სწავლანი > კითხვა-პასუხი
თუკი ღმერთმა ყველაფერი წინასწარ იცის, რაში მდგომარეობს ადამიანის თავისუფლება?
კითხვა: ღმერთი გონიერი არსებაა, და მისი შესაძლებლობები ჩვეულებრივი ადამიანური შემეცნების ზღვარს აღემატება. ის აძლევს ადამიანს დასაბამს და იცის მისი დასასრულიც.
ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ადამიანს სინანულში ეხმარება, თავსმოხვევის გარეშე აყენებს მას ჭეშმარიტების გზაზე, მაგრამ მან უკვე წინდაწინვე იცის, რით დამთავრდება ადამიანის ცხოვრება, მივა ის სარწმუნოებასთან თუ არა.
ადამიანი დაბადებიდანვე უნიკალური პიროვნებაა, ის ყალიბდება ვითარებათა წყალობით, რომლებშიც იზრდებოდა, იძენდა ცხოვრებისეულ გამოცდილებას, პიროვნულ თვისებებს, რომლებიც, თავის მხრივ, განსაზღვრავენ მის ქცევებს და ცხოვრებისეული გზების არჩევანს. თუკი, მაგალითად, ბავშვი ქურდების ოჯახში გაიზარდა, ის ქურდი გახდება, რადგან ეს არის ის, რაც მან იცის და რასაც მიეჩვია. ასეთი ცხოვრება მას ჯოჯოხეთში ჩაიყვანს. ღმერთს არ შეუძლია ძალით შეცვალოს ადამიანის გადაწყვეტილება, ხოლო ადამიანს არ შეუძლია იცოდეს, რა ელოდება მას მისი ქცევებისთვის, ამიტომაც არ ინანიებს.
მე დარწმუნებული ვარ, ღმერთმა ადამიანს ჯოჯოხეთი რომ აჩვენოს, ადამიანი, როგორც მინიმუმ შიშის გამო მაინც შეინანებს. შიძლება თუ არა ამას წინასწარგანსაზღვრულობა ვუწოდოთ?
მე მიმაჩნია, რომ არსებობს პრობლემის ორგვარი გადაწყვეტა. ღმერთმა არ იცის ადამიანის ხვედრი. მან შეგნებულად მოუსპო საკუთარ თავს ეს ცოდნა, რათა ხელიხელჩაკიდებული, თითოეულ ჩვენთაგანთან ერთად გაიაროს ჩვენი გამოცდა ბოლომდე და უკვე შემდეგ გამოიტანოს ვერდიქტი. და მეორე, ყველა არ ცხონდება, რადგან კაცთაგან თითოეულმა მხოლოდ თავისი როლი ითამაშა ამ ქვეყნად, რომელიც მას ღმერთმა მისცა, და მას არანაირად შეეძლო ჩარეულიყო თითოეული ადამიანის ბედში, არამედ მხოლოდ მისი მიმართულების მიცემას ცდილობდა.
მე წინასწარგანსაზღვრულობის წინააღმდეგი ვარ და არ მინდა ამისი მწამდეს, მაგრამ ღმრთის სირთულის გამო ასეთი პარადოქსები მაინც წარმოიშვება.
მიუხედავად იმისა, რომ მოცემული კითხვა არაერთხელ წამოჭრილა, მაინც მსურს მისი კვლავ დასმა, რადგან, წავიკითხე რა მრავალი წყარო ამ თემასთან დაკავშირებით, ყოველთვის ვაწყდებოდი ან საკითხზე თავის არიდებას ან კიდევ რთული ტერმინების გამოყენებას, რომლებიც შლიდნენ სასურველ ზუსტ პასუხს და ბუნდოვანს ხდიდნენ მის შემეცნებას.
გმადლობთ რომ დრო დამითმეთ.
***
პასუხი: გმადლობთ შეკითხვისთვის. ძალიან ვწუხვარ, რომ წინა პასუხებმა ვერ დაგაკმაყოფილეს, თუმცა მე არ მიკვირს, კითხვა ძალიან რთულია, და ის არაერთხელ დაუსვამთ. მე ამ საგანზე საკუთარ აზრებს გაგიზიარებთ, იქნებ თქვენთვის სასარგებლო აღმოჩნდეს.
