Перейти к контенту

კითხვა-პასუხი - რატომ ამბობს ეკლესია, რომ ადამიანს საკუთარი თავის ცხონება არ შეუძლია? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რატომ ამბობს ეკლესია, რომ ადამიანს საკუთარი თავის ცხონება არ შეუძლია?
სოდომისა და გომორას განადგურება
ადამიანს საკუთარი ძალისხმევით ცხონება არ ძალუძს, მას მაცხოვარი სჭირდება - ეს აზრი ხშირად გაისმის საეკლესიო ქადაგებებში. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ეკლესიას ადამიანის, მისი საკუთარი ძალების არ სჯერა?
 
"შენ შეძლებ", "შენ აუცილებლად გამოგივა", "გჯეროდეს საკუთარი თავის" - ეს ფრაზები ხშირად გვესმის მშობლებისგან, მასწავლებლებისგან, მწვრთნელებისგან და სხვა. მათ მართლაც შეუძლიათ ჩვენი შეწევნა, როდესაც საჭიროა სულიერი ძალების მოკრება, კონცენტრირება და რაღაც მნიშვნელოვანისა და საპასუხისმგებლოს გაკეთება. ასი მეტრის გაცურვა, მნიშვნელოვანი და რთული პიესის შესრულება მუსიკალურ სკოლაში, რაიმე თხზულების დაწერა სახელმწიფო გამოცდებზე, ჩვენი უმრავლესობისთვის ასე თუ ისე მოგვარებადი ამოცანებია, უბრალოდ, ზოგჯერ საკუთარი თავისა და ძალებისადმი რწმენა არ გვყოფნის, რის გამოც ძნელად ვიღებთ რაიმე გადაწყვეტილებას. და მაშინ საჭიროა ვინმემ მხარზე ხელი შემოგიტყლაპუნოს და გითხრას: "ნუ დგეხარ, შენ ეს შეგიძლია".
 
და პირიქით: წარმოიდგინეთ, რა იქნება, თუკი ადამიანი გადაწყვეტს მდინარის გადაცურვას, მიაღწევს კიდეც შუა მდინარემდე, რომ უეცრად ვიღაც ნაპირიდან უყვირის: "რას აკეთებ, საითკენ გაცურე, ძალები არ გეყოფა!" ადამიანს შეიძლება მართლაც შეეშინდეს და ჩაძირვა დაიწყოს, თანაც შესაძლოა ნაპირამდე მიღწევის ძალა საკმარისად ჰქონდეს.
 
მაგრამ, რა იქნება მაშინ, თუკი ლაპარაკია არა მდინარეზე, არამედ უზარმაზარ ზღვაზე? რა იქნება, თუკი ადამიანმა ნაპირიდან შორს კატასტროფა განიცადა და ზღვის ან ოკეანის თვალუწვდენელ სივრცეში ვიწრო ნავში აღმოჩნდა და არ იცის, რომელ მხარეს გაეშუროს? განა არ შეიგრძნობს მაშინ გარეშეთა დახმარების აუცილებლობას?
 
ჩვენ გვრჩება მხოლოდ გადავწყვიტოთ, რომელ ვითარებაში ვიმყოფებით. რას ვებრძვით - მდინარის მდორე დინებას თუ ოკეანის სიმძლავრეს, რომლის გადალახვა არ შეგვიძლია? რამდენად შორსაა ნაპირი, რომლისკენაც მივდივართ?

 
თეზისი პირველი:
 
"გამოსწორება უკეთესობისკენ" - სულაც არ არის ის, რასაც გულისხმობს ცხონება
 
 
ქრისტიანული თვალსაზრისით, ის ვითარება, რომელშიც თითოეული ჩვენთაგანი თავის მიწიერ ცხოვრებაში იმყოფება, უფრო აბობოქრებულ ოკეანეს წააგავს, ვიდრე მდორედ მიმავალ მდინარეს.
 
