უსჯულოება > ოკულტიზმი და მაგია
აპოკრიფების მეორედ მოსვლა.
ქადაგება "გათვალვაზე" ქრისტეზე ქადაგების ნაცვლად
ავტორი: დიაკვანი ანდრია (კურაევი).
"სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, მთელ რიგ ტაძრებში მაინც იყიდება ლიტერატურა, რომელიც ატარებს არამართლმადიდებლურ ხასიათს და ცრურწმენათა შემცველია..."
პატრიარქი ალექსი II (1)
საეკლესიო აზროვნების, ანუ ღვთისმეტყველების ერთ-ერთი ამოცანა ხალხის მითოლოგიიური შემოქმედების შეკავებაში მდგომარეობს. დიახ, მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება საჭიროა არა მარტო მწვალებლობებთან და არასაეკლესიო დოქტრინებთან საბრძოლველად. ის კიდევ საჭიროა შიდასაეკლესიო, ხალხურ "მართლმადიდებლურ" მითოლოგიასთან, ანუ ისეთ რწმენასთან საბრძოლველად, რაც ხალხის მითოლოგიური შემოქმედებითი ინსტინტქით იქმნება იმ შემთხვევებში, როდესაც ის მადლით არ არის განათლებული და მას ვერც რჯულის (კანონის) არტახები აკავებს, ვერც გონიერება და ვერც ეკლესიისადმი მორჩილება.
სლავური სიტყვა "язычество" ("წარმართობა") რუსულ ენაზე თუ ვთარგმნით მხოლოდ და მხოლოდ "ხალხურობას" ნიშნავს. არ შეიძლება უბრალოდ უარვყოთ რელიგიური ფსიქოლოგიის ყველა ის მექანიზმი, რომელსაც საერო (და თვით ათეისტური) რელიგიათმცოდნეები იკვლევდნენ. ისინი მოქმედებენ: პროექციაც, სუბლიმაციაც, გაუცხოებაც და "ოიდიპოსის კომპლექსიც"... მაგრამ თუკი წარმართულ მითოლოგიათა შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ისინი სწორედაც ამ კანონების საფუძველზე იქმნებიან და ხალხური შემოქმედების ნაყოფს წარმოადგენენ, ბიბლიის რელიგიაზე ამგვარი რამის თქმა დაუშვებელია. შეუძლებელია ის აიხსნას მხოლოდ ადამიანური ფსიქოლოგიის დახმარებით.
ძველი ისრაელის რელიგია აშკარად ის რელიგია არ არის, რომელსაც ხალხი გამოიმუშავებს, არამედ ისაა, რომელიც მას ზემოდან ეხვევა თავზე წინასწარმეტყველთა მეშვეობით. საკმარისი იყო მოსე განმარტოვებულიყო სინას მთაზე და ერი მაშინათვე თავის საყვარელ მაგიურ სათამაშოებს მიუბრუნდა. წინასწარმეტყველები ებრძოდნენ საკუთარ ხალხს (2). ხოლო ხალხი - წინასწარმეტყველებს (3). როდესაც მადლი და წინასწარმეტყველები გაშორდნენ ისრაელს (ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ) და ის სახლში "უფროსების გარეშე", "მარტო დარჩა", მაშინ მთელი გულით მიეცა ოკულტურ-მაგიურ თამაშობებს და შეიქმნა ნორმალური წარმართობა: კაბალა.
_________________
1. Обращение Святейшего Патриарха Московского и всея Руси Алексия II к клиру и приходским советам храмов г. Москвы на Епархиальном собрании 16 декабря 1997 г. М., 1998, с. 29.
2. "რადგან ასე მითხრა უფალმა, როცა ხელი ჩამავლო და გამაფრთხილა, არ მევლო ამ ხალხის გზით: "ნუ დაარქმევთ შეთქმულებას ყველაფერს, რასაც ეს ხალხი შეთქმულებას არქმევს და მისი შემაშინებელი ნუ შეგაშინებთ, ნუ შეგზარავთ"" (ეს. 8:11-12).
3. "აჰა, გიგზავნით წინასწარმეტყველთ, ბრძენთა და მწიგნობართ; და ზოგს მოჰკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს მათრახით სცემთ სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებთ დევნას" (მთ. 23:34).
_________________
მაგრამ ახალ ისრაელშიც, როდესაც "უფროსები მიდიან", ცალკეული ადამიანები ან ადამიანთა მასები მადლისმიერი განათლების, საეკლესიო მეცნიერების, ღმრთის სიტყვაში მუდმივი დარიგების და მამათა გადმოცემის გარეშე რჩებიან, ისინი ასევე ქმნიან ხელოვნურ-თვითნაკეთ მითოლოგემებს. მათი დროული ამოცნობა და მათთვის ხელის შეშლა, რათა სხვებიც არ დაიმორჩილონ, მითუმეტეს სხვა საეკლესიო თუ ეკლესიასთან ახლო მდგომი ადამიანები - ღვთისმეტყველების ერთ-ერთი დანიშნულებაა.
ვლადიმირ ლოსკის თქმით, "აქ უფრო, ვიდრე სადმე სხვაგან, გადმოცემა კრიტიკულად მოქმედებს, უპირველეს ყოვლისა ამჩნევს თავის ნეგატიურ და განსაკუთრებულ ასპექტს: ის უკუაგდებს "უვარგისობას და ბებიათა ზღაპრებს" (1 ტიმ. 4:7), რომლებსაც ღვთისმოშიშებით შეიწყნარებენ ისინი, ვისი ტრადიციონალიზმიც შეუზღუდავი ნდობით იღებს ყოველივე იმას, რაც ეკლესიის ცხოვრებაში ინერგება და მასშივე ჩვევის ძალით რჩება. ჩვენს დღეებშიც სვინაქსარულ ლიტერატურასა და ლიმონარებში შეიძლება ვიპოვოთ ისეთი მაგალითები, - არაფერს ვამბობთ წარმოუდგენელ შემთხვევებზე ლიტურგიკის სფეროში, - რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, ზოგიერთისთვის მაინც "გადმოცემაა, ანუ წმიდაა"" (Лосский В. Н. Предание и предания // Лосский В. Н. По образу и подобию. – М., 1995, с. 142) (4).
_________________
4. იგივე აზრი, რომ საჭიროა განვასხვავოთ მართლმადიდებლური სწავლება ფოლკლორული ფსევდოქრისტიანული წარმართობისგან, მოტანილია ს. ს. ავერინცევის სტატიაში: "ქრისტიანული მითოლოგია" (Мифы народов мира. Энциклопедия. – М., т. 2. 1988). სამწუხაროდ, საეკლესიო გარემოში ეს სტატია ძირითადად ცნობილია დეკ. სერგი ანტიმინსოვის არაკეთილსინდისიერი კრიტიკის წყალობით (К вопросу о "христианской мифологии" // Москва. – М., 1993, №10). თუკი ავერინცევი თავიდანვე ხაზს უსვამს, რომ ის ერთმანეთს უპირისპირებს ქრისტიანულ დოქტრინასა და მითს, რომელიც ხალხურ შემოქმედებაში საეკლესიო სწავლების ირგვლივ ყალიბდება, მამხილებლური ჟინით აღტყინებული მისი კრიტიკოსი ავერინცევის სტატიაში ვერ ამჩნევს ამ ფუნდამენტურ შეპირისპირებას: "სტატიის სათაური უკვე მრავლისმეტყველია. "ქრისტიანული მითოლოგია" - როგორ შეეძლო ქრისტიან მწერალს ეს ორი სიტყვა ერთმანეთის გვერდიგვერდ დაეწერა? ნუთუ მისთვის ქრისტიანობა - მითია?" (გვ. 189). შედეგად აღმოჩნდა, რომ დეკ. სერგი ანტიმინსოვისთვის მართლმადიდებლურობის ნორმად მიიჩნევა კენტავრების არსებობისადმი რწმენა (გვ. 190): ამგვარ პერსონაჟთა არსებობაში დაეჭვება - რაკიღა ისინი ღირ. პავლე თებაიდელის ცხოვრების ზოგიერთი ვარიანტის ტექსტშია ნახსენები, - ნიშნავს სახელი გაითქვა, როგორც მოდერნისტმა და ერეტიკოსმა.
_________________
საღვთისმეტყველო და იერარქიული დისციპლინა ეკლესიამ იმისთვის შეიმუშავა, რათა შესაძლებლობა არ მისცეს ცეტ ვიზიონერებს, წინასწარმეტყველებსა და საკვირველთმოქმედებს გამოსტაცონ ხალხს სახარების მარგალიტი.
ეკლესიამ საკმაოდ ადრე უთხრა "უარი" ზოგიერთ ენთუზიასტს. ერთ-ერთი პირველი ასკეტური გამოცდილება ეკლესიის ისტორიაში გახლავთ აპოკრიფების უარყოფა და წერილის კანონის ჩამოყალიბება, რომელიც გნოსტიციზმთან შეგნებულ ბრძოლაში იშვა. მეორე ასკეტური სამაგრი, რომელიც ეკლესიური აზროვნების ლაბორატორიაში დამზადდა არის სამოციქულო მემკვიდრეობის იდეის ფორმულირება, რომელიც ასევე შესაძლებლობას გვაძლევს აპოკრიფი და მწვალებლობა განვასხვავოთ ჭეშმარიტი სამოციქულო გადმოცემისგან.
მოგვიანებით ეკლესიამ შეიმუშავა საკუთარი დოგმატური და კანონიკური წყობა იმისთვის, რათა ეცადა არ დაეშვა სამოციქულო ტექსტების აღვსება არასამოციქულო გაგებით; იმისთვის, რათა არავისთვის მიეცა შესაძლებლობა ქრისტიანობა წუთიერ ვნებათა, სასოებათა და იმედგაცრუებათა სათამაშოდ გადაექციათ. იმ დროიდან ყველა საუკუნეში საეკლესიო დისციპლინა (მათ შორის დოგმატურად აღზრდილი გონება) მოწოდებულია თავმომწონე უმეცრებისგან დაიცვას სულიერი ცოდნის უმცირესი მარცვლებიც.
იქ, სადაც ეს დისციპლინა არ არის, "ჭკუამოკლე" ადამიანები ქმნიან პარაქრისტიანულ ან პირდაპირ წარმართულ ფოლკლორს, ინტელიგენცია კი უტოპიას (ბეზპოპოვცური უტოპიები, ეკუმენისტური, განმაახლებლური, თეურგიული, ოკულტური უტოპიები...). დეკ. გიორგი ფლოროვსკი ამ არადისციპლინირებული რელიგიური გონების შესახებ ასე წერდა: "ძველრუსული სულიერი განვითარების ნაკლი და უძლურება ნაწილობრივ ასკეტური გამობრძმედილობის უკმარობაში მდგომარეობს (და არა ჭარბ ასკეტურობაში), მშვინვის არასაკმარის გასულიერებაში, ჭარბ "მშვინვიერობაში", ანუ "პოეტურობაში", მშვინვიერ სტიქიათა სულიერ გაუფორმებლობაში. თუ გინებავთ, სტიქიურობაში... მაგრამ არსებობს გზა სტიქიური უნებისყოფობისგან თავდასაღწევად, რათა მივიდეთ ნებისყოფით პასუხისმგებლობამდე, აზრთა და ვნებათა ორომტრიალისგან ასკეზამდე და სულის კონცენტრირებამდე, "ფსიქიკურიდან" "პნევმატურობამდე". და ეს გზა რთული და ხანგრძლივია" (Прот. Георгий Флоровский. Пути русского богословия. – Париж, 1983, сс. 3-4). მაგრამ ის, რაც მძიმეა და რთული, - არაპოპულარულია. რატომ ვიკითხოთ წერილი და საღვთისმეტყველო შრომები, თუკი შეიძლება ვენდოთ ბებიას?! რაში გვჭირდება აკადემიები, თუკი არსებობს სამრევლო რესურსები იმის შესახებ "თუ რას ლაპარაკობენ უხუცესები" (5)! რა საჭიროა პირადი ასკეზი, თუკი არსებობენ ამულეტები და თილისმები ("სალოსის" ან "უხუცესის" სასაფლაოდან აღებული მიწა და მათი სულიერი შვილების მიერ შეფუცვილი "აიაზმა")!
