სწავლანი > კითხვა-პასუხი
როგორი შეიძლება იყოს კერპი ადამიანის
გულში
და როგორ მოვიშოროთ იგი?
ამ სტატიაში შევეხებით სინანულის თემას ეზეკიელის წიგნიდან.
წინასწარმეტყველი თავის წიგნში სინანულს ცენტრალურ ადგილს უთმობს, ააშკარავებს საკმაოდ მნიშვნელოვან ნიუანსებს, რომლებიც ესოდენ აუცილებელია ადამიანის განკურნების პროცესში და აჩვენებს რაოდენ მნიშვნელოვანია და სასიცოცხლო სინანული, როგორც ყოველი ადამიანის, ასევე მთელი ერის ცხოვრებაშიც კი.
ეზეკიელის წიგნში ჩვენ ვხვდებით განუმეორებელ და უპრეცედენტო სახეებს. მაგალითად, 14-ე თავში არის ასეთი მონაკვეთი:
"მოვიდნენ კაცები ისრაელის უხუცესთაგან და დასხდნენ ჩემს წინ. იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი: ადამის ძევ! ამ კაცებმა კერპები აღმართეს თავიანთ გულებში და თავიანთი უკეთურება დაბრკოლებად დაიდეს წინ; როგორ შემიძლია მათი კითხული ვიყო? ამიტომ ელაპარაკე მათ და უთხარი: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: თუ კაცი ვინმე ისრაელის სახლიდან, რომელსაც კერპები აქვს აღმართული თავის გულში და უკეთურება დაბრკოლებად უდევს წინ, მივა წინასწარმეტყველთან, როგორ მიიღებს პასუხს ჩემგან, უფლისგან, როცა თავის კერპთა სიმრავლითურთ არის მოსული, რომ დაჭერილი იყოს ისრაელის სახლის გულები, რომლებიც გამიუცხოვდნენ თავიანთი კერპების მიზეზით? ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: მობრუნდით და განერიდეთ თქვენს კერპებს და ყველა თქვენს სისაძაგლეს მოარიდეთ პირი" (ეზეკ. 14:1-6).
ამ სიტყვებით უფალი ააშკარავებს ადამიანის სულიერ მდგომარეობას: კერპები გულში!
ეს არ არის ის კერპები, რომელთაც ებრაელები და სხვა ერები თაყვანს სცემდნენ, და რომელთა შესახებაც წერდნენ წინასწარმეტყველები ესაია, იერემია და სხვები. არამედ ის კერპებია, რომლებიც ყოველი ადამიანის გულში ბუდობენ, თვით ურწმუნოთა გულებშიც კი...
თუკი ადამიანი აღიარებს ღმერთს, თავს ქრისტიანად მიიჩნევს, ბეჯითად ლოცულობს, მარხულობს, იქმს კეთილ საქმეებს, მაგრამ თავის გულში თუნდა ერთი კერპიც რომ ჰყავდეს, მისი ლოცვები და ვედრებანი ზეცას ვერ მიაღწევენ, რადგან ის უცხოა ღმერთისთვის, და უკეთურია მის წინაშე.
მეტიც, თუკი ადამიანი სულიერად დაუძლურდება, გულწრფელად ისურვებს ღმრთის ნების გაგებას და ღმერთს წინასწარმეტყველის ან მღვდლის მეშვეობით შეევედრება, რათა გაიგოს როგორ მოიქცეს, ღმერთი მას არ უპასუხებს, რადგან მისი გული ყველაფრითაა სავსე, ოღონდ არა ღმერთით.
უფალი ამბობს: "შვილო, მე მომეცი შენი გული და შენმა თვალებმა ჩემს გზაზე იყურონ" (იგავნი 23:26).
ღმერთს სურს ჩვენს გულებში დავანება, მასში ცხოვრება - ამისთვის შექმნა კიდევაც მან იგი.
