Перейти к контенту

ისტორია - პოლემიკა წმიდა გრიგოლ დიალოგოსსა და კონსტანტინეპოლელ პატრიარქებს შორის ტიტულ "მსოფლიოს" გარშემო - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
პოლემიკა წმიდა გრიგოლ დიალოგოსსა და კონსტანტინეპოლელ პატრიარქებს შორის
ტიტულ "მსოფლიოს" გამო
იესუ ქრისტე
ავტორი: ა. ვ. მიგალნიკოვი.


შინაარსი:
 
 
ანოტაცია
 
კანონიკური, ბიბლიური და ისტორიული არგუმენტები
 
დოგმატური არგუმენტები
 
საეკლესიო-პოლიტიკური და პოლიტიკური არგუმენტები
 
სამწყემსო და ასკეტური არგუმენტები
 
წყაროები
 
ლიტერატურა

 
 
ანოტაცია
 
სტატია აღწერს VI-VII საუკუნეების მიჯნაზე გაჩაღებული პოლემიკის შინაარსსა და მსვლელობას ტიტულ "მსოფლიოს" (ბერძნ. οἰκουμένικος; ლათ. universalis) გამო; პოლემიკას რომის პაპებს: პელაგიუს II-სა (579–590) და გრიგოლ დიდს (590–604), და კონსტანტინეპოლელ პატრიარქებს: იოანე IV მმარხველსა (582–595) და კვირიაკე II-ს (595–606) შორის.
 
ამ კვლევის წყაროს წარმოადგენს პაპ გრიგოლის 17 ეპისტოლე სხვადასხვა პირის მიმართ (S. Gregorii Magni Registrum, 1982). ეპისტოლეთა ანალიზისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პაპ გრიგოლის არგუმენტებს პატრიარქის მიერ ამ ტიტულზე უარის თქმის აუცილებლობის თაობაზე.
 
ზოგიერთი მკვლევარის მოსაზრებით, ტიტულისადმი გრიგოლის უარყოფითი დამოკიდებულების საფუძველი იყო არა რეალური საფრთხე, რომელიც ემუქრებოდა ეკლესიას, არამედ "მსოფლიოს" ცნების არსის გაგებაში არსებული სხვაობა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. მიუხედავად ამისა, პაპ გრიგოლის მიერ საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მოტანილი მტკიცებულებები დღემდე რჩება მნიშვნელოვან წმიდა მამებისეულ მოწმობად ეკლესიაში უნივერსალური ხელისუფლების შეუძლებლობის შესახებ, გარდა მისი მეთაურის, იესუ ქრისტეს ხელისუფლებისა.
 
საკვანძო სიტყვები: ტიტული "მსოფლიო", მსოფლიო ეკლესიის ისტორია, ბიზანტიის ისტორია, პაპობა, პაპი გრიგოლ დიდი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი, ღვთისმეტყველება, ეკლესიოლოგია, უპირატესობა ეკლესიაში, პრიმატი.
 
ციტირებისთვის: მიგალნიკოვი ა. ვ. პოლემიკა წმიდა გრიგოლ დიალოგოსსა და კონსტანტინეპოლელ პატრიარქებს შორის ტიტულ "მსოფლიოს" გარშემო // Мигальников А. В. Полемика между святителем Григорием Двоесловом и Константинопольскими патриархами вокруг титула «Вселенский» // Сретенское слово. Москва: Изд-во Сретенской духовной академии, 2022. № 3. С. 46–59. DOI: 10.55398/27826066_2022_3_4
 
 
* * *
 
VI-VII საუკუნეების მიჯნაზე რომისა და კონსტანტინეპოლის კათედრებს შორის პოლემიკის ერთ-ერთი ცენტრალური თემაა რომის პაპ პელაგიუს II-ის (579–590), ხოლო შემდგომ მისი მემკვიდრის, გრიგოლ დიდის (590–604) პროტესტი კონსტანტინეპოლელ პატრიარქთა "მსოფლიო" (οἰκουμένικος) ტიტულის წინააღმდეგ. ეს საკითხი განხილულია პრაქტიკულად ყველა იმ კვლევაში, რომელიც პაპ გრიგოლსა და გვიანი ანტიკურობის პაპობის ისტორიას ეძღვნება. თუმცა, ისტორიული წყაროს ხასიათმა საშუალება მოგვცა, ჩაგვეტარებინა უფრო დეტალური ანალიზი (1) იმასთან შედარებით, რაც ადრე იყო წარმოდგენილი ჩვენ მიერ განხილულ მრავალ ნაშრომში.
 
დღეისთვის ერთადერთ და უმთავრეს წყაროს, რომელიც ნათელს ჰფენს დავის შინაარსსა და მსვლელობას, გახლავთ წმიდა გრიგოლ დიდის 17 ეპისტოლე. 595-დან 603 წლამდე პერიოდში ისინი პაპმა სხვადასხვა პირს გაუგზავნა, რომელთა შორისაც იყვნენ კონსტანტინეპოლელი პატრიარქები: იოანე IV მმარხველი და კვირიაკე II, ალექსანდრიელი ევლოგი, ანტიოქიელი ანასტასი, იმპერატორი მავრიკიოსი და იმპერატრიცა კონსტანტინა, აღმოსავლეთ ილირიკის მიტროპოლიტები, აგრეთვე კონსტანტინეპოლში პაპის აპოკრისიარიოსი, დიაკონი საბინიანე. პაპ პელაგიუს II-ის, აგრეთვე პაპის ოპონენტთა ეპისტოლეები, სამწუხაროდ, არ შემორჩენილა, თუმცა გრიგოლის საკუთარი მიმოწერა მრავალ შემთხვევაში საშუალებას გვაძლევს, აღვადგინოთ დაკარგულის ნამდვილი არსი.
 