_________________
5. "ერთი წლის შემდეგ ის კვლავ ჩამოვიდა მინვოდიდან სიდედრთან ერთად, სიდედრს კანდლიდან აღებული ზეთი თვალებზე წაუსვა და მათ მხცოვნის საფლავიდან აღებული მიწა მოაყარა, რადგან წმიდად სწამდა, რომ ეს მას განკურნავდა" (Ильинская А. Тайна старца Феодосия. Сказание о житии и чудесах "иерусалимского батюшки" – преподобного Феодосия Кавказского. – М., Паломник, 1997, с. 167).
_________________
ამაოდ ამბობენ ეთნოგრაფები, რომ ჩვენს მეგაპოლისებში ფოლკლორი მოკვდა. ინდუსტრიალურმა კულტურამ მართლაც გამოდევნა ფოლკლორი. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში რელიგიური კულტურის ჩამოშლა იმდენად მძლავრი იყო, რომ კვლავ არქაიკის იმ დონეზე აღმოვჩნდით, სადაც შესაძლებელია ფოლკლორული შემოქმედების განვითარება. სწორედ პარაეკლესიურ ფოლკლორს წარმოადგენს გამოცემებში დაფიქსირებული ის მოთხრობები, რომლებზეც ამ თავში ვისაუბრებთ.
ფოლკლორი სხვადასხვანაირია. ისეც ხდება, რომ ზოგიერთი ხალხური თქმულება, თუმც ის მიუღებელია ეკლესიისთვის, როგორც მართლმადიდებლური სწავლა-მოძღვრების ავტორიტეტული ძეგლი, მაინც შეწყნარებულია. რა არის ცუდი ჩვეულებაში ყველიერის კვირას ჭამო ბლინები? ზოგჯერ ფოლკლორულ ნაწარმოებებში გვხვდება ღრმად დამრიგებლური და თუნდაც არამკაცრი ენით და არამკაცრი საღვთისმეტყველო არგუმენტირებით ნათქვამი, მაგრამ მაინც სწორი გრძნობების აღმძვრელი საგნები (გავიხსენოთ დოსტოევსკის მიერ გადმოცემული მოთხრობა ბოლქვზე (6). მაგრამ თუკი ფოლკლორი საკმაოდ სერიოზულად უყურებს საკუთარ თავს, თუკი ბებიების გადმოცემებს გვთავაზობენ, როგორც სარწმუნოების ნორმას მაშინ საჭიროა მკაცრად ვთქვათ: "დედაკაცი ეკლესიაში უნდა დუმდეს!" (7).
_________________
6. დოსტოევსკის ეს მოთხრობა მომდინარეობს "ყოფილი მეზვერეს, წმ. პეტრეს" ცხოვრებიდან (ხს. 22 სექტემბერი). ერთხელ პეტრემ, სანამ თავის ცოდვილ ცხოვრებას შეინანებდა, გაბოროტებულმა პური ესროლა მომაბეზრებელ მათხოვარს... თუმცა, ცეცხლოვანი ტბიდან ამოწევის ეპიზოდი საეკლესიო ცხოვრებაში დაფიქსირებული არ არის.
7. 1997 წლის დეკემბერში მოსკოვის წმ. სამების ტაძარში, რომელიც ვორობიოვის მთაზე მდებარეობს, სანთლების ყუთთან მოხდა საკმაოდ ნიშანდობლივი გასაუბრება. შემოსულმა მოხუცმა ქალმა მნე ქალს, რომელიც სანთლის ყუთთან იჯდა, ჰკითხა, თუ როგორ შეიძლებოდა მეორმოცე დღის აღნიშვნა. პასუხად მიიღო: "საჭიროა დაუდგა პური და წყალი. სული მოფრინდება და დალევას მოისურვებს, - ამიტომაც, საჭიროა მისთვის ყველაფერი მომზადებული იყოს". როდესაც მოხუცმა ქალმა დიდი ღვთისმოშიშებით მოისმინა მთელი ეს სწავლება, რომელიც მომდინარეობდა ანიმისტური რწმენის მქონე ნეოლიტისგან, წავიდა, ხოლო სამრევლოს "ღვთისმეტყველმა" ხმამაღლა ამოიოხრა: "ეჰ, არაფერი იცის ხალხმა. ყველაფერი უნდა ასწავლო!"... საერთოდ, ამის შესახებ ძველ აღთქმაში ნათქვამია: "მოკუმულ პირთან დაღვრილი სიტკბო იგივეა, რაც საფლავზე დაწყობილი სანოვაგე. რა სარგებლობას მოუტანს კერპს მსხვერპლი? ვერ შეჭამს და ვერც დაყნოსავს" (ზირ. 30:18-19). ნეტ. ავგუსტინეც ადასტურებს: "თუკი, როდესაც მოვკვდებით, ჩვენი ახლობლები რაიმეს მოიტანენ ჩვენს საფლავებთან, საკუთარი თავიანთთვის მოიტანენ, ცოცხალთათვის, და არა ჩვენთვის, მკვდართათვის. ამას წმიდა წერილიც კი დასცინის, როდესაც ლაპარაკობს სანოვაგეზე, რომელსაც საფლავებზე ტოვებენ. ნათელია, რომ მკვდრები არ საჭიროებენ ამას; ეს წარმართული ჩვეულებაა და ის თავის დასაბამს არ იღებს ჩვენი მამებისგან, პატრიარქებისგან, რომელთაც არაფერი უცნობებიათ ჩვენთვის მიცვალებულთა შესაწირზე" (Августин. Беседа 361. О воскресении мертвых первая, 6).
_________________
ფოლკლორი (რომლისგანაც ოკულტური ფანტაზიები განუყოფელია) სხვა დროს, მისიონერული თვალსაზრისით, შეიძლება მოსათმენი იყოს (ჯერ შენ სახარება მიიღე, და შემდეგ შენი წარმართული ჩვეულებები ნელ-ნელა თვითვე მოგშორდებიან). მაგრამ დაუშვებელია ოკულტური პარაეკლესიური ფოლკლორის მოთმენა პირობებში, როდესაც ჩვენს ირგვლივ საკმაოდ მრავალი ადამიანია დაეჭვებული და მეტიც, დიდი მოსურვება აქვს რაიმეთი უჩხვლიტოს ეკლესიას.
ყველაფერი ის, რისი თაყვანისცემისკენ ხალხი ილტვის, ქრისტიანული პატივისცემის ღირსი როდია. წარსულ წლებში ზეპირი, სამრევლო გადმოცემა ინფორმაციის ერთადერთი წყარო იყო, რაც საეკლესიო ცხოვრებას და რწმენას უკავშირდებოდა. დღეს კი საეკლესიო წიგნები თავისუფლად მისაწვდომია და ახალგაზრდა ადამიანს არ უნდა აცბუნებდეს აუცილებლობის შემთხვევაში შეეპასუხოს თუნდაც ყველაზე მხცოვან და პატივდებულ ადამიანს: "მაპატიეთ, მაგრამ ის, რასაც თქვენ ამბობთ, არც წერილში გვხვდება და არც წმიდა მამათა სწავლებაში. არ აჯობებდა თქვენი მეზობლების ნალაპარაკევის ნაცვლად, ჭეშმარიტად საეკლესიო წყაროებს რომ დაყრდნობოდით?"
როგორც დიმიტრი როსტოველი შეგვახსენებდა: "ეკლესია უბიწოა, ქრისტეს პატარძალია, ის თავისუფალი უნდა იყოს მეზღაპრეობისა და თვითშემოქმედებითი კომენტარებისგან; ის უნდა ეფუძნებოდეს საღმრთო წერილს და დიდ მსოფლიო მოძღვართა განმარტებებს და არა ლიტონი კაცების მეზღაპრეობას" (Димитрий, митроп. Ростовский и Ярославский. О кресте. М., 1855, с. 26).
გასაგებია, რომ საბჭოურ პერიოდში საღვთისმეტყველო სკოლების განადგურების შემდეგ, ხალხის რელიგიური გრძნობის გაველურების პირობებში, როდესაც ხალხში, რომელიც გულწრფელად მიიჩნევდა თავს მართლმადიდებლად, კვლავ აფეთქდა ბობოქარი ნეოწარმართობა, და გაჩნდა უცნაური, "საკმაოდ ადამიანური" შეხედულებანი. გაჩნდნენ არა მარტო "მეზღაპრე კაცები", არამედ, რაც უფრო საშიშია, "მეზღაპრე (ვითომ თეოლოგი) დედაკაცები" (8).
_________________
8. ეს გამოთქმა, ისევე, როგორც ყველაფერი ეკლესიის ცხოვრებაში, არახალია. მაგრამ ადრე ის უფრო ლიტერატურული ხერხი იყო, როგორც, მაგალითად, ვ. ო. კლუჩევსკისთან, რომელიც ერთ თავის კრიტიკოსზე წერდა: "მას მართებს იყოს მართლმადიდებლობის ზღურბლს მიღმა, სტოაში, შევრდომაში, კათაკმეველთა შორის, თუნდაც მართლმადიდებლური საზოგადოების სულიერი ჰიგიენის დასაცავად, გათავისუფლდეს გონების იმ სნეულებისგან, რომელსაც XVIII ს-ის ერთმა რუსმა მწერალმა, როდესაც განხეთქილებაზე ლაპარაკობდა, დედაკაცური ღვთისმეტყველება უწოდა" (Ключевский В. О. Аллилуйя и о. Пафнутий // Отзывы и ответы. Третий сборник статей. М., 1914, с. 214).
_________________
სლავიანოფილების მსგავსად, მტკიცება, თითქოსდა ხალხი მართლმადიდებლური სარწმუნოების ძირითადი მცველია, შეიძლებოდა მხოლოდ იმ ეპოქაში, როდესაც სოციოლოგიური გამოკითხვები არ არსებობდა.
სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ჩვენს მუდმივ მრევლსაც კი საკმაოდ ბუნდოვნად წარმოუდგენია, თუ რას ავალდებულებს მათ ქრისტესადმი რწმენა. გამოკითხვა, რომელიც მოსკოვში ჩაატარა მსუ-ს (მოსკ. სახ. უნივერს.) სოციოლოგიურმა ცენტრმა, აჩვენა, რომ "ჰოროსკოპისა სჯერა მართლმადიდებელთა 26%-ს. ქრისტიანთა შორის არიან ისეთები, რომელთაც სწამთ ჯადოქრობის, გათვალვის და წახდენის ("გაფუჭების"), ასეთთა რაოდენობა 47% აღმოჩნდა, სპირიტიზმს მისდევს 18%.
ღირს ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ თუკი ჯადოქრობისა სჯერა ქრისტიანთა 47%-ს, ეშმაკის არსებობისა მხოლოდ 32%-ს სწამს. მაშასადამე, ყველა როდი მიიჩნევს მაგიურ ჯადოებს დემონურ ძალთა შემწეობად. თუკი შევადარებთ "განსაზღვრულად მორწმუნეთა" და "განსაზღვრულად ურწმუნოთა", ანუ ათეისტთა ცნობიერების დახასიათებას, გამოირკვევა, რომ სწორედ ეს უკანასკნელნი 2-4 ჯერ ნაკლებად არიან დაქვემდებარებულნი ცრურწმენებს, ოკულტიზმსა და სატანიზმს. ასე, მაგალითად, მორწმუნეთა შორის ჯადოქრობისადმი რწმენის შეფარდება ათეისტებთან შესაბამისად არის 57% - 21%-თან, ასტროლოგიისადმი რწმენის შეფარდება ასეთია: მორწმუნეთა 29%-ს სწამს ასტროლოგიისა, ათეისტებისგან კი მხოლოდ 15%-ს, სპირიტიზმისადმი დამოკიდებულებაც შესაბამისად ასეთია 25% და 6%. მეტიც, ჯადოქრობისადმი რწმენის გავრცელება მორწმუნეთა შორის პირდაპირ პროპორციულია მათ მიერ ეკლესიაში სიარულისა.
