Перейти к контенту

პუბლიკაციები -კატასტროფული პროგრესის იდეა - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
კატასტროფული პროგრესის იდეა
მეძავი ბაბილონის განადგურება
ავტორი: ვლადიმირ ფრანცის ძე ერნი. კრებულიდან: "Борьба за Логос".

ამ თემას მივეახლები იმ რწმენით, რომ ჩემი ხედვის მთავარი აზრი ახლებურად გააშუქებს პროგრესის პრობლემას (1). ჩემი ხედვა-თქო, ვამბობ, რადგან პროგრესის საკითხზე არსებულ ლიტერატურაში მსგავსი ხედვის მხოლოდ შორეულ მინიშნებებს ვაწყდებოდი. მაგრამ ვიცი, რომ მსოფლიო ისტორიის მსვლელობის ჩემეული აღქმა სულაც არ არის ჩემი, რამეთუ ის მთელი ქრისტიანობის აღქმას ემთხვევა. შემდგომი მსჯელობა მხოლოდ იმის ფილოსოფიური გააზრების მცდელობაა, რაც ყველა დროის ქრისტიანთათვის უშუალოდ და რელიგიურად იყო მოცემული. ამგვარად, ჩემს მსჯელობაში შევეცდები ფილოსოფიურად დავახასიათო მსოფლიო-ისტორიული ცხოვრების განვითარების ქრისტიანული იდეა.
 
სწორედ ამიტომაც მომიწევს დავიწყო ქრისტიანობით, გავაგრძელო ქრისტიანობით და დავასრულო ქრისტიანობით.
 
____________
 
1. მოხსენება, წაკითხული ვლ. სოლოვიოვის სახელობის რელიგიურ-ფილოსოფიურ საზოგადოებაში 1907 წლის მარტში. გამოქვეყნდა ჟურნალში "Русская Мысль" ("რუსულ აზრი"), X, 1909 (ვ. ფ. ერნის შენიშვნა).
 
____________
 
 
I
 
ჩვეულებრივ ფიქრობენ, რომ პროგრესის იდეა პირველად XVIII საუკუნეში გაჩნდა, რომ ის, როგორც კოლუმბმა აღმოაჩინა მანამდე  უცნობი ამერიკა, ასევე აღმოაჩინეს ე. წ. "განმანათლებლობის" წარმომადგენლებმა. მსგავსი შეხედულებები მხოლოდ ადრეული ქრისტიანობის ისტორიის უცოდინრობაზეა დამყარებული. პროგრესის იდეა კაცობრიობას არა XVIII საუკუნის განმანათლებლებმა, არამედ I საუკუნის ქრისტიანობამ დაუმკვიდრა, რომელიც ორგანულად იყო დაკავშირებული დიდ ებრაელ წინასწარმეტყველებთან. პროგრესის გრძნობა ძველ სამყაროში სრულიად უცნობია. რომში და საბერძნეთში, ანუ ყველაზე კულტურულ და ყველაზე სწრაფად პროგრესირებად ქვეყნებში, ოქროს ხანად წარსულს მიიჩნევდნენ. Aurea prima sata est aetas (2).
 
____________
   
2. "პირველად ოქროს ხანა დადგა" (ლათ.). — ოვიდიუსი "მეტამორფოზები" I. 89 (რედ. შენიშვნა).
 
____________
 
ისტორია მისკენ არ მიისწრაფვის, როგორც თავისი იდეალისკენ, არამედ შორდება მას, როგორც ნეტარ, თუმცა შემთხვევით წარსულს. ბუდიზმი მარადიულ წრებრუნვათა თეორიას აღიარებს. პირველად ებრაელმა წინასწარმეტყველებმა დაამკვიდრეს სამყაროში კაცობრიობის აღმავალი განვითარების იდეა. მათი მზერა მომავლისკენაა მიპყრობილი: დადგება დრო, მოვა მესია და მთელ დედამიწაზე, მთელ სამყაროში უზენაესის სასუფეველს დაამკვიდრებს. ოქროს ხანა წინ გველოდება და სამეფოთა მთელი ისტორია, რომელნიც იაჰვეს ნებით იქმნებიან და ინგრევიან, იმ ჟამისკენ მიემართება, როდესაც "სიონიდან გამოდის რჯული და იერუსალიმიდან - უფლის სიტყვა. გაიკითხავს სამართალს უამრავ ხალხებს შორის და მსჯავრს დასდებს ძლიერ ხალხებს შორეთამდე; თავიანთ მახვილებს სახნისებად გამოჭედავენ და შუბისწვერებს - ნამგლებად; ხალხი ხალხის წინააღმდეგ აღარ აღმართავს მახვილს და ომს აღარასოდეს ისწავლიან" (მიქა 4:2-3 // ეს. 11:3-4).
 