პოლემიკის პარადოქსულობა მდგომარეობს იმაში, რომ განსახილველი პერიოდისთვის ტიტულს "მსოფლიო" ხანგრძლივი წინაისტორია ჰქონდა. ჯერ კიდევ V საუკუნეში ეს ტიტული არაერთხელ გამოიყენებოდა ეპისკოპოსების მიმართ. ეფესოს "ყაჩაღთა კრებაზე" (449) ალექსანდრიელ პატრიარქ დიოსკორეს თავისი ერთ-ერთი მომხრე - ეგვიპტელი ევაზელი ეპისკოპოსი ოლიმპე - მიესალმა როგორც "მსოფლიო მთავარეპისკოპოსს" (2). VI საუკუნიდან მოყოლებული ამ ტიტულს ატარებდნენ კონსტანტინეპოლელი, ალექსანდრიელი და ანტიოქიელი პატრიარქები, ხოლო იუსტინიანეს ნოველებში ის საეკლესიო პენტარქიის ხუთივე მეთაურს ჰქონდა (3).
 
თავად კონსტანტინეპოლელი მღვდელმთავრები ამგვარი სახით არაერთხელ მისალმებიან იერუსალიმელ პატრიარქებს. გვხვდება იმავე პერიოდის მიმართვები ეპითეტით "მსოფლიო" პროვინციელი მიტროპოლიტებისა და ეპისკოპოსების მიმართ - მათ შორის ედესელი ეპისკოპოსის, იაკობ ბარადეოსის მიმართ - და თვით უმაღლესი სკოლის მასწავლებლებისადმიც კი (4). გასაკვირია, როგორ შეეძლო გრიგოლს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში იყო რომის საყდრის წარმომადგენელი კონსტანტინეპოლში, არ სცოდნოდა ამ ტრადიციის შესახებ - მით უმეტეს, რომ ის იცნობდა მრავალ ისტორიულ დოკუმენტს, კერძოდ კი, მსოფლიო კრებათა ოქმების შინაარსს (Norberg 1982: VI. 14, 383.29–384.41; VI. 65, 441.31–35) (5).
 
როგორც ჩანს, თავისთავად ეპითეტი "მსოფლიო", რომელიც გამოიყენებოდა სხვადასხვა რანგის სამღვდელოებისა და საერო პირების მიმართ, ბერძნულ აღმოსავლეთში არ გულისხმობდა, რომ მის მატარებელს საეკლესიო იერარქიაში უზენაესი ხელისუფლება ჰქონდა (Tuilier 1964:260–271). ის აღიქმებოდა როგორც ტრადიციული საპატიო ტიტული და არავისში იწვევდა წინააღმდეგობას.
 
მიუხედავად ამისა, როდესაც ეს ტიტული პატრიარქ იოანე IV მმარხველის (582–595) ხელმოწერაში გამოჩნდა, რომის პაპმა პელაგიუსმა, ხოლო შემდგომ მისმა მემკვიდრემ, გრიგოლ დიდმა (6), უკიდურესად უარყოფითი რეაქცია გამოხატეს; სწორედ ეს მომენტი იქცა საპატრიარქო ტიტულის გარშემო გაჩაღებული პოლემიკის დასაწყისად. შეიძლება გამოიყოს დავის რამდენიმე ეტაპი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც მოქმედი პირებით, ისე დაპირისპირების ხასიათით.
 
587–590 წწ. – პაპ პელაგიუს II-ის მიერ ტიტულის კრიტიკის პერიოდი. ეპითეტ "მსოფლიოს" გამოყენების საპროტესტოდ, მან კონსტანტინეპოლში მყოფ თავის აპოკრისიარიოსს პატრიარქ იოანესთან ერთად საზეიმო ღვთისმსახურებებში მონაწილეობის მიღება აუკრძალა.
 
590–595 წწ. – პელაგიუსის მემკვიდრე, პაპი გრიგოლი, პაპის კათედრაზე ასვლის შემდეგ ვიდრე თვით 595 წლამდე დავას ზეპირი ფორმით აწარმოებდა. ის გზავნილებს აძლევდა კონსტანტინეპოლში მყოფ თავის აპოკრისიარიოსს, დიაკონ საბინიანეს, და მისი მეშვეობით იმედოვნებდა პატრიარქის დარწმუნებას ტიტულზე უარის თქმის აუცილებლობაში. თუმცა, როდესაც 595 წელს კონსტანტინეპოლიდან ორი მცირეაზიელი ხუცესის საქმესთან დაკავშირებით კრების აქტები ჩამოვიდა, რომელთა "თითოეული სტრიქონი" შეიცავდა სახელწოდებას "მსოფლიო" (Norberg 1982: V. 45, 337.8–10), ნათელი გახდა მსგავსი სახის პოლემიკის არაეფექტურობა და პაპმა უფრო აქტიურ ქმედებებს მიმართა.
 