ასე, მაგალითად, მორწმუნეთა რაოდენობა, რომელთაც სჯერათ ჯადოქრობისა, წახდენისა და გათვალვისა თითქმის ერთნაირია - ეკლესიაში დადიან ყოველკვირეულად (54%), თვეში 2-3-ჯერ (59%), თვეში ერთხელ (50%), ნახევარ წელიწადში 2<-5-ჯერ (54%); კლებულობს ის მხოლოდ იმათ შორის, ვინც საკმაოდ იშვიათად სტუმრობს ეკლესიას - ერთხელ ნახევარ წელიწადში და ერთხელ წელიწადში (შესაბამისად 41% და 40%), კიდევ უფრო ნაკლებია ის მათ შორის, რომლებიც საერთოდ არ დადიან ეკლესიაში (31%), თუმცა, თითქოსდა ყველაფერი პირიქით უნდა იყოს.
ვისაც ასტროლოგიისა და ჰოროსკოპების სჯერა ასევე მაქსიმალურ და თითქმის უცვალებელ რაოდენობას იკავებს ეკლესიაში ხშირად მოსიარულე მრევლს შორის: ასტროლოგიის სჯერა ყოველკვირეულად ეკლესიაში მომსვლელთა 34%-ს; თვეში 2-3-ჯერ მომსვლელთა 39%-ს; თვეში ერთხელ მომსვლელთა 34%-ს. მათ შორის, ვინც ეკლესიაში არ დადის, ასტროლოგთა წინასწარმეტყველებისა სჯერა ორჯერ ნაკლებს - 16%-ს. ის ფაქტი, რომ ცრურწმენებისა და ოკულტიზმის გავრცელება მორწმუნეთა შორის პროგრესირებს მათ მიერ ეკლესიაში სიარულის ზრდისდა კვალად, მოწმობს იმაზე, რომ სასულიერო დასს სუსტი გავლენა აქვს მუდმივ მრევლზე, რომლებიც ტაძრიდან იმავე ცდომილებებით გამოდიან, როგორითაც მოვიდნენ (Димитрий, митроп. Ростовский и Ярославский. О кресте. – М., 1855, с. 26).
დაჟინებული, მუდმივი ნეგატიური, უარყოფითი ქადაგების გარეშე ადამიანები, რომლებიც მზად არიან მიიღონ სახარება და მართლმადიდებლური ღვთისმსახურება, საკმაოდ ხშირად ვერც კი ხვდებიან რასთან არის სახარება შეუთავსებელი. ჩვეულებრივი წარმართული ყოვლისმჭამელობა მათში შობს დაშვებას, რომლის მიხედვითაც საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობა სულაც არ ეწინააღმდეგება ლიტურგიის შემდეგ, "ყოველი შემთხვევისთვის", მისნებთან სიარულსაც. ყოფითი გამოცდილება მეტყველებს, რომ მნიშნელოვანი საქმის დროს უმჯობესია ყოველგვარი ავტორიტეტების მხარდაჭერა მოიპოვო და "გავლენის ყველა ბერკეტი" აამუშავო. და თუ ამ ყოფით სინამდვილეს სპეციალურად და შეგნებულად არ შეეწინააღმდეგები - ეს "სიბრძნე" ადამიანის რელიგიური ქცევის სფეროში ბუნებრივად გადმობარგდება. ადამიანებისთვის მოულოდნელი სიახლე ხდება ცნობა იმის შესახებ, რომ ქრისტეს მიღება საკუთარ თავში შეიცავს არა მარტო პოზიტიურ მიღებას, არამედ ნეგატივიზმის გარკვეულ არსებით მუხტსაც, ანუ წარმართულ ჩვევათა უარყოფას. ამიტომაც საეკლესიო ქადაგება არა მარტო უნდა აღვიძებდეს რელიგიურ ენთუზიაზმს, არამედ, არცთუ იშვიათად - უნდა აჩერებდეს და ალყაში აქცევდეს მას (9).
_________________
9. ასეთი სახის შემოთავაზებაში არაფერია უჩვეულო. მაგალითად, მონაზვნურ პრაქტიკაში მიღებულია ახალაღკვეცილის ალყაში მოქცევა, წინააღმდეგობების შექმნა მისთვის, ვისაც მონაზვნობის მიღება სურს. რომ გაირკვეს ადამიანის მოტივები და მისი განზრახვის სიმტკიცე, მისი რწმენის ურყევობა, მონასტრის ზღურბლთან უფრო ემიჯნებიან მას, ვიდრე იპატიჟებენ. "თუკი დაინახავ ყმაწვილს, რომელიც თავისი ნებით ადის ზეცად, შეაკავე იგი, ფეხზე ჩასჭიდე ხელი და ჩამოაგდე იქიდან, რადგან მისთვის ეს სასარგებლოა" (Древний Патерик. – М., 1899, с. 202).
_________________
აქ გვიწევს თქმა: დღეისთვის ჩვენ ამ ამოცანას ვერ გავუმკლავდით. ფსევდომართლმადიდებლური ოკულტიზმის ყველაზე საშიში და გავრცელებული ტიპი გახდა მასობრივი თანამედროვე აპოკრიფული ლიტერატურა, რომელიც შეიცავს ნამდვილ და მონაჩმახ ამბებს თანამედროვე "სტარცების", "სტარიცების", ნეტართა, გამოცხადებათა და წინასწარმეტყველებათა შესახებ.
რამდენ საზრუნავს უჩენდა ძველ ეკლესიას ფსევდოწინასწარმეტყველური ლიტერატურა, რომელიც პატივსაცემ სახელებს მიაწერდა ან სრულიად ადმიანურ, ან სრულიად წარმართულ და ზოგჯერ უბრალოდ მბოდვიარე იდეებს. რამდენი ძალა, სიფხიზლე, მღვიძარება, სიბეჯითე და პრინციპულობა სჭირდებოდა მას, რათა დაეცვა საკუთრივ სამოციქულო ტრადიცია და ამოეძირკვა ცრუდ სახელდებული ფსევდო გადმოცემა.
მოციქულთა გამონათქვამების შემკრებს თემში მოჰქონდა "პეტრეს სახარება", და ამბობდა: "თქვენ რა მარტო მარკოზის სახარებას კითხულობთ?! მარკოზი პეტრეს სიტყვებისგან იწერდა, აქ კი თვით მთავარმოციქულის სიტყვაა!" და ვინ ხდებოდა მის თვალებში ის, ვინც გაბედავდა კრიტიკული აზრი გამოეთქვა მოტანილი ხელნაწერის მიმართ? - ერეტიკოსი, რაციონალისტი, უღმერთო, ღმრთის განგებულების მოწინააღმდეგე და მოციქულ პეტრეს პირადი მტერი... შეიძლებოდა ნაპოვნი ყოფილიყო ათასი გამამართლებელი მიზეზი აპოკრიფის მისაღებად. მაგრამ საჭირო იყო თავგამოდებული სიჯიუტე და მზადყოფნა მოდური ოკულტურ-გნოსტიკური ღვთისმოსაობის წინააღმდეგ გამოსასვლელად, რათა საკუთრივ მოციქულებრივი სწავლება დაცული ყოფილიყო ნაყალბევისგან.
ფარარის სწორი შენიშვნის მიხედვით, "გნოსტიციზმში ბატონობს სრული უსაზღვრობა, მასში არ არის არანაირი მტანჯველი მზრუნველობა იმაზე, რათა ზურგი აქციო წარმართობას" (Фаррар Ф. Первые дни христианства. – СПб., 1892, с. 710). აი დღესაც მრავალ მოდურ ტექსტში შესამჩნევია სიფხიზლე, ისევე როგორც ნების არქონა შეამოწმო შენი რწმენა სახარებისეული და წმიდა მამებისეული საზომით. როგორც ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში, დღესაც თავშეუკავებლად მრავლდება აპოკრიფთა რაოდენობა. თუმცა, ისინი უკვე მიეწერება არა მოციქულებს, არამედ ღვთისმოსაობის უფრო ახლო პერიოდის მოღვაწეებს. წმ. ირინეოს ლიონელის დროისგან განსხვავებით მათდამი წინააღმდეგობაში საეკლესიო პრინციპულობა არ შეიმჩნევა (10).
_________________
10. ჩემთვის ცნობილია მოდური სტარცებისადმი თაყვანისცემის წინააღმდეგობის მხოლოდ ერთი მცდელობა, სტარცებისა, რომლებიც ახალი და გამაოგნებელი "სულიერებით" გამოირჩევიან. ეს არის მღვდელ ტიმოთე სელსკის სტატია "ახალდამწყებთა სტარცული უძლურება" (Русский пастырь. – Джорданвилль, 1996, №25; გადაბეჭდილია წიგნში: "Игумен Никон (Воробьев). Нам оставлено покаяние. Письма". М., 1997, და შეიცავს მღვდელმონაზონ სამპსონის (სივერსი) წიგნის "ცხოვრების აღწერა, საუბრები, სწავლებანი და წერილები" კრიტიკულ ანალიზს.
_________________
არა თუ სექტები, არამედ სრულიად მართლმადიდებლური გამომცემლობები ბეჭდავენ, ხოლო მართლმადიდებლური ტაძრები ჰყიდიან წიგნებს და გაზეთებს, რომლებიც შეიცავენ ამაზრზენ გამონაგონნებს, პირდაპირ მაგიზმს და უბრალოდ ურცხვ თავდასხმას თვით ეკლესიაზე.
აი, მაგალითად, ყოველგვარი მაგიის - თეთრისაც და შავისაც - "სამეცნიერო-საღვთისმეტყველო" დასაბუთება, რომელსაც გვთავაზობს გაზეთი "Жизнь Вечная" ("მარადიული სიცოცხლე") სტატიაში "Под проклятием" ("წყევლის ქვეშ") (Жизнь Вечная. – М., 1996, №17, февраль). მასში აღწერილია ასეთი საშინელება: "მეცნიერებმა შექმნეს აპარატი, რომელსაც ადამიანის სიტყვები გადაჰყავს ელექტრომაგნიტურ რხევებზე, რომელთაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ დნმ-ს მოლეკულურ მემკვიდრეობითობაზე. და აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი სიტყვა იწვევს საშინელი ძალის მუტაგენურ ეფექტს. იგრიხებიან და იხევიან ქრომოსომები, ადგილებს იცვლიან გენები. სპეციალისტების შეფასებით, ეს უცნაური სიტყვები იწვევდნენ მუტაგენურ ეფექტს, იმის მსგავსს, როგორსაც იძლევა 30 000 რენტგენის ძლიერების რადიოაქტიური დასხივება! გაფიქრებაც კი გზარავს, რა მოუვა ადამიანს ასეთი სიტყვიერი დამუშავების შემდეგ, თუკი 50 რენტგენიც კი მისთვის მომაკვდინებელია. აპარატი "ორიონის" ორ ბატარეაზე მუშაობდა, რომლითაც ჩვეულებრივ მუხტავენ ჯიბის ფანრებს... მემკვიდრეობითი პროგრამები ზიანდებოდა, როდესაც მკვლევრები ლაპარაკობდნენ რაიმე საშინელებას, მაგალითად, ბოროტსიტყვაობდნენ მცენარეთა მიმართ, რომლისგანაც დნმ-ს პრეპარატი მიიღეს. პრინციპში მეცნიერებს ახალი არაფერი აღმოუჩენიათ. მათი აპარატი ხომ აწარმოებს და აძლიერებს ადამიანთა უნარს სიტყვათა მეშვეობით ზემოქმედება მოახდინონ მემკვიდრეობით პროგრამებზე. ადამიანის ეს უნარი უძველესი დროიდანაა ცნობილი. მრავალი წმინდანის ლოცვით იკურნებოდნენ უმძიმესი სნეულები... და თუმც მოციქულებთან შედარებით ჯადოქრები ფლობენ კოღოს ძლიერებას, ისიც კი ზოგჯერ საკმარისია, რათა ერთი სიტყვით მოახდინოს ადამიანის ტელემორტირება, ანუ დისტანციური მოკვლა. მკვლევრებმა ისწავლეს დნმ-ს სინათლისა და ბგერის ენერგიებით დამუხტვა. ამ სასწაულებს ადამიანი უბრალოდ სიტყვებით ახდენს. დნმ აღიქვამს ადამიანურ მეტყველეას. ლოცვა აღვიძებს გენეტიკური აპარატის სარეზერვო შესაძლებლობას, ხოლო წყევლა ანგრევს თვით ტალღურ პროგრამებსაც კი, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის ნორმალურ მუშაობას".
