სცემა თუ არა წმ. ნიკოლოზმა არიოზი?
არიოზის ცემა აგიოგრაფიულ ტრადიციაში
ავტორი: პეტრე პაშკოვი.
ცემა თუ არ ცემა წმ. ნიკოლოზმა ერესიარქი არიოზი? ეს კითხვა მართლმადიდებელ ქრისტიანთა შორის გაუთავებელ დავას იწვევს და ათობით ინტერნეტ-პუბლიკაციაში განიხილება. ამავდროულად, ჩვეულ პასუხებს, ამ კითხვას რომ ეძლევა, გააჩნიათ არა ისტორიული, არამედ იდეოლოგიური მოტივაცია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაგალითად, ამტკიცებენ, რომ წმ. ნიკოლოზს არ უცემია არიოზი, რადგან ქრისტიანები არ უნდა ცემდნენ მწვალებლებს; ან პირიქით - წმ. ნიკოლოზმა ცემა არიოზი, რადგან ქრისტიანები, როგორც წესი, უნდა ცემდნენ მწვალებლებს. მაგრამ სინამდვილეში ზნეობრივი იდეა შეუძლებელია წარმოადგენდეს ისტორიული ფაქტის მტკიცებულებას. მოცემულ საკითხში ჭეშმარიტების დასადგენად უნდა მივმართოთ ჰაგიოგრაფიული წყაროების მონაცემებს, რასაც წინამდებარე პუბლიკაციაში შევეცდებით.
წინასწარი შენიშვნები
სანამ წყაროების განხილვას შევუდგებოდეთ, კიდევ რამოდენიმე სიტყვა უნდა ვთქვათ მოცემულ საკითხზე. როგორც უკვე ვთქვით, ჩვენთვის საინტერესო საკითხისადმი პასუხის გასაცემად, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მოვალენი არიან თუ არა მართლმადიდებელი ქრისტიანები "ცემონ მწვალებლები" (ეს განხილვის სრულიად სხვა თემაა). ქრისტიანებს სხვაგვარად მოაზროვნეთა ცემის უფლება (ან ვალდებულება) რომც ჰქონდეთ, ეს ვითარება მაინც ვერანაირად დაამტკიცებს, რომ არიოზი მართლაც ნაცემი იქნა ნიკეის მსოფლიო კრებაზე.
საკითხი სილის გაწნაზე ასევე არ წარმოადგენს წმიდა გადმოცემის ნაწილს, რომლის მიმართაც უადგილოა განსჯანი და გამოკვლევანი, რადგან დასაშვებია მხოლოდ ღვთისმოსავი მორჩილება. კატეხიზმური განსაზღვრების თანახმად, "საღმრთო გამოცხადება ვრცელდება ადამიანთა შორის და ეკლესიაში დაცულია ორი ფორმით: წმიდა გადმოცემისა და წმიდა წერილის სახით... წმიდა გადმოცემა არის ერთი თაობიდან მეორეზე სიტყვით და მაგალითით სარწმუნოების სწავლისა, ღვთის სჯულისა, საიდუმლოთა და საღმრთო წესებისა" (Филарет Московский, свт. Пространный Христианский Катехизис Православной Кафолической Восточной Церкви, 16-17. М., 2013. С. 8) (ქართულად იხ. სახელმძღვანელო მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოს შესასწავლად. თბილისი 1990 წ. – "აპოკ." რედ.).
ამგვარად, წმიდა გადმოცემა - ეს არის საღმრთო გამოცხადების დაცვის ორი ფორმა. მისი შინაარსს წარმოადგენს ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტებანი, რომელიც მიიღებოდა "ყველას მიერ, ყველგან და ყოველთვის", და არა ამა თუ იმ ცხოვრების დეტალები ან ისტორიული თხზულებები, რომლებიც საღმრთო გამოცხადებით არ არის მოცემული და არ განეკუთვნებიან დოგმატურ ჭეშმარიტებებს.
რუსეთის ეკლესიის საუკეთესო დოგმატისტი - მიტროპოლიტი მაკარი (ბულგაკოვი) ამის შესახებ ასე წერს: "ეკლესიის უცთომელობის საგანს შეადგენს ქრისტიანული სარწმუნოების საერთოდ ყველა ჭეშმარიტება, რომელიც მოცემულია გამოცხადებაში, ანუ როგორც წმიდა წერილში, ასევე წმიდა გადმოცემაში. ... მაცხოვარმა თავის მოწაფეებს უთხრა: "ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით" (იოანე 14:26). ამიტომაც, უსამართლობა იქნებოდა ეკლესიისგან მოგვეთხოვა უცთომელობა ყველა იმ ჭეშმარიტებაში, რომელთაც არავითარი საფუძველი არ გააჩნიათ არც წმიდა წერილში და არც წმიდა გადმოცემაში, და არ ეხებიან ქრისტიანული რწმენის არსს, როგორიცაა, მაგალითად, ფილოსოფიური, ისტორიული ან საერთოდ ამგვარი ჭეშმარიტებები, რომელთა საფუძველს შეიძლება წარმოადგენდეს მხოლოდ კერძო მოწმობანი ან ადამიანთა შეხედულებები, და არა საღმრთო გამოცხადება" (Макарий (Булгаков), митр. Введение в православное богословие. Минск, 2000. С. 459-460).
ეს სრულიად სამართლიანია, რადგან ყველა საკითხში ეკლესიის უცთომელობის შემთხვევაში საჭირო არ იქნებოდა საეკლესიო მეცნიერებები და გამოკვლევები; საკმარისი იქნებოდა კრების მოწვევა და ნებისმიერი დავის გადაწყვეტა. ამ ელემენტარული ჭეშმარიტების უცოდინრობას მივყავართ სერიოზულ საღვთისმეტყველო შეცდომებამდე, როდესაც საგნებს, რომელთაც გააჩნიათ წმიდად ისტორიული მნიშვნელობა, ენიჭება სარწმუნოების დოგმატის ტოლფარდი სტატუსი. სწორედ ამგვარ შეცდომას უშვებენ ისინი, ვინც ამტკიცებს, რომ მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის დაუშვებელია არიოზის ცემის ფაქტში დაეჭვება, რადგან ის თურმე არის საეკლესიო გადმოცემის ნაწილი.
