პუბლიკაციები - რას წარმოადგენს მე-4 სამეფო? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
ცრუწინასწარმეტყველი
ანტიქრიტეს იდეოლოგი
დღეს ხშირად გვესმის: "ადამიანები ისე გაძღნენ, ისე გამატერიალურდნენ, რომ რამ შეიძლება ისინი გააკვირვოს და აზრი შეუცვალოს?" დღეს ადამიანები ლამის ყველაფერში იმედგაცრუებულნი არიან და როგორ დაუჯერებენ ვიღაც ცრუწინასწარმეტყველს, რომელიც ანტიქრისტეს პროპაგანდირებას შეუდგება?"
 
თითქოსდა ასეა, მაგრამ არც ისე... ყოველივეში ადამიანთა იმედგაცრუებაა სწორედ იდეალური დროება დიქტატორებისთვის... სრული იმედგაცრუება ეს არის რაღაც ნამდვილის წყურვილი, რაც შენს მოლოდინს შეესაბამება. ახლა მსოფლიოში ნამდვილად იგრძნობა რაღაცისადმი წყურვილი, თანაც ისე ძლიერად, როგორც არასდროს.
 
თქვენ იტყვით, ადამიანები მთელ მსოფლიოში არ გაჰყვებიან ვიღაც ლიდერს, საჭიროა სასწაული, რომ გაჰყვნენ. მაგრამ, ისტორია სხვა რამეს გვიდასტურებს. მაგალითად, 2020-მა წელმა გვაჩვენა, რომ ადამიანები მაინც მიჰყვებიან რაღაც იდეებს, რაღაცას აპროტესტებენ, რაღაცას ამტკიცებენ, რაღაცას ებრძვიან და ა. შ. ეს ყველაფერი კი მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანები მისდევენ, თუ არა ვინმე პიროვნებას, იდეას მაინც.
 
ახლა დავსვათ კითხვა: "როგორ შეაცდენს ცრუწინასწარმეტყველი ადამიანებს?" - ის მოვა მაშინ, როდესაც იმედგაცრუებისა და ცვლილებების წყურვილი თავის აპოგეას მიაღწევს, როდესაც ყველა და ყველაფერი ჩიხში შევა, როდესაც არავის ეცოდინება რა უნდა მოხდეს შემდგომში. აი მაშინ გამოჩნდება ცრუწინასწარმეტყველი და გააკეთებს და დაამტკიცებს იმას, რასაც დაცემული კაცობრიობა ელოდება და შესთავაზებს იმ იდეას, რასაც ყველანი სიხარულით ჩაებღაუჭებიან. ის იტყვის - დიახ, თქვენ იმედგაცრუებულნი ხართ, თქვენ სასოწარკვეთამ შეგიპყროთ, თქვენ აირიეთ და ჩიხში შეხვედით, - მაგრამ ეს იმიტომ, რომ არ იცით ის სიმართლე, რაც მე. თქვენ ყოველთვის წუწუნებთ, რომ არ არსებობს ძლიერი ლიდერი - მაგრამ აი თქვენ 10 ლიდერი, მძლავრი და უძლეველი (10 აპოკალიფსური მეფე).
 
იხილეთ ეს ძველი ღმერთებივით ძლევამოსილი ადამიანები, რომელთაც უმოკლეს დროში აღადგინეს და შექმნეს სახელმწიფო მარტო თავისი გარეგანი ძლიერებით რომ გვაოცებს. იხილეთ, უძველესი რწმენა, რომელიც "ღმერთებისგან" (ბაბილონისგან) მივიღეთ, - ყველა, ვინც მისი ირწმუნა, დღეს ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებულია.
 
იხილეთ, 10-მა მძლავრმა ლიდერმა მიგითითათ იმაზე, ვინც მათზე უფრო ძლიერია - და მე სწორედ მის (ანტიქრისტეს) საქადაგებლად მოვედი. იხილეთ, - ძველთა (ბაბილონის) უდიდესი რწმენა სწორედ მასზე (ანტიქრისტეზე) მიუთითებს. ჩვენ ყველანი მუხლს ვიყრით მის წინაშე. ყოველი, ვინც მისას ირწმუნებს და მას თაყვანს სცემს, ღმერთივით იქნება - მას დაემორჩილება მთელი სამყარო და მისთვის შეუძლებელი არაფერი იქნება".
 
