Перейти к контенту

ოკულტიზმი და მაგია - ოკულტიზმის გზა. II. ოკულტიზმის აღორძინება - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
ოკულტიზმის გზა
 
ისტორიულ-საღვთისმეტყველო გამოკვლევა
ანგელოზთა სამყარო
ავტორი: მღვდელი ნიკოლოზ კარასევი.
 

განყოფილება II.

ოკულტიზმის აღორძინება
 
ქრისტიანული ეპოქის დადგომიდან ადამიანთა საზოგადოებაში თანდათანობით კვდებოდა წარმართული რელიგიის სულიერი და კულტურული ღირებულებანი. დაეცა და მივიწყებას მიეცა ოკულტური იდეები და პრაქტიკა; ათასი წლის განმავლობაში ქრისტიანული ცნობიერება არ შეშფოთებულა ოკულტიზმის საცდურით.
 
ქრისტიანულმა სარწმუნოებამ რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში მთელი ცივილიზებული ქვეყნიერება მოიცვა. ქრისტიანობამ ადამიანს მისცა სრულყოფილების ახალი იდეალები, სიყვარულის სრულყოფილება და სულიერ-ზნეობრივი მდგომარეობის სიწმიდე. "იყავით სრულქმნილნი, როგორც სრულქმნილია თქვენი ზეციერი მამა" (მთ. 5:48). სიყვარული, მშვიდობა, უბოროტობა, სულიერ-ზნეობრივი სიწმიდე - აი მთავარი და აუცილებელი პირობები სულიერი სრულყოფილების მისაღწევად.
 
ქრისტიანობის პირველმა ათასწლეულმა მსოფლიოს ღვთისმოსაობის მილიონობით მოღვაწე მისცა, რომლებმაც თავიანთი ღვაწლით უდაბნოებიც კი სულიერად აყვავებულ ბაღნარად აქციეს. ისინი განამტკიცებდნენ რწმენას სოფლებსა და ქალაქებში, დასახლებულ პუნქტებსა და უდაბურ ადგილებში, ყველგან დევნიდნენ სიძულვილს, ბოროტებას, მტრობას, უკეთურ ცხოვრებას, და სანაცვლოდ ნერგავდნენ რწმენას, სიყვარულს და ღვთისმოსავ ცხოვრებას. "მინახავს, - ამბობს საეკლესიო ისტორიკოსი რუფინუსი, - ეგვიპტელი მამები, რომლებიც მიწაზე დადიოდნენ და ზეციურ ცხოვრებას ეწეოდნენ" (Казанский П. С. История православного монашества на Востоке. М., «Паломник», 2000. С. 51). ღირ. საბა განწმენდილის ცხოვრებაში მოთხრობილია, როგორ იბრძოდა ეს მოსაგრე თავისი ცხოვრებით, რწმენით და ლოცვით ეშმაკთა წინააღმდეგ ისე, რომ მზაკვარ სულებს უდაბურ ადგილებშიც კი არ ჰქონდათ მოსვენება. ერთხელ, როდესაც ღირსი მამა ლოცულობდა, დემონებმა შეჰყვირეს: "ვაი ჩვენ, რასაც შენგან ვითმენთ, საბა! ის არ იკმარე, რომ მთელი ველი დაასახლე, არ გყოფნის, რომ გამოქვაბულები და კლდეები აავსე: ახლა უდაბნოც კი, რომელიც შენ გაიარე, საბინადროდ აქციე! ახლა აქაც მოხველ ჩვენს საცხოვრისში, რომ აქედანაც გაგვყარო! აჰა, მივდივართ აქედან და ვერ გეწინააღმდეგებით, რადგან ღმერთია შენი შემწე!" (Димитрий Ростовский свт. Жития святых. Декабрь. М., 1904. С. 137).
 
ქრისტიანობამ უზარმაზარი გავლენა მოახდინა ადამიანური ცივილიზაციის გარდაქმნაში. ეს უდავო და რეალური ფაქტია. პირველი ათასწლეულის განმავლობაში ქრისტიანული ქადაგება გაისმა ცივილიზებული ქვეყნიერების ყველა კუთხეში. მთელი ევროპა ათსწლეულის მიწურულს უკვე გაქრისტიანებული იყო. აზიაც თავიდანვე ასევე სწრაფად იქნა დამოძღვრილი სახარებისეული სწავლებით, მოციქულის სიტყვა ინდოეთსაც კი მისწვდა და ქრისტეს სახარება აქაც იქნა ნაქადაგევი.
 
ჭრელ სურათს წარმოადგენდა აფრიკა: ნიტრიის უდაბნოს დიდი მოსაგრეებიდან მოყოლებული ვიდრე წარმართულ ტომებამდე თავიანთი ველური ადათებითა და ზნე-ჩვეულებებით. იგავში მთესველის შესახებ ქრისტემ აჩვენა სახარების აღქმის სხვადასხვა ხარისხები, რაც თავისუფლად შეიძლება განვაკუთვნოთ ხალხებს, რადგან ყოველი ხალხი თავისი ადათებით, ტრადიციებით, სულიერი სისუფთავით ერთგვარ მთლიანობას წარმოადგენდა. ქრისტიანული იდეალების უარყოფა ამა თუ იმ ერის მიერ მთლიანობაში შეიძლება განხილულ იქნას, როგორც სახარების შეგნებული უარყოფა, ქრისტესადმი შეგნებული წინააღმდეგობა, როგორც ეროვნების ცალკეული წარმომადგენელის, ასევე მისი შთამომავლობის სახით.
 