წმ. ნიკოლოზის მონაწილეობა ნიკეის კრებაზე
თანამედროვე საეკლესიო-ისტორიულ მეცნიერებაში ეჭვქვეშაა დაყენებული ნიკეის კრებაზე მირონ-ლუკიის საკვირველთმოქმედის მონაწილეობის ფაქტი. მაგრამ სინამდვილეში ამ ეჭვის ერთადერთ საფუძველს წარმოადგენს წმინდანის სახელის არარსებობა ნიკეის კრებაზე მონაწილე მამების ადრინდელი დაცული სიები, ეს სიები კი არ გამოირჩევიან სისრულით: ისინი შეიცავენ მხოლოდ 220 სახელს 300-დან ან 318-დან (Patrum Nicaenorum nomina latine, graece, coptice, syriace, arabice. Lpz., 1898) (1), ასე რომ მათ დამამტკიცებელი ძალა არ შეიძლება ჰქონდეთ.
______________
1. მონაწილეთა ზუსტ რიცხვს (318) პირველად უთითებს წმ. ჰილარიუს პიქტავიელი, ეს ციფრი დაასახელა წმ. ათანასე დიდმაც (Athanasius Alexandrinus. Epistula ad Afros // PG. 26. Col. 1032).
______________
გასათვალისწინებელია ის, რომ მირონ-ლუკიის კათედრა, როგორც ჩანს, არც ისე მნიშვნელოვანი იყო, ხოლო თვით წმ. ნიკოლოზი, მიუხედავად მართლმადიდებლური სარწმუნოებისადმი თავისი ერთგულებისა, - ისეთ ნიკეელ მამებთან შედარებით, როგორებიც იყვნენ წმ. ათანასე და ალექსანდრე ალექსანდრიელები ან ოსია კორდუბელი, - დიდი ღვთისმეტყველი არ იყო, ამიტომაც არაფერია გასაკვირი იმაში, რომ კრების არასრული სიები მას არ ახსენებენ. მაგრამ, ნიკეის მამათა გვიანდელ სიებში (მაგალითად,დაახლ. 500 წ-ს თევდორე წიგნისმკითხველის მიერ შედგენილ სიაში) წმ. ნიკოლოზის სახელი უკვე ფიგურირებს (Patrum Nicaenorum nomina latine, graece, coptice, syriace, arabice. Lpz., 1898. Р. 67).
______________
2. თევდორე წიგნისმკითხველის სიების გამართულობაც ეჭვ ქვეშ იყო, თუმცა მთლიანობაში სამეცნიერო კონსენსუსი მისი უტყუარობის სასარგებლოდ ჩამოყალიბდა. იხ., მაგალითად, Leclercq Н. Niсее // DACL, XII. Соl. 1216).
______________
კრებაზე წმიდა ნიკოლოზის მონაწილეობის სიმტკიცე, - საწინააღმდეგო და დასაბუთებული აზრის სიმწირის პირობებში, - გვაფიქრებინებს, რომ წმ. ნიკოლოზი პირველ მსოფლიო კრებაზე ნამდვილად იყო. ახლა კი მივმართოთ ჩვენი მცირე გამოკვლევის საგანს: საკუთრივ არიოზის ცემის სიუჟეტს.
არიოზის ცემა აგიოგრაფიულ წყაროებში
I. ერთ-ერთი ყველაზე ადრინდელი წმიდა მამებისეული ტექსტი, რომელიც წმ. ნიკოლოზის ცხოვრებას ეხება, გახლავთ წმინდანის ხოტბა, რომელიც შეუდგენია წმ. ანდრია კრიტელს (VII-VIII სს.). ის აღწერს მირონ-ლუკიის საკვირველთმოქმედის ბრძოლას მწვალებლობებთან სამხედრო ხატოვნების გამოყენებით, მაგრამ ბუკვალურ სილის გაწნას არ ახსენებს, არამედ მხოლოდ "ღმრთის სიტყვის მახვილს" და "ქმედით მარჯვენას": "ვინად გხმობდეთ შენ? მხედრად? დიახ, მხედრად. რადგან ვითარც შეჯავშნულმა მეომარმა (ὁπλίτης), მხედართმთავარმა, რომელიც ილაშქრებს ხილულ მტერთა წინააღმდეგ, შეიმოსე სიტყვის საჭურველი და გარე შეირტყი. რწმენის მუზარადით იქმენ დაცული ვნებათა ღელვისგან, მყარად და ურყევად იდექ, ვითარც კლდე (πέτρα), სასოებით - უმტკიცესი ფარით, შენსკენ გამოტყორცნილ ისრებს სროლით იგერიებდი (ἀντιτοξεύεις) და თავს ესხმოდი (ὑπαντιάζων) მათ. ავიწროვებდი (ἀντιπεριΐστασαι) შენი სამწყსოს მტრებს და არღვევდი მათ მზაკვარებას (ἀντιβουκολεῖς). აი ასე, მხედართა მწყობრში მყოფმა, რწმენის მახვილით აღჭურვილმა, საფუძველშივე მოსჭერ არიოზის სიახლე საბელიოზის მწვალებლობასთან ერთად. ო დიახ! ვინც გაბედა ქრისტეს, ჭეშმარიტი ღმერთის, ნეტარი და ღირსპატივსაცემი სამების ერთ-ერთი იპოსტასის განგებულებითი განკაცების აღრევა ან განყოფა; ვისაც ეს განკაცება არასწორად ესმოდა, და ორ განსხვავებულ ბუნებათა ცნებას (ἑτεροφυᾶ λόγον), ერთ იესუში და ღმერთში რომ შეერთდნენ იპოსტასურად, შერევისა და განყოფის გარეშე არ აღიარებდა, - ყველა ისინი, ვინც ერთ ან მეორე მხარეს მიიდრიკებოდა, - ერთიანი შოლტით (σειτομάστῃ) განგმირე, ვითარც ფინესმა, რომელმაც სრულად მოალბო ყოველთა ღმერთი" (Andreas Cretensis. Encomium in S. Nicolaum, 5 // Anrich G. Hagios Nikolaos. Lpz., 1913. Bd. 1. S. 423-424).
სხვა საქებარი სიტყვები, რომლებიც დღემდეა დაცული და წმინდანის სრულ ცხოვრებათა გამოჩენის (ანუ IX ს-მდე) პერიოდს განეკუთვნება, საერთოდ არაფერს ამბობენ წმ. ნიკოლოზის ბრძოლაზე არიანელობასთან (См. изд.: Anrich G. Hagios Nikolaos. Lpz., 1913. Bd. 1. S. 140-182; 391-418; 429-434) და ამიტომაც, წყაროებად ვერ გამოდგებიან.