595 წ. – წმიდა გრიგოლი ექვს პირს უგზავნის ეპისტოლეთა სერიას. კონსტანტინეპოლელ პატრიარქ იოანეს ის არწმუნებს უარი თქვას ამ ტიტულზე (Ibid.: V. 44, 330.25), ხოლო იმპერატორ მავრიკიოსს სთხოვს: "ეს საქმე ან განიხილოს ან ხშირად მოხსენიებული პიროვნება დაითანხმოს, რომ საბოლოოდ დათმოს ეს პრეტენზია" (Ibid.: V. 37, 311.102–104), იმპერატრიცა კონსტანტინას კი სთხოვს, არ დაეთანხმოს პატრიარქს ამ ტიტულის გამოყენებაში (Ibid.: V. 38, 316.56). ალექსანდრიელი ევლოგი და ანტიოქიელი ანასტასი იღებენ თხოვნას, რომ სხვა ეპისკოპოსებისადმი მიმართვისას თავი შეიკავონ ეპითეტ "მსოფლიოს" გამოყენებისგან (Ibid.: V. 41, 321. 37–38). კონსტანტინეპოლში მყოფ თავის აპოკრისიარიოსს, დიაკონ საბინიანეს, პაპი უკრძალავს პატრიარქთან ერთად საზეიმო მსვლელობებში მონაწილეობას (Ibid.: V. 45, 338. 33). თუმცა, არც კონსტანტინეპოლელ იოანეს და არც მის ნაცვლად იმავე 595 წელს პატრიარქის კათედრაზე აღსაყდრებულ კვირიაკე II-ს არ უთქვამთ უარი ტიტულ "მსოფლიოს" გამოყენებაზე.
 
596–598 წწ. – პერიოდი, რომელიც უმთავრესად საპასუხო პრეტენზიებისგან დაცვასთან იყო დაკავშირებული, რამეთუ ადრესატთაგან არცერთს არ დაუჭერია მხარი რომის ეპისკოპოსის პოზიციისთვის. უფრო მეტიც, იმპერატორი მავრიკიოსი და წმიდა ანასტასი ანტიოქიელი თავად გრიგოლს საყვედურობდნენ, რომ თავისი ეპისტოლეებით ის ეკლესიაში არეულობას აღვივებდა. პაპს უწევს ეპისტოლეთა ახალი სერიის გაგზავნა: უნდა დაესაბუთებინა კონსტანტინეპოლური პრაქტიკის მავნებლობა და ემართლებინა თავი იმის თქმით, რომ უთანხმოება პატრიარქთან ტიტულის გამო ხდება და არა იმიტომ, რომ პაპს დაავიწყდა თავისი საეპისკოპოსო მოვალეობები და უგულებელყოფს ეკლესიის ერთსულოვნებას. მაგრამ, სავარაუდოდ, იმ მომენტში მან უკვე გაიაზრა, რომ მისმა პოზიციამ, სინამდვილეში, შესაძლოა საეკლესიო განხეთქილება გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად მან დავა დროებით შეწყვიტა (Ibid.: IX. 176, 733. 3). პაპმა შეწყვიტა იმპერატორისადმი ტიტულის თაობაზე წერა და უფრო ფრთხილი გახდა პატრიარქ კვირიაკე II-ის (595–606) მიმართ გაგზავნილ ფორმულირებებში.
 
ეპისტოლეთა კიდევ ერთი ადრესატი, წმიდა ევლოგი ალექსანდრიელი, თავდაპირველად თავს არიდებდა დავაში ჩარევას და საერთოდ არაფერს პასუხობდა გრიგოლს ეპისტოლეთა პირველ სერიაზე. მხოლოდ სამი წლის შემდეგ დაარწმუნა მან პაპი, რომ კონსტანტინეპოლელ პატრიარქთან მიმოწერაში აღარ იყენებდა ტიტულს "მსოფლიო" (Ibid.: VIII. 29, 552. 49–50). თუმცა, ევლოგის მხარდაჭერაც კი, როგორც ჩანს, პაპისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა აქტიურ ქმედებებთან დასაბრუნებლად, მით უმეტეს, რომ ალექსანდრიელი მღვდელმთავრის ეპისტოლეში წმიდა გრიგოლისთვის ერთი უსიამოვნებაც აღმოჩნდა, რადგან ახლა ევლოგი "მსოფლიოს" თავად გრიგოლს უწოდებდა, ამ უკანასკნელს კი კიდევ ერთხელ მოუწია თხოვნის გამოთქმა, რომ არც მას და არც სხვა ვინმეს ამ სახელით არ მიემართა მისთვის (7).
 
599–603 წწ. – მიუხედავად ამისა, თავისი პონტიფიკობის ბოლომდე წმიდა გრიგოლი ცდილობს მოძებნოს შესაძლებლობები კონსტანტინეპოლის პრეტენზიებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. როდესაც შეიტყო, რომ 599 წელს ახალ რომში დაგეგმილ კრებაზე მიწვეული იყო ილირიკის რვა მთავარეპისკოპოსი, პაპი შეაგონებდა მათ: "რათა იქ (კონსტანტინეპოლში. – ა. მ.) ვერც ერთი თქვენგანისგან ვერანაირი დარწმუნებით, ვერანაირი დაპირებებით, ვერანაირი ჯილდოებითა და ვერანაირი მუქარით ვერ მიეღოთ თანხმობა (ტიტულზე)" (Ibid.: IX. 157, 716.52–54). 602 წლის ნოემბერში მხედართმთავარმა ფოკამ გადატრიალების შედეგად ხელთ იგდო საიმპერატორო ტახტი, სასტიკად მოკლა რა მავრიკიოსი, მისი ძენი, ხოლო მოგვიანებით – მეუღლე კონსტანტინა. თუმცა, უკვე მომდევნო წლის მაისში პაპი გრიგოლი მიესალმა ახალ იმპერატორს: "იხარებდეს ცანი და იშვებდეს ქვეყანა (ფს. 95:11) და იხარებდეს თქვენგან საქმეთაგან ერი მთელი სახელმწიფოსი, რომელიც აქამდე საშინლად დამწუხრებული იყო" (Ibid.: XIII. 32, 1033.2–18). შესაძლოა, ფოკასადმი თავისი ერთგულების დემონსტრირებით, პაპ გრიგოლს იმედი ჰქონდა მისი ხელშეწყობისა საეკლესიო საქმეებში. მალევე ის კიდევ ერთ ეპისტოლეს უგზავნის პატრიარქ კვირიაკეს ტიტულზე უარის თქმის მოწოდებით.
 