ასე, მაგალითად, ებრაელი ერის ძირითადმა მასამ არ მიიღო ქრისტიანული ქადაგება და ერის სახით ღვთივრჩეული ერიდან წყეულ ერად გადაიქცა, და არა მარტო ქრისტეს ჯვარცმის დროებაში, არამედ მთელი შემდგომი ისტორიის განმავლობაში. ასეთივე სურათია ჩინეთში, ინდოეთსა და სპარსეთში. როდესაც გინდ ქადაგებულ ყოფილიყო სახარება ამ ქვეყნებში, მას ყოველთვის უარყოფდნენ, როგორც მთელი ერი, ასევე ცალკეული მისი წარმომადგენლები. ამ ქვეყნებში ქრისტიანობის ქადაგებას წარმატება არ მოჰყოლია. იქ დღემდე ბატონობენ წარმართული და ოკკულტური თაყვანისცემანი. ხოლო ევროპა მთლიანად დაემორჩილა ქრისტეს.
 
განვლო რა განსაცდელნი და მოწამეობანი, დევნულებანი და შევიწროებანი, ქრისტიანობა პირველ ათასწლეულში განმტკიცდა და გაიფურჩქნა, რითაც ადამიანს მისცა ყველაზე ღირებული - ცოდვისგან გათავისუფლების შესაძლებლობა. მაგრამ ამ თავისუფლებას ადამიანი აღწევდა დემონთა საცდურებთან და თავდასხმებთან შებრძოლებით. ეშმაკს არასოდეს შეუწყვეტია ბრძოლა ადამიანის წინააღმდეგ, და ყოველთვის, როგორც კი მოდუნდებოდა ადამიანი, ის ხდებოდა ეშმაკის მონა და ბოროტების მსახური.


ქრისტიანული ცხოვრების დაკნინების დასაწყისი
 
"რომის იმპერიამ უმაღლეს აყვავებას მიაღწია ქრისტეს შობიდან მეორე საუკუნეში, მთელ რიგ ინტელექტუალურ და ენერგიულ იმპერატორთა მმართველობის პერიოდში, ტრაიანედან დაწყებული მარკუს ავრელიუსით დამთავრებული" (Вульфиус. А. Учебник истории средних веков. СПб., 1912. С. 1912). თუმცა, მარკუს ავრელიუსის მეფობის დასასრულიდან გამოჩნდა იმპერიის დაკნინების ნიშნები. დავამ და უთანხმოებამ ხელისუფლებისა და ტახტის მემკვიდრეობის გამო შეარყია სახელმწიფო ხელისუფლება. "III საუკუნის საუკეთესო იმპერატორები თითქმის ყველა აჯანყებული ჯარისკაცების მიერ იქნა მოკლული" (Вульфиус. А. Учебник истории средних веков. СПб., 1912. С. 1).
 
IV საუკუნისთვის უწყვეტი ომების შედეგად შემცირდა ქალაქისა და სოფლის მოსახლეობა. ჯარი ძირითადად უცხოტომელთაგან, კერძოდ გერმანელთაგანს შედგება. V საუკუნეში დასავლეთ რომის იმპერია ველურ ტომთა დამანგრეველ თავდასხმების ობიექტი შეიქმნა, რომლებმაც შემდგომ მის ნანგრევებზე საკუთარი ეროვნული სახელმწიფოები დააარსეს. პოლიტიკურმა ცვლილებებმა დიდწილად განაპირობა სულიერი ცხოვრების დაკნინებაც. "ომებისა და იმპერიაში შეჭრილი ბარბაროსული მასების გავლენით ზნე-ჩვეულებები და გემოვნება უხეშდება, გონებრივი ინტერესები ჩლუნგდება, მეცნიერება და ხელოვნება თანდათანობით თითქმის სრულ უძრაობაში გადადის" (Вульфиус. А. Учебник истории средних веков. СПб., 1912. С. 3).
 
რომის იმპერიის აყვავებისა და ძლიერების ხანაში, მის ჩრდილო-აღმოსავლეთ განაპირას ყალიბდებოდა ძალა, რომელმაც მალე მისი დასავლეთი ნაწილის დაცემა გამოიწვია. რაინისა და დუნაის ჩრდილოეთით, უცნობი მიზეზების გამო, მოსახლეობის ძლიერი ზრდა დაიწყო. ეს პროცესი იმდენად სწრაფად მიმდინარეობდა, რომ ჭარბი მოსახლეობა იძულებული ხდებოდა მიეტოვებინა მშობლიური ადგილები და ახალი სამკვიდრო ეძია, რის გამოც ის თანდათანობით დასავლეთისკენ წარიმართა. ამ დროს მოსულები არა მარტო დაუსახლებელ ადგილებში მკვიდრდებოდნენ, არამედ კონფლიქტშიც შედიოდნენ ადგილობრივ მოსახლეობასთან, ძარცვავდნენ მას, აოხრებდნენ, დევნიდნენ ან ანადგურებდნენ.
 
ამ დროს იმპერიის დედაქალაქი უკვე კონსტანტინოპოლში იყო. რადგან იმპერატორები უშუალო საფრთხეს ვერ ხედავდნენ თავიანთი არსებობისთვის, ხშირად მართავდნენ ამ ტომებთან მოლაპარაკებას, ასახლებდნენ მათ იმპერიის ტერიტორიაზე, იწვევდნენ საიმპერატორო გვარდიის სამსახურში. მაგრამ ამან ვერ შეაჩერა ველური ტომების შემოსევა იმპერიაზე. პირველი ტომები, რომლებმაც იმპერიის დასავლეთი ნაწილი დაიკავეს და თვით ქალაქი რომი არაერთხელ გაძარცვეს, იყვნენ ვესტგოთები და ოსტგოთები. მათ მოჰყვნენ ჰუნები, ვანდალები, ლანგობარდები, ფრანკები, ბურგუნდები, ალანები და სხვა ტომები. V საუკუნეში გერმანული ტომები ჰუნებმა შეცვალეს, რომლებმაც სრულიად ააოხრეს იმპერიის მთელი დასავლეთი ნაწილი, ამ საქმეში განსაკუთრებით გამოირჩა ჰუნების ერთ-ერთი ბელადი ატილა. ჰუნები ვანდალებმა შეცვალეს, შემდეგ კი კვლავ გერმანულმა ტომებმა ჩაანაცვლეს.
 
