Перейти к контенту

კითხვა-პასუხი - რაში მდგომარეობს იუდას ცოდვა, თუკი მას უნდა გაეყიდა ქრისტე, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რაში მდგომარეობს იუდას ცოდვა,

თუკი მას უნდა გაეყიდა ქრისტე, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება?
ეშმაკი, მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი ჯოჯოხეთში
წმიდა მამები წერენ, - იუდას რომ არ გაეყიდა უფალი, ღმერთი იპოვიდა სხვა გზას, რათა აღსრულებულიყო მთელი კაცობრიობის გამოხსნა. ეს პირდაპირ გამომდინარეობს იქიდან, რომ უფალი იესუ ქრისტე არაერთხელ შეაგონებდა იუდას. ის არა თუ აფრთხილებდა ყველა მოწაფეს, არამედ წინდაწინ იუწყებოდა გამყიდველობის შესახებ.
 
საიდუმლო სერობაზე მაცხოვარმა აშკარად აჩვენა, თუ ვინ იყო გამცემი და იუდას ეს ესმოდა. მაგრამ ის ისე მიეცა ეშმაკის გავლენას, რომ შეპყრობილი იქნა გამცემლობის აზრით და ვერაფერი მის გულს ვერ ალბობდა. თუკი ღმერთმა, როგორც ზოგიერთი ამბობს, წინასწარგანსაზღვრა იუდა გამცემლობისთვის, მაშინ რატომ აფრთხილებდა მას ასე აშკარად არ ჩაედინა ეს ცოდვა?! რატომ ცდილობდა უფალი იუდა განეშორებინა თავისი მოძღვრის გამყიდველობის უმძიმესი დანაშაულისგან?
 
შეეძლო თუ არა უფალს თავისი ნებით არ მიეცა იუდასთვის ამ ცოდვის ჩადენის შესაძლებლობა? რა თქმა უნდა, შეეძლო. მაგრამ იუდას განწყობიდან ჩანს, რომ ის ისედაც ვერ აიცილებდა ღმრთისმგმობელობას და გამცემლობას, ოღონდ სხვა სახით. მას რომ გადარჩენის შესაძლებლობა ჰქონოდა, უფალი დაუყოვნებლივ განახორციელებდა მას.
 
შემდეგ, ზოგიერთების თქმით, თურმე ღმერთია დამნაშავე ჩვენს ცოდვებში, და არა ჩვენ თვითონ. მაგრამ ღმერთს არ შეუქმნია და არ ჩაუდენია ბოროტება, არც მცნებად მოუცია რაიმე ბოროტი. ღმერთმა ჩვენ, ისევე როგორც ანგელოზები, შეგვქმნა მარადიული სიცოცხლისთვის, შემოქმედისა და ერთმანეთის მარადიული სიყვარულისთვის. არადა, ცნობილია, რომ სიყვარული - ეს სულის უზენაესი გამოხატულებაა.
 
სიყვარული არ შეუძლია სულს, რომელიც მოკლებულია შემოქმედებით თავისუფლებას და მხოლოდ ინსტინქტებით ცხოვრობს. აი ეს თავისუფლება ქმნის სწორედ არჩევანის შესაძლებლობას სიკეთესა და ბოროტებას შორის. ეს არის ერთგვარი გამოცდა, რომელიც ანგელოზთა ერთმა ნაწილმაც კი ვერ ჩააბარა. ამ გამოცდას ვერ მოერევა ადამიანთა უზარმაზარი ნაწილიც. სწორედ ის ვერ დაძლია იუდამაც.
 
ღმერთს არავისთვის წაურთმევია თავისუფალი არჩევანის უნარი, არჩევანისა სიკეთესა და ბოროტებას შორის. ის არც ერთ ჩვენგანს არ ართმევს ამის შესაძლებლობას. ხოლო მათ, ვინც ღმრთისგან შეწევნას ითხოვს ბოროტებისკენ მიდრეკილების დასაძლევად, უფალი დაუყოვნებლივ შეეწევა. მაგრამ ამ მომენტშიც კი, ის არ ართმევს ადამიანებს თავისუფლებას და შესაძლებლობას იყონ სრულყოფილი სულიერი პიროვნებები, თავიანთი შემოქმედის ხატებანი და მსგავსებანი.
 
 
საიტი "აპოკალიფსისი".
 
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით. 2025 წ.
Назад к содержимому