კითხვა-პასუხი - ბიბლიაში არ არის სიტყვა "სამება". საიდან წარმოიშვა იგი? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
ბიბლიაში არ არის სიტყვა "სამება". საიდან წარმოიშვა იგი?
წმიდა სამება
ჩვენ შეგვიძლია შევიგრძნოთ ჩვენი სარწმუნოების სიმართლე, მაგრამ ყოველთვის როდი ძალგვიძს ურწმუნო ადამიანს განვუმარტოთ ან დავუმტკიცოთ მისი ჭეშმარიტება. ათეისტების გონივრული შეკითხვები ზოგჯერ ჩიხში ამწვდევენ ყველაზე გულწრფელ ქრისტიანებსაც კი. ამიტომ, მოდი გავერკვეთ ზოგიერთ რთულ საკითხში და იმაშიც, თუ როგორ უნდა ვუპასუხოთ ათეისტთა ყველაზე გავრცელებულ კითხვებს.
 
 
***
 
 
კითხვა: ის, რასაც თქვენ ამბობს იესუზე, ძალიან ბუნდოვნად გამოიყურება, - ერთი მხრივ, ის "მთლიანად და სრულიად ღმერთია", მეორე მხრივ - ეს არის ვიღაც ძალიან განსხვავებული ღმრთისგან, რომელიც მას ადამიანებთან აგზავნის. აქ, უკიდურეს შემთხვევაში, ჩნდება ორი ღმერთი - და ეს როგორ გავიგოთ?
 
წმიდა წერილის მოწმობები ადასტურებენ იმას, რომ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მამა არის ღმერთი, ღმრთის ძე - იესუ ქრისტე არის ღმერთი, და სულიწმიდაც ღმერთია. მათეს სახარების ბოლოში, როდესაც იესუ ხალხების მოსაქცევად აგზავნის თავის მოწაფეებს, მათ ავალებს მონათლონ ყველა ხალხი: "მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მთ. 28:19). არსებობს გავრცელებული ცდომილება, თითქოსდა ეს გვიანდელი ჩანამატია, მაგრამ ჩვენ გვაქვს თვით იესუ ქრისტეს დეტალური განმარტება, რომელიც მოცემულია იოანეს სახარებაში. იქ ვპოულობთ სამების პირთა შორის ურთიერთობის აღწერას. მამა იმყოფება ძეში და ძე მამაში:
 
"უთხრა მას იესუმ: რა ხანია თქვენთანა ვარ და ვერ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამაც იხილა; როგორღა ამბობ, მამა გვიჩვენეო? ნუთუ არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა - ჩემში. სიტყვებს, რომლებსაც გეუბნებით, ჩემით როდი გეუბნებით, არამედ ჩემში მყოფი მამა აკეთებს საქმეს. მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ, მამა კი - ჩემში; თუ არა და, ჩემს საქმეს მაინც ერწმუნეთ" (იოანე 14:9-11).
 
სულიწმიდა აღნიშნულია, როგორც პირი, რომელიც განსხვავდება მამისგან და ძისგან, ამავდროულად მსგავსია იესუსი ("სხვა ნუგეშინისმცემელი") და იმყოფება მასთან და მამასთან სრულყოფილ ერთობაში:
 
"ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, - ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება" (იოანე 14:16, 17).
 
სულიწმიდა გამოდის მამისგან და გვასწავლის და შეგვახსენებს იმას, რასაც ასწავლიდა იესუ:
 
"ხოლო ნუგეშისმცემელი, სული წმიდა, რომელსაც მამა მოავლენს ჩემი სახელით, გასწავლით და მოგაგონებთ ყველაფერს, რაც მე გითხარით" (იოანე 14:26).
 
წმიდა მოციქულთა საქმეებშიც სულიწმიდა განკარგულებას იძლევა საკუთარი სახელით:
 
"უფალს რომ მსახურებდნენ და მარხულობდნენ, უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმისათვის, რისთვისაც ვუხმე მათ" (საქმე 13:2).
 
ამ მოწმობათა საფუძველზე ეკლესიამ ჩამოაყალიბა სწავლება სამების შესახებ - ღმერთი თავისი არსით ერთია და სამპიროვანი (სამიპოსტასოვანი). ის არის მამა, ძე და სულიწმიდა. მამა სრულიად და მთლიანად ღმერთია, ძე მთლიანად და სრულიად ღმერთია, და სულიწმიდაც მთლიანად და სრულიად ღმერთია. ეს სამი ღმერთი კი არ არის - არამედ ერთი. ამავდროულად ეს არის არა ერთი პირი - არამედ სამი იპოსტასი.
 
