Перейти к контенту

კითხვა-პასუხი - რატომ განკაცდა ღმერთი და, რას ნიშნავს იყო ღმრთის ერი? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რატომ განკაცდა ღმერთი და, რას ნიშნავს იყო ღმრთის ერი?
სოდომისა და გომორას განადგურება
ამ სტატიაში განხილული იქნება ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული წინასწარმეტყველება იერემიას წიგნიდან იესუ ქრისტეს შესახებ.
 
მანამდე კი უნდა გავიაზროთ ის, რომ ბიბლია არ არის ძველ ებრაულ გადმოცემათა და ლეგენდათა კრებული, რომლებსაც ჩვენს ცხოვრებასთან არანაირი კავშირი არა აქვთ; მხოლოდ ბიბლიაა ის დარიგება, რომელიც სწორად პასუხობს ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ საკითხს.
 
იმის გამო, რომ ეს წიგნი ზეისტორიული და დროზე აღმატებულია, რადგან ღვთივსულიერია, ის ხელმისაწვდომია ნებისმიერი ისტორიული ეპოქის, სოციალური მდგომარეობის, განათლების, დონის, კულტურისა და ეთნოსის ადამიანისთვის...
 
ამიტომ ბიბლიას აგრეთვე უწოდებენ წმიდა წერილს ან ღვთის სიტყვას.
 
წინასწარმეტყველ იერემიას წიგნშიც არის ასეთი წმიდა ტექსტი ისრაელი ერის შესახებ:
 
"მისგანვე იქნება მისი მთავარი და მისივე წიაღიდან გამოვა მისი განმგებელი. მოგიახლოებ მას და ისიც ახლოს მოვა; რადგან ვინ გაბედავს ჩემთან მოსვლას? ამბობს უფალი. იქნებით ჩემი ერი და მეც თქვენი ღმერთი ვიქნები" (იერ. 30:21-22).
 
ამრიგად, წინასწარმეტყველ იერემიას მეშვეობით უფალი აღუთქვამს ისრაელს, რომ მისი წიაღიდან მოვა მეუფე, რომელიც მიახლოვებულია ღმერთს, რადგან ღმერთმა იგი თვითონ დაიახლოვა.
 
და ამ წინამძღოლისა და სიახლოვის წყალობით, ხალხის ხარისხი და ღირსება შეიცვლება, ანუ ის შეიძენს განსაკუთრებულ მდგომარეობას:
 
"იქნებით ჩემი ერი და მეც თქვენი ღმერთი ვიქნები" (იერ. 30:22).
 
რას ნიშნავს იყო ღმრთის ერი? - ეს ნიშნავს იყო ღვთისა ჭეშმარიტად, არსობრივად, და არა მხოლოდ სახელწოდებით. ეს ნიშნავს არსებითად, მთელი სულითა და გულით, მთელი შენი ბუნებით ეკუთვნოდე ღმერთს, უთუოდ გწამდეს მისი განგებულებისა და ელტვოდე ცხოვრებას მისი მცნებების შესაბამისად.
 
სწორედ გულითადი კუთვნილება, რწმენა და სწრაფვაა ღვთის ერის თვისება. მაგრამ, ვაი რომ, ეს თვისებები ისრაელის ხალხს არ გააჩნდა და ამიტომაც განთესილი აღმოჩნდა.
 
მაშინაც კი, როდესაც იუდეველებმა მოინანიეს და შეწყვიტეს კერპთაყვანისმცემლობა, და თავი, ახლა უკვე ნამდვილად, ღვთის ერად ჩათვალეს, მათ ჩაიდინეს კიდევ უფრო საშინელი დანაშაული — მოკლეს ის მეუფე, რომელიც მათ ღმერთმა მოუვლინა. და მხოლოდ ქრისტეს ეკლესიაში მყოფი ჭეშმარიტად მორწმუნე ადამიანები შეადგენენ ღვთის ხალხს. და არც იმიტომ, რომ ამ ადამიანებმა მიიღეს ქრისტიანული მოძღვრება და ცხოვრობენ რწმენის კანონების შესაბამისად, არამედ იმიტომ, რომ როცა ისინი ნათლისღების საიდუმლოს მეშვეობით ხდებიან ეკლესიის წევრები, მათ გულში მკვიდრდება სულიწმიდის მადლი, რომელიც, მათი თავისუფლების დაჩაგვრის გარეშე, იწყებს ადამიანთა ნების წახალისებას, რათა შეუთანხმდეს ღვთის ნებას და იქმოდეს ისე, როგორც ეს ღმერთს ესათნოვება.
 
ქრისტიანს ეძლევა ძალა და სიბრძნე, რათა იხილოს ღვთის ნება და იცხოვროს მის შესაბამისად. მაგრამ, როგორ განკარგავს ადამიანი ამ ნიჭს, მთლიანად მხოლოდ მასზეა დამოკიდებული… თუ ღმერთთან თანადგომითა და თანამშრომლობით იცხოვრებს, მაშინ ის, უკვე აქვე, დედამიწაზე, ღვთის ერის სისავსეში შევა...
 
