სწავლანი > კითხვა-პასუხი
რატომ არ შეიძლება ძაღლების შეშვება ტაძარში?
დაბადების წიგნში ღმერთი ამბობს, რომ მისი ყოველი ქმნილება კარგია (იხ. დაბ. 1:21, 25). არ შეიძლება ცხოველებს მივაყენოთ უაზრო ტანჯვა – ისინი უნდა გვიყვარდეს და ღვთისგან ადამიანისთვის, როგორც პლანეტის ბატონ-პატრონისთვის ბოძებულ ცოცხალ ძღვნად უნდა მიგვაჩნდეს.
მიუხედავად ამისა, ძველ რელიგიურ კანონში ცხოველები იყოფოდნენ წმიდა და უწმინურ ცხოველებად. უწმინდურ ცხოველთა არც საზრდელად გამოყენება შეიძლებოდა და არც ღვთისთვის შესაწირად.
ლევიანთა წიგნი, ძაღლების გარდა, უწმინდურებად მოიხსენიებს აქლემებს, კურდღლებს, ჟერბოას (მოხტუნავე მღრღნელი) და სხვა ცხოველებს.
ამაში წინააღმდეგობა არ არის, ვინაიდან ყველა ცხოველს აქვს თავისი ადგილი და როლი ქვეყნიერებაში. ყოველი თევზის, ყოველი მხეცის, ქვეწარმავლისა და ფრინველის (აქვე ვახსენოთ სირაქლემები, პინგვინები და კივი) უკან დგას ღვთის განსაზღვრული შემოქმედებითი იდეა. ყველა ამ ქმნილებას, როგორც ზოოფსიქოლოგია ამტკიცებს, გააჩნია რეალობის აღქმის, ქცევისა და ცხოვრების განსხვავებული წესი. და ყოველივე ამას გარკვეული აზრი გააჩნია.
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ფოტიოსი IX საუკუნეში წერდა, რომ ქვეყნიერების გაჩენისას არ არსებობდა არც წმიდა და არც უწმინდური ცხოველი. მაგრამ ბევრმა წარმართმა, მათ შორის ეგვიპტელებმა, რომელთა შორისაც გამრავლდა ებრაელი ერი, მთელ რიგ ბიოლოგიურ სახეობებს ღვთაებრივი პატივი მიაგეს, რაც მტკიცედ აღიბეჭდა ისრაელის მეხსიერებაში. წინასწარმეტყველ მოსეს წინაშე, სხვა საკითხებთან ერთად, იდგა ამოცანა – ხალხის ცნობიერებიდან ამოეძირკვა წარმართობის ნებისმიერი მინარევი ერთღმერთიანობაში, ამიტომ ყველა ის ქმნილება, რომელთაც ეგვიპტელები თაყვანს სცემდნენ, უწმინდურად იწოდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თევზები, ფრინველები, მხეცები და ქვეწარმავლები თავისთავად კი არ არიან უწმინდურები, არამედ წარმართთა გონება, რომლებიც არასწორად აღიქვამენ რეალობას.
ადამიანს, მეფე სოლომონის მსგავსად, ცხოველებზე გააზრებული დაკვირვებით შეუძლია სულიერი სარგებელი მიიღოს: ზოგი ქცევის მოდელი სანიმუშოდ აიღოს, ზოგი კი – უარყოს.
განზრახ არავითარი ცხოველის ეკლესიაში შეყვანა საჭირო არ არის, რადგან ტაძარი არის ლოცვისა და ევქარისტიული შეკრების სახლი. ცხადია, იქ, სადაც ხალხი იკრიბება, არ შეიძლება დავივიწყოთ ჰიგიენა, რაც წმინდა ადგილას ძაღლის ყოფნას არ უთავსდება.
ზოგჯერ, მღრღნელებთან ბრძოლის მიზნით, ტაძარში შესვლის ნება კატებს ეძლევათ.
ბიბლიის ახალი აღთქმის ნაწილი აუქმებს ზოგიერთი ცხოველის საზრდელად გამოყენების აკრძალვას.
საქმეთა წიგნში არის ეპიზოდი: როდესაც მოციქულ პეტრეს მოშივდა, ღმერთმა სასწაულებრივად გამოუგზავნა მას მრავალი სახის ხორცი, მათ შორის ძველი აღთქმით აკრძალულიც. პეტრე უარს ამბობდა მის ჭამაზე, მაგრამ ზეციდან გამოვლენილმა ხმამ უთხრა მოციქულს, რომ მთელი ეს საზრდელი მის მიერ არის განწმენდილი და არ შეიძლება მისი უწმინურად მიჩნევა.
VII საუკუნეში შედგა VI მსოფლიო კრება, რომლის მერვე კანონი კრძალავს ნებისმიერი ცხოველის ტაძარში შეყვანას.
ძველად რუსეთში ძაღლებს ეკრძალებოდათ შესვლა იმ ნებისმიერ სივრცეებში, სადაც წმინდა ხატები იყო.