2. წმინდანის ყველაზე ადრინდელი სრული ცხოვრება ეკუთვნის ვინმე არქიმანდრიტ მიქაელს (სავარაუდოდ, ღირ. მიქაელ სვინკელოსს) და შექმნილია IX ს-ში. მიქაელი აღნიშნავს წმინდანის ბრძოლას არიანელობასთან, მაგრამ საერთოდ არაფერს ამბობს ნიკეის კრებაში მის მონაწილეობაზე და შემდეგი ცნობით იფარგლება:
"რჩეულ ერს (ანუ ეკლესიას - "აპოკ". რედ.) ის ასწავლიდა მიჰყოლოდა საღმრთო დოგმატებს, გაქცეოდა არიანული და საბელიანოზური უგუნურების უღმრთო მიმდევართა უგუნურ მეტყველებას, რომლებმაც იმდროინდელი მსოფლიო ისე აავსეს, როგორც წყალი ავსებს ხოლმე დაზიანებულ ხომალდს და უფსკრულისკენ მიაქანებს" (Michael Synkellos). Vita Nicolai per Michaelem, 26 // Anrich G. Hagios Nikolaos. Lpz., 1913. Bd. 1. S. 126).
3. ნიკიტა დავით პაფლაგონიელი, IX-X სს. ბიზანტიელი საეკლესიო მწერალი წმ. ნიკოლოზისადმი მიძღვნილ ელეგიონში ქმნის საკუთარ სამწყსოზე წმ. ნიკოლოზის ზრუნვის გასაოცრად ლამაზ და აღმაფრთოვანებელ სურათს. ახსენებს იგი წმ. ნიკოლოზის ნიკეის კრებაზე მონაწილეობის ფაქტსაც, მაგრამ ერთი სიტყვითაც კი არაფერს ამბობს არიოზის ცემაზე (სილის გაწნაზე): "ჯერ ნიკეის ბრწყინვალე კრებაზე, რომელზეც წმიდა მამათა დასი შეიკრიბა, ის არიოზისეული განყოფის პრინციპულ მამხილებლად წარმოჩინდა და ბრწყინვალედ დაიცვა სწავლება ერთარსობაზე.
ხოლო შემდეგ ამ კეთილმა მწყემსმა და მღვდელმთავრობის ჭეშმარიტმა განსახიერებამ დაინახა, რომ მისდამი მინდობილი სამწყსო გაყოფილია სამ ნაწილად: ერთი აღბეჭდილია ჭეშმარიტების სულით და სიხარულით მისდევს მათ მომწოდებელს საღმრთო ფარეხში, მაგრამ მცირერიცხოვანია და ადვილად აღრიცხვადი; მეორე კი, თუმც აღბეჭდილია, მაგრამ შეუპყრია მრავალგვარ მწვალებლობათა მზაკვრულ და ქურდულ მეტყველებას, რის გამოც განდგომია მკვებავ და მაცხოვნებელ საძოვარს და დაეხეტება შორს საღმრთო ფარეხისგან; ხოლო მესამე წარმართული ამაოებისა და კერპთაყვანისმცემლობის მთებზე, სალ კლდეებსა უგზოობაში გაბნეულა.
ამრიგად, ჯერ მან თავისიანებს მოუწოდა, განწმინდა, გაანათლა და სრულყოფილ ჰქმნა ზებუნებრივი სიბრძნისა და განმამღრთობელ საიდუმლოებებთან თანაზიარობის მეშვეობით; გაუღო მათ თავისი სიყვარულის კარები, და ერთგვარი სულიერი ფრთებით თავისი სულის წიაღში შეიფარა, რითაც მათ სითბო და მშვიდობა მიანიჭა. სწორედ ეს სიყვარული დაუდო მან საფუძვლად და მართებულ საწყისად თავის მწყემსობას, მის საფუძველზევე აღმართა მან ყველა სხვა დანარჩენი ნაგებობაც. არიანული ცრუ დოგმატებით, საბელიანოზისა თუ სხვა მწვალებლობებით გატაცებულნი სიკეთითა და ბრძნული გასაუბრებებით განაწყო მისდამი. შეუვალი მტკიცებულებებით გამოუაშკარავა მათი სწავლებების სიცრუე და, ვითარც ერთგვარმა ღვთაებრივმა ლამპარმა, თავისი მშვიდი სიცხადით აჩვენა ჭეშმარიტება და მიაახლა მას" (Nicetas David. Laudatio sancti Nicolai Myrensis, 6 / Ed. F. Halkin // Cahiers d' Orientalisme. 1986. № 13. P. 145-157).
4. კლასიკური და მთელი ბიზანტიური პერიოდის განმავლობაში ძირითადი ცხოვრება წმ. ნიკოლოზისა, რომელიც დაწერა ღირ. სიმეონ მეტაფრასმა (X ს.), ასევე არ შეიცავს სილის გაწნის ეპიზოდს, მაგრამ ადასტურებს წმიდა ნიკოლოზის ნიკეაში ყოფნას. მისი საქმენი ასეა აღწერილი:
"როდესაც კონსტანტინემ, რომაელთა სახელმწიფოს მმართველმა პირველმა ღვთისმოსავმა იმპერატორმა და დიდმა მღვდელმთავარმა, რომელიც ერს მართლმადიდებლურ დოგმატებში მოძღვრავდა და ყოველივე მტრულსა და მასთან შეუთანხმებელს ძირფესვიანად თხრიდა, ნიკეაში მთელი მართლმადიდებლური სასულიერო დასი შეკრიბა, რათა წმიდა სარწმუნოების საფუძვლები გაემყარებინა, არიოზის ღმრთისმგმობი მწვალებლობა დაეგმო და ეკლესიაში მშვიდობა განემტკიცებინა. ამ კრებამ ძისა და მამის თანასწორობა და ერთარსობა დაადგინა. საკვირველი ნიკოლოზიც ესწრებოდა ამ კრებას და არიოზის მწვალებლობის წინააღმდეგ გადაჭრით აღდგა. მან უარყო იგი და მართლმადიდებლური სარწმუნოების ურყევი კანონი აღიარა, დატოვა ნიკეა და თავის სამწყსოს დაუბრუნდა, რომელსაც სათნოებებისკენ მიუძღოდა და ადრინდელზე მეტი მოშურნეობით მოძღვრავდა" (Symeon Metaphrastes. Vita S. Nicolai, 16 // PG. 116. Col. 337).
5. პირველ ისტორიულად დაფიქსირებულ სიუჟრეს არიოზისთვის ლოყაზე სილის გაწნის შესახებ ვპოულობთ XIV ს-ის ვენეციელ აგიოგრაფ პეტრე ნატალისთან. ნატალისს ჩვეულებად ჰქონდა მის მიერ შედგენილი ცხოვრებანი არამოტივირებული დეტალებით აევსო (3).
________________
3. ასე, მაგალითად, წმ. პონტი რომაელის (257 წ.) მოწამეობა მან გააფართოვა იმგვარი მონათხრობით, რომელიც წმინდანის ეპისკოპოსად ხელდასხმაში არსად მოიხსენიება (იხ.: Petr. Natal. CatSS. IV 169).
