კითხვა-პასუხი - ყოველთვის საჭიროა თუ არა მიტევება? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > კითხვა-პასუხი
ყოველთვის საჭიროა თუ არა მიტევება?
ჯვარცმული მაცხოვარი და ჯვარცმული კეთილგონიერი ავაზაკი
პასუხობს ღვთისმეტყველი და პროფესორი ალექსეი ოსიპოვი.
 
კითხვა:
 
ხშირად სხვადასხვა დისკუსიაში მიტევების თემაზე მოჰყავთ ჯვარცმული კეთილგონიერი ავაზაკის მაგალითი, როდესაც მაცხოვარმა თავისი ცოდვები მიუტევა. თქვენც (მიმართავს მკითხველი პროფ. ოსიპოვს - "აპოკ." რედ.) ხშირად მოგყავთ ეს მაგალითი. მაგრამ ეს ხომ საკმაოდ რთული მომენტია, ის ერთგვარი გაგებით შემაცბუნებელიც კია. მე მეჩვენება, რომ ადამიანები, როდესაც ამ შემთხვევას იმოწმებენ, თვითონაც ვერ აცნობიერებენ, რას ამბობენ. ჩვენს წინაშე ხომ არის ადამიანი, რომელსაც, შესაძლოა, ცხოვრებაში საერთოდ კარგი არაფერი უკეთებია. ის იყო მკვლელი და არამზადა. და ამასთან მხოლოდ ერთი ფრაზის გამო მიეტევა. და თანაც როგორ? მისთვის არ უთქვამთ, "შენ გაქვს შანსი!" მას უთხრეს: "დღესვე ჩემთან იქნები სამოთხეში".
 
არ შემიძლია არ ვაღიარო თქვენს წინაშე, რომ ადრეც ხშირად გადავწყდომივარ ამ ეპიზოდს. თანაც არა მაშინ, როდესაც მას ცალკე განვიხილავ, არამედ ვადარებს რაღაც სხვას ამ ცხოვრებაში. რა არის ეს? ღმრთის უსასრულო მოწყალება, რომელიც ჩვენ გაგვეცხადა, თუ ეს არის ნამდვილი სინანულის რაღაც განსაკუთრებული ფორმა? როგორ გავიგოთ ეს ყველაფერი?

პასუხი:
 
ამ კონკრეტულ მაგალითთან დაკავშირებით უნდა ვთქვათ შემდეგი: იმყოფებოდე ისეთ შემაძრწუნებელ ტანჯვებში, როგორშიც იმყოფებოდა ავაზაკი, და უეცრად ამ საგნებზე ალაპარაკდე - ეს გასაოცარი რამეა.
 
ავიღოთ მეორე ავაზაკი (ის, რომელიც უფლის მარცხნივ იყო), - ის, პირიქით, აგინებდა, შეურაცხყოფდა და კიდევ ათასგვარად გმობდა ჯვარცმულ მაცხოვარს. და ეს იყო ტკივილით გამოწვეული ბუნებრივი რეაქცია.
 
ამიტომაც ის ფაქტი, რომ მარჯვნივ მყოფმა ავაზაკმა ასეთი რამ თქვა, ნიშნავს, რომ მან ნამდვილად შეინანა. მითუმეტეს მან ბრწყინვალედ უწყოდა, რომ სიკვდილი ეს ესაა დადგება. და ეს რაღაც გათვლები და ანგარიშები არ ყოფილა.
 
ამასთან ნახეთ, როგორ შეინანა ამ ადამიანმა. მან თქვა:
 
"მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე სუფევითა შენითა" (ლუკა 23:40-43).
 
ანუ, რა შეიგნო მან? ის, რომ ავაზაკები იქ ვერასოდეს მოხვდებიან. ეს მორჩილება ბევრ რამეზე მეტყველებს. აი რამ შექმნა იგი ღირსად ცათა სასუფეველისა.
 
სხვათა შორის, ამ მომენტში ქრისტიანობა რადიკალურად განსხვავდება ყველა სხვა დანარჩენი რელიგიისგან. ნებისმიერ სხვა სარწმუნოებაში ასეა: გინდა თავის გადარჩენა? - შეასრულე ის, რაც საჭიროა; ვერ შეასრულებ და - მორჩა!
 
და უეცრად, ქრისტიანობა აცხადებს რას? ეს წარმოუდგენელია, ვის პატიობენ! მეზვერე გამართლებული გამოვიდა ტაძრიდან, მეძავს მაცხოვარმა უთხრა: "წადი და ნუღარ სცოდავ", ავაზაკსაც მიეტევა. ეს ისეთი გასაოცარი სიყვარულის გამოვლინებაა, რაც არც ერთმა რელიგიამ არ იცის. ასეთი ისტორიაში უბრალოდ არ ყოფილა.
 
რაც შეეხება მიტევებას ასე ვიტყვი: წმიდა მამებში არის შესანიშნავი თეზისი:
 
"არ არსებობს სათნოება განსჯის გარეშე".
 
ანუ, კეთილ საქმესაც განსაკუთრებული განსჯა სჭირდება.
 
ადამიანთა შორის ურთიერთობა რთული და მრავალწახნაგოვანია, ამიტომაც ყოველთვის განსხვავებული ვითარებები ჩნდება. მოვიტან ერთ მაგალითდ, რომელიც შესანიშნავი ილუსტრაცია იქნება იმისა, თუ რატომ არის საჭირო ამგვარი განსჯა.
 
