ვინ და როგორ წერს წმინდანთა ცხოვრებებს
ჰაგიოგრაფიული ჟანრის პრობლემები მართლმადიდებლობაში
ავტორი: ლუდმილა ილიუნინა.
პრობლემა, რომელსაც ეძღვნება ეს სტატია, შედარებით ცოტა ხნის წინ წარმოიშვა. უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში, როდესაც ასობით წმინდანის, უმეტესწილად იმ წმინდანთა კანონიზაცია მოხდა, რომელთა ღვაწლმაც XX საუკუნე განადიდა, გაჩნდა მათი ცხოვრებების დაწერის გადაუდებელი საჭიროება. სწორედ აქ იჩინა თავი პრობლემამ: რა ჟანრში და რა მანერით უნდა მოვუთხროთ მკითხველს იმ ადამიანთა შესახებ, რომელთა ცხოვრება ჯერ კიდევ თვითმხილველთა ხსოვნაშია შემონახული და ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო მოგონებებითაც არის გარემოცული?
ამრიგად, წმინდანთა ცხოვრებების წერისას საფრთხე, ან, უფრო ზუსტად, პრობლემურობა მდგომარეობს "წმინდანთა ცხოვრების შემკობაში", "გაზვიადებაში ან დაკნინებაში". რას გულისხმობს ეს? ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა, საუბარია იმაზე, რომ ამა თუ იმ ცხოვრების ავტორს წმინდანის, ანუ მოღვაწის, ქმედებათა შეფასებაში თავისი სუბიექტური შეფასებები შეაქვს.
მოვიყვან მაგალითს წიგნიდან "პეტერბურგის ეპარქიის ახალმოწამენი": ნევაზე მდებარე ქალაქში ათ წელზე მეტხანს მოქმედი "ალექსანდრე ნეველის საძმოს" წევრებზე ნათქვამია, რომ ისინი "რომანტიკოსები" იყვნენ.
ეს სხვა არაფერია, თუ არა ავტორისეული ინტერპრეტაცია. ხსენებული საძმოს საქმეზე წარმოებული გამოძიების მასალები მოწმობს, რომ მასში შემავალი ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი დაპატიმრებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხის ქვეშ ცხოვრობდნენ, კვლავაც აგრძელებდნენ საერთო საქმისადმი მსახურებას. ეს რომანტიზმი კი არა, სიმამაცეა. თუმცა ჩვენი ეს უკანასკნელი ფრაზაც შეფასებითია. მაგრამ, ეს ფრაზა წმინდანის ცხოვრებაში შეტანილ რომ იქნას, უნდა პასუხობდეს კითხვას: "რაში მდგომარეობს ამ წმინდანის ღვაწლის დამრიგებლური აზრი?" ასეთი ტრადიციით იწერებოდა წმინდანთა ცხოვრებები, რომლებიც "თვიურ საკითხავთა" კორპუსში (ე. წ. "საკითხავ თვენში") შედიოდა. ავტორ-შემდგენელს, უპირველეს ყოვლისა, ახსოვდა, რომ წმინდანთა ცხოვრებები საეკლესიო გადმოცემის ნაწილია. ამიტომ ისინი საღვთისმეტყველო თვალსაზრისით ზედმიწევნით შემოწმებული უნდა ყოფილიყო, რადგან მათ სამოძღვრო მნიშვნელობა აქვთ. სწორედ ამიტომ, ზოგჯერ წმინდანთა ცხოვრებებიდან ამოიღებოდა მიმზიდველი და საინტერესო დეტალებიც. წმინდანის შესახებ არსებული ბიოგრაფიული აღწერისას, მის ცხოვრებაში ამა თუ იმ ეპიზოდის შეტანა განიხილებოდა შემდეგი კითხვის შუქზე: "რას გვასწავლის ეს საქციელი ან ეს სიტყვა?" წმინდანთა ცხოვრებებიდან იშორებდნენ ნახევარტონებს, ნიუანსებს, ყოველივე იმას, რასაც უბრალო მორწმუნე ხალხის დაბნევა შეეძლო, იმას, რასაც შეიძლება "ცხოვრების წვრილმანები" ვუწოდოთ და რასაც მარადისობისთვის მნიშვნელობა არ აქვს.
საერთოდ, ძველად წმინდანთა ცხოვრებების კითხვას თითქმის ისეთივე კრძალვით ეკიდებოდნენ, როგორც წმინდა წერილის კითხვას. არსებობდა სპეციალური ლოცვაც კი, რომელსაც წმინდანის ცხოვრების წაკითხვის წინ წარმოთქვამდნენ (1).
____________
1. ეს ლოცვა კურთხევანებში შეტანილი არ არის, როგორც ჩანს ის უფრო ხალხური ჩვეულებაა. საზოგადოდ, ცნობილია, რომ საშინაო ლოცვებში ადამიანი უფრო თავისუფალია ნორმატიული ჩარცოებისგან. საშინაო ლოცვაში ნორმატივი არ არსებობს. ყველას შეუძლია ილოცოს ისე და იმდენი, როგორც სურს და რამდენიც სურს. ამიტომაც, თუ ვინმე წმიდა წერილის ან წმინდანის ცხოვრების კითხვის წინ ღმერთს ევედრებოდა გონების გახსნას და წაკითხულის შინაარსის წვდომას, სრულიად მისაღებია. თუმცა, კიდევ ვიტყვით, საეკლესიო, სპეციალური ლოცვა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. - "აპოკ." რედ.).
____________
ამას არ უნდა ივიწყებდეს წმინდანთა ცხოვრების ყოველი შემდგენელი — დაუშვებელია მასალის რაოდენობაზე გამოკიდება; საჭიროა თითოეული მოწმობის აწონ-დაწონა, ვიდრე მას ხალხის წინაშე გამოვაქვეყნებდეთ.
