აპოსტასია > მედიცინა
ამართლებს თუ არა ეკლესია თანამედროვე სამედიცინო ინოვაციებს?
ინტერვიუ არქიმანდრიტ ალექსანდრესთან (გლობა) (1)
____________________
1. ღვთისმეტყველების დოქტორი, ჯანდაცვის ორგანიზატორი, ექიმი, ფსიქოლოგი და გოროდნიცკის მონასტრის კლირიკოსი.
____________________
- მამაო ალექსანდრე, არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი თემა - არა მარტო სამედიცინო, არამედ საზოგადოებრივი და სულიერი, - უკვე ჩვენს ცხოვრებაში შემოსული სუროგატული დედობა და მრავალი სხვა ტექნოლოგია ამ სფეროში. თქვენ კი ბრძანდებით, როგორც მედიკოსი, ასევე საზოგადოებრივი მოღვაწე და მღვდელმსახური.
მართლმადიდებელი ეკლესია ამ მიმართებით გამოდის საკმაოდ თანმიმდევრულად: ეს ცუდია, ეს ცოდვაა. ეკო-ტექნოლოგიებს საერთოდ არ უჭერს მხარს, თუმცა მრავალი ადამიანისთვის დიდი ბედნიერება იყო, როდესაც გამოჩნდა მშობლად გახდომის შესაძლებლობა. იგივე ხდება დღესაც სუროგატულ დედობასთან მიმართებაში. რატომ არის ეკლესია ამის წინაარმდეგი?
- მართლაც, ეკლესია ბევრ რამეს არ ეთანხმება, რადგან არსებობენ ისეთი მძაფრი თემები, რომლებიც მტკივნეულად ეხებიან ადამიანის პიროვნებას. ეს არის - აბორტის თემა, სუროგატული დედობა და ადამიანის სხეულის გამოყენება არადანიშნულებისამებრ.
ეკლესია ყოველთვის იდგა სულიერ კანონთა სადარაჯოზე. ეს კანონები - გარდაუვალია, რადგან ეს არის - ღმრთის ნება, ის კი ადამიანის ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. ეს კარგად უნდა დავიმახსოვროთ.
ადამიანს თუ შეუძლია რაიმეს ტექნიკურად სრულყოფა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სულიერი თვალსაზრისითაც სწორი გადაწყვეტილება იქნება და ადამიანი მართებულად იქცევა. მთლიანობაში ეკლესია მიესალმება ნოვაციებს, ახალ ტექნოლოგიებს, მათ შორის ტრავმატოლოგიის დარგში, მაგალითად, ხელოვნურ სახსრებს შეუძლიათ ადამიანის ფეხზე დაყენება.
ორგანოთა გადანერგვები
მართლმადიდებელი ეკლესია დადებითად ეკიდება სიკვდილის შემდგომ დონორობას, ორგანოთა გამოყენებას, რათა ადამიანებმა შეძლონ ჯანმრთელობის გაუმჯობესება და სიცოცხლის გახანგრძლივება. თუკი გარდაცვლილი ორგანოს შეუძლია სარგებლობის მოტანა, ეკლესია ამგვარ დონორობას მხოლოდ მიესალმება.
მთავარია არ იყოს კრიმინალი, დანაშაულებრივი სიკვდილები, რადგან ადამიანის სიცოცხლე - ფასდაუდებელი ღირებულებაა. ამიტომაც გამომუშავებულ უნდა იქნას განსაზღვრული წესები, მოქმედებები და ალგორითმები იმისთვის, რათა ორგანოების აღება და გადანერგვა იყოს სწორი მოვლენა და მართებული ქმედება ექიმთა მხრიდან; არ უნდა მიეცეს განვითარების შესაძლებლობა "შავ ტრანსპანტალოგიას", ყიდვა-გაყიდვას, რათა ეს მოვლენა არ გადაიზარდოს კრიმინალურ მოქმედებებში.
სიცოცხლე - ღმრთითკურთხეული რამეა. ამიტომაც, ჩვენ აქ სწორად და ძალიან მოფიქრებულად უნდა გადავანაწილოთ აქცენტები; უნდა ავირჩიოთ სწორი სულიერი ორიენტირები და არ მივუდგეთ ადამიანს ექსპლუატატორული განზრახვებით.
