სწავლანი > კითხვა-პასუხი
რას ნიშნავს "ტყავის შესამოსელი"
და
რითი იყვნენ შემოსილნი ადამი და ევა ცოდვით დაცემამდე?
საიდან იღებს სათავეს გამოთქმა ტყავის შესამოსელი?
გამოთქმა „ტყავის შესამოსელი" მოცემულია წმინდა წერილში: "გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა" (დაბ. 3:21); ძველქართულ თარგმანში: "და უქმნა უფალმან ღმერთმან ადამს და ცოლსა მისსა სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ" (დაბ. 3:21).
როგორი იყო ადამიანი ცოდვით დაცემამდე და ტყავით შემოსვამდე?
ტყავის შესამოსელი, ჩვენი სულისა და სხეულის თანამედროვე მდგომარეობაა, რაც არაბუნებრივია ადამიანისთვის. მრავალი წმინდა მამისა და ეკლესიის მოძღვრის სწავლების თანახმად, პირველქმნილი ადამიანები არ იყვნენ მოკვდავები, მაგრამ არც უკვდავები იყვნენ: უკვდავება შეეძლოთ მოეპოვებინათ იმ შემთხვევაში, თუკი იცხოვრებდნენ სიმართლით, ღვთის მორჩილებით და მასთან კავშირით; მოკვდავები კი უნდა გახდებოდნენ ღმრთისაგან განდგომის შემთხვევაში, როგორც ეს მოხდა სინამდვილეში.
გარდა ამისა, ისინი არ იყვნენ ხრწნადები, არც ბოროტებისკენ იყვნენ მიდრეკილები. მათი შიდა სულიერი ძალები ჰარმონიულად იყო ურთიერთშერწყმული. ჰარმონიული იყო ასევე სულისა და ხორცის ურთიერთქმედება. ცოდვით დაცემის შედეგად პირველქმნილი ადამიანები დაექვემდებარნენ ხრწნადობას და გახდნენ დისჰარმონიულნი. ხრწნილებას დაექვემდებარა თავად მათში მოცემული (ადამიანური) ბუნება.
დასაშვებია თუ არა მტკიცება, რომ ტყავის შესამოსელი სხეულია?
გამოთქმა "ტყავის შესამოსელი" არ უნდა გავიგოთ "სხეულის" მნიშვნელობით, ვინაიდან პირველქმნილი ადამიანები სხეულს ფლობდნენ ცოდვით დაცემამდეც. პირველ ადამიანთა მიერ ტყავის შესამოსელით შემოსვის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ მათი ხორცი გაუხეშდა. ამის შესახებ მღვდელმოწამე მეთოდე ოლიმპიელი წერს:
როგორ შეიძლება მხოლოდ სულებთან მიმართებაში გავიგოთ სიტყვები: "ინაყოფიერეთ და იმრავლეთ და აავსეთ დედამიწა"? (დაბ. 1:28)
და კიდევ;
"გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვრისაგან" (დაბ. 2:7), - რაც აშკარად საკუთრივ სხეულის შესახებ არის ნათქვამი, ვინაიდან სულს არსებობა არც მტვერისგან მიუღია და არც რომელიმე მძიმე ნივთიერებისგან. ამრიგად, ყოველივე ამის საფუძველზე სრულიად სამართლიანად გამომდინარეობს ის, რომ ადამიანი სხეულებრივად შეიქმნა ტყავის შესამოსლამდე, რადგან ეს ყოველივე მის დაცემამდე არის ნათქვამი, ხოლო ის, რაც სამოსელს ეხება, — დაცემის შემდეგ. ამიტომ კვლავ შევუდგეთ იმის განხილვას, რაც ჩვენს წინაშეა, რამეთუ საკმარისად დავამტკიცეთ, რომ ტყავის შესამოსელი სხეული კი არ არის, არამედ მოკვდავი კუთვნილებაა, გონიერი არსებისათვის განმზადებული" (იხ. მღვდელმოწამე მეთოდე ოლიმპიელის შრომა "აღდგომის შესახებ. ორიგენეს წინააღმდეგ").
იქნებ ტყავის შესამოსელი - ცხოველთა ტყავებია, რომლებიც პირველქმნილმა ადამიანებმა შეიმოსეს?
