Перейти к контенту

კითხვა-პასუხი - რა კარვის დადგმა ისურვა პეტრემ თაბორზე და რატომ? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რა კარვის დადგმა ისურვა პეტრემ თაბორზე და რატომ?
სოდომისა და გომორას განადგურება
კითხვა: თაბორის მთაზე მაცხოვრის ფერისცვალების დროს მოციქულმა პეტრემ წარმოთქვა ფრაზა, რომელიც ემოციურად ჟღერს და ბავშვურად გულუბრყვილოა: "უფალო, რა გვიჯობს აქ ყოფნას? თუ გნებავს, გაგიკეთებთ სამ კარავს: ერთს შენ, ერთს მოსეს და ერთსაც ელიას" (მთ. 17:4). რა არის კარავი (ძვ. ქართ. "ტალავარი")? რისგან აპირებდა პეტრე მის გაკეთებას და სავარაუდოდ, რაზე ფიქრობდა ამ მომენტში?
 
 
პასუხი: სიტყვა "კარავი" (ბერძნ. - სკენე, აქედანვეა სკინია, ებრ - სუკკა) ნიშნავს საბძელს (თივის), ფარდულს, თავშესაფარს, ტალავარს, რომელიც იკვრებოდა ტოტების, ფოთლების, ფიჩხების, ბურბუშელების ან ქსოვილებისგან. სიტყვაში "სკენე" შეიძლებოდა ეგულისხმათ ფარდული, აშენებული პალმის ან მურტის ტოტებისგან, ტენტი ან კარავი, რომელსაც ზემოდან ეფინება სარებზე ჩამოფარებული ქსოვილი, ეს შეიძლება იყოს ასევე უბრალო ქოხი აგებული ბუნებრივი მასალისგან, რომელიც სუფთა ჰაერზე ხანმოკლე ყოფნისთვის გამოდგება.
 
შეეძლოთ თუ არა მოციქულებს რეალურად აეშენებინათ ასეთი შალაში (ქოხი) ან ტალავარი თაბორის მთაზე? დიახ, შეეძლოთ. თაბორის მთა, სადაც, გადმოცემის მიხედვით, მოხდა უფლის ფერისცვალება, დაფარული იყო ხეებით, ბუჩქებით და ვაზით - რომელიც საკმარისი მასალაა იმპროვიზირებული ფარდულების ასაშენებლად. გარდა ამისა, მოციქულებს, რომლებიც ქრისტესთან ერთად ავიდნენ მთაზე, თან ექნებოდათ საფარველები ან მოსასხამები, რადგან საღამოობით მთებში საკმაოდ ცივა; ექნებოდათ კვერთხები, რომლებიც სურვილის შემთხვევაში, შეიძლება გამოიყენო კარვების საყრდენებად; ექნებოდა თოკები, რომელიც მაშინ წელზე ჰქონდათ შემორტყმული, რათა კარავი დაეჭიმათ.
 
ისრაელში კარვებს გააჩნდა, როგორც ყოფითი, ასევე საკრალური მნიშვნელობა. და თუკი ყოფითი თვალსაზრისით ყველაფერი გასაგბია, საკრალურ განზომილებაში კარვის, შალაშის ხატება იუდეველებს უდაბნოში, მოსეს წინამძღოლობით ებრაელის ერის ორმოცწლიან ხეტიალს მოაგონებდა, რომელიც ფერისცვალების დროს იესუს ესაუბრებოდა.
 
ღმრთის დავალებით სწორედ მოსემ დააწესა კარვობის დღესასწაული, ანუ სუკოტი, რომელიც მთელი კვირა გრძელდებოდა. აი როგორ არის ის აღწერილი ბიბლიაში, კერძოდ ლევიტელთა წიგნში:
 