ამისი მიზეზი არის მოვლენა, რომელიც კაცობრიობის ისტორიის განთიადზე მოხდა და, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მისი მსვლელობა. ეს მოხდა სამოთხის ბაღში, სადაც ღმერთმა პირველქმნილი ადამი და მისი ცოლი მოათავსა. დაბადების წიგნში (ბიბლიის უპირველესი წიგნი) ნათქვამია, რომ უფალმა ნება დართო მათ ეჭამათ ყველა ხის ნაყოფისგან, გარდა ერთისა: მათ კატეგორიულად აეკრძალათ სიკეთისა და ბოროტების ხის ნაყოფის შეცნობა. ეს აკრძალვა მათ სიკვდილის შიშით მიეცათ: "მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით" (დაბ. 2:17). მიუხედავად ამისა ცოლმა, მის კვალობაზე კი ადამმაც ეს მცნება დაარღვიეს.
 
სატანამ, დაცემულმა ანგელოზმა, რომელიც გველის სახით შევიდა სამოთხეში, ქალს შთააგონა, თითქოსდა ღმერთმა ადამიანებს სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფის ჭამა იმიტომ აუკრძალა, რომ მათ, როგორც კი შეჭამდნენ, თვალი აეხილებოდათ და "ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი" გახდებოდნენ (დაბ. 3:5). სატანას სურდა ადამიანებში ღმრთისადმი უნდობლობა დაეთესა, უგუნური ეჭვი, თითქოსდა მას, ვინც ისინი შექმნა, არ სურდა მათთვის ნამდვილი სიკეთის მინიჭება. სამწუხაროდ, სატანამ თავისას მიაღწია. ქალმა დაუჯერა საკუთარ შემოქმედზე წარმოთქმულ ცილისწამებას და სატანას მიენდო. მის მაგალითს მიჰყვა ადამიც. ხოლო, როდესაც უფალმა ადამიანებს სინანული შესთავაზა (და არა ერთხელ და ორჯერ), არც ადამი და არც მისი ცოლი ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ.
 
შედეგად პირველმა ადამიანებმა საკუთარი თავი სამოთხის გარეთ დააყენეს, რადგან სამოთხეში მათი ყოფნა, ღმრთისგან მოწყვეტის გამო, უკვე წარმოუდგენელი იყო. ბიბლიის ხატოვან ენაზე ეს მოვლენა ადამიანების სამოთხიდან განდევნად იწოდება, ხოლო მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების ენაზე - ცოდვით დაცემად და ადამიანური ბუნების რადიკალურ დაზიანებად.
 
ადამიანში ყველაფერი ტრაგიკულად დაზიანდა, ყველაფერი გადმოყირავდა - და ასე გადმოყირავებული დარჩა, რადგან თითოეული ჩვენთაგანი გენეტიკურად არის დაკავშირებული ადამთან და ევასთან, როგორც პირველმშობლებთან (თუნდაც ძალიან შორეულთან). სწორედ ამ დაზიანებულობის გამო ყოველ ადამიანს უწევს გიგანტური ძალისხმევის გაღება, რათა აღასრულოს ერთი შეხედვით უმარტივესი მცნება: "გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით... და გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი" (მთ. 22:37, 39). ერთთანაც და მეორესთანაც უამრავი პრობლემა გვიჩნდება. ღმერთი ჩვენთვის უხილავია, ვიღაცას მის არსებობაში ეჭვიც კი ეპარება - როგორ უნდა გიყვარდეს იგი? ხოლო მოყვასთან მიმართებაში ხშირად გვიჩნდება სპონტანური გაღიზიანებები, განკითხვა, წყენა, შური, ამიტომ მისი საკუთარი თავივით შეყვარება - კეთილი, გულწრფელი მცდელობით გაუგო მას, და მიუტევო გგრკვეული მისი ცოდვები - ზოგჯერ შეუძლებელი ხდება...
 