სამწუხარო მაგალითია მღვდელმონაზონ სამფსონისადმი (სივერსის) მიძღვნილი ოთხტომეული, რომელიც ათ წელზე მეტი ხნის წინ მისმა სულიერმა შვილებმა გამოსცეს. როდესაც წიგნები, რომლებშიც უხუცესის შესახებ არსებული მასალები შეძლებისდაგვარად სრულად შეიკრიბა და დაიბეჭდა, ბევრს ძალიან გაუხარდა; ბოლოს და ბოლოს, ის, რაც მრავალი წლის განმავლობაში "თვითგამოცემის სახით ვრცელდებოდა", "საჯაროობის კუთვნილებად" იქცა. მაგრამ მალე ცხადი გახდა, რომ ამ გამოცემამ სერიოზული ზიანი მიაყენა უხუცესის ხსოვნას. ელემენტარული სარედაქციო სამუშაო ჩატარებული არ ყოფილა. ამიტომ წიგნი სავსეა წინააღმდეგობებით.
მოხუცი სამფსონი, როგორც ეს თითოეულ მხცოვანს ახასიათებს, თავის დარიგებებს კონკრეტულ პიროვნებებს წერდა ან კონკრეტული ადამიანისადმი მიმართვით წარმოთქვამდა; ითვალისწინებდა მისი ცნობიერების დონესა და ცხოვრებისეულ გარემოებებს. ამიტომ ერთსა და იმავე საკითხზე (უხუცესის მემკვიდრეობაში ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია გამონათქვამები ბავშვთა აღზრდის შესახებ) მას სრულიად განსხვავებული რჩევების მიცემა შეეძლო. უხუცესის ზეპირ მეტყველებაში შეიძლებოდა შეგვხვდეს ციტირების შეცდომებიც და რომელიმე შორეული მოვლენის შესახებ მეხსიერებაში არსებული ხარვეზებიც.
ყველა შემორჩენილი ტექსტის გამოქვეყნებამდე საჭირო იყო მათი გულდასმითი გადამოწმება და სისტემატიზაცია. ახლა კი დაუფიქრებელი გამოცემის "წყალობით" ზოგიერთ საეკლესიო ადამიანს უხუცესი სამფსონის პიროვნებისადმი ფრთხილი, უნდობელი დამოკიდებულება ჩამოუყალიბდა, რომლის დასადასტურებლად მათ არქივის დოკუმენტებშიც კი იპოვეს საფუძველი.
ამ სტრიქონების ავტორს ახსოვს მნიშვნელოვანი დავა ოპტინელ ახალმოწამეთა — მღვდელმონაზონ ბასილის, მონაზვნების ტროფიმეს და თერაპონტის — ცხოვრებათა აღწერის თაობაზე. ნ. ა. პავლოვამ, მოსკოველმა ჟურნალისტმა, რომელიც თითქმის მონასტრის აღორძინების დაწყების დროიდან დასახლდა ოპტის უდაბნოს მახლობლად მდებარე სოფელში, ადგილობრივი მცხოვრებლებისგან, მომლოცველებისგან, მუშაკებისგან და სავანის მონაზვნებისაგან უამრავი მასალა შეაგროვა 1993 წელს მოკლულ ძმებზე. ამასთან, მოგონებების შემგროვებელი ცდილობდა, შეენარჩუნებინა მთხრობელთა მეტყველების თავისებურებები (მათ შორის, სოფლის ბებიებისაც — მათი ხალხური კილოთი — და ბოჰემური საზოგადოების ყოფილი წარმომადგენლებისაც — მათი "ტუსოვკური მეტყველებით").
მოგონებებს თან ახლდა საკმაოდ ვრცელი საავტორო ტექსტი — ნინა ალექსანდროვნას მსჯელობები ახალი თაობის ბედზე, აღორძინებადი ოპტის "ახალ ისტორიაზე"; უხვად იყო ავტორისეული სიტყვიერი პორტრეტები და გამოქვეყნებული მასალის ავტორისეული შეფასებები. მონასტერში ასეთი ნაშრომი არ მოიწონეს და სთხოვეს, ყველაფერი "კანონის მიხედვით" გადაეწერა. ნ. ა. პავლოვამ ეს ვერ შეძლო. მისი მასალებით სხვა ადამიანმა ისარგებლა და, ოპტის უდაბნოს კურთხევით, წიგნების სერიაც გამოსცა. შემთხვევითი არ არის, რომ ეს განიცენა უსახელოდ დარჩა, რადგან ის მართლაც კანონის მიხედვით იყო შედგენილი — ზედმეტი დეტალებისა და ემოციური შეფასებების გარეშე, მკაცრად და მშრალად.
მაგრამ როდესაც ნ. ა. პავლოვას "წითელი პასექი" გამოიცა, აღმოჩნდა, რომ სწორედ ამგვარი ჟანრის თხრობა განსაკუთრებით მოთხოვნადი ყოფილა მკითხველთა შორის — მოკლე ხანში 20-ათასიანი ტირაჟით გამოსული წიგნი სამჯერ გადაიბეჭდა. ნ. ა. პავლოვას სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ იგი ხუთი წლის განმავლობაში არედაქტირებდა თავის ნაშრომს და სულიერად ავტორიტეტული ადამიანების რჩევებს ითვალისწინებდა; ამიტომ საბოლოო ვარიანტში ავტორისეული ხედვის სიჭარბე თითქმის აღარ არის. აღარ არის არც ზოგიერთი ისეთი დეტალი და გამონაგონი, რომელსაც მკითხველი მთავარი თემიდან გვერდზე გაჰყავდა (თავდაპირველი ვარიანტი "წითელი პასექისა" ორჯერ უფრო დიდი იყო, ვიდრე გამოცემული წიგნი). სამაგიეროდ, აქ არის ცოცხალი, გულწრფელი თხრობა, რომელიც მართლაც შეეხო მრავალი ადამიანის სულს.
ნ. ა. პავლოვას მაგალითი ნამდვილად იმსახურებს მიბაძვას — იგი "თავისას არ ეძებდა", არამედ ცდილობდა, მისთვის მართლაც ბოძებული ნათელი სამწერლო ნიჭი ღვთის სადიდებლად გამოეყენებინა და თავმდაბლად თანხმდებოდა მკაცრ სარედაქციო შესწორებებს.