________________
სწორედ მასთან ვხვდებით მონათხრობს წმ. ნიკოლოზის მიერ ნიკეის კრებაზე მწვალებელ არიოზისთვის სილის გაწნის შესახებ, თუმცა ნატალისის ვერსიით დარტყმა განიცადა არა თვით არიოზმა, არამედ ვიღაც არიანელმა. შემდეგში ეს სიუჟეტი დასავლური აგიოგრაფიული ტრადიციის ნაწილი გახდა.
"ამბობენ, რომ წმიდა ნიკოლოზი, რომელიც უკვე მოხუცი იყო, ნიკეის კრებას ესწრებოდა. მან სარწმუნოებისადმი მოშურნეობის გამო ყბაში ხელი ჰკრა ვინმე არიანელს, რის გამოც მიტრა და პალიუმი (ლათ.: pallium. იგივეა, რაც მანტია) წაერთვა. მაგრამ ერთხელაც, როდესაც საეპისკოპოსო შესამოსელით მესას ატარებდა ნეტარი ქალწულის საპატივცემოდ, რომელსაც უდიდეს პატივს მიაგებდა, და მიტრისა და პალიუმის წართმევას გლოვობდა, რომელიც სარწმუნოებისთვის ზედმეტი მოშურნეობის გამო წაერთვა, უეცრად, საჯაროდ გამოეცხადა ორი ანგელოზი, რომელთაგან ერთმა მიტრა დაუბრუნა, მეორემ კი - მანტია. ასე დაიბრუნა მან საეპისკოპოსო ღირსების ნიშნები, რომელიც მას ზეგარდმო კვლავ ებოძა" (Petrus de Natalibus. Catalogus sanctorum et gestorum eorum ex diversis voluminibus collectus. Lugduni, 1543. Fol. 5v) (4).
________________
4. უფრო ადრინდელი ლათინური ცხოვრებანი ნიკეაში წმინდანის მონაწილეობის მოკლე მოხსენიებით შემოიფარგლებიან; იხ. მაგალითად, XIII ს-ის კლასიკურ ლათინურ ლეგენდარიუმში: "ამტკიცებენ ასევე, და ამას მოწმობს ერთი ქრონიკა, რომ ნიკოლოზი მონაწილეობას იღებდა ნიკეის კრებაზე" (Иаков Ворагинский. Золотая Легенда. М., 2017. С. 53).
________________
6. წმ. ნიკოლოზის ერთ-ერთი უძველესი რუსული - ე. წ. "არაწიგნიერი" (დაწერილია უბრალო, ხალხური ენით) ცხოვრება, წარმოადგენს რუსეთში, XV ს-ის მიწურულს შექმნილ თქმულებას წმინდანის მისიონერულ მოგზაურობაზე; ის შეიძლება მომდინარეობდეს სამხრეთ სლავური გადმოცემიდან "თქმულება წმ. ნიკოლოზის დამარხვაზე" და წარმოადგენს ბერძნული თხზულების "Περίοδοι Νικολάου" (XI-XII в.) თარგმანს. ეს მონათხრობი თავისი შინაარსით ნაკლებად ეხება წმინდანის სხვა ცხოვრებებს: მაგალითად, იუწყება წმინდანის არსაიდან ცნობილი მისიონერული მოგზაურობების შესახებ, თანაც სრული მდუმარებით უვლის გვერდს მისი ცხოვრების ცნობილ მოვლენებს, სავსეა ფანტასტიკური დეტალიზაციით (Cм.: Бугаевский А. В., Виноградов А. Ю. Николай Чудотворец // ПЭ. Т. 50. С. 492). რუსული ვერსია, რომელიც ყველა მიმართებაში ემთხვევა სამხრეთსლავურსა და ბერძნულს (მდაბიური, სალაპარაკო სტილის გამოკლებით), შეიცავს ერთ დამატებით ეპიზოდს, რომელიც ამ ცხოვრების ბოლოშია მოთავსებული, კერძოდ პირველ მსოფლიო კრებაზე წმ. ნიკოლოზის ყოფნისა და არიოზის ცემის შესახებ (Ключевский В. О. Древнерусские жития святых как исторический источник. М., 1871. С. 221). ორიგინალურ ბერძნულ ტექსტში ეს ეპიზოდი არ არის, ისევე როგორც სამხრეთსლავურ თარგმანშიც (შეად. ბერძნ ტექსტი: Anrich G. Hagios Nikolaos. Lpz., 1913. Bd. 1. S. 312-332); აშკარად, ის ცხოვრებაში დამატებულია რუსი მწიგნობარის მიერ.
მართლმადიდებლურ ტრადიციაში აქ ჩვენ არიოზის ცემის ფაქტს პირველად ვხვდებით - ოღონდ, რუსულ ნიადაგზე. სიუჟეტის წყაროს განსაზღვრა ძალიან ძნელია, რადგან უფრო ადრინდელ მართლმადიდებლურ ტექსტებში არ გაგვაჩნია არანაირი ცნობა სილის გაწნის შესახებ. არ შეიძლება გამოვრიცხოთ ის, რომ შესაძლოა ეს სიუჟეტი აღებული იყოს რომელიღაც შუალედური დასავლური წყაროებიდან: როგორც ცნობილია, XV ს-ის მიწურულს რუსეთში წარმოებდა აქტიური მთარგმნელობითი მუშაობა, რომელიც დაკავშირებული იყო იუდეველთა მწვალებლობის მხილებასთან და პოლემიკასთან ამ ერესის წარმომადგენლებთან, ამიტომაც შესაძლოა, რომ ლათინური საეკლესიო ლიტერატურის გაცნობამ მთარგმნელი მიიყვანა არიოზის ცემის სიუჟეტის რეცეფციამდე (რომელიც ესოდენ აქტუალურია მწვალებლობებთან ბრძოლის პირობებში).
