Перейти к контенту

ისტორია - სწამდათ თუ არა პირველ ქრისტიანებს სამება? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწამდათ თუ არა პირველ ქრისტიანებს სამება?
იესუ ქრისტე
ათეისტებს, მუსლიმებსა და იეჰოვას მოწმეთა სექტის წარმომადგენლებს შორის არსებობს მოსაზრება, რომ ყოვლადწმიდა სამების დოგმატი გვიანდელი გამონაგონი და ღვთისმეტყველთა მიერ შექმნილი ხელოვნური კონსტრუქტია, რომელიც მათ მორწმუნე ხალხს პირველი მსოფლიო კრებების (ნიკეისა 325 წ. და კონსტანტინოპოლის 381 წ.) შედეგებით თავს მოახვიეს. ამ თვალსაზრისის მიმდევრები ირწმუნებიან, რომ პირველი საუკუნეების ქრისტიანებს არ სწამდათ სამება და არ აღიარებდნენ რწმენას მამის, ძის და სულიწმიდის მიმართ.
 
თუმცა, მრავალრიცხოვანი ისტორიული წყაროები, რომლებიც თარიღდება I-დან ვიდრე IV საუკუნის დასაწყისის ჩათვლით, საპირისპიროს მოწმობს. რა საბუთებია ეს? ვინ იყვნენ მათი ავტორები? ეს არის პიროვნებათა საკმაოდ ფართო წრე:
 
პირველ რიგში, მოციქულები და მოციქულებრივნი კაცნი. უპირველესად — ქრისტეს უშუალო მოწაფეები, როგორც თორმეტთაგანი, ასევე კიდევ უფრო ფართო წრე — "სამოცდაათნი მოციქულნი". ყველა მათგანს "სიტყვის თვითმხილველებს" უწოდებენ; ე. ი. ესენ არიან ის ადამიანები, ვინც პირადად იხილა და ეზიარა ქრისტეს, ყოვლადწმიდა სამების მეორე, განკაცებულ იპოსტასს. სხვები — მოციქულთა მომდევნო თაობის ქრისტიანთა წარმომადგენლები. ისინი ცხოვრობდნენ და ქადაგებდნენ I საუკუნის მიწურულსა – II საუკუნის პირველ ნახევარში, იყვნენ მოციქულთა უმცროსი თანამედროვეები, თვითმხილველები, მოწაფეები და თანამშრომელნი.
 
მეორე რიგში, II – IV საუკუნის დასაწყისის ქრისტიანი მოწამენი.
 
მესამე რიგში, ეკლესიის მოძღვრები და აპოლოგეტები (სარწმუნოების დამცველნი), რომლებიც ცხოვრობდნენ და ასწავლიდნენ II საუკუნიდან ვიდრე IV საუკუნის დასაწყისამდე.
 
მივმართოთ უშუალოდ მათ მოწმობებს.


ქვაზე ამოკვეთილი სამების გამოსახულება. იერუსალიმი. II-III სს.
(წყარო: https://sinmis.ru/verili-li-pervye-hristiane-v-troiczu)
 

მოციქულები და მოციქულებრივნი კაცნი
 
უკვე ერთ-ერთ უძველეს და ქრისტიანთათვის უაღრესად მნიშვნელოვან წერილში — სახარებაში, რომელთა დაწერას ისტორიკოსები განაკუთვნებენ I საუკუნის მეორე ნახევარს, ჩვენ ვპოულობთ გამონათქვამებს სამპიროვანი ღმერთის შესახებ. ამგვარად, სახარებათაგან ყველაზე ადრინდელში, მათეს სახარებაში (დაახ. 70 წ.) აღბეჭდილია უფლის იესუ ქრისტეს სიტყვები: "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მათ. 28, 19).
 
წმიდა მთავარმოციქულთა პეტრესა და პავლეს ეპისტოლეებიც შეიცავენ სამებისადმი რწმენის სწავლებებს. მოციქული პეტრე თავის პირველ საყოველთაო ეპისტოლეს იწყებს სიტყვებით: "უფლის წინასწარცოდნითა და სულის სიწმიდით მორჩილებისა და იესუ ქრისტეს სისხლის პკურებისათვის რჩეულთ, - მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ!" (1 პეტ. 1:2).
 
მოციქული პავლეც თავის ეპისტოლეებში არაერთხელ ადასტურებს სამპიროვანი ღმრთისადმი რწმენას. მისი კურთხევა, მიმართული კორინთელი ქრისტიანებისადმი (მატერიკული საბერძნეთი): "მადლი ჩვენი უფლის იესუ ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სულიწმიდისა ყველა თქვენგანთან. ამინ" (2 კორ. 13:13). ეს სიტყვები წარმოადგენს ქრისტიანთა მთავარი ღვთისმსახურების – საღმრთო ლიტურგიის – ცენტრალური მომენტის ერთ-ერთ ასამაღლებელს (კორინთელთა მიმართ მეორე ეპისტოლეს დაწერის დროა — 56 წ.).
 
