქულსა და მის ახალმოქცეულთ შორის. ამ უკანასკნელებმა თავიანთი საქციელით საყვედურების არაერთი მიზეზი მისცეს მას, მაგრამ რაც ყველაზე მეტად აწუხებდა მოციქულს იყო ის, რომ მათ შორის ჩამოყალიბდა რამოდენიმე სკოლა, და მისი ავტორიტეტი ეჭვ ქვეშ დააყენეს. მის შემდეგ სხვა მქადაგებლებიც იყვნენ კორინთოში. მათ უფრო სრულყოფილი ცოდნა ჰპოვეს ვიდრე პავლემ, მაგრამ ის ხომ მხოლოდ საწყისი მარცვლებით უნდა დაკმაყოფილებულიყო. სხვებმა წარადგინეს რწმუნებულობანი, რომლებშიც ხოტბას ასხამდნენ დიდ მოციქულებს, რომლებთან შედარებით პავლე, მათი თქმით, მხოლოდ მეორეხარისხოვანი მისიონერი იყო. ამ ყველაფრისგან აღმოცენდა კორინთოს ეკლესიის გაყოფა: იყო მასში პავლეს პარტია, სხვები კი იმოწმებდნენ პეტრეს ავტორიტეტს, დანარჩენები თვით ქრისტეს.
 
მაგრამ ამ ეპისტოლეებში ჯერ კიდევ არაფერია ისეთი, საიდანაც შეიძლება დავასკვნათ, რომ მოციქულ პავლეს მეტოქეებმა კორინთოში გაავრცელეს იუდაისტური ტენდენციები. ტონი, რომლითაც ის ლაპარაკობს წინადაცვეთაზე და კერპშენაწირის ჭამაზე (1Кор. 7:17–24, 8–10), უფრო გვაფიქრებინებს, რომ პავლე ამ მხრივ თავს სრულიად მშვიდად გრძნობდა.
 
მაგრამ, ასე არ ყოფილა გალატიაში, სადაც პავლე უკვე თავის პირველივე მოგზაურობაში ქადაგებდა და სადაც ამის შემდეგ კიდევ ორჯერ იყო. აქ არსებობდა რამოდენიმე ქრისტიანული თემი, რომელთაც სრული საფუძველი ჰქონდათ უპირატესად ის საკუთარ ხელმძღვანელად მიეჩნიათ. იქვე გამოჩნდნენ იუდაური შეხედულების მქადაგებელი ქრისტიანებიც; მათ გამოუცხადეს გალატელებს, რომ პავლე - საეჭვო მოციქულია, და რომ მათი ცხონება მხოლოდ წინადაცვეთით თუ იქნება უზრუნველყოფილი. მიამიტმა გალატელებმა დაიჯერეს ეს და დაჰყვნენ იუდეველ ქრისტიანთა ქადაგებას. ეს რომ შეიტყო პავლემ სახელდახელოდ მისწერა მათ მგზნებარე ეპისტოლე, სადაც მისი გულისწყრომა მოწაფეთა უმეცრებას ებრძოდა მასში არსებული მამობრივი სიფაქიზით, რომლითაც ის გამსჭვალული იყო გალატელთა მიმართ. პავლე არ გამოირჩეოდა მომთმენი ხასიათით: იუდეველებს კარგად მოხვდათ გალატელთა მიმართ ეპისტოლეში.
 
აზრები, რომელთაც ის ამ ვითარებათა გამო საკმაო აღელვებულობით გადმოსცემს, მეორდება უფრო მშვიდ მსჯელობაში რომაელთა მიმართ მიწერილ ეპისტოლეში (რომ. 1-11. - ავტ. შენ.). ის დაიწერა კორინთოში ზამთრით, რომელიც წინ უსწრებდა პავლეს დაბრუნებას იერუსალიმში.
 
წარმართები და იუდეველები, ყველა - ცოდვილი, ერთნი რჯულ ქვეშ არიან, სხვები - მის გარეშე. იუდეველებს სხვა უპირატესობა არ გააჩნიათ წარმართების წინაშე, თუ არა ის, რომ არიან ღმრთის სიტყვის შემნახველები. ცხონება, გამართლება, ანუ ღმერთთან შერიგება, მოიპოვება მხოლოდ რწმენით. ეს არის აღთქმა, რომელიც აბრაამის დროიდან არის დადებული.
 
