Перейти к контенту

კითხვა-პასუხი - რას წარმოადგენს პარაკლისი, რამდენი სახეობისაა და როგორ შევუკვეთოთ? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > კითხვა-პასუხი
რას წარმოადგენს პარაკლისი, რამდენი სახეობისაა და როგორ შევუკვეთოთ?
სოდომისა და გომორას განადგურება
1. პარაკლისი — იგივეა, რაც ლოცვა?

პარაკლისი არის განსაკუთრებული ღვთისმსახურება, რომლის დროსაც მორწმუნენი ღვთისა და წმიდანებისგან ითხოვენ შემწეობას ცხოვრების სხვადასხვა გარემოებებში და მადლობას სწირავენ უფალს მის სიკეთეთა გამო.

ის მოიცავს საგალობლებს, ლოცვებსა და წმიდა წერილის საკითხავებს. სამრევლო პრაქტიკაში პარაკლისები ხშირად აღესრულება ლიტურგიის შემდეგ ან სხვა დროს, რეგულარულ ღვთისმსახურებათა შორის შესვენებებში.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ — პარაკლისი არ ითვალისწინებს მიცვალებულთა მოხსენიებას. ამისათვის არსებობს სხვა ღვთისმსახურება — პანაშვიდი.
 
 
2. რა სახის პარაკლისები არსებობს?
 
არსებობს პარაკლისები, რომლებიც საყოველთაო-საეკლესიო, საზოგადოებრივ ხასიათს ატარებენ. ესენია, მაგალითად, პარაკლისები, შედგენილი რომელიმე საიუბილეო თარიღის ან წელიწადის განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად. მაგალითად, ახალი წლის პარაკლისი, ამა თუ იმ ერის გაქრისტიანების დღესასწაულზე, სასწავლო წლის დასაწყისში და სხვა. ცნობილია სადიდებელი პარაკლისები, რომლებიც შედგენილია ისტორიულ გამარჯვებათა გამო.
 
სხვა პარაკლისები კერძო ხასიათისაა და უკავშირდება ადამიანთა კონკრეტულ ყოფით ვითარებებსა და საჭიროებებს. ესენია პარაკლისები სნეულთათვის, მოგზაურთათვის, ყოველი საქმის დასაწყისში და ა.შ.
 
ზოგიერთი პარაკლისი უერთდება წყლის კურთხევის წესს. მათ წყალკურთხევის პარაკლისები ეწოდებათ. ასევე, პარაკლისებში შეიძლება შესული იყოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის აკაფისტო.


3. შეიძლება თუ არა უფრო დეტალურად გვითხრათ წყალკურთხევის პარაკლისის შესახებ? რისთვის არის ის საჭირო?
 
როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ასეთი პარაკლისის დროს აღესრულება წყლის კურთხევის წესი. ნაკურთხი წყალი (აიაზმა)შემდგომ პარაკლისის მონაწილეებს სახლში მიაქვთ. წყლის კურთხევა შეიძლება იყოს დიდი და მცირე.

დიდი კურთხევის წესი აღესრულება წელიწადში ერთხელ, უფლის ნათლისღების დღესასწაულზე. მცირე კურთხევის წესი შეიძლება აღესრულოს ნებისმიერ დღეს.
 
წყალკურთხევის პარაკლისის კულმინაციაა მღვდლის მიერ ჯვრის წყლით სავსე ჭურჭელში ჯვრის შთაფვლა თანდართული ტროპარის გალობით: "აცხოვნე, უფალო, ერი შენნი..." (მცირე აიაზმის კურთხევის დროს) ან — უფლის ნათლისღების დღეს — სადღესასწაულო ტროპარის: "იორდანეს შინა ნათელ-იღე შენ, უფალო..." (დიდი აიაზმის კურთხევის დროს).
 
კურთხევის დროს წყალი იძენს განსაკუთრებულ მადლისმიერ თვისებებს, რომელსაც შემდგომ თანაეზიარებიან ისინი, ვინც მას იყენებს.
 
წმიდა წყალს სვამენ, აპკურებენ საცხოვრებელს და იყენებენ სხვადასხვა ვითარებებშიც. უდიდეს სიწმიდედ ითვლება ნათლისღების წყალი, რომელსაც ეკლესიაში ინახავენ მთელი წლის განმავლობაში მომდევნო დღესასწაულამდე.
 
 
4. შესაძლებელია თუ არა შევუკვეთოთ პარაკლისის?
 
დიახ, ჩვეულებრივ, პარაკლისის აღსრულების შეკვეთა შესაძლებელია ტაძარში. სხვადასხვა ეკლესიაში ეს პროცედურა სხვადასხვანაირად არის ორგანიზებული. სადღაც შეკვეთის მიცემა ხდება მაღაზიაში, სადაც იყიდება წიგნები, ხატები და ა. შ., სადღაც კი უშუალოდ მღვდელთან ხდება მომავალი პარაკლისის თხოვნის გადაცემა...
 
თუ მაღაზიაში ხდება პარაკლისის შეკვეთა, მაშინ ჩანაწერში (თხოვნაში) უნდა მიუთითოთ (ან სიტყვიერად სთხოვოთ საეკლესიო მაღაზიის თანამშრომელს), რომელ წმიდანს მიმართავთ სამლოცველო ვედრებით. დავუშვათ, წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედს. ამავე წესით შეგიძლიათ შეუკვეთოთ პარაკლისი ღვთისმშობლისადმი ან სამადლობელი პარაკლისი უფლისადმი.
 
შეკვეთაში (თხოვნაში) უნდა ჩაწეროთ იმ ადამიანთა სახელები, რომელთათვისაც აღესრულება ლოცვა. და, რა თქმა უნდა, მიუხედავად სიტყვისა "შეკვეთა", პარაკლისისთვის ჩანაწერის შეტანა განსხვავდება მაღაზიაში საქონლის შეკვეთისგან. მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პარაკლისის შეკვეთა, არამედ მასში პირადი მონაწილეობა, ლოცვა, როგორც საკუთარი თავისთვის, ასევე ახლობლებისთვისაც.
 
 
5. რისთვის არის საჭირო პარაკლისი, თუკი შეგვიძლია უბრალოდ და მოკლედ ვილოცოთ?
 
უეჭველად, ადამიანს შეუძლია ილოცოს ყოველთვის და ყველგან, როცა ამის მოთხოვნილებას გრძნობს. მაგრამ ტაძარში ლოცვა უაღრესად მნიშვნელოვანია. ღვთისმსახურებაში მონაწილეობით ჩვენ ვეზიარებით ეკლესიის მადლს, მის გამოცდილებას, ჩვენს ლოცვას ვუერთებთ მღვდლისა და ჩვენ გვერდით მდგომ სხვა ადამიანთა ლოცვას.
 
საერთო ლოცვის მნიშვნელობაზე თავად იესუ ქრისტე ამბობს: "კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან. რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის" (მთ. 18:19, 20).
 
 
6. პარაკლისის აღსრულება მხოლოდ მღვდელს შეუძლია?
 
ტაძარში პარაკლისს მღვდელი აღასრულებს. მას ამ საქმეში შეიძლება ეხმარებოდნენ დიაკონი, რომელიც კვერექსებს წარმოთქვამს, და საკურთხევლის მსახური, რომელიც მიაწვდის საკმეველს, მიაქვს წმიდა წყალი (აიაზმა) საპკურებლად ან კითხულობს სამოციქულოს, თუკი პარაკლისის წესი ამას ითვალისწინებს.
 
არ არის აუცილებელი პარაკლისი აუცილებლად ტაძარში აღევლინოს. საჭიროების შემთხვევაში, მღვდელი შეიძლება მოიწვიოთ პარაკლისის აღსასრულებლად საავადმყოფოში, საწარმოში, სკოლაში და ა.შ.
 
მაგრამ ყველა შემთხვევაში აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ღვთისმსახურება ყველა მისი მონაწილის საერთო საქმეა. ამ აზრით, პარაკლისის აღმასრულებელნი ყველა მოლოცველნი არიან.
 
 
წყარო: foma.ru
 
მასალა ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
Назад к содержимому