არ უნდა მოვტყუვდეთ, ჩვენს წინაშე მართლმადიდებლობის დაცვა კი არ არის, არამედ ოკულტიზმის ღია აპოლოგია, კაცღმერთობის და თვითგანკურნების დასაბუთება. სასწაულებს ღმერთი არ სჭირდებათ. ყველაფერს თვით ადამიანი აწარმოებს "ველების", "ტალღების" და "ორიონის" ბატარეების მეშვეობით. მაგრამ ამ "არქიმართლმადიდებლური" გაზეთის გამომცემლები (რომლებიც საკუთარ თავს "მსოფლიოში ერთადერთი მირონმდინარე გაზეთის" ავტორ-გამავრცელებლებად ასაღებენ (11)), მზად არიან ადამიანებს მიუტევონ ნებისმიერი ოკულტიზმი (12) და მატერიალიზმი ოღონდ ეს უთავსდებოდეს მათ უმთავრეს დოგმატს.
_________________
11. ეს სარეკლამო სლოგანი მოვისმინე 1998 წლის ბაიობის კვირას მართლმადიდებლურ გამოფენაზე, რომელიც მოსკოვის კინოთეატრ "Октябрь"-ში მოეწყო.
12. ჩვენს მიერ ციტირებული გაზეთის "Жизнь Вечная"-ს ხსენებულ ნომერში მოთავსებულია გრიგოლ რასპუტინის ფოტო წარწერით: "გრიგოლი - ღვთის კაცი", შემდეგ კი მას მოსდევს აპოლოგეტური სტატია მასზე, როგორც ჭეშმარიტ უხუცესზე. რასპუტინი, რა თქმა უნდა, ურჩხული არ ყოფილა, როგორსაც მას ხატავდა წინარევოლუციური პერიოდის ლიბერალური პრესა. მაგრამ წმიდა მამათა რიგში მისი ჩაყენება მაინც ალოგიკურია. ჩემი შეგრძნებით ეს იყო ბანალური "ექსტრასენსი". მაგრამ, ერთი უკიდურესობიდან (უზომო განმკითხველობიდან) მეორეს (თავშეუკავებელი ხოტბა-დიდება) რომ არ მივეცეთ, საჭიროა მეხსიერებაში გვქონდეს ამ რელიგიური მოღვაწის თუნდაც ერთი გამონათქვამი: "ყოველი რწმენა უფლისგანაა, არც ერთი რწმენის კრიტიკა არ შეიძლება" (записка [март 1915 г.] Опубл.: Платонов О. Жизнь за Царя. Правда о Григории Распутине. – СПб., 1996, с. 279). თუკი ბატონებმა გაზეთ "მარადიული ცხოვრებიდან" ("Жизнь Вечная") საკუთარ თავზე აიღეს ეკუმენიზმთან ბრძოლის ღვაწლი, - მაშინ როგორ არ აწუხებს მათ ასეთი სუპერეკუმენისტური გამონათქვამი? ამავე წიგნში მოტანილია "უხუცეს" გრიგოლის ცრუ წინასწარმეტყველებათა უამრავი მაგალითი (იხ. გვვ. 297-299), რამაც, რატომღაც არანაირი გავლენა არ იქონია თვით ავტორის ზეაპოლოგეტურ პოზიციაზე. გრიგოლ რასპუტინის პიროვნებისა და ნეგატიური საეკლესიო მოღვაწეობის შეფასებაზე, და ასევე ამგვარი შეფასების მოტივებზე იხ. წმინდანთა კანონიზაციის სინოდალური კომისიის გამოკვლევა: "Царская семья и Г. Е. Распутин" (Материалы, связанные с вопросом канонизации Царской семьи. – М., 1997, сс. 51-54).
_________________
მთელი ბოდვა, რომელსაც გაზეთის გვერდნახევარი უჭირავს, საჭიროა დასკვნისთვის: "რომანოვების სახლისადმი 1613 წელს დადებული ერთგულების აღთქმა უცებ და სამუდამოდ შევიდა ჩვენი ხალხის გენოფონდში. არა აქვს მნიშვნელობა იცის ამის შესახებ ადამიანმა თუ არა, მაგრამ, როგორც კი შეწყვეტს აღთქმის შესრულებას, ის დნმ-ს ტალღური სტრუქტურებიდან თითქოსდა ნაკუწ ნაკუწ იგლიჯება და ადგილიდან ადგილზე ხტება. ჩნდება მოხეტიალე და მოხტუნავე გენების ეფექტი. ეს იწვევს მუტაციას და იწყება გადაგვარება. მაგრამ თუკი ღმერთს სამეფო თვითმპყრობელობის აღდგენას შევევედრებით, მაშინ გამოვალთ წინაპართა ამ წყევლისგან".
ეს მართლმადიდებლურ-ოკულტური ლისენკოვშინა მკრეხელურად ცდილობს თავი შეიმაგროს ბიბლიური სიტყვებით ღმერთის შესახებ, რომელიც ცოდვილებს სჯის მესამე და მეოთხე თაობამდე (გამ. 20:5). მაგრამ ახალი ლისენკოვცები ივიწყებენ წინასწარმეტყველ ეზეკიელის სიტყვებს, რომელიც პირდაპირ ცვლის გამოსვლათა წიგნის ძველ დადგენილებას: "ეს რა ანდაზა გაქვთ, ისრაელის მიწაზე რომ ამბობთ: მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო? ვფიცავ, ამბობს უფალი ღმერთი, თუ ვინმემ თქვას ამიერიდან ეს ანდაზა თქვენს შორის ისრაელში! აჰა, ჩემია ყველა სული: როგორც მამის სული, ისე შვილის სული მე მეკუთვნის ... თქვენ იტყვით: რატომ არ ისჯება შვილი მამის დანაშაულისთვისო? თუ შვილი სამართლიანად და სიმართლით იქცევა, იცავს ჩემს წესებს და ასრულებს მათ, ჭეშმარიტად იცოცხლებს! ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება" (ეზეკ. 18:2-4 და 19-20). "მართლმადიდებლობის დამცველები" გაზეთიდან "მარადიული სიცოცხლე" ვერ ამჩნევენ სახარებას და მის უწყებას მიმტევებელ და კაცთმოყვარე ღმერთზე...
რაც შეეხება გაზეთ "მარადიული სიცოცხლის" ფანტასტიკას, შეუძლებელია არ შევნიშნოთ, რომ ის არა მხოლოდ ანტიმეცნიერულია, არამედ ანტიეკლესიურიც. რადგან ამ გაზეთის კონცეფციიდან გამოდის, რომ მნიშვნელობა არა აქვს ვინ წარმოთქვამს კურთხევას და წყევლას. ანათემა, წარმოთქმული მწვალებელთა მიერ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ, ისევე ქმედითი გამოდის, როგორც ეკლესიის მიერ დადებული სასჯელი. და დალოცვა, რომელსაც წარმოთქვამს შამანი თავის მორწმუნეზე, თურმე ეფექტურობით არაფრით ჩამოუვარდება მართლმადიდებელი მღვდლის მიერ საკუთარი მრევლისადმი წარმოთქმულ კურთხევას. ეს ძალიან წააგავს სამრევლო ცრურწმენას, რომლის თანახმადაც ჯადოქრის ძალა იმდენად უტლდება ღმრთის ძალას, რომ "შავ კაცს" შეუძლია "მადლი წაიღოს" ტაძრიდან, ხატისგან ან კიდევ ადამიანისგან...
რადგან ყველაფერი, რაც კი გაზეთ "მარადიულ სიცოცხლეშია" ნათქვამი ჩვეულებრივი ოკულტიზმია, არ გამკვირვებია, როდესაც მისი სტატია გადაბეჭდილი ვნახე გაზეთში "Голос веры" ("რწმენის ხმა" (№ 2-3 (18-19), 1997)). ამ გაზეთს აბაკანში გამოსცემს ადგილობრივი ქარიზმატული სექტა, რომელიც საკუთარ თავს "განდიდების ეკლესიას" უწოდებს. ეს არის ნეოორმოცდაათიანელთა სექტა, რომლის დამფუძნებლები არიან კენეტ ჰეიგინი, ულფ ეკმანი და მორის სერულო, რომელიც ყოველ ქალაქში სხვადასხვა სახელწოდებით მოქმედებენ ("Живая вера", "Живая вода", "Новое поколение"; მოსკოვში - "Слово жизни"). მასში არის მასობრივი "განკურნებებიც", "ანგელოზურ ენებზე" ლაპარაკიც და "ხარხარი სულიწმიდაში". საზოგადოდ - ეს არის ქრისტიანულად შეფუთული ჩვეულებრივი შამანიზმი.
რადგან მსოფლიოში პარამართლმადიდებლური "მკურნალობის" სახით არცთუ იშვიათად გვხვდება ქრისტიანული ტერმინოლოგიითა და სიმბოლიზმით შეფუთული ჯადოქრობა, ჩემთვის ქარიზმატები რამენაირი სიახლე არ ყოფილა. ამერიკელი ქარიზმატები და ჩვენი სოფლელი "ბებიები", რომლებიც "გაფუჭებისგან" კურნავენ ძროხებს და ახალშობილ ჩვილებს, ერთი და იგივე სულიერი ფენომენის გამოვლინებაა. ეს იგივე ნიუ ეიჯია (რომელსაც პირველად რერიხიანობის მეშვეობით გავეცანი). ამიტომაც სულაც არ არის გასაკვირი, რომ "მართლმადიდებელ" ნეოწარმართებს "მარადიული სიცოცხლიდან" და ქარიზმატებს საერთო გემოვნება აღმოაჩნდათ, უფრო ზუსტად, უგემოვნობა, რომელიც მათ შესაძლებლობას არ აძლევს შამანიზმი გაარჩიონ ქრისტიანობისგან.
რაც შეეხება მეფის მკვლელობის ცოდვასთან დაკავშირებულ ჩვენს პასუხისმგებლობას, უფრო საღად და ქრისტიანულად ამის შესახებ დეკანოზმა არტემი ვლადიმიროვმა ილაპარაკა, რომელმაც ერთხელ განმარტა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შევინანოთ მეფის მკვლელობა, როგორც ჩვენი პირადი ცოდვა (მაშინ ჩვენ ამქვეყნად არც ვარსებობდით). მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევინანოთ ის, რომ გვწამდა მეფეზე, მის ოჯახზე წარმოთქმული ცილისწამება, გვჯეროდა რევოლუციამდელი რუსეთის სიცრუე და საერთოდ, როგორც ოქტომბრელები და პიონერები, საკუთარ მკერდზე, გულთან ახლოს ვიკრავდით მარადიული ცეცხლით მოგიზგიზე ილიჩის თავს.