თუმცა წმინდანთა ცხოვრებების შემდგენელთა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად საკუთარ ხედვასა და შეფასებებს ანიჭებენ უპირატესობას. ერთ-ერთ სამწუხარო მაგალითად შეიძლება მივიჩნიოთ რიაზანელი დედა პელაგიას შემთხვევა. ათი წლის წინ გაზეთ "მარადიულ ცხოვრებაში" გამოქვეყნდა მორწმუნეთა შორის ბევრისთვის დამაბნეველი "ნეტარი პელაგიას წინასწარმეტყველებები". მათ თან ახლდა მისი ცხოვრებაც. ასლები აქტიურად ვრცელდებოდა მორწმუნეთა შორის და ეს მასალები დღემდე ვრცელდება. ამ წინასწარმეტყველებების ერთ-ერთი მთავარი მოტივი თანამედროვე სამღვდელოების ცოდვილიანობის თემაა. არ შევუდგები ამ მასალასთან დაკავშირებული და ეკლესიისადმი საკმაოდ კრიტიკული ხასიათის მსჯელობების დეტალურ გადმოცემას.
სამი წლის წინ, რიაზანისა და კასიმოვის მიტროპოლიტ სიმონის კურთხევით, გამოიცა წიგნი "ნეტარი პელაგია ზახაროვსკაიას ცხოვრება". მისგან ვიგებთ, რომ ის ღვთის ჭეშმარიტი მხევალი ყოფილა. მის სულიერ შვილებს შორის მრავალი მღვდელიც აღმოჩნდა. სწორედ მათ აღძრავდა იგი, აერჩიათ ცხოვრების ეს გზა, რომელიც იმდროინდელ პირობებში არცთუ იოლი იყო. ამასთან, ნეტარის არც ერთი თაყვანისმცემლისგან არ გვსმენია, თითქოსდა მისი ღვაწლის უმთავრეს მიმართულებას სამღვდელოების მანკიერებათა მხილება წარმოადგენდა.
ნეტარ მოღვაწეს ამ თემაზე რაიმეც რომ ეთქვა, მისი სიტყვების გამოქვეყნებისას სიფრთხილეა საჭირო, რათა ხალხი არ დაიბნეს. ასეთ შემთხვევებში საჭიროა არა მხოლოდ ლიტერატურული, არამედ საღვთისმეტყველო რედაქტორიც. თუმცა აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ავტორის პოზიცია.
ასე, მაგალითად, სერაფიმე ვირიცკის ცხოვრების ავტორმა ვ. პ. ფილიმონოვმა ღირსი უხუცესის შესახებ თხრობაში არ შეიტანა გადმოცემა მისი შვილის მწარე ხვედრის შესახებ. ხოლო ოდესელი მართალი იოანეს ცხოვრების შემდგენლები დაწვრილებით მოგვითხრობენ, რა მწუხარებებს ითმენდა წმინდანი საკუთარი შვილებისგან.
იოანე კრონშტადტელის ცხოვრებაში არაფერია ნათქვამი პეტროგრადის სამღვდელოებასთან მისი ურთიერთობის სირთულეებზე. მღვდელმოწამე სერაფიმე ჩიჩაგოვის ცხოვრებაში კი მოთხრობილია სერაფიმე საროველის კანონიზაციის საკითხში სინოდის მხრიდან წინააღმდეგობის შესახებ.
ნიკოლოზ იაპონელის "ცხოვრების სხვადასხვა რედაქციაში" მისი მისიის შესახებ სხვადასხვაგვარად არის მოთხრობილი. ზოგიერთ მათგანში ლაპარაკია მის შეუფერხებელ წარმატებაზე, სხვებში კი — წმინდანის ნამდვილ დღიურებზე დაყრდნობით — ავტორები ყურადღებას ამახვილებენ "ამომავალი მზის ქვეყანაში" მისი ღვაწლის სირთულეებზე.
სულ ახლახან გარდაცვლილ მოღვაწეებზე შექმნილ საავტორო წიგნებში ისინი, ვინც ამ ადამიანებს პირადად იცნობდნენ, მით უფრო ხშირად ამჩნევენ "ავტორის თვითნებურ მიდგომას". ასე, მაგალითად, ბევრისთვის მიმზიდველმა წიგნმა სქიმონაზონ ანტონია კავეშნიკოვას შესახებ იმ ადამიანებში, რომლებიც მას პირადად იცნობდნენ (განსხვავებით ცხოვრების ავტორ-შემდგენლისაგან), პრეტენზია გამოიწვია: მათი აზრით, დედის სახე არადამაჯერებლად იყო წარმოჩენილი. დედა მაკარიას შესახებ წიგნმა "ღვთის მიერ ბოძებული" იმ ადამიანებში, რომლებსაც მისტიკის გაძლიერება არ უყვართ, ეჭვი გააჩინა, რომ მის ავტორს სულიერი სიფხიზლე აკლდა. განსაკუთრებული დაბნეულობა გამოიწვია სქიმონაზონ ნიკოლაი გროიანის წიგნმა უხუცესის, ნიკოლოზ ზალიტელის, შესახებ. უპირველეს ყოვლისა, ამ მამის ფარულ სქიმოსნობასა და ეპისკოპოსობაზე დაჟინებული მტკიცებით. მსგავსი მაგალითების მოყვანა კიდევ მრავლად შეიძლება.
