Перейти к контенту

კითხვა-პასუხი - რატომ უწოდა მოციქულმა პეტრემ მოციქულ პავლეს ეპისტოლეებს ძნელად გასაგები? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რატომ უწოდა მოციქულმა პეტრემ მოციქულ პავლეს ეპისტოლეებს ძნელად გასაგები?
სოდომისა და გომორას განადგურება
მოციქულ პავლეს თოთხმეტი ეპისტოლე მთელი ახალი აღთქმის თითქმის ნახევარს შეადგენს. პავლემ ჩამოაყალიბა ქრისტიანული სარწმუნოებრივი მოძღვრების მრავალი უმნიშვნელოვანესი დებულება, გავიხსენოთ თუნდაც მისი სიტყვები ეკლესიაზე, როგორც ქრისტეს სხეულზე, ან სახელგანთქმული "სიყვარულის საგალობელი", რომელშიც პავლე ამბობს, რომ სიყვარული ყველა ნიჭსა და სათნოებაზე მაღლა დგას. და ამასთანავე, სხვა მთავარმოციქული პეტრე, მის ნაწერებს ძნელად გასაგებს უწოდებს... როგორ მოხდა ეს? მოდით, გავერკვეთ.
 
იმისთვის, რათა გავიგოთ, თუ რა იგულისხმა პეტრემ, ღირს მისი ეპისტოლედან ამონაწერის სრულად წაკითხვა. აი, ისიც:
 
"ხოლო ჩვენ, აღთქმისამებრ, მოველით ახალ ცათა და ახალ მიწას, სადაც დამკვიდრდება სიმართლე. ამიტომ, საყვარელნო, რაკიღა ამას ელით, ეცადეთ მშვიდობით წარსდგეთ მის წინაშე, შეურყვნელნი და შეუბილწველნი.  ჩვენი უფლის სულგრძელობა დასახეთ ხსნად, როგორც ჩვენმა საყვარელმა ძმამ - პავლემაც მოგწერათ მისთვის ბოძებული სიბრძნით. ამასვე გწერთ ყველა წერილში, სადაც ზოგი რამ ისე ძნელად შესამეცნებია, რომ უმეცარნი და უმტკიცონი სხვა წერილების მსგავსად ამახინჯებენ მათ, რათა წარიწყმიდონ თავიანთი თავი" (2 პეტ. 3:13-16).
 
მოციქულ პეტრეს აშკარად არა აქვს განზრახული, რაიმენაირად დაამციროს, გააკრიტიკოს ან შეურაცხყოს პავლე. ტყუილად როდი უწოდებს იგი მას საყვარელ ძმას, სიბრძნით აღსავსეს, მის ეპისტოლეებს კი საერთოდ ძველი აღთქმის ღვთივშთაგონებულ წიგნებს უთანაბრებს — სწორედ მათ ეწოდებოდათ იმ ხანებში "წერილები" (ბერძნ. γραφὰς)!
 
ეპითეტი "ძნელად შესამეცნები" XIX საუკუნის შუა ხანების მთარგმნელებმა გამოიყენეს და არა თვით მოციქულმა პეტრემ, რომელიც ბერძნულად წერდა. სიტყვას, რომელსაც ის იყენებს (δυσνόητά), დღეს ვთარგმნიდით როგორც "გასაგებად ძნელი" — როგორც იქცევიან, სხვათა შორის, თანამედროვე მთარგმნელები (მაგალითად, საერთაშორისო ბიბლიური საზოგადოება). მაგრამ რატომ არის პავლეს ეპისტოლეები ადგილ-ადგილ ძნელად გასაგები?
 
 
პირველი თეზისი:
 
უკეთ რომ ჩავწვდეთ პავლეს აზრს, საჭიროა ვიცოდეთ, ვინ იყო იგი და ვის მიმართავდა.
 
მოციქული პავლე ღრმად განათლებული პიროვნება გახლდათ. ჯერ კიდევ ადრეულ სიყმაწვილეში ის თარსიდან — ქალაქიდან, სადაც დაიბადა — იერუსალიმში გააგზავნეს, რათა იმ დროის ერთ-ერთი უცნობილესი და უბრძენესი რჯულის მასწავლებლის, გამალიელის ხელმძღვანელობით იუდეური რჯულის სიბრძნე შეესწავლა. სწორედ მას, ვინც ერთხელ მღვდელმთავრებს ურჩია, ტყუილად არ დაეკარგათ ძალ-ღონე მოციქულთა წინააღმდეგ ბრძოლაში: "...ჩამოშორდით ამ კაცებს და თავი დაანებეთ მათ; რამეთუ თუ ეს წამოწყება და ეს საქმე კაცთაგან არის, დაიშლება; ხოლო თუ ღვთისგან არის, ვერ შეძლებთ მის დანგრევას; გაფრთხილდით, რათა ღვთისმებრძოლნი არ აღმოჩნდეთ" (საქმ. 5:38, 39).
 
