სწავლანი > ლიტურგიკა
შეიძლება თუ არა ჩამოჯდომა ღვთისმსახურებისას?
მართლმადიდებლური ტაძარი. ლიტურგია. კედლების გასწვრივ სკამებია, მაგრმა ისინი ფაქტობრივად ცარიელია, ყველა მლოცველი მსახურების დასრულებამდე შეძლებისდაგვარად ფეხზე დგომას ცდილობს. არადა ხდება ისეც, რომ მრავალსაათიანი დგომის შემდეგ მლოცველებს ეღლებათ ფეხები, ზურგი და სხეულის სხვა ნაწილებიც "მტვრევას" იწყებს. მაშ, აქვს თუ არა უფლება მართლმადიდებელ ქრისტიანს ჩამოჯდეს სკამზე ღვთისმსახურების დროს და არის თუ არა ღვისმსახურებაზე ასეთი მომენტი?
გავიხსენოთ ჩვენი უფლისა და მაცხოვრის ლოცვა გეთსემანიის ბაღში: "ურვილი უფრო გულმხურვალედ ლოცულობდა და მისი ოფლი სისხლის წვეთებად ეპკურებოდა მიწას" (ძვ. ქართ.: "და იყო იგი ღუაწლსა შინა, უმეტესღა ილოცვიდა და იქმნა ოფლი მისი, ვითარცა ცუარი სისხლისაჲ გარდამომავალი ქუეყანასა ზედა") (ლუკა 22:44). უფალმა თავისი მაგალითით გვიჩვენა, რომ ლოცვითი ღვაწლი მართლაც ღვაწლია, შრომაა. ეს არის კონცენტრირებულობა, გონების მოკრება და რა თქმა უნდა ფეხზე დგომა.
ღვთისმსახურების დროს ჯდომა ჩვენს ორგანიზმს უნებურად უქვემდებარებს ერთგვარ შემსუბუქებას, მოშვებას, რაღაც მომენტში ტაძარში მიმდინარე პროცესებზე შეიძლება შეიქმნას მაყურებლის შთაბეჭდილება, რომელიც მხოლოდ მიმდინარე რიტუალს აკვირდება. ამ დროს მლოცველი ქრისტიანი მომწყდარია ერთობლივ ლოცვას და ამგვარი ყოფნა ეკლესიაში არანარად შეესაბამება ლცოვითი ღვაწლისა და შრომის ცნებას.
მლოცველი თუ ჯანმრთელი ადამიანია, უმჯობესია გაიღოს გარკვეული მსხვერპლი ფიზიკური ძალისხმევის სახით და ღვთისმსახურებაზე ბოლომდე დადგეს ისე, რომ სკამზე არ ჩამოჯდეს (თუ მორწმუნე ძალიან მოხუცი ან ავადმყოფი არ არის). მაგრამ არის მომენტები, როდესაც, პრინციპში, მსახურებაზე ჩამოჯდომაც ნებადართულია. განსაკუთრებით ეს ეხება ხანგრძლივ ღამისთევით ლოცვას, რომელიც 4-5 საათი გრძელდება (დღეისთვის დამკვიდრებული ტრადიციით შეიძლება ჩამოჯდომა ფსალმუნების კითხვის დროს ე. წ. "კაფიზმებზე" (კანონებზე) და საგალობელთა ტროპარების კითხვის დროს). საღმრთო ლიტურგიაზე (ჟამნების გარდა) უმჯობესია არ ჩამოვჯდეთს. ერთადერთი დრო, როდესაც შეიძლება ჩამოჯდომა არის ასამაღლებელი "წმიდაი წმიდათა". ამ დროს საკურთხეველში იკითხება წმიდა ზიარების თანმიმდევრობა. ტაძარში მდგომ მორწმუნეებს შეუძლიათ მცირედით შეისვენონ და ჩამოჯდნენ, მაგრამ ამ დროს ყოვლად დაუშვებელია ლაპარაკი, რადგან ჩამოჯდომისას ადამიანები ეშვებიან, დუნდებიან, თითქოსდა გამოერთვებიან მსახურებას და ერთმანეთთან წუთისოფლის ამაოებაზე იწყებენ ლაპარაკს. ეს კი დაუშვებელია.
ტაძარში ჩამოჯდომა განსაკუთრებით არ შეიძლება სამეუფო კარის გაღების დროს, რადგან სამეუფო კარის გაღება ღვთისმსახურების განსაკუთრებულ და კულმინაციურ მომენტებში ხდება. მიიჩნევა, რომ ამ დროს უფალი თავის ერთგულ შვილებს შორის იმყოფება.
მაგრამ, თუკი ადამიანს, მძიმე ავადმყოფობის ან ასაკობრივი უძლურების გამო ფიზიკურად ხანგრძლივად დგომა არ ძალუძს, მაშინ მას უფლება ეძლევა მთელი მსახურების განმავლობაში იჯდეს, ოღონდ იხაროს იმის შეგნებით, რომ ღვთისმსახურებას ესწრება.
ღმერთმა დაგლოცოთ!
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.