ასე ილაპარაკებს ცრუწინასწარმეტყველი და მისი ქადაგება გაჯერებული იქნება რეალური მტკიცებულებებით, საკვირველი სასწაულებით და გასაოცარი მოქმედებებით - და, აი, ეს ყოველივე დედამიწის მცხოვრებთ უდიდეს სიამოვნებასა და შვებას მოჰგვრის. ისინი დაიჯერებენ, რომ როგორც იქნა მართლაც დადგა კაცობრიობის ოქროს ხანა, ბოლოს და ბოლოს მოვიდა აღორძინების ეპოქა და მათი ოცნება განხორციელდა.
 
აი რატომ იქნება ეს საცთური თითქმის მოუგერიებელი და გადაულახავი - ადამიანებს მათი ქვეცნობიერი სურვილების შესრულებას შესთავაზებენ.
 
"ძლიერი ლიდერები გსურთ? - კი ბატონო, აჰა 12 ძლიერი ლიდერი (10 მეფე, ანტიქრისტე და ცრუწინასწარმეტყველი). სასწაულები და ზებუნებრივი უნარები გსურთ? - ინებეთ! წინსვლა, ჯანმრთელობა და ბედნიერება გსურთ? - შესვით ჩვენი სწავლების თასისგან და ყველაფერი იქნება. დაივიწყეთ ღმერთი, ბიბლია, იესუ, ეს ყველაფერი ზღაპარია, ნამდვილი ღმერთი ანტიქრისტეა, ნამდვილი ბიბლია ბაბილონის სწავლებაა, ნამდვილი გამომხსნელი ეს ცრუწინასწარმეტყველია. ქრისტიანები არიან საცოდავი იდიოტები, შემცდარი ადამიანები, რომლებიც ჭირიანი საქონელივით უნდა გაანადგურო. ის, ვინც ცრუწინასწარმეტყველს გაჰყვება - სამყაროზე იბატონებს".
 
ვინ გაუძლებს კაცთაგან მსოფლიო მასშტაბის ასეთ იდეოლოგიას? - მცირედნი გაუძლებენ! მყარად იდგება მხოლოდ ის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ჩაწერილები არიან სიცოცხლის წიგნში (რადგან უფალი არ დაუშვებს მათ დაღუპვას და აცხოვნებს), მძლეველნი, დანიელის მიერ ნაწინასწარმეტყველები ბრძენნი, ქრისტეს ეკლესია, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს ანტიქრისტეს და ყველა ადამიანს ასწავლის ჭეშმარიტებას, ამხელს ცრუწინასწარმეტყველს და თვით ანტიქრისტეს, ხოლო თვითონ (ეკლესიის წევრები) ქრისტეს სახელისთვის მოწამეობრივ აღსასრულს მიიღებენ.
 
ანტიქრისტე-ცრუწინასწარმეტყველის ტანდემის საცთური იმდენად ყოვლისმომცველი და პლანეტარული მასშტაბის იქნება, რომ მყარად იდგებიან და ბოლომდე გაძლებენ მხოლოდ ჭეშმარიტი ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები, რადგან მათ სწორედ უფალი გააძლიერებს. ამიტომაც არის დაწერილი "მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც" (მათე 24:24). მაგრამ მათი შეცდენა შეუძლებელი იქნება, არა იმიტომ, რომ რაიმეთი განსაკუთრებულნი არიან, არამედ იმიტომ, რომ ქრისტემ ბრძანა: "მე ვაძლევ მათ საუკუნო სიცოცხლეს; არ წარწყმდებიან უკუნისამდე და ვერავინ მომტაცებს მათ" (იოანე 10:28).
 
წმიდა წერილის ეს ადგილი მეტყველებს იმაზე, რომ საცთური უპრეცედენტო იქნება - რჩეულები კი არ დაეცემიან ანტიქრისტეს საცთურებით, არამედ წუთისოფლის მონები, ნახევრადმორწმუნენი, უპრინციპონი და სულმოკლენი, რომლებიც ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, ნეტარი ღიმილით მიიღებენ ბაბილონის ხელიდან ცრუწინასწარმეტყველისა და ანტიქრისტეს ბაგეთა ნარწყევს და იფიქრებენ, რომ სწორედ ეს არის "ახალი დიადი გამოცხადება" იმის შესახებ, რომ "არ მოვკვდებით და ღმერთებივით ვიქნებით".

საიტი "აპოკალიფსისი". 29 ივნისი. 2021 წ.
Назад к содержимому