სწავლანი > კითხვა-პასუხი
მივყავართ თუ არა ერთ ღმერთთან ყველა რელიგიას?
1. რელიგიათა სიმრავლე, რომელსაც მთელ მსოფლიოში აღიარებენ ადამიანები, - ეს გახლავთ ცოდვით დაცემისა და ადამიანური თავისუფლების შენაკრები.
2. განუდგა რა ღმერთს, ადამიანმა დაკარგა ღმრთის ხილვის შესაძლებლობა, რის შემდეგაც მან თანდათანობით დაივიწყა როგორი არის ღმერთი. ღმრთის ხატება ადამიანის შეგნებაში დროთა განმავლობაში იქამდე შეიცვალა, რომ მრავალღმერთობასა და ადამიანთა მსხვერპლშეწირვაში გადაიზარდა.
3. რადგან ღმერთი სულია (ინ. 4:24), ღმრთისგან განდგომილ და სულიერად დაბრმავებულ ადამიანებს არ შეეძლოთ და არც ახლა შეუძლიათ უშეცდომოდ, საკუთარი მცდელობით "იპოვონ" თავიანთი შემოქმედი.
4. ამიტომ, თვით ღმერთმა მიუთითა დაბნეულ ადამიანებს, თუ სად არის ჭეშმარიტება: "უთხრა მას იესუმ: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ" (ინ. 14:6).
5. ქვეყნად მოსულმა ღმერთმა მის მიმღებთ უთხრა: "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით; ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ" (მთ. 28:19-20).
6. ზოგიერთ რელიგიაში შემორჩენილია ღმრთის შემეცნების უმცირესი მარცვლები, მაგრამ მხოლოდ ქრისტიანობა ლაპარაკობს მაცხოვარზე, რომელიც უბრალოდ ტანჯვისგან ჩვენს გათავისუფლებას კი არ ეძებს, არამედ ჯვარზე თავისი სიკვდილით გამოისყიდა ჩვენი ცოდვები, და აღგვითქვა მკვდრეთით აღდგომა და მარადიული სიცოცხლე.
7. აზრი იმის შესახებ, რომ თითქოსდა ყველა რელიგიას ერთ ღმერთთან მივყავართ, თითქმის ყოველთვის გამოითქმებოდა ადამიანთა მიერ, რომლებიც არც ერთ რელიგიას არ განეკუთვნებოდნენ - სიბნელეში, როგორც ცნობილია, ყველა კატა შავია.
8. ყველა რელიგიას არ მივყავართ ერთ ღმერთთან - არამედ მხოლოდ იმას, ვინც მისკენ ჭეშმარიტ გზას უთითებს (მართლმადიდებლური ქრისტიანობა); ზოგიერთი რელიგია არა მარტო პრეტენზიას აცხადებს ჭეშმარიტი გზის ცოდნაზე ღმრთისკენ, არამედ უარყოფს კიდეც თვით ერთი, პიროვნული ღმერთის არსებობას. ასეთია, მაგალითად, ბუდიზმი.
9. ზოგიერთი ადამიანისთვის აშკარაც რომ იყოს ერთი, პიროვნული ღმერთის არსებობის ფაქტი, აქედან მაინც არ გამოდის, რომ მათ იციან ღმერთის შესახებ (ანუ სწორად აქვთ შემეცნებული ღმერთი და აქვთ მასთან პიროვნული, სულიერ-მადლისმიერი ურთიერთობის გამოცდილება) და სწორად თაყვანსსცემენ მას.
10. ზოგჯერ ამბობენ, "არა აქვს მნიშვნელობა, როგორ სწამს ღმერთი ადამიანს, მთავარია, თავად ეს ადამიანი იყოს კეთილი". მაგრამ სად არის "სიკეთის" კრიტერიუმი? ერთ ლოთს კარგ ადამიანად თავისი თანამებოთლე და მისნაირად ლოთი მეგობარი მიაჩნია, მის ოჯახს კი სულ სხვა აზრი აქვს ამასთან დაკავშირებით.
11. ცოდვილის სინდისი არ შეიძლება სანდო შემწე იყოს ჭეშმარიტი რელიგიის არჩევის საქმეში. თვით იესუ ქრისტე ამბობდა: "აჰა, მოდის დრო, როცა თქვენს ყველა მკვლელს ეგონება, რომ ამით ემსახურება ღმერთს. ამას იზამენ იმიტომ, რომ ვერც მამა იცნეს და ვერც მე" (ინ. 16:2-3).
12. კითხვაზე: "რა უნდა ვქნათ, რომ აღვასრულოთ ღმერთის საქმენი"? (ინ. 6:28) იესუ ქრისტემ უპასუხა: "მიუგო იესომ და უთხრა მათ: ღმერთის საქმე ისაა, რომ იწამოთ მის მიერ მოვლინებული" (ინ. 6:29).
13. ყველა რელიგიისთვის ერთიანი ღმერთის იდეის მომხრეებს უყვართ იესუ ქრისტეს ციტირება, რომელიც მოუწოდებს არ განიკითხონ ისინი, ვისაც სხვაგვარად სწამს, მაგრამ ივიწყებენ, რომ მაცხოვარი ამატებდა: "იმის მიხედვით ნუკი სჯით, რაც გეჩვენებათ, არამედ მართალი მსჯავრით განსაჯეთ" (ინ. 7:24).
14. იესუ ქრისტე ლაპარაკობდა არა იმის შესახებ, რომ ყველა რელიგიას მივყავართ ერთ ღმერთთან, არამედ ყველას მოუწოდებდა მიეღოთ რწმენა და ნათლისღება მამის, ძის და სულიწმიდის სახელით (მთ. 28:19), ხოლო თუ ვინმე "არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში" (ინ. 3:5).
15. თვით უფალმა თქვა: "ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება" (მკ. 16:16). მილიონობით იუდეველი, მუსლიმი, ბუდისტი და სხვები ამას არ აკეთებენ.
16. მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი თეორიული ცოდნა ღმერთზე და ჭეშმარიტი რწმენის პოზიციები, არამედ პრაქტიკული, გამოცდილებითი ცხოვრება; მნიშვნელოვანია ისიც, რათა ღმერთმაც "გვიცნოს" ჩვენ: "ხოლო ღვთის მტკიცე საფუძველი დგას და აქვს ეს ბეჭედი: ""იცის უფალმა, ვინაა მისი", და: "განუდგეს უსამართლობას ყველა, ვინც აღიარებს უფლის სახელს"" (2 ტიმ. 2:19). ღმრთისთვის მისიანია ყველა, ვისშიც ის ხედავს თავის ძეს, რომელიც მათ ცხოვრებაში შევიდა საეკლესიო საიდუმლოებათა მეშვეობით.
წყარო: https://azbyka.ru/1/religii
მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025 წ.