ლიტურგიკა - კათაკმევლები - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ლიტურგიკა
კათაკმევლები
მოსანათლავად გამზადებულნი
კათაკმევლები (ბერძნ. κατηχούμενοι (კატეხუმენი) — ვინც იღებს დარიგებას მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში ან ვინც უკვე მიიღო დარიგება და ემზადება ნათლობის საიდუმლოსთვის.

კათაკმეველი - ნათლობის კანდიდატია. ძველ ეკლესიაში კათაკმევლებს უწოდებდნენ ქრისტიანთ, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიეღოთ ნათლისღება, მაგრამ უკვე მიღებული ჰქონდათ სწავლა-მოძღვრებითი დარიგებანი.

"მართალთაგან", ანუ უკვე მონათლულ ქრისტიანთაგან განსხვავებით, კათაკმევლები არ მიიჩნეოდნენ ეკლესიის სულიერად აღორძინებულ წევრებად. ამასთანავე ისინი უდავოდ მიეკუთვნებოდნენ ეკლესიას (თუნდაც გარეგნულად, წმ. მამათა თქმით იმყოფებოდნენ ეკლესიის კარიბჭესთან) და მიიჩნეოდნენ ქრისტიანებად, იწერდნენ პირჯვარს და მონაწილეობდნენ ლიტურგიის გარკვეულ ნაწილში.

ლიტურგიის ის ნაწილი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ (და იღებენ) კათაკმევლები, "კათაკმეველთა ლიტურგიად" იწოდება. მასში დიაკვანი მოუწოდებს მართალთ ილოცონ კათაკმეველთათვის, რათა უფალმა შეიწყალოს ისინი და გაანათლოს ჭეშმარიტების სიტყვით, გამოუცხადოს მათ სახარება სიმართლისა, და შეაერთოს ისინი თავის წმიდა, საყოველთაო და სამოციქულო ეკლესიას, ასევე, შეეწიოს მათ და დაიცვას ისინი თავისი მადლით.

კათაკმევლებზე ლოცვისას მღვდელი მოუწოდებს ღმერთს შეაერთოს ისინი ეკლესიას და რჩეულ სამწყსოს, რათა მათაც, მართალ ქრისტიანებთან ერთად, ადიდონ მამის, ძის და სულიწმიდის უწმიდესი სახელი. შემდეგ დიაკვანი მოუწოდებს: "კათაკმეველნო, განვედით!" შემდეგ მეორედ: "კათაკმეველნო, განვედით!" და ბოლოს მესამედ: "კათაკმეველნო განვედით! ნუ ვინმე კათაკმეველთაგანი, არამედ მხოლოდ მართალთა, მერმე და მერმე უფლისა მიმართ ვილოცოთ!" ამის შემდეგ კათაკმეველნი გადიოდნენ ტაძრიდან და იწყებოდა მართალთა ლიტურგია.

ქრისტიანობის ფართოდ გავრცელებასთნ ერთად კათაკმევლობის ინსტიტუტმა თანდათანობით დაკარგა თავისი აქტუალობა. "როდესაც V-VI სს-ში თითქმის სრულიად გაქრა ბერძნულ-რომაული წარმართობა და ბარბაროსი ერების უდიდესი ნაწილი ქრისტიანობას შემოუერთდა, თავისთავად, მოწიფულ ასაკში ქრისტიანობისკენ გადმოსვლა შეწყდა და კათაკმევლობის საჭიროებაც დაკნინდა", - აღნიშნავს ცნობილი კანონისტი ნიკოდიმე (მილაში). - ამას განსაკუთრებულად ხელს უწყობდა ყრმათა ნათლობა, რომელიც მოციქულთა დადგენილებებში (VI:15) მოიხსენიება, როგორც მოციქულთა ჩვეულება, რომელიც ზოგიერთი ეკლესიის მიერ დაკანონებულ იქნა ჯერ კიდევ III ს-ში, ხოლო V ს-დან საყოველთაო გახდა.

სიტყვა κατηχούμενοι ("კატეხუმენი"), რომელიც მოიპოვება წმიდა წერილში (რომ. 2:18; გალატ. 6:6; შეად. საქმე 18:25; 1 კორინთ. 14:19), აღნიშნავს იმ პირებს, რომლებიც, ქრისტიანულ ეკლესიას რომ მიეღო, ვალდებულნი იყვნენ შეესწავლათ ქრისტიანული სწავლება (მათე 28:19); შეად. საქმე 18:25: κατηχημένος τήν οδόν τού Κυρίοu). აქედან გამომდინარე, ესენი იყვნენ, თუ შეიძლება ითქვას, ნათლობის კანდიდატები.

ქრისტიანული სწავლების გადაცემას ეწოდებოდა κατήχησις ("კატეხისის") ან λόγος κατηχητικός (institutio catechetica), ასევე κατηχισμός ("კატეხისმოს"). კათაკმეველთა მოძღვარი, რომელიც მათ ამზადებდა ნათლობისთვის κατηχητής-ად ("კატეხეტი") ან κατηχιστής (catechista)-ად იწოდებოდა. ხოლო ადგილი, სადაც ხდებოდა განსწავლა, - κατηχουμενείον-ად ("კატეხუმენიონ").