"... ჩამოეხსენით ამ ხალხს და გაუშვით ისინი, ვინაიდან თუ ეს ზრახვა ანდა საქმე კაცთაგან არის, ჩაიშლება. ხოლო თუ ღვთისაგან არის, თქვენ ვერ ჩაშლით მას; მაშ, გაფრთხილდით, ღვთისმბრძოლებად არ შეირაცხოთ" (საქმე 5:38, 39).  
 
ერთ-ერთ ეპისტოლეში პავლე ამბობს, რომ უახლოეს წარსულში ის მამათა გადმოცემების უზომო მოშურნე იყო (გალ. 1:14). ის ქრისტიანებსაც კი დევნიდა, რადგან მათ მავნე სექტანტებად მიიჩნევდა, რომლებიც ჭეშმარიტ სარწმუნოებას ჩამოშორდნენ და რომელსაც თვითონ პავლე სრულყოფილად ფლობდა. როდესაც უფალმა საქმეთა ჭეშმარიტი ვითარება გაუცხადა, პავლემ გულმოდგინედ დაიწყო ქრისტეს ქადაგება, და მისი ქადაგება განსხვავდებოდა პეტრესა და მრავალი სხვა მოციქულის ქადაგებისაგან, რომლებიც სახარების საქადაგებლად უმარტივესი საქმიანობიდან — მეთევზეობიდან — იყვნენ მოწოდებულნი. მათგან განსხვავებით, პავლემ ღვთისმეტყველება შეისწავლა და კარგად იცნობდა თავისი დროის მწიგნობრულ კულტურას. და ეს ვერ დარჩება შეუმჩნეველი მისი ეპისტოლეების კითხვისას.
 
მართალია, პავლე არ ისწრაფოდა რთულად ელაპარაკა, მაგრამ მისი აზროვნების მსვლელობა, მისი ლოგიკა და მეტყველების სტილი, უფრო ლიტონი თანამედროვეების მიერ შეიძლებოდა აღქმულიყო როგორც ერთგვარი ჩახლართული მსჯელობა. საქმე ის არის, რომ მოციქული პავლე უმეტესად მზა ჭეშმარიტებებს კი არ აწვდიდა თავის მსმენელებს, არამედ მათთან ერთად მსჯელობდა — დაახლოებით ისე, როგორც ამას თავის დროზე ბერძენი ფილოსოფოსები, სოკრატე და პლატონი აკეთებდნენ. სწორედ აქედან მომდინარეობდა გაუგებრობანი: ინტელექტუალური თვალსაზრისით ნაკლებად განსწავლული ადამიანები შეიძლებოდა ჩაბღაუჭებოდნენ მის რომელიმე ერთი აზრს, მაშინ როდესაც მოციქული მას მხოლოდ საწყის წანამძღვრად იყენებდა, რათა მასზე დაყრდნობითა და მსჯელობის გზით სრულიად სხვა დასკვნამდე მისულიყო.
 
ასე მოხდა, მაგალითად, სიტყვებთან: "როცა იმრავლა ცოდვამ, მით უფრო მომრავლდა მადლი" (რომ. 5:20). ვიღაცამ, ბოლომდე არ მოუსმინა რა მოციქულს, ეს სიტყვები ცოდვის ჩადენის ნებართვად მიიღო: ასეო, უკეთესიც კი იქნებაო, რადგან ღმერთი "იძულებული" გახდება სამყაროს კიდევ უფრო მეტი მადლი მოჰფინოსო. მაგრამ პავლემ ხომ ეს თეზისი მხოლოდ იმისთვის წამოაყენა, რომ მას დაყრდნობოდა და, მსჯელობის გაგრძელებით, სრულიად სხვა დასკვნამდე მისულიყო!
 
თავისი ეპისტოლეების ამგვარი აგებით, პავლე უწინარეს ყოვლისა მიმართავდა იმ ადამიანებს, რომლებიც წარმართულ ქვეყნებში ცხოვრობდნენ და თავიანთი პოეზიით, მჭერმეტყველების ხელოვნებითა და ფილოსოფიური დიალოგების ტრადიციებით სწორედ ელინისტურ (ბერძნულ) კულტურაში იყვნენ აღზრდილნი. უპირველეს ყოვლისა, იგი თავის ქადაგებას უგზავნიდა იუდეველთ, რომლებიც "გაბნევაში", ანუ პალესტინის ფარგლებს გარეთ ცხოვრობდნენ. მაგრამ შემდეგ, ვისაც ის მიმართავდა (ხშირად — მას შემდეგ, რაც იუდეველნი აღშფოთებით დევნიდნენ მას თავიანთი სინაგოგებიდან), იყვნენ წარმართნი. მათთვის კი მოციქულ პავლეს მსჯელობის სტილი მეტ-ნაკლებად ნაცნობი იყო.
 