ღირ. ბარსონუფი დიდთან მოვიდა ერთი ბერი, რომელიც სხვა ბერებთან ერთად მუშაობდა. უეცრად ერთი მათგანი ამ ბერს თავს დაესხა, გალანძღა ყოველგვარი მიზეზის გარეშე და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შეურაცხყოფილი ბერი ღირ. ბარსონუფისთან მოვიდა და ეკითხება:
 
"მამაო, რა ვქნა? ხომ არ წავიდე და პატიება ვთხოვო ჩემს ძმას?"
 
პასუხი ასეთი იყო:
 
"არა. რადგან, თუკი ამას იზამ, ის იფიქრებს, რომ მართალია და კეთილი საქმე აღასრულა".
 
ხედავთ, რაოდენ რთულია ყველაფერი. არც ისე მარტივია ყოველდღიურობა, როგორც ჩვენ ვფიქრობთ. ამიტომ პირად ურთიერთობებს ყურადღებით მართებს განხილვა. არსებობს ასეთი სასარგებლო აზრი:
 
"ყველაფერს, რასაც გჩუქნიან, შენი გარყვნა შეუძლია".
 
არ არის სავალდებულო, რომ უეჭველად გაგრყვნას, მაგრამ - შეუძლია! ვიღაცას რაღაცას ჩუქნი და ის მუქთი მჭამელი ხდება. ვიღაცას კი შენი საჩუქრით მართლაც იხსნი სიღატაკისა და ჭირვებისგან. ამიტომაც, ყველაფერი, რასაც კი ჩუქნი, ადამიანის გარყვნის შემძლეა.
 
მაშ, რაზე იყო აქ ლაპარაკი? განსჯაზე! არ არსებობს სიკეთე განსჯის გარეშე.
 
ყველა ამ განსჯაში ძირითადი პრინციპი ადამიანისადმი კეთილსასურველი დამოკიდებულება უნდა იყოს. და არა აქვს მნიშვნელობა თვით ადამიანი როგორი იქნება.
 
 
კითხვა:
 
მაშინ იბადება კითხვა განსჯასთან მიმართებაში. მაშ, როგორ ამბობენ პირად ურთიერთობებთან დაკავშირებით: შენ შეგიძლია თავი არ იგრძნო დამნაშავედ, მაგრამ მშვიდობისთვის ითხოვე პატიება. არის თუ არა ეს დამოკიდებული ვითარებაზე?
 
პასუხი:
 
ასეთ ზოგად ფორმაში შეუძლებელია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.
 
მაგრამ სახარებაში მრავალ ასეთ ვითარებასთან დაკავშირებით ნათქვამია:
 
"ერთ ლოყაზე თუ გაგარტყეს - მეორე მიუშვირე".
 
მაგრამ რა აზრით არის ეს ნათქვამი? ზოგჯერ დავები, განსაკუთრებით ოჯახში, რაიმე წამოცდენილი სიტყვის ან ჩადენილი საქციელის გამო ძალიან ამძაფრებს შიდა ოჯახურ უთიერთობას, რაც მძიმე კონფლიქტებამდე მიდის. მაშ, რისკენ მოგვიწოდებს ეს სახარებისეული ფრაზა? - დადუმდი და ისე მოაჩვენე თავი, თითქოსდა მტყუანი ხარ. ვითარება გადაივლის, და შემდეგ ყველაფრის განმარტებას შეძლებ. მოცემულ შემთხვევაში დადუმება - ეს მეორე ლოყის მიშვერის ტოლფასი ქმედებაა.
 
ამიტომაც ამგვარი შემთხვევები ყოველთვის ითხოვს განსჯას. თუმცა, კრიტერიუმი ყოველთვის უნდა იყოს ადამიანისადმი კეთილსასურველი დამოკიდებულება, დიდსულოვნება. ვთქვათ "მოწყდა" ადამიანი, "აფეთქდა", "გადაირია", სხვაგვარად არ შეუძლია, ისეთი ხასიათი აქვს. აქ მოთმინებაა საჭირო. ცოტა მოიტმინე, შემდეგ კი შეიძლება თვითონვე მოიხადოს ბოდიში თავისი საქციელისთვის. აი ამას ნიშნავს "მეორე ლოყა მიუშვირე".
 
მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია ვითარებაზე.
 
 
კითხვა:
 
დავუბრუნდეთ ავაზაკს. ზოგჯერ ასე მსჯელობენ: "დრო კიდევ გვაქვს, ჩვენ ჯერაც ახალგაზრდები ვართ, ლამაზები, ჯანმრთელები, ჩვენ ჯერაც დავრბივართ და დავქრივათ, მოდი ჯერ ვისიამოვნოთ, შემდეგ კი, როცა მოვხუცდებით, საწოლს მიჯაჭვულებმა, ავაზაკივით, ხუთ წუთში, შევინანოთ და მოგვეტევება. ავაზაკს ხომ მიეტევა? მაშ, მეც მომეტევება.

პასუხი:
 
ასეთი ადამიანები ივიწყებენ წმიდა წერილის ერთ ფრაზას:
 
"ცბიერი თავის ცბიერებაში დატყვევდება".
 
შენ იმედოვნებდი, და ამ დროს ... ჰოპ! უკვე იმქვეყნად ხარ... ვითარებები ისე შეკოწიწდება, რომ ვერაფერს იზამ. არ შეიძლება მზაკვრობა ღმრთის წინაშ, აი რაშია საქმე. ღმერთი ხედავს ყველა ადამიანის გულს და განწყობას, და ყველას თავის საქმეთაებრ მიეგება.
 
 
წყარო: https://dzen.ru/a/Y87RjkzIHCBJ8PSq

საიტი "აპოკალიფსისი". 2023 წ. იანვარი.
Назад к содержимому