ლიტურგიკა - მართლმადიდებლური საკურთხეველი - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
სწავლანი > ლიტურგიკა
მართლმადიდებლური საკურთხეველი
მართლმადიდებლური საკურთხეველი
მართლმადიდებელი ქრისტიანები ხშირად ტაძარში შედიან იმისთვის, რათა თაყვანი სცენ წმიდა ხატებს, ილოცონ მათ წინაშე ახლობელ ადამიანთათვის, მოინანიონ ცოდვები და ა. შ. მაგრამ ბევრმა როდი იცის როგორ არის მოწყობილი ტაძრის წმიდა ადგილები, რა სახის მნიშვნელოვანი ნაწილებია აქ და როგორია მათი მნიშვნელობა. მართლმადიდებლური ტაძრები, როგორც წესი, შედგება სამი უმნიშვნელოვანესი ნაწილისგან, ესენია: საკურთხეველი და ამბიონი, მართალთა სადგომი და სტოა (სტოვა).


რას წარმოადგენს საკურთხეველი?

საკურთხეველი - ეს არის ტაძრის მესამედი ნაწილი, რომელიც აღმოსავლეთით მდებარეობს. მიიჩნევა, რომ სწორედ საკურთხეველია სამოხთის, სულიერი ზეცისა და იმ ადგილის სიმბოლო, სადაც უფალი იმყოფება. წარმოადგენს რა ტაძრის ძირითად ნაწილს, მასში შესვლის უფლება გააჩნიათ მხოლოდ მამაკაცებს (მღვდლებს, დიაკვნებს, იპოდიაკვნებსა და წიგნისმკითხველებს). გარდა ამისა, საკურთხეველში შესვლის უფლება გააჩნიათ იმ მამაკაცებს, რომლებსაც ამისთვის მღვდელმთავრის ან ტაძრის მოძღვრის სპეციალური კურთხევა გააჩნიათ (მაგ.: პარაეკლესიარხებს, ანუ პონომარებს).

რაც შეეხება ქალებს, მათ ტაძრის ამ ნაწილში შესვლის უფლება აკრძალული აქვთ. საკურთხეველი ეს არის ადგილი, სადაც სრულდება უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი მსახურება - ლიტურგია.
მართლმადიდებლური საკურთხეველი
საკურთხევლის შემადგენლობა

  • საკურთხეველი შედგება რამოდენიმე ძირითადი ნაწილისგან:
  • წმიდა საყდარი;
  • სანაწილე;
  • ალაბასტრი (სამირონე);
  • შვიდნაწილიანი სასანთლე
  • საყდრის ჯვარი;
  • სამკვეთლო;
  • წმიდა ბარძიმი;
  • დისკოსი;
  • ლახვარი;
  • დიკირი და ტრიკირი;
  • რიპიდა;
  • დიაკონიკი;
  • ამაღლებული ადგილი.

საკურთხევლის კედელი შეიძლება მოხატული იყოს სხვადასხვა ფრესკებით, რომლებიც გამოსახავენ ბიბლიურ სიუჟეტებს, მაცხოვარს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს და სხვა. საკურთხევლის მთელი მნიშვნელობა რომ გავიგოთ, უფრო დეტალურად უნდა გავეცნოთ თითოეულ ელემენტს.


წმიდა საყდარი

ძირითადი ადგილი, რომელსაც საკურთხევლის ცენტრალური ნაწილი უჭირავს, გახლავთ წმიდა საყდარი (ტრაპეზი), რომელიც უფლის მყოფობის ადგილად მიიჩნევა. საყდარი არის ოთხკუთხა მაგიდა, რომელიც დაფარულია ფარჩით. წმიდა საყდრის ქვემოთ ათავსებენ რომელიმე წმინდანის უხრწნელ ნაწილს. მოცემული ტრადიცია ჩვენს დრომდე შემორჩა ქრისტიანთა პირველი დევნულებების ხსოვნის ნიშნად, რომლებიც ღვთისმსახურებას მიწისქვეშა კატაკომბებში ასრულებდნენ და, სადაც მდებარეობდა მოწამეობრივად აღსრულებულ თანამოძმეთა სამარხები. უხრწნელი ნაწილი ჩაკერებულია ოდიკში (ბერძნ. ანტიმინსი).
მართლმადიდებლური საკურთხეველი
სურ. ანტიმინსი