რომი ყოველ ჯერზე საშინლად იძარცვებოდა. ასე, მაგალითად, 455 წელს ვანდალები თოთხმეტი დღის განმავლობაში ძარცვავდნენ და აოხრებდნენ მარადიულ ქალაქს. განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს ოსტგოთებმა ოდოაკრის მეთაურობით. ეს ბელადი გარკვეული ხნით ცხოვრობდა იტალიაში და საიმპერატორო სასახლის გვარდიაშიც კი მსახურობდა. 476 წელს მან ხელთ იგდო რომი და ნეაპოლში გადაასახლა უკანასკნელი რომაელი იმპერატორი რომულუს ავგუსტულუსი. მიაღწია იმას, რომ კონსტანტინოპოლისგან მიიღო იმპერატორის ადგილნაცვალის წოდება და თავი მეფედ გამოაცხადა. 493 წელს სამხედრო კონფლიქტის შედეგად ის თეოდორიხმა შეცვალა, რომელიც ადგილნაცვალი იყო 526 წლამდე. ხოლო საერთოდ, ოსტგოთთა ძალაუფლება იტალიაში 555 წლამდე გაგრძელდა.
 
ასეთ რთულ პოლიტიკურ პირობებში ქრისტიანული ეკლესიაც გასაჭირს განიცდიდა. კერძოდ, სურვილით, შეესუსტებინათ იმპერიაზე ზეწოლა და ბარბაროსები მტრებისგან მეგობრებად ექციათ, იმპერატორები ყველანაირად უწყობდნენ ხელს ქრისტიანობის გავრცელებას ამ ხალხებში. ველური ტომები იღებდნენ ქრისტიანობას, მაგრამ დიდხანს განაგრძობდნენ საკუთარი წარმართული რიტუალების დაცვასაც, რითაც არღვევდნენ ქრისტიანობის სიწმინდეს.
 
გარდა ამისა, ქრისტიანობას, განსაკუთრებით აღმოსავლეთში, არყევდნენ მწვალებლობანი, და ბარბაროსები ხშირად ქრისტიანობას არა სუფთა სახით იღებდნენ. ამ ყველაფერმა ხელი შეუწყო იმას, რომ უბრალო ხალხი ძალზედ ძნელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. "ხალხი, ამდენი გასაჭირის ფონზე, თავის მზერაში ასახავდა საკუთარ სულთადმი დაუოკებელ ლტოლვას, რადგან ყველა იმ გასაჭირის გარდა, რომელთა გადატანაც უხდებოდათ, ძალიან ბევრს არ ჰქონდა შესაძლებლობა, მიემართა ღვთის შეწევნისთვის, იმ იმედისათვის, რომლითაც ყველა უბედური ცოცხლობდა: რადგან მათ ხომ უმეტესწილად სათანადოდ არ იცოდნენ, თუ რომელი ღმერთისთვის მიემართათ, და ამიტომ ყოველგვარი მფარველობისა და იმედის გარეშე საცოდავად იხოცებოდნენ" (Макиавелли Никколо. История Флоренции. М., 1987. С. 15).
 
ამ გაჭივრებებსა და უბედურებებში, სულიერებისა და ზნეობის, ზოგჯერ კი პოლიტიკური გავლენის სიმძლავრის სიმაღლეზე დასავლეთში რომის ეპისკოპოსები აღმოჩნდნენ. მოციქულთა პირველი მემკვიდრენი რომის საყდარზე თავიანთი ცხოვრების სიწმინდისა და მათ მიერ აღსრულებული სასწაულების გამო იმდენად პატივსაცემნი იყვნენ, რომ რომის მღვდელმთავრის ავტორიტეტმა უპრეცედენტო სიმაღლეს მიაღწია და თაობიდან თაობას გადაეცემოდა. გარდა ამისა, რთულ პოლიტიკურ პირობებში რომის ეპისკოპოსები არა მარტო მკაცრად ინახავდნენ ქრისტიანული სწავლების სიწმინდეს, არამედ აქტიურად ჩაერთნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და მოსახლეობისა და ქალაქის მთავარი მფარველნიც გახდნენ ხალხს ბარბაროსთაგან აოხრებისგან იცავდნენ.
 
"ამ მძიმე ჟამს პაპები უბედური მოსახლეობის ჭეშმარიტ მფარველებად მოგვევლინნენ. ისინი იცავდნენ მას ბიზანტიელი მოხელეების მტაცებლობისგან, ეხმარებოდნენ ლანგობარდების შემოსევებისაგან მიყენებული ზარალის გამოსწორებაში, ისინი აწყიცავდნენ ხალხს ამ საშინელი მტრისგან, ისინი მფარველობდნენ ყველა დამცირებულსა და შეურაცხყოფილს. თანდათანობით იტალიელი მოსახლეობის, განსაკუთრებით კი რომისა და რომის მიმდებარე ოლქების თვალში, პაპი უმაღლეს მეთაურად და მფარველად იქცა, რომლისგანაც შეიძლებოდა მხოლოდ შეწევნის მოლოდინი" (Вульфиус. А. Учебник истории средних веков. СПб., 1912. С. 20). ამით პაპებმა კიდევ უფრო განამტკიცეს თავიანთი ავტორიტეტი.
 
ამგვარად, ისტორიულმა ვითარებამ ხელი შეუწყო იმას, რომ პაპი სულიერი მამიდან საერო მმართველად გარდაისახა. მან თავის თავზე აიღო საერო ხელისუფლების სიმძიმე და შემდეგ ის პირველ ადგილზე დააყენა, ყოველმხრივ იცავდა მას, განამტკიცებდა და ძლიერებას ანიჭებდა. ეს აუცილებელი იყო შექმნილი პოლიტიკური პირობების გამო, მაგრამ ამავე ვითარებამ განაპირობა რომის ეპისკოპოსში სულიერი სენის - ძალაუფლებისმოყვარეობისა და სიამაყის ჩასახვა.
 
