კითხვა-პასუხი - რატომ იკრძალებოდა ძველ აღთქმაში ღორის ხორცის ჭამა? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რატომ იკრძალებოდა ძველ აღთქმაში ღორის ხორცის ჭამა?
წმიდა და უწმინდური ცხოველები
პასუხობს: დეკ. მაქსიმე პერვოზვანსკი.
 
ერთი შეხედვით, ეს არის საკმაოდ მარტივი კითხვა, მაგრამ უფრო სერიოზული განხილვისას დავინახავთ, რომ არც ისე მარტივადაა საქმე, როგორც გარეგნულად შეიძლება ჩანდეს. ამისთვის ჯერ საჭიროა გავერკვეთ საერთოდ რატომ დააწესა ღმერთმა ასეთი აკრძალვა? და საქმე მარტო ხორის ხორცში როდია. საქმე იმაშია, რომ ძველ აღთქმაში საზოგადოდ საკვები, და არა მარტო საკვები, წმიდა და უწმინდურ კატეგორიებად იყოფოდა.
 
შეგახსენებთ, რომ თვით ნოესაც კი, როდესაც ის კიდობანს აშენებდა, უფალმა მისცა განკარგულებები წმიდა და უწმინდურ ცხოველებთან დაკავშირებით. ანუ ეს იყო უძველესი დაყოფა საერთოდ ყველაფრისა, რაც კი არსებობდა ამ სამყაროში, კერძოდ, ცხოველებში, და კიდევ უფრო კონკრეტულად, საკვებში, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო წმიდა და უწმინდური.
 
რატომ გაკეთდა ასე? ადამიანი თავის პირობითად პირველყოფილ მდგომარეობაში, რომელშიც ის შეიძლება იყოს, მაგალითად, ჩვენს დროში, თუ მან არ იცის არც ღმერთი, არც ის, თუ რას ელოდება ღმერთი ადამიანისგან, მზადაა არა მარტო ჭამოს, არამედ აკეთოს ის, რაც კი მოეპრიანება, ქმნას ყოველგვარი სისაძაგლე ისე, რომ ვერც კი განასხვავოს სიკეთე ბოროტებისგან.
 
ამიტომაც სიკეთისა და ბოროტების დაყოფა, გაცნობიერება იმისა, თუ რა არის კარგი და რა ცუდი, წარმოადგენს საბაზისო ცოდნას, რომელიც აუცილებელია ადამიანისთვის. და აი, იმისთვის, რათა ადამიანს, რომელიც საერთოდ ვერ გულისხმაყოფდა რა იყო ცუდი და რა - კარგი, ღმერთი აძლევს განკარგულებას ამ სამყაროში დაინახოს წმიდაც და უწმინდურიც, მათ შორის საკვებშიც, რათა ყველაფერი კი არ ჭამოს მიყოლებით, არამედ განჰყოს, - მათ შორის საჭმელიც. და ეს, კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, ეხება არა მარტო ღორის ხორცს, არამედ ბევრ სხვა რამესაც.
 
უწმინდურებს განეკუთვნებოდნენ არა მარტო კურდღლები, არამედ უწმინდურ ცხოველთა მთელი რიგი, რომლებიც საკვებში არ უნდა ყოფილიყვნენ გამოყენებულნი. თანამედროვე, როგორც იუდეველი, ასევე მუსლიმი ღვთისმეტყველები, ცდილობენ ამას რაიმე ბიოლოგიური ახსნა მოუძებნონ, რადგან ღორის ხორცის ან ქონის მავნებლობაზე წმიდა წერილში ვერანაირ მტკიცებულებას ვერ ვპოულობთ.
 
უბრალოდ ღმერთმა თქვა, აი ეს იქნება წმინდა, ეს კი - უწმინდური. ზუსტად ისე, როგორც იყო სამოთხეში, როდესაც ღმერთმა ადამსა და ევას დაავალა არ ეჭამათ სიკეთისა და ბოროტების ცნობადის ხისგან, იმ ერთადერთისგან, რომელიც დარგული იყო სამოთხის შუაგულში.
 