პრობლემა, რომლის შესახებაც მწერთ, საღვთისმეტყველო მეცნიერებისთვის დიდი ხანია ცნობილია. პირობითად მას შეიძლება ვუწოდოთ "წინაგანსაზღვრება და ნების თავისუფლება". მაქსიმალურად მარტივად და არსებითად რომ ვილაპარაკოთ, პასუხი ასეთია - ღმრთის წინასაწარმცნობელობა არ უდრის წინასწარგანსაზღვრულობას. ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა იცის სად მივა ადამიანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლე წინასწარგანსაზღვრულია თავისი ცხოვრების გარკვეული შედეგისთვის. ადამიანისთვის ეს ძნელად გასაგებია, რადგან ჩვენ თვითონაც იშვიათად ვიკავებთ თავს ჩაურევლობისგან, მაგალითად, მრავალი მშობელი ცდილობს დაგეგმოს თავისი შვილის ცხოვრება, ისინი წყვეტენ თუ რომელ წრეში იაროს ბავშვმა, ვისთან იმეგობროს, რომელი წიგნები იკითხოს, რომელ უმაღლეს სასწავლებელში ჩააბაროს. ფაქტობრივად ისინი დაკავებულნი არიან წინასწარგანსაზღვრულობით და ცდილობენ ბავშვი დასახულ მიზნამდე მიიყვანონ.
ჩვენ საშინლად გვეშინია გაურკვევლობის და ყოველმხრივ ვცდილობთ მის შევსებას საკუთარი ფანტაზიებით და გეგმებით. ჩვენთვის რთულია იმის წარმოდგენა, თუ როგორ უნდა ვიმოძრაოთ წინ ნებაყოფლობით და დახუჭული თვალებით. რადგან ყველაფერი, რასაც კი ღმერთზე ვამბობთ, ასე თუ ისე თავის პროექციას ჩვენს სამყაროში პოულობს ("ღმერთმა იცის", "ღმერთი ხედავს", "ღმერთს სურს"), გაურკვევლობის შიშსაც ღმერთზე ვაპროეცირებთ. რადგან ჩვენ, გონიერი ქმნილებები, ვზრუნავთ მომავალზე, ვცდილობთ მის პროგნოზირებას და ვცდილობთ მის გაკონტროლებას, მითუმეტეს ღმერთი, რომელიც ჩვენზე შეუდარებლად გონიერია, ასევე იქცევა.
ჩვენ უნდა შევურიგდეთ იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს და არც შეიძლება გვქონდეს ზუსტი ცოდნა ღმერთზე. ყველაფერი, რაც ჩვენ მასზე ვიცით ეფუძნება მის მონაწილეობას ადამიანთა ცხოვრებაში, ანუ ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილებას, რომელიც ყოველთვის ადამიანის კულტურულ კოდზეა არეკლილი, მის ენაზე, მის პოეტურ და ანალიტიკურ შესაძლებლობებზე, განათლებაზე და ა. შ. ქრისტიანისთვის ერთია ყველაზე ავტორიტეტული წყარო, რომლიდანაც ისრუტავს ის ღმერთზე ცოდნას - ეს წმიდა წერილია. ამ წმიდა ტექსტზე თვალის გადავლებაც კი იმაზე მეტყველებს, რომ ღმერთმა ადამიანს მართლაც უბოძა თავისუფალი ნება. ღმერთი კეთილია და ყველაფერს სიკეთისკენ წარმართავს, მაგრამ ადამიანი ყოველთვის როდი იღებს გადაწყვეტილებას სიკეთის სასარგებლოდ, მაშასადამე ან ღმერთი მიმართავს ადამიანის ნებას ბოროტებისკენ (რაც ღმრთის ბუნების საწინააღმდეგოა), ან ეს ხდება ადამიანის თავისუფალი არჩევანის მიხედვით, რომელშიც ღმერთი არ ერევა და, რომელიც მხოლოდ უშვებს.