როგორც ჩანს, გამოსავალი, ჯერჯერობით, ერთია. თუ მოღვაწის ცხოვრების წერისას ავტორი საკუთარ თავზე იღებს ფაქტების გარკვეული სახით შერჩევას (როდესაც მრავალი წყარო არსებობს), ის ვალდებულია ტექსტის წინ საკუთარ სახელიც მიუთითოს. ამგვარად, ის პასუხისმგებელი იქნება ინტერპრეტაციაზე. ასეთი ჰაგიოგრაფიული ავტორები ჩვენც გვყავს (ნილუსის, პოსელიანინის, შმელიოვისა და ზაიცევის მაგალითზე): ა. ილინსკაია, ა. სტრიჟევი, ნ. კონიაევი, ვ. ვოსკობოინიკოვი, ვ. კრუპინი. მათ მიერ დაწერილ წმინდანთა ცხოვრებებში მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი, განუმეორებელი სამწერლობო სტილია. უნდა ითქვას, რომ მათ ყოველთვის ვერ დავეთანხმებით; ზოგჯერ ასეთი ცხოვრებები მოგვაგონებს მხატვრულ ნაწარმოებებს მთავარი გმირითა და სხვა მოქმედი პირების მონაწილეობით. მათი არსის განსაზღვრა შეიძლება სიტყვებით: "წმინდანის სახე, რომელიც მწარალმა N-მა შექმნა".
ცოტა ხნის წინ ერთმა "მწერალმა საძმოდან" მიამბო დამრიგებლური ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ ადგენდა იგი უკრაინაში პატივდებული ერთი მოღვაწე-უხუცესის ცხოვრებას. მონასტერში, სადაც ეს პიროვნება მოღვაწეობდა, მას გადასცეს უკვე შეგროვებული საარქივო მასალებისა და თვითმხილველთა მოგონებების დიდი რაოდენობა. მან გატაცებით დაიწყო მათი შესწავლა და ცხოვრების შედგენა. ზაფხულის განმავლობაში მან მთელი წიგნი დაწერა, რომელშიც, მისი აზრით, მხოლოდ მისთვის გადაცემულ მასალებს აღწერდა.
შემოდგომით, მას შემდეგ, რაც მონასტრის წინამძღვარმა და საძმომ ხელნაწერი წაიკითხეს, მათგან მოულოდნელი განაჩენი მიიღო: ყველაფერი თავიდან უნდა დაეწერა, რადგან ცხოვრება მამხილებელი ტონით იყო დაწერილი. "უხუცესი მოსიყვარულე და ყოვლისმიმტევებელი იყო, თქვენ კი მის მდევნელებს ამხელთ. ეს მისი სულისკვეთება არ არის".
ღმერთს მადლობა, რომ ხსენებული ცხოვრების შემდგენელმა საკუთარ თავში მუშაობის გაგრძელების ძალა იპოვა და თავისი "ავტორისეული სტილის" მოცილებას შეუდგა, რომელშიც უხუცესის განდიდება მისი მტრების მხილებით იყო მიღწეული. მაგრამ ყველა მწერალს როდი ეყოფა მოთმინება და თავმდაბლობა, რომ "საკუთარ სიმღერას ყელი გამოჭრას". სწორედ ასე ჩნდება უკვე განდიდებულ წმინდანთა ცხოვრებებში მათი ავტორების დაუფიქრებლობისა და საკუთარი პოზიციის არასაკმარისი გააზრების კვალი.
ამრიგად, დღეს "ჰაგიოგრაფიულ ჟანრში" დიდი მრავალფეროვნებაა. ზემოთ უკვე დასახელებულ სახესხვაობებთან ერთად გვხვდება სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი ტექსტები (ბაღის ასაკიდან უფროსკლასელებამდე); გვხვდება ერთი და იმავე ცხოვრების ხელნაწერი რედაქციების გამოცემები ვრცელი კომენტარებით; სამეცნიერო კვლევები, რომლებშიც წმინდანის ცხოვრება "ეპოქის კონტექსტშია" განხილული; აგრეთვე იდეოლოგიური, პროგრამული ხასიათის ტექსტები, რომლებშიც მოღვაწე რომელიმე საზოგადოებრივი მოძრაობის, უმეტესად ნაციონალისტური მიმართულების სიმბოლოდ არის წარმოჩენილი (ეს უფრო კათოლიკე წმინდანებს ეხება).
დავუბრუნდეთ იმას, რითაც ეს სტატია დავიწყეთ. როგორც ვხედავთ, ყველა ჰაგიოგრაფიული ტექსტი ვერ გახდება საეკლესიო გადმოცემის ნაწილი. ზოგი მათგანი შეიძლება "ინდივიდუალური შემოქმედების ნაყოფად" მივიჩნიოთ. ჩვენთვის ცნობილია წმინდანთა ღვაწლის გადამეტებული ან დამახინჯებული ინტერპრეტაციის ისტორიული მაგალითები ლ. ტოლსტოის, დ. მერჟკოვსკის, ლ. ანდრეევისა და დ. ანდრეევის, ნ. რერიხისა და სხვადასხვა მიმართულების ოკულტისტთა ნაშრომებში. დღეს კი მართლმადიდებელ წმინდანთა შესახებ წიგნები შეიძლება გამოჩნდეს სერიებში "დიდი წინასწარმეტყველები" ან "დიდი მკურნალები", რომლებშიც წარმართობა ქრისტიანობასთან არის შერეული, თუმცა ამის შესახებ პირდაპირ არაფერია ნათქვამი. ამიტომ, როდესაც ხელში ჩაგივარდებათ თანამედროვე მოღვაწეთა ცხოვრებების ამსახველი მასალების შემცველი წიგნი, იგი სიფრთხილით უნდა წაიკითხოთ და რჩევა სულიერად ავტორიტეტულ ადამიანებს ჰკითხოთ.
რევოლუციამდელ პერიოდში ჩვენს სასულიერო სკოლებში განიხილებოდა საკითხი, რომელიც დღეს კვლავ "დღის წესრიგში დგება" — სასწავლო კურსში ახალი საგნის, "ჰაგიოლოგიის", ანუ "მართლმადიდებლური სიწმინდის შესახებ მოძღვრების", შემოღების აუცილებლობა. ჰაგიოგრაფია წმინდანთა ცხოვრებებისა და ღვაწლის ლიტერატურულ გადმოცემას ეხება, ხოლო ჰაგიოლოგია თავად სიწმინდისა და წმინდანობის შესახებ საღვთისმეტყველო მოძღვრებას წარმოადგენს. სწორედ ასეთი მოძღვრების სათანადო დამუშავებას მოითხოვს ჩვენი დრო — არა მხოლოდ სპეციალურ სასულიერო სასწავლებლებში სწავლებისთვის, არამედ სრულიად საეკლესიო დონეზეც. თუ ამ საქმეს სწავლული ღვთისმეტყველები ითავებენ, ეს მნიშვნელოვნად გაუადვილებს მუშაობას იმ რედაქტორებსაც, რომლებიც წმინდანთა ცხოვრებებს გამოსაცემად ამზადებენ.