თუმცა, ვერც ეს მცდელობაც აღწევს სასურველ მიზანს და ეპითეტი "მსოფლიო" კონსტანტინეპოლელი პატრიარქის ტიტულატურაში რჩება.
 
პაპ პელაგიუსისა და გრიგოლის პოზიციის განმარტებისას, მკვლევართა უმრავლესობა მასში ხედავს შიშს, რომ ტიტულის დამკვიდრების შემდეგ კონსტანტინეპოლელი პატრიარქი შეეცდება, სხვა კათედრების თუ არა, მათ შორის რომის, დაქვემდებარებას, მაშინ არათანაზომიერად მაინც აიმაღლოს საკუთარი სტატუსი. სხვა მკვლევარნი ტიტულის უარყოფას ხსნიან წმიდა გრიგოლის ასკეტური განწყობითა და იმით, რომ იგი ამ ტიტულს სიამაყის გამოვლინებად მიიჩნევდა.
 
ყოველ შემთხვევაში, ტიტულის მიმართ პაპთა უარყოფითი დამოკიდებულების წინაპირობად შეიძლება ჩაითვალოს მისი თარგმანის სპეციფიკა: მიუხედავად იმისა, რომ ორ შემთხვევაში თავის ეპისტოლეებში პაპი გრიგოლი იყენებს ტრანსლიტერაციას ycomenicon (Ibid.: V. 45, 337.10; IX.157, 714.13), უმეტესად ტერმინი οἰκουμενικός ლათინურ ენაზე გადმოიცემოდა სიტყვით universalis ("საყოველთაო", "უნივერსალური"). ზოგიერთ ეპისტოლეში კი პაპი აშკარად ურთიერთშემცვლელად იყენებს სიტყვებს universalis და universus ("მთელი", "საერთო", "საყოველთაო") და ფაქტობრივად აიგივებს მათ. ანტიოქიელ პატრიარქ ანასტასის იგი წერს: "თუ ერთ ეპისკოპოსს ეწოდება მსოფლიო (uniuersalis), მაშინ მთელი ეკლესია (uniuersa ecclesia) დაიღუპება, როდესაც ერთი საყოველთაო (uniuersus) დაეცემა" (Ibid.: VII. 24, 479.38–41).
 
გარდა ამისა, პაპი ხშირად ურთიერთშემცვლელად იყენებს ცნებებს "პატრიარქი" და "ეპისკოპოსი". აქ შეიძლება შევადაროთ ალექსანდრიელი ევლოგისა და ანტიოქიელი ანასტასისადმი მიმართული სიტყვები: "თუ ერთ პატრიარქს ეწოდება მსოფლიო, მაშინ დანარჩენებს პატრიარქის სახელწოდება წაერთმევათ" (Ibid.: V. 41, 321.26–31), ილირიელ მიტროპოლიტთა მიმართ გაგზავნილ ეპისტოლეში ნათქვამია: "თუ ერთი, როგორც იგი თავად მიიჩნევს, მსოფლიოა, მაშინ გამოდის, რომ თქვენ არა ხართ ეპისკოპოსნი" (Ibid.: IX.157, 715.42–43).
 
შედეგად, დამკვიდრებული საპატიო ტიტული "მსოფლიო პატრიარქი" პაპის აღქმაში "საყოველთაო ეპისკოპოსის" მნიშვნელობას იძენდა, რაც, არსით, მის მატარებელს ყველა სხვა დანარჩენ ეპისკოპოსზე მაღალ სტატუსს ანიჭებდა.
 
სხვაგვარად რომ ვთქვათ, პაპ გრიგოლის მიერ ტიტულ "მსოფლიოს" უარყოფა შესაძლოა გამომდინარეობდეს საეკლესიო იერარქიის ორი განზომილების: საკრალურისა და ძალაუფლებრივ-ადმინისტრაციულის აღრევისგან. პირველი განზომილებით ყველა ეპისკოპოსი თანასწორია, ხოლო პატრიარქი ან მიტროპოლიტი სხვა ეპისკოპოსებზე მაღლა დგას მხოლოდ მეორე, ძალაუფლებრივ-ადმინისტრაციული განზომილებით. და ამრიგად, "მსოფლიო პატრიარქი" წარმოადგენდა საპატიო ტიტულს სწორედ მეორე განზომილების შესაბამისად, ვინაიდან იგი ეხებოდა დედაქალაქის კათედრის მღვდელმთავარს, კონსტანტინეპოლის გარშემო მდებარე რამდენიმე დიოცეზის საეკლესიო იერარქიის მეთაურს. თუმცა წმიდა გრიგოლის ეპისტოლეებში ტიტულის ბუნების სხვაგვარი გაგება იკვეთება. პაპი ტიტულს განიხილავს ან როგორც საპატიო წოდებას - აქ იგი იყენებს სიტყვას dignitas (Ibid.: V.39, 315.20), რომელიც ჩვეულებრივ საერო ხარისხებს ეხება, ან როგორც მღვდელობის ახალ "საფეხურს": pontificatus gradus (Ibid.: V. 44, 332.93–94).