თავდაპირველად პაპები ემორჩილებოდნენ იმპერატორებსა და მეფეებს და მაშინ სხვა ხელისუფლება არ ჰყავდათ, გარდა სულიერისა, რომლითაც სარგებლობდნენ მათი ცხოვრებისა და სწავლებისადმი საყოველთაო პატივისცემის წყალობით. მდგომარეობა შეიცვალა გუთების მეფის, თეოდორიხის (493–526) დროს, როდესაც მან დედაქალაქი რომიდან რავენაში გადმოიტანა. რომი მმართველის გარეშე დარჩა, და ხალხი სულ უფრო ხშირად მიმართავდა პაპის მფარველობას. ამ პერიოდში პაპებმა შეძლეს პატივის უპირატესობა რომის ეკლესიისთვის შეენარჩუნებინათ და არა რავენასთვის, ამან კი ხელსაყრელი ნიადაგი შექმნა პოლიტიკური ძალაუფლების განმტკიცებისთვისაც.
 
იტალიაზე ლანგობარდების შემოსევის შედეგად ქვეყანა რამდენიმე სამეფოდ დაიშალა, ხოლო რომი ფაქტობრივად პაპების საკუთრებად იქცა. კონსტანტინოპოლის იმპერატორი, ლანგობარდები, ფრანკები პატივს სცემდნენ მას და მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ მასთან. პაპები ამ დროს, როგორც რომაელი ხალხის წარმომადგენლები, მეფისა და იმპერატორის თანაბარ საფეხურზე აღზევდნენ და თანასწორნი იყვნენ მოლაპარაკებებშიც. ასე ხდებოდნენ პაპები ხან ბიზანტიელთა, ხან ლანგობარდთა, ხან ფრანკთა მოკავშირენი, და მათი მნიშვნელობა ამის გამო მხოლოდ იზრდებოდა. თანდათანობით პაპები ერთვებოდნენ სახელმწიფოთაშორის ინტრიგებში და ამ სფეროშიც გამოავლინეს თავიანთი ნიჭი, როგორც დახელოვნებულმა პოლიტიკოსებმა.
 
პაპ სტეფანეს (752-757) პონტიფიკოსობის დროს ლანგობარდები, სამშვიდობო ხელშეკრულების დარღვევით, იტალიის საზღვრებში შეიჭრნენ, დაიკავეს რავენა და პაპს ომი გამოუცხადეს. სტეფანემ დახმარებისთვის ფრანკთა მეფე პიპინეს მიმართა, ამ მიზნით მან სახელმწიფოში გაბედული და სახიფათო მგზავრობა განახორციელა. როდესაც პიპინესთან სენ-დენის სააბატოში ჩავიდა, მან ხელმწიფედ სცხო მეფესა და მის ორ ვაჟს და პატრიციების ხარისხში აიყვანა ისინი. რა თქმა უნდა, ბევრი ვერაფერი შემატა მეფის პოლიტიკურ წონას, მაგრამ ამ დროიდან გაჩნდა ახალი ცნება: სამეფო ხელისუფლების სიწმინდე. პიპინემ ორჯერ გააგზავნა ლაშქარი იტალიაში, დაამარცხა ლანგობარდები, აიღო რავენა და, ბიზანტიელი იმპერატორის ნების საწინააღმდეგოდ, მთელი მისი სამფლობელოებითურთ პაპს გადასცა. ამ დროიდან მოყოლებული რავენაში კონსტანტინოპოლის ეგზარქოსნი აღარ გამოჩენილან, და იგი რომის მღვდელმთავრის ნებით იმართებოდა.
 
პაპები, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი მიწები დაეცვათ, როგორც კონსტანტინოპოლის, ისე ლანგობარდების ან სხვა ტომების ხელყოფისგან, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ხან ერთ და ხან კიდევ მეორე მხარესთან, ამ დროს მათ ერთმანეთზე გესლავდნენ. დროთა განმავლობაში ისინი ამ საქმეში იმდენად წარემატნენ, რომ ეს მათი პოლიტიკის მთავარ კოზირად იქცა. მაგრამ, სამწუხაროდ, თავის მხრივ, ეს რომის მღვდელმთავართა ცხოვრების ქრისტიანული პრინციპების გადაგვარებასაც იწვევდა. იტალიელი სახელმწიფო მოღვაწე და შუა საუკუნეების ფილოსოფოსი ნიკოლო მაკიაველი ამის შესახებ წერს: "ამგვარად, ყველა ომი, რომელსაც იმ დროს ბარბაროსები იტალიაში აწარმოებდნენ, დიდწილად გამოწვეული იყო რომის მღვდელმთავრების მიერ, და ყველა ბარბაროსი, რომელთა შემოსევებსაც იგი განიცდიდა, მათივე გამოწვეული იყო. ასევე იქცევიან ისინი დღესაც, და სწორედ ამის გამო რჩება იტალია დაქსაქსულ და უძლურ ქვეყანად" (Макиавелли Никколо. История Флоренции. М., 1987. С. 22).
 