აქვე გავიხსენოთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის 2002 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება "რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიებში წმინდანთა კანონიზაციასთან დაკავშირებული პრაქტიკის მოწესრიგების შესახებ", რომელშიც ნათქვამია:
"წმინდანთა კანონიზაციისთვის მასალების მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:
- მოღვაწის კანონიზაციისთვის საჭირო მასალები გულდასმით უნდა მომზადდეს და განხილულ იქნას წმინდანთა კანონიზაციის საკითხებზე ეპარქიის კომისიის მიერ, როგორც ეს 1992 წლის საეპისკოპოსო კრების გადაწყვეტილებით განისაზღვრა (იხ. "კანონიზაციის შესახებ" დადგენილება, პუნქტი 11: "რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ეპარქიაში შეიქმნას წმინდანთა კანონიზაციის საკითხებზე მომუშავე კომისიები, რათა თითოეული ეპარქიის ფარგლებში შეაგროვონ და შეისწავლონ სარწმუნოებისა და კეთილმსახურების მოღვაწეთა, განსაკუთრებით კი XX საუკუნის მოწამეთა და აღმსარებელთა კანონიზაციისთვის საჭირო მასალები").
- დაუშვებელია ეკლესიის სასულიერო და საერო პირთა ცხოვრებასთან, ღვაწლსა და ტანჯვასთან დაკავშირებული გადაუმოწმებელი მასალების გამოქვეყნება. ასეთი მოწმობები, მმართველი მღვდელმთავრის კურთხევით, ადგილზე უნდა გადამოწმდეს. მმართველ მღვდელმთავარს მსგავსი მასალების გამოქვეყნების კურთხევის მიცემა შეუძლია მხოლოდ მას შემდეგ, რაც პირადად გაეცნობა მათ შინაარსს".
აქვე გავიხსენოთ ისიც, რომ 2000 წლის საეპისკოპოსო კრების დადგენილებაში ნათქვამია:
"იმ მოღვაწეთა სახელობით განდიდებასთან ერთად, რომელთა ღვაწლიც უკვე შესწავლილია, საეპისკოპოსო კრებამ განადიდა XX საუკუნის რუსეთში ქრისტესთვის ვნებული ყველა ახალმოწამე და აღმსარებელი, რომლებიც ჯერ კიდევ უცნობნი არიან კაცთათვის, მაგრამ ცნობილნი არიან ღვთისთვის".
XX საუკუნის რუსეთში ქრისტესთვის ვნებულ ახალმოწამეთა და აღმსარებელთა მთელი კრებულის — როგორც სახელობითად ცნობილ, ისე უსახელოთა — ამგვარმა განდიდებამ ეკლესიური პატივის მიღმა არ დატოვა ამ პერიოდში ღვთის წინაშე არსებული არც ერთი წმინდანი.
აგიოგრაფიის ენის შესახებ
რუსეთში წმინდანთა ცხოვრებების კითხვა ყოველთვის განსაკუთრებით უყვარდათ. ადამიანები მათ ენდობოდნენ, როგორც უდავო და სანდო წყაროს, და მხოლოდ გასულ საუკუნეში დადგა საკითხი წმინდანთა ცხოვრებების ავტორობის შესახებ. დაფიქრდნენ იმაზეც, რომ ცხოვრებაში გადმოცემული ცნობები და მათი წარმოდგენის ფორმა დიდწილად დამოკიდებულია ავტორ-შემდგენელზე. ალბათ, მათ, ვინც "თვიური საკითხავები" მთლიანად წაიკითხა, ყურადღება მიაქცია, რომ მრავალრიცხოვან ცხოვრებებს შორის, რომლებიც ზოგჯერ რატომღაც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, გვხვდება ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის ნამდვილი მარგალიტებიც, რომლებიც საერთო მასიდან გამოირჩევა. ჩვეულებრივ, ეს ის ცხოვრებებია, რომლებიც წმინდანთა უშუალო მოწაფეებმა ან, უკიდურეს შემთხვევაში, მოწაფეთა მოწაფეებმა დაწერეს (ასეთებია, მაგალითად, ღირსი ალექსანდრე სვირელისა და ღირსი სერგი რადონეჟელის ცხოვრებები).
იმის დასანახად, თუ რამდენად შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა ავტორის მიერ ერთი და იმავე წმინდანის შესახებ მოთხრობილი ამბები, ზოგჯერ საკმარისია ერთი და იმავე ტექსტის სხვადასხვა რედაქციის შედარება. ამ მხრივ განსაკუთრებით დამახასიათებელია 1547 წლის დიდი სტოგლავის კრებისთვის შედგენილი ცხოვრებები — ყველა მათგანი გარკვეული საეკლესიო-პოლიტიკური კონცეფციის საფუძველზე იწერებოდა. მნიშვნელოვანი იყო ბიზანტიისგან მემკვიდრეობის დამტკიცება და იდეა "მოსკოვი — მესამე რომია". სწორედ ეს ეპოქა — XVI საუკუნის დასაწყისი — გვიჩვენებს საინტერესო მოვლენას: ავტორი წმინდანის სახეს იმის მიხედვით წარმოსახავდა, თუ მოღვაწეობის რომელ იდეალს იზიარებდა — იოსებიტურს თუ არამომხვეჭელთა მიმართულებას. თუ ცხოვრებას წერდა სახელმწიფოსა და მონასტრებს შორის სიმფონიის, ასევე მონასტრის მიერ სამყაროს განმანათლებლური და სახელმწიფოს შემქმნელი მსახურების იდეის დამცველი, მაშინ წმინდანშიც სწორედ ამ სათნოებებს წარმოაჩენდა და აქებდა. ხოლო თუ ცხოვრებას არამომხვეჭელი წერდა, მაშინ იგი წმინდანის სახეში უპირველესად წარმოაჩენდა მის სიყვარულს განმარტოებისადმი, სამყაროსგან განრიდებასა და პირადი, შინაგანი ასკეზისადმი. ხშირად ცხოვრების შემდგენლები საკუთარ თავს უფლებას აძლევდნენ, ტექსტში ფართო, ზოგადი ხასიათის საავტორო გადახვევები და დამრიგებლური მსჯელობებიც შეეტანათ.