მოდერნისტულ-ოკულტურ ღვთისმეტყველებას, ტირაჟირებულს ცენზურას დაუქვემდებარებელი საეკლესიო გამომცემლობის მიერ, თან ახლავს ახალი რიტუალურობაც. აი საკულტო სიახლე ჩვენს სამრევლო ნეოწარმართობაში: "წმიდა ხუთშაბათის წყალი". მასთან დაკავშირებული რიტუალები, არც ერთ სემინარიაში არ ისწავლება, მაგრამ "ბებიების" აკადემიიდან მათ მაინც იპოვეს წვდომა საეკლესიო ბეჭდვით ორგანოებში: "ბევრი წელი გავიდა იმ დროიდან, რაც უფალმა მორწმუნეთა შესაწევნად გვიბოძა წმიდა ხუთშაბათის წყალი, რომელიც ყველა სნეულებისგან კურნავს. ქრისტიანები მას სიყვარულით მოიპოვებდნენ წყალსაცავებში დიდი ოთხშაბათის ღამეს, ხუთშაბათ დილამდე. ეს წყალი ჩნდებოდა უფლის კურთხევით, სულიწმიდა აკურთხებდა მას" (Сестра Антонина. Чисточетверговая вода // Преображение. Газета Спасо-Преображенского храма г. Дятьково Брянской области, 1997, № 4, апрель).
თითქოსდა სახეზეა ბეზპოპოვცური "თვითკურთხევის" მოტივი: ეკლესია კი არ აკურთხებს წყალს, ან საეკლესიო ლოცვა, არამედ ამ დღეს წყალი მდინარეებსა და წყალსაცავებში თვითონ ხდება წმინდა (ამ დღეს, სხვათა შორის, არც ერთ მართლმადიდებლურ ტაძარში წყლის კურთხევის პარაკლისი არ ტარდება). გასაგებია, რომ მრევლმა დიდი ხუთშაბათის "სიწმიდის" აზრი დაამახინჯა და წინასაზიარებო აღსარებითი განწმენდის ნაცვლად ის ხორციელ "საბანაო დღედ" აქცია; ხოლო აბანოდან მივიღეთ ამ დღის წყლის განსაკუთრებული მადლმოსილება.
გასაგებია მეზღაპრეობის ლოგიკა. მაგრამ ასეთი ჭორების გამოქვეყნება საეკლესიო გაზეთში რა საჭიროა? თანაც პუბლიკაციას თან ახლავს დეტალური ინსტრუქცია და რეკლამა, რომელიც მკითხველებს არწმუნებს, რომ ამგვარი მეთოდით "მოპოვებული" წყალი საბავშვო მალამო "კლერასილზე" ნაკლებად როდი კურნავს: "როდესაც წყალი გიპყრია, არ შეიძლება გინება, უხეშობა, ბილწსიტყვაობა. ეს წყალი არ შეიძლება დაილიოს საზოგადო ჭურჭლიდან, ჩვენი ბაგეები ხომ ხშირად იბილწება ცუდი სიტყვებით. თუკი საზოგადო ქილიდან დალევთ, მაშინ წყალს სულიწმიდა გაეცლება. ამ წყალში შეიძლება პასექის კვერცხების მოხარშვა. მოვიტან ამ წყლის შეწევნის ერთ მაგალითს. მატარებლის ვაგონში ერთი ახალგაზრდა კაცი მიდიოდა. მისი მთელი სახე მეჭეჭებით იყო დაფარული. მას ჰკითხეს, თუ რატომ არ მკურნალობდა იგი? რაზეც მან უპასუხა, რომ არანაირი მალამო არ შველოდა. მაშინ მას ამცნეს სახე წმიდა ხუთშაბათის წყლით დაებანა, და მისი სახე დროთა განმავლობაში გაიწმინდა".
მაშ, რას იტყვი ამ შემთხვევაში? შევაწუხოთ ყმაწვილი კითხვებით იმის შესახებ, თუ რატომ აქვს ამდენი მეჭეჭი სახეზე? ეს ის შემთხვევაა, როდესაც უბრალოება ქურდობაზე უარესია. მაგრამ რეკომენდაცია მიმართოს "წმიდა ხუთშაბათის წყალს" საკუთარ თავში უზარმაზარ საცდურს შეიცავს. მართლაც, ჩვენი ბაგეებიდან ხშირად გამოდის არცთუ კეთილი სიტყვები. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ადამიანის პირი, არაჯეროვანი სიტყვების ფრქვევით შებილწული, ამავდროულად ჭურჭელსაც ბილწავს? და რატომ არის რომ, ის, რაც ირიბად შებილწულია ჩვენი ბაგეებით, არ შეიძლება წმიდა აიაზმის შემცველი იყოს, ხოლო თვით ბაგეებს, სიბილწის წყაროს, თავისუფლად შეუძლია მისი მიღება? თუმცა, ეს უკვე სხვა და ძალიან რთული სასაუბრო თემაა სამრევლო ფსიქოლოგიაზე: სახარებისეული სწავლებით ღმერთი ცოდვილებს და სნეულებს მადლს აძლევს იმისთვის, რათა განიწმინდონ, ხოლო სამრევლო აღქმაში ხშირად ფიქრობენ, რომ საჭიროა ამ მადლის "გადამალვა" "უღირსთაგან" და მხოლოდ თვითგანკურნებულთ შეუძლიათ მისდამი შეხება ("ხშირი ზიარება ცოდვაა!").
პირობებში, როდესაც ათიდან მხოლოდ ერთ მღვდელს აქვს თუნდაც სემინარიული განათლება (არადა, ასეთია დღეს ჩვენი ეკლესიის სტატისტიკა იმის შემდეგ, რაც 200 000 მღვდელმსახური დახვრეტილ იქნა ბოლშევიკების მიერ მათი ძალაუფლების პერიოდში (13)), მღვდელი საკმაოდ ხშირად აღზრდილია და აღიზრდება თავისი სამრევლოს დედაკაცების მიერ.
_________________
13. "პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის სფეროში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული კომისიის პასუხისმგებელი მდივნის ვლადიმირ ნაუმოვის თქმით, საბჭოური ხელისუფლების წლებში ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე რეპრესიებს დაექვემდებარა ეკლესიის დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ეკლესიის მსახური. ამასთან, მისი მონაცემებით, 200 ათასზე მეტი ფიზიკურად იქნა განადგურებული" (Готовится указ о реабилитации служителей церкви // Сегодня. - М., 30 января 1996). თუმცა, არის ეპარქიები, რომელთათვისაც თეოლოგიურად განათლებულ მღვდელთა 10%-ც კი შედარებითი კეთილდღეობის მაჩვენებელი იქნებოდა. სახალინში 42 სამრევლოზე მოდის სემინარიული განათლების მქონე მხოლოდ ორი მღვდელი (Церковная жизнь на Сахалине. Интервью с епископом Южно-Сахалинским и Курильским Ионафаном // Русская мысль. - Париж, 18.9.1997).
_________________
მისი ცოდნა მცირედ განსხვავდება კლირიკოსებისა და ტაძრის დამლაგებლების ცოდნისგან, და ის, ვაი, რომ ყოველთვის ვერ არჩევს წმიდა მამების სწავლებას სამრევლოს ჭორებისგან (სტატიიდან "წმიდახუთშაბათის წყლის" შესახებ გამოდის, რომ ამ ბოლო დრომდე დიატკოველი კეთილმოწესე (благочинный) თვითონ მონაწილეობს შუაღამის წყლის კურთხევაში დიდი ხუთშბათის ღამეს (14).
_________________
14. "დღეს ქრისტიანებს შემწედ დაუდგა წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია. შუაღამეს, დიდი ხუთშაბათის წინ, შეიძლება მოხვიდე ეკლესიაში, სადაც მამაოსა და მრევლის ლოცვებით წყალი კიდევ უფრო მეტ ძალას იძენს. მთელი ჩვენი სამრევლო მადლიერია ჩვენი წინამძღვრისა მამა ალექსანდრესი ამ ღვთისმსახურებაში მისი მონაწილეობის გამო".
_________________
სამრევლოს წევრები, რომლებიც ვერ ახსნიან, თუ რაში მდგომარეობს თორმეტი საუფლო დღესასწაულის აზრი, მკაცრი სახეებით შთააგონებენ ყვეოლას, რომ ხატსა და სასანთლეს შუა გავლა მომაკვდინებელი ცოდვაა. მოძღვრები და საეკლესიო ბეჭდვითი ორგანოები არანაირ ყურდღებას არ აქცევენ ამ ცრურწმენებს და არ ქადაგებენ მათ წინააღმდეგ.
ამ დროს ეკლესიაში მოდიან ადამიანები, რომლებიც ერში მიჩეულები არიან სხვების სწავლებას, თეორეტიზირებას და თამამი ჰიპოთეზების წამოყენებას (როდესაც ყოველივეს, რაც მსოფლიოში ხდება განმარტავენ ორი-სამი გავრცელებული "თეზისის" საფუძველზე), მაგრამ სერიოზულ საღვთისმეტყველო ცოდნას ვერ ფლობენ. მათ შორის ბევრია ისეთი, ვინც უკვე აღიაზრდა მასობრივ ოკულტიზმში.
ეჭვიც არ შეიძლება არსებობდეს, რომ, როგორც კი გაეცნობიან ამგვარ მართლმადიდებლობას, ისინი საკმაოდ მალე დაიწყებენ სამეცნიერო ტრაქტატების წერას ბებიებზე, რომლებსაც თურმე შეუნახავთ "ეზოთერული გადმოცემა" იმაზე, როგორ ირეკლავს თავისი აურით ხატსა და სანთლებს შორის ჩამდგარი ადამიანი ენერგეტიკულ ველს, რომელშიც ხორციელდება საველე ურთიერთობა ხატსა და სანთლებს შორის.
ერთიც გაბედე და წინ აღუდექი ახალ აპოკრიფებს იმწამსვე დაგადანაშაულებენ არაღვთისმოშიშებაში, პროტესტანტიზმში (15) და მოდერნიზმში. გაბედე დაეჭვდე იმაში, რომ მოცემული "წინასწარმეტყველება" ან "სულიერი დარიგება" ეკუთვნის თვით მამას, სცადე ივარაუდო, რომ ის ჩამოყალიბდა "სულიერ ქალიშვილთა" ბუნდოვანი მოგონებებიდან და გადმოცემებიდან მხცოვნის გარდაცვალებიდან ათეულობით წლის შემდეგ, სცადე ივარაუდო, რომ ვიღაც "ნეტარი" დედაო უბრალოდ ფსიქიურად დაავადებული ვიზიონერი იყო და იმწამსვე დაგაბრალებენ ურწმუნოებასა და რაციონალიზმს...
_________________
15. "დიდი თავადი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ყოველთვის იყო მიდრეკილი მისტიციზმისკენ. რაც მისტიკურად განწყობილი დედოფლისთვის იყო რასპუტინი, იმად იქცა ახლა დიდი თავადისთვის 1-ლი რანგის კაპიტანი ა. ა. სვეჩინი. მოცემულ დროს (1918 წ-ის ნოემბერი) ის იმყოფებოდა რომელიღაც განრღვეული, იალტაში მწოლიარე მატუშკა ევგენიას ხიბლის ქვეშ, რომელიც მუდმივად წინასწარმეტყველებდა. სვეჩინმა შეძლო მატუშკა ევგენიას წინასწარმეტყველებებით მოეხიბლა დიდი თავადი, რომელიც მას ახლო მომავალში რუსეთის გადამრჩენლის როლს უწინასწარმეტყველებდა და ექსტაზში უკვე თავზე გვირგვინმოსილიც კი უხილავს... დიდი თავადი ეგზალტირებული მიყვებოდა, როგორ გაუხსნა მას უფალმა საკვირველ მატუშკა ევგენიას მეშვეობით თავისი ნება, რომელსაც ის უნდა დაემორჩილოს, რაკიღა ისეთი უმაღლესი წყაროდან შეიცნობა, როგორიც არის ნათელმხილველი მატუშკა. მე კრიჭაშეკრული ვისმენდი ამ ბოდვას, მაგრამ დრო და დრო ვერ ვითმენდი და გატაცებულთ ცივ წყალს ვასხამდი, ვურჩევდი რა არ გამოეცადათ უფალი, არ ეთხოვათ ნიშები და სასწაულები, ბრმად არ ერწმუნათ ყოველი წინასწარმეტყველება, რადგან ის შეიძლება იყოს კაცისგან, და არა ღმრთისგან. ჩემი შენიშვნები არ მოეწონათ ჩემს თანამოსაუბრეებს. სვეჩინს მეორე დღესვე წამოცდა, რომ მე უფრო პროტესტანტ პასტორს ვგავარ, ვიდრე მართლმადიდებელ მღვდელს" (Протопресвитер Георгий Шавельский. Воспоминания последнего протопресвитера Русской Армии и флота. - М., 1996, т. 2, сс. 317-318).