ქრისტიანობა მთლიანად გამსჭვალულია ორგანული განვითარების გრძნობით. ის ქვეყანას მხოლოდ მაშინ მოევლინა, როდესაც დადგა "ჟამთა სისრულე", როდესაც ისტორიული პირობები მომწიფდა და კაცობრიობის განვითარების პროცესმა განსაზღვრულ ზღვარს მიაღწია. ქრისტიანობამდელი ისტორია არ არის მოვლენათა და ფაქტთა შემთხვევითი თავშეყრა, არამედ ერთიანი განზრახვით აღსრულებული ღვთის განგებულებაა. ქრისტეს მოსვლით ისტორია კი არ მთავრდება, არამედ ახალი ეპოქა იწყება. კაცობრიობის ცხოვრებაში დათესილია პრინციპულად ახალი თესლი, რომელიც უნდა გაღივდეს, განვითარდეს უხვ ყლორტებად, შეიწოვოს მიწის ყველა წვენი და ხანგრძლივი პროცესის შედეგად საბოლოო სამკალისთვის მომწიფდეს.
 
სიცოცხლის ეს ძირითადი რელიგიური შეგრძნება ფილოსოფიურ ცნებებშიც გაფორმდა, რა თქმა უნდა, იმ ცნებებში, რომლებიც იმდროინდელმა მოწინავე ფილოსოფიამ გამოიმუშავა. პირველი ქრისტიანი აპოლოგეტის, იუსტინე ფილოსოფოსის (3) მოძღვრება "Λόγος σπερματικός"-ის (4) შესახებ, სხვა არაფერი იყო, თუ არა ქრონოლოგიურად პირველი პროგრესის თეორია. ამგვარად, ქრისტიანობისა და პროგრესის მტრულ დაპირისპირებაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს.
 
____________
 
3-4. იუსტინე ფილოსოფოსი, მოწამე (II ს.) — ერთ-ერთი პირველი ქრისტიანი აპოლოგეტი. მისი მსოფლმხედველობა დიდწილად სტოიციზმზე იყო დამოკიდებული, სადაც Λόγος-ი მოიაზრებოდა როგორც სუბსტანციური მსოფლიო საწყისი — კოსმოსის ეთეროვან-ცეცხლოვანი სული და Λόγος σπερματικός, ანუ თესლოვანი ლოგოსების, ფორმაშემქმნელი პოტენციების ერთობლიობა, რომელთაგანაც ინერტულ მატერიაში წარმოიშობიან საგნები. სტოიკოსებთან და ფილონ ალექსანდრიელთან შედარებით (რომელიც მიიჩნევდა, რომ ლოგოსი არის "ღვთის ხატი" და შუამავალი ღმერთსა და სამყაროს შორის), ახალი იყო ის, რომ იუსტინემ ლოგოსი გააიგივა იესუ ქრისტესთან, ღვთის ძესთან.
 
____________
 
XVIII და XIX საუკუნეთა პროგრესის ყველა თეორია ქრისტიანობიდან აღმოცენდა, როგორც თავისი ისტორიული საფუძვლიდან. ქრისტიანობა უძირითადესაც და უპრინციპულესად განსხვავდება ამ წარმოდგენებისგან, ოღონდ არა იმიტომ, რომ უარყოფდეს მათ, არამედ იმიტომ, რომ მათი სრულად მიღების პირობებში, ის ითხოვს ბევრ ისეთ რამეს, რაც ამ თეორიებში არ მოიპოვება, თუმცა სწორედ ესაა ყველაზე მთავარი და არსებითი.
 
ქრისტიანობა მხოლოდ მათ უარყოფებს უარყოფს, ხოლო ის, რასაც ისინი ამტკიცებენ, უმაღლესი აბსოლუტური დამკვიდრების ახალ საფეხურზე აჰყავს.
 
ახლა გავაანალიზებ პროგრესის ჩვეულებრივი თეორიების მიერ წარმოებულ უარყოფათა მთელ რიგს და მაშინ ნათელი გახდება, უწინარეს ყოვლისა, თუ რით განსხვავდება ქრისტიანული წარმოდგენები პროგრესის შესახებ ჩვეულებრივი წარმოდგენებისგან. უარყოფა იმისა, რისი ლოგიკური უარყოფაც შეუძლებელია, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ თეორიულ მსოფლმხედველობაში შეგნებულად (გაცნობიერებულად) არ დაუშვა ის დებულებები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით მაინც მტკიცდება, ოღონდ უკვე არა შეგნებულად, არამედ ქვეცნობიერად; ამიტომაც ეს უარყოფა წინაპირობათა მოკრძალებულ ფორმებში იმოსება, რომელთა არსებობის აღიარებაც არ სურთ მათ, ვინც ამ წინაპირობათა გაუცნობიერებლობის ადვილი გზით მოიპოვებს მოჩვენებით უფლებას, ჯიბეში ხელებჩაწყობილმა ზემოდან დაჰხედოს ცხოვრების უღრმეს რელიგიურ პრობლემებს.
 
მე მხოლოდ პროგრესის ნებისმიერი თეორიის უმთავრეს წინაპირობათა გარკვევით შემოვიფარგლები.


გაგრძელება იქნება.

წყარო: https://vladimir-ern.narod.ru/Idea_catostroph.html#IzdRef2
 
მასალა ითარგმნა და გამოსაქვეყნებლად მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026 წ.
Назад к содержимому