ოდიკი, აგრეთვე ცნობილია, როგორც ანტიმინსი — ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში ერთ-ერთი უმთავრესი ნივთი. ქვესაფენელი ტრაპეზზე. ოთხკუთხა ქსოვილი, რომლის შუაგულში გამოსახულია მაცხოვრის დასაფლავება, ხოლო კუთხეებში - ოთხი მახარებელი. ქვეშ წარწერა აქვს, რომელმა ეპისკოპოსმა როდის და რომელი ეკლესიისათვის აკურთხა იგი. ოდიკის შუაგულში, უკუღმა პირიდან გამოკერებულია რომელიმე მოწამის ნაწილი ნიშნად იმისა, რომ პირველი ქრისტიანები საფლავებზე ასრულებდნენ ზიარებას. ზოგიერთ შემთხვევაში ოდიკი ასრულებს ტრაპეზის მაგივრობას და მასზე სრულდება ლიტურგია (იხ. https://ka.wikipedia.org/wiki/ოდიკი).

სტაციონარული წმიდა საყდრების გარდა არსებობს მათი გადასატანი (საველე) ვარიანტები, რომლებიც გამოიყენება მსახურებებში ღია ცის ქვეშ ან განსაკუთრებულ ადგილებში. მათ აგრეთვე იყენებენ იქ, სადაც შეუძლებელია ტაძრის აშენება, ხანგრძლივი მოგზაურობის ან დევნულების დროს.

წმიდა საყდრის მთავარი დანიშნულებაა ლიტურგიის შესრულება, რადგან სწორედ აქ მზადდება ყოველივე აუცილებელი ზიარებისთვის. წმიდა ნაწილთა გარდა საყდარზე განლაგებულია ღვთისმსახურებისთვის საჭირო სხვა ნივთებიც:

  • ჯვარი ტაძარში მოსულ მორწმუნეთა საკურთხებლად;
  • წმიდა სახარება;
  • ანტიმინსი - ქსოვილის ნაჭერი (ოთხკუთხა), რომელსაც აკურთხებს ეპისკოპოსი და, რომელზეც გამოსახულია იესუ ქრისტეს დასაფლავება (ზოგან მართლმადიდებლური ჯვარი ან ქრისტეს ჯვარცმა);
  • ილიტონი;
  • ღრუბელი, რომელიც განკუთვნილია საზიარებელი პურიდან ჩამოცვენილი ნამცეცების ასაკრეფად.


სანაწილე

სანაწილეში მოთავსებულია კანდელი. აქვე თავსდება ორი სასანთლე, რომლებშიც ცალ-ცალკე იდგმება ორი სანთელი (მარჯვნივ და მარცხნივ). თვით სანაწილე წარმოადგენს ეკლესიის ან სამარხის მსგავს პატარა კონსტრუქციას. სანაწილეში წმიდა ნაწილთა გვერდით თავსდება სამირონე, რომელშიც წმიდა მირონს ინახავენ. არანაკლები მნიშვნელობისაა გადასატანი სანაწილე, რომელიც განკუთვნილია წმიდა ძღვენის შენახვისა და გადატანისთვის. მას იყენებენ ავადმყოფთა ადგილზე ზიარებისთვის.


შვიდნაწილიანი სასანთლე და საკურთხევლის ჯვარი

საყდრის (ტრაპეზის) უკან (ან თვით ტრაპეზზე) დგას სასანთლე რომელზეც იდგმება შვიდი კანდელი. უნდა აღინიშნოს, რომ რამოდენიმე საუკუნის წინ საკურთხევლის მოცემული ელემენტი არ არსებობდა. ძველ დროებაში მღვდელმსახურები ანთებდნენ მხოლოდ ორ სანთელს, რომლებიც იესუ ქრისტეს ორ ბუნებას გამოსახავდნენ - ღვთაებრივსა და კაცობრიბს. შვიდნაწილიანი სასანთლე გაჩნდა მოგვიანებით. დღეს კი ამ ატრიბუტის გარეშე არ ტარდება არც ერთი სატაძრო ღვთისმსახურება. შვიდნაწილიანი სასანთლე მოხსენიებულია ძველ აღთქმაში, სადაც მას იუდაური ტაძრის საკურთხეველში ათავსებდნენ.