გრძნობდნენ რა თავიანთი ძალაუფლების განმტკიცებას, პაპები ყოველ ჯერზე სულ უფრო პრინციპულად ითხოვდნენ თავიანთი ხელისუფლების უპირობო პრიმატს ჯერ დასავლეთის, შემდეგ კი მთელი ქრისტიანული სამყაროს ეპისკოპოსებზე. პიპინეს გარდაცვალებიდან პაპი მალევე გადაეკიდა ლანგობარდებს და ისინიც პაპის ოლქის საზღვრებში შეიჭრნენ. მაშინ პაპმა ადრიანემ (772-795) დახმარებისათვის პიპინის ძეს, კარლოსს მიმართა. კარლოსმა გადალახა ალპები, დაამარცხა ლანგობარდები, ტყვედ აიყვანა მათი მეფე დეზიდერიუსი და იგი ფრანკთა სამეფოში გააგზავნა. "შემდეგ ის გაემგზავრა რომში პაპის მოსანახულებლად და იქ განაცხადა, რომ რომის მღვდელმთავარი, როგორც ღვთის ადგილნაცვალი დედამიწაზე, არ შეიძლება განკითხულ იქნას ადამიანური სასამართლოს მიერ; პაპმა და რომაელმა ხალხმა კი კარლოსი იმპერატორად გამოაცხადეს.
 
ამგვარად, რომმა კვლავ მოიპოვა იმპერატორი დასავლეთში, მაგრამ ახლა უკვე პაპს კი არ სჭირდებოდა, როგორც ადრე, იმპერატორთა შეწევნა, არამედ იმპერატორს სჭირდებოდა პაპის მხარდაჭერა არჩევისას. იმ ზომით, რა ზომითაც კარგავდა იმპერატორის ხელისუფლება თავის პრეროგატივებს, ისინი ეკლესიას გადაეცემოდა, და ამის წყალობით მისი ხელისუფლება საერო მმართველებზე ყოველდღე ძლიერდებოდა" (Макиавелли Никколо. История Флоренции. М., 1987. С. 23-24).
 
800 წელს, სახელგანთქმულ საშობაო ცერემონიალზე, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში, პაპ ლეონ III-მ (795-816) საიმპერატორო ტახტზე აკურთხა კარლოს დიდი (768-814). ამგვარად, დასავლეთმა კვლავ მოიპოვა თავისი იმპერატორი, ხოლო პაპი დასავლეთის პოლიტიკის მთავარი არბიტრი გახდა. "რაც გინდ ეფიქრა თავად ლეონს, როდესაც ის კარლოს დიდს გვირგვინს ადგამდა, მან, ყველა პაპთა შორის პირველმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი და პაპობას ევროპის ისტორიის ჩამოყალიბებაში აქტიური როლი მიანიჭა. განზრახ თუ უნებლიეთ, მან სათავე დაუდო პროცესს, რომელიც აამაღლებს წმინდა საყდარს შუა საუკუნეების ძლიერების მწვერვალებამდე: შეუზღუდავი და ძლევამოსილი თეოკრატიის სრულ აყვავებამდე, რომელზეც არის დამოკიდებული მეფეთა და იმპერატორთა ბედი" (Рожков В. прот. Очерки по истории Римо-Католической церкви. М., 1994. С. 72).
 
პაპებმა, მიიღეს რა საერო ხელისუფლება, ამით დაადასტურეს და მოახდინეს იმ ფაქტის ლეგალიზაცია, რომ დასავლეთის ეკლესიის სულიერ-ზნეობრივი აღმავლობის საქმეში ძლიერი ბზარი გაჩნდა. ევროპაში დაიწყო ადამიანის სულიერი დაკნინების ხანა, შემდეგ რწმენაც დაეცა, რასაც ქრისტიანული ცხოვრების პრინციპების გადაგვარება მოჰყვა. ცხადია, ამოიწურა და გაღატაკდა ბრძოლის საშუალებანი, გაქრა მოშურნეობა, გამრავლდა საცდურები. ადამიანმა ქრისტიანული რწმენა დაკარგა. ამ პროცესში მრავალმა ვითარებამ და მიზეზმა თავისი როლი ითამაშა, მაგრამ ყველაზე უმთავრესი მიზეზი მაინც ის იყო, რომ თვისობრივად შეიცვალა ქრისტიანობის სულიერი ინსტიტუტი - ეკლესია, და ღვთის მადლი უპირველეს ყოვლისა უმაღლესი სამღვდელოების გულებში გაღატაკდა.
 
პაპის ხელისუფლების აყვავებასთან ერთად ჩნდება ახალი, ქრისტიანული სულისათვის უცხო სწავლება პაპის პრიმატის შესახებ. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, კლასიკური პაპობის, როგორც კათოლიკურ ეკლესიაში განსაკუთრებული მოვლენის ისტორია, მხოლოდ შუა საუკუნეების ხანიდან იწყება.
 
პაპი – სულიერი მბრძანებელი – საერო მბრძანებელიც ხდება, ანუ ის, გარკვეული გაგებით, იძენს აბსოლუტურ ხელისუფლებას. ამ ხელისუფლებას იგი დიდი მოშურნეობით უფრთხილდება, იცავს და ამ ხელისუფლების შესანარჩუნებლად, საჭიროების შემთხვევაში, ყველა დასაშვებ და დაუშვებელ საშუალებას იყენებს, როგორც სულიერს, ისე პოლიტიკურს, მათ შორის შეიარაღებულ ძალასაც.
 
აქ პაპმა გადააჭარბა ყველა იმ პოლიტიკურ და სულიერ წინამძღოლს, ვინც კი ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში ხელისუფლებისაკენ ისწრაფოდა. მის ხელთ იყო თავმოყრილი როგორც სულიერი, ისე პოლიტიკური ხელისუფლება, რომელსაც იგი უსაზღვროდ ფლობდა. სულიერი მხრივ ის არის ქრისტეს ადგილნაცვალი დედამიწაზე, წმიდა, უცდომელი, მისი ხელისუფლება ეკლესიაზე უსაზღვროა. პაპი კრებებზე მაღლა დგას, მაშასადამე, წმიდა სულზე მაღლაც. ის არის კათოლიკური ეკლესიის ღმერთი. ვინ შეიძლება იყოს მასზე მაღლა დედამიწაზე?! პოლიტიკურ სფეროში ის საერო მმართველი, მეფე და, უფრო მეტიც, უზენაესი საარბიტრაჟო მსაჯულია, ის მეფეებზე მაღლა დგას, რომლებიც უბრალოდ კი არ უნდა ემორჩილებოდნენ მას, არამედ ემორჩილებოდნენ უსიტყვოდ.
 