ტყავის შესამოსელის პირდაპირი გაგების წინააღმდეგი არ იყო წმიდა იოანე ოქროპირი:
"რადგან პირველქმნილმა მცნების დარღვევით სიკვდილის სასჯელი დაიმსახურა, ამასთან საჭირო იყო სამოსელი, რომელიც მის სირცხვილს დაფარავდა, (ღმერთმა) მათთვის ტყავის სამოსელი შექმნა, რითაც გვასწავლის, რომ მოვერიდოთ განაზებულ და ფუფუნებით სავსე ცხოვრებას, არ ვეძებოთ უქმი და უშფოთველი ყოფიერება, არამედ უფრო მკაცრი ცხოვრება შევიყვაროთ" (იხ. "ჰომილიები დაბადების წიგნზე", XVIII ჰომილია).
"პირველი ადამიანებისთვის ნაბოძები ტყავის შესამოსელი, გრიგოლ ღვთისმეტყველის შეხედულებით, უხეშ და მოკვდავ ხორცს გულისხმობს. თუმცა, მართალია, ხორცი ცოდვით დაცემის შემდეგ გაუხეშდა და მოკვდავი გახდა, მაინც არ შეიძლება ვთქვათ, რომ მანამდე ადამიანი "ხორცისაგან განშიშვლებული" (ანუ უხორცო) იყო; რადგან მისი სხეული სულამდე შეიქმნა, ხოლო მისთვის მიცემული ტყავის შესამოსელი, საკუთრივი აზრით არ ნიშნავს ხორცს, როგორც ლეღვის ფოთლებით მისი პირველი "შემოსვის" გამოცდილება - არ გულისხმობს ხორციელი ბუნების შეცვლას. ასევე შეუსაბამო იქნებოდა ტყავის შესამოსელი გავიგოთ მატყლის ან მცენარის ქერქისგან მოქსოვილ სამოსად; სავსებით ბუნებრივია, რომ ეს სახელწოდება ცხოველის ტყავისგან დამზადებულ ტანისამოსს აღნიშნავს.
რაკი ასეთი სამოსლის საჭიროების წარმოშობა ადამიანის ცხოველურ სხეულზე მიუთითებს და, რადგან მოსე (დაბადების წიგნის ავტორი - "აპოკ." რედ.), ჩვეულებისამებრ, ხილულის აღწერაში გულისხმობს სულიერს, სიტყვები: "გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი და შემოსა" (დაბ. 3:21) რეალურად გულისხმობს იმასაც, რომ ღმერთმა დაცემულ ადამიანებს ცხოველის მსგავსი ხორციელი ბუნება მისცა.
ღმერთმა ერთსა და იმავე დროს ასწავლა ადამიანს ცხოველთა მსხვერპლად შეწირვაც და მათი ტყავების სამოსლად გამოყენებაც, რათა ამ მსხვერპლშეწირვებით იგი განსწავლულიყო, მოეკლა თავის თავში პირუტყვისმსგავსი გულისთქმანი და ვნებანი ... ამგვარი ვარაუდით დამაკმაყოფილებლად აიხსნება სისხლიანი მსხვერპლშეწირვის წარმოშობაც ... და, განსაკუთრებით, იმ რჯულის წარმოშობა, რომელიც მღვდელს ყოვლადდასაწველი მსხვერპლის ტყავს უბოძებს (ლევ. 8:8)".
რით იყო შემოსილი ადამიანი ტყავით შემოსვამდე?
"ტყავის შესამოსელით" შემოსვამდე, როგორც, ეს საეკლესიო საგალობლებიდან გვესმის (იხ. მაგ., ყველიერის კვირის საგალობლები და სტიქარონები), ადამიანი "ღვთივქსოვილ" "სამოსელს" ატარებდა, ანუ მადლმოსილი საფარველით იყო შემოსილი.
როგორც წმიდა იოანე ოქროპირი წერს, ჩვენი მშობლები "ზეგარდმო დიდებით იყვნენ შემოსილნი... ზეციური დიდება ყოველგვარ სამოსელზე უკეთ ფარავდა მათ". ეს შესამოსელი ბრწყინავდა "ღვთაებისადმი მსგავსებით", მაგრამ არა "ფორმით" ან "ფერით", არამედ უვნებობით, სიკეთითა და უხრწნელებით - თვისებებით, რომლებითაც "ღვთაებრივი ვითარცა სილამაზე საჭვრეტელ არს", — გვასწავლის წმიდა გრიგოლ ნისელი.
