სწავლანი > ლიტურგიკა
საიდან მოდის ერთი კოვზით მორწმუნეთა
ზიარების ტრადიცია?
ქრისტეს ხორცისა და სისხლის მიღება - ეს არის რეალური ურთიერთობა ღმერთთან.
ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებთან ზიარება - ღმრთისა და ადამიანის ყველაზე ახლო, ყველაზე მჭიდრო ურთიერთობის გამომხატველია.
და კოვზის არის მისი სიმბოლო. ბერძნულ ტრადიციაში მას ეწოდება "ლავის" – "მარწუხი" ("მაშა"). აქ არის მითითება ძველ აღთქმაზე, წინასწარმეტყველ ესაიას წიგნზე:
"მეფე ოზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეამართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს. თავთით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ. ერთი მეორეს გასძახოდნენ და ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება! შეიძრა ზღურბლთა საძირკვლები ამ ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი. ვიფიქრე: ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, ცაბაოთ უფალი იხილეს. მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი და ხელში სამსხვერპლოდან აღებული მუგუზალი ეჭირა მაშით. შემახო პირზე და მითხრა: აჰა, შევახე ეს შენს ბაგეს და მოგცილდა შენი ურჯულოება. განწმენდილი ხარ შენი ცოდვებისგან" (ეს. 6:1-6).
საღვთისმსახურებო ტრადიციაში რატომ წარმოადგენს კოვზი წმიდა სერაფიმის მარწუხების სიმბოლოს, რომლითაც ის წინასწარმეტყველ ესაიას ბაგეს შეეხო და განწმინდა ის ცოდვისგან?
საქმე იმაშია, რომ ძველად ერისკაცები ისევე ეზიარებოდნენ, როგორც მღვდელმსახურები. მღვდლის მარჯვენა მათ ხელში აძლევდა ქრისტეს ხორცს, ხოლო მისი მიღების შემდეგ მორწმუნეები ბარძიმიდან ქრისტეს სისხლს ეზიარებოდნენ.
ამასთან მღვდელმსახურის ხელი მართლაც მოაგონებდა (მორწმუნეთ) ანგელოზის მარწუხებს, ხოლო თავად (მღვდელი) ღმრთის წარგზავნილის - სერაფიმის სიმბოლოს წარმოადგენდა, რომლის მიერაც ადამიანი იწმინდება ცოდვისგან და უერთდება ღმერთს. მაგრამ ერისკაცთა ზიარების ასეთი წესი ვერ დამკვიდრდა ეკლესიაში იმ მიზეზით, რომ ზოგჯერ ადამიანებს, რომელთაც ხშირად ცუდი განზრახვები ამოძრავებთ, ქრისტეს ხორცი სახლში მიჰქონდათ, რათა მათზე რაიმე მკრეხელობა ჩაედინათ, ან უბრალოდ დაუდევრად მოპყრობოდნენ მათ.
პირველი, ვინც ლიტურგიაში კოვზით ზიარება დააწესა, ეკლესიის უდიდესი მოძღვარი იოანე ოქროპირი იყო.
მის ცხოვრებაში ნაუწყებია, რომ ამგვარი სიახლე აღსრულდა მას შემდეგ, რაც ერთმა ქალმა სახლში წაიღო ქრისტეს ხორცი, რათა შემდეგში ჯადოქრობის მანიპულაციები ჩაეტარებინა მასზე. როდესაც ეს წმიდა მამამ (იოანე ოქროპირმა) გაიგო გასცა განკარგულება ყველა ტაძარში ერისკაცთა ზიარებისთვის სპეციალური კოვზები გამოეყენებინათ, რათა ქრისტეს ხორცი, დაწყულებული ქრისტესავე სისხლით, მორწმუნეთათვის პირდაპირ ეჭმიათ, რითაც მოისპო ყოველგვარი საცდური და სიწმიდით მკრეხელობის შესაძლებლობა. ასეთი ტრადიცია თანდათანობით სხვა ეკლესიებშიც დამკვიდრდა.
კოვზი ასევე წარმოადგენს ეკლესიის სიმბოლოს, რომლის მიერაც სიცოცხლისთვის აუცილებელი სულიერი საღმრთო საკვები გვეძლევა. წმიდა ბარძიმთან ერთად ის წარმოადგენს ასევე იმის სიმბოლოს, რომ ჩვენ ყველანი, მართლმადიდებელი ქრისტიანები, ერთი წყაროდან ვეზიარებით ქრისტეს მაცხოვნებელ საიდუმლოთ, რომ იესუ ქრისტეში ჩვენ ერთნი ვართ.
ამიტომაც მღვდლისთვის ყოველთვის გულდასაწყვეტია იმისი ხილვა, როდესაც ქრისტიანი ბარძიმს დაუდევრობით მიეახლება და ფიქრობს: "ყველანი პირს ადებენ ამ კოვზს. მე ეს მეზიზღება". ასეთ ადამიანს არ ესმის, რას მიეახლება. მას არ ესმის, რომ ქრისტეს ხორცი და სისხლი - მართლმადიდებლური ეკლესიის უმთავრესი სიწმიდეა. ეს ზეციური ცეცხლია, რომელშიც ყველა ბაქტერია და მიკრობი იწვის, მათ შორის ჩვენი ცოდვებიც. ამიტომ ღმრთის შიშითა და რწმენით უნდა მივეახლებოდეთ ამ უდიდეს სიწმიდეს.