სწავლება სამების შესახებ ჩვენი რწმენის ფუნდამენტია. ბიბლია ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ ღმერთი სიყვარულია. მრავალი ადამიანი იმეორებს ამ სიტყვებს, და არც კი იცის საიდანაა ის აღებული. მე შემხვედრია ტექსტები, რომლებშიც ის მიეწერებოდა ლევ ტოლსტოის ან რომელიმე ინდოელ გურუს. სინამდვილეში, ეს წმიდა მოციქულ იოანეს სიტყვებია.
 
თანაც ღმერთი სიყვარულია არა მხოლოდ ქვეყნიერებისადმი და მთელი სამყაროსადმი მისი სიყვარულით, - არამედ საკუთარი თავისადმიც, ქმნილებამდე და მისგან დამოუკიდებლად. მაგრამ სიყვარული - ეს პირადი დამოკიდებულებაა, სიყვარულს ყოველთვის ვიღაცა უყვარს, ვიღაცას გულისხმობს. სწავლება სამების შესახებ ამბობს, რომ ღმერთში ასეთი პიროვნული ურთიერთობები არსებობს. მამა, ძე და სულიწმიდა ქვეყნიერების შექმნამდე იმყოფებიან სრულყოფილ ურთიერთობაში, სიყვარულსა და ნეტარებაში.
 
 
მაგრამ იესუ არ დადიოდა და არ ამბობდა, რომ ის არის წმიდა სამების მეორე იპოსტასი, ეს სწავლება ეკლესიაში უფრო გვიან ჩნდება!
 
ცხადია, იესუ სახარებებში არ ქადაგებს მსოფლიო კრებათა ფორმულირებებს - სხვაგვარად ადამიანები, რომელთაც ის მიმართავდა, მას უბრალოდ ვერ გაუგებდნენ. მაგრამ არც კრებები ქმნიან რაიმე ახალ სწავლებას - ისინი მკაფიო ფორმებში მოსავენ რწმენას "ერთხელ რომ მიეცა წმიდათ" (იუდ. 1:3). ამგვარი მკაფიო ფორმულირებების საჭიროება გაჩნდა მწვალებელთა გამო, რომლებიც ცრუდ ასწავლიდნენ და ეკლესიის რწმენას ამახინჯებდნენ.
 
 
მაგრამ ბიბლიაში ხომ არ არის სიტყვა "სამება"...
 
სიტყვა "სამებას" ჩვენ ვიყენებთ როგორც შემოკლებას - რათა ყოველთვის არ ვთქვათ "მამა, ძე და სულიწმიდა". ამ უფრო გაშლილ გამონათქვამში სამება წერილში ნახსენებია: "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით" (მთ. 28:19) ან მოციქულთა მისალმება: "მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სული წმიდისა ყველა თქვენგანთან. ამინ" (2 კორინთ. 13:13).
 
 
მაგრამ განა სამების დოქტრინა ლოგიკური აბსურდი არ არის? სამი როგორ შეიძლება ერთი იყოს?!
 
პირიქით, სამების დოქტრინა სრულიად ლოგიკურია. ზოგჯერ ამბობსნ, რომ ღმერთი უფრო მაღლაა, ვიდრე ჩვენი წარმოდგენები ლოგიკაზე - მაგრამ ესეც შეცდომაა. ლოგიკა განეკუთვნება არა ღმერთს, არამედ ენას - და ლოგიკურად წინააღმდეგობრივი გამონათქვამები, ენობრივი გაგებით, უაზრო იქნებოდნენ. სწავლება სამების შესახებ კი არც უაზროა, და არც ლოგიკურ წინააღმდეგობას არ წარმოადგენს. განვიხილოთ ეს დეტალურად. ცხადია, სამი ერთს არ უდრის, რომ ღმერთი ერთია და ამავდროულად სამია ბუნებით, ან ის, რომ ღმერთი ერთსა და იმავე დროს წარმოადგენს ერთ პირსა და სამ პირს, მართლაც წინააღმდეგობრივი იქნებოდა.
 