არის კიდევ ერთი გიგანტური პრობლემა, რომელიც ადამისა და ევას სამოთხიდან განდევნის დროიდან დღემდე დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ჩვენზე - ეს ჩვენი მოკვდავობაა. უფალმა თავიდანვე გააფრთხილა ადამიანი: თუკი დროზე ადრე იგემებ ბოროტებას - სიკვდილით მოკვდები; და ამ გაფრთხილებამ არა მარტო ადამსა და ევაზე იმუშავა. თითოეული ჩვენგანი ლამის დაბადებიდანვე ადგება თავის გზას სიკვდილისკენ. ვიღაცა მას სამოცდაათ წელში გადის, ვიღაც ორმოც წელიწადში, ხოლო ვიღაც სულ რამოდენიმე დღეში, მაგრამ რამდენიც გინდ იცხოვრო ამ ქვეყანაზე, მარადისობასთან შედარებით ეს სულ ერთი წამია.
 
ყველაზე საუკეთესო ექიმიც კი, როგორც გინდ ჯილდო ან თანხა შეჰპირდე მას, ვერ გაათავისუფლებს ადამიანს მისი ხვედრი სიკვდილისგან. როდესაც ცხონებაზე ვლაპარაკობთ, ქრისტიანებს უპირველეს ყოვლისა მხედველობაში გვაქვს ეს ორი გლობალური პრობლემა.
 
ჯერ-ერთი, ადამიანისთვის შეუძლებელია "გამოასწოროს" თავისი დაცემული, გაფუჭებული ბუნება, როდესაც "კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს" (7:19). ვცხოვრობ სინდისისა და მცნებების საპირისპიროდ - და ვერაფერს ვუხერხებ საკუთარ თავს, თითქოსდა ცოდვა ჩემ შიგნით მოკალათდა და მმართავს.
 
მეორეც, პრობლემა ისაა, რომ მთელი ჩვენი საქმეები, გეგმები, იმედები უფასურდება და უაზრო ხდება გარდაუვალი სიკვდილის გამო. თუკი ყველაფერი, რაც კი შემიძლია გავთვალო მარადისობის მასშტაბში, - ეს არის "ვიცოცხლო მადლიერ შთამომავალთა მეხსიერებაში" (ისიც, მოდი გულახდილნი ვიყოთ, "ვიცოცხლებთ" არა მარადიულად, არამედ რამოდენიმე ათეული, მაქსიმუმ ასეული წლის განმავლობაში), ჩემი სიცოცხლე სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა ვიღაცის ბოროტი ხუმრობა.
 
ეს არის ის აბობოქრებული და ულმობელი ოკეანე, რომლის შუაგულში ვართ ჩაცვენილნი და რომლის დაძლევის ძალა ჩვენ პრაქტიკულად არ გვაქვს. როდესაც ეკლესია ადამიანის ცხონებაზე ლაპარაკობს, მას სულაც არა აქვს მხედველობაში თვითსრულყოფილება, ადამიანის ამა თუ იმ პირადი თვისებების გაუმჯობესება, არამედ ის სწორედ ცხონებაზე ლაპარაკობს, ცხონებაზე, რომელიც გვათავისუფლებს ცოდვისა და სიკვდილისგან.
 
თითქოსდა არანაირი ხსნა არ არსებობს: ყველა ადამიანი ხომ კვდება, ყველანი სცოდავენ, და ზოგჯერ ძალიან მძიმედაც... მაგრამ არსებობს ერთი ფაქტორი, რომელიც ყველაფერს ცვლის. ეს ფაქტორი - ღმრთის მაცხოვნებელი მადლია, რომელიც ყოველთვის კურნავს უძლურს და აღავსებს ნაკლულს. მთელი ჩვენი უძლურება და სისუსტე შეგვიძლია მადლით დავძლიოთ და ამისთვის უნდა ვმადლობდეთ  უფალს. ტალღები აქეთ-იქით მიმოარყევენ ჩვენს ხომალდს, მაგრამ ჩვენსკენ დახმარების ხელია გამოწვდილი და ეს ხელი მაცხოვრის ხელია.

 
თეზისი მეორე:
 
ქრისტემ ყველა ადამიანი ცოდვისგან გამოისყიდა
 
 
მაცხოვარს ქრისტიანები უწოდებენ ღმრთის ძეს იესუ ქრისტეს, და პირველი, რისგანაც მან გვიხსნა, - ეს ცოდვის მძლავრებაა.
 