მხოლოდ მაშინ იქნება ადამიანი ღმრთის ნების მცოდნე და ჭეშმარიტად მისი მცნებებით მცხოვრები, როდესაც მის გულში ღმერთი დაივანებს, ხოლო როდესაც ის კერპებითაა სავსე, ღმერთის ადგილი იქ აღარაა.
რას ნიშნავს ღმრთის სიტყვები ეზეკიელის წიგნში: "ამ კაცებმა კერპები აღმართეს თავიანთ გულებში და თავიანთი უკეთურება დაბრკოლებად დაიდეს წინ"? (ეზეკ. 14:3).
"კერპები" - ეს ადამიანის მიერ შეყვარებული ვნებები, ჩვევები და სურვილებია... ეს არის სხვადასხვა სახის მოცემულობები წუთისოფელში, ესა თუ ის მოვლენა, ესა თუ ის საგანი, ნებისმიერი ქმნილება, როგორც ღმრთისა ასევე კაცისა.
კერპი შეიძლება გახდეს ოჯახი, შვილები, სამუშაო, ძალაუფლება, კარიერა, სიმდიდრე, მანქანა, აგარაკი, ტელეფონი, ჰობი, სპორტი, საკუთარი სხეული, მეცნიერება, ფუფუნება, სისუფთავე და სიმყუდროვე, ერთი სიტყვით ყველაფერი, რაც კი სულსა და გულს მოესურვება.
გულში შეიძლება ათობით, ასობით კერპმა დაიბუდოს, მაგრამ შეიძლება სადღაც კუნჭულებში ერთი იყოს მიმალული, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს.
სახარებაში უფალმა თქვა: "გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი გულით და მთელი შენი გონებით" (მთ. 22:37). ეს ნათქვამია აბსოლუტური კატეგორიულობით: "მთელი გულით"-ო, და არა მისი რომელიმე ნაწილითო...
სხვა ადგილას ქრისტე ამბობს:
"არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც" (ლკ. 16:13).
შეუძლებელია ერთ გულში ღმერთმაც დაივანოს და კერპმაც.
გულში რომ ღმერთი ბინადბორდეს, ის განწმენდილი უნდა იყოს კერპთაგან, სწორედ ასე უწოდებს წინასწარმეტყველი ეზეკიელი ამ წუთისოფლის ყველა ვნებას.
"ნეტარ არიან წმიდანი გულითა, ვინაიდან ისინი ღმერთს იხილავენ" (მთ. 5:8).
მხოლოდ კერპებისგან გულგაწმენდილ ადამიანს შეუძლია ჭეშმარიტად ღმერთის შეყვარება. ხოლო ყოველგვარი სიყვარული წუთისოფლისა და იმისადმი, რაც მასშია - "ყველაფერი - გულისთქმა ხორცის, გულისთქმა თვალის და სიამაყე არსებობისა, მამისგან კი არა, ამ ქვეყნისაგან არის" (1 ინ. 2:16).
ჩვენი სიცოცხლე ამქვეყნად სწრაფმავალია, რას წავიღებთ თან უკანაკსნელ დღეს?
როგორი გულით წარვდგებით საშინელ სამსჯავროზე: კერპებით სავსე გულით, თუ გულით, რომელიც ღმრთისადმი სიყვარულითაა სავსე? ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.
ამიტომ უფალი გვაფრთხილებს:
"ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი" (მთ. 6:21).
ამასთან დაკავშირებით ჩნდება შეკითხვები:
- როგორ უნდა ვიცხოვროთ კერპებით სავსე ამ წუთისოფელში?
- როგორ ვიცხოვროთ ოჯახში?
- როგორ შევიყვაროთ მეუღლე და აღვზარდოთ შვილები?
- როგორ ვიმუშაოთ და დავისვენოთ
რადგან ყოველთვის საჭიროა ჩვენი გულების გაწმენდა კერპებისგან!