ხელისუფლებისათვის ბრძოლაში პაპი არ ერიდება არაქრისტიანული მეთოდებით მოქმედებას. მიზანი – ხელისუფლებაა, ის ამართლებს ყველა საშუალებას. თვით ქრისტიანობაც კი პაპისათვის არა მიზანი, არამედ საშუალება ხდება სულაც არაქრისტიანული ხელისუფლების მისაღწევად. პაპის ხელისუფლება ხდება სათნოების უზენაესი კატეგორია. ნებისმიერი დანაშაული შეიძლება ჩადენილ იქნას და მიტევებულ იქნას, გარდა პაპის ხელისუფლების ხელყოფისა. ასეთ მდგომარეობაში პაპი ოკულტიზმთან ერთ სიბრტყეზე დგება, მაგრამ ამასთანავე თავისი მიღწევებით მას ბევრად აღემატება.
 
ვერ ერთმა წარმართმა მღვდელმსახურმა, ვერც ერთმა ოკულტურმა ადეპტმა ვერ შეძლო ისეთ სიმაღლემდე აღზევება და ხელისუფლების ასეთი სისავსის მიღწევა, როგორც რომის პაპმა, რომელმაც თავის ხელში უმძლავრესი რელიგიურ-პოლიტიკური ბერკეტები მოაქცია. ამ მხრივ პაპმა გადააჭარბა ეგვიპტელ მღვდლებს, ქალდეველ მოგვებს, ძველბერძნული საიდუმლო კავშირებისა და მისტერიების ორგანიზატორ-წინამძღოლებს, ხოლო ისტორიის ცალკეულ პერიოდებში – თვით რომაელ იმპერატორთაც კი.
 
ოკულტიზმის მიმდევრისთვის საბოლოო მიზანი აბსოლუტური ხელისუფლების მიღწევა და თავის გაღმერთებაა. პაპის პრეტენზიებმა ოკულტისტთა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. და გასაკვირი არ არის, რომ თავის მხრივ, მრავალი პაპი თავისი სულიერ-ზნეობრივი სახით არაფრით განსხვავდებოდა ოკულტისტებისგან. შედეგად, უმაღლესი კათოლიკური სამღვდელოების გარემოცვაში, ხოლო უპირველეს ყოვლისა პაპის კარზე, ყვაოდა მძულვარება, ვერცხლისმოყვარეობა, მტრობა, რომელიც ომებსა და შუღლ-დავებში გადადიოდა მათი წარმოების დანაშაულებრივი მეთოდებით, მოსყიდვით, შეთქმულებით, ღალატითა და სხვა მანკიერებებით. პაპობამ დაამახინჯა ქრისტიანული პრინციპები, რის გამოც პაპის კარის ცხოვრება არაფრით განსხვავდებოდა ოკულტური საზოგადოებების ცხოვრებისაგან.
 
პაპთა ძალაუფლებისმოყვარეობამ განსაკუთრებულ ზენიტს ქრისტიანული ხანის მეორე ათასწლეულის დასაწყისისს, გრიგოლ VII-ის პონტიფიკოსობის დროს მიაღწია. პაპი გრიგოლ VII რომის საყდარზე 1073 წელს აირჩიეს. არჩევის შემდეგ პონტიფიკოსმა მიზნად დაისახა სრულიად არაქრისტიანული ამოცანა: მიეღწია აბსოლუტური უპირატესობისათვის სულიერ და პოლიტიკურ სფეროში. მრავალი მკვლევრის აზრით, "ეს კონცეფცია აშკარად გამომდინარეობს იქიდან, რომ პაპის უზენაესი ხელისუფლება, როგორც ხანგრძლივი ისტორიული განვითარების შედეგი, ფაქტობრივად ყოველმხრივ ერთიანი გახდა" (Гергей Е. История Папства. М., 1996. С. 109).
 
გრიგოლ VII-მ არა პირველად, მაგრამ ახალ სიბრტყეზე და განსაკუთრებული ძალით დააყენა დღის წესრიგში სწავლება პაპის პრიმატის შესახებ, და ამ მიზნის სამსახურში ჩააყენა ღვთისმეტყველება. "გრიგოლ VII, თავისი ისტორიული კონცეფციის მიხედვით, ეყრდნობოდა წმიდა ავგუსტინეს, გრიგოლ I-ისა და ნიკოლოზ I-ის იდეებს, მაგრამ ბევრად უფრო შორს წავიდა ვიდრე ისინი, რადგან შეპყრობილი იყო დიდი იმპერიის იდეით, რომელსაც პაპი მართავს. გრიგოლ VII-ის მიზანი გახდა ისეთი ქრისტიანული საყოველთაო იმპერიის შექმნა, სადაც მთავრებსა და ხალხებზე მმართველობა პაპს დაეკისრება, სადაც პაპი და იმპერატორი ერთად იმოქმედებენ პაპის უზენაესობით. ეს პრაქტიკულად იმას ნიშნავდა, რომ პაპი თავს ქრისტიანული სამყაროს მეთაურად მიიჩნევდა" (Гергей Е. История Папства. М., 1996. С. 100).
 