"მეშვიდე თვის მეთხუთმეტე დღეს, მიწის მოსავლის აღებისას, შვიდ დღეს - იდღესასწაულეთ საუფლო დღესასწაული. პირველ დღეს - უქმე და მერვე დღეს - უქმე. აიღეთ პირველ დღეს ჰადარის ხის ნაყოფი, ფინიკის მტევნები, ძეწნისა და ტირიფის რტოები და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის წინაშე შვიდ დღეს. იდღესასწაულეთ იგი - საუფლო დღესასწაული შვიდ დღეს წელიწადში. სამარადისო წესად გქონდეთ თაობიდან თაობაში. მეშვიდე თვეში იდღესასწაულეთ იგი. კარვებში იცხოვრეთ შვიდ დღეს. ისრაელის ყოველმა მკვიდრმა კარვებში იცხოვროს; იმისათვის, რომ იცოდნენ თქვენმა შთამომავლებმა, რომ კარვებში დავასახელე ისრაელიანები, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი" (ლევ. 23:39-43).
 
სუკოტი იდღესასწაულებოდა შემოდგომით და, მიუხედავად იმისა, რომ იესუ ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დროს ებრაელები უკვე ეწეოდნენ ბინადრულ, მკვიდრ ცხოვრებას, გამოდიოდნენ თავიანთი სახლებიდან, აშენებდნენ დროებით ქოხებს - კარვებს, სადაც ჭამდნენ, ლოცულობდნენ და ღამესაც კი ათენებდნენ უდაბნოში თავიანთი წინაპრების მსვლელობის მოსაგონებლად. დღესასწაული აღსავსე იყო სიხარულით და ღმრთის მყოფობის შეგრძნებით.
 
კარვობის დღესასწაულში მესიანური გზავნილი მოიაზრებოდა. მისი ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო გახლდათ ნათელი და წყალი. იერუსალიმის ტაძრის ეზოში ოთხი უზარმაზარი სასანთლე ინთებოდა. ეს იყო შეხსენება იმ ნათლის ბოძზე უდაბნოში, რომლითაც ღმერთი ისრაელს წინ მიუძღოდა. ხოლო სატაძრო მსახურების დროს სრულდებოდა წყლის დასხმის რიტუალი: მღვდელს მოჰქონდა წყალი სილოამის საბანელიდან და მას სამსხვერპლოს ფეხებთან ასხამდა. ეს იყო შეწირულობა წვიმაზე და მომავალ მესიაზე მინიშნება გახლდათ.
 
ამიტომაც ქრისტემ შემთხვევით როდი გამოიყენა წყლისა და ნათლის სიმბოლო ქადაგებისას სწორედ ამ დღესასწაულზე, როდესაც საკუთარ თავზე ამბობდა, როგორც სიცოცხლისა (ინ. 7:37) და ნათლის (ინ. 8:12) წყაროზე. ამით მან თავი წარმოაჩინა, როგორც სუკოტის ყოველი სასოებისა და წინასწარმეტყველების აღსრულებად.
 
პეტრე, რომელიც თვითონაც ბავშვობიდანვე აღნიშნავდა სუკოტს, ხედავდა რა ნათლით გაბრწყინვებულ იესუს, რომელსაც მოსე ელაპარაკებოდა, უცებ ლაპარაკობს იმას, რაც პირველადვე მოსდის თავში. და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ის უ ბრალოდ კი არ სთავაზობს თაბორზე სამი კარვის დადგმა. მის, როგორც მორწმუნე იუდეველის, აღქმაში კარავი - ეს არის უდაბნოში მოარულ ხალხთან ღმერთის თანმყოფობის სიმბოლო; მადლიერების გამოხატულება გამოხსნისთვის და ღმრთის წინამძღოლობა; ეს არის წარმავლობის და ღმრთისადმი სასოების სიმბოლო, მესიის მოვლინების აღქმის წინაგანცდა.
 
ასე რომ, როდესაც მოციქული უფალს სთავაზობს სამი კარვის დადგმა, ეს შეიძლება გავიგოთ, როგორც იმპულსური სურვილი განმტკიცდეს თაბორის ნათელში ღმერთთან თანაყოფნის მომენტი, დაიდგას ბიბლიური კარვის მიწიერი მსგავსება. არსებითად, ის ამბობს: "შეაჩერე წამი. მოდი, აქ გავაკეთოთ ადგილი, სადაც დაივანებს ღმრთის დიდება".


წყარო: foma.ru
Назад к содержимому