"მწვალებელი არიოზი, ბოროტმორწმუნე, გამუდმებით გმობდა ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს ძეს ღმრთისას. და წმ. ნიკოლოზი ადგა და სახეში ჩაარტყა ამ წყეულ და ბოროტ არიოზს... ხედავთ, ძმანო, და გონს მოვეგოთ, რომ წმინდანს არ ებრძანება იყოს კადნიერი და ხელით სცემოს დამნაშავე, ხოლო არიოზზე უფრო დამნაშავე სხვა ვინღა უნდა იყოს? წმ. ნიკოლოზს მარტო ამ ხელის დარტყმისთვის სურდა დაეტოვებინა თავისი ხარისხი, რომ არა ჩვენი უფალი ღმერთი იესუ ქრისტე და მისი უწმიდესი დედა, რომლებმაც მეფეს და იმ კრების მამებს მიუთითეს (რომ არ ნებავდათ წმ. ნიკოლოზის პატივაყრა); ამიტომაც ჩვენი უფლისა და მისი უწმიდესი დედის ამ საკვირველი სასწაულის გამო წმ. ნიკოლოზი კვლავ გახდა მღვდელმთავარი. სწორედ ამიტომ იწერება ხატებზე ღრუბლით მოსილი წმ. ნიკოლოზი და მაცხოვარი მისი უწმიდესი დედითურთ" (რუსულად: "Еретик Арий злочестивый, непрестанно хулы глаголя на Господа нашего Иисуса Христа Сына Божия. И св. Николае встав удари его по лицу окаяннаго и злочестиваго Ария… Видите ли, братие, и пришлем в разум, как святителю не велят рукою дръзку быти, виноватаго не велено своего рукою бити, а кто виноватее оканнаго Ария? Св. же Николае за едино ударение свыятительства сана хотел остати своего, чтобы не сам Господь Бог наш Иисус Христос и Пречистая Его Мати указали ся царю и св. отцем того св. събора; и для того чюда предивнаго милостью Господа нашего Иисуса Христа и Пречистой его Матери тоже он опять стал святитель. Того ради пишут на иконах образ св. Николы и Спасов образ во облаце и Пречистой Его Матери над ним во облаце" (Слово иже во святых отца нашего Николы, о житьи его и о хожении его и о погребении // Ключевский В. О. Древнерусские жития святых как исторический источник. М., 1871. С. 458).
მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სილის გაწნას არ ახსენებს ღირ. იოსებ ვოლოკოლამელი, რომელსაც შეეძლო ეს შემთხვევა მწვალებლებთან ძალადობრივი ბრძოლის პრაქტიკის გასამართლებლად გამოეყენებინა; ის წმიდა წერილიდან და ეკლესიის ისტორიიდან ახსენებს მთელ რიგ შემთხვევებს (მაგალითად, თუ როგორ დაწვა ცოცხლად წმ. ლეონ კატანელმა ჯადოქარი) (Ответ кирилловских старцев на послание Иосифа Волоцкого об осуждении еретиков / Подг. текста и ком. Н. А. Казаковой; Перевод А. А. Алексеева // ПЛДР: Конец XV-первая половина XVI века. М., 1984. С. 358-363), მაგრამ არაფერს ამბობს არიოზის ცემაზე. როგორც ჩანს, ეს თქმულება ან უცნობი იყო ღირსი მამისთვის, ან კიდევ სანდო წყაროდ არ მიიჩნევდა.
7. არიოზის ცემის ეპიზოდი ასევე არ არის მოცემული წმ. მაკარი მიტროპოლიტის (XVI ს.) "დიდ საკითხავ თვენში", რადგან წმ. ნიკოლოზის ცხოვრება ის მისდევს ღირ. სიმეონის გადმოცემას, რომელიც კრებულის შემდგენლებმა "არაწიგნიერ" და ისტორიულად საეჭვო რუსულ გამოცემას ამჯობინეს. არიოზთან წმინდანის დავა იქ აღწერილია შემდეგი სახით:
"ნიკეაში შეკრებილმა მართლმორწმუნეებმა, სადაც ღვთისმოსავი რწმენის დაცვა გვამცნეს, არიოზის ღმრთისმგმობი მოძღვრება უარყვეს, ეკლესიებს მშვიდობა დაუმკვიდრეს და მამისა და ძის თანასწორობა და ერთობა იქადაგეს. ამ კრებას საკვირველი ნიკოლოზიც ესწრებოდა, რომელიც მედგრად აღუდგა წინ არიოზის ბილწ სწავლებას, და ამხილა რა იგი, სწორი სარწმუნოება გააჟღერა და იქიდან თავის სამწყსოს დაუბრუნდა" (Месяца Декемврия в день 6: Житие и жизнь и отчасти чюдес споведание иже во святых отца нашего Николы Чюдотворца, архиепископа Мирликийска // Великие Минеи Четии. М., 1904. Вып. 11. Стб. 710).
8. მიუხედავად ამისა, თქმულება წმ. ნიკოლოზის მიერ არიოზის ცემის შესახებ, რომელიც არ მოიპოვება წმინდანის ოფიციალურ ცხოვრებებში, რუსეთის ხალხურ თქმულებებში ფართოდ იყო გავრცელებული. ასე, მაგალითად, ის ასახულია პარიოდიულ თხზულებაში "Повесть о бражнике, како вниде в рай" ("თქმულება ლოთზე, თუ როგორ შევიდა სამოთხეში") და აკრძალულია საეკლესიო ხელისუფლების მიერ თავისი მკრეხელური შინაარსისთვის. თხზულების პირველდაწყებითი რედაქცია, სავარაუდოდ, შეიქმნა XVI ს-ის მიწურულს (Фокина О. Н. Археографический обзор списков Повести о бражнике // Русская книга в дореволюционной Сибири: Фонды редких книг и рукописей сибирских библиотек. Новосибирск, 1988. С. 119-136), მაგრამ "თქმულების" ყველა ხელნაწერი როდი შეიცავს წმ. ნიკოლოზთან დაკავშირებულ სიუჟეტს, - მაგალითად, ა. ნ. აფანასიევის გამოცემაში ის არ არის (Повесть о бражнике // Афанасьев А. Н. Народные русские легенды. М., 1914. С. 177-179). მიუხედავად ამისა, მოცემული ტექსტის "სტანდარტული" რედაქცია მსჯელობს სილის გაწნაზე, თუმცა, როგორც წმ. ნიკოლოზის "ცოდვაზე": "როდესაც ლოთი მიაწვა სამოთხის კარებს, კარებთან წმიდა ნიკოლოზი გამოვიდა: "ვინ აწვება სამოთხის კარებს?" – "მე ვარ ლოთი, თქვენთან მინდა სამოთხის სასუფეველში შევიდე". ნიკოლოზმა უპასუხა: "აქ ლოთების ადგილი არ არის! მათთვის მარადიული ტანჯვა და ენით აუწერელი ტარტაროზია გამზადებული!". ლოთი: "ხმა მესმის შენი, სახელი კი არ ვიცი, რომელი ხარ?" ნიკოლოზმა მიუგო: "მე ვარ ნიკოლოზი". როდესაც ეს ლოთმა ისმინა, უთხრა: "შენ ხარ ნიკოლოზი! გახსოვს, როდესაც მსოფლიო კრებაზე შეკრებილმა მამებმა მწვალებლები ამხილეს და შენც მაშინ გაბედე ხელი დაგერტყა უგუნური არიოზისთვის? მღვდელმთავრებს არ შეჰფერით ხელის ქნევა. სჯულში წერია "არა ჰკლა", შენ კი მოჰკალ სამგზის წყეული არიოზი!" ეს რომ ნიკოლოზს ესმა, განზე გავიდა" (რუსულად: "Бражник же начя у врат рая толкатися. И приде ко вратом святитель Никола: “Кто есть толкущися у врат рая?” — “Аз есть бражник, хощу с вами в раю во царствие внити”. Рече Никола: “Бражником зде не входимо в рай! Им есть мука вечная и тартар неисповедим!” Бражник рече: “Зане глас твой слышу, а имени твоего не знаю, кто еси ты?” Рече Никола: “Аз есть Николай”. Слышав сия бражник, рече: “Ты еси Николай! И помниш ли: егда святи отцы были на вселенском соборе и обличили еретиков, и ты тогда дерзнул рукою на Ария безумнаго? Святителем не подобает рукою дерзку быти. В законе пишет: не уби, а ты убил рукою Ария треклятаго!” Николай, сия слышав, отъиде прочь" (Повесть о бражнике // Изборник Сборник произведений литературы Древней Руси). М., 1969. С. 595).