გრიგოლ VII-ის პონტიფიკატობის პროგრამა გადმოცემული იყო დოკუმენტში სახელწოდებით "პაპის დიქტატი" და დამტკიცებულ იქნა ლატერანის კრებაზე 1075 წელს. პაპის დიდმა ქარტიამ გამოაცხადა აგრეთვე ამ უკანასკნელის კრებაზე უზენაესობა. 27 პუნქტიდან თითოეული, რომელიც ამ დოკუმენტს შეადგენს, ამტკიცებს პაპის ხელისუფლების ამა თუ იმ პოზიციას. პაპის ხელისუფლება ვრცელდება როგორც ეკლესიაზე (მხოლოდ რომის პაპს აქვს უფლება ეწოდოს საყოველთაო, პუნქტი 2), ისე სახელმწიფოებზე (პაპს აქვს უფლება გადააყენოს იმპერატორები, პუნქტი 12). ამ დოქტრინიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ პაპის მიზანი და ამოცანა არაფრით განსხვავდებოდა ოკულტისტთა მისწრაფებებისაგან, მხოლოდ პაპმა ბევრად გადააჭარბა მათ რეალურ მიღწევებში.
 
უფრო მეტიც, პაპი პრეტენზიას აცხადებდა ღვთაების როლზე დედამიწაზე. ის არის ქრისტეს ადგილნაცვალი, უცდომელი და წმიდა. ის ყველაფერს სწორად განსჯის, მაშასადამე, ფლობს სრულყოფილ ცოდნასა და წინასწარცოდნას, როგორც ცხადისას, ისე ფარულისას. პაპი აუცილებლად აღწევს უკვდავებას – მარადიულ სიცოცხლეს, რადგან იგი უკვე აქ, დედამიწაზე, ფლობს სიწმინდის ხარისხს (რომის პაპი... უდავოდ გახდება წმიდანი, პუნქტი 23) (Гергей Е. История Папства. М., 1996. С. 101). მაგრამ ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ დიდ როლს თამაშობს, მაინც არ არის მთავარი. ყველაზე მთავარი არის ხელისუფლება. ხელისუფლება, ღვთის მიერ დაკანონებული, სრულიად შეუზღუდავი, რომელიც მარადიულობაზეც ვრცელდება.
 
პრიმატის კანონიკურად დამტკიცების შემდეგ, პაპებმა თავიანთი ძალისხმევა პოლიტიკაზე გადაიტანეს. საერო ხელისუფლებასთან ბრძოლების წარმატებით დასრულების შემდეგ, პაპები შეეცადნენ გაეფართოებინათ და დაემტკიცებინათ საკუთარი სამეფო – ქრისტიანული რესპუბლიკა პაპის მეთაურობით, რომელიც თავის უზენაესობას გაავრცელებდა ყველა დანარჩენ სახელმწიფოზე. "ქრისტიანული მსოფლიო იმპერია - გრიგოლ VII-ისა და მისი მემკვიდრეების წარმოდგენების თანახმად - უნდა მოიცავდეს მთელ კაცობრიობას. მისმა ბირთვმა შექმნა ქრისტიან ხალხთა გაერთიანება. ხოლო იმპერიის გაფართოებას დაპყრობითი ლაშქრობები (ჯვაროსნული) და ეკლესიის მისიონერული მოღვაწეობა (სამონაზვნო ორდენების მეშვეობით) ემსახურებოდა. ერთიანობის საფუძველს წარმოადგენდა საერთო რწმენა, საერთო სულიერი წინამძღოლი, პაპი. იმპერიის მტრებად ითვლებოდნენ ისინი, ვინც საყოველთაო ეკლესიის გარეთ დგანან: წარმართები და მწვალებლები" (Гергей Е. История Папства. М., 1996. С. 117).
 
თავიანთი ავტორიტეტის ასამაღლებლად პაპები ყველა საშუალებას იყენებდნენ. ამგვარად, მათ თავიანთი ინტერესების სამსახურში ჩააყენეს ქრისტიანი ხალხის სულიერი აღორძინებისკენ სწრაფვაც, კერძოდ კლუნიის მოძრაობა, თუმცა ამან საბოლოოდ თვით მოძრაობა დეგრადაციამდე მიიყვანა. პაპის ინტრონიზაცია გაფორმდა კორონაციად - ტიარის თავზე დადგმად. რომის ეპისკოპოსმა ასევე ხმარებაში შემოიღო გარეგანი ატრიბუტები, რომლებიც პაპის სიდიადეს დაამტკიცებდა. კათოლიკური ეკლესიის ღვთისმსახურებაში დამტკიცდა მხოლოდ ერთი ენა – ლათინური და ერთი ლიტურგია – რომაული. ის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამდა თვით სახელწოდებას "პაპი", საკუთარ თავს ქრისტეს ადგილნაცვალს უწოდებდა. პროვინციებში იგზავნებიან პაპის ლეგატები, რითაც ადგილობრივი ეპისკოპოსების ხელისუფლება იზღუდება.
 
ეს სწრაფვა უსაზღვრო ხელისუფლებისკენ აშკარად არაქრისტიანული ხასიათისაა, რადგან ყოველ ჯერზე პაპების მხრიდან მისი განხორციელების მცდელობისას, ის დღემდეც კი აჩენდა და აჩენს ცოდვებს, ვნებებს, მანკიერებებს, დანაშაულებს, ომებს, ნგრევას, მტრობას, სიძულვილსა და არეულობას. ამგვარად, ქრისტიანობის ძირითადი პრინციპები, ხოლო არსებითად, მთელი ქრისტიანობა, პაპებმა აქციეს აბსოლუტური ძალაუფლების მისაღწევად საშუალებად.
 
რა ვნებები უნდა იბადებოდეს ამ დროს ადამიანში? ბუნებრივია, ისეთივე, როგორიც ეგვიპტელ მღვდლებში, სპარსელ მოგვებში, ბერძენ მისტებში, ფილოსოფოს-პითაგორელებში და სხვა, როგორც წარსულის, ისე აწმყოს ყველა ჟანრისა და რანგის ოკულტისტებში. შემთხვევითი არ არის, რომ პეტრე დამიანე, პაპ გრიგოლ VII-ის თანამედროვე, ზიზღით ეპყრობოდა მას, უწოდებდა მას "წმინდა" სატანას და "ფანატიკოს ბერს, რომელიც პაპის ტახტზე მოხვდა" (Гергей Е. История Папства. М., 1996. С. 108). ხოლო რეფორმაციის ხანაში კათოლიკური ეკლესიის მტრები პაპს იმავე სახელით მოიხსენიებდნენ, მაგრამ უკვე ზედსართავი "წმიდა"-ს გარეშე.
 