ჩვენ უნდა გვსუროდეს იგი, როგორც ჩვენი ცხონების უმთავრესი წინდი, და არ ვიფიქროთ იმაზე, რამდენი ადამიანი შეეხო კოვზს თავისი ბაგეებით. მთავარია ის, რომ შენ შეეხე მას, რომ ამ ღვთაებრივმა მარწუხმა საღმრთო საიდუმლოთა გავარვარებული ნაკვერჩხლით შენც განგწმინდა. უფალი შენში შემოვიდა. მან დასწვა შენი ცოდვები და შენში, როგორც ტაძარში დაიმკვიდრა. შენი საქმე ღვთისმოშიშებრივია, ამიტომაც შიშითა და სიყვარულით უნდა ვიღებდეთ უფალს, როგორც მოსიყვარულე მამას, როგორც დიდი ხნის ნანატრ მკურნალს.
საეკლესიო საიდუმლოთა მიღებისგან ჯერ არავინ დაავადებულა, პირიქით, მილიონები იკურნებიან და ცხონდებიან. აი რაზე გვმართებს ფიქრი. გავიხსენოთ მთავარმოციქულ პავლეს სიტყვები: "ვინაიდან მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით, რომ უფალმა იესუმ იმ ღამეს, რომელსაც გაიცემოდა, აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: "მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონრად". ასევე ასწია სასმისიც სერობის შემდეგ და თქვა: "ეს სასმისი ახალი აღთქმაა ჩემს სისხლში. ეს აკეთეთ ჩემს მოსაგონრად, რამდენჯერაც სვამდეთ". რადგან, ყოველთვის, როცა ამ პურს ჭამთ და ამ სასმისს სვამთ, აუწყეთ უფლის სიკვდილი, ვიდრე მოვიდოდეს. ამიტომ, ვინც შეჭამს ამ პურს ან დალევს უფლის სასმისს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე. ადამიანმა ჯერ თავი გამოსცადოს და ასე ჭამოს ამ პურიდან და შესვას ამ სასმისიდან. ვინაიდან, ვინც უღირსად ჭამს და სვამს, თავისი თავის დაგმობას ჭამს და სვამს, ვერ არჩევს რა უფლის სხეულს. ამის გამო თქვენს შორის ბევრია უძლური და ავადმყოფი, და ბევრიც მოკვდა. ხოლო ჩვენ თვითონვე რომ განგვეკითხა ჩვენი თავი, აღარ ვიქნებოდით მსჯავრდადებულნი" (1 კორ. 11:23-31).
ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ შეიძლება ვეზიაროთ საცხოვნებლად, და შეიძლება ვეზიაროთ ჩვენდა დასასჯელად. შეიძლება ვეზიაროთ ჯანმრთელობისთვის, და შეიძლება ვეზიაროთ მკრეხელური ფიქრებით (მათ შორის ზიზღითაც სხვა მორწმუნეთა მიმართ), რაც ჩვენი უძლურებისა და ავადმყოფობის მიზეზიც შეიძლება შეიქნას.
ქრისტეს უპატიოსნეს ხორცთან და სისხლთან ზიარება შეიძლება იყოს სიცოცხლისტვის, მაგრამ სიკვდილისთვისაც. იუდაც ეზიარა საიდუმლო სერობაზე. და ზიარების შემდე მასში სატანა შევიდა, რომელმაც ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შავი საქმისკენ წააქეზა. იუდა ხომ არ ზიარებულა იმ მოსურვებით, რათა შეერთებოდა უფალს, არამედ იმ მიზნით რომ გაეყიდა იგი. ზიარებაში მთავარი საზომი - ღმრთის შიში, სიყვარული და უფლისადმი რწმენაა. საჭიროა გვქონდეს ძლიერი სურვილი მასთან ყოფნისა, შეერთებისა და ცხოვრებისა.
ასეთი ადამიანი ბარძიმის წინ, ბარტყივით აღებს პირს საკუთარი მშობლების წინაშე, და თავის სულიერ-ხორციელ ტაძარში შემოუშვებს ღმერთს, რომელიც, როგორც მზრუნველი და მოსიყვარულე მამა, თავის შვილს მარადიული ცხონებისკენ მიუძღვის.
მაშ, მივენდოთ ღმერთს, ძვირფასო ძმანო და დანო, ხოლო იუდასებრი ბილწი და შეუფერებელი აზრები - განვიშოროთ. მოსიყვარულე ღმერთი თითოეულ ჩვენთაგანს ელოდება და თითოეულს მოუწოდებს თავისი მაცხოვნებელი ბარძიმისკენ.
მაშ, შიშითა ღმრთისათა და რწმენით მივიდეთ!
მასალები მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით.
საიტი "აპოკალიფსისი". 2025 წ.