9. ბერძნულენოვან ტრადიციაში არიოზის ცემის ფაქტი პირველად ფიქსირდება ნავპაქტიის მიტროპოლიტ დამასკინოს სტოდიელთან (ელადის ეკლესიის მიერ კანონიზირებულია 2013 წ.)ს, ასევე XVI ს-ში. არ არის გამორიცხულია, მას ეს ეპიზოდი რუსული თქმულებებიდან აეღო, რადგან რამოდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში, როგორც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელი (Герд Л. А. Дамаскин Студит // ПЭ. Т. 13. С. 698). ეს ვარაუდი მყარდება იმითაც, რომ მის გადმოცემაში წმ. ნიკოლოზი ხელს არტყამს თვით არიოზს, როგორც ეს ნათქვამია რუსულ "არაწიგნიერ ცხოვრებაში", და არა "ვინმე არიანელს", როგორც არის ნატალისთან. ის ასე აღწერს ჩვენთვის საინტერესო ეპიზოდს:
"მეფე საყდარზე დაჯდა, ხოლო ას ორმოცდაცხრამეტი მამა ორივე მხრიდან შემოუსხდა მას. გაჩაღდა გაცხარებული დავა არიოზთან. როდესაც წმიდა ნიკოლოზმა შენიშნა, რომ არიოზი ეს-ესაა პირს დააკეტინებს ყველა მღვდელმთავარს, ღმრთის მოშურნეობით აღივსო, ადგა და ხელი დაარტყა ისე, რომ არიოზი მთელი ტანით შეტორტმანდა" (რუს.: "Царь воссел на трон, и по сто пятьдесят девять отцов уселись по обе стороны от него. И вот, и они, и Арий спорили изо всех сил. Святой Николай, заметив, что Арий вот-вот заградит уста всем архиереям, исполнился ревности о Боге, встал и дал ему пощечину, так что тот содрогнулся всем телом" (Δαμασκήνος Στουδίτης. Βίος ἁγίου Νικολάου, 10 // Δουκάκης Κ. Μέγας Συναξαριστὴς. Τ. 12. Σ. 179).
საინტერესოა ის, რომ დეკ. ლიბერი ვორონოვის ცნობით, წმ. დამასკინოსმა "თავისი კრებულის შესავალში, სადაც არის მოთავსებული სიტყვა წმ. ნიკოლოზზე, საჭიროდ ჩათვალა აღენიშნა, რომ ის სულაც არ მიიჩნევს მის მიერ შემოთავაზებულ თხრობას საეკლესიო გადმოცემის ზუსტ გამოხატულებად და მხოლოდ უბრალო და მისაწვდომი ენით სურს გადმოსცეს ის, რაც მრავალთაგან სმენია და მრავალს ნდობის ღირს გადმოცემად მიუჩნევია..." (Ливерий Воронов, прот. Свт. Николай — ревнитель и защитник Православия // ЖМП. 1961. № 6. С. 65-75; № 7. С. 66-74).
10. როგორც ცნობილია, წმ. მაკარის "დიდი საკითხავი თვენი", როგორც ძირითადი აგიოგრაფიული კრებული, ჩანაცვლებულ იქნა მიტრ. დიმიტრი როსტოველის "წმინდანთა ცხოვრებით". აქ არიოზის ცემის ფაქტი უკვე არსებობს (მიტრ. დიმიტრიმ ის ისესხა დამასკინოს სტოდიელისგან, რომელსაც შეცდომით იოანეს უწოდებს) და ამ ეტაპზე ის მტკიცდება როგორც უცვალებელი ელემენტი რუსული ტრადიციის აგიოგრაფიულ კანონში (მიტრ. დ. როსტოველის ტექსტში: "Повествует же о нем Иоанн, монах Студийский, яко Божественною ревностию аки вторый Илия разжегся, посреде собора дерзну Ария не точию словом, но и делом посрамити, ударив того в ланиту" (Димитрий Ростовский, свт. Книга житий святых. К., 1764. Кн. 2. Л. 86).
საინტერესოა, რომ მიტრ. დიმიტრი როსტოველი სილის გაწნაზე ლაპარაკობს არა უბრალოდ, არამედ ვინმე "სტოდიელ ბერზე" დაყრდნობით, თითქოსდა უფრთხისო ამ ცნობას და პასუხისმგებლობა მისთვის გადააქვს სხვა ავტორზე. მსგავს მინიშნებას წმ. ნიკოლოზის ცხოვრების დანარჩენ მომენტებთან დაკავშირებით აგიოგრაფი არ აკეთებს.
მონასტერ პანაგია სუმელას გარეთა კადლის ფრესკა. XVIII ს.
8. მომდევნო პერიოდში ეს ეპიზოდი უკვე ბერძნული და რუსული აგიოგრაფიული ტრადიციის ნაწილი ხდება (თუმცა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, არა გამონაკლისების გარეშეც). XVII-XVIII საუკუნეებში არიოზის ცემის სიუჟეტი ჩნდება ფრესკებზე და ხატებზე (მაგ., პანაგია სუმელას მონასტრის გარეთა კედლებზე), მასზე, როგორც საყოველთაოდ ცნობილ ფაქტზე, ლაპარაკობს ბერძენი რიტორი ფრანგისკოს სკუფოსი და ა. შ. მიუხედავად ამისა, ღირ. ნიკოდიმე მთაწმინდელის "სინაქსარისტესში", რომელიც უპირატესად ორიენტირებულია ბიზანტიური პერიოდის კლასიკურ ცხოვრებებზე, არიოზის ცემის ეპიზოდი არ არსებობს. მოგვითხრობს რა წმ. ნიკოლოზის მონაწილეობაზე ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე, ნიკოდიმე მთაწმინდელი მოკლე შეტყობინებით იფარგლება: "გავიდა არც ისე დიდი დრო, და ნიკეაში, წმიდა კონსტანტინე დიდის დროს, 325 წ-ს შეიკრიბა პირველი მსოფლიო კრება. მისი მონაწილე იყო ღვთაებრივი ნიკოლოზიც" (Νικόδημος Ἁγιορείτης. Συναξαριστής. Θεσσαλονίκη, 2003. Τ. 2. Σ. 249).
