სწავლანი > კითხვა-პასუხი
ცოდვაა თუ არა, არ იმკურნალო და ღმერთს მიენდო?
მკითხველის შეკითხვა:
გამარჯობა! შემიძლია თუ არა უარი ვთქვა მკურნალობაზე, რათა ავადმყოფობის შედეგად ვიტანჯო ჩემი ცოდვების გამო, როგორც ამას წმინდანები აკეთებდნენ? და თუ ამის გამო სიკვდილი დადგება, ჩაითვლება თუ არა ეს თვითმკვლელობად?
პასუხი: ღმერთმა გაკურთხოთ!
თქვენს სურვილს, იტანჯოთ, რათა ცოდვებისგან განიწმინდოთ, გარკვეული საფუძველი აქვს. წმინდა მამები მართლაც საუბრობდნენ მწუხარებისა და სნეულებათა მაცხოვნებელ მნიშვნელობაზე. მაგალითად, ღირსი იოანე სინელი წერდა: "სნეულებებს ღმერთი სულის ჯანმრთელობისთვის მოავლენს", ხოლო ეგნატე (ბრიანჩანინოვი) მათ "მწარე სამკურნალო წამლებს" უწოდებდა. თუმცა აქედან არ გამომდინარეობს, რომ მკურნალობა საჭირო არ არის. აი, მთავარი საკითხი, რომელსაც ხშირად მხედველობიდან უშვებენ:
ღმერთი კურნების წყაროა. წმინდა წერილში ნათქვამია: "პატივი მიაგე მკურნალს, ... რადგან უფალმა შექმნა იგი. უფალმა მიწისგან შექმნა წამლები და გონიერი კაცი არ უგულებელყოფს მათ" (სიბრძ. ზირ. 38:1-4). მაშასადამე, მედიცინაც ღვთის ნიჭია.
არსებობს განსხვავება მოთმინებით ჯვრის ტვირთვასა (როდესაც სნეულება არ იკურნება, მიუხედავად ლოცვისა და ექიმთა ძალისხმევისა) და, ხელოვნურად, დახმარებაზე უარის თქმით, საკუთარი თავისთვის ტანჯვის შექმნას შორის. მეორე უკვე ღვთის ნებისადმი მორჩილება კი არ არის, არამედ მისთვის საკუთარი ნების თავს მოხვევაა.
ეკლესია მკაფიოდ განასხვავებს შემთხვევებს, როდესაც ადამიანი იძულებულია იტანჯოს, და შემთხვევებს, როდესაც იგი სიკვდილს ირჩევს.
— განუკურნებელი სნეულების მოთმინებით გადატანა, მაშინაც კი, თუ მას სიკვდილი მოჰყვება, განიხილება როგორც ქრისტიანული ღვაწლი, მოწამეობა და სულის განწმენდა. "... ხორციელად ვნებული აღარა სცოდავს" (1 პეტ. 4:1-2).
— განკურნებადი სნეულების დროს მკურნალობაზე შეგნებული უარი "ტანჯვის მოსაგროვებლად", რასაც სიკვდილი მოჰყვება, შეიძლება თვითმკვლელობად შეფასდეს. ადამიანი შეგნებულად იკლებს სიცოცხლეს — ღვთის ნიჭს, რომლის განკარგვის უფლებაც მას არ აქვს.
არჩევანი ადამიანმა თავად უნდა გააკეთოს, მაგრამ ეს არჩევანი გონივრული და ფხიზელი უნდა იყოს. თუ ადამიანი მკურნალობაზე უარს ამბობს, აცნობიერებს, რომ მოკვდება და ეს სურს (თუნდაც კეთილმოსურნე საბაბით — "ვიტანჯო"), იგი საკუთარ თავზე იღებს ღვთის ფუნქციას და თავად წყვეტს, როდის უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან.
დიახ, წმინდანთა ცხოვრებაში გვხვდება მოღვაწეთა მაგალითები, რომლებიც უარს ამბობდნენ ექიმთა დახმარებაზე და მთლიანად ღმერთს სასოებდნენ. მაგრამ აქ აუცილებელია, კონტექსტს დავაკვირდეთ:
— მათი მიზანი არ ყოფილა "ტანჯვის დაგროვება", როგორც თვითმიზანი, არამედ საკუთარი ნების სრული მოკვეთა და ღვთის ხელთ თავის მიცემა. ისინი მზად იყვნენ ღვთისგან მიეღოთ როგორც განკურნება, ისე სიკვდილი. თქვენს შემთხვევაში კი მიზანი წინასწარ განსაზღვრული შედეგის მიღწევაა ("ცოდვების ჩამოწერა"), ანუ აქ ღმერთთან ერთგვარი გარიგების ელემენტი იკვეთება.
თუ ავად ხარ, იფიქრე: ესე იგი, მე სნეულება მჭირდება, თორემ ღმერთი მას არ მომივლენდა. ასე შენარჩუნდება მშვიდობა სულსა და სხეულში.
საკვანძო სიტყვა აქ არის "მშვიდობა". თუ მკურნალობაზე უარის თქმას სიამაყე ("მე თვითონ ვცხონდები ტანჯვით"), სასოწარკვეთა ან სულმოკლეობა განაპირობებს, ეს უკვე ქრისტიანული გზა აღარ არის.
თქვენი იდეა — "ვიტანჯო, რათა ცოდვები ჩამომეწეროს" — სახიფათო სულიერი თამაშია. ქრისტიანობა არც მაგიაა და არც ღმერთთან სავაჭრო-ფულადი ურთიერთობა. ცოდვებისგან განწმენდა სინანულითა და ცხოვრების შეცვლით ხდება და არა ტანჯვის მექანიკური გადატანით. განუკურნებელი სნეულებით გამოწვეული სიკვდილი, რომლის თავიდან აცილებაც შეგეძლოთ, მართლაც შეიძლება თვითმკვლელობას გაუტოლდეს, რადგან შეგნებულად მიდიხართ სიკვდილისკენ.
თვითმკვლელობა კი, ეკლესიის სწავლების თანახმად, უმძიმესი ცოდვაა — საკუთარი თავისთვის ღვთის უდიდესი ნიჭის, სიცოცხლის წართმევაა; ამასთან, იგი ადამიანს ეკლესიური წესით წესის აგებისა და მოხსენიების შესაძლებლობასაც ართმევს.
სნეულებისადმი სწორი დამოკიდებულება გულისხმობს ლოცვას, სინანულს, ექიმებისთვის (როგორც ღვთითბოძებულ შემწეთადმი) მიმართვას და ღვთის ნების მორჩილებით მიღებას, როგორიც უნდა იყოს იგი. მხოლოდ ამ გზას მივყავართ სულის განწმენდისკენ.
ღმერთი შეგეწიოთ განკურნებაში! გისურვებთ ჯანმრთელობას!
წყარო: foma.ru
მასალა ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
