პუბლიკაციები - ვინ არიან სოდომიტები? - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
ვინ არიან სოდომიტები?
სოდომისა და გომორას დაღუპვა
ვინ არიან სოდომიტები, რომელთაც ახსენებს ბიბლია და, რომელთაც დღეს ზოგჯერ ლგბტ სახელითაც მოიხსენიებენ? სიმართლეა თუ არა ის, რომ ღმერთმა სოდომელები სწორედ ჰომოსექსუალობისთვის (სექსუალური ლტოლვა ერთი სქესის წევრებს შორის) დასაჯა?

ყველას გვსმენია ბიბლიური ისტორია იმის შესახებ, რომ ღმერთმა გაანადგურა ქალაქები სოდომი და გომორა, როდესაც მათზე ცეცხლი და გოგირდი გადმოღვარა (იხ. დაბ. 19:24). ამ ქალაქებზე ბიბლია მოგვითხრობს დაბადების წიგნის 18-ე და 19-ე თავებში. მაგრამ, რომ გავერკვეთ მომხდარის არსში, მოდი ყურადღებით შევისწავლოთ, თუ რას ბრძანებს ბიბლია სოდომსა და გომორაზე.


რა ვიცით სოდომისა და გომორას შესახებ?

ჯერ-ერთი - ის, რომ ეს ქალაქები განლაგებულნი იყვნენ მშვენიერ და ნაყოფიერ დაბლობზე, რომელიც "ირწყვებოდა, როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა ქვეყანა" (დაბ. 13:10). როდესაც აბრაამი (რომელსაც იმ დროისთვის ჯერაც დაბადების სახელი აბრამი ერქვა) და მისი ძმისშვილი ლოტი გაეყარნენ ურთიერთს, რადგან "ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქოადათ და არ შეეძლოთ ერთად ცხოვრება. ცილობა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს. ქანაანელნი და ფერიზეველნი ცხოვრობდნენ მაშინ ქვეყანაში" (დაბ. 13:6-7), ლოტმა სწორედ ნაყოფიერი სოდომი აირჩია: "უთხრა აბრამმა ლოტს: ნუ იქნება ცილობა ჩვენში, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან სახლიკაცები ვართ. განა შენს წინ არ არის მთელი ეს ქვეყანა? გამეყარე და თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ, თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ. გაიხედა ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი მხარე ცოღარამდე ირწყვებოდა, ასე იყო, ვიდრე უფალი არ გაანადგურებდა სოდომსა და გომორს, როგორც ბაღი უფლისა, როგორც ეგვიპტელთა ქვეყანა. აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი მხარე. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარნენ ერთმანეთს. აბრამი დამკვიდრდა ქანაანის ქვეყანაში, ხოლო ლოტი დამკვიდრდა იმ მხარის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები" (დაბ. 13:8-12). თანაც, ქანაანი, სადაც აბრამი დარჩა, სულაც არ ყოფილა უდაბნო: შემდეგში უფალი მას უწოდებს "ქვეყანას, სადაც მოედინება რძე და თაფლი" (ლევ. 20:24).

დაბადების წიგნი 13-ე თავში უკვე ვკითხულობთ, რომ "ბოროტნი იყვნენ სოდომელნი და დიდად სცოდავდნენ უფალს" (დაბ. 13"13). მაგრამ რაში მდგომარეობდა მათი ცოდვა - წმიდა წერილი ჯერ-ჯერობით დუმს.

მეორეც, დაბადების წიგნი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი თემის მმართველმა ქედარლაღომერმა თავის მოკავშირეებთან ერთად აიღო სოდომი და გომორა, გაძარცვა იგი და მისი მცხოვრებლები ტყვედ წაასხა. მაშინ აბრამი გამოესარჩლა სოდომელებს (ლოტი ხომ მათ შორის ცხოვრობდა), მაგრამ უარი თქვა მათგან შემოწირულ ძღვენზე: "უთხრა სოდომის მეფეს აბრამმა: უზენაეს ღმერთს ვფიცავ, ცისა და მიწის შემოქმედს, თუ ძაფი ან ფეხსამოსის თასმა ავიღო იქიდან, რაც შენ გეკუთვნის. არ გათქმევინებ, მე გავამდიდრეო აბრამი" (დაბ. 14:22, 23).

შესაძლოა, მართალმა აბრამმა არ ისურვა რაიმე შეხება ჰქონოდა დაწყევლილ ცოდვილებთან? არა, ყველა წმიდა მამა ამ ადგილს ასე განმარტავს: აბრამს სურდა მხოლოდ ღმრთის სიმართლის აღსრულება, მეზობელთა მიწიერი ქონება კი მას არ აინტერესებდა.
აბრაამის მიერ ლოტის გათავისუფლება
აბრაამი ათავისუფლებს ლოტს. ანტონიო ტემპესტა, 1610 წ.