1198 წელს პაპის ტახტზე ავიდა ინოკენტი III. ის პაპობის სულის ყველა მოთხოვნას პასუხობდა, იყო სწავლული ღვთისმეტყველი და იურისტი, ერკვეოდა პოლიტიკაში და ფლობდა პაპის ხელისუფლების შეუზღუდავ მოთხოვნილებას. როგორც მკვლევართა უმრავლესობა მიიჩნევს, ინოკენტი III-მ თითქმის განახორციელა პაპიზმის ოცნება "მსოფლიო ბატონობაზე", რომელსაც თავისი წინამორბედი გრიგოლ VII ცდილობდა. "მან გადააჭარბა თავის წინამორბედებს პაპთა პოლიტიკური ხელისუფლების პრაქტიკული განხორციელების სფეროში... ინოკენტი III თავს მიიჩნევდა არა მხოლოდ ქრისტეს ადგილნაცვალად, არამედ ქრისტიანული სამყაროს მეთაურადაც. ის ერეოდა თავისი ეპოქის ყოველ მნიშვნელოვან მოვლენაში, საკუთარ თავზე იღებდა ყოვლისშემძლე არბიტრის როლს ღვთის მიერ ბოძებული წყობილების შენარჩუნებაში ან აღდგენაში. ინოკენტი III ამტკიცებდა: ყოველი ცალკეული ქვეყნის სათავეში დგანან მეფენი, მაგრამ თითოეულ მათგანზე მაღლა აღმართულია წმიდა პეტრეს ტახტი და მისი მოადგილე – პაპი, რომელიც, როგორც სიუზერენი, იძლევა იმპერატორობას" (Гергей Е. История Папства. М., 1996. С. 129).
 
ამიტომაც ერეოდა პაპი სხვა ქვეყნების შინაურ საქმეებში, მათ შორის კიევის რუსეთის საქმეებშიც. შესაძლოა, ამავე მიზნით გააგრძელა მან ჯვაროსნული ლაშქრობებიც, და მისი კურთხევით 1204 წელს გაიძარცვა კონსტანტინოპოლი და შეურაცხყოფილ იქნა ქრისტიანული სალოცავები. მთელი ცხოვრება, მთელი ძალა და საშუალება მას მიმართული ჰქონდა ერთადერთი მიზნის – აბსოლუტური ხელისუფლების მისაღწევად.
 
ეს მიზანი, როგორც ცნობილია, არ არის ქრისტიანული, ეს ეშმაკური მიზანია; ეს არის სწრაფვა, რომელიც უფრო ოკულტური ცოდნის მიმდევრებს ახასიათებს, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ შემდგომში პაპის ინიციატივა სხვა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა გადაიბარეს. ისინი ხელისუფლების მიღწევის პაპისტური საშუალებებით შეიარაღდნენ. დაიწყო სისხლისმღვრელი ბრძოლა. ამ ბრძოლამ დაამძიმა კათოლიკური ეკლესიისა და მთელი დასავლეთ ქრისტიანობის უკვე საკმაოდ შერყეული სულიერ-ზნეობრივი მდგომარეობა. ქრისტიანული პრინციპები – რწმენა, იმედი, სიყვარული, მოწყალება, თავმდაბლობა – გადაგვარების გზაზე იდგა, ხოლო მათ ადგილას ოკულტური პრინციპები მოდიოდა: ღვთისგმობა, გარყვნილება, მტრობა, სიძულვილი, გულსასტიკობა, ფარული და ცხადი ეშმაკთაყვანისმცემლობა.

განა შეეძლოთ მეფეებს და მათ ვასალებს შეენარჩუნებინათ ქრისტიანული რწმენა, რომლის იდეალადაც თავს პაპი მიიჩნევდა, თუკი ისინი იძულებულნი იყვნენ არა თავისი ნებით, არამედ პაპის თვითნებობით, მასთან სისხლისმღვრელი ანგარიშსწორებები ეწარმოებინათ?! განა შეიძლებოდა მათში შენახულიყო სიყვარული პაპისადმი, როგორც ქრისტიანული ეკლესიის ეპისკოპოსისა და ღვთის მსახურისადმი? პირიქით, ეს აღძრავდა მათში მხურვალე სიძულვილს პაპობისადმი, ხოლო მასთან ერთად – მთელი ქრისტიანობისადმი: რწმენის სწავლებისადმი, ცხოვრების პრინციპებისადმი, საიდუმლოთა და ყოველგვარი სიწმიდისადმი. ამ ყველაფერმა გააძლიერა ქრისტიანობის საერთო დაკნინება დასავლეთში. კერძოდ, კათოლიკურ სარწმუნოებაში გაჩნდა ქრისტიანული სულისათვის უცხო მიმართულება – სქოლასტიკა. "გარეგანი დაუპირისპირდა შინაგანს, მიწიერი – ზეციერს. ამ ორმაგობაზე იყო აგებული დიდი სისტემატიზაციებიც. პოეზიაში – დანტეს, ხოლო ფილოსოფიაში –თომა აკვინელს (1225-1274) სურდათ გონების მეშვეობით ხიდი გაედოთ ცასა და მიწას შორის, ცოდნასა და რწმენას შორის" (Гергей Е. История Папства. М., 1996. С. 152).



თარგმანი შესრულებულია საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2025-26 წწ.

წყარო: Путь оккультизма : Ист.-богосл. исслед. / Священник Николай Карасев. - М. : Пренса, 2003.
Назад к содержимому