კათაკმევლები, ანუ კატეხუმენები, ჩვეულებისამებრ იყოფოდნენ რამოდენიმე: ორ, ზოგჯერ სამ, ოთხ და ხუთ კატეგორიადაც კი. ჩვენ მივდევთ შუასაუკუნეთა ბერძენი კომენტატორების: ზონარას, ბალსამონისა და არისტინეს, ასევე მათე ბლასტარისის შეხედულებას, რომლებიც მათ ორ კატეგორიად ჰყოფენ.

ნიკეის პირველი კრების 14-ე კანონის განმარტებაში არისტინე ამბობს: "არსებობს კათაკმეველთა ორი კატეგორია, ერთნი არიან ისინი, რომლებიც ეს ესაა შემოვიდნენ (οί μέν γάρ άρτι προσέρχονται), ხოლო სხვები, უფრო სრულყოფილნი გახდნენ (τελεώτεροι), რადგან საკმარისად არიან განსწავლულნი რწმენის ჭეშმარიტებებში". იგივეს ამბობენ ზონარა და ბალსამონი ნეოკესარიის კრების მე-5 კანონის განმარტებაში და იგივეს იმეორებს ამავე კანონის განმარტებაში არისტინეც. ხსენებულ კომენტატორთა განმარტებებს იმოწმებს და იგივეს წერს მათე ბლასტარისიც თავის ალფავიტურ სინტაგმაში. შედეგად, კათაკმევლები იყოფიან ორ კატეგორიად.

როდესაც რომელიმე წარმართი ან ებრაელი გამოთქვამდა სურვილს შემოსულიყო კათაკმეველთა რანგში, მას ჯერ უნდა მიემართა ერისკაცთაგან რომელიმე ქრისტიანისთვის ან დიაკვნისთვის, რომელიც თავდებად დაუდგებოდა მის კეთილ განზრახვას, მიიყვანდა მას პრესვიტერთან ან ეპისკოპოსთან (მოციქულთა დადგენილებანი, VIII:32). ეპისკოპოსი ან პრესვიტერი, რომელიც დარწმუნდებოდა ამ ადამიანის კეთილ განზრახვაში, წაუკითხავდა შესაბამის ლოცვას, გადასახავდა ჯვარს და შემოიყვანდა კათაკმეველთა პირველ რანგში, რომელთაც ქრისტიანობის ელემენტარულ ჭეშმარიტებებს ასწავლიდნენ. ისინი იწოდებოდნენ άκροώμενοι (audientes) (მსმენელებად), რადგან მათ უფლება ეძლეოდათ ლიტურგიის დროს მოსულიყვნენ ეკლესიაში, მოესმინათ წმიდა წერილი და სახარება, რომლის შემდეგაც დაუყოვნებლივ უნდა გასულიყვნენ ტაძრიდან.

პირველ კატეგორიაში კათაკმევლები ჩვეულებისამებრ რჩებოდნენ სამი წლის განმავლობაში (მოციქულთა დადგენილებები, VIII, 32), თუმცა ეს დრო შეიძლებოდა შემოკლებულიყო ან გაგრძელებულიყო მოცემული პირის მონდომებისა და ქცევის შესაბამისად. იმ შემთხვევებში, როდესაც კატეხეტი ხედავდა, რომ მისი მოწაფეები საკმარისად არიან განსწავლულნი ქრისტიანული სწავლების საწყის საფუძვლებში და ღირსნი არიან თავიანთი კეთილი ქცევით, უფლებას აძლევდა მათ გადასულიყვნენ კათაკმეველთა მეორე კატეგორიაში, სადაც უკვე მათ უფრო ვრცლად გადაეცემოდათ ქრისტიანული სწავლება და განსაკუთრებული დეტალურობით განემარტებოდათ ქრისტიანული მრწამსი (სარწმუნოების სიმბოლო).

ამ რანგში მყოფთ უწოდებდნენ έυχόμενοι (orantes) (მლოცველებს), რადგან შეეძლოთ ელოცათ მართლებთან ერთად სახარების წაკითხვის შემდეგაც ან γονυκλίνοντες (genuflectentes) (მუხლმომდრეკელთ), რადგან როდესაც მათ ლიტურგიაზე უკითხავდნენ ლოცვას, მუხლებს იდრეკდნენ. ისინი ეკლესიაში რჩებოდნენ მანამ, სანამ დიაკვანი ლიტურგიის დროს არ მიმართავდა მათ სიტყვებით: "კათაკმეველნო განვედით", რის შემდეგაც გადიოდნენ ტაძრიდან.

ამ კატეგორიაში მათი ყოფნაც ასევე დამოკიდებული იყო ქრისტიანული ჭეშმარიტებების შესწავლისადმი მათ მონდომებასა და კეთილ ქცევაზე. პირველი და მეორე კატეგორიის კათაკმეველთ ეკლესიაში გამოეყოფოდათ ადგილი მეორე ხარისხის მონანულთათვის, ანუ სტოა (νάρθηξ, πρόναος), რომელიც განკუთვნილი იყო მოსანათლავთათვის და მდებარეობდა ეკლესიაში მთავარი შესასვლელის ახლოს.

წყარო: https://azbyka.ru/oglashennye
Назад к содержимому