სწავლანი > კითხვა-პასუხი
ისჯებიან თუ არა შთამომავლები წინაპართა ცოდვების გამო - რას ამბობს ბიბლია?
აღსარების წინ, ყოველ მორწმუნე ადამიანს ესმის მღვდლის მიერ წარმოთქმული სიტყვები: "შენ თქვი უფალო: არ მსურს ბოროტეულის სიკვდილი, არამედ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან, რომ იცოცხლოს"...
ასევე ძილის წინ ქრისტიანები ლოცულობენ სინანულის ლოცვებს ლოცვანებიდან:
მაგრამ ბევრმა არ უწყის, რომ ამ სიტყვების თქმა ისრაელისთვის ღმერთმა დაავალა წინასწარმეტყველ ეზეკიელს:
"უთხარი მათ: ცოცხალიმც ვარ, ამბობს უფალი ღმერთი! არ მნებავს ბოროტეულის სიკვდილი, არამედ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა მნებავს! მოიქეცით, მოიქეცით თქვენი გზიდან, ბოროტეულნო! რისთვის უნდა დაიხოცოთ, ისრაელის სახლო!" (ეზეკ. 33:11).
ამ აზრს წინასწარმეტყველი ეზეკიელის მრავალგზის იმეორებს.
წინასწარმეტყველი ასევე ღმრთის სახელით მოწმობს, რომ ბავშვები (შთამომავლობა) პასუხს არ აგებს თავის მშობელთა (წინაპართა) ცოდვებისთვის:
"იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: ეს რა ანდაზა გაქვთ, ისრაელის მიწაზე რომ ამბობთ: "მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო?" ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ ვინმემ თქვას ამიერიდან ეს ანდაზა თქვენს შორის ისრაელში! აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის სული მე მეკუთვნის; ოღონდ ცოდვილი სული უნდა მოკვდეს" (ეზეკ. 18:1-4).
არცთუ იშვიათად მორწმუნე და გაეკლესიურებული ადამიანები ამტკიცებენ, რომ თითქოსდა ბავშვები იტანჯებიან, ავად ხდებიან და მეტიც, კვდებიან, რადგან მათ აწევთ თავიანთი მშობლების ან უფრო შორეული წინაპრების ცოდვები.
სინამდვილეში ყოველი ადამიანზე მოიწევა სასჯელი მხოლოდ საკუთარ ცოდვებისთვის და ის იტანჯება ამ შეცოდებათა გამო, ხოლო ღმერთი წინასწარმეტყველის პირით ამხილებს მტკიცებულებას, თითქოსდა ბავშვები მშობელთა ცოდვების გამო ისჯებოდნენ:
"თქვენ იტყვით: რატომ არ ისჯება შვილი მამის დანაშაულისთვისო? თუ შვილი სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცავს ჩემს წესებს და ასრულებს მათ, ჭეშმარიტად იცოცხლებს! ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება" (ეზეკ. 18:19-20).
სხვა საქმეა, როდესაც ბავშვები იბადებიან ცოდვილ ადამიანთა ოჯახებში, როდესაც, რა თქმა უნდა, ისინი ცხონებისთვის ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში ცხოვრობენ, და მათ გარშემო შექმნილია ცუდი სულიერი გარემო, ვიდრე მართალთა შვილებისთვის.
ცოდვილი გარემო უეჭველად ზემოქმედებს ბავშვთა სულებზე, მაგრამ ის აბსოლუტური და უმთავრესი ფაქტორი არ არის იმისთვის, რომ დათრგუნოს ადამიანის თავისუფალი ნება.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი ლოთების ან ნარკომანების ოჯახში ბავშვი დაიბადება, მისთვის ძნელი შეიქნება ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნება.
მაგრამ ბავშვზე რჩება მისი თავისუფლება, რომელსაც მას ვერავინ წაართმევს, და აუცილებელი არ არის ასეთი ბავშვი ლოთი ან ნარკომანი გაიზარდოს.
თუკი ეს ადამიანი თავს შეიკავებს ალკოჰოლისგან და გადალახავს საცდურებს, ის ღმერთისთვის უფრო მაღალი იქნება, ვიდრე არამსმელი კაცი, რომელიც ფხიზელთა და წესიერად მცხოვრებთა ოჯახში დაიბადა და გაიზარდა.
ცოდვილთა შორის ძნელია მართლად ყოფნა, მაგრამ ამისი შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს. რწმენისა და ღვთისმოსაობის ასეთ მაგალითებს ჩვენ წმინდანთა ცხოვრებაში ვხვდებით, კერძოდ, დიდმოწამე ბარბარასა და ღირ. ანთისას მამები ცოდვილი და უკეთური ადამიანები იყვნენ.
ამასთან დაკავშირებით იბადება კითხვები:
1. როგორ უნდა დავრჩეთ ღმრთის ერთგულნი ცოდვისა და ვნებების გარემოცვაში?
2. როგორ შევიძულოთ ეს გარყვნილი ქვეყნიერება და შევიყვაროთ ღმერთი?
3. როგორ არ მივეცეთ საცდურებს და ვიცხოვროთ ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებით?