ცოდვა ადამითგან ბოგინობს, ხოლო ცოდვის მიერ სიკვდილი. ამრიგად იესუ ქრისტეს მეშვეობით, რომელიც არის ახალი ადამი, გვეძლევა მაცოცხლებელი მადლი. მოსეს რჯული, ოდითგანვე უძლური, უფრო იმიტომ შექმნილი, რათა ადამიანები შესულიყვნენ ცოდვაში, ვიდრე გაემართლებინა ისინი, ახლა გაუქმებულია და შეცვლილია ქრისტეს რჯულით, თავისუფლების რჯულით, რომელიც მხოლოდ ქრისტეს მიმდევრობისადმი ვალდებულებაშია გამოხატული.
 
ეს საღვთისმეტყველო სწავლება ერთდროულად აუქმებს მოსეს მთელ რჯულმდებლობას, უარყოფს არა მარტო მის აუცილებლობას, არამედ სარგებლობასაც. რჯული არაფერს ემსახურება, არანაირი სარგებლობა არ არის იუდეველად ყოფნა. აქ მოც. პავლე აწყდება არსებით საკითხს, როგორია ამჯერად ისრაელის მდგომარეობა? თავისი ეროვნული გრძნობისდა მიუხედავად, რომელიც ჯერ კიდევ ძლიერია, მოციქული, დაუყოვნებლივ აცხადებს, რომ ისრაელის როლი დასრულებულია ან შეწყვეტილია. ღმერთი, განრისხებული მისი ურწმუნობით, განუდგა მას; აწ აღთქმა ეძლევა წარმართებს. ისრაელი წააგავს მომტვრეულ ზეთისხილის რტოს, მის ადგილას დამყნობილია წარმართობა. თუმცა, მოვა დრო, როდესაც ღმრთის ერის ნატამალი მაინც მიიღებს თავის წილ მემკვიდრეობას.
 
ეს მოწოდება, რომელიც მიმართული იყო რომაელი ქრისტიანებისადმი და მაშინათვე გადაეცა სხვა ქრისტიანულ ეკლესიებს, სავარაუდოდ, იერუსალიმშიც მივიდა პავლეს იქ მისვლამდე. მისი მტრის თვალსაზრისით ეს იყო რწმენისგან განდგომა (18); ის უარყოფდა ყველაფერს: რჯულს, წინადაცვეთას, ცხოვრების იუდაურ წესს, ღმრთის ერის ღირსებას. იოლი წარმოსადგენია, როგორი მიღება ელოდა მას წმიდა ქალაქში.
 
ამ წუთში ეროვნული გრძნობა ძალზედ აგზნებული იყო. ხარბი და უხეში პროკურატორების მმართველობა სულ უფრო აქეზებდა ამ დაუმორჩილებელ ხალხს იმპერიის წინააღმდეგ. სამღვდლო წოდება, რომელიც უძლური იყო გამკლავებოდა ზილოტების ფანატიზმს, გრძნობდა, რომ მისი ავტორიტეტი ეცემა; ძნელად შესაკავებელი აღშფოთება განუწყვეტლივ ბუყბუყებდა ტაძრის ირგვლივ, ამბოხი მწიფდებოდა.
 
რა თქმა უნდა, ქრისტეს მოწაფეები, რომლებიც თავიანთ სასოებაში იყვნენ შთანთქმულნი, არ ეძლეოდნენ ამგვარ უკიდურესობებს; მაგრამ როგორ შეეძლოთ მათ შეერნარჩუნებინათ თავშეკავება ამ ძლიერ აბობოქრებულ გარემოში?
 
მეგობრებთან შეხვედრის შემდეგ, ჩამოსვლის მეორე დღესვე, პავლე იაკობს ეწვია, სადაც მას მხცოვანთა კრებული დახვდა. პავლემ მოუთხრო მას თავისი სამოციქულო მოგზაურობისა და მისი მიერ დაფუძნებულ ეკლესიების შესახებ, და უეჭველად გადასცა მათ ფული, რომლებიც დედა ეკლესიის სასარგებლოდ შეიკრიბა. როდესაც დაასრულა, მას ჯერ მიულოცეს, შემდეგ კი მისი ყურადღება მიაპყრეს იუდეველთაგან მოქცეულთა დიდ რაოდენობას (19), რჯულისადმი მათ უჩვეულო ერთგულებას და იმ ცუდ სახელს, რომლითაც მათ შორის თვითონვე სარგებლობდა. ეს ჭორები რომ გაფანტულიყო, საჭირო იყო მხოლოდ ერთი საშუალება, კერძოდ - მიცემულ ყოფილიყო საოცარი მტკიცებულება, რომ მას ცილი დასწამეს და, რომ ის რჯულის ერთგული შემსრულებელი გახლდათ.
 