 
მეორე თეზისი:
 
მრავალი საკითხი, რომელსაც მოციქული პავლე ეხებოდა, უბრალოდ რთული კი არ იყო, არამედ პრინციპულად გამოუთქმელი გახლდათ ადამიანური მეტყველებისთვის.
 
უფალმა პავლე, როგორც თვითონ მოციქული ამბობს, უჩვეულო გამოცხადებათა ღირსჰყო, მაგრამ ზომა იმისა, რასაც იგი აღიქვამდა, სიტყვებით გადმოცემის შესაძლებლობას აღემატებოდა.

აი, როგორ მოგვითხრობს ამაზე თვითონ პავლე ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში: "ვიცი ერთი კაცი ქრისტეში, რომელიც ამ თოთხმეტი წლის წინათ (არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის) ატაცებულ იქნა მესამე ცამდე; და ვიცი ამ კაცისა (მხოლოდ არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის),  რომ ატაცებულ იქნა სამოთხეში, სადაც ისმინა ენითუთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმის ნებაც არა აქვს კაცს" (2 კორ. 12:2-4). " (2 კორ. 12:2, 3, 4).
 
ცათა სასუფევლის რეალობის აღწერა შეუძლებელია — ჩვენ უბრალოდ ამისთვის სიტყვები არ გვაქვს, რის შესახებაც მოციქული არაერთხელ მოწმობდა. მაგალითად, ღვთის სიახლოვეში ყოფნის ნეტარებაზე ის განზრახ მწირი სიტყვებით საუბრობს: "რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ" (1 კორ. 2:9). და თუმცა რჩეულ მოციქულებს ღმერთმა ეს თავისი სულით გამოუცხადა, ამ გამოცხადების სხვა ადამიანებისთვის მათ გასაგებ ენაზე გადაცემა შეუძლებელია: რამეთუ "ღვთისაც არავინ არაფერი იცის, გარდა მისივე სულისა" (1 კორ. 2:10, 11). ხოლო რაკი არ იცის, ვერც აღიქვამს. მიწიერი ადამიანის შემეცნებით შესაძლებლობებს სულიერ სფეროში პავლე ადარებდა მღვრიე, ძლივს გამჭვირვალე სარკეს: რაღაც ჩანს მასში, მაგრამ უფრო მიგნებით, ვიდრე ნამდვილად; სულიერი სამყაროს ჭეშმარიტი რეალობა კი მხოლოდ ამ რეალობაში გადასვლის შემდეგ გახდება ცხადი (შდრ.: 1 კორ. 13:12). და მისი სიტყვებით გამოხატვა აბსოლუტურად შეუძლებელია, იქნებ მხოლოდ ცალკეული, შესაძლოა არცთუ ისე გასაგები ფრაზებითა და მეტაფორებით — როგორიცაა, მაგალითად, ის, რომ "ჩვენი ღმერთი არის შთანმთქმელი ცეცხლი" (ებრ. 12:29).
 
 
მესამე თეზისი:
 
წმიდა წერილის გასაგებად, იგი უბრალოდ კი არ უნდა ვკითხოთ, არამედ შევისწავლოთ.
 
სწორედ ამისკენ მოუწოდებს ქრისტიანებს თვითონ უფალი იესუ ქრისტე: "წერილთა სიღრმეს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ სწორედ ისინი მოწმობენ ჩემთვის" (ინ. 5:39).
 
შეუძლებელია ესა თუ ის ეპისტოლე ერთხელ წაიკითხო და ჩათვალო, რომ ყველაფერი, რაც მთავარია მასში გაიგე, ხოლო რაც ვერ გაიგე, ის უმნიშვნელოა. ორი ათასი წლის განმავლობაში სწავლობდა ეკლესია წმიდა წერილს, წმიდა მამებმა კი ათასობით გვერდი მიუძღვნეს ბიბლიური წიგნების (და მ. შ. პავლეს ეპისტოლეების) განმარტებას. მთელი ამ ლიტერატურის — როგორც ბიბლიურის, ისე წმიდა მამებისეულის — კითხვა გარკვეულ შრომას მოითხოვს, მაგრამ, თუკი ოდნავადაც არ ვიშრომებთ, განა უცნაური არ იქნება ბიბლიურ მწერალთა სტილისა თუ აზრის გაუგებრობა ბიბლიის წიგნთა ამა თუ იმ მწერალს შევჩივლოთ.
 