პასუხები ამ კითხვებზე წმიდა მამათა და საეკლესიო მწერალთა თხზულებებშიც შეგვიძლია ვნახოთ, მაგრამ მოცემულ სტატიაში გვსურს გამოვყოთ, თუ რას ამბობს თვით უფალი წინასწარმეტყველ ეზეკიელის პირით:
"ჩამძახა ყურში მაღალი ხმით და მითხრა: მოუახლოვდნენ შურისმგებელნი ქალაქს, თითოეული თავისი დამღუპველი იარაღით ხელში! აჰა, ექვსი კაცი მოდის ზემო კარიბჭის გზით, ჩრდილოეთისკენ რომ არის მიქცეული, და თითოეულს ხელში თავისი შემმუსვრელი იარაღი უჭირავს; ერთი მათგანი სელით არის შემოსილი და მწერლის სამელნე აქვს წელზე. მოვიდნენ და დადგნენ რვალის სამსხვერპლოსთან. ისრაელის ღვთის დიდება ასცილდა ქერუბიმს, რომელზედაც იყო ის, და გაემართა ტაძრის ზღურბლისკენ; მოუწოდა სელით შემოსილ კაცს, რომელსაც მწერლის სამელნე ჰქონდა წელზე. უთხრა მას უფალმა: ჩაიარე ქალაქში, იერუსალიმში, და ნიშანი დაადე შუბლზე იმ ხალხს, რომელიც კვნესის და მოთქვამს იქ ჩადენილ სისაძაგლეთა გამო. სხვებს უთხრა ჩემს გასაგონად: მოიარეთ ქალაქი მათ კვალზე და მუსრეთ, ნუ შეიბრალებს თქვენი თვალი და ნუ დაინდობთ. მოხუცი და ჭაბუკი, ქალწული, ბავშვები და ქალები სრულიად ამოხოცეთ; ვისაც ნიშანი ადევს, ხელი არ ახლოთ. ჩემი საწმიდარიდან დაიწყეთ. მათაც დაიწყეს ტაძრის წინ მყოფი უხუცესებიდან" (Иез.9:1-6).
ეს სიტყვები ეხება არა მარტო იერუსალიმის მცხოვრებთ, რომლებიც ნაბუქოდონოსორის ჯარების მიერ გარშემორტყმულნი იყვნენ, არამედ ყველა ადამიანს, რომელიც ამ გარყვნილ ქვეყნიერებაში ცხოვრობს, როგორც ნათქვამია:
"ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში. ვინაიდან ამ ქვეყნად ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის. ეს ქვეყანაც გარდავა და მისი გულისთქმაც, ღვთის ნებისმყოფელი კი წარუვალია უკუნისამდე" (1 ინ. 2:15-17).
ის ვითარება იერუსალიმში და მის მკვიდრთა ცხოვრებისეული წესი, რომლებიც თაყვანს სცემდნენ კერპებს და რასაც გინდა ირწმუნებდნენ, ოღონდ არა ჭეშმარიტი ღმრთისას, ნათლად აჩვენებს, რაოდენ რთუილა მორწმუნე ადამიანებმა იცხოვრონ ურწმუნოთა შორის, რომლებიც უსმენენ ცრუწინასწარმეტყველთ, ჯადოქრებს, მოგვებს, ოღონდ არა ჭეშმარიტი ღმრთის ჭეშმარიტ წინასწარმეტყველს.
ფსალმუნში ნათქვამია:
"ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა" (ფსალმ. 1:1).
1. მაგრამ, რა უნდა ვქნათ, როდესაც უკეთურები ყველგან არიან და მათგან განშორების შესაძლებლობა არ არსებობს?
2. რა უნდა ვქნათ, როდესაც შენს ირგვლივ ცოდვა და გარყვნილება მეფობს, და შესაძლებლობა არ არის თავი თუნდაც მონასტერს შეაფარო?
ამ კითხვებზე უფალი წინასწარმეტყველ ეზეკიელის პირით პასუხობს: თუკი ადამიანი სულიერად უძლურია მას არ ეყოფა გამბედაობა და ნება წინააღმდეგობა გაუწიოს მის გარემომცველ უღმრთოებას, ძალადობას, გარყვნილებას, სიცრუეს..., მაგგრამ თუ ის მხოლოდ ოხრავს და გლოვობს ამ ცოდვატა გამო, რომელსაც მის ირგვლივ ხედავს, ღმერთი მას თავისი მადლის გარეშე არ დატოვებს.
აშკარაა, რომ ნეტარ არიან ის ადამიანები, ვისაც ღმრთისგან ქრისტიანული ქადაგების ნიჭი და თავისი რწმენის დაცვის მოწოდება გააჩნია, მაგრამ მრავალს ასეთი მადლი არა აქვს.
არიან სულიერად უძლური, მცირედმორწმუნე ადამიანები, როგორც თავის დროზე მოციქული თომა იყო, მაგრამ თუკი ადამიანი გონებით და გულით უარყოფს ამ წუთისოფლის ყოველგვარ სისაძაგლეს, და თუნდაც შინაგანად არ ეთანხმება მას და წუხს ყოველგვარ უკეთურებაზე, მაშინ ასეთი ადამიანი, როგორც თვით უფალი წინასწარმეტყველის პირით მოწმობს, ღმრთის მოწყალებას არ მოაკლდება.
მასალა მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით. 2025.