განხილული ეპისტოლეების საფუძველზე ძნელია საბოლოო დასკვნის გამოტანა იმ მოტივებზე, რომლებიც პაპ გრიგოლს ამოძრავებდა; კვლევები ამ მიმართულებით კვლავაც გრძელდება. მიუხედავად ამისა, თუნდაც დავუშვათ, რომ პაპის დემარში ტიტულის წინააღმდეგ, უმთავრესად, ტერმინ "მსოფლიოს" არასწორი თარგმანისა და კონსტანტინეპოლის აღზევების შიშის შედეგი იყო, წმიდა გრიგოლის ეპისტოლეები მაინც არ კარგავენ თავიანთ ღირებულებას, როგორც წმიდა მამებისეული აზროვნების ძეგლები ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოგმატურ და საეკლესიო-პოლიტიკურ პრობლემაზე: შესაძლებელია თუ არა ეკლესიაში ეპისკოპოსის საყოველთაო ხელისუფლება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთი ეპისკოპოსის ხელისუფლება ეკლესიის ყველა სხვა დანარჩენ ეპისკოპოსზე ვრცელდებოდეს, რომელიც არ არის განპირობებული გეოგრაფიული, ეთნიკური თუ სხვა ფაქტორებით. მიუხედავად იმისა, აცხადებდა თუ არა კონსტანტინეპოლელი პატრიარქი პრეტენზიას მსგავს ხელისუფლებაზე, წინამდებარე სტატიაში ეს საკითხი არ განიხილება – წმიდა გრიგოლ დიდი აცხადებს მსგავსი პრეტენზიების დაუშვებლობას და საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მოჰყავს მთელი რიგი კანონიკური, ბიბლიური, დოგმატური, საეკლესიო-პოლიტიკური, სამწყემსო და ასკეტური არგუმენტები. შემდგომში ეს არგუმენტები უფრო დეტალურად იქნება განხილული.
 

კანონიკური, ბიბლიური და ისტორიული არგუმენტები
 
პაპი გრიგოლი იმპერატორ მავრიკიოსს აცნობებს, რომ ტიტული "მსოფლიო" კონსტანტინეპოლელმა პატრიარქმა მიიღო "სახარებისეულ განჩინებათა და კანონთა დადგენილებების საწინააღმდეგოდ" (Ibid.: V. 37, 310.62–63). ამასთან, ის არ განმარტავს, კონკრეტულად რომელ კანონებს ეწინააღმდეგება ეს ტიტული, თუმცა მოჰყავს მტკიცებულებები იმისა, რომ მსგავსი პრეცედენტი ბიბლიურ და საეკლესიო ისტორიაში არ ყოფილა: "წმიდანები სჯულდებამდე, წმიდანები სჯულდების ქვეშ, წმიდანები მადლის ქვეშ – ყველანი ისინი, რომელნიც შეადგენენ უფლის სხეულს, დაყენებულ არიან ეკლესიის წევრებად, და არავის არასდროს სურდა, საკუთარი თავისთვის მსოფლიო ეწოდებინა" (Ibid.: V. 44, 332.83–86). სანიმუშოდ მოჰყავს მოციქული პეტრე: "აჰა (მოციქული პეტრე), იღებს ცათა სასუფევლის გასაღებებს, მას ეძლევა ხელისუფლება (potestas) შეკვრისა და გახსნისა, მას ეკისრება მზრუნველობა მთელ ეკლესიაზე და უფროსობა (principatus), თუმცა მას არ ეწოდება მსოფლიო მოციქული (universalis apostolus)! ხოლო უწმიდესი კაცი და ჩემი თანამღვდელი იოანე ცდილობს, მსოფლიო ეპისკოპოსი (universalis episcopus)! ეწოდოს" (Ibid.: V. 37, 309.48–52).
 
აგრეთვე, იმპერატორისადმი გაგზავნილ ეპისტოლეში პაპი გრიგოლი მას შეახსენებს, რომ ადრე მსგავს ტიტულზე უარი თქვა პაპმა ლეონ დიდმა: "სინამდვილეში (სახელწოდება "მსოფლიო") მიენიჭა რომის პონტიფიკოსს პატივცემული ქალკედონის კრების მიერ ნეტარი პეტრეს, მოციქულთა მეთაურის (apostolorum principis) პატივისცემის გამო. თუმცა მათგან არავინ (სავარაუდოდ, იგულისხმება პაპი ლეონი და მისი მემკვიდრეები. – ა. მ.) არასოდეს დათანხმებია ამ განსაკუთრებული სახელწოდების გამოყენებას, რათა, მაშინ, როდესაც ერთს ეძლეოდა რაიმე კერძო, ყველა მღვდელს არ ჩამოჰკლებოდა კუთვნილი პატივი. მაშ, რატომ ჩვენ არ ველტვით ამ მონიჭებულ სახელწოდებას, ხოლო ის პრეტენზიას აცხადებს მიითვისოს ისიც კი, რაც არ მინიჭებია?" (Ibid.: V. 37, 310.77–83) (8). იმავე მაგალითი მოჰყავს პაპ გრიგოლს პატრიარქ იოანესადმი გაგზავნილ ეპისტოლეში: "ნუთუ, როგორც თქვენმა საძმომ იცის, პატივცემულმა ქალკედონის კრებამ ამ მოციქულებრივი საყდრის წინამძღვრებს, რომელსაც მე ვემსახურები ღვთის განგებით, არ უწოდა "მსოფლიონი", რითაც მიაგო (მათ) ეს პატივი? თუმცა არავის და არასოდეს სურდა, ამ სიტყვით ყოფილიყო მოხსენიებული" (Ibid.: V. 44, 332.89–92) (9).
 