და ბოლოს, ყველაზე ცნობილი მესამე ეპიზოდი. ის იწყება ღმრთის მიერ აბრაამის გაფრთხილებიდან: "გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები. ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია" (დაბ. 18:20-21). როგორც ღირ. ეფრემ ასურელი განმარტავს, ღმერთი არ ჩქარობს ცოდვილთა დასჯას, ის მათ სცდის და ეს მათი ბოლო გამოცდაა. უფალი პირობას აძლევს აბრაამს, რომ დაინდობს ქალაქს, თუკი მასში თუნდაც ათ მართალს იპოვის (დაბ. 18:23-33). მაგრამ, როგორც შემდეგ აღმოჩნდება, ერთადერთი მართალი კაცი ამ გარყვნილ ქალაქებში სწორედ აბრაამის ძმისშვილი ლოტი აღმოჩნდება....


მაშ, რაში მდგომარეობდა ამ ქალაქების მცხოვრებთა ცოდვა?

ეს ცნობილი ხდება იმ გამოცდიდან, რომელსაც ღმერთი მოუწყობს სოდომელებს. უფალმა სოდომში გააგზავნა ორი ანგელოზი, რომლებსაც, როგორც საპატიო სტუმრებს, შეხვდება და საკუთარ სახლში ლოტი შეიპატიჯებს. მაგრამ, როგორც კი ამის შესახებ შეიტყობენ, ლოტის სახლს სოდომელთა ბრბო შემოეხვევა: "გაუმზადა (სტუმრებს) სასმელი ლოტმა, დაუცხო ხმიადები და ჭამეს. ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარს შემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები - ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან. დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ" (დაბ. 19:5).

ლოტი ევედრება თავის თანამოქალაქეებს ზიანი არ მიაყენონ მის სტუმრებს, მაგრამ ლამის თვითვე შეიქნება გახელებული ბრბოს მსხვერპლი. "უთხრეს (ლოტს): მოშორდი აქედან! კვლავ უთხრეს: მარტოხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ. არ მოეშვნენ ამ კაცს, ლოტს და მიიჭრნენ კარის შესამტვრევად" (დაბ. 19:9). ამის შემდეგ უფალი იღებს გადაწყვეტილებას ამოწყვიტოს უსჯულო ქალაქები და აღასრულებს კიდეც ამ სასჯელს, ოღოდ მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ლოტი და მისი ოჯახი სოდომს დატოვებენ.

როგორც XIX ს-ის მიწურულისა და XX ს-ის დასაწყისის ცნობილი ბიბლეისტი, სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის პროფესორი ალექსანდრე პავლეს ძე ლოპუხინი ბრძანებს, სტუმართა "შეცნობა" (ძვ. ქართ.: "თანა-ვეყუნეთ") ნიშნავს მათთან ფიზიკურ კონტაქტში შესვლას, მარტივად რომ ვთქვათ გაუპატიურებას. ამ განზრახვაში გამოიხატა სოდომელთა გარყვნილების უკიდურესობა. ნებისმიერი ძალადობა საშინელი და ამაზრზენია, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ეს იქნებოდა, თუ შეიძლება ითქვას, დანაშაული დამამძიმებელი გარემოებებით. სოდომელებს სურდათ, სრულიად უცხო, ადგილობრივი "ჩვეულებების" არმცოდნე სტუმრების შეურაცხყოფა. თანაც არაბუნებრივი სახით - რადგან ლოტის სახლის გარშემო მხოლოდ მამაკაცები შეიკრიბნენ ("გარს შემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები - ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან" ) (დაბ. 19:4)).
სოდომელები
სოდომის მცხოვრებნი ლოტის სახლთან. ვილიამ ვან დერ გუვენი და პიტერ დე ხოხი, 1728 წ.

ამ ბიბლიურ მონათხრობში ცოდვის სახეობა მკაფიოდ არის მინიშნებული. პროფ. ლოპუხინი ლაპარაკობს სოდომელთა "სქესობრივი გრძნობის არანორმალურობასა და უკიდურეს გარყვნილებაზე", რომელმაც შვა ისეთი არაბუნებრივი ვნება, როგორიცაა მამათმავლობა, ანუ ჰომოსექსუალიზმი. იმ დროიდან ამ ცოდვას სწორედ "სოდომური ცოდვა" ეწოდება. ხოლო თავად ჰომოსექსუალისტებს - "არატრადიციული სქესობრივი ორიენტაციის" ადამიანებად ხმობენ, რომლებიც, სოდომის მცხოვერებთა მსგავსად, მასში ვერანაირ სიცუდესა და არაბუნებრივობას ვერ ხედავენ, მეტიც, ცხოვრების ამგვარ წესს აქტიურ პროპაგანდასაც კი უწევენ და მას გარშემომყოფ საზოგადოებასაც თავს ახვევენ.