_________________
ჩვენს სულიერ სკოლებსა და მონასტრებში საკმაოდ ხშირად ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ერესები და მოდერნისტული სწავლებები ჩვეულებისამებრ ზედმეტად მოფილოსოფოსო ადამიანებისგან მომდინარეობენ, რომლებიც მოწყვეტილნი არიან ცოცხალ საეკლესიო და მონაზვნურ ტრადიციას... მაგრამ აი მე, მწიგნობარი, ვიღებ ხელში წიგნს ბერებზე, თვით ბერების მიერ დაწერილსა და გამოცემულს და ვამბობ: "ისმინეთ, დიახ სწორედ აქ იქადაგება რაღაც ახალი, უცხო, არამსგავსი იმისა, რასაც სემინარია, სულიერი მამის საუბრები და მამათა წიგნები მასწავლიდა!" მე, მაგალითად, მივეჩვიე იმის აღიარებას, რომ ბოლო სუნთქვამდე არ უნდა გადადოს ქრისტიანმა სინანულის ღვაწლი და მომავალ მარადისობას ასპროცენტიანი კეთილი აღსასრულით არ უნდა მოელოდეს. ძველი მამები თავიანთი სიცოცხლის აღსასრულს იმაზე გლოვობდნენ, რომ ჯერ სინანულის ღვაწლი და ქრისტიანული ცხოვრება არც კი დაუწყიათ... ამიტომ გასაგებია, როგორი გაოგნება გამოიწვია ჩემში თანამედროვე მცხოვნების ასეთმა მოთხრობამ: "მისი უკანასკნელი დღეები იდგა... ერთხელ სენაკიდან გამოვედი, და როდესაც დავბრუნდი, მან გაკვირვებულმა შემომხედა, თითქოსდა ვერ მიცნოო, და მკითხა: "შენ ვინ ხარ? წმიდა სერგი? - არა, მამაო, მე ბერი პაისი ვარ. - ააა! აქ ახლა, შვილო ჩემო, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იყო სერგისთან და ღირს სერაფიმესთან ერთად. სად წავიდნენ ისინი? - შენ რა გითხრა ღვთისმშობელმა? - გაივლის მისი შობის დღესასწაული და უკვე ამის შემდეგ მოვა ჩემს წასაყვანად... ჩემო ტკბილო შვილო, შენ აქ ჩემთვის ილოცებ, დედამიწაზე, მე კი შენთვის ვილოცებ, ცაში. მწამს, რომ უფალი შემიწყალებს მე ცოდვილს, რადგან 60 წელი გავატარე აქ მონაზვნად და განუწყვეტლივ ვევედრებოდი მას: უფალო იესუ ქრისტე, შემიწალე მე! ახლა კი უფალთან ვიქნები სამოთხეში და ყოველ წელიწადს მოვალ შენთან სანახავად" (Иеромонах Иоанн (Коган). Отец Тихон, последний великий русский старец на Афоне. - Троице-Сергиева лавра, 1997, сс. 36-37).
მე ვერ განვსჯი სულიერ ადამიანთა გამოცდილებას. უჩვეულო, ახალი და უცხო ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ცრუა. მაგრამ ამ წიგნის გამომცემლებს არ შემიძლია არ შევნიშნო: რატომ გამოსცემთ მასობრივი ტირაჟით წიგნებს ისეთი გამონათქვამებით, რომლებიც ესოდენ განსხვავდებიან საეკლესიო გადმოცემებისგან? რატომ არღვევთ საეკლესიო ტრადიციას მის უმთავრეს საკვრელშივე? რატომ იბრძვით მცირედში უმცირესი ცვლილების წინააღმდეგ, გარეგნულში, წესში - და ამასთან ქადაგებთ ცვლილებას არსებითში: მართლმადიდებელი ქრისტიანის სულიერ განწყობაში? რადგან როგორც კი წაიკითხავს ასეთ მოთხრობას, შეიძლება ნდობით აღივსოს პროტესტანტული ლიტერატურისადმი, რომელიც სწორედაც რომ სავსეა ადამიანების თავდაჯერებული განცხადებებით, რომლებიც საკუთარი ცხონების გარდაუვალობაში დარწმუნებულნი არიან ... შეიძლება მართლაც წმინდანი იყოს ამ წიგნში აღწერილი მოხუცი და ღმრთითგანბრძნობილი იყოს მისი უკანასკნელი სიტყვები და განცდები. მაგრამ ღირდა კი დღეს ამ სიტყვების ადამიანთა ცნობიერებამდე მიტანა? ღირს კი დღეს ასეთი გაოცებების დათესვა?
და უნდა შევნიშნოთ, რომ ასეთი უცნაური თავდაჯერებულობა საკუთარი სულის სიმაღლეში მრავალ დღევანდელ აპოკრიფს ახასიათებს. ასე, მაგალითად, სქიმონაზონი მაკარია გ. დურასოვის წიგნში "Богом данная" ("ღმრთით ბოძებული") საკუთარ თავზე ამბობს: "მთელ რუსეთში არც ერთი ადამიანი არ იტანჯება ისე, როგორც მე. საკუთარი სნეულებებით მე მთელ რუსეთს გადავეფარე. - მატუშკა, არის კი ჯერაც რუსეთში ისეთი ადამიანი, როგორიც შენ ხარ, და კურნავს თუ არა ვინმე წყლითა და ზეთით? - არა, არ მოუცია ღმერთს ასეთი ადამიანი" (Дурасов Г. П. Богом данная. – СПб., 1995, с. 86).
მე, რა თქმა უნდა, არ ვარ მიჩვეულო სალოსთა საზოგადოებას (ან ვინ შეიძლება მას შეჩვეული იყოს?!). მაგრამ წმიდა მამებისეულ ლიტერატურაში საკუთარი თავის ყველაზე ამაღლებას უბრალოდ სიამაყე ჰქვია. ქრისტესტვის სალოსი თავს ყველაზე დაბლა აყენებს. იგივე სალოსობა, რომელიც წიგნის ავტორი მიაწერს მაკარიას, აშკარად არ არის ქრისტესთვის სალოსობა. და როგორღაც საერთოდ თავს ვერ იგრძნობ კარგად როდესაც კითხულობ მაკარიას დავას სატანასთან: "იცი, როგორ ეშინია მას ჩემი ფსკვნილების! მას ბანჯგვლიანს ჩემი ფსკვნილებით მივტყეპავ... მე მას ვეუბნები: რატომ დადიხარ ავადმყოფ ღმერთშემოსილთან? შე საფრთხობელა, ვერაფერს იპოვი შენთვის ჩემს სულში, მე როგორც ვიყავი და ვარ ღმერთთან, ისევე მომავალშიც ვიქნები" (Там же, сс. 59-60).
თეოდოსი იერუსალიმელის (1800- 1948) ცხოვრების აღწერაში გვხვდება იგივე თავდაჯერებულობა საკუთარ ცხონებასა და თვით წმინდანობაშიც: "დიდება შენდა, უფალო, ეს ყრმები ცხონდებიან, და მე მომავალ ცხოვრებაში ვილოცებ მათთვის" (Ильинская А. Тайна старца Феодосия. Сказание о житии и чудесах “иерусалимского батюшки” – преподобного Феодосия Кавказского. – М., Паломник, 1997, с. 56).
ზ. ჟდანოვას წიგნში მატრონას შესახებ გვხვდება იგივე მოტივი: "მას ჰკითხეს: მატრონუშკა, როგორ ვიცხოვროთ? ვისთან ერთად დავრჩებით, ვის შევეკითხებით რჩევებს? მან უპასუხა: ჩემი სიკვდილის შემდეგ ისეთები, როგორიც მე ვარ არ იქნებიან, თქვენ კი საფლავზე მოდით, მე ყოველთვის მანდ დაგხვდებით და ვილოცებ თქვენთვის. მე დაგინახავთ და მოგისმენთ, რასაც თქვენს სულს ვეტყვი, ის ჰქენით" (Сказание о житии блаженной старицы Матроны. Составила и записала Жданова З. В. –Свято-Троицкий Ново-Голутвин монастырь, 1993, с. 26).
პელაგია რიაზანელის შესახებაც იგივეს წერენ: "ნეტარი პოლია (პელაგია - "აპოკ." რედ.) გვეუბნებოდა: აი თქვენ, როდესაც ჩემს საფლავზე მოხვალთ, მე ვერ მომისმენთ, მაგრამ მოგისმენთ თქვენ! დაიჩოქეთ მუხლებზე და თქვით - როდესაც რაიმე დაგჭირდებათ, მე მოგისმენთ და დაგეხმარებით. მექნება ძალა დაგიცვათ საშინელ სამსჯავროზე! - ზახაროვოში, - ამბობს, - დავტოვებ ჩემს მადლს" (К. В. П. Воспоминания о Пелагии Рязанской // Жизнь Вечная. – М., 1997, №33).
მაგრამ ეს და ამაზე უფრო აშკარა უცნაურობები სულაც არ არის შემჩნეული დღევანდელი მონასტრული ცენზორების მიერ. მრავალი მართლმადიდებელი გამომცემლის, მწერლის და წიგნებით მოვაჭრის აზროვნება მოწყობილია სრულიად ძველმოწესეობრივად (სავარაუდოდ უნდა იგულისხმებოდნენ ე. წ. "ბეზპოპოვცები" – "აპოკ." რედ.): ერთგულება წვრილმანებისადმი არცთუ იშვიათად შეხამებულია ყველაზე უღრან დოგმატურ უმეცრებასთან და უკანმოუხედავ ახალშემოქმედებასთან სარწმუნოებისა და თვით ღვთისმსახურების სფეროში.
იბადება სრულიად ახალი საღვთისმეტყველო სისტემები და რიტუალები. წარმართობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი გახლავთ თავისებური სტიქიური მატერიალიზმი. მთელი ყოფიერება მატერიალურად ცხადდება, და თვით ღმერთსაც უჩნდება სხეული, ადამიანის სულს ფორმები, ზომები და ოწნა, "სულიერი" სამყაროც მხოლოდ "ფაქიზი მატერიის" სფერო ყოფილა თურმე. ოკულტური ლიტერატურის ნებისმიერმა მკითხველმა ეს ყველაფერი მშვენივრად უწყის. მაგრამ პოპულარულ "მართლმადიდებლურ" გამოცემებში დღეს ამტკიცებენ, რომ ფანჯრის მინა ან ხელსახოცი, რომელსაც საჭმლის თეფშს აფარებენ, შეიძლება გადაულახავი ბარიერი გახდეს ეშმაკთათვის... და ზოგჯერ მღვდლებიც იწყებენ თამაშს ამ მისტიკური მატერიალიზმით.
მღვდელს ეკითხებიან: "სავალდებულოა თუ არა ზიარების შემდეგ სასმელის (წყალგარეული ღვინის - "აპოკ." რედ.) დაყოლება?" და პასუხად ესმით: "ზიარების შემდეგ აუცილებლად საჭიროა სასმელის დაყოლება, მაგრამ ზოგიერთი მხცოვანი ამბობს, რომ სულიერად ავადმყოფებს (ეშმაკეულთ) შეიძლება მცირედით ვაცალოთ, რადგან მათში მტერი სიწმიდის მიღებისგან იწვის, არადა წყალში დაიმალება და ამით წვა შეუმსუბუქდება".