სირიულ-პალესტინური წარმოშობის ადრექრისტიანული ძეგლი "დიდაქე" (დაახლ. 120-160 წწ.), რაც ნიშნავს – 12 მოციქულის სწავლებას, ნათლისღების შესრულებას განაწესებს: "მამის და ძის და სულიწმიდის სახელით".
 
წმიდა მოწამენი ეგნატე ღმერთშემოსილი და პოლიკარპე სმირნელი, მოციქულისა და მახარებლის იოანე ღმრთისმეტყველის მოწაფენი, ასევე ადასტურებდნენ ადრეული ქრისტიანების რწმენას სამებისადმი.
 
პირველი წმიდა მამა თავის ეპისტოლეში მაგნეზიელთა (მცირე აზია) მიმართ, რომელიც დაწერილია სიკვდილით დასჯის წინ, დასჯის აღსრულების ადგილისკენ მიმავალ გზაზე, თავის სამწყსოს მოუწოდებს: "ეცადეთ განმტკიცდეთ უფლისა და მოციქულთა სწავლებაში, რათა ყოველივე, რასაც აკეთებთ, კეთილად წარემატოთ ხორცითა და სულით, რწმენითა და სიყვარულით ძეში, მამასა და სულში" (მაგნეზიელთა მიმართ, თ. 13; შექმნის დრო – 117 წლამდე).
 
მეორის მოწმობა აღბეჭდილია ანონიმი ავტორის წერილით "პოლიკარპე სმირნელის წამება" (შექმნის დრო – II ს.): "უფალო, ღმერთო ყოვლისმპყრობელო, მამაო საყვარელისა და კურთხეულისა მონისა შენისა, იესუ ქრისტესო,... შენ გაქებ, შენ გაკურთხებ, შენ გადიდებ, მარადიულისა და ზეციურისა პირველმღვდელმთავრის, იესუ ქრისტეს მიერ, საყვარელისა მონისა შენისა, რომლის მიერაც (იყოს) დიდება შენი – მასთან და სულიწმიდასთან ერთად – აწ და მომავალ საუკუნეებში. ამინ“.
 

მოწამენი
 
ქრისტიან-მოწამეთა მომდევნო თაობებმა ქადაგებით, ტანჯვითა და სიკვდილით განაგრძეს ერთი სამპიროვანი ღმრთისადმი, ანუ წმიდა სამებისადმი თავიანთი რწმენის დადასტურება.
 
მათ შორის არიან წმიდა მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი (რომი), რომელიც ქრისტიანთა დაცვის მიზნით იმპერატორ ტიტუსადმი მიწერილ ეპისტოლეში მოგვითხრობს ნათლისცემის შესახებ, რომ ქრისტიანები "ყოველთა მამისა და უფალი ღმერთის, და ჩვენი მაცხოვარი იესუ ქრისტეს, და სულიწმიდნდის სახელით წყლით განბანვას იღებენ" (იხ.: 1 აპოლოგია, 61; შექმნის დრო – დაახ. 150 წ.) (ქართულად იხ.: წმ. იუსტინე ფილოსოფოსისა და მარტვილის პირველი და მეორე აპოლოგია. გამომც. "სულიერი ვენახი". თბილისი 2022 წ. გვ. 80). და წმიდა მოწამე კვიპრიანე კართაგენელი (ჩრდილოეთ აფრიკა), რომელიც თავის სამწყსოს მშვიდობასა და ერთობაში ყოფნას ასწავლის წმიდა სამების მაგალითზე: "ღმრთისათვის უდიდესი მსხვერპლია ჩვენი მშვიდობა და საძმო თანხმობა, ერი, რომელიც შეკრულია მამის, ძისა და სულიწმიდის ერთობაში" (წიგნი უფლის ლოცვის შესახებ; შექმნის დრო – 252 წ.).
 
ასევე წმიდა მოწამე დიონისე ალექსანდრიელი (ეგვიპტე), საბელიოსისა და პავლე სამოსატელის ანტი-ტრინიტარული ერესების მამხილებელი, რომელიც განმარტავდა, რომ "განუყოფელ ერთს განვავრცობთ სამებად, ხოლო მოუკლებელ სამებას ისევ ვაერთიანებთ" (Обличение и оправдание к Дионисию римскому против Савеллия; შექმნის დრო – 247-265 წწ. შორის). და მრავალი სხვა.
 

