Перейти к контенту

კითხვა-პასუხი - რატომ ადარებს ქრისტე საკუთარ თავს ცხვართა ფარეხის კარს? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რატომ ადარებს ქრისტე საკუთარ თავს ცხვართა ფარეხის კარს?
სოდომისა და გომორას განადგურება
სახარებაში ქრისტე არაერთხელ უბრუნდება მწყემსისა და ცხვრების თემას. ხოლო ერთ-ერთ იგავში ამ თემის შესახებ საინტერესო შედარებასაც აკეთებს: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი. ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია. მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი. ხოლო როცა გამოიყვანს, წინ მიუძღვის თავის ცხვრებს, და ისინიც მისდევენ, ვინაიდან იცნობენ მის ხმას" (ინ. 10:1-4).
 
და როდესაც მისმა მოწაფეებმა ვერ გაიგეს იგავის არსი, ის კვლავ განმარტავს: "მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს" (ინ. 10:9).
 
რატომ უწოდებს ქრისტე თავის თავს "კარს" "მწყემსისა და ცხვრების" ალეგორიაში? და რატომ უსვამს ხაზს იმას, რომ მისი მეშვეობით ადამიანი შევა და გამოვა?
 
პასუხი ძველი იუდეის მეცხვარეობის თავისებურებებშია.
 
მყარი ქვიანი ნიადაგის გამო, ამ ქვეყანაში მეცხვარეობა ბევრად უკეთ იყო განვითარებული, ვიდრე მიწათმოქმედება. მწყემსთა შრომა ადვილი არ იყო: საძოვრების ძიებაში ისინი ფარასთან ერთად მუდმივად უნდა გადაადგილებულიყვნენ ადგილიდან ადგილზე და ფხიზლად დარაჯობდნენ საკუთარ ფარას. მწყემსი ცხვრებს ველური მხეცებისა და ყაჩაღებისგან იცავდა და აკვირდებოდა, რათა არცერთი ცხვარი არ ჩამორჩენოდა ფარას და არ დაშავებულიყო.
 
პალესტინაში ცხვრებს ძირითადად მატყლის გამო ამრავლებდნენ. ამიტომ მწყემსისა და ცხვრებს შორის ურთიერთობა სრულიად განსაკუთრებული იყო: მაგალითად, თითოეულს თავისი სახელი ჰქონდა, რომელზეც ის პასუხობდა. ბრიტანელი ჟურნალისტი ჰენრი მორტონი, რომელმაც გასული საუკუნის 30-იან წლებში გამოსცა ბესტსელერების სერია წმიდა მიწაზე მოგზაურობის შესახებ, ისრაელელ მწყემსებზე დაკვირვების შესახებ წერდა: "ზოგჯერ ის მათ ხმამაღალი, გალობისებრ გაწელილი ხმით ესაუბრება, იყენებს რა უცნაურ ენას, რომელიც ცხოვრებაში არასდროს მსმენია..." სწორედ ასეთ "ხმაზე" საუბრობს ქრისტე თავის იგავში: "ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი".
 
წმიდა მამათა სიტყვებით, ეს ხმა, რომელიც წმიდა წერილის სიტყვებში ჟღერს, ციური მწყემსის ერთ-ერთი ნიშანია, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია გამოვარჩიოთ იგი "მპარავებისა და ყაჩაღებისგან", ანუ ცრუმოძღვრებისგან.
 
ზოგჯერ, თუ ფარა შორს ადიოდა მთებში, ცხვრები ღამეს სადგომებში, უშუალოდ ბორცვების ფერდობებზე ათევდნენ. ასეთი სადგომები ღია ცის ქვეშ იდგა და მხოლოდ კედლით იყო დაცული, რომელშიც ხვრელი იყო, საიდანაც ცხვრებს შესვლა და გამოსვლა შეეძლოთ.
 
საინტერესო ფაქტი, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის დღეს სახარების მკითხველთაგან: სწორედ ამ ხვრელთან წვებოდა მწყემსი და ამგვარად თავად იქცეოდა "კარად". ცხვარი ვერც გავიდოდა და ვერც შევიდოდა სადგომში, მწყემსზე გადაბიჯების გარეშე. ხოლო კარის შემოვლა და ღობეზე გადაძრომა შეეძლო მხოლოდ მპარავს ან ყაჩაღს, რომელსაც ბოროტი ჰქონდა განზრახული. ამიტომაც უწოდებს იესუ თავის თავს "კარს", რომლის გავლითაც აუცილებელია გასვლა, რათა მივაღწიოთ ცათა სასუფეველს.
 
ქრისტიანი მოძღვრები ასე განმარტავენ ქრისტეს სიტყვებს: "დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ, ქრისტეს ცხვრებს, ერთი გზა და ერთი კარი გაქვთ ღვთის სასუფეველში. ეს კარი - თვით ჩვენი უფალი იესუ ქრისტეა. სხვა არცერთ კარში არ შეხვიდეთ, ყოველთვის გაეცალეთ უცხო ზღუდეებს, ქრისტეს ზღუდეში, მისი სიყვარულისა და მისი მზრუნველობის ზღუდეში იცხოვრეთ".
 
ქრისტე ასევე ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ამ კარის გავლით ადამიანი "შევა და გამოვა, და საძოვარს ჰპოვებს". სიტყვაში "საძოვარი", რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ქორფა მდელოს ნიშნავს, იესუ გულისხმობს ცათა სასუფევლის ნეტარებას, რომელსაც "ქრისტეს კარით" შესული ადამიანები მოიპოვებენ. ხოლო როცა ამბობს, რომ ადამიანს შეუძლია "შესვლა და გამოსვლა", უფალი მსმენელ იუდეველებს მათ ერში გავრცელებულ ცნობილ გამონათქვამს ახსენებს. წმიდა წერილში ეს გამონათქვამი გამოიყენება მაშინ, როდესაც საუბარია თავისუფლების მქონე და სრულ სიმშვიდესა და უსაფრთხოებაში მყოფ ადამიანზე. მაგალითად, ძველ აღთქმაში ბავშვები მოხსენიებულნი არიან როგორც ისინი, ვისაც ჯერაც არ ძალუძთ შესვლა და გამოსვლა: "უასაკო ყმაწვილი ვარ და არ ვიცი გამოსვლა და შესვლა" (3 მეფ. 3:7).
 
ამრიგად, ყოველი, ვინც იესუ ქრისტეს კარით შედის, მოიპოვებს სულიერ "საძოვარს" — თავისუფლებას, მშვიდობას, სიმშვიდესა და უსაფრთხოებას.


პუბლიკაცია მართლმადიდებლურ .წყაროებზე. დაყრდნობით მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2026 წ.
Назад к содержимому