ეს დაკავშირებულია არა იმასთან, რომ ამ ხის ნაყოფი შეიძლებოდა ყოფილიყო შხამიანი და მავნე, პირიქით, ეს ნაყოფი შესაძლოა ყოფილიყო განსაკუთრებულად გემრიელი. ამის დადასტურებას ჩვენ აქ არ შევუდგებით და ამისი არანაირი მონაცემებიც არ გვაქვს. უბრალოდ ეს იყო ერთგვარი ხე, რომლის ნაყოფიც ჭამა იყო აკრძალული, ეს იყო აკრძალული ნაყოფი. ზუსტად ასევე, იმავე სამოთხისეული ლოგიკით, როდესაც გამოყოფილ იქნა ის, რაც აიკრძალა, ძველ აღთქმაში ღმერთმა გამოჰყო განსაკუთრებული საკვები, და თქვა: "ეს არ ჭამოთ, ეს თქვენთვის უწმინდური ცხოველია. არ ჭამოთ, რათა არ შეიბილწოთ".
 
აი ის საბაზისო რამ, რომლის მიერაც ადამიანს ეძლევა აზრი, რომ ჭამით შეიძლება რაღაცნაირად შეიბილწო, რომ საერთოდ შეიძლება რაიმეს გაუკეთებლადაც შეიბილწო. ადამიანის მარტივი გონებისთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილება, რომელიც მას აძლევდა შესაძლებლობას საკუთარი თავი ხელში აეყვანა და ეცხოვრა გარკვეულ ჩარჩოებში.
 
ახლა ვნახოთ, რა მოსდის ამ დადგენილებას ახალ აღთქმაში. აქ დავიმოწმებთ ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს საკვანძო გამონათქვამს, რომელიც მოჰყავს მათე მახარობელს თავისი სახარების მე-15 თავში: "თვალთმაქცნო, მართლად იწინასწარმეტყველა თქვენთვის ესაიამ, რომელმაც თქვა: ეს ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან. ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანურ მოძღვრებებსა და მცნებებს. მოუხმო ხალხს და უთხრა: ისმინეთ და შეიმეცნეთ: პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს კაცს" (მთ. 15:7-11).
 
შემდგომ, ცოტა ქვემოთ, უფალი განმარტავს თავის ამ სიტყვებს: "ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირით შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა. ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს. ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაციკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი; 19 რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი, კაცის-კლვანი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, ცილის-წამებანი, გმობანი. ესენი არიან კაცის შემბილწველნი..." (მთ. 15:17-20).
 
ანუ უფალი გვთავაზობს სხვა დონეს იმის გაგებისა, თუ რა არის ჩვენთვის ბილწი და ბინძური. ფარისეველთათვის, რომლებსაც სურდათ ზედმიწევნით ზუსტად შეესრულებინათ ძველი აღთქმის ყველა მცნება, არა მარტო ღორის ხორცის ჭამა იყო შემბილწველი, არამედ ხელდაუბანლად ჭამაც. უფალი კი შემდეგ ამბობს: "ხელდაუბანლად ჭამა არ ბილწავს კაცს" (მთ. 15:20).
 
მაშასადამე საქმე იმაში კი არ არის, რამდენად ზედმიწევნით მოვემზადეთ სატრაპეზოდ, არა იმაში, თუ რა დევს ჩვენს სუფრაზე, არამედ რა დევს ჩვენს გულებში, როგორი დამოკიდებულება გვაქვს უშუალოდ ღმერთთან, როდესაც ვლოცულობთ. აქედან იწყებოდა ციტატა ესაია წინასწარმეტყველის შესახებ. უბრალოდ პირს ვაღებთ იმისთვის, რათა აღმოვთქვათ ლოცვის სიტყვები, თუ ვცდილობთ ჩვენი გული და გონება მივაპყროთ ღმერთს?
 
ამიტომაც, არანაირ გარეგან მოქმედებებს, არანაირ საკვებს, არანაირ სხვა რიტუალურ მოქმედებებს არ ძალუძთ ადამიანის შებილწვა, როგორც გვასწავლის ამას ჩვენი უფალი იესუ ქრისტე. ხოლო ჩვენი გულისთქმები, ვლინდებიან ისინი გარეგნულად თუ ჩვენში რჩებიან, არავისთვისაა ცნობილი. სწორედ ეს ცოდვები ბილწავენ ადამიანს და კეტავენ ცათა სასუფევლის კარებს მისთვის.
 
 
"აპოკალიფსისის" რედაქციისგან: ცხადია, ეს თემა ამ მოკლე სტატიით არ ამოიწურება, რადგან ღორის ხორცისა და სხვა ფრინველებისა თუ პირუტყვის ხორცის ჭამის აკრძალვა კიდევ სხვა მოტივებთან იყო დაკავშირებული, რის უფრო დეტალურ განმარტებას მომავალ სტატიებში შევეცდებით.
 
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
 
საიტი "აპოკალიფსისი". თბილისი 2023 წ.
Назад к содержимому