სწავლანი > კითხვა-პასუხი
შეიძლება თუ არა ვატაროთ გარდაცვლილთა ნივთები?
ამ შეკითხვას არ იძლევა ის, ვინც გარდაცვლილისგან იღებს ბინას ან რაიმე მნიშვნელოვან მემკვიდრეობას. ხოლო ნივთებთან დაკავშირებით იტყვის, დიახ, დაუშვებელიაო გარდაცვლილის ნივთების ტარება. მაგრამ ეს არის ცრუმორწმუნეობრივი შეხედულება, ამაო მიზეზი. ეს არის დემონთა მიერ შთაგონებული აზრი, ადამიანში შიშსა და მღელვარებას რომ ნერგავენ, მაშასადამე გარდაცვლილისადმი შიშსაც. კერძოდ, ადამიანს უჩნდება შიში, თითქოსდა გარდაცვლილის ნივთების ტარებით მისი სიკვდილი დადგება დროზე ადრე. ხოლო სადაც არის შიში, იქ არ არის ღმრთისადმი რწმენა და სასოება.
რა თქმა უნდა, შეიძლება ჩავიცვათ გარდაცვლილის ტანისამოსი და ვატაროთ მისი ნივთები, რითაც გამოვხატავთ ჩვენს სიყვარულს მისდამი და მის ხსოვნას ვუფრთხილდებით. ამავდროულად, შეგვიძლია ვიცხოვროთ საკმაოდ დიდხანს. იმის გამო, რომ ადამიანი ატარებს გარდაცვლილი ახლობლის ტანისამოსს ან ნივთებს, მას ცუდი არაფერი შეემთხვევა, რადგან ყოველ ადამიანს იცავს ღმერთი, რომელსაც თითოეული მათგანის დღეგრძელობა და ცხონება სურს.
კაცის სიცოცხლე ნივთებზე ან ტანისამოსებზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ მხოლოდ ღმერთზე, და თუ ის იქნება ჩვენს გულში, ჩვენს ცხოვრებაში, თუ მისი გვწამს საქმით, და არა მარტო სიტყვით, და ჩვენ ვიქნებით ღმრთისმოყვარენი, მაშინ უფალი ჩვენთან დარჩება და ვინ იქნება ჩვენი წინააღმდეგი? შიშები შთაგვაგონებენ უწმინდურ აზრებს და ჩვენი ამოცანაა ლოცვით განვდევნოთ ისინი, სასოება კი დავამყაროთ მხოლოდ ღმერთზე, და არა ცრურწმენებზე, რომლებიც ფუჭია და არაფრის მომცემი.
მართლმადიდებლური ეკლესია გვასწავლის გვეშინოდეს ცოდვების, და არა იმ ადამიანთა ნივთების ტარებისა, რომელმაც დატოვეს წუთისოფელი. ცხადია, სრულიად უმართებულოა აზრი, თითქოსდა იმის შემდეგ, რაც ვინმე ჩაიცმევს გარდაცვლილი ახლობლის ტანისამოსს, ღმერთი მას ცხოვრებას შეცვლის და შეუმოკლებს. ეს არის სისულელე და აბსურდი!
გარდაცვლილთა ნივთების ტარება არანაირად აიძულებს უფალ ღმერთს შეამოკლოს ვინმეს სიცოცხლე. ეს მაგია ხომ არ არის? ხომ არ შიშობს ვინმე, როდესაც გარდაცვლილი ახლობლებისგან რჩებათ ძვირფასი ქონება, თანხა, სახლი ან მიწის ნაკვეთი?... ამ ნივთების ფლობისა ნამდვილად არავის ეშინია და თამამად სარგებლობენ მათით. მაშ, რატომ? გარდაცვლილებიც ხომ აქტიურად სარგებლობდნენ მათით, ინახავდნენ და უფრთხილდებოდნენ. მაგრამ მათ, რაც გინდ უცნაური იყოს, გარდაცვლილთა ნივთების ტარებისა რომ ეშინიათ, ამგვარი ცრუმორწმუნეობრივი გრძნობები არ უჩნდებათ დიდ ქონებასთან ანუ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით, პირიქით სიამოვნებითაც კი ცხოვრობენ მათ დანატოვარ სახლებში, მგზავრობენ მათი ავტომობილებით, ატარებენ ძვირფას მორთულობებს და მეტიც, ზოგჯერ სხვა ნათესავებსაც კი ედავებიან, რათა მეტი დარჩეთ გარდაცვლილის მიერ დატოვებული მემკვიდრეობიდან.