თუკი ადამიანი შემთხვევით კვდება, მის ორგანოებს კი შეუძლია ვინმეს შეუნარჩუნოს სიცოცხლე, ესეც სიკეთე იქნება. ამიტომ რუსეთში არსებობს ისეთი ცნება, როგორიცაა წინასწარი შეთანხმება...
- ჩვენში თუკი ადამიანმა ადრიდანვე არ დაწერა განცხადება, რომ არ არის თანახმა, მიიჩნევენ, რომ თანახმაა.
- დიახ. ამიტომაც, შესაძლოა ეს სწორიც იყოს. იმიტომ, რომ თუკი ადამიანი უეცრად კვდება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დასანანი. მაგრამ ამავდროულად, თუკი შეიძლება სხვა ადამიანის გადარჩენა, აქ - წმიდად უტილიტარული პრაქტიკული მიდგომაა.
- იმიტომ, რომ სხეული ხრწნადი და წარმავალია?
- დიახ, სხეული ხრწნადი და წარმავალია და ის მიწაში გაიხრწნება. ქრისტიანული სწავლებით ჩვენ ველოდებით მიცვალებულთა საყოველთაო აღდგომას და მომავალ დაუსრულებელ ცხოვრებას.
ამიტომ, როდესაც ქრისტე მოვა დიდებით, - ანუ იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლა - მაშინ ანგელოზი ჩაჰბერავს საყვირს და მის ხმაზე ყველა მიცვალებული მკვდრეთით აღდგება. ხოლო ისინი, ვინც ცოცხლები შეესწრებიან ამ ამბავს, გარკვეული სახით გარდაიქმნებიან.
- მაშ, ყველანი აღდგებიან... მაშინ, იქნებ ორგანოთა გადანერგვა მკრეხელობაა? ისინი აღდგებიან, სასიცოცხლოდ საჭირო ორგანოები კი გასხვისებულია...
- საქმე იმაშია, რომ მკვდრეთით აღდგომა ეს არის უფლის ყოვლიშემძლე ძლიერების დემონსტრირება, მისი მადლი და განსაზღვრული მოქმედება, რომელიც მხოლოდ ღმერთმა უწყის. ის აღადგენს ადამიანურ ბუნებას და სრულყოფს მას ისე, რომ სრულიად გამოსადეგი იქნება ცათა სასუფეველში საცხოვრებლად.
როგორ მოხდება მკვდრეთით აღდგომა ჩვენთვის უცნობია. მაგრამ ამ მოვლენის წინასახე გახლდათ მაცხოვრის აღდგომა და მისი გამოცხადება ორმოცი დღის განმავლობაში, ზეცად ამაღლებამდე. უფალსაც ხომ ისეთივე სხეული ჰქონდა, როგორც ჩვენ - ადამიანებს. მაგრამ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ის ღმრთის ძალითა და დიდებით შეიცვალა.
ჩვენი სხეულებიც შეიცვლება და იმავე თვისებებით შეიმოსება, როგორიც უფალ იესუ ქრისტეს მკვდრეთით აღმდგარ სხეულს ჰქონდა. მაგალითად, ქრისტე მოწაფეებს უჩინრად ევლინებოდა და შეეძლო გაუჩინარებით გაშორებაც. უფალს შეეძლო დახშულ კარებში გავლა და ა. ს. მაგრამ - ეს მკვდრეთით აღმდგარი სხეულის ერთ-ერთი ჩვენთვის ცნობილი თვისებაა. მისი მრავალფეროვანი სრულყოფილება ჩვენთვის უცნობია.
უფალი მკვდრეთით აღმდგარ კაცობრიობას მადლისმიერი თვისებებით დააჯილდოვებს, და ადამიანი, თავისი თვისებებით, ღმერთის მსგავსი გახდება. იმდენად მსგავსი, რომ ჩვენ ახლა ამისი გაგების უნარიც კი არ შეგვწევს.
კეთილი, ეს რაც შეეხება სხეულს. მაგრამ, როგორ იქნება სული?
- ეს ყველაფერი ითქვა მკვდრეთით აღმდგარ სხეულზეც და სულზეც. აღდგომის შემდეგ ისინი შეერთდებიან. სული კვლავ შეუერთდება სხეულს და ისინი - სული და ხორცი - კვლავ ერთიანნი იქნებიან.
წყარო: pravda.ru
თარგმანი საიტი "აპოკალიფსისი". 2021 წ. 20 მაისი.