სწავლანი > ლიტურგიკა
ვის არ იხსენიებს ეკლესია ღმრთისმსახურებაზე?
გარდაიცვალა ადამიანი, ნათესავები მოდიან ტაძარში, რათა წესის აგება შეუკვეთონ, და აქ დამწუხრებულ ნათსავებს ეკითხებიან: "დადიოდა თუ არა გარდაცვლილი ტაძარში?", "სწამდა თუ არა ღმერთი?", "იყო თუ არა მონათლული?" და მეტიც, იმასაც კი ეკითხებიან, "როგორ გარდაიცვალა იგი?" რა შეკითხვებია ეს? რატომ არიან ეკლესიის მსახურები ესოდენ პრინციპულები, რომ ზოგჯერ გეჩვენება თითქოსდა გამოძიებას აწარმოებენო გარდაცვლილზე? რატომ არ შეიძლება უბრალოდ ადგე და წესი აუგო მიცვალებულს? ის ხომ მოკვდა და, როგორც ჩანს, არ გვაქვს მისი ცხოვრების გამოკვლევის და დანაშაულობათა ძიების არანაირი მიზეზი.
მიუხედავად ამისა, ტაძრის მსახურთა მოქმედებებში არის ლოგიკა, და ისინი იმიტომ კი არ ინტერესდებიან გარდაცვლილის ცხოვრებით, რომ "ეზარებათ" უცხო ადამიანის გაპატიოსნება, არა, ამგვარ გამოკვლევას მათ თვით ეკლესიის ბუნება ავალდებულებს.
ტრადიციულ საზოგადოებაში, როდესაც ერთი და იგივე ადამიანი სტაბილურად დადის ერთსა და იმავე ტაძარში, მისი ცხოვრება მოძღვრის თვალწინ იყო გადაშლილი. ტაძარში ყველა იცნობს ერთმანეთს, და გაპატიოსნება სრულდება იმ სამრევლოში, სადაც დადიოდა გარდაცვლილი.
ეკლესიის ბუნება ისეთია, რომ ეკლესიას უფლება აქვს ილოცოს მხოლოდ თავის წევრთათვის. სწორედ "უფლება აქვს" და არა "სურს". ეკლესია ეს არის ქრისტესადმი მორწმუნე ადამიანთა კრებული, ერთიანი ცოცხალი ორგანიზმი. ყოველი მორწმუნე - ამ ორგანიზმის უჯრედია. როგორც ცალკეულ ორგანოებს მთლიანი ორგანიზმი ეხმარება სხეულთან დამაკავშირებეული სიცოცხლისუნარიანი სისხლძარღვებით, ნერვული ჯაჭვებითა და სხვა არხებით, ასევე ეკლესიის შეწევნას ადამიანი იღებს სწორედ მასთან ერთობისა და ორგანული კავშირის ძალით. როდესაც ქრისტე თავის მოწაფეებს ავედრებდა მამა-ღმერთს, წარმოთქვა შემდეგი სიტყვები: "რადგანაც შენგან მოცემული სიტყვები მათ მივეცი, ხოლო მათ მიიღეს და სცნეს ჭეშმარიტად, რომ შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე. მათთვის გევედრები; ქვეყნისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, ვინაიდან შენი არიან" (იოანე 17:8, 9).
ის, ვინც არასოდეს ყოფილა ეკლესიის წევრი, შეუძლებელია მასში მოხსენიებულ იყოს, უბრალოდ იმიტომ, რომ როგორც მინიმუმი ამას არა აქვს აზრი, ხოლო როგორც მაქსიმუმი მკრეხელობაა საეკლესიო საიდუმლოთა მიმართ, რადგან ეს არის ძალადობა გარდაცვლილის ნებაზე და მიცვალებულის მოხსენიების დაყვანა მაგიურ რიტუალამდე. ღმერთს ყოველი ადამიანი უყვარს, წარმართებიც და ურწმუნოებიც, და უფრო მეტადაც, ვიდრე ყველაზე ახლობელი და მათი მოყვარული ნათესავი, ამიტომაც მოციქულ პავლეს თქმით უფალი მათ მათსავ გულებში ღმრთითდაწერილი სინდისის კანონით განსჯის.
წმიდა წერილიდან ვიცით, რომ ნათლისღება ზეციურ სასუფეველში შესვლის აუცილებელი პირობაა. ჩნდება კითხვა: რა შეემთხვევა მათ, ვინც გარდაიცვლება ეკლესიის (საეკლესიო ერთობის) გარეთ? ზოგიერთი წმიდა მამა ამ კითხვას სახარების სიტყვებით პასუხობდა, სადაც ქრისტემ მოწაფეებს უთხრა: "მამაჩემის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არა, განა გეტყოდით, მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ-მეთქი?" (იოანე 14:2). ეკლესია არ განიკითხავს მის გარეთ მყოფ ადამიანებს, მაგრამ თავის წიაღსა და სისავსეში მათი შეწყნარება ღმრთის განსაკუთრებული ნების გარეშე არ ძალუძს.