აქ, ამგვარ ცრუმორწმუნეობაში, "საცდურ ლოდად" გამოდიან - საგნები! ცრუმორწმუნეები საკმაოდ სკეპტიკურად ეკიდებიან ამ სრულიად უმნიშვნელო ნივთებს. მათ ეჩვენებათ, თითქოსდა გარდაცვლილის სამოსს თუ ჩაიცმევენ, უეცრად გაააქტიურებენ სამყაროს რომელიღაც საიდუმლოს და სიკვდილი მათ დროზე ადრე ეწვევათ.
სიცოცხლის შემოკლება ადამიანს შეუძლია მხოლოდ საკუთარი ქცევებითა და ზრახვებით. სიცრუე, გამყიდველობა, ბოროტსიტყვაობა, მოყვასის უსიყვარულობა და დაზიანება, მრისხანება და შური, მშობელთა უპატივცემობა, მომხვეჭელობა და მტაცებლობა... აი რა ამოკლებს სიცოცხლეს!
მიუხედავად იმისა, რომ უფლის მცნებების დაცვა, მაგალითად, მშობელთა პატივისცემა, ახანგრძლივებს ადამიანთა ცხოვრებას და მიწიერ კეთილდღეობას, ანიჭებს მათ ღმრთის მადლს და უმრავლებს წყალობას, მრავალი ადამიანი მაინც არ ფიქრობს მოხუც მშობლებზე, არ ეხმარება, არ შეეწევა და არ ზრუნავს მათზე... აი, რა ამოკლებს სიცოცხლეს!
ხოლო საგნებისადმი რაიმე თვისებების და ბედ-იღბლის მიკუთვნება - ჩვეულებრივი ცრუშიშობა და ცრურწმენაა. ასეთი გრძნობები ჩნდება იქ, სადაც არ არის რწმენა ჭეშმარიტი ღმრთისადმი. სადაც არ არის რწმენა, იქ არის რწმენა ყველაფრისადმი, ფუჭი საგნებისადმი, მაგიური შეხედულებებისადმი.
ეკლესია კი, პირიქით, გარდაცვლილთა ნივთებს ხშირად ურიგებს ღარიბებს, რომელთაც არა აქვთ ამა თუ იმ საგნის შეძენისთვის საჭირო სახსრები. იგივე შეუძლიათ გააკეთონ გარდაცვლილის ნათესავებმაც, რაც მათი მხრიდან იქნება მოწყალების გაცემის ტოლფასი საქციელი, რადგან ჩვენს ირგვლივ ბევრია ღარიბ-ღატაკი და უპოვარი.
ეს იქნება მოყვასთადმი გაწეული დახმარების კიდევ ერთი ფორმა, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია გარდაცვლილის სულზე მზრუნველობისთვის. ისინი მოხარულნიც შეიძლება იყონ, მაგრამ ვერანაირად გვამცნობენ ამას. ამიტომ, ყველაფერი, რაც კი მათგან დაგრჩათ შეგიძლიათ თამამად გასცეთ და აჩუქოთ ღატაკთ. ჩვენ ხომ ვიცით, რაოდენ მნიშვნელოვანია გარდაცვლილის სახელზე გაცემული მოწყალება...
უფლის წინაშე ყველაფერი ურთიერთკავშირშია: ქცევები და ცოდვები, შვილები და მშობლები, ცოცხლები და მკვდრები. ერთნი აკეთებენ, სხვები გრძნობენ. გარდაცვლილის შესაწევნად საჭიროა გავცეთ რაც შეიძლება მეტი, დავეხმაროთ უპოვართ, დავაპუროთ ისინი. მიცვალებულისთვის გაწყობილი ტრაპეზების აზრიც ხომ ეს არის - მოყვასთა დაპურება.