წმინდანის ცხოვრების შედგენისას მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი შემდგენლის ლიტერატურული გემოვნებაც; უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მნიშვნელობა აქვს იმ ენას, რომელზეც იმ დროს საუბრობდნენ და წერდნენ. ჩვენმა ეპოქამ ცხოვრების სრულიად განსაკუთრებული ტიპი შექმნა — მშრალი, საარქივო თხრობა, რომლის საფუძველზეც თავად მკითხველს შეუძლია მოღვაწის სახის წარმოსახვა. ან, რაც განსაკუთრებით საინტერესოა, გაჩნდა ისეთი ცხოვრებებიც, რომლებიც სხვადასხვა ადამიანის მოგონებებისგან არის შედგენილი და თითოეული მთხრობელის განუმეორებელი სასაუბრო სტილი შენარჩუნებულია (მონათხრობები უმეტესად ზეპირი გადმოცემის სახით იწერება).
ჩემი აზრით, განსაკუთრებით საინტერესოა ეპისკოპოს ბარნაბას (ბელიაევის) და მონაზონ მარიას (სკობცოვას) მიერ დაწერილი ცხოვრებები — მათში მაღალი მხატვრულობა შერწყმულია თხრობის ცოცხალ მანერასთან და თანამედროვე მკითხველისა და მისი პრობლემებისადმი მიმართვასთან. ძველი წმინდანების შესახებ ისეა დაწერილი, თითქოს ისინი ჩვენი თანამედროვეები ყოფილიყვნენ, რადგან მათ წინაშე არსებული განსაცდელები და მათ მიერ გაღებული ღვაწლი წარმოდგენილია როგორც მარადიული, ყველა ეპოქისთვის დამახასიათებელი გამოცდილება.
ოპტის უხუცესთა შესახებ ცხოვრებების რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ჩემი აზრით, მაინც ყველაზე ფასეული და საინტერესო რჩება ის მასალა, რომელიც მოწაფეებმა მოღვაწეთა სიცოცხლეშივე შეაგროვეს. არსებობს მატრონას ცხოვრების რამდენიმე ვარიანტიც. იოანე კრონშტადტელის შესახებ, ღვთის მადლით, დღეს უამრავი ლიტერატურა გამოდის. მისი ცხოვრების მეცნიერული "მატიანის" შედგენაც კი დაიწყეს. ყოველივე ეს ძალიან სასიხარულოა. ეს ნიშნავს, რომ ვიზრდებით და შესაძლებლობა გვეძლევა, წმინდანები დავინახოთ არა მხოლოდ უკვე ჩამოყალიბებულ "წმინდანთა სახეში", არამედ იმ გზაზეც, რომელმაც ისინი სიწმინდესთან მიიყვანა. ამგვარად, შეგვიძლია დავინახოთ ყველაზე მნიშვნელოვანი — სიწმინდისკენ მიმავალი რეალური გზა, ხოლო უკანასკნელი დროის წმინდანთა შემთხვევაში — ეს გზა ჩვენთვის ახლობელ და გასაგებ ვითარებებში იხილვება.
ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის მრავალფეროვნება გვაიძულებს, უფრო არჩევითნი და ყურადღებიანნი ვიყოთ: არ შემოვიფარგლოთ ჩვეული, შაბლონური ფრაზებით, არამედ გულდასმით წავიკითხოთ ერთმანეთისგან განსხვავებული, განუმეორებელი ტექსტები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი ეპოქა არ გვაძლევს საშუალებას, სარწმუნოება მხოლოდ ჩვევად ან ცხოვრების მოსახერხებელ ფორმად ვაქციოთ. ჩვენი დრო მუდმივად მოითხოვს, რომ ცვალებად სამყაროში სარწმუნოების არსი შევინარჩუნოთ. ამასთან, თითქოს კვლავ ვუბრუნდებით ქრისტიანული მწერლობის "ოქროს ხანის" ვითარებას, როდესაც არსებობდა ჰაგიოგრაფიული ჟანრების მრავალფეროვნება და შთამომავლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წაეკითხათ ნამდვილი "მოწამეთა აქტები" და არა მხოლოდ ამა თუ იმ ავტორისეული გადმოცემა.
ამ სტატიაში ჯერ კიდევ არ შევხებივართ კიდევ ერთ "ჰაგიოგრაფიულ ჟანრს" — მოთხრობებს, რომანებსა და ნოველებს, რომლებსაც თანამედროვე მწერლები წმინდანთა ცხოვრებების მასალებზე დაყრდნობით წერენ. ეს განსაკუთრებული და საკმაოდ მტკივნეული თემაა. ჩემი აზრით, ამ ჟანრში წარმატებული ნიმუშები არცთუ ბევრია. საჭიროა, ს. ნილუსი ან ე. პოსელიანინი იყო, რათა წმინდანის შესახებ ისე შეძლო თხრობა, რომ ცუდი გემოვნება არ გამჟღავნდეს ან, რაც კიდევ უფრო უარესია, საკუთარმა ვნებიანმა დამოკიდებულებამ ჩვენი წმინდანების ნათელი სახეები არ დაჩრდილოს. ეს არცთუ იშვიათად ხდება, როდესაც წმინდანებს რაიმე პირდაპირ სიტყვას მიაწერენ და მათ ბაგეებში ავტორისეულ მეტყველებას დებენ.
