სწავლანი > კითხვა-პასუხი
რომელი რჯული გააუქმა ქრისტემ ახალ აღთქმაში და რატომ?
წინა სტატიაში შევეცადეთ მოგვეთხრო ათი მცნებისა და მოსეს რჯულის შესახებ. იმის შესახებაც, რომ ეს ორი სხვადასხვა რჯული იყო. შედეგად ერთი მათგანი (დეკალოგი, ანუ ათი მცნება) ჩადებული იყო მისთვის სპეციალურად შექმნილ აღთქმის კიდობანში. რადგან ის წარმოადგენდა აღთქმის საფუძველს, რომელიც შემდეგში ძველი გახდა ადამიანთა მიერ მცნებათა მრავალჯერადი დარღვევის გამო. ხოლო მეორე, მოსეს რჯული, აღთქმის კიდობნის მარჯვნივ იდო. ის არ წარმოადგენდა აღთქმის საფუძველს.
ამ პუბლიკაციაში გვსურს მოგითხროთ, აღთქმათაგან რომელი გააუქმა ქრისტემ ჯვარზე და რატომ.
განვიხილოთ ამ ორი რჯულის შინაარსი.
ათი მცნების შინაარსს ვხვდებით გამოსვლათა წიგნის 20-ე თავში:
"თქვა ღმერთმა ყველა ეს სიტყვა:
მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანეთ ეგვიპტელთა ქვეყნიდან, მონობის სახლიდან. არ გაიჩინოთ ჩემს გარდა სხვა ღმერთები.
არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ. არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში. ათასწილ სიკეთის მზღველი ჩემს მოყვარულთათვის და ჩემი მცნებების დამმარხველთათვის.
არ დაიფიცო ფუჭად უფლის, შენი ღვთის სახელი, რადგან დაუსჯელი არ გადაურჩება უფალს მისი სახელის ფუჭად მოფიცარი.
გახსოვდეს შაბათი დღე, რომ წმიდა ჰყო იგი. ექვს დღეს იმუშავე, და აკეთე შენი საქმეები; მეშვიდე დღე კი უფლის, შენი ღვთის შაბათია. არა საქმე არ გააკეთოთ, არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა ყმამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა, არც შენმა მდგმურმა, სახლში რომ გყავს. რადგან ექვს დღეში შექმნა უფალმა ცა და მიწა, ზღვა და ყველაფერი, რაც მასშია, და მეშვიდე დღეს შეისვენა; ამიტომაც აკურთხა უფალმა შაბათი დღე და წმიდაჰყო იგი.
პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.
არა კლა.
არ იმრუშო.
არ იქურდო.
არ გამოხვიდე ცრუ მოწმედ შენი თვისტომის წინააღმდეგ.
არ ინდომო შენი თვისტომის სახლი; არ ინდომო შენი თვისტომის ცოლი, არც მისი ყმა, არც მისი მხევალი, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი, არც არაფერი მისი ქონებიდან" (გამ.20:1-17)
ყურადღება მიაქციეთ, პირველი ოთხი მცნება განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას ღმრთისადმი. ხოლო დანარჩენი ექვსი - ჩვენს დამოკიდებულებას მოყვასისადმი. სავარაუდოდ, სწორედ ასე იყო ისინი გადანაწილებული ქვის ორ ფიქალზეც.
რაც შეეხება მოსეს რჯულის შინაარსს, მასში შეიძლება დავინახოთ შემდეგი მცნებები. ერთნი მათგან ეხებოდნენ სწავლა-მოძღვრებას, სხვები ზნეობრიობას, მესამენი საწესჩვეულებო განგებულებებს. იყო მცნებები, რომლებიც ეხებოდნენ სამოქალაქო რეგულაციებს. მაგალითად, მცნება "თვალი თვალისა წილ, და კბილი კბილისა წილ" - ეს სულაც არ არის ზნეობრივი კანონი, როგორც ზოგიერთი ფიქრობს. ეს, თუ გნებავთ, სისხლის სამართლის უძველესი ვარიანტი იყო. ამიტომაც არ არის სწორი ეს და მსგავსი მცნებები ძველაღთქმისეული დროების ზნეობრივ დონემდე ავიყვანოთ.
ჩვენ დღესაც შევხარით სისხლის სამართლის კოდექსს, რომელიც დამნაშავეობას ებრძვის და საზოგადოებრივ სიმშვიდეს იცავს. და როდესაც ეს აუცილებელია, ჩვენ ყველანი ამ კანონებითაც ვსარგებლობთ, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტემ მეორე ლოყის მიშვერა გვამცნო. ასე იყო ძველ დროშიც. მაშინაც აუცილებელი გახლდათ კანონები, რომლებიც მსგავს პრობლემებს აგვარებდნენ. არც მაშინ, არც ახლა, ისინი არ უნდა იყვნენ ძირითადნი და განმსაზღვრელნი მორწმუნე ადამიანებისთვის.
განვიხილოთ რომელი კანონები და მცნებები გაუქმდა ქრისტიანობის პერიოდში.
"ნურავინ განგსჯით საჭმლისა თუ სასმლის, რაიმე დღესასწაულის, ახალმთვარობისა თუ შაბათთა გამო. ყოველივე ეს მხოლოდ ლანდია იმისა, რასაც მომავალი მოიტანს, სხეული კი არის ქრისტესი" (კოლას. 2:16, 17).