პირველმშობელთა ტყავის სამოსლით შემოსვა ღვთის სასჯელია?
წმიდა მამათა სწავლების თანახმად, ტყავის შესამოსელი არის არა სასჯელი, არამედ დაცემული ადამიანისადმი ღვთის მოწყალება. გამომდინარე იქიდან, - როგორც ეს დაბადების წიგნშია ნათქვამი, - თავად ღმერთმა შემოსა ადამიანი ტყავის სამოსლით, არ გამომდინარეობს, რომ ღმერთი ბოროტების, ხრწნილებისა და სიკვდილის მიზეზია. პირიქით, ღმერთი ბოროტ საქმეებს კეთილ შედეგებად აქცევს. მოკვდავობა და ხრწნადობა ცოდვის შედეგი გახდა. მაგრამ იმაში, რომ ადამიანები მოკვდავნი გახდნენ, ღვთის სიყვარული და მოწყალება უნდა დავინახოთ. ძნელი წარმოსადგენია, ცოდვიანობის რა ხარისხამდე მივიდოდა ადამიანი მუდმივად ცოდვილი და სიკვდილისთვის მიუწვდომელი რომ ყოფილიყო. ამრიგად, სიკვდილი ბოროტების გავრცელების შემზღუდავ საშუალებად იქცა. მაგრამ განკაცებული ღვთის ძის ვნებებითა და სიკვდილით აღსრულებული გამოსყიდვის წყალობით, ადამიანმა შესაძლებლობა მიიღო არა უბრალოდ მიეღწია უკვდავებისთვის (ამას გაქვავებული ცოდვილებიც მიაღწევენ), არამედ საუკუნო ნეტარი სიცოცხლე მოეპოვებინა.
მოხსენიებულია თუ არა ტყავის სამოსელი კანონებში?
რაოდენ უცნაურიც იყოს, "ტყავის შესამოსლის" განმარტება, როგორც ადამიანური ბუნების თანაზიარება "პირუტყვული ბუნების" კანონებთან, კანონიკურ საეკლესიო სამართალშიც კი შევიდა (იხ. ზონარასა და ბალსამონის განმარტება კართაგენის კრების 123-ე კანონზე): "მართალია, ადამიანს ხორცი მაშინაც ჰქონდა, მაგრამ არა ისეთი, როგორიც ახლა აქვს; ამის შესახებ გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: "ტყავის შესამოსლით შემოსავს, შესაძლოა, უხეშ ხორცში, მოკვდავსა და საპირისპირო ხატების მქონეში (მის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით); ვინაიდან დანაშაულამდე ადამს ხორცი ჰქონდა, მაგრამ ის ბუნებით არც უხეში და არც მოკვდავი იყო".
დაბ. 3:21-ის ანალოგიური გააზრება გვხვდება საეკლესიო საღვთისმსახურო ჰიმნოგრაფიაშიც.
ციტატები ტყავის სამოსლის შესახებ:
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: "და როგორც წმიდა ერთარსი ცოცხალი ღმერთი და სიტყვა, ხორცის მტვირთველი, აღდგა ჩვენთვის განკუთვნილი საფლავიდან და, მასში უსამოსლოდ მყოფმა, შიშველი როდი გამოჩნდა - ვინ შემოსა ის, ვინც ყოველივეს შემოსავს? თუკი ეს ღვთის ნების გამოვლინებას ემორჩილება, მაშინ მე მწამს, რომ ჩვენი წინაპარი ამ ტყავით შეიმოსა. არა ამაო მნიშვნელობით არის ჩვენი სხეულები ტყავი; აკრძალულის გემოვნების შემდეგ ტყავით შეიმოსა ჩვენი სული. სანამ იგემებდა (აკრძალულ ხილს) და შესცოდავდა სხეულის აგებულება უკვე მოხაზული იყო. მაგრამ ადამს ნეკნიც შეცოდებამდე აღმოერთვა, ნეკნი კი უხორცოდ წარმოუდგენელია. და რა საჭიროება ჰქონდათ ლეღვის ფოთლებით შემოსვისა, თუკი ისინი უხორცონი იყვნენ?"