ეკლესიის მოძღვრები და აპოლოგეტები
 
პირველ ქრისტიანთა შორის, რომელთა მოწმობებიც მოღწეულა ჩვენამდე წმიდა სამებისადმი რწმენასთან დაკავშირებით, იყვნენ აგრეთვე ისინიც, ვინც მოწამე არ ყოფილა ან არ ჰქონია მღვდელმსახურების ხარისხი, თუმცა მათი წვლილი ჭეშმარიტი სარწმუნოების ქადაგებაში საკმაოდ არის დაფასებული, რის გამოც ისინი აპოლოგეტებად ან ეკლესიის მოძღვრებად იწოდებიან.
 
მაგალითად, გავიხსენოთ:
 
1. კლიმენტი ალექსანდრიელი. ალექსანდრიული სასულიერო სკოლის წარმომადგენელი, რომელიც თავის ნაშრომს "აღმზრდელი" ("პედაგოგი"), რომელიც ეძღვნება ქრისტეს, როგორც კაცობრიობის აღმზრდელს, ამთავრებს მადლიერებით ყოვლადწმიდა სამებისადმი: "ახლა, ლოგოსის დიდების ესოდენი საზეიმო აღიარების შემდეგ, რა გვრჩება გასაკეთებელი, თუ არა ის, რომ მივმართოთ მას ამგვარი თავმდაბლური ლოცვით: "იყავ მოწყალე შენი შვილების მიმართ… მოალბე ყველას გული, რათა შეიკრიბონ შენი სასუფევლის მშვიდობიანი დროშის ქვეშ… განმადიდებელნი, მადლობას ვწირავთ ერთადერთ მამასა და ძეს, ძესა და მამას, შენ, ძეო, როგორც აღმზრდელსა და მოძღვარს, სულიწმიდასთან ერთად, რომელიც თავად წარმოადგენს ყოველივეს ერთობაში, რომელშიც არის ყოველივე, რომლის მიერაც არის ყოველივე და მარადიულობა, რომლის წევრებიც ვართ ყოველნი" (შექმნის დრო – დაახ. 197 წ.).

2. ათენაგორა. II საუკუნის ქრისტიანი აპოლოგეტი, ათენელი ფილოსოფოსი ათენაგორა, რომელმაც საჯარო გამოსვლის ოსტატობისთვის მიიღო "ქრისტიანი დემოსთენეს" ზედსახელი. XVIII საუკუნის გერმანელმა ღვთისმეტყველმა გოტფრიდ ლუმპერმა ასე შეაფასა ათენაგორას სასულიერო მემკვიდრეობა: "უეჭველად, არცერთ ძველ მამათაგანს არ უსწავლებია ესოდენ ნათლად ღმრთის შესახებ – იპოსტასთა ერთობაზე და სამების პირთა განსხვავებაზე, ძის შობასა და სულიწმიდის გამოვლინებაზე".
 

საღვთისმსახურებო ტექსტები
 
უკვე ნახსენებ ისტორიულ წყაროებთან (სახარებები, სამოციქულო ეპისტოლეები, მოწამეთა, აპოლოგეტთა, ეკლესიის მოძღვართა თხზულებანი) ერთად, ალბათ, ყველაზე ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ პირველ ქრისტიანთა რწმენა სამპიროვანი ღმრთისადმი არ განსხვავდებოდა იმისგან, რასაც აღიარებდნენ პირველ მსოფლიო კრებათა წმიდამ ამები, და იმისგან, რისიც სწამთ თანამედროვე მართლმადიდებელ ქრისტიანებს, არის ადრეული ეკლესიის საღვთისმსახურებო ტექსტები. ვინაიდან, პირველ რიგში, ამ სიტყვებით ლოცულობდა ადრეული ეკლესიის ყველა ქრისტიანი საერთო ლოცვაზე, მეორეც, ეს ფორმულირებანი შენარჩუნდა ათასწლეულების მანძილზე და ამჟამადაც მართლმადიდებლური ღვთისმსახურების ნაწილს შეადგენენ.
 
მაგალითად, დოკუმენტში "სამოციქულო დადგენილებანი", რომელიც ასახავს I-III საუკუნეების სირიულ საღვთისმსახურებო ტრადიციას, გვხვდება შემდეგი სიტყვები: "რამეთუ შენ გეკუთვნის (ღმერთო) ყოველი დიდება, პატივი და მადლიერება, ღირსება და თაყვანისცემა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და განუწყვეტელ, უსასრულო უკუნისამდე". შევადაროთ ისინი ლოცვის "ღირს-მყვენ უფალო"-ს დასასრულს, რომელიც მართლმადიდებლური მწუხრის ღვთისმსახურების უცვლელი ნაწილია და დღემდე სრულდება მართლმადიდებლურ ეკლესიებში: "შენ გეკუთვნის ქება, შენ გეკუთვნის დიდება, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე".
 