ცოდვა ბატონობს ყოველ ადამიანზე, რადგან თითოეული ჩვენთაგანი გენეტიკურად არის დაკავშირებული ადამთან და ევასთან. მაგრმა ეს ძალაუფლება უძლურდება და უქმდება იმ დროიდან, რა დროიდანაც ადამიანი მიმართავს ეკლესიას და მის საიდუმლოთ, - განსაკუთრებულ მადლისმიერ მოქმედებებს, რომლებსაც უფალი მღვდლის (ან ეპისკოპოსის) ხელით აღასრულებს, რათა ადამიანის დასახმარებლად და საცხოვნებლად.
 
საიდუმლოებათაგან პირველს - ნათლობას - ადამიანი ეკლესიაში შეჰყავს. ამიერიდან ის უკვე საკუთარი ინსტინქტებისა და სურვილების მონა როდია, რომლებიც უეცრად ჩნდებიან და ასევე უეცრად ცვლიან ერთმანეთს. ამიერიდან ის - შვილია ღმრთისა. როგორც მოციქული პავლე წერს: "ძმანო, ხორცის მოვალენი როდი ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ. ვინაიდან ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს. რადგან მონობის სული როდი მიგიღიათ, რომ კვლავ გეშინოდეთ, არამედ მიიღეთ ძეობის სული, ... სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ" (რომ. 8:12, 14-16).
 
ცოდვილი ზრახვები და სურვილები შეიძლება ებრზოდეს მონათლულ ადამიანსაც, და მონათლული ადამიანიც შეიძლება ჩადიოდეს საშინელ დანაშაულობებს. მაგრამ მონათლულს ყოველთვის აქვს სინანულის შესაძლებლობა, ანუ არა თუ უბრალოდ ეთანხმება თავისი ბრალეულობის ფაქტს, არამედ ღმერთს სთხოვს დახმარებას საკუთარი დამახინჯებული სულის გამოსასწორებლად - და ამ დახმარებას ის მიიღებს.
 
რამდენი მოჰკლა და დააყაჩაღა იესუ ქრისტესთან ერთად ჯვარზე გაკრულმა ავაზაკმა? ალბათ, მრავალი. მაგრამ თავისი ცხოვრების უკანასკნელ საათს, მძიმედ იტანჯებოდა რა ჯვარზე, მან აღიარა, რომ დამსახურებულად, საკუთარი საქმეებისამებრ იღებს ამ სასჯელს, ხოლო მის გვერდით ჯვარცმული მაცხოვარი სრულიად უდანაშაულოდ იტანჯება. მან თითქოსდა არც ისე ბევრი სთხოვა ქრისტეს, - მხოლოდ ცათა სასუფეველში მისი მოხსენიება, და ცხონდა (შეად.: ლკ. 23:40-43).
 
სხვა თავზე ხელაღებული ავაზაკი, მოსე შავი (IV ს. ქრ. შ.-დან), ერთხელ დაიღალა თავისი არეული ცხოვრებით, მივიდა მონასტერში, მოინანია და შეძლო სამაგალითო ბერი გამხდარიყო! უსირცხვილო მეძავი მარიამ ეგვიპტელი (IV ს-ის მიწურული და V ს-ის დასაწყისი ქრ. შ.-დან) იმდენად შთაგონებულ იქნა გაკვეთილით, რომელიც მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ჩაუტარა იერუსალიმში (უხილავი ძალის მეშვეობით ტაძარში შესვლის შესაძლებლობა არ მისცა მარიამ ეგვიპტელს), რომ უდაბნოში გავიდა საცხოვრებლად და 38 წელიწადი ინანიებდა სრულ მარტოობაში, სიცოცხლის ბოლოს მან თავისი წმიდა აღსასრულით გააოცა მღვდელი ზოსიმე.
 
თავისი ფასდაუდებელი სისხლით, რომელიც გოლგოთაზე დაღვარა, ქრისტემ ყველანი გამოგვისყიდა ეშმაკის მონობისგან, რომელმაც მოატყუა პირველი ადამიანები და, ეგონა, რომ სამუდამოდ დაიქვემდებარებდა მათ შთამომავლებს. ჩვენთვის საკმარისია ოდენ მივეახლოთ სინანულის საიდუმლოს და გულწრფელად ვილოცოთ ქრისტესადმი: "შეგვეწიე, შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩვენ", რომ დახსნილ ვიქნებით ჩვენი მტანჯველი ცოდვებისგან - არა თეორიულად, არა ოცნებებში, არამედ სრულიად საგრძნობლად.
 