მოციქული პავლე, როდესაც ის რჯულის შესახებ გვამცნობს, იმოწმებს მოხერხებულ მეტაფორას - მომავლის ლანდს. ის საკითხის არსს ძალიან კარგად აღწერს. წარმოვიდგინოთ მზიანი დღე და ჩრდილი, რომელსაც ქუჩაში რომელიმე საგანი იძლევა. მაგალითად, ხე. ხე - მომავლის სახე იყოს. ხოლო მისი ჩრდილი - მომავლის ის ლანდი, რომლის შესახებაც პავლე მოციქული ბრძანებს. თვით ჩრდილი თავისი მოყვანილობით წააგავს ხეს, მაგრამ ხე არ არის.
გავნიხილოთ, თუ როგორ მუშაობს ეს სქემა მსხვერპლშეწირვის შესახებ არსებული რჯულის მაგალითზე. კრავის მსხვერპლად შეწირვა წარმოადგენდა იესუ ქრისტეს ჯვარზე შეწირული მსხვერპლის წინასახეს, რადგან ჭეშმარიტი კრავი არის სწორედ იესუ ქრისტე. მაშასადამე კრავის შეწირვა - ეს მომავალი მოვლენის წინასახ იყო. ამ მსხვერპლით ძველი აღთქმა იუწყებოდა იმას, რაც უნდა მომხდარიყო. ადამიანები უნდა მიჰყოლოდნენ ამ აჩრდილს მომავალი მოვლენებისკენ. მის კვალზე სიარულით, ადრე თუ გვიან ისინი თვით ამ ჩრდილის ობიექტამდე მივალთ, რომლის შემდეგ ჩრდილი უნდა შეწყდეს.
სწორედ ასე იყო მსხვერპლშეწირვასთან დაკავშირებითაც. ერთხელ დროის განმავლობაში ადამიანები მივლენ ქრისტეს მსხვერპლამდე, რომლის შემდეგ კრავის შეწირვა ყოველგვარ აზრს კარგავს. რატომ? იმიტომ ხომ არა, რომ ქრისტემ გააუქმა ასეთი რჯული? არა! უბრალოდ იმიტომ, რომ მოვლენამ, აჩრდილმა (წინასახემ), რომელიც იყო მსხვერპლშეწირვის რიტუალი, ყოველგვარი აზრი დაკარგა. რადგან ის, რაზეც ის უთითებდა, უკვე აღსრულდა.
"როდესაც იგემა ძმარი, იესუმ თქვა: აღსრულდა; თავი დახარა და სული განუტევა" (იოანე 19:30).
მსგავსადვე გაუქმდა მრავალი საწესჩვეულებო რჯული, რომელიც მოსეს წიგნში იყო ჩაწერილი. არა იმიტომ, რომ უფალმა ყველაფრის გაუქმება გადაწყვიტა, არამედ იმიტომ, რომ საწესჩვეულებო კანონთა და განწესებათა მიზანი მივიდა თავის ლოგიკურ აღსრულებამდე.
უფალი არ იცვლება და მისი სიტყვა საუკუნოა. ის უცვალებელია. ღმრთის ყველა მოთხოვნა სიწმიდესთან და სიმართლესთან დაკავშირებით უცვალებელია. არ შეცვლილა ის მცნებები, რომლებიც ეხებოდნენ და ეხებიან სულიერებას, სიმართლეს და სწავლა-მოძღვრებას, რადგან ღმერთი თავის სიტყვას არ ღალატობს.
მაშ, რა შეცვალა ქრისტემ ჯვარზე? სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მას არაფერი შეუცვლია. მან აღასრულა. ის ჩვენთვის გახდა ჩვენივ ცოდვებისთვის გაღებული მსხვერპლი. ჯვარზე იტვირთა მან ჩვენი უძლურებანი და სნეულებანი. მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ. მან სძლია ჯოჯოხეტს და სიკვდილს. ხოლო იმ კანონებმ და მცნებებმა, რომლებიც ჯვარზე აღსრულებული მოვლენის აჩრდილს წარმოადგენდნენ, თავისთავად შეწყვიტეს თავიანთი არსებობა, რადგან უკვე საჭირონი აღარ იყვნენ.
ამასთან დაკავშირებით იბადება კიდევ ერთი კითხვა. აქტუალურია თუ არა დღეს ის ათი მცნება, რომლებიც აღთქმის კიდობანში ინახებოდა? დიახ, უეჭველად აქტუალურია! თუმცა, აღთქმა, რომელიც ეფუძნებოდა ამ მცნებებს ცოდვათა გამო დაძველდა, თვით მცნებები კი დღემდე წმიდაა და აქტუალური. და არა მარტო ათი მცნება. ძველი აღთქმის წიგნებში შეიძლება ვიპოვოთ მრავალი დარიგება და მცნება, რომელთაც თავიანთი აქტუალურობა ჩვენს დღეებშიც არ დაუკარგავთ, რადგან ისინი თავიდანვე არ წარმოადგენდნენ მომავალი მოვლენების აჩრდილს.
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
საიტი "აპოკალიფსისი". თბილისი 2023 წ.