___________________
 
18. სწორედ ეს ტერმინი ჟღერს იერუსალიმის იუდეველ-ქრისტიანთა პირით: ἀποστασίαν διδάσκεις ἀπό Μωϋσιως. (მოსესაგან განდგომას ასწავლი) საქმე. 21:21.
 
19. Πόσαι μυριάδες (რამდენი ათასი).
 
___________________
 
პავლე, რომელმაც დაიტოვა უფლება ყველაფერი ყოფილიყო ყველასთვის, ასეთ გამოსავალს დასჯერდა. ოთხ ერთგულთან ერთად, რომელთაც ნაზორეველობის აღთქმა ჰქონდათ მიცემული, მან თავი გადაიპარსა და მათთან ერთად რჯულიერი განწმენდის მოთხოვნებს დაემორჩილა, ხოლო ტაძარში მათთან ერთად მთელი რიგი განსაკუთრებული რიტუალებიც აღასრულა; ეს უკანასკნელი შვიდი დღე უნდა გაგრძელებულიყო და დამთავრებულიყო მსხვერპლშეწირვით. რომაელთა მიმართ ეპისტოლეს ავტორი, რომელიც ასე გადაჭრით დაემშვიდობა მოსეს რჯულს, საკუთარ მხრებზე კვლავ მის სიმძიმეს განიცდიდა.
 
გამოცდა დასასრულს უახლოვდებოდა, და ღმერთმა უწყის, რა მოხდებოდა, პავლე რომ კვლავ მათ შორის აღმოჩენილიყო, რომელთა მოთხოვნითაც ის რჯულის წესებს დაექვემდებარა, მაგრამ უეცრად მოვლენებმა სულ სხვა მიმართულება მიიღო. თუკი პავლეს ამრეზით უყურებდნენ ზილოტი-ქრისტიანები, იოლი წარმოსადგენია, როგორი გრძნობები უნდა ჰქონოდათ იმ ზილოტებს, რომლებიც იუდეველებად დარჩნენ. ეს უკანასკნელები, როგორც კი მათ ტაძარში პავლე იხილეს, ძლიერ აბობოქრდნენ. პავლეს სიკვდილი ემუქრებოდა, მაგრამ რომის გარნიზონის მეთაურმა მას მცველები მიუჩინა, ფანატიკოსების ბობოქრობისგან დაიცვა და უმეტესი უსაფრთხოებისთვის კესარიაში პროკურატორ ფელიქსთან გააგზავნა. იქ იუდაური სამღვდლო წოდების მეთაურებმა მასზე ფორმალური საჩივარი მიიტანეს, მაგრამ წარუმატებლად. ბოლოს და ბოლოს, მისი განცხადების შემდეგ, რომ რომის მოქალაქეა, და აქვს უფლება წარდგეს თვით იმპერატორის მსჯავრის წინაშე, პავლე რომში გააგზავნეს, თუმცა კესარიაში ორი წლით შეყოვნდა.
 
ამრიგად პავლემ გაექცა შინაგან არეულობას და საზოგადო რწმენის დაცვის პოზიციაში ჩადგა. როგორც იესუ, მას რომის ხელისუფლების წინაშე ბრალი მისმა თანამემამულე ებრაელებმა დასდეს.
 
სხვათა შორის, ამ უკანასკნელთ ქრისტიანები უკიდურესად სძულდათ. თვით იაკობმა, იუდაური წესების მიმყოლმა იაკობმა, იუდაური ეკლესიის მეთაურმა, მათი ძალა საკუთარ თავზე იგრძნო. 62 წელს მღვდელმთავარმა ანა-მცირემ, ისარგებლა რა პროკურატორ ფესტის სიკვდილით, რამოდენიმე სხვა ქრისტიანთან ერთად იაკობიც, როგორც რჯულის დამრღვევი, სინედრიონის სასამართლოს წარუდგინა. მას ჩაქოლვა მიუსაჯეს, რაც აღასრულეს კიდეც.
 
ვისარგებლოთ შიდა უთანხმოების ამ წუთიერი შესვენებით, რათა ანგარიში ჩავაბაროთ საკუთარ თავს, თუ როგორი იყო ქრისტიანთა თვალსაზრისი ძველ ებრაულ რელიგიასთან და ახალ ელემენტთან დაკავშირებით, რომელიც მასში სახარებამ შეიტანა.


გაგრძელება იქნება.

წყარო: История древней церкви : Пер. с 5-го фр. изд. / Л. Дюшен; Под ред. проф. И.В. Попова и проф. А.П. Орлова. Т. 1-2; [Предисл. к рус. пер.: И. Попов]. - Москва : Путь, 1912-1914. - 2 т. / Т. 1. - 1912.
Назад к содержимому