ყურადღებას იქცევს ისიც, რომ, წმიდა გრიგოლის გადმოცემით, მისმა წინამორბედმა, პაპმა პელაგიუსმა, თავისი განკარგულებით "გააუქმა იმ (კონსტანტინეპოლის) კრების საქმეები" (Ibid.: 329.11–330.16), რომლის აქტებშიც პატრიარქი იოანე მოხსენიებული იყო როგორც მსოფლიო. როგორც ჩანს, პაპ გრიგოლს მხედველობაში ჰქონდა, რომ პელაგიუსი პროტესტს აცხადებდა უშუალოდ ტიტულის წინააღმდეგ და არ ცდილობდა კრების გადაწყვეტილებების გაუქმებას. და მაინც, აღსანიშნავია, რომ წმიდა გრიგოლის ვერსიით, რომის წინამძღვარს შეუძლია სხვა ეკლესიის კრების საქმეების გაუქმება.


დოგმატური არგუმენტები
 
მოციქულთა მაგალითის მოყვანით, წმიდა გრიგოლი მათ "ცალკეულ ხალხთა მეთაურებს" უწოდებს, რომლებიც, ამასთანავე, ყველანი საეკლესიო სხეულის წევრნი არიან ერთი მეთაურის – ქრისტეს ქვეშ (Ibid.: 332.80–82), მაშინ როდესაც "მსოფლიო" ტიტულის მიღებაში გრიგოლი ხედავს პატრიარქის განზრახვას, გახდეს ეკლესიის მეთაური ყველა სხვა დანარჩენ ეპისკოპოსზე ქრისტეს ნაცვლად (Ibid.: 331.45–55) და, უფრო მეტიც, მხოლოდ თვითონ იწოდებოდეს ეპისკოპოსად (Ibid.: V. 39, 316.47–48). ამგვარად, პატრიარქი "იტაცებს", "ანადგურებს" (Ibid.: V. 37, 310.74–76, 79–81) და "ფეხქვეშ თელავს" სხვა ეპისკოპოსთა პატივს (Ibid.: V. 44, 331.65–67).
 
ამის გამო, გრიგოლის თქმით, ჭირშია მთელი მსოფლიო ეკლესია (Ibid.: V. 39, 317.75–77) და "წარმოიშობა წინააღმდეგობა საყოველთაოდ მოფენილი მადლის მიმართ" (Ibid.: V. 44, 330.37–39).
 
პაპი გრიგოლი შიშობს რომ თუ "მსოფლიო" ეპისკოპოსი მწვალებელი გახდება, ეს მის მიერ მართული მთელი მსოფლიო ეკლესიის მწვალებლობაში ჩავარდნასაც ნიშნავს (Ibid.: V. 37, 310.71–74). ეს მით უფრო სავარაუდოდ ეჩვენება, რამეთუ საეკლესიო ისტორიის მანძილზე კონსტანტინეპოლის კათედრის წინამძღვრები არაერთხელ გამხდარან მწვალებლები და ერესიარქებიც კი – კერძოდ, წმიდა მამა იხსენიებს პატრიარქ მაკედონისა და ნესტორის მაგალითებს (Ibid.: 310.65–76).
 

საეკლესიო-პოლიტიკური და პოლიტიკური არგუმენტები
 
უკვე ახლავე, პაპ გრიგოლის აზრით, ეს ტიტული ეპისკოპოსთა შორის შუღლსა და საეკლესიო განხეთქილებას იწვევს (10). შედეგად, მღვდლები, რომლებიც მოწოდებულნი არიან ერთსულოვნად ილოცონ იმპერატორისა და სახელმწიფოსთვის, ვერ ასრულებენ სათანადოდ ამ თავიანთ მოვალეობას, და სახელმწიფო ბარბაროსთა შემოსევებისა და განადგურების სამიზნე ხდება.

 
სამწყემსო და ასკეტური არგუმენტები
 
სახელწოდება "მსოფლიო" ეწინააღმდეგება პატრიარქ იოანეს, როგორც მწყემსის, ამოცანას – ასწავლოს ხალხს სიმდაბლე. პაპი ტიტულს "ამპარტავნულსა და სულელურს", "გაუგონარსა და უკეთურს", "საკვეხნელ" და "უფრო დიდებულად მოსაჩვენებელ" საშუალებას უწოდებს. ტიტულის მიღება "საძაგელი და უღვთო ქედმაღლობაა". პატრიარქისადმი გაგზავნილი ეპისტოლე შეიცავს ძველი და ახალი აღთქმის 25 ციტატას, რომლებიც მოწოდებულია შეახსენონ პატრიარქს სიმდაბლე (ის. 66:2; მათ. 5:3, 11:29, 20:27), სიამაყის ღვთივწინააღმდეგობრიობა (იგავ. 16:5; ლუკ. 14:11; იაკ. 4:6), მლიქვნელების თავიდან მოშორების აუცილებლობა (ლუკ. 9:60; ფს. 69:4, 140:5) და უკანასკნელი სამსჯავროს სიახლოვე (1 იოან. 2:18).
 
პატრიარქ იოანეს საქციელს წმიდა გრიგოლი არაერთხელ ადარებს ანტიქრისტესა და სატანის ბიბლიურ აღწერილობებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ პატრიარქ კვირიაკესადმი გაგზავნილ ეპისტოლეებში გრიგოლი მსგავს შედარებებს აღარ აკეთებს.
 
ეს უკანასკნელი შენიშვნა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რატომ არის რთული წმიდა გრიგოლის პოზიცია ტიტულის მიმართ, მისი თეზისების მთელი შინაგანი დასაბუთებულობის მიუხედავად, ძნელად მისაღები მთლიან და არაწინააღმდეგობრივ პოზიციად.
 