მრავალ თანამედროვე ლიბერალურად მოაზროვნე ქრისტიანს მსგავსი კითხვები რთულად მოეჩვენება, ხოლო მათი გადაწყვეტა - მთელ პრობლემად. სინამდვილეში ყველაფერი არც ისე რთულია, თუკი მივმართავთ წმიდა მამათა და დედათა, ნეტართა და საკვირველმოქმედთა, იმპერატორთა და დედოფალთა, თავადთა და თავადის ქალთა, მხედართმთავართა და უბრალო მეომართა, ექიმთა და მასწავლებელთა გამოცდილებას...
ისინი მეთაურობდნენ ქვეყნებს და მართავდნენ ადამიანებს, ჰქონდათ ძალაუფლება და მდიდრები იყვნენ, ხელმძღვანელობდნენ არმიებს და ბრძოლებშიც მონაწილეობდნენ, ასწავლიდნენ და აღმზრდელები იყვნენ, წერდნენ ხატებსა და წიგნებს, მოგზაურობდნენ და მოსაგრეობდნენ, ქველმოქმედებდნენ და იღებდნენ შემოწირულობებს, კურნავდნენ ხორცს და იყვნენ სულიერი დამრიგებლები...
მათი საქმიანობის ყველა სფერო შეუძლებელია ჩამოვთვალოთ! და ამავდროულად, მთელი მათი ცხოვრება ეძღვნებოდა ღმერთს და მათი გულები ეკუთვნოდა მხოლოდ მას. მათი ყოველი საქმე, სამუშაო, საქციელი იყო მსახურება უფლისადმი, ამიტომაც მათი გულები თავისუფალი იყო კერპებისგან. საკმარისია წავიკითხოთ წმნდანთა: დიდმოწამე გიორგის, მეუდაბნოვე მამათა ანტონისა და მაკარის, დიდ ღვთისმეტყველთა - ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის და გრიგოლ ღვთისმეტყველის, და სხვა უამრავ წმიდა მამათა და დედათა ცხოვრება...
არსებითად, თუკი ნებისმიერი საქმე, ან ადამიანის მოწოდება არ წარმოადგენს ღმრთისადმი მსახურებას და ამ მსახურებით არ გამოხატავს მისდამი სიყვარულს, მაშინ ეს საქმიანობა ადამიანისთვის უსარგებლო იქნება. ღმრთის სადიდებლად და საკუთარ გულში კერპების დასამხობად მხოლოდ ის საქმიანობაა ნაყოფიერი, რომელიც კეთდება ქრისტეს სახელის სადიდებლად. ამაშია მთელი მცნება: "გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით". ხოლო თუ არ გვექნება მისწრაფება ღმრთისადმი და კეთილ საქმეებს არ გავაკეთებთ ქრისტეს გულისთვის, მაშინ ჩვენს გულებში ბუდობენ კერპები, ამაზრზენი ვნებები და მოსურვებები. ჩვენი ურთიერთობა ღმერთთან და მასთან ერთობის წყურვილი, პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რაოდენ ყურადღებით ვაკონტროლებთ საკუთარ გულებს, განვსჯით მათ, ვამხელთ მათში კერპებს და განვწმენდთ მათ სინანულით.
ამრიგად, ღმრთის სიტყვას წინასწარმეტყველ ეზეკიელის მიერ ჩვენამდე მოაქვს ის მნიშვნელოვანი აზრი, რომ სინანული უნდა შედგებოდეს კერპებისგან განწმენდასა და გათავისუფლებაში, ანუ გათავისუფლებაში ვნებებისგან, ცოდვილი სურვილებისგან, ჩვევებისგან, საცდურებისგან, ასევე უწმინდური წარმოსახვებისა და აზრებისგან, რომლებიც გონებაში ჩნდება და აღწევს ჩვენს გულებში.
მართლმადიდებლურ წყაროთა მიხედვით მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025 წ.