მაგრამ იერემიას ზემოთ მოტანილ წინასწარმეტყველებაში არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი. მასში ნათქვამია, რომ წინამძღოლი და მეუფე, რომელიც მიიყვანს და შეაერთებს ხალხს ღმერთთან, იქნება ამავე ხალხის წიაღიდან, ანუ ის იქნება ძე კაცისა. ასე უწოდებს ქრისტეს წინასწარმეტყველი დანიელიც:
 
"ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე. მიეცა მას ხელმწიფება, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა" (დან. 7:13-14).
 
ეს წინასწარმეტყველებები მიგვანიშნებენ ქრისტეს ღვთივგანკაცების საიდუმლოზე, მისი კაცობრიობის საიდუმლოზე.
 
ბიბლიაში მრავალი წმიდა ტექსტია, სადაც ნათქვამია, რომ მესია — არის ძე ღვთისა, რომ ის არის ღმერთი და სწორედაც რომ ღმერთი უნდა იყოს.
 
მაგრამ ამ სტატიაში მოყვანილი წინასწარმეტყველებები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ქრისტე ამავდროულად სრულყოფილი ადამიანია. და სწორედ იმის წყალობით, რომ ღმერთმა მთელი სისავსით მიიღო ადამიანური ბუნება, გარდა ცოდვისა, აღსრულდა კაცობრიობის გამოხსნა ცოდვის წყევისგან.
 
საეკლესიო ისტორიაში, როგორც ცნობილია, არსებობდა ორი უკიდურესი მოსაზრება, რომლებიც ამახინჯებდნენ ჭეშმარიტებას ღვთის განკაცებისა და გამოსყიდვის საიდუმლოსთან დაკავშირებით.
 
ერთნი ამბობდნენ, რომ ქრისტე არის ჩვეულებრივი ადამიანი, აღჭურვილი ღვთის განსაკუთრებული ძალით; მეორენი კი მიიჩნევდნენ, რომ ის ღმერთია, რომელმაც მხოლოდ ადამიანის სახე მიიღო და მასში არაფერი ადამიანური არც ყოფილა და არც არის.
 
იერემიას ზემოთ დამოწმებული წინასწარმეტყველება განსაკუთრებით აღნიშნავს სწორედ იმას, რომ ქრისტე არის არა მოჩვენებითი, არამედ ჭეშმარიტი ადამიანი.
 
ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში: მაცხოვარმა აღასრულა თავისი ღვაწლი და გადაიტანა ყველა ტანჯვა, როგორც ადამიანმა, მიიღო ადამიანური ბუნება მისი სულიერი და ხორციელი სნეულებებით, გარდა ცოდვისა.
 
ამიტომ, იცოდა რა ადამიანური ბუნება და გაუცხოებული არ იყო მისგან, უფალს შეუძლია ადამიანთა შეწევნა და მათი გამოხსნა.
 
მოციქულ პავლეს თქმით:
 
"ვინაიდან, როგორც თვითონ ევნო და გამოიცადა, ასევე განსაცდეღში მყოფთა შეწევნაც ძალუძს" (ებრ. 2:18).
 
მეორეც: ქრისტეს კაცობრივი ბუნება განგვიმარტავს, თუ როგორ სრულდება ჩვენი ხსნა.
 
ღმერთმა, მიიღო რა ადამიანური ბუნება და გახდა ყველაფერში ჩვენი მსგავსი, გარდა ცოდვისა, სასწაულებრივად შეურთდა ადამიანის არსს — შეურევნელად, უცვალებლად, განუყოფლად და განუცალკევებლად.
 
ორი ბუნების (ღვთაებრივისა და ადამიანურის) ამ იდუმალი და გონებისთვის მიუწვდომელი შეერთების წყალობით, ქრისტემ გამოგვისყიდა და მოგვცა ახალი ცხოვრება, ახალი გული და ყოველივე, რაც საჭიროა ცხონებისთვის.
 
სხვათა შორის, მტკიცება წმიდა მოციქულთა საქმეების წიგნიდან, რომ იესუ ქრისტეს მორწმუნე ადამიანებს — ახალი გული აქვთ, პირველად იერემიას მესიანურ წინასწარმეტყველებაში გვხვდება:
 
"ჩავუდგამ მათ გულს, რათა მცნობდნენ, რომ უფალი ვარ. ჩემი ერი იქნებიან და მე მათი ღმერთი ვიქნები, რადგან მთელი გულით მოიქცევიან ჩემკენ" (იერ. 24:7).
 
 
მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით მოამზადა საიტ "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2026 წ.
Назад к содержимому