ეს საკმაოდ სიმბოლური ელემენტია, რაც დეტალურად არის აღწერილი ახალ აღთქმაში, კერძოდ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებაში. წმიდა წერილი გვაუწყებს, რომ შვიდნაწილიანი სასანთლე - შვიდი ღვთაებრივი ნიჭის, შვიდი საიდუმლოს, შვიდი მსოფლიო კრების, ამავე რაოდენობის აპოკალიფსური ბეჭდის, საყვირის და ღმრთის რისხვის თასის სიმბოლოა.

შვიდნაწილიანი სასანთლის უკან იდგმება სატრაპეზო დიდი ჯვარი, რომელზეც გამოსახულია ჯვარცმული მაცხოვარი. ჯვარი დიდი ზომისაა და ძირითადად ის ხის მასალისგან უნდა იყოს დამზადებული.


სამკვეთლო

სამკვეთლო გახლავთ საკურთხევლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი. ის განთავსებულია სალოცავი სახლის (ტაძრის) მარცხენა მხარეს, საყდრის ჩრდილოეთით. სამკვეთლოს მეორე სახელწოდებაა - შესაწირავი ანუ პროტისისოტი.
მართლმადიდებლური საკურთხეველი
სამკვეთლოს იმავე შესამოსლით მოსავენ, რომლითაც ტრაპეზს. სამკვეთლო კი ამ ადგილს იმიტომ ეწოდა, რომ მასზე სრულდება პროსკომიდია ანუ კვეთა. ეს არის წირვის პირველი ნაწილი, რომელზეც პურსა და ღვინოს განსაკუთრებულად ამზადებენ უსისხლო მსხვერპშეწირვისთვის.

თავისი ზომებით ის მცირედით განსხვავდება საყდრისგან, არ განსხვავდება ასევე სიმაღლით. პირველ მართლმადიდებლურ ტაძრებში სამკვეთლო იმყოფებოდა ეკლესიის სხვა ადგილას, მოგვიანებით ის გადაიტანეს საკურთხეველში.

სამკვეთლოზე თავსდება სხვადასხვა სამღვდელმსახურო საგანი. აქ არის წმიდა თასი, ანუ ბარძიმი, რომელშიც სალიტურგიო ღვთისმსახურებისას ისხმება ღვინო და წყალი. მოცემული ელემენტი წარმოადგენს განკაცებული მაცხოვრის სისხლის სიმბოლოს. აქვეა ფეშხუმი, რომელსაც აქვს ბრტყელი და მრგვალი დისკოსის ფორმა. სწორედ მასზე დებს მღვდელმსახური საზიარებელ პურს, რომელიც ლიტურგიაზე საიდუმლო და მიუწვდომელი სახით შეიცვალება ქრისტეს ხორცად.

სამკვეთლოზე იდება ასევე ვარსკვლავი (ორი გადაჯვარედინებული და ჯვრით შეერთებული რკალი). ის განკუთვნილია იმისთვის, რათა საზიარებელი პურის ნაწილები, რომლებიც შემდეგ დაფარნებით იფარება, იატაკზე არ გადმოცვივდეს. აქვე შეგვიძლია ვნახოთ მეტალის თასი ცხელი წყლისთვის, რომელმაც მიიღო შესაბამისი სახელწოდება - მდუღარება. აქვეა ორი ლახვარი - მცირე და დიდი. დიდი ლახვრით იკვეთება მთავარი სეფისკვერი - ტარიგი, რომლისგანაც შემდეგ მორწმუნეებს აზიარებენ, ხოლო მცირე ლახვრით - დანარჩენი სეფისკვერები.

ზიარებისთვის ასევე გამოიყენება სპეციალური კოვზი. სამკვეთლოზეა ასევე ე. წ. ჰაერი - ოთხკუთხა ტილოს ნაჭერი, დაფარნები (ჯვრის სახის ქსოვილები), ღრუბელი და სხვა.