მაშასადამე, უფლის მიერ ორი განადგურებული ქალაქის ისტორია ხაზს უსვამს, რომ სოდომური ცოდვა განსაკუთრებულად მძიმეა, ხოლო მისი აღმასრულებელნი იმყოფებიან მომაკვდინებელი საფრთხის ქვეშ.

ნებისმიერი ცოდვა მომაკვდინებელია. "ჩადენილი ცოდვა სიკვდილსა შობს", - ბრძანებს იაკობ მოციქული (იაკობი 1:15) და ცოდვის კონკრეტულ სახეობას არ აზუსტებს. ხოლო ღირ. ისააკ ასურელი ბრძანებს: "ნებისმიერი მოუნანიებელი ცოდვა - სასიკვდილოა. ყოველი ცოდვა, რომელიც ადამიანმა არ შეინანა, განაშორებს მას სიცოცხლის წყაროს - ღმერთს".

დიახ, ისტორიაში სოდომსა და გომორას შესახებ სწორედ ამ კონკრეტული ცოდვის შესახებ ვკითხულობთ. თანაც ცოდვაზე, რომელზეც ბიბლიურ წიგნთა ავტორები არაერთხელ მსჯელობენ და მას საკმაოდ მკაფიო დახასიათებას აძლევენ. ეს არის: "სიბილწე" (ლევ. 20:13), "საგინებელი ვნება", "სარცხვინელი" და "უჯერო საქმე" (რომ. 1:26, 27, 28). მოციქული პავლე ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ბრძანებს: "თავს ნუ მოიტყუებთ: ... მამათმავალნი... ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს" (1 კორ. 6:9, 10). მაგრამ შეიძლება თუ არა გავაკეთოთ დასკვნა, რომ ეს არის ისტორია მხოლოდ კონკრეტული ცოდვის შედეგებზე? რომ ყველა დანარჩენ, ამაზე უფრო "მსუბუქ" ცოდვასთან მას კავშირი არა აქვს?

მივაქციოთ ყურადღება: ჩვენ ვხედავთ არა მარტო იმას, თუ როგორი ცოდვით არიან შესვრიმულნი სოდომელები, არამედ ვაკვირდებით მთელი საზოგადოების მორალურ დეგრადაციას, რომელშიც სრულიად წაშლილია განსხვავება ცოდვასა და უცოდველობას, დასაშვებსა და დაუშვებელს შორის. ბიბლიური თხრობა ლაკონურია, მაგრამ ნათქვამი საკმარისია იმისთვის, რათა გავიგოთ: სოდომის მცხოვრებლები ისეთი გახელებით, აგრესიითა და უსირცხვობით მოქმედებდნენ, რომ უკვე ადამიანური სახე დაკარგული ჰქონდათ. ბიბლიის კომენტატორები მათ "გამხეცებულ ბრბოს" უწოდებენ, მაგრამ ესეც მსუბუქი გამონათქვამია, რამეთუ მხეცებიც კი არ მოქმედებენ ესოდენ გამომწვევად და კადნიერად და, რაც მთავარია, თავიანთი ცუდი მიდრეკილებებით არ ამაყობენ. სოდომელებისთვის უფრო შესაფერისი იქნებოდა ტერმინი "სატანური თავყრილობა", როგორც უწოდებს ქრისტიანთა მდევნელთ წმიდა იოანე ღვთისმეტყველი თავის "აპოკალიფსისში" (გამოცხ. 2:9).

სოდომისა და გომორას მცხოვრებთა პრობლემა მათი არაბუნებრივი მიდრეკილებით არ ამოიწურება. ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ცოდვას დიდი ხნის წინათ და საკმაოდ მყარად შეეზარდნენ. ისინი ჯიუტად ეწინააღმდეგებოდნენ ღმრთის მცდელობას თვალი აეხილა მათთვის იმ ჯოჯოხეთზე, რომელიც მათ საკუთარ თავს მოუწყვეს თავიანთ ნაყოფიერ ქალაქებში.

შემდთხვევით როდი დასახლთა მათ შორის აბრაამის ძმისშვილი ლოტი და, როგორც ჩანს, ამ ორი ქალაქის წარწყმედამდე რამოდენიმე წლით ადრე. როგორც წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს, უფალმა სპეციალურად მოაწყო ისე, რომ ამ "უსჯულოთა" და "სიბილწის" მოქმედთა (იხ. 2 პეტრე 2:7) შორის დაასახლა ლოტი, რომელსაც, ვითარც მკურნალს, შეეძლო მოეთოკა მათი ბოროტი სნეულება; მაგრამ სოდომელებმა არ ისარგებლეს კეთილი მაგალითით; მათ არა თუ არ მიატოვეს თავიანთი