მისივე: "მაგრამ როდესაც შურიანი კაცისმკვლელის ხრიკით, ქალის სიტყვის დამაჯერებლობას დაყურადებულმა ადამიანმა ნაადრევად იგემა ტკბილი ნაყოფი და ტყავის სამოსლით - მძიმე ხორცით - შეიმოსა, მძორმტვირთველი გახდა, რადგანაც სიკვდილით ქრისტემ ცოდვას საზღვრები დაუდო; მაშინ გადმოვიდა იგი სამოთხიდან მიწაზე, საიდანაც აღებული იყო, და ხვედრად მრავალღვაწლიანი ცხოვრება მიიღო".
მისივე: "ადამიანმა დაივიწყა მისთვის მოცემული მცნება და მწარე დაგემოვნებით იქნა ძლეული; მაშინ განიდევნა ის ცოდვის მიერ, ერთსა და იმავე ჟამს განშორდა სიცოცხლის ხესაც, სამოთხესაც და ღმერთსაც, შეიმოსა ტყავის სამოსელი (შესაძლოა, უხეშ, მოკვდავ და წინააღმდეგობრივ ხორცში), პირველად შეიცნო საკუთარი სირცხვილი და ღმერთს დაემალა. თუმცა, აქაც იძენს რაღაცას, კერძოდ სიკვდილს - ცოდვის აღსაკვეთად, რათა ბოროტება უკვდავი არ გამხდარიყო. ამრიგად, თავად სასჯელი კაცთმოყვარეობად იქცევა, ვინაიდან ასე, რაშიც დარწმუნებული ვარ, სჯის ღმერთი"
მისივე: შემდეგ (საჭიროა) განშორება ამქვეყნიური საზრუნავისგან, რაზეც არის ადამიანი განსჯილი ცოდვით დაცემის შემდეგ. ამას უნდა მოსდევდეს განშორება - ხორცის საფარველთაგან, "ტყავის შესამოსლისგან" (დაბ. 3:21), ანუ "ხორციელი ბრძნობისგან" (რომ. 8:6) და, ყოველივე იმისგან, რასაც "სირცხვილის გამო ვფარავთ" (2 კორ. 4:2), რის შემდეგაც უკვე აღარ დავიფარებით "ლეღვის" (შდრ. დაბ. 3:7) ანუ მწუხარე ცხოვრების ჩრდილქვეშ, არამედ ამ ცხოვრების წარმავალი "ფოთლებისაგან" შემდგარი საფარველის განგდებით, კვლავ შემოქმედის თვალწინ წარვდგებით.
წმ. გრიგოლ ნოსელი: "მაშ ასე, კვლავ დავუბრუნდეთ წინანდელ მდგომარეობას, რომ ჩვენ მიერ მოსალოდნელი კეთილი სასოებისთვის ხორციელი ბუნებაც უსარგებლო როდია. ვინაიდან, ისეთნი რომ დავრჩენილიყავით, როგორებიც დასაბამიდან ვიყავით, რა თქმა უნდა, ტყავის შესამოსელი (დაბ. 3:22) არ დაგვჭირდებოდა, რადგანაც ღვთაებისადმი მსგავსება გაგვანათლებდა".
წმ. ეპიფანე კვიპროსელი: "მაგრამ აჰა, შენ დამფარე მე, ჭეშმარიტი ღმერთი, შენში; შენ ტყავის სამოსლით შეიმოსე, შენი შერცხვენის დასამოწმებლად; მე კი, ღმერთი, შენი ხორცის სისხლიანი სამოსელით შევიმოსე: მაშ ასე, აღდეგით, გამოვიდეთ აქედან".
წმ. იოანე დამასკელი: "ამრიგად, ბოროტების მიზეზის - ეშმაკის ამ თავდასხმით ადამიანი ცდუნებულ იქნა, მან არ დაიცვა შემოქმედის მცნება, მადლს მოაკლდა, დაკარგა კადნიერება ღვთის მიმართ, დაექვემდებარა უბედური ცხოვრების სიმკაცრეს - ვინაიდან ამას ნიშნავს ლეღვის ფოთლები (დაბ. 3:7), - შეიმოსა მოკვდავობით, ესე იგი მოკვდავი და უხეში ხორცით - ვინაიდან ამას ნიშნავს ტყავით შემოსვა (დაბ. 3:1), - ღვთის მართალი განსჯით განდევნილ იქნა სამოთხიდან, სიკვდილით დაისაჯა და ხრწნილებას დაემორჩილა".
წყარო: azbyka.ru
მასალა ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსის" რედ. მიერ. 2026 წ.