ამგვარი თეოლოგიური სიახლის ფონზე მღვდ. პავლე ფლორენსკის ყველაზე პროოკულტური აგებულებანი საეკლესიო ტრადიციასთან უფრო მახლობლად გეჩვენება. და ამისი აღნიშვნა მნიშვნელოვანია: საკმაოდ ხშირად ჩვენს სემინარიებში ლაპარაკია იმაზე, რომ ზედმეტმა განსწავლულობამ შეიძლება ადამიანი შეიყვანოს მწვალებლობაში, მაგრამ იმას არ ამჩნევენ, რომ უფრო დიდი ჯუნგლები და გაუვალი ტყეები შეიძლება აღმოაცენოს თეოლოგიურმა უმეცრებამ!

უკვე XVIII და XIX საუკუნეების მიჯნაზე მოსკოვის მიტროპოლიტი პლატონი (ლევშინი) უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მართლმადიდებელი ღვთისმეტყველისთვის არც ისე მარტივია აწარმოოს პოლემიკა "ღვთისმეტყველების უზომო მოშურნესთან", რომლებიც ყველგან ხედავენ სასწაულებს, დარწმუნებულნი არიან ყოველი სტროფის ღვთივშთაგონებულობაში, რომელიც ავტორიტეტული სახელის მიერ არის ხელმოწერილი ან რომელიმე წმინდანს ეძღვნება. ნებისმიერ საეკლესიო წიგნს ან ჭორსაც კი ისინი პირდაპირ ზეციურ ხმად აღიქვამენ.
მიტრ. პლატონის აღიარებით, "ქრისტეს ეკლესიის მოძღვარს და თვით განათლებულ ადამიანს შეუძლებელია დავა ჰქონდეს სქიზმატიკოსთან და დაარწმუნოს იგი საკუთარ ცდომილებაში. რადგან, როდესაც ორივე მხარე დავობს უნდა არსებობდეს ერთიანი საწყისი ან საფუძველი, რომელსაც დაეფუძნება ყველა მტკიცებულება. მაგრამ თუკი ერთ მხარეს სხვა საფუძვლები აქვს, მეორეს კი - სხვა, მაშინ მათ შორის თანხმობა შეუძლებელი გახდება. ღმრთითგანათლებული ქრისტიანი ღვთისმეტყველი ქრისტეს რწმენის ყოველი ჭეშმარიტების დასამტკიცებლად არ აღიარებს სხვა საფუძველს გარდა ღმრთის სიტყვისა, ანუ ძველი და ახალი აღთქმის წერილისა; ხოლო სქიზმატი, ამ საწყისის გარდა, რომელსაც ნაკლებ სცემს პატივს, რადგან ნაკლებად ესმის, ღმრთის სიტყვის თანასწორად აღიარებს კრებათა ყოველგვარ კანონს, საეკლესიო მოძღვართა ყოველგვარ წერილს, ასევე ყოველ ამბავს, რომელიც კი საეკლესიო წიგნებში მოიპოვება, და მათ უფრო ენდობა, ვიდრე ღმრთის სიტყვას, რადგან ის მისთვის უფრო გასაგებია.
მაგრამ, როგორც (ზოგიერთი) კრების კანონი ან ეხებოდა თავის დროებას, ან კიდევ დაწერილია მიკერძოებით და გაუნათლებელი უმეცრებისადმი, ასევე ზოგიერთი საეკლესიო მწერლის თხზულებაშიც ბევრია ცდომილება და შეუთანხმებლობანი; რაც შეეხება ცხოვრების აღწერებს, აქ ბევრია იგავ-არაკი, დაუჯერებელი და უადგილო ამბავი, საიდანაც ვიგებთ, რომ კანონებიც, მამებიც და სხვადასხვა გადმოცემებიც მხოლოდ მაშინ არის შესაწყნარებელი, როდესაც ისინი ღმრთის სიტყვის თანხმიერნი არიან და მის განმარტებას ემსახურებიან" (Цит. по: Тареев М. М. Христианская философия. – М., 1917, ч. 1. Новое богословие, сс. 75–76. Первая публикация резолюции митр. Платона: Гиляров-Платонов Н.П. Собрание сочинений. Издание К. П. Победоносцева. – М., 1900, т. 2, сс. 282-283).
დღესაც ვხედავ, როგორ მუქდება მართლმადიდებლური აუდიტორიის სახე, როდესაც რაიმე კრიტიკულს ვამბობ ზოგიერთ მასობრივ გამოცემასთან დაკავშირებით. ყველაფერი, რაც კი დამკვიდრდა ხალხურ ღვთისმოსაობაში შეიძლება შეფასდეს, როგორც ქრისტიანობასთან შეთავსებადი. რადგან საეკლესიო მონათხრობებში ცნობილ და განთქმულ მოღვაწეებთან დაკავშირებით არსებობს აპოკრიფულ-ფოლკლორული დეტალები... წმინდანთა ცხოვრებებში ძალიან ბევრია უძვირფასესი საგანძური. მაგრამარსებობს ფოლკლორული ელემენტებიც (იხ. თავი: "Легендарные мотивы в русских житиях" ("ლეგენდარული მოტივები რუსულ ცხოვრებებში") გიორგი ფედოტოვის წიგნში "ძველი რუსეთის წმინდანები", რომლის ძირითადი აზრი ასეთია: "სასწაულებისგან უნდა განვასხვაოთ ლეგენდარული მოტივები, რომელიც ხალხურ გადმოცემებსა და ეპოსს ახასიათებს და ერთნაირად, ურთიერთ მსგავსი ფორმებით ვრცელდება სხვადასხვა ხალხებში და სხვადასხვა რელიგიურ-კულტურულ სამყაროში" (Федотов Г. П. Святые Древней Руси. – Нью-Йорк, 1959, с. 217. Подробнее о фольклорных сюжетах и деталях в житийной литературе см.: Плюханова М. Б. Сюжеты и символы Московского Царства. – СПб., 1995)). ამიტომაც თვით კანონიკური აგიოგრაფიული ლიტერატურაც კი უფრო ნაკლები სწავლა-მოძღვრებითი მნიშვნელობისაა წმიდა მამათა თხზულებებთან შედარებით (გავიხსენოთ ვ. ლოსკის ზემოთხსენებული მსჯელობა სვინაქსართა და ლიმონართა სიუჟეტებთან დაკავშირებით).
ის, რომ ცხოვრებათა შემდგენლები არცთუ სუფთანი არიან სულიერად და ბრძენნი, როგორც ისინი, ვის შესახებაც მოგვითხრობენ, არც ისე ჩვეულებრივი ამბავია. წმინდანთა ცხოვრებას იშვიათად წერენ წმინდანები (თვით ეპიფანე ბრძენი, რომელმაც დაწერა "ღირ. სერგის ცხოვრება", სულაც არ არის სერგი რადონეჟელი). ხშირად სწორედ არაწმიდა ადამიანები მოგვითხრობენ თავიანთ შთაბეჭდილებებზე წმიდა ადამიანებთან შეხვედრის შემდეგ. ამგვარ მონათხრობში შეიძლება იყოს უზუსტობები, შეცდომები და "მიწერები", ასევე საკუთარი განმარტებები. ამიტომაც "სულიერი რეგლამენტის" მიერ განწესებული იყო წმინდანთა ისტორიების გამოკვლევა, ხომ არ არის მათში რაიმე გამონაგონი, ისეთი რამ, რაც არ ყოფილა, ან კიდევ რაც ქრისტიანული, მართლმადიდებლური სწავლების საწინააღმდეგოა, ან ფუჭია და არაფრის მომცემი, ან კიდევ სასაცილოა თვით მონათხრობი. ასეთი მოთხრობები უნდა იმხილებოდნენ და იკრძალებოდნენ იმ სიცრუეთა გაცხადებით, რომლებიც მათშია მოცემული" (ч. 2, гл. 3) (Духовный Регламент, тщанием и повелением Всепресветлейшего, Державнейшего Государя Петра Первого, Императора и Самодержца Всероссийского, по соизволению и приговору Всероссийского Духовного Чина и Правительствующего Сената в царствующем Санкт-Петербурге, в лето от Рождества Христова 1721, сочиненный. – М., 1883, с. 17).
შეუდარებლად უფრო მეტია დაუმტკიცებლობა, უცნაურობა და ფანტასტიურობა კერძო და ეკლესიიურად არაავტორიზებულ მოგონებებში წმინდანთა ცხოვრებაზე. ასე, მაგალითად, ღირ. სერაფიმე საროველის ტანამოსაუბრემ ნ. მოტოვილოვმა გაავრცელა საკმაოდ ფანტასტიური ლეგენდები მხცოვანის წინასწარმეტყველებებზე. 1854 წ-ს მან იმპერატორ ნიკოლოზ I-ს აცნობა, რომ მოხუცი სერაფიმე "საყოველთაო აღდგომამდე აღდგება მკვდრეთით, თქვენი საიმპერატორო დიდებულების მეფობისას და ისიც მხოლოდ თქვენთვის, დიდო ხელმწიფეო" (Мотовилов Н. А. Письма и докладные записки // Серафимово послушание. Жизнь и труды Н. А. Мотовилова. Сост. А. Н. Стрижев. – М., 1996, с. 99).
1867 წელს ის (იმოწმებს რა ღირს მოსაგრეს) ხატავს მომავალი ისტორიის სურათს: "რუსეთი ერთ დიდ ზღვად შეუერთდება სხვა სლავურ მიწებსა და ხალხებს, ის შეადგენს მრისხანე და უძლეველ რუსულ სამეფოს, სრულიად სლავურ გოგ-მაგოგს, რომლის წინაშე ყველა ხალხი ითრთოლებს. რუსეთის და სხვა ხალხების გაერთიანებული ძალებით კონსტანტინოპოლი და იერუსალიმი დატყვევდებიან.
თურქეთის დაყოფის დროს ის თითქმის მთლიანად რუსეთს დარჩება... საფრანგეთში, ღვთისმშობლისადმი, წმ. მადონასადმი მისი სიყვარულის გამო, გადარჩება ჩვიდმეტი მილიონი ფრანგი, რომელთა დედაქალაქი იქნება რეიმსში, ხოლო პარიზი სრულიად განადგურდება... ანტიქრისტე დაიბადება მოსკოვსა და პეტერბურგს შორის, იმ დიდ ქალაქში, რომელსაც "მოსკოვ-პეტროგრადი" ეწოდება.
ანტიქრისტეს მოსვლამდე უნდა შედგეს ყველა ეკლესიის მერვე მსოფლიო კრება, რათა გაერთიანდნენ. მოხდება ქრისტეს ყველა წმიდა ეკლესიის გაერთიანება მოსალოდნელი ანტიქრისტიანული მიმართულების წინააღმდეგ, და მას ერთი თავი ქრისტე-მაცხოვარი უხელმძღვანელებს... ებრაელები და სლავები ღმრთის განგების ორი ერია, მისი ჭურჭლები და მოწმეები, ურღვევი კიდობნები; ხოლო დანარჩენი ხალხები ნერწყვი, რომელსაც უფალი მისი პირიდან გადმოაფურთხებს" (Приложение к "Великой Дивеевской тайне". Из семейного архива Флоренских // Литературная учеба. 1991, № 1, сс. 133-134.)
ეს ტექსტი იმდენად უცნაურია (და ეკუმენისტურია), ხოლო მისი წარმომავლობა იმდენად ორაზროვანია (რადგან თქმა იმისა, რომ ტექსტი მომდინარეობს მღვდ. პავლე ფლორენსკის არქივიდან - ტოლფასია იმისი მტკიცებისა, რომ მ. პავლე მოდგმით ოკულტისტებისა და ფალსიფიკატორების სამყაროდან იყოს (16), რომ თვით თანამედროვე აპოკრიფთა ენციკლოპედიის, მართლმადიდებლური ტრილერის "რუსეთი მეორედ მოსვლის წინ" შემდგენლებმაც კი შესაძლებლად არ ჩათვალეს ამ ტექსტის სრული გამოქვეყნება.