გარდა ამისა, პირველ მსოფლიო კრებებამდე და ერთიანი ქრისტიანული სარწმუნოების სიმბოლოს დამტკიცებამდე, ადგილობრივ ეკლესიებში არსებობდა მათი საკუთარი მოკლე სარწმუნოების აღსარებანი, რომლებსაც ეკლესიის ახალი წევრები წმიდა ნათლისცემისას წარმოთქვამდნენ. მაგალითად, წმიდა გრიგოლ საკვირველთმოქმედის, ნეოკესარიის ეპისკოპოსისა (თანამედროვე თურქეთი, ქ. ნიქსარი), სარწმუნოების სიმბოლო მთავრდება სიტყვებით: "რამეთუ არც მამა ყოფილა ოდესმე ძის გარეშე, არც ძე სულის გარეშე, არამედ უცვლელი და გარდაუვალია მარადის – ერთი და იგივე სამება".
 
შესაძლებელია კიდევ მრავალი მაგალითის მოყვანა, მაგრამ დავასრულოთ უკანასკნელით, კერძოდ, ძველი, ქრისტიანული საგალობელით "ნათელი მშვიდი" (შექმნის დრო II ს-ის შუა ხანები — III ს-ის დასაწყისი), რომელიც დღემდე სრულდება ყოველ მწუხრზე მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებაზე. ის შეიცავს მიმართვას ძე ღმერთის – უფალ იესუ ქრისტესადმი, მადლობს განვლილი დღისთვის და განადიდებს ღმერთ-სამებას, რაც გამოხატულია საგალობლის სიტყვებში: "ვუგალობთ მამასა, ძესა და სულიწმიდასა ღმერთსა".
 
ქრისტიანული ეკლესიის ეს უძველესი საგალობელი დღეს ჟღერს არა მხოლოდ ეკლესიებში, არამედ უკვე საუკუნეზე მეტია სრულდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის საკონცერტო დარბაზებში, ს. ვ. რახმანინოვის "ღამისთევის" ციკლის შემადგენლობაში, რომელიც მსოფლიო დონის მუსიკალურ შედევრად არის აღიარებული.
 

გეოგრაფიისა და ენების შესახებ
 
დასასრულ აღვნიშნავთ ორ მნიშვნელოვან გარემოებას, კერძოდ: ჩვენამდე მოღწეული I – IV საუკუნის დასაწყისის ქრისტიანული ტექსტები, რომლებიც შეიცავენ მამის, ძისა და სულიწმიდის მიმართ რწმენის აღიარებას.
 
პირველ რიგში, წარმოშობის ფართო გეოგრაფიას მოიცავს (ახლო აღმოსავლეთი — კესარია პალესტინური (თანამედროვე თელ-ავივსა და ჰაიფას შორის), პონტოს ნეოკესარია (თანამედროვე ქ. ნიქსარი თურქეთში), ანტიოქია (თანამედროვე ქ. ანთაქია თურქეთში), ალექსანდრია (ეგვიპტე), კართაგენი (თანამედროვე ქ. კარტაჟი ტუნისში), აგრეთვე სირია და ლიბანი; ევროპა – რომი, ათენი, ლუგდუნუმი (თანამედროვე ლიონი), მაკედონიის ფილიპინები (თანამედროვე ქ. ფილიპა მაკედონიაში) და სხვ.);
 
მეორე რიგში, აღბეჭდეს ერთი და იგივე აზრი და მათი ფორმულირებების მნიშვნელობანი იმ ენებზე, რომლებიც ფართოდ იყო გავრცელებული მაშინდელ ოიკუმენაში, ესენია: ძველბერძნული, ლათინური, არამეული და სირიული.
 
ყოველივე ეს გამორიცხავს მათი შესაძლო გაყალბების შესახებ ვარაუდებს და მოწმობს, რომ ღმრთივგამოცხადებული ჭეშმარიტება სამპიროვანი ღმრთეების შესახებ ეკლესიის მიერ იქადაგება მისი წარმოშობის მომენტიდან, როდესაც სულიწმიდა გადმოვიდა მოციქულებზე იერუსალიმში, ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს აღდგომიდან 50-ე დღეს, და იქადაგება დღემდე.
 
 
წყარო: https://sinmis.ru/verili-li-pervye-hristiane-v-troiczu

მასალა მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
Назад к содержимому