მაგრამ უკვე ისიც კარგია, რომ ახლა სხვადასხვა ასაკისა და ადამიანთა აღქმის განსხვავებული შესაძლებლობებისთვის განკუთვნილი წმინდანთა ცხოვრებების გამოცემას იწყებენ. მაგალითად, არსებობს სერაფიმე საროველის, ღირსი სერგის რადონეჟელის ცხოვრების მრავალი საბავშვო ვარიანტი. არსებობს ტრადიციული ცხოვრებები "სიტყვათა ქსოვის" სტილში, მაგრამ არის სამეცნიერო ტექსტებიც, რომლებშიც წმინდანის სახე მისი ეპოქის ისტორიულ კონტექსტშია წარმოჩენილი — ასე რომ, ყველას შეუძლია აირჩიოს ის, რაც მისთვის უფრო ახლობელი და საჭირო იქნება. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ მხოლოდ ერთი რამ: ნეტავ ამ გამოცემებში არ იყოს "ავტორის თვითნებური დამატებები", არასაჭირო ავტორისეული გადახვევები და ცუდი, თავსმოხვეული დაჟინებულობა.
როგორ წავიკითხოთ წმინდანთა ცხოვრებები
ერთი შეხედვით, უცნაური კითხვაა, მაგრამ სულაც არ არის უსაფუძვლო. თანამედროვე ადამიანი ხომ ყველაფერში მიდრეკილია "მითებისა და ლეგენდების" დანახვისკენ. ამიტომ წმინდანის ცხოვრებაც მან შეიძლება სწორედ ასე აღიქვას. ჩვენი წინაპრები წმინდანთა ცხოვრების საკითხავი ლიტერატურის დანიშნულებას ასე განსაზღვრავდნენ: "წმინდათა ცხოვრებანი სულს ღვთის შიშს შთააგონებენ, ბოროტის დატევებასა და კეთილის მიღებას გვასწავლიან: რამეთუ, იხილავენ რა მათ ცხოვრებას, ადამიანები თავიანთ საქმეთა შეცნობამდე მიდიან და ბოროტის დატევებას განიზრახავენ; რამეთუ წმინდათა ცხოვრება ნათელია და ჩვენი სულების განათლებაა ". ეს სიტყვები ერთ-ერთ ძველ გადამწერს ეკუთვნის (წმინდანთა ცხოვრებებს ხომ ხელით გადაწერდნენ და ეს არცთუ იოლი შრომა იყო).
ეკლესიურ ადამიანთა შორის ჩვეულებად იქცა, ძილისგან აღდგომისას (უკიდურეს შემთხვევაში, წინა საღამოს) ჩვეულებრივი ლოცვითი კანონის შესრულების დროს ლოცვით მიმართონ იმ წმინდანს, რომლის ხსენებაც საეკლესიო კალენდარშია მითითებული. ამ სტრიქონების ავტორს უნდა აღიაროს, რომ ახლა იშვიათად თუ იქცევიან ასე (თავს იმით იმართლებენ, რომ დრო არ ყოფნით, მაგრამ საქმე, ალბათ, ამაში არ არის). იყო დრო, როდესაც იმ დღის წმინდანის ცხოვრების წაკითხვასაც კი ახერხებდნენ— და ახლაც ის დრო ყველაზე ნეტარ ხანად გვახსენდება, და, ალბათ, სწორედ ეს კითხვა დარჩა დღემდე ქრისტიანული სიბრძნის მთავარ საგზლად.
წმინდანთა ცხოვრებებში შეიძლება ვიპოვოთ საფუძველი იმ სხვადასხვა სიძნელის გადასაჭრელად, რომლებსაც ცხოვრებაში ვხვდებით. თუ წმინდანთა საქციელისა და სიტყვების მაგალითები მეხსიერებაში გვაქვს შემონახული, ისინი, ღვთის შეწევნით, ზოგჯერ საჭირო მომენტში გვახსენდება და უგუნურებისგან, ზოგჯერ კი უბრალოდ სისულელეებისგან გვიცავს.
მახსოვს, მრავალი წლის წინ ოპტაში ჩავედი და მხცოვან ილიას ასეთი კითხვით მივმართე: "მთხოვენ, უხუცეს მამებზე ლექციები წავიკითხო, მაგრამ მეშინია. მე ხომ ასეთი ცუდი ვარ". მოძღვარმა მიპასუხა: "ყოველთვის ასე იფიქრე, რომ ცუდი ხარ, შენი საქმე კი კარგია. ადამიანებს წმინდანებზე უნდა ელაპარაკო. თუნდაც ის, ვინც წმინდანებზე საუბრობს ან წერს, თვითონ არ იყოს ღირსი, წმინდანთა სიტყვები და მათი ცხოვრებები ამის გამო ნათელს არ კარგავს".
ეს ლექციები არაერთხელ წამიკითხავს. საბოლოოდ, ეს ჩემთვის ნუგეშის წყარო აღმოჩნდა. ყოველთვის მახსენდებოდა: "შენ ცუდი ხარ, შენი საქმე კი — კარგია".
როგორ ესმით სიწმიდე კათოლიკეებს?
სიწმიდის მართლმადიდებლურ და კათოლიკურ იდეალს შორის განსხვავებაზე ბევრი დაწერილა. მაგრამ, როგორც ცნობილია, ყველაზე რთული დოგმატური საკითხებიც კი ყველაზე იოლად კონკრეტული მაგალითების საშუალებით აღიქმება. და აი, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი — ჩვენი თანამედროვე, დედა ტერეზა, რომელსაც დასავლეთში ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე წმინდანად მიიჩნევდნენ.
მისი საქმიანობის შესახებ ბევრი რამ ვიცით. მისი ღვაწლის თითქმის ყველა მხარე ფართოდ შუქდებოდა სხვადასხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით. ეს თავისთავადაც დასავლური "მოწმობის", ანუ მისიონერული საქმიანობის, ერთგვარი გამოვლინებაა.