როგორც ვაჩვენეთ, ტერმინოლოგიური ერთიანობის ნაცვლად, პაპის ტექსტებში აშკარად იკვეთება გაურკვევლობა იმაში, თუ როგორ იყენებს იგი ეპითეტებს "მსოფლიო", "საყოველთაო" და "საერთო", აგრეთვე ტერმინებს "პატრიარქი" და "ეპისკოპოსი".
 
თავად არგუმენტაციის ხასიათი შეიძლება შეცვლილიყო მოვლენათა კონტექსტის მიხედვით. პირველი სერიის ვრცელი ეპისტოლეები შეიცავდა მთელ რიგ დოგმატურ დასაბუთებებს იმის დასამტკიცებლად, რომ ტიტულთან შეგუებამ შესაძლოა მთელი ეკლესიის დაღუპვა გამოიწვიოს. კონსტანტინეპოლელ იოანეს წმიდა გრიგოლი კანონიკური სასჯელებით ემუქრებოდა, ხოლო აღმოსავლეთის პატრიარქებს არწმუნებდა, რომ მზად იყო ტიტულისთვის წინააღმდეგობა გაეწია მღვდელმთავრობის ხარისხის ჩამორთმევამდე და მოწამეობრივ სიკვდილამდეც კი (Ibid.: V. 41, 325.132–141). თუმცა, მას შემდეგ, რაც ეპისტოლეთა პირველმა სერიამ ვერ ჰპოვა გაგება იმპერატორის მხრიდან, პაპმა გრიგოლმა საგრძნობლად შეარბილა თავისი პოზიცია. საღვთისმეტყველო არგუმენტაციის ნაცვლად, კვირიაკესადმი გაგზავნილ ეპისტოლეებში მთავარ თეზისად ტოვებს იმას, რომ სახელწოდება "მსოფლიო" ეკლესიას ცდუნებაში აგდებს (Ibid.: 1045.14–18), ხოლო ზოგიერთ ეპისტოლეში ეს არგუმენტი სრულიად დაიყვანება იქამდე, რომ თვითონ, გრიგოლი, ამ ტიტულის გამო ცდუნებაში ჩავარდა (Ibid.: VII. 5, 451.136–137).
 
განხილული ეპისტოლეების საფუძველზე ძნელია საბოლოო დასკვნის გამოტანა იმ მოტივებზე, რომლებიც პაპ გრიგოლს ამოძრავებდა: იყო ეს შიში მთელი ეკლესიის ბედისწერის გამო თუ რომის საყდრის მდგომარეობის გამო. და მაინც, ტერმინოლოგიური უზუსტობისა და გარკვეული არათანმიმდევრულობის მიუხედავად, უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანობაში პაპი გრიგოლი თავისი პონტიფიკოსობის დასაწყისიდან ბოლომდე ინარჩუნებდა უარყოფით დამოკიდებულებას ტიტულ "მსოფლიოს" მიმართ, ხოლო მისი ეპისტოლეები წარმოადგენს ფასეულ წმიდა მამებისეულ მოწმობას იმისას, რომ ეკლესიაში არ შეიძლება არსებობდეს სხვა საყოველთაო ხელისუფლება, გარდა იესუ ქრისტეს, როგორც მისი მეთაურის, ხელისუფლებისა.
 
 
 
წყაროები:
 
Acta Conciliorum Oесиmenicorum // Ed. E. Schwartz. T. 2. Vol. I. Pars II. Berolini; Lipsiae, 1933.
 
S. Gregorii Magni Registrum epistularum. Vol. 1. / Ed. Norberg D. Turholti: Brepols, 1982. XII, 513 p. (Corpus Christianorum. Series Latina. 140).
 
 
 
ლიტერატურა:
 
Грацианский М. В. Четвертый Вселенский Собор и проблема первенства римского епископа // Вестник Волгоградского государственного университета. Серия 4: История. Регионоведение. Международные отношения. 2019. Т. 24. № 6. С. 255–271.
 
Грацианский М. В., Мигальников А. В. Полемические письма папы Григория Великого о титуле «вселенский» Константинопольского патриарха. Вступительная статья, перевод с латинского и комментарий // Причерноморье в Средние века. 2021. Вып. 11. С. 9–67.
 
Кузенков П. В. Канонический статус Константинополя и его интерпретация в Византии // Вестник ПСТГУ. Серия I: Богословие. Философия. 2014. Вып. 3 (53). С. 25–51.
 
Мигальников (2021а) – Мигальников А. В. Аргументация папы Григория Великого против титула «вселенский» Константинопольских патриархов: анализ писем 595 года // Вестник Волгоградского государственного университета. Серия 4: История. Регионоведение. Международные отношения. 2021. Т. 26. № 6. С. 290–303.
 
Мигальников (2021б) – Мигальников А. В. Спор о титуле «вселенский» между епископами Рима и Константинополя в конце VI века // Вестник Православного Свято-Тихоновского гуманитарного университета. Серия II: История. История Русской Православной Церкви. 2021. Вып. 6 (103). С. 9–29.
 
Успенский Ф. И. Церковно-политическая деятельность папы Григория I Двоеслова. Казань : Типо-лит. Имп. ун-та, 1901.
 
Baus K. The Papacy between Byzantium and the German Kingdoms from Hilary (461–468) to Serguis I (687–701) / Eds. H. Jedin, J. Dolan // History of the Church. Vol. 2. New York: The Seabury Press, 1980.
 
Caspar E. Geschichte des Papsttums von den Anfangen bis zur Hohe der Weltherrschaft. Bd. 2. Tu bingen, 1933.
 
