სწავლანი > კითხვა-პასუხი
რატომ არ შეიძლება უბრალოდ სულში გწამდეს?
რისთვის არის საჭირო ყველა ეს შეზღუდვა და სირთულე — მარხვა, ლოცვა, ტაძარში სიარული და ა. შ., თუკი შეიძლება უბრალოდ ღმერთი სულში გწამდეს?
ხშირად სიტყვებში "სულში მწამს" ადამიანი გულისხმობს: "მე ვაღიარებ ღმერთის არსებობას, მაგრამ საჭიროდ არ მივიჩნევ საეკლესიო ცხოვრებაში მონაწილეობას". თუმცა ჩნდება კითხვა: შეიძლება კი ჩვენი ცხოვრების რომელიმე მნიშვნელოვანი ნაწილი მხოლოდ "სულში" არსებობდეს და საქმეებში არანაირად ვლინდებოდეს? სიყვარული, მეგობრობა, ზრუნვა - კონკრეტულ მოქმედებებს მოითხოვს. იგივე ეხება რწმენასაც.
რწმენა, ისევე როგორც ადამიანის ცხოვრების მრავალი სხვა მნიშვნელოვანი რამ, მოითხოვს ძიებას, ძალისხმევას, განსჯასა და ენერგიას. მორწმუნე ადამიანი ღმერთით ცხოვრობს. როგორც მოციქულმა პავლემ ათენის არეოპაგში ქადაგებისას თქვა: " ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ" (საქ. 17:28). შეუძლებელია "ღმერთით ცხოვრება" მხოლოდ მისი არსებობის აბსტრაქტული აღიარებით, მის შესახებ მეტის შეცნობის მცდელობის გარეშე, მასთან ურთიერთობისთვის ძალისხმევის გაწევის გარეშე და იმ ადამიანთა გამოცდილების შესწავლის გარეშე, რომლებმაც ამ გზაზე გამორჩეულ შედეგებს მიაღწიეს.
იმის მიჩნევა, რომ ღმერთთან ცხოვრებისთვის მხოლოდ შინაგანი რწმენაა საკმარისი, მცდარია კიდევ ერთი მიზეზითაც: "ღმერთი სულში" არის ძალიან მოსახერხებელი; ეს არის "ჯიბის ღმერთი", რომელიც თავად ადამიანმა გამოიგონა. ასეთი წარმოდგენა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს იმ ღმერთისგან, რომელსაც წმინდა წერილი და ეკლესიის გამოცდილება გვიხსნის. ასეთი ღმერთი არასოდეს ამხელს ადამიანს, არ მოითხოვს სინანულს და არ მოუწოდებს ცხოვრების შეცვლისკენ. არსებითად, ადამიანი იწყებს ნდობას საკუთარი წარმოდგენებისადმი ღმერთზე და არა თვით ღმერთისადმი.
სულში არსებული რწმენა არ აღძრავს მოტივაციას და არ წარმოშობს არანაირ მოქმედებას. ამასთან, წმინდა წერილი განუწყვეტლივ საუბრობს მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში რწმენის გამოვლინებებზე. ამიტომ მოციქული იაკობი წერს: "რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ არა აქვს საქმე? შესძლებს კია ეს რწმენა, რომ იხსნას იგი? თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია, ხოლო რომელიმე თქვენგანი ეტყვის: მშვიდობით იარე, გათბი და გაძეხი, მაგრამ იმას კი არ მისცემს, რაც ხორცს სჭირდება, რას გამოელის? ასევე რწმენაც, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია" (იაკ. 2:14-17).
მოციქული პირდაპირ უპირისპირებს ერთმანეთს ღმერთი არსებობის ფაქტის აღიარებას და მისი მცნებებისადმი მოქმედებით მიყოლას.
რწმენა მცენარეს ჰგავს. თუ მას არ მორწყავ თანდათანობით გახმება. ასეა რწმენაც: ლოცვის, წმინდა წერილის კითხვის, საიდუმლოებებში მონაწილეობისა და სახარებისეული მცნებების აღსრულების გარეშე ის თანდათანობით ქრება. იმის ნაცვლად, სულის ხსნის საშუალება გახდეს და ადამიანს ღმერთთან ცხოვრების ნამდვილი ბედნიერების მოპოვებაში დაეხმაროს, ის შეიძლება იქცეს იმად, რაც საბოლოოდ ადამიანს სულიერ სიკვდილამდე მიიყვანს. რადგან სულში არსებული რწმენა გამორიცხავს სულიერ ზრდას და გამორიცხავს უკეთესობისკენ შეცვლის სურვილს.
არასწორია შინაგანი რწმენისა და საეკლესიო ცხოვრების ერთმანეთისთვის დაპირისპირება. რწმენა მართლაც იბადება ადამიანის სულში, მაგრამ, თუ ეს ნამდვილი, მოქმედი და ცოცხალი რწმენაა, ის გარდაუვალად ავლენს თავს ლოცვაში, მცნებების აღსრულებაში, საიდუმლოებებში მონაწილეობასა და ქრისტესთან ყოფნის სწრაფვაში. სწორედ ასეთ გზას სთავაზობს ადამიანს ეკლესია.წყარო: foma.ru
მასალა ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
