Перейти к контенту

ლიტურგიკა - ნამდვილად ქრისტეს ხორცი და სისხლია ევქარისტიული პური და ღვინო თუ არა? - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
სწავლანი > ლიტურგიკა
ნამდვილად ქრისტეს ხორცი და სისხლია ევქარისტიული პური და ღვინო თუ არა?
ღვთისმსახურება
გავიხსენოთ ქრისტეს სიტყვები, ნათქვამი საიდუმლო სერობაზე:
 
"და როცა ჭამდნენ ისინი, აიღო პური იესომ და აკურთხა, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი. აიღო სასმისი და აკურთხა, მისცა მათ და თქვა: ამით სვით ყველამ: ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად" (მათ. 26:26-28).
 
სიტყვები "ეს არის" საკმაოდ განსაზღვრულია. საიდუმლო სერობის ოთხივე ახალაღთქმისეულ აღწერაში ციტირდება ეს სიტყვები.
 
მაგრამ, ყველაზე განსაზღვრული და ცალსახა მომენტი, როდესაც წმიდა წერილი გვასწავლის, რომ ჩვენ უნდა ვეზიაროთ ქრისტეს ხორცსა და სისხლს (და არა სიმბოლოებს), უფრო ადრე ხდება:
 
"მე ვარ პური ცოცხალი, რომელიც ჩამოველ ზეცით; ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე იცოცხლებს. პური, რომელსაც მე მოგცემთ, ჩემი ხორცია, რასაც გავცემ ქვეყნის სიცოცხლისათვის.
 
იუდეველები ერთმანეთს ედავებოდნენ და ამბობდნენ: როგორ შეუძლია საჭმელად მოგვცეს თავისი ხორცი?  
 
უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში" (ინ. 6:51-53).
 
ეს ეპიზოდი წარმოადგენს მაგალითს, როდესაც ქრისტე რაღაცას ამბობს და ჩვენ ვხედავთ არა მხოლოდ მის სიტყვებს, არამედ გარემომცველთა რეაქციასაც.
 
იუდეველებმა ეს სიტყვები სიტყვასიტყვით აღიქვეს და აღშფოთდნენ. რის შემდეგაც ქრისტე, პირველ რიგში, დასძენს: "ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ" — სიტყვებს, რომლებსაც ქრისტე მხოლოდ რწმენის უმნიშვნელოვანესი დოგმატების გადმოცემისას წარმოთქვამს.
 
ხოლო შემდეგ ის კიდევ უფრო აძლიერებს წინათქმულ სიტყვებს. თუ აქამდე ლაპარაკი იყო პურის ჭამაზე, რომელიც ხორცს წარმოადგენდა, ახლა ქრისტე პირდაპირ ლაპარაკობს ხორცის ჭამაზე, და არა მხოლოდ ხორცისა, არამედ სისხლის დალევაზეც.
 
ამით ქრისტე გარემომცველთ აჩვენებს, რომ იუდეველებმა იგი სწორად გაიგეს და აქ არანაირი გადატანითი აზრი არ იგულისხმება.
 
რა მოხდა შემდეგ? ქრისტე ამ სიტყვებს კიდევ უფრო ამძლავრებს და მათზე იმდენად მტკიცედ დგას, რომ მას თითქმის შეშლილს უწოდებენ:
 
"ბევრმა მისმა მოწაფემ ამის გაგონებისას თქვა: მკაცრია ეს სიტყვა; ვის შეუძლია მისი მოსმენა? ხოლო იესუმ თვითონვე იცოდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ ამის გამო, და უთხრა მათ: ნუთუ ეს გაცდნებთ თქვენ? მაგრამ თუ იხილავთ კაცის ძეს, იქ აღმავალს, სადაც პირველად იყო? სული ცხოველმყოფელია, ხორცი კი ყოვლად ურგები; სიტყვები, მე რომ გითხარით, სული არის და სიცოცხლე" (ინ. 6:60-63).
 
ბევრ ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ ამ სიტყვებით ქრისტე უარყოფს ადრე ნათქვამის სიტყვასიტყვით გაგებულ აზრს. მაგრამ ეს ასე არ არის, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ მთელი ადრე წარმოთქმული სიტყვა იყო... უაზრობა? ცრუმეტყველება? ქრისტე ასეთი არ არის! სინამდვილეში, აქ ქრისტე დოგმატურ განმარტებას იძლევა:
 
სული ღვთისა გაძლევთ განკურნებასა და სიცოცხლეს. მკვდარი ხორცი და სისხლი, რა თქმა უნდა, ვერანაირად ვერ უშველის ვინმეს. მაგრამ მე ვლაპარაკობ სულიერზე, გასულიერებულზე, ცოცხალ სხეულსა და სისხლზე.
 
ხოლო მას შემდეგ, რაც ქრისტემ დოგმატური განმარტება გასცა, მრავალი ადამიანი მაინც ურწმუნოდ დარჩა, რომლებიც ქრისტემ მაშინვე ამხილა:
 
"მაგრამ ზოგიერთ თქვენგანს არა სწამს. ვინაიდან იესომ იმთავითვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი" (ინ. 6:64).
 
უფრო დეტალურად ამ თემას მომდევნო პუბლიკაციებში გავშლით.
 
 
სტატია მართლმადიდებლურ წყაროებზე დაყრდნობით მომზადებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
Назад к содержимому