პავლეს ეპისტოლეების გასაგებად უკიდურესად მნიშვნელოვანია (და შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი ჰქონდეს) ადამიანის სულიერ გამოცდილებას და ეკლესიის ცხოვრებაში მისი ჩართულობის სიღრმეს. სწორედ ეს არის "მშვიდობის საკვრელით შენარჩუნებული სულის ერთობა" (იხ. ეფეს. 4:3), რომელზეც თვითონ მოციქული წერს. რამეთუ რაც უფრო მეტად ღრმად შედის ადამიანი ეკლესიის ცხოვრებაში, მით უფრო ნათლად ეხსნება მას ქრისტიანობა და მით უფრო მეტ სიღრმეს უჩვენებს მას უფალი. მაგალითად მოვიყვანოთ ისევ მოციქული პეტრე — უბრალო კაცი, მეთევზე, რომელიც ქრისტეს დაჰყვებოდა სამნახევარი წლის განმავლობაში, უსმენდა მას და უკვირდა, მაგრამ თავდაპირველად ბევრი არაფერი ესმოდა. თუმცა, ქრისტესთან განუშორებელი ყოფნის წყალობით, დროთა განმავლობაში პეტრე სულ უფრო და უფრო მეტს წვდებოდა.
 
როდესაც მრავალმა მოწაფემ მიატოვა ქრისტე, მისი მოწოდებით შეშფოთებულმა, ზიარებოდნენ კაცის ძის ხორცსა და სისხლს, პეტრემ აღმოთქვა: "უფალო, ვისთან მივიდეთ? საუკუნო სიცოცხლის სიტყვები შენა გაქვს" (ინ. 6:68). როდესაც ქრისტე ეკითხება მოწაფეებს, თუ ვინად მიაჩნიათ იგი, პეტრე დაუყოვნებლივ პასუხობს: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა ცხოველისა" (მთ. 16:16). ხოლო სულთმოფენობისა და წმიდა სულის ნიჭთა მიღების შემდეგ პეტრე თავად იქცევა ღვთისმეტყველად. მასა და პავლეს შორის განათლების კუთხით არსებული უფსკრულის მიუხედავად, როგორც ჩანს, ის მშვენივრად წვდება, თუ რაზე წერს პავლე, და მის ეპისტოლეებს ძნელად შესამეცნებს მხოლოდ უმეცართა და განუტკიცებელთათვის უწოდებს.
 
მოციქულ პავლეს ზოგიერთი გამონათქვამი მართლაც ძნელად გასაგებია. მაგრამ ცალკეულ ადგილთა ეს გარდაუვალი ბუნდოვნება ჭარბად ანაზღაურდება უმნიშვნელოვანესი და სრულიად ნათლად ჩამოყალიბებული ჭეშმარიტებების სიმრავლით, რომლებიც სწორედ მისი ეპისტოლეების წყალობით გახდა ჩვენთვის ხელმისაწვდომი. რამეთუ სწორედ პავლემ განსაზღვრა ღვთის სასუფეველი, როგორც სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სულიწმიდაში (რომ. 14:17). სწორედ "წარმართთა მოციქულის" წყალობით ვიცით, რომ ნათლისღებით განახლებულ ადამიანურ ბუნებაში არ არის არც ელინი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არც ბარბაროსი, არც სკვითი, არც მონა, არც თავისუფალი, არამედ ყველა და ყველაფერში — ქრისტე (კოლ. 3:11). ქრისტესადმი კუთვნილება აქარწყლებს ყველა მიწიერ და დროებით განსხვავებას ადამიანებს შორის, და მათ მხოლოდ სიყვარულის კანონითღა შერჩენიათ ხელმძღვანელობა.
 
და სწორედ პავლემ დაუტოვა სამყაროს ამაღლებული "სიყვარულის საგალობელი", რომელსაც მან სრულყოფილების კავშირი უწოდა (კოლ. 3:14): "წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს; არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს; არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს; ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა" (1 კორ. 13:1-8).
 
ხოლო, რაც შეეხება მოციქულ პავლეს ზოგიერთი გამონათქვამის ბუნდოვნებას... ის მხოლოდ ხაზს უსვამს იმას, რომ მისი ეპისტოლეები არ წარმოადგენს მოწესრიგებულ საღვთისმეტყველო ტრაქტატებს უნაკლო მსჯელობის ლოგიკითა და ზუსტად გამოკვეთილი ცნებებით. ეს არის ცოცხალი ადამიანის წერილები და სიტყვათა ჩანაწერები, რომელსაც ღრმად უყვარდა ღმერთი და მისგან უდიდესი გამოცხადებების ღირსი გახდა; რომელიც მთელი ძალით ცდილობდა სხვა ადამიანებისთვის გადმოეცა ის გამოუთქმელი, რაც იხილა და შეიმეცნა, რამეთუ ყველაზე მეტად სურდა, რათა ყველა ადამიანი ცხონებულიყო და ჭეშმარიტების შემეცნებას ზიარებულიყო (1 ტიმ. 2:4).

 
წყარო: foma.ru

მასალა ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
Назад к содержимому