ეკლესიაში აღზრდილ ადამიანს არ სჭირდება ახსნა, რომ ძაღლის ტაძარში ყოფნა შეუფერებელია – ნორმალურ ქრისტიანებში ასეთი სურათი გამოიწვევს კანონზომიერ ემოციურ აღშფოთებას, იმის მსგავსს, რაც გაჩნდებოდა, მაგალითად, იმ შემთხვევაში, მისი ნათესავის საფლავზე რომ ვინმეს დაეფურთხებინა.
ხოლო არაეკლესიური და ეკლესიის შორიახლო მდგომი ადამიანებისთვის ყოველთვის ყველაფერი ცხადი როდია.
წარმოვიდგინოთ ვარიანტი, რომელშიც ერთი ადამიანი შევიდა საზოგადო საღვთო მსახურებაზე საბელზე გამობმული დიდი ძაღლით ან პატარა ძაღლით ხელში. ეს იქნება შემაცბუნებელი და უჩვეულო სურათი დანარჩენებისთვის; ისიც ფაქტია, რომ ძაღლი ცნობისმოყვარე არსებაა, მოძრაობისა და ურთიერთობის მოყვარე. ამიტომ ის ნებისმიერ შემთხვევაში გაუფანტავს ლოცვას ტაძარში მდგომთ – როგორც თავის ჰიპოთეტურ ვაი-პატრონს, ისე დანარჩენ მლოცველებსაც.
მაგრამ ეს ვითარება, რა თქმა უნდა, აბსურდულია, რადგან არ არსებობს არც ერთი მორწმუნე, ვინც შეიძლება ძაღლი შეიყვანოს ტაძარში, და ასეთი მკრეხელობა ჩაიდინოს. მსგავსი ვითარება უბრალო ცხოველისთვისაც სტრესულია.
არსებობს მოვლენათა განვითარების სხვა ვარიანტიც.
ზოგიერთი ჩვენი ქალბატონი იცავს იმიჯს, რომლის განუყოფელი ნაწილია პატარა, სასიამოვნო დეკორატიული ძაღლი. იშვიათად, ასეთი ქალბატონები გამოთქვამენ სურვილს, შევიდნენ ტაძარში სალოცავად და სანთელი დაანთონ არა ღვთისმსახურების დროს, არამედ ღვთისმსახურებისგან თავისუფალ მომენტში. ეკლესიის მორიგე მღვდელმსახურის თხოვნაზე, არ შევიდნენ წმინდა ადგილას ცხოველთან ერთად, ასეთი მლოცველები გაკვირვებულნი და ზოგჯერ აღშფოთებულნიც კი არიან: ძაღლი ხომ პატარაა, ხელში უჭირავს და ზიანს არავის მიაყენებს.
მსგავს შემთხვევაში ტაძრის მსახურმა (მნემ ან დამლაგებელმა) უნდა მოიხმოს მორიგე მღვდელი, რომელიც ყველაფერს აუხსნის პატარა ძაღლების მოყვარულ ქალბატონს.
არ არის საჭირო იყო წმინდანი ან გაგაჩნდეს სასულიერო განათლება იმის გასაგებად, რასაც მღვდელი იტყვის. ის კი იტყვის, რომ ტაძარი არის ადგილი, სადაც ადამიანი იღებს უზენაეს და უსასრულო სიკეთეს – ცხოვრებას ქრისტესთან. ამიტომ ყოველი, ვინც ეს სიკეთე იგემა, სიწმიდეს მოეპყრობა უდიდესი ღვთისმოშიშებით.
და ყველაზე მნიშვნელოვანი: ადამიანთა საკმაოდ შესამჩნევ პროცენტს ინსტინქტურ დონეზე ეშინია ძაღლების, რაც არავისთვის არის საიდუმლო. ასეთები არიან მართლმადიდებლებშიც. ქრისტიანობა არის სიყვარული. მიხვიდე საზოგადო ადგილას პირუტყვთან ერთად, თანაც, როდესაც გააზრებული გაქვს, რომ არსებობენ კინოფობიის მქონე ადამიანები – ეს არის უსიყვარულობა, ანუ ცოდვა.
თუ ტაძრის მონახულება სურს უსინათლო ადამიანს, რომელიც ვერ ივლის მეგზური ძაღლის გარეშე, ლოცვის დროისთვის სამრევლოში გამოიძებნება მსახური, რომელიც უსინათლოს (ბრმას) ტაძარში შეიყვანს და აუცილებლად იზრუნებს ცხოველზე – მიხედავს ოთხფეხა მეგობარს სამრევლოს შენობათაგან ერთ-ერთში ან ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე.
თუ პირუტყვი შემთხვევით შევარდება ტაძარში, შენობის ხელახლა კურთხევა არ არის საჭირო. "კურთხევანში" მოცემულია ტაძრის ხელახლა კურთხევის წესი, როდესაც ტაძარში მოკვდა ან ნაშიერი გააჩინა ღვთის რომელიმე ქმნილებამ. მაგრამ ძაღლების შესვლის შემდეგ ტაძრის კურთხევაზე "კურთხევანი" არაფერს ამბობს.
პუბლიკაცია მართლმადიდებლურ წყაროებზე დაყრდნობით მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2026 წ.