Tuilier A. Le sens de l’adjectif «oесuménique» dans la tradition patristique et dans la tradition byzantine // Nouvelle revue théologiquie. 1964. Vol. 86/3. P. 260–271.
 
Vailhé S. Le titre de patriarche oесuménique avant saint Grégoire le Grand // Echos d’Orient. 1908. T. 11. № 69. P. 65–69.
 
Woliriska T. Spór o tytuł patriarchy ekumenicznego pomiędzy papieżem Grzegorzem Wielkim a biskupami Konstantynopola w śwalki o prymat w kościele powszechnym // Acta Universitatis Lodziensis, Folia Historica. 1993. Wol. 48. S. 95–126.
 
 
 
* * *
 
 
შენიშვნები:
 
1. ავტორის წინა ნაშრომები ამ მიმართულებით აღწერს პაპ გრიგოლ დიდის არგუმენტაციას ტიტულის წინააღმდეგ (მიგალნიკოვი 2021(ა)) და პოლემიკის მსვლელობას (მიგალნიკოვი 2021(ბ)); აგრეთვე, მ.ვ. გრაციანსკისთან ერთად მომზადებულია წმიდა გრიგოლის ეპისტოლეთა კომენტირებული თარგმანი (გრაციანსკი, მიგალნიკოვი 2021).
 
2. "ამ ჭეშმარიტ მსოფლიო კრებაზე, რომლის თავმჯდომარე და უპირატესია ჩვენი უწმიდესი მამა და დიდ ქალაქ ალექსანდრიის მსოფლიო მთავარეპისკოპოსი დიოსკორ" (ACO 1933:187, 11–12).
 
3. 109-ე ნოველაში (541) ნათქვამია: "ხოლო მწვალებლებად <...> ვუწოდებთ მათ, ვინც ეკუთვნის სხვადასხვა მწვალებლობას <.> და საერთოდ ყველას, ვინც არ არის წევრი ღვთის წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისა, რომელშიც მთელი მსოფლიოს უწმიდესი პატრიარქები (αγιώτατοι πάσης τῆς οἰκουμένης πατριάρχαι) – დასავლეთ რომისა, და ამ სამეფო ქალაქისა, და ალექსანდრიისა, და თეუპოლისა, და იერუსალიმისა, და მათზე დამოკიდებული ყველა უნეტარესი ეპისკოპოსი – ერთსულოვნებით აღიარებენ სამოციქულო რწმენასა და გადმოცემას" (კუზენკოვი 2014).
 
4. VI საუკუნის 30-იანი წლებიდან ბიზანტიაში უმაღლესი საფეხურის განათლების მასწავლებლებს ჰქონდათ "მსოფლიოს მასწავლებლების" (διδάσκαλοι τῆς οἰκουμένης) ან "მსოფლიო მასწავლებლების" (διδάσκαλοι οἰκουμενικοί) წოდება (ტიულიე 1964:263).
 
5. აქ და შემდგომში წმიდა გრიგოლის ეპისტოლეებზე მითითებები მოყვანილია დ. ნორბერგის მიერ მომზადებული თანამედროვე კრიტიკული გამოცემის, "წმიდა გრიგოლ დიდის ეპისტოლეთა რეგისტრის" შესაბამისად. რომაული ციფრით მითითებულია "რეგისტრის" წიგნის ნომერი, არაბულით – ეპისტოლის რიგითი ნომერი წიგნში ნორბერგის გამოცემის მიხედვით; შემდეგ მოდის გვერდის ნომერი, წერტილის შემდეგ კი – სტრიქონების ნომრები.
 
6. მკვლევარი თ. ვოლინსკა მიიჩნევს, რომ პაპ პელაგიუს II-ს პროტესტი შესაძლოა გრიგოლის გავლენით გამოეხატა, რომელიც იმ დროისთვის კონსტანტინეპოლიდან რომში იყო დაბრუნებული, სადაც იგი პაპის აპოკრისიარიოსის თანამდებობას იკავებდა (ვოლინსკა 1993:102–104).
 
7. არსებობს მოსაზრება, რომ პატრიარქის "მსოფლიოს" სახელწოდების საპირისპიროდ, პაპმა გრიგოლმა მიიღო ტიტული "ღვთის მონათა მონა" (servus servorum Dei) (ბაუსი 1980:630–631), თუმცა ეს მოსაზრება სადავოა (ვაიე 1908:169; კასპარი 1933:456, 458).
 
8. როგორც მ. ვ. გრაციანსკიმ აჩვენა ქალკედონის კრების აქტების დეტალური ანალიზის შემცველ თავის სტატიაში, ტიტულ "მსოფლიოს" წინ სწევდნენ პაპის ლეგატები და პაპ ლეონს იგი კრების სახელით არ შესთავაზებია (გრაციანსკი 2019).
 
9. შეიძლება შევნიშნოთ წინააღმდეგობა იმაში, რომ მოყვანილ სიტყვებში პაპი ტიტულს პატივს უწოდებს, მაშინ როდესაც, ადრე ტიტულზე საუბრობდა როგორც უკიდურესად უღვთო მოვლენაზე.
 
10. შესაძლოა, წმიდა გრიგოლს მხედველობაში ჰქონდეს ქალკედონის კრების შემდგომი განხეთქილება და აკვილეური განხეთქილება, მაგრამ ისინი ჯერ კიდევ პატრიარქ იოანეს ტახტზე ასვლამდე წარმოიშვა.
 
 
წყარო: Мигальников А.В. Полемика между святителем Григорием Двоесловом и Константинопольскими патриархами вокруг титула «Вселенский» // Сретенское слово. 2022. № 3. С. 46–59.
 
URL: azbyka.ru

პუბლიკაცია ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
Назад к содержимому