საეკლესიო მოხსენიებას მოაკლდებიან ისინიც, ვისაც ოდესღაც კავშირი ჰქონდა ეკლესიასთან, მაგრამ რაღაც მიზეზებით უარყო იგი და გარდაიცვალა ამგვარ საშინელ მდგომარეობაში. განმარტებისთვის კვლავ მივმართოთ ორგანიზმის მაგალითს. თუკი თითი დაზიანდება - ორგანიზმი მის აღსადგენად მისკენ ყოველ აუცილებელ ძალას გააგზავნის; მაგრამ თუ თითი მოკვეთილია, ყოველგვარი სურვილისდა მიუხედავად, მთელ სხეულთან კავშირის აღდგენის გარეშე (ანუ ეკლესიის ყოფილი წევრის სინანულის გარეშე) ორგანიზმი მას სიცოცხლეს ვერ დაუბრუნებს.
ქრისტეს სხეულისგან განდგომა შეიძლება გამოხატულ იქნას არა მარტო სიტყვებში, არამედ ქცევაშიც, რომელიც ეწინააღმდეგება ეკლესიის არსებობის პრინციპს, მაგალითად, ყაჩაღობა, სიძვა-მრუშობა და თვითმკვლელობა. თვითმკვლელი მარადისობაში გადადის უდიდესი საღმრთო ნიჭის, სიცოცხლის უარყოფის მდგომარეობით, ამიტომაც ის ეკლესიისგან დახმარებას, რადგან ამგვარი საქციელით მან კატეგორიულად გამოხატა მისთვის ღმრთითბოძებული ჯვრის ტვირთვის უარყოფა. გამონაკლისებს ამ კანონიდან წარმოადგენენ ის თვითმკვლელები, რომლებმაც ამგვარი ქმედება ჩაიდინეს აშკარა სიგიჟის მდგომარეობაში, ან შემთხვევით, გაუფრთხილებლობის გამო (მიუხედავად ამისა, თითოეული ამგვარი ინციდენტი ცალკეულ გარჩევას და ეპისკოპოსის მხრიდან ნებართვის გაცემას ითხოვს).
გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებსაც თუმც მორწმუნეებად მოაქვთ თავი, საკუთარი მსოფლმხედველობით სრულიად უარყოფენ ეკლესიის სწავლებებს. მათ ეკლესია ოფიციალურად ანათემას გადასცემს (ანათემა - ბერძნ. ნიშნავს განკვეთას). მართლმადიდებლურ ტრადიციაში ანათემა წყევლა ან განკვეთილი სულის ჯოჯოხეთში ჩაგდება კი არ არის, არამედ საეკლესიო გაფრთხილებაა მათთვის, ვისაც ეკლესია ეპისკოპოსთა სახით შეაგონებს, რომ ის, რისიც სწამს განკვეთილს, ეკლესიის სწავლებებთან შეუსაბამოა და მოუწოდებს სინანულის გზით დაუბრუნდეს ჭეშმარიტ რწმენას.
ანათემის მეშვეობით ეკლესია აფრთხილებს თავის წევრებს, რომ განკვეთილის (ანათემირებულის) სწავლება არასაეკლესიოა. მოციქული პავლე ამგვარ ადამიანებზე წერს: "მწვალებელ კაცს, ერთი თუ ორი შეგონების შემდეგ, განეშორე. იცოდე, რომ გარყვნილია და სცოდავს, თავისივე თავის მიერ დასჯილი" (ტიტ. 3:10-11).
მიუხედავად ამისა, ეკლესიას არ გამოაქვს სიკვდილის შემდგომი განაჩენი მათთვის, ვინც მის ფარგლებს გარეთ გარდაიცვალა. ეკლესია ზრუნავს მისთვის მობარებულ სამწყსოზე, მათზე, ვისაც ქრსიტესთან ყოფნა სურს. ხოლო ეკლესიის გარეთ მყოფ ყველა პიროვნებას, მოციქულ პავლეს თქმით, "განსჯის ღმერთი" (1 კორინთ. 5:13).
დასასრულ, გვსურს აღვნიშნოთ, რომ როდესაც საეკლესიო ლოცვაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს ღვთისმსახურებაში (ლიტურგია, მწუხრი, ცისკარი, პარაკლისი, პანაშვიდი) ჩართული ლოცვები. იმ დროს, როდესაც არ არის მსახურება, თავისუფლად შესაძლებელია ადამიანმა ეკლესიაში დაანთოს სანთელი და ტაძრის ტერიტორიაზე ილოცოს მისთვის ახლობელი ადამიანისთვის, რომელიც, რაღაც მიზეზით ეკლესიის გარეთ აღმოჩნდა. ასეთი ლოცვა არის კერძო (პირადი) მოხსენიება, ხოლო შეწირული სანთელი - ღმრთისადმი შეწირული პირადი შესაწირი.
დიახ, თუკი ადამიანმა მთელი ცხოვრება ეკლესიის გარეშე გაატარა ის უკვე ვერ გახდება მისი ნაწილი, მაგრამ თუკი ჩვენი გული მისდამი სიყვარულით არის ანთებული, შეგვიძლია ღმერთს ვევედროთ მისი სიკვდილისშემდგომი ხვედრისა და ტანჯვის შემსუბუქებისთვის.
წყარო: skorbim.com