_________________
16. ფლორენსკის მრავალი თხზულების ოკულტური ხასიათი ცხადი იყო არა მარტო მართლმადიდებელთათვის; მას თვით ოკულტისტებიც აღიარებდნენ. პ. ფლორენსკის ერთ-ერთი პირველი წიგნის - "Общечеловеческие корни идеализма" ("იდეალიზმის ზოგადსაკაცობრიო ფესვები") - გამოსვლის შემდეგ თეოსოფიური საზოგადოების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ელენა პისარევა საკმაოდ დადებითად გამოეხმაურა მას და ამ ბროშურისადმი თავისი სიმპათიის მიზეზი ასე ახსნა: "მასში იმდენია ღრმად ეზოთერული, თეოსოფიური იდეების ისეთი ნაკადია მასში... ფლორენსკი გვაძლევს სიტყვის ძლიერების სრულიად ოკულტურ კვლევას" (Е. П. Общечеловеческие корни идеализма // Вестник теософии. 1910, №11, сс. 73 и 83). რაც შეეხება ფალსიფიკატორობას - ის ფლორენსკის მიერ პუბლიცისტიკის არენაზე არქიმანდრიტ სერაპიონ მაშკინის გამოყვანის ისტორიაში შეიმჩნევა. განა ფლორენსკის არ ეკუთვნის ის იდეა, რომელიც მან არქიმანდრიტის სახელით გამოაქვეყნა?
ამ ტექსტებში გამაოგნებელია კონტრასტი ავტორის პოზიციით გამომავალ მაღალჩინოსან სასულიერო პირსა და მისი თხზულების ანტისაეკლესიო შინაარსს შორის. სანიმუშოდ: "მასონები ცდილობენ დედამიწაზე განახორციელონ სამართლიანობის სამეფო. ამიტომაც ყოველი პატიოსანი კაცისთვის მასონთა საქმიანობა კეთილად უნდა ჩანდეს" (архим. Серапион (Машкин). Мимолетные рассуждения о иезуитизме, шпионстве, шаблонной морали и масонстве // Путь к Востоку. Мистико-философский альманах. Вып. 1. Томск, 1996, с. 37). "იყო მონაზონი - ნიშნავს შეიკრა საკუთარი ხელ-ფეხი უაზრო განწესებებით, რომლებიც სპეციალურად არის მოფიქრებული, რათა მათით შეკრან მთავრობისთვის უფრო საშიში ადამიანები - რელიგიური იდეალისტები" (архим. Серапион (Машкин). Письмо П. Флоренскому // Путь к Востоку. с. 29). როდესაც იცი ასეთი დასაწყისი - რატომ უნდა გიკვირდეს დასასრულის? ბოლო წერილი, რომელიც მ. პავლემ სოლოვკებში დაწერა ნაკლებად წააგავს მართლმადიდებელი აღმსარებელი მღვდლის ანდერძს: "ჩემს გვერდით საკანში ბინადრობს ერთი თბილისელი სომეხი, უკვე ხანდაზმული, ასე რომ მასთან მრავალი საერთო ნაცნობი აღმომაჩნდა და ჩვენ საღამოობით ვიხსენებთ ხოლმე თბილისს. ჩემი სოლოვეცური შთაბეჭდილებები ახლა შემოიფარგლებიან ნაკლებად საინტერესო ადამიანებით. წყალმცენარეების ხატვა უკვე დიდი ხანია არ მიწევს მიკროსკოპის, ადგილისა და საღებავების არქონის გამო" (Письмо от 19.6.1937. // свящ. Павел Флоренский. Сочинения. т.4. Письма с Дальнего Востока и Соловков. М., 1998, с. 717). მღვდლისთვის ადამიანები უინტერესონი არიან - მას წყალმცენარეები უფრო აინტერესებს...
_________________
მითოლოგიზირებული ინსტინქტის კიდევ უფრო მეტი აშვებულობა დამახასიათებელია კერძო და არაეკლესიური მოგონებებისთვის მოსაგრეებზე, რომლებიც ეკლესიის მიერ არ არიან განდიდებულნი და, რომელთაც ამ მიზეზით არ გააჩნიათ კანონიკური ცხოვრება, რომელიც საეკლესიო-კრებითი ცნობიერებით იქნებოდა გააზრებული. მაგალითად, წიგნიდან მხცოვან თეოდოსი იერუსალიმელზე ჩვენ ვიგებთ, რომ XV ს-ში კონსტანტინოპოლი არ დაცემულა. აღმოჩნდა, რომ XIX ს-შიც კონსტანტინოპოლს მართავდა მართლმადიდებელი მეფე. როდესაც თეოდოსის ცილი დასწამეს მეფის წინაშე, - მოგვითხრობს წიგნი, - "მეფეს სიზმარში გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უბრძანა გაეთავისუფლებინა საპყრობილეში უსამართლოდ ჩაგდებული უფლის მსახური. მეფემ ეს განკარგულება არ შეასრულა, და მაშინ მას ბრძანება გაუმეორეს. მეფემ არც ახლა ინება მისი შესრულება. მაშინ მესამედ უბრძანეს მას უფლის მსახურის გათავისუფლება. მეფემ გასცა განკარგულება სამეფო პალატში მ. თეოდოსი მოეყვანათ და დააწესა იგი იმ ტაძრის მღვდლად, რომელიც სამეფო პალატში იყო. ასე დაიწყო მ. თეოდოსიმ თავისი მსახურების აღსრულება სამეფო ტაძარში. მოსამსახურეები მიდიოდნენ მასთან დარიგებების მოსასმენად და კურთხევის მისაღებად და ბევრ ფულს სთხოვდნენ. სამეფო პალატში მ. თეოდოსიმ 5 წელი იმსახურა" (Подвижники благочестия ХХ столетия. Подвиги и чудеса. – М., 1994, т. 1, сс. 211-212).
აგიოგრაფიული თხზულება თეოდოსის 148 წლიან ცხოვრებას მიაწერს, ხოლო მისი მსახურება კონსტანტინოპოლის "სამეფო ტაძარში" განეკუთვნება XIX ს-ის პირველ ნახევარს, როდესაც კონსტანტინოპოლში არანაირი ქრისტიანი იმპერატორები უკვე აღარ არსებობდნენ და არც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ, რადგან სამბულს სულთნები მართავდნენ, რომელთა დამოკიდებულება მართლმადიდებლობისადმი არც ისე იდილიური იყო, როგორც ამას ცხოვრების შემდგენელი აღწერს (რუსეთის იმპერიას მუდმივად უწევდა თურქებთან საომარი ბრძოლების გაჩაღება, თურქეთის იმპერიის მართლმადიდებელ ქვეშევრდომთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად). იმდროინდელი კონსტანტინოპოოლის მმართველისგან თეოდოსის შეეძლო მხოლოდ სულთნის კარზე მსახური იმამის თანამდებობა მიეღო, მაგრამ არანაირად მღვდლის ადგილი სამეფო სასახლეში.
საეკლესიო ისტორიაში მრავალგვარ აღმოჩენას გვთავაზობს ასეთი პასაჟიც: "IX ს-ის შუაწლებში ამ ადგილას (ათონზე) მოვიდა სამი პატრიარქი: კალისტე, გრიგოლ სინელი და გრიგოლ პალამა, რომლებიც მათ მიერ დაკავებული საპატრიარქო საყდრებიდან ათონზე განმარტოვდნენ" ("Иерусалимский батюшка" – иеросхимонах Феодосий. – М., 1994, с. 165). სამივე ხსენებული მოღვაწე ცხოვრობდა ნახევარი ათასწლეულით გვიან - XIV ს-ში. მათგან მხოლოდ წმ. კალისტე იყო პატრიარქი (წმ. გრიგოლ პალამა - თესალონიკის არქიეპისკოპოსი, ხოლო ღირ. გრიგოლ სინელი უბრალო მონაზონი) (17).
_________________
17. ბუნებრივია, რომ ამ აპოკრიფშიც ვერ აიცილეს ოკულტურ-მაგიური ელემენტები: "მამა თეოდოსიმ განკურნა ჩემი და ვერა მძიმე სნეულებისგან - ეშმაკეულობისგან. ჩემს დედას მამა თეოდოსიმ უთხრა: "აიყვანე შენი ქალიშვილი, მაგრამ იფხიზლე, მისი სურვილები არ აასრულო, თუ ის მოგთხოვს თეთრ კაბას და თეთრ ფეხსაცმელებს". ნოვოროსიისკში, ვაგონიდან გადმოსული დედა ჩქარობდა ჩემს დაპურებას - ექვსი თვის ყრმისას, ხოლო ვერას ჩემი უფროსი დის მეთვალყურეობა დაავალა. გზაში მიმავალმა ვერამ სთხოვა მას ეყიდა მისთვის თეთრი ფეხსაცმელები და თეთრი კაბა. ვერა უცებ ცუდად გახდა. ის დაეცა და სნეულება ისევ განახლდა. ის წუწუნებდა და მუდმივად იმეორებდა: "დედამ შეიბრალა პატარა სონა, მე კი მარადიული ტანჯვისთვის გამწირა" (იქვე. გვ. 156-157. იმავე საკითხზე: Ильинская А. Тайна старца Феодосия. Сказание о житии и чудесах "иерусалимского батюшки" – преподобного Феодосия Кавказского. – М., Паломник, 1997, сс. 54–55).
_________________
ასე რომ ყველა მონათხრობი, თუნდაც ნამდვილ მოსაგრეებზე, ყოველთვის ჭეშმარიტება როდია. მ. იოანე კრონშტადტელის კულტი "იოანიტების" სექტისთვის - ამ მსჯელობის ყველაზე მკაფიო არგუმენტია (18). შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს კრონშტადტელი მოძღვრის ცხოვრება, რომელიც დაწერილი იქნება იოანიტების მიერ. ყველაფერი, რაც კი ცხოვრებისეულ ტექსტებშია აღწერილი, როდი იმსახურებს რწმენას. და არც ყველაფერი, რაც ბიოგრაფების (განსაკუთრებით თვითმარქვიების) მიერ არის გაჟღერებული მათი მოძღვრებისა და დამრიგებლების პირით, წარმოადგენს იმ პირთა ნამდვილ სწავლებას, რომელთა შესახებაც ისინი წერენ. თუ დავუჯერებთ და ვერწმუნებით იმას, რასაც ზოგიერთ თანამედროვე მხცოვნებზე მათი თაყვნისმცემლები წერენ, მაშინ ამ ადამიანთა არა განდიდების, არამედ მათი ანათემირების საკითხი უნდა დადგეს.
_________________
18. ეს თუ არ გვეცოდინება, შეიძლება შთავვარდეთ საწინააღმდეგო ცდომილებაში: შეიძლება წმიდა მამათა მემკვიდრეობად მივიღოთ ის, რაც ამგვარ რამეს საერთოდ არ წარმოადგენს. გარდა ამისა, შეიძლება გვერდი იქნას ავლილი ეკლესიის ჭეშმარიტი მნათობისთვის, რადგან შესაძლოა იგი საკმაოდ დაფარული აღმოჩნდეს მისი უგუნურად და უზომოდ თაყვანისმცემელთა მიერ.
_________________
ამიტომაც იმ ადამიანთა კეთილი ხსოვნის დასაცავად, რომელთაც ეძღვნება თანამედროვე აპოკრიფები, თვით ეს აპოკრიფები მკაცრად უნდა დავგმოთ.
გაგრძელება იქნება.
წყარო: Диакон Андрей (Кураев). Второе пришествие апокрифов.
https://predanie.ru/book/71850-vtoroe-prishestvie-apokrifov
მასალა ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025 წ.