დედა ტერეზას თანადროულად ცხოვრობდა მართლმადიდებელი მონაზონი — იღუმენია გაბრიელია. ისიც ინდოეთში კეთროვნებთან მუშაობდა. ისიც მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში და ადამიანებს ფიზიკური სნეულებების ტვირთის ტარებაში ეხმარებოდა (ის ექიმი იყო); უდავოდ, ისიც მისიონერი გახლდათ. მაგრამ მის შესახებ გაზეთებში არ წერდნენ, ინტერვიუს არ ართმევდნენ, არ იღებდნენ პოლიტიკოსებისა და უმაღლესი იერარქების გარემოცვაში — მართლმადიდებლური მოღვაწეობისთვის ეს ყოველივე უცხოა.
დედა გაბრიელიას შესახებ მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეიტყვეს, როდესაც მოწაფეებმა მისი გამონათქვამები შეაგროვეს და წიგნად გამოსცეს. ახლა ეს წიგნი ბერძნულიდან რუსულადაც არის თარგმნილი და გამოცემული.
დედა გაბრიელიას დარიგებებს, სინამდვილეში, დარიგებებსაც კი ვერ ვუწოდებთ — ეს უფრო საუბრებია, უბრალო საუბარი ახლობელ ადამიანებთან. მათთან საუბრისას იგი უბრალოდ უზიარებს მათ მოგონებებს იმის შესახებ, რისი ნახვა და გადატანაც თავის ხეტიალთა და მოგზაურობათა განმავლობაში მოუხდა. და თუ წიგნის ბოლოს თემატურ საძიებელს გადავხედავთ, გაკვირვებით შევამჩნევთ, რომ დედა გაბრიელია თითქმის საერთოდ არ საუბრობს სიწმინდისკენ სწრაფვაზე, არც საკუთარი თავის გამოცდაზე.
იმის გასაგებად, თუ რით შეიძლება განსხვავდებოდეს კათოლიკური იდეალი მართლმადიდებლურისგან, საკმარისია, გადავხედოთ დედა ტერეზას წიგნს "არ არსებობს იმაზე მეტი სიყვარული…". მთელი წიგნი სიწმინდისკენ შეგნებული სწრაფვის თემით არის გამსჭვალული. მასში არის თავი "სიწმინდის შესახებ", სადაც კათოლიკური სულიერებისთვის დამახასიათებელი ლოცვის მაგალითია მოყვანილი: "ის არის ღმერთი, რომელსაც ვუყვარვართ, ის არის ის, ვინც შეგვქმნა. როდესაც მას მივმართავთ, შეგვიძლია ვთხოვოთ: "მამაო ჩემო, დამეხმარე! მინდა წმინდა ვიყო, მინდა კეთილი ვიყო, მინდა მიყვარდეს!" სიწმინდე ფუფუნება არ არის, რომელიც რაღაც ელიტისთვისაა განკუთვნილი; იგი მხოლოდ რჩეულთათვის არ არის გამზადებული. ჩვენ ყველანი მოწოდებულნი ვართ მისკენ — შენც, მეც და ყველა დანარჩენიც".
მე ამას კათოლიკური სულიერებისთვის დამახასიათებელ ლოცვას ვუწოდებ, რადგან სიწმინდისთვის ლოცვის მსგავსი ფორმულირებები გვხვდება როგორც ძველი, ისე ახალი დროის კათოლიკე წმინდანთა ცხოვრებებში. ჩემთვის პირადად ნაცნობი დასავლელი ადამიანების მოწმობით, ასეთი თხოვნა რიგითი კათოლიკეებისთვისაც ცნობილია. იმავე წიგნში დედა ტერეზა აღნიშნავს: "თქვა: "მე მინდა წმინდა ვიყო" — ნიშნავს, დადგე ღვთის გზაზე, ხსნის გზაზე".
მართლმადიდებლური ასკეტური ტრადიციის წარმომადგენელმა ამგვარ სურვილს, შესაძლოა, სხვაგვარად შეხედოს და თქვას: "თქმა იმისა: "მე მინდა წმინდანი გავხდე" — ნიშნავს, დადგე სულიერი ხიბლის, თვითმოტყუებისა და საკუთარი თავით ტკბობის გზაზე". მართლაც, დიდი მოწყალების საქმეების აღსრულების დროსაც არსებობს საფრთხე, რომ ადამიანი შინაგანად საკუთარი სიწმინდის განცდით დატკბეს.
მაგრამ ჩვენ, მართლმადიდებელი ნეოფიტები, ზოგჯერ თვითონაც ვერ ვაცნობიერებთ, რომ მსგავს გზას ვადგებით. ერთ ქალთან გულახდილი საუბრისას მოვისმინე: "გამუდმებით ვფიქრობ იმაზე, თუ როგორ ჩაიფიქრა ღმერთმა ჩემი თავი. როგორი უნდა ვიყო. და ყოველდღე აღვნიშნავ, რა გავაკეთე იმ წმინდა სახის საწინააღმდეგოდ". მე ვუთხარი: "საკუთარი თავი სიწმინდის საზომით არ უნდა შევაფასოთ". ის ძალიან გაკვირვებული დარჩა: "მაშ, განა სწორედ ამას არ გვასწავლიან მამები?" — "არა, ისინი გვასწავლიან, რომ საკუთარი სიწმინდისკენ კი არ უნდა ვიყურებოდეთ, არამედ ყოველთვის ვხედავდეთ ჩვენს ამჟამინდელ ცოდვილ მდგომარეობას".
მართლმადიდებელ წმინდანთა ცხოვრებებში არაერთხელ გვხვდება მოწმობა მათი განსაკუთრებული თავმდაბლობისა და საკუთარი ცოდვილობის ღრმა განცდისა. ამავე სულისკვეთებას გამოხატავს საუკუნეების განმავლობაში განმეორებული დარიგებაც: "დიდი საქმე არ არის ანგელოზის ხილვა; დიდი საქმეა საკუთარი ცოდვების დანახვა, როგორც ზღვის ქვიშისა".
წყარო: https://k-istine.ru/sants/sants_ilunina.htm
მასალა რუსულიდან თარგმნა და მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2026 წ.