 
სხვა საღვთისმსახურებო საგნები

საკურთხეველში შეგვიძლია ვნახოთ სხვა მნიშვნელოვანი საგნებიც, რომელთაც ღვთისმსახურებაში იყენებენ. ესენია: საცეცხლური (სასაკმევლე), დიკირი (ორსანთელა) და ტრიკირი (სამსანთელა), ასევე რიპიდები.

დიკირი - წარმოადგენს სასანთლეს ორი სანთლით. ის განკაცებული ღმრთის ძის, იესუ ქრისტეს ორბუნებოვნების სიმბოლოა. ტრიკირი - ეს არის სასანთლე, სადაც იდგმება სამი სანთელი და წარმოადგენს წმიდა სამების იპოსტასთა სიმბოლოს. დიკირი და ტრიკირი გამოიყენება მღვდელმთავართა მიერ (პატრიარქები, მიტროპოლიტები, არქიეპისკოპოსები). მათით მღვდელმთავრები აკურთხებენ ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს.

რიპიდიონი, ანუ სამწერობელი (ყველაზე ხშირად ორი) - გრძელტარიანი მარაო, რომლითაც დიაკონნი უმწერობენ სიწმიდეთ. რიპიდიონით უქნევენ მწერებს და მით იცავენ საყდარზე (ტრაპეზზე) დადგმულ ბარძიმსა და ფეშხუმს.

დიაკონიკი, ანუ საეკლესიო სამოსლის საცავი - კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი საკურთხეველში. ის განლაგებულია საკურთხევლის მარჯვენა მხარეს. სწორედ აქ იმოსებიან მღვდლები თავიანთი სამღვდლო შესამოსელით. აქვე ინახება საღვთისმსახურებო შესამოსელი. გარდა ამისა, დიაკონიკში ინახება წმიდა წიგნები და სხვადასხვა საეკლესიო ნივთები.

ამაღლებული ადგილი - იმყოფება საყდარსა და საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელს შუა. ის საკურთხეევლის ელემენტი გახდა მრავალი საუკუნის წინ, და წარმოადგენს ამაღლებულ ადგილს, სადაც ადრე იდგმებოდა არქიეპისკოპოსის სავარძელი (ტრონი).

ასეთია ძირითადად საკურთხევლის შემადგენლობა. უნდა აღინიშნოს, რომ საკურთხევლები გაჩნდა ჯერ კიდევ ქრისტიანობის დასაწყისში. პირველდაწყებითი ეკლესიის კატაკომბურ ტაძრებში, სადაც ქრისტიანები დევნულების გამო იმალებოდნენ, აღმოსავლეთის მხარე შემოკავებული იყო წმიდა მოწამეთა სანაწილედ. ნაწილები ინახებოდა სარკოფაგში - განსაკუთრებულ ქვის სამარხში. სწორედ იქ აღესრულებოდა ევქარისტია ჩვენი უფლის და მაცხოვრის იესუ ქრისტეს მოსაგონებლად, როგორც ეს თავად ამცნო მოწაფეებს.

საკურთხევლები ტაძრის სხვა ნაწილებთან შედარებით უფრო ამაღლებულ ადგილზე იმყოფებოდნენ, რაც თავის მხრივ წარმოადგენდა უფლის საყდრის სიმბოლოს.

სწორედ ამიტომ საკურთხეველი ყოველთვის სუფთად უნდა იყოს შენახული, გამშვენებუილ, იქ შესვლა კი შეზღუდული საეკლესიო განწესებების და საეკლესიო ტრადიციის შესაბამისად.

იქ, სადაც აღესრულება ევქარისტიის საიდუმლო სიმბოლურად სრულდება საიდუმლო სერობა, როდესაც ქრისტემ შეკრიბა თავისი მოწაფეები და აზიარა ისინი. ძველაღთქმისეულ პერიოდში საკურთხეველს ეწოდებოდა "წმიდა წმიდათა".


***

 
საეკლესიო განწესებანი საკურთხეველში შემსვლელთა შესახებ

 
ლაოდიკიის კრების მე-19 კანონი
(ამონაწერი):

"საკურთხეველში შესვლისა და იქ ზიარების უფლება აქვთ მხოლოდ სამღვდელო დასის წარმომადგენლებს"

(დიდი სჯულისკანონი. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 206).