 
თეზისი მესამე:
 
ქრისტემ უკვე დაგვიხსნა სიკვდილისა და ჯოჯოხეთისგან
 
როდესაც ქრისტეს მაცხოვარს ვუწოდებთ, ქრისტიანებს მხედველობაში გვაქვს კიდევ ის, რომ მან ადამიანები იხსნა სიკვდილისგანაც. ის ჯვარს აცვეს და რამოდენიმე საათის შემდეგ მოკვდა, მესამე დღეს კი აღდგა! აღდგა არა როგორც ღმერთი (რადგან ღმერთი შეუძლებელია მოკვდეს), არამედ, როგორც კაცი! და, როდესაც ევქარისტიის საიდუმლოში ქრისტეს ვუერთდებით, ვიღებთ რა მის მკვდრეთით აღმდგარ ხორცსა და სისხლს (პურისა და ღვინის სახით), ქრისტიანები შევდივართ იმ მარადიულ სიცოცხლეში, სადაც უკვე აღარ არის არც სიკვდილი, არც სალმობა, არც გლოვა და არც რაიმე წუხილი წარსული ცხოვრების გამო. ქრისტესთან ერთად ჩვენ ვღაღადებთ: "სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?" (1 კორ. 15:55).
 
ქრისტიანისთვის სიკვდილი უკვე აღარ არის უკანასკნელი სიმართლე, ის უკვე აღრ არის ყველაფრის დასასრული, არამედ მხოლოდ მარადიულ, ნეტარ და ღმერთთან ერთად სიხარულევან სიცოცხლეში გადასვლის მომენტია; როგორც ერთ-ერთ საკვირაო ტროპარშია ნათქვამი, ქრისტემ "ჯოჯოხეთის წიაღიდან გამოგვიხსნა ჩვენ". მის მოსვლამდე ადამიანები კვდებოდნენ, თუმცა საერთოდ როდი ქრებოდნენ, არამედ, ეკლესიის სწავლებით, გადადიოდნენ შავეთში, ჯოჯოხეთში ანუ ქვესკნელში - ერთგვარ სივრცეში, რომელიც მეტ-ნაკლებად დაშორებულია უფალს. ხშირად ამ სივრცეს აღწერდნენ, როგორც ბნელეთს, ანუ სინათლის არარსებობას (რადგან მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის თქმით, სწორედ ღმერთია ის ნათელი, რომელიც "მოვიდა ქვეყნად" (ინ. 3:19; 1 ინ. 1:5).
 
მაგრამ, მოკვდა რა ჯვარზე, ქრისტე სულით შთავიდა ამ ჯოჯოხეთს და დაანგრია იგი - ჯოჯოხეთი უკვე აღარ არის ის ადგილი, სადაც არ არის ღმერთი! აღარ არის ისეთი სივრცე, სადაც ადამიანი სრულიად იქნებოდა დაშორებული თავის შემოქმედს. და ის, ვინც სიცოცხლეში უარყოფდა მას, არ სურდა მასთან თანაზიარობა, გაურბოდა ყოველგვარ ხსენებას ღმერთზე და ეკლესიაზე, იტანჯება მარადისობაში სწორედ ღმრთისგან დამალვის შეუძლებლობის გამო, ის ვერ გაექცევა ნათელს ჩვეულებრივ უკუნში... როგორც ღირ. ისააკ ასურელი წერდა (VII ს. ქრ. შ.-დან), "გეენაში ტანჯულნი იწყვლებიან სიყვარულის მათრახით".
 
რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, რომლებსაც ასეთი ცხონება თითქოსდა არც კი სჭირდებათ, ისინი სრულიად კომფორტულად გრძნობენ თავს მექანიკური კანონების მქონე "უღმრთო" ქვეყნიერებაში; ქვეყანაში, სადაც ღმერთი თავს არ ავლენს ასე აშკარად. როგორც ამგვარ ადამიანებს უყვართ თქმა, "მე ყველაფერს თვითონ მივაღწიე და არავისი არაფერი მმართებს". მაგრამ ეს მრავალწილ ცხოვრებისეული გამოცდილების საკითხია. როგორც კი ადამიანს ეწვევა მძიმე განსაცდელები - სნეულება ან ახლობელი ადამიანის სიკვდილი, საკკუთარი სერიოზული სნეულება, სამსახურის ან ქონების უეცარი დაკარგვა, ძვირფასი ადამიანისგან ღალატი, რომელსაც ის სრულიად ენდობოდა, - ის ძალიან სწრაფად უარყოფს საკუთარი ყოვლისშემძლეობის რწმენას და ან დეპრესიას ეძლევა ან ბოროტდება, ან კიდევ იწყებს ვედრებას - ადამიანებისადმი ან ღმრთისადმი. უეცრად ის შენიშნავს, რომ მაცხოვარი ძალიან სჭირდება.
 
 
თეზისი მეოთხე:
 
ცხონების საქმეში პირველი ნაბიჯი - თვით ადამიანს ეკუთვნის
 
ღმერთი ადამიანს თვით ადამიანის გარეშე არ აცხოვნებს. ერთი ქალაქიდან მეორემდე რომ მიაღწიო, მაგალითად, რომელიმე შესანიშნავ კურორტამდე, საჭიროა გადადგა სრულიად განსაზღვრული ნაბიჯები: იყიდო ბილეთი, თავი მოუყარო ბარგს, დროულად გახვიდე სახლიდან, რათა მიასწრო ხომალდს; შემდეგ ჩაჯდე შენს ტრანსპორტში და განახორციელო გადასვლა ერთი ქალაქიდან მეორეში. ზუსტად ასეა ცხონების საქმეშიც. შეუძლებელია ცოდვისგან და სიკვდილისგან ხსნა მიიღო, თუ არ "იყიდი ბილეთს" (ანუ არ მოინათლები მართლმადიდებლური რწმენით), და არ "ჩაჯდები ხომალდში" (ანუ არ ეზიარები ეკლესიას მისი მაცხოვნებელი საიდუმლოებებით) და არ გადაიტან მოგზაურობისთვის დამახასიათებელ ზოგიერთ "სირთულეებს" (ჭირვებანი და განსაცდელები, რომლებიც ელოდებიან ნებისმიერ ადამისნ), და ბოლოს თავი მიანდო გამოცდილ "პილოტს" - უფალ ღმერთს, რომელიც მშვიდობიანად მიგიყვანს ნავთსაყუდელამდე.
 
ადამიანისგან არის დამოკიდებული ყოველივე იმის გაკეთება, რაც მას ძალუძს. მეტიც, მან ეს უეჭველად თვითონ უნდა გააკეთოს - ეკლესია უარს არ ეუბნება ადამიანს დაეხმაროს საკუთარ თავზე ზრუნვაში. მაგრამ სულის ცხონება თვით ადამიანს არ ძალუძს, ცხონების აღსრულება შეუძლია მხოლოდ ღმერთს, როგორც ამას ქრისტე ამტკიცებს (შეად.: მთ. 19:26 და სხვა სახარებათა პარელელური ადგილები). საკმაოდ ფართეა ზღვა და ჩვენ გვიწევს მისი გადაცურვა. ან ამ ზღვის შუაში უფალი ხელს გვიწვდის და გვთავაზობს მოვეჭიდოთ მას, რაზეც უარის თქმა უბრალოდ უაზრობაა.
 
 
პოსტსკრიპტუმი
 
ქრისტიანებს სწამთ, რომ უფალმა დაამარცხა სიკვდილი - მაგრამ ადამიანები მაინც კვდებიან. ქრისტიანებს სწამთ, რომ ქრისტემ ადამიანი გამოიხსნა ცოდვის მონობისგან - მაგრამ მსოფლიო სავსეა ბოროტმოქმედებებით, რომლებსაც, სხვათა შორის ქრისტიანებიც ჩადიან. როგორ შევუთავსოთ ეს ყველაფერი ერთმანეთს? იქნებ ეკლესია ვერ ამჩნევს ამ წინააღმდეგობებს?
 