ჩვენ ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მიცვალებულისთვის აღვლენილ ლოცვას. მაშ, რაოდენ ძლიერი და გულწრფელი იქნება ეს ლოცვა, რომელიც წარმოთქმული იქნება იმ ადამიანისგან, ვინც მიცვალებულის სახელზე გაღებული მოწყალება მიიღო?! რაოდენ მადლიერი იქნება ის გარდაცვლილისა და მისი ცოცხლად დარჩენილი ნათესავებისადმი?!
ამრიგად, თავისუფლად და უშიშრად შეგიძლიათ ატაროთ გარდაცვლილი ახლობლების ნივთები და ტანისამოსი. ისინი გარდაცვლილს უკვე არ სჭირდება და მასთან ამ ნივთებს არ გააჩნიათ მისტიკური კავშირი. ილოცეთ მათთვის, გარდაცვლილთ ძალიან სჭირდებათ ჩვენი ლოცვა. მოიხსენიეთ ისინი პროსკომიდიაზე, ხშირად შეუკვეთეთ პანაშვიდები, როგორც ეკლესიაში, ასევე სასაფლაოზეც. თუკი გარდაცვლილთა ხსოვნა თქვენთვის ძალზედ ძვირფასია, მაშინ შეგიძლიათ შეინახოთ მათი ნივთები, რადგან მათ მიერ ადამიანები ხშირად გულში ინარჩუნებენ გარდაცვლილ ახლობელთადმი არსებულ სიყვარულსა და სითბოს, თითქოსდა უფრო უახლოვდებიან მათ. მაგრამ არ შეიძლება ამ ნივთებზე გვქონდეს ისეთი წარმოდგენა, თითქოსდა ისინი ატარებდნენ რაღაც მაგიურ ან საშიშ ძალას და, ასევე მთავარია ძლიერ არ მივეჯაჭვოთ მათ. მიცვალებულის დაკრძალვაზე მღვდელი ამბობს ბიბლიურ სიტყვებს: "მიწა ხარ და მიწადვე მიიქცევი". გვახსოვდეს ეს, და გარდაცვლილ ადამიანებს აღუვლინოთ ლოცვები, რომლებიც სულიერად უფრო დაგვაახლოვებს მათთან, ვიდრე ნივთების პატივისცემა (თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ეს აკრძალული არ არის. ოღონდ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო).
ამრიგად, გარდაცვლილის ნივთები არ ატარებენ სიკვდილის არნაირ ენერგიას (ამგვარი "ენერგია" არც არსებობს) და არ ახდენენ გავლენას ცოცხალ ადამიანებზე. შეუძლებელია დასნებოვნდე სიკვდილით ან გადმოგედოს სიკვდილი. სიკვდილით დასნებოვნება კაცობრიობამ უკვე განიცადა ადამისა და ევას დაცემით სამოთხეში. ამიტომ, ჩვენ, თუ დავიწყებთ გარდაცვლილი ადამიანის ნივთების ტარებას, არანაირად უფრო ადრე არ მოვკვდებით, ვიდრე ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება არ განსაზღვრავს ამას უფლის უხილავ სამსჯავროზე. სანამ მარადისობისთვის არ "მოვმწიფდებით".
საგნებისადმი რწმენა - ცრურწმენაა და შეურაცხყოფაა ღმრთისა. ამ არასწორ აზრებს განაბნევს მხოლოდ ჭეშმარიტი ღმრთისადმი სასოება და სიყვარული; მხოლოდ უფალს შეუძლია განაქარვოს ჩვენი ყოველგვარი შიში და მღელვარება, რომლის შემდეგაც ცხოვრება ხდება მარტივი, ნათლით სავსე და სიხარულევანი.
დაიცავით უფლის მცნებები, პატივი მიაგეთ მშობლებს, გიყვარდეთ მოყვასი, როგორც საკუთარი თავი - და თქვენ გაიხანგრძლივებთ სიცოცხლეს დედამიწაზე, მომავალ ცხოვრებაში კი დაიმკვიდრებთ მარადიულ ცათა სასუფეველს, მიუხედავად იმისა, ვის ტანისამოსს ატარებდით.
საიტი "აპოკალიფსისი". მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით. 2023 წ.