განმარტება:


ზონარა (ამონაწერი): "... კანონით თქმით საკურთხევლის შიგნით ზიარების უფლება აქვთ მხოლოდ მღვდელმსახურებს" (Правила святых поместных соборов с толкованиями. Москва 1880 г. Репр. Стр. 230-231).

არისტინე (ამონაწერი): "... საკურთხეველში შედიან და ეზიარებიან მღვდლები" (იქვე).

ბალსამონი (ამონაწერი): "... მიაქციე ყურადღება, რომ წინამდებარე კანონით მხოლოდ სამღვდელოთ ეძლევა უფლება ეზიარონ საკურთხეველში" (იქვე).


***

 
VI მსოფლიო კრების 69-ე კანონი
(ამონაწერი):

"ერისკაცთაგან არავის აქვს უფლება შევიდეს წმინდა საკურთხეველში. მაგრამ ძველი ჩვუელებისამებრ და წინაპრების განწესებისამებრ ეს არ დააბრკოლებს მეფის პატივსა და ხელისუფლებას, როცა მას უნდა ძღვენი შესწიროს თავის შემოქმედს, ღმერთს" (დიდი სჯულისკანონი. საქ. საეკლ. კალენდ. 1987 წ. გვ. 334).

 
განმარტება:

ზონარა. საკურთხეველი გამოყოფილია მხოლოდ სამღვდლო პირთათვის. ამიტომაც განწესება უკრძალავს ერისკაცთ მასში შესვლას გარდა მეფისა, როდესაც ის ღმრთისადმი ძღვენის შეწირვას მოისურვებს. მაგრამ, მიანიჭეს რა მეფეს ეს უპირატესობა, მამებმა საკუთარი გადაწყვეტილების გასამართლებლად ახსენეს მეფის პატივი და ხელისუფლება, და ასე თქვეს: მასაც, როგორც ერისკაცს, არა აქვს უფლება შევიდეს საკურთხეველში, მაგრამ პატივისა და ხელისუფლების გამო მიცემულია მისთვის ეს უპირატესობა ამის შესახებ ადრე არსებულ მამათა გადმოცემების საფუძველზე (Правила святых вселенских соборов с толкованиями. Москва 1877 г. Репр. Стр. 505-506).

არისტინე. მეფის გარდა საკურთხველში ერისკაცთაგან არავინ უნდა შევიდეს. ერისკაცთათვის საკურთხეველი მიუწვდომელია; მაგრამ მეფეს ეს არ ეკრძალება, როდესაც ღმრთისთვის ძღვენის შეწირვას ისურვებს (იქვე).

ბალსამონი (ამონაწერი). წინამდებარე კანონი ერისკაცებს საღმრთო საკურთხეველში შესვლას უკრძალავს, რადგან ის მხოლოდ სამღვდლო პირთათვის არის განკუთვნილი. მაგრამ მეფეს, თუმც ის ერისკაცია, ერთგვარი ძველი გადმოცემით, უფლება აქვს შევიდეს, როდესაც ის ღმრთისადმი ძღვენის შეწირვას ისურვებს. ამის შემდეგ მე არ ვიცი კუნძულ ხალკზე ჩვენი უფლისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს სახელობის ტაძარში ყოველი მსურველი დაურბკოლებლად როგორ და რატომ შედის საკურთხეველში. ... მაშ, დაიმახსოვრე წინამდებარე კანონი და მის საფუძველზე არანაირად არ მისცე უფლება ერისკაცთ შევიდნენ წმიდა საკურთხეველში. სხვათა შორის, ბევრი ძალისხმევა მოვანდომე იმას, რომ წინააღმდეგობა გამეწია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ოდიგიტრიას ტაძრის წმიდა საკურთხეველში ერისკაცთა შესვლისთვის, მაგრამ უშედეგოდ: ამბობენ, ეს უძველესი ჩვეულება არისო და არ უნდა იკრძალებოდესო (იქვე).


"აპოკალიფსისის" რედაქცია. მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.

12.11.2020 წ.
Назад к содержимому