9. წმ. ნიკოლოზის სირიული ცხოვრება დაწერილია წმინდანის სასწაულთა ადრინდელი ბერძნული კრებულების მასალაზე დაყრდნობით და საერთოდ არ შეიცავს არა თუ არიოზის ცემის, არამედ წმიდა ნიკოლოზის პირველ მსოფლიო კრებაზე მონაწილეობის ფაქტსაც კი (Bedjan P. Acta martyrum et sanctorum. P., Lpz., 1894. Vol. 4. P. 290-302).
დამატებითი მოსაზრებანი
მაქსიმესეული ღვთისმშობელი, XIII ს-ის ხატის თანამედროვე ასლი
უნდა აღინიშნოს, რომ სიუჟეტი სილის გაწნაზე არ მოიპოვება წმ. ნიკოლოზის საპატივცემო საღვთისმსახურებო წეს-განგებაში, ასევე წმინდანის ტრადიციულ აკაფისტოში. ეს ტექსტები მეტყველებენ არიანული მწვალებლობის მხოლოდ სიტყვიერ მხილებაზე და არანაირად ფიზიკურ ცემაზე.
ზოგჯერ არიოზის ცემის ვერსიის სასარგებლო არგუმენტად გამოიყენება წმ. ნიკოლოზის იკონოგრაფია მაცხოვართან და ღვთისმშობელთან ერთად, რომელიც მას ომფორს და სახარებას გადასცემს. იგულისხმება, რომ თუკი ეს იკონოგრაფია ნახსენებია თქმულებაში სილის გაწნაზე ("ამიტომაც, ჩვენი უფლისა და მისი უწმიდესი დედის ამ საკვირველი სასწაულის გამო წმ. ნიკოლოზი კვლავ გახდა მღვდელმთავარი. სწორედ ამიტომ იწერება ხატებზე ღრუბლით მოსილი წმ. ნიკოლოზი და მაცხოვარი მისი უწმიდესი დედითურთ" ), ამ იკონოგრაფიის ინტერპრეტირება არიოზის ცემის სინამდვილის აღიარების გარეშე დაუშვებელია. რა თქმა უნდა, ეს ხატი არაფერს ამტკიცებს. წმიდა ნიკოლოზისთვის ომფორისა და სახარების გადაცემის სიუჯეტი ხატზე წარმოადგენს სასწაულებრივი ხილვის გამოსახვას, რომელიც წმ. ნიკოლოზს ჰქონდა მის მღვდელმთავრად არჩევამდე. ამ ხილვის შესახებ პირდაპირ წერს (წმ. მეთოდე კონსტანტინოპოლელის ენკომიონზე დაყრდნობით) იგივე მიტრ. დიმიტრი როსტოველი:
"წმ. მეთოდე კონსტანტინოპოლელი ასე წერს: "ერთ ღამეს წმ. ნიკოლოზმა იხილა დიდებით მოსილი ჩვენი მაცხოვარი, რომელიც მასთან ახლოს იდგა და მარგალიტებით მოკირწყლულ წიგნს აძლევდა, მეორე მხრიდან კი იხილა ღვთისმშობელი, რომელიც მას მხრებზე სამღვდელმთავრო ომფორს აფარებდა. ამ ხილვიდან რამოდენიმე დღის შემდეგ იოანე წარუდგა მირონის არქიეპისკოპოს იოანეს, რომელმაც ნიკოლოზს არქიეპისკოპოსად დაასხა ხელი" (რუს. ტექსტი: "Святый Мефодий, патриарх Цареградский пишет сице: “В некую нощь святый Николай виде Спасителя нашего во славе близ себе стояща и книгу ему Евангельскую, златом и маргаритами украшенную подающа, от другия же страны святую узре Богородицу, омофор святительский на рамена его возлагающую. И по видении том прешедшим малым днем и преставльшуся Иоанну, Мирскому архиепископу, Николай того града архиепископом поставлен бысть" (Димитрий Ростовский, свт. Книга житий святых. К., 1764. Кн. 2. Л. 85).
სინამდვილეში ეს ხილვა აღწერილია, არა მეთოდესთან, არამედ ე. წ. Vita Compilata-ში, წმ. ნიკოლოზის ცხოვრების ბიზანტიურ ვერსიაში, რომელიც შედგენილია წმ. მეთოდეს სახელით ცნობილი ენკომიონის (თუმცა ეს ენკომიონიც არ ეკუთვნის წმ. მეთოდეს) და ღირ. მიქაელ სვინკელოსის ავტორობით ცნობილი ცხოვრების საფუძველზე (Vita Compilata, 31 // Anrich G. Hagios Nikolaos. Lpz., 1913. Bd. 1. S. 224).
აშკარაა, რომ სწორედ ეს ხილვაა წმ. ნიკოლოზის ხატის პირველწყარო, რომელიც გამოსახულია მაცხოვართან და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელთან ერთად (რამეთუ მისი აღწერა წერილობით წყაროებიში უფრო ადრე გვხვდება, ვიდრე არიოზის ცემის ეპიზოდი), ხოლო განმარტება, რომელიც მოიცავს სიუჟეტეს სილის გაწნაზე, - მეორადია.
ანალოგიური სიუჟეტი (ყოვლადწმიდა ქალწულის მიერ წმინდანისთვის ომფორის გადაცემა) შეგვიძლია ვნახოთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მაქსიმესეულ ხატზე. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ "იკონოგრაფიულ" არგუმენტს ასევე არ გააჩნია მტკიცებულებითი ძალი.
ჩვენ ასევე ვამბობდით, რომ არ არსებობდა არანაირი საფუძველი სილის გაწნის სიუჟეტი მიგვეწერა საეკლესიო გადმოცემისთვის, რადგან ის არ განეკუთვნება სწავლა-მოძღვრებით სფეროს. თუმცა, მაშინაც კი, თუკი გადმოცემის ცნებას მკაცრი აზრით დავუკავშირებთ ცხოვრებებს, არიოზის ცემის ეპიზოდი გადმოცემა მაინც არ იქნებოდა - ის წარმოადგენს არა თავდაპირველ ტრადიციას, არამედ გვიანდელს და თანაც საეჭვოს, რომელიც არაკრიტიკულად იყო აღქმული ზოგიერთთა მიერ.