მაგრამ ეს განსჯა პრობლემის მხოლოდ ნაწილს აგვარებს. რადგან ღმერთმა იცის, როგორ მოიქცევა ადამიანი თავისი ცხოვრების ყოველ მომენტში, მაშასადამე მან წინასწარ განსაზღვრა ადამიანი ან ცხონებისთვის ან კიდევ წარწყმედისთვის. მე ამგვარ განსჯას არ დავეთანხმები. როდესაც ჩვენ ვხედავთ მდინარეს, რომელიც ქარაფისკენ მიექანება, ვიცით, რომ წყალი გარდაუვალად ქვემოთ დაეცემა. ეს, რა თქმა უნდა, უხეში მაგალითია, მაგრამ ის გვეხმარება გავიგოთ, რომ მომავლის ცოდნა ჯერ კიდევ არ ნიშნავს მის წინასწარ განსაზღვრულობას. რატომ არ გაასწორებს ღმერთი ყველა ცოდვილს, თუკი მან იცის, რომ ისინი არასწორ ნაბიჯებს გადადგამენ? თუკი ის ასე მოიქცევა, მაშინ გაქრება არჩევანის თავისუფლება. ჩვენ გვწამს, რომ, ჩვენზე ზრუნვისას, ღმერთი თითოეულ ჩვენგანს აძლევს შანსს დადგეს სათნოებათა გზაზე, მაგრამ ამ გზაზე სიარული ან მისგან გადახვევა მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული.
თქვენს წერილში ბევრს წერთ იმაზე, რომ ესა თუ ის ადამიანი ჯოჯოხეთში უნდა მოხვდეს. საიდან გაქვთ ასეთი თავდაჯერება? ვერავინ განსაზღვრავს ადამიანის საიქიო ხვედრზე, ღმერთის გარდა. წმიდა წერილში ჩვენ ვკითხულობთ იმის შესახებ, რომ ღმერთი უარყოფს მათ, ვინც მისი ნების საწინააღმდეგოდ იქცევა (შეად. მთ. 7:23). რისთვის გვჭირდება ეს ინფორმაცია? ნუთუ იმისთვის, რომ სპორტული ინტერესის გამო გამოვიძიოთ ამგვარი დამრღვევები და მათ ზეციური სასჯელი დავუწესოთ? აქ ჯეროვანია გავიხსენოთ სხვა სახარებისეული ფრაზა: "ნუ განსჯით, რათა არ განისაჯოთ" (მთ. 7:1). მცდელობა განვსაზღვროთ, თუ ვინ ცხონდება და ვინ არა - ფუჭი და ამაო საქმეა. ჩვენ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა მივხედოთ და საკუთარ მომავალზე ვიზრუნოთ.
დასასრულ მოგყავთ ბავშვის მაგალითი, რომელიც არაკეთილ ოჯახში და არახელსაყრელ პირობებში იზრდებოდა და ფიქრობთ, რომ მისი მომავალი წარწყმედისთვისაა განსაზღვრული. გაიხსენეთ დიდი მეცნიერი მიხეილ ბასილის ძე ლომონოსოვი, რომელმაც კარდინალურად შეცვალა არა მარტო თავისი ცხოვრება, არამედ მთელი ქვეყნისაც. თუკი თქვენთვის თანამედროვე მაგალითები უფრო მახლობელია, მაშინ შეგვიძლია გავიხსენოთ ცნობილი მსახიობი კიანუ რივზი. მისი ბავშვობა მეტად რთული გახლდათ. მშობელი მამა იყო დამნაშავე და ოჯახი მიატოვა, როდესაც ბავშვი ჯერაც 3 წლისა იყო. დედა 4-ჯერ გათხოვდა და იშვიათად თუ აქცევდა ბავშვებს ყურადღებას. თვით კიანუ დისლექსიით იტანჯებოდა და სკოლაც კი ვერ დაამთავრა, მიუხედავად ამისა, ის არა თუ თავისი მშობლების გზას არ დაადგა, არამედ სრულიად წარმატებული ადამიანი გამოვიდა, და საკმაო სიმდიდრის მფლობელმა მოკრძალებული ცხოვრება აირჩია.
წყარო: foma.ru
პუბლიკაცია ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025 წ.