მაგრამ ღმერთი ერთია არსებით, ხოლო სამებაა იპოსტასების მიხედვით - ანუ ჩვენ ღმრთის ერთადერთობას განვაკუთვნებთ მის ბუნებას, ხოლო სამებობას - მის პირებს (იპოსტასებს). მაგალითად, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ივანოვები - ერთი ოჯახია, ჩვენ ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავთ იმაში, რომ ის შედგება სამი ადამიანისგან. ცხადია, ოჯახის ანალოგია პირობითია - ივანოვები - ეს სამი განსხვავებული ადამიანია, ისინი ცალ-ცალკე შეიძლება არსებობდნენ - მაგრამ ის გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ არის შესაძლებელი რაღაცა ერთიც იყოს და ამავდროულად სამიც, და ამაში ლოგიკის არანაირი დარღვევა არ იქნება.
 
 
მაგრამ სამების შესახებ სწავლების გაგება შეუძლებელია - სამი პირი, ღმერთი კი ამ დროს არსებითად ერთია... ეს გონებასა და აზროვნებაში ვერ ეტევა.
 
ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა მნიშვნელობით გამოვიყენოთ სიტყვა "გაგება". ზოგჯერ ნიშნავს "ადამიანის თავში რაიმე სურათის დახატვას". მაგალითად, მე მესმის, როგორ მუშაობს შიდა წვავის ძრავი. მე დავინახე სურათი - დგუში, მუხლა ლილვი, ამძრავი - და ყველაფერი შემიძლია გავიხსენო. როდესაც ყოვლადწმიდა სამებაზე ვლაპარაკობთ, არ შეგვიძლია "საკუთარ თავში დავხატოთ სურათი". ნებისმიერი გამოსახულება, სიმბოლო და ხატება, რომელიც საეკლესიო ხელოვნებაში ჩამოყალიბდა, ღრმად სიმიბოლურ ხასიათს ატარებენ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავიმახსოვროთ სწორი დოგმატური ფორმულირებები - და მათ მივყვეთ იმ იმედით, რომ ჩვენი სულიერი და ინტელექტუალური ზრდის კვალობაზე ისინიც უფრო ცოცხალი შინაარსით შეივსებიან.
 
ამასთნავე "გაგებითობა" - ჭეშმარიტების კრიტერიუმი არ არის. მაგალითად, თანამედროვე კვანტურ ფიზიკაში არსებობს მთელი რიგი საგნები, რომლებიც მე არ მესმის - და რომლებიც ჩემთვის ჩემი გამოცდილების და საღ აზროვნებაზე ჩემი წარმოდგენების საწინააღმდეგოა. ერთხელ ჩემმა მეგობარმა ფიზიკოსმა ნახევარი საათი დაკარგა იმისთვის, რომ აეხსნა გეიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც რაც უფრო ზუსტად იზომება ნაწილაკის ერთი მახასიათებელი (მაგალითად, კოორდინატები), მით ნაკლებად ზუსტად იზომება მეორე (მაგალითად, იმპულსი). მეს ეს სისულელედ მომეჩვენა და დღემდე ასეა ჩემთვის. ჩემი აზრით, პირიქით უნდა იყოს - რაც უფრო კარგტად ვიცით ნაწილაკის იმპულსი, მით უფრო კარგად უნდა ვიცოდეთ მისი კოორდინატებიც! მე ვერ გავიგე გეიზენბერგის პრინციპი. მაგრამ ჩემი გაურკვევლობა ამ საკითხში არ მეტყველებს იმაზე, რომ ის არასწორია. მე მხოლოდ თავის დახრა და მორჩილება მმართებს, რომ დავეყრდნო ფიზიკაში კომპეტენტურ ადამიანებს, რომ მართლაც, აი ასე უცნაურად არის მოწყობილი კვანტური რეალობა.  
 
მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკური რეალობაა - რომელიც, ნებისმიერ შემთხვევაში, უფრო დაბალ დონეზე იმყოფება, ვიდრე ღმრთის რეალობა; და თუკი მე ღმრთის რეალობა არ მესმის, და თავში ვერ ვიტევ, თუკი მე ეს სიდიადე უბრალო, მარტივ და გასაგებ აღწერამდე ვერ დამყავს - ეს სრულიად ბუნებრივია ჩემთვის როგორც ღმრთის ბუნებისგან წარმოუდგენლად დაშორებული ქმნილებისთვის.

 
წყარო: https://foma.ru/v-biblii-net-slova-troitsa-otkuda-ono-proizoshlo.html

პუბლიკაცია მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2023 წ.
Назад к содержимому