რა თქმა უნდა, ეკლესია მათ ამჩნევს. მაგრამ ეს ხილული წინააღმდეგობებია, უმჯობესია ითქვას, - პარდოქსები, ანუ, თუკი საღვთისმეტყველო ენას გამოვიყენებთ, ანტინომიები. ცხოვრებაში ამგვარი მოჩვენებითი წინააღმდეგობები, რომლებიც შესანიშნავად თანაეწყობიან ერთმანეთს, ძალიან ბევრია.
 
ქრისტეს მოსვლა ამ ქვეყნად და მისი მკვდრეთით აღდგომა მართლაც ადამიანს ავტომატურად როდი შეიქს უკვდავად. მაგრამ ქრისტიანისთვის სიკვდილი უკვე აღარ არის გადაულახავი კატასტროფა, მან შეიძინა შობის სახე მარადიული სიცოცხლისთვის. ის ფაქტი, რომ ქრისტემ თავისი სიკვდილით გამოისყიდა ჩვენი ცოდვები, დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანთა ცხოვრება უცოდველ ანგელოზთა ყოფიერებად როდი აქცია. სამაგიეროდ ქრისტიანებმა იციან, თუ ღმერთმა მათი ცხონებისთვის ყველაფერი გააკეთა, რაც კი მის ძალმოსილებას შეეძლო, და ახლა საკითხი მხოლოდ ადამიანებშივეა: დაიცავენ თუ არა ისინი ერთგულებას ღმრთისა და მისი მცნებებისადმი, ხომ არ უარყოფენ ისინი მონიჭებულ ცხონებას.
 
ეს და სხვა მსგავსი პარადოქსები მუდმივად წარმოშობენ დისკუსიებს, ამიტომაც ჩვენ შეგნებულად ვეხებით ამ თემას სტატიის მიწურულს, რათა მათგან თავის არიდება არავინ გვისაყვედუროს. მაგრამ თუ ყურადღებით გავაანალიზებთ ჩვენს საკუთარ ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ის ამ პარადოქსებისგან არის შეკერილი. ქალი, რომელიც მშობიარობისთვის ემზადება, ძლიერ იტანჯება, მაგრამ, როდესაც ბოლოს და ბოლოს ბავშვი დაიბადება, ის ენით აუწერელ სიხარულს განიცდის.
 
ადამიანი შეიძლება ძალიან ღარიბულად ცხოვრობდეს - და აბსოლუტურად ბედნიერი იყოს. სულიერი სამყაროს რეალიებიც პარადოქსალურია. და ეს არ უნდა გვიკვირდეს: ღმერთი და მისი მოქმედებების ლოგიკა საერთოდ ნაკლებად თუ ექვემდებარება რაციონალურ ადამიანურ გააზრებას.
 
სხვა საქმეა, რომ ქრისტიანი სწორედაც რომ უნდა ცდილობდეს გადაიღოს ეს პარადოქსები, მათით გადაწყვიტოს მთელი თავისი ცხოვრება. აღასრულოს მცნებები, რომლებიც ერთი შეხედვით აუსრულებელი ჩანს (მარტო მცნება "გიყვარდეთ თქვენი მტრები" (მთ. 5:44) რად ღირს). არ უნდა მივეცეთ სასოწარკვეთილებას, როდესაც ახლობელი ადამიანი კვდება: ჩვენ ხომ "მოველით აღდგომას მკვდრეთით და ცხოვრებას მომავალ საუკუნეში". მთელი ძალისხმევით უნდა ვიღვაწოთ საკუთარი ცხონებისთვის, და გვახსოვდეს, რომ მოციქულთა კითხვაზე: "კი მაგრამ, ვის ხელ-ეწიფება ცხონება?" - უფალმა უპასუხა: "ეს შეუძლებელია კაცთათვის, ღმერთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია" (მთ. 19:25, 26).


წყარო: foma.ru

პუბლიკაცია ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025 წ.
Назад к содержимому