ამგვარად, ჩვენთვის საინტერესო თქმულება არ პასუხობს მამათა თანხმობის კრიტერიუმს, რომელსაც ღირ. ბიკენტი ლირინელი იმოწმებს: "უნდა ვეცადოთ განვიხილოთ და შევადაროთ მამათა შეხედულებები, რომლებიც თუნდაც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილზე ცხოვრობდნენ, მაგრამ თავიანთი რწმენით უეჭველად ერთ, საყოველთაო ეკლესიას ეკუთვნოდნენ და საპატიო მოძღვრები იყვნენ; და თუკი აღმოჩნდება, რომ (აღმოცენებულ საკითხთან დაკავშირებით) არა ერთი ან მხოლოდ ორი, არამედ ყველა ერთად, ერთხმად ღიად, ხშირად, უცვალებლად იცავდა, წერდა და ქადაგებდა რაიმეს, უნდა მივიღოთ იგი, და ამგვარ სწავლებას ჩვენც უნდა ვენდოთ ყოველგვარი ეჭვის გარეშე" (Викентий Леринский, прп. Памятные записки Перегрина о всеобщности и древности кафолической веры // Чельцов И. В. Собрание Символов и вероизложений Православной Церкви от времен Апостольских до наших дней. СПб., 1869. С. 155-156).
ჩვენს შემთხვევაში სხვადასხვა დროისა და ხალხის წმინდანთა შორის არანაირი თანხმობა წმ. ნიკოლოზის მიერ არიოზის ცემასთან დაკავშირებით არ შეიმჩნევა. პირველად ის ჩნდება მხოლოდ XVI-XVII საუკუნეებში და ამის შემდეგაც კი ის ნახსენები არა აქვს ნიკოდიმე მთაწმინდელს.
დასკვნა
ამრიგად, აგიოგრაფიული წყაროები შესაძლებლობას გვაძლევენ გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა. სავარაუდოდ, წმიდა ნიკოლოზი შეიძლებოდა მართლაც ყოფილიყო ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მონაწილე და უდავოდ არიანელობის მოწინააღმდეგეც, მაგრამ ტრადიციული ცხოვრებები არაფერს ამბობე მის მიერ არიოზის ცემაზე; ეს სიუჟეტი პირველად ჩნდება XIV ს-ში პეტრე ნატალისთან (1), რომელსაც აგიოგრაფიულ ტექსტებში ფანტასტიკური დეტალების დამატება ახასიათებდა.
_____________________
5. როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა პეტრე ნატალისამდე არიოზის ცემის შესახებ ცნობებს ავრცელებს კათოლიკე ისტორიკოსი იოანე კოლონა (დაახლ. 1298 – 1343/44 წწ.) თავის თხზულებაში "Mare historiarum". ის იყო კათოლიკე ეპისკოპოსის მღვდელი კვიპროსზე, ასევე მოგზაურობდა ეგვიპტეში და ახლო აღმოსავლეთში. XIII ს-ის არც ერთი კათოლიკე აგიოგრაფი (ბართლომეოს ტრენტელი, იოანე მაიელი, ბიკენდი ბოვედან, იაკობ ვორაგინელი) არ ახსენებსნ არიოზის ცემის ფაქტს, რაც იმ მკტიცებულების დამატებით არგუმენტად მიაჩნიათ, რომლის მიხედვითაც კოლონამ ეს ცნობა აიღო სწორედ მართლმადიდებლებისგან. ამგვარ არგუმენტზე პუბლიკაციის ავტორი, პეტრე პაშკოვი პასუხობს, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დაზუსტებაა, მაგრამ არ ცვლის იმას, რომ პირველად ეს ისტორია ნახსენებია მხოლოდ XIV ს-ში. ასე რომ მისი ძირითადი თეზისის უარსაყოფად: რომ წმ. ნიკოლოზმა სცემა არიოზი ათასი წლის განმავლობაში არსად, არც ერთ წყაროში არ არის ნახსენები, - ჯერ-ჯერობით არასაკმარისია.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამეცნიერო-ისტორიული თვალსაზრისით მნიშვნელობა არა აქვს არიოზის ცემის შესახებ ცნობა დაფიქსირდა სავარაუდო მოვლენიდან ათწელიწად ნახევრის თუ ზუსტად ათი წლის შემდეგ. ორივე შემთხვევაში ასეთი ინფორმაცია ისტორიულად არასანდოდ მიიჩნევა. ხოლო მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების თვალსაზრისით მწვალებელთა ცნობებს (XIV ს-ის დასაწყისში კი ლათინები სრულფასოვანი ერეტიკოსები იყვნენ) ან არ გააჩნიათ ავტორიტეტი ან გააჩნიათ სრულიად უარყოფითი ავტორიტეტი.
_____________________
სავარაუდოდ, XV ს-ის მიწურულს ლათ. დასავლეთიდან ისტორია სილის გაწნის შესახებ ვრცელდება რუსეთშიც, თუმცა, თავიდანვე მხოლოდ ხალხურ ლიტერატურაში, და მას არც წმინდანთა და არც საეკლესიო ხელისუფალთა მოწონება არ დაუმსახურებია.
XVI ს-ში სიუჟეტი (სავარაუდოდ რუსული ტრადიციიდან) აიღო დამასკინოს სტოდიელმა, რომლისგანაც XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე იღებს მიტრ. დიმიტრი როსტოველი, თანაც ორივენი ამ ეპიზოდს აღწერენ დიდი სიფრთხილით. შემდეგში საეკლესიო მწერლებმა, უმეტესწილად მიიღეს მიტრ. დიმიტრისა და დამასკინოსის მიერ გადმოცემული თქმულება, მაგრამ ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, მხოლოდ ხსენებულ აგიოგრაფთადმი ნდობის საფუძველზე, რის გამოც მათ აზრს არ შეიძლება გააჩნდეს განმსაზღვრელი მნიშვნელობა.
ამრიგად, წმ. ნიკოლოზის მიერ არიოზის ცემის ეპიზოდის სინამდვილე აგიოგრაფიული ტრადიციის შუქზე უკიდურესად საეჭვოა. მიუხედავად ამისა, თავისთავად ის ფაქტი, რომ წმ. ნიკოლოზს არ უცემია არიოზი, არ ნიშნავს ძალის არგამოყენებას მწვალებელთა მიმართ, მაგრამ ეს საკითხი ცალკე განსჯას იმსახურებს.
წყარო: https://vk.com/@aletheia-arius
თარგმანი: საიტი "აპოკალიფსისი".