კითხვა-პასუხი - საშობაო ნაძვისხის შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
საშობაო ნაძვისხის შესახებ
საშობაო ნაძვის ხე
კითხვა: განგვიმარტეთ, საიდან და როდის გაჩნდა საშობაო ნაძვის ხის ტრადიცია მართლმადიდებლობაში, და რასთან არის ის დაკავშირებული?
 
***
 
პასუხი: სახლებში საშობაო ნაძვის ხის დადგმის ჩვეულებას გადმოცემა გერმანიის განმანათლებლის წმ. ბონიფაციუსის (754 წ.) (ხს. 5 ივნისს) სახელს უკავშირებს. ერთხელ, როდესაც წარმართებში ქადაგებდა და მათ ქრისტეს შობის შესახებ ამცნებდა, მან მოჭრა მუხა, რომელიც ეძღვნებოდა ქუხილის "ღმერთ" თორს, რათა ეჩვენებინა წარმართებისთვის, რაოდენ უძლურნი არიან მათი ღმერთები.
 
მუხა, როდესაც ეცემოდა, მრავალ სხვა ხესაც წამოედო და ყველა დაამხო, გარდა ერთი ნაძვის ხისა. ბონიფაციუსმა მას ყრმა იესუს ხე უწოდა. როგორც ჩანს, თავიდან ნაძვის ხეს ქრისტეს შობაზე მორთულობების გარეშე დგამდნენ. ის თვითონ იყო სახლის მშვენება, რადგან წარმოადგენდა აშოლტილ, ლამაზ და არომატულ ხემცენარეს. მისი მორთვის ჩვეულება კი დასავლურ ქვეყნებში განხორციელებული პროტესტანტული რეფორმაციის შემდეგ გაჩნდა.
 
რუსეთში ნაძვის ხის დადგმის ჩვეულება, როგორც ჩანს, მომდინარეობს პეტრე I-ის მმართველობის დროიდან. მართლმადიდებლური ეკლესია ახალ წელს ზეიმობს 1 სექტემბერს (ძვ. სტ.), ნიშნად 312 წელს კონსტანტინე დიდის გამარჯვებისა მაქსენტიუსზე.
 
1342 წელს მიტროპოლიტ თეოგნოსტის დროს გადაწყდა, რომ 1 სექტემბერს დაეწყოთ, როგორც სამოქალაქო, ასევე საეკლესიო ახალი წელიც, რაც დამტკიცდა 1505 წლის კრებაზეც. ახალი სამოქალაქო წლისა და საეკლესიო წლის დაწყება მჭიდროდ უკავშირდებოდნენ ერთმანეთს.
 
1700 წელი რუსეთში ორჯერ აღნიშნეს. ჯერ 1 სექტემბერს, ხოლო 1699 წლის 20 დეკემბერს პეტრე I-მა მიიღო დადგენილება "ახალი წლის ზეიმობის შესახებ". მან ბრძანა, რათა ახალი წლის ზეიმობა 1 სექტემბრიდან გადმოეტანათ 1700 წლის 1 იანვარზე. ამასთან პეტრე I-მა ბრძანა ამ დღეს სახლები გაემშვენებინათ "ფიჭვის, ნაძვის და ღვიის ტოტებით, როგორც ეს არის სამეფო კარზე; მხიარულების ნიშნად კი მოქალაქეებმა ახალი წელი აუცილებლად უნდა მიულოცონ ერთმანეთს". ამ დღეს წითელ მოედანზე მოეწყო პიროტექნიკური სეირი.
 
პეტრე I-ის მიერ დამკვიდრებული ჩვეულება ძნელად იკიდებდა ფეხს მოსახლეობაში. ჯერ კიდევ 19-ე საუკუნის დასაწყისს ნაძვის ხეს თავიანთ სახლებში მხოლოდ პეტერბურგელი გერმანელები დგამდნენ. ნაძვის ხე საყოველთაო მშვენებად რუსეთში დამკვიდრდა მხოლოდ 19-ე საუკუნის მიწურულს. მაგრამ იმავე საუკუნის 40-იან წლებში ის უკვე თანდათანობით მკვიდრდება რუსული საზოგადოების ყოფიერებაშიც. ამის შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ ფ. მ. დოსტოევსკის მოთხრობის "ნაძვის ხე და ქორწილის" მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდა "Отечественные записки"-ს 1848 წლის ნომერში.
 
საშობაოდ ნაძვის ხის დადგმა და მორთვა არა მარტო ბავშვების საყვარელი გართობა იყო, არამედ დიდებისაც. ა. პ. ჩეხოვის მოთხრობაში "ბიჭები" (1887 წ.), კატია, სონია და მაშა მამასთან ერთად ამზადებენ მორთულობებს ნაძვის ხისთვის.
 
ო. ე. მანდელშტამის პირველ პოეტურ კრებულში (1913 წ.) აღიბეჭდა ნაძვის ხესთან დაკავშირებული მისი სიყრმისეული განცდები.
 
ბოლშევიზმის პერიოდში მართლმადიდებლობის დევნულებასთან ერთად რეპრესიებში მოჰყვა ნაძვის ხეც. მისი სახლში დადგმა საშიში გახდა. მაგრამ 1935 წლის 28 დეკემბერს გაზეთ "პრავდაში" გაჩნდა სტატია: "Давайте организуем к Новому году детям хорошую елку!" ("მოდი ახალი წლისთვის ბავშვებს კარგი ნაძვის ხე გავუმზადოთ!").  მისი ავტორი გახლდათ ბოლშევიკთა საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის (ЦК ВКП(б)) მდივანი პ. პ. პოსტიშევი. 1933 წლის იანვრიდან ის იყო უკრაინის სკპ (ბ)-ს მეორე მდივანი, რომელსაც ამოცანა იყო "უპირობოდ შეესრულებინა პურის დამზადების გეგმა".
 
პოსტიშევი ვ. მ. მოლოტოვთან ერთად იყო შიმშილის ორგანიზატორი, რომელმაც უკრაინაში 3,5-4 მლნ. ადამიანი შეიწირა (მათ შორის ასობით ათასი ბავშვი). ორი წლის შემდეგ ის განსაკუთრებულად ზრუნავს იმაზე, რათა ბავშვებმა მხიარულად გაატარონ ახალი წელი.
 
გავიდა ათწლეულები. მილიონობით ბავშვმა მორთული და გამშვენებული ნაძვის ხის წვერზე კვლავ იხილა ბეთლემის ვარსკვლავი. ხოლო მის ქვეშ - ღვთაებრივი ყრმა, რომელიც იმისთვის იშვა, რათა ჩვენთვის დასრულებულიყო სულიერი ბნელეთი.
 
წყარო: http://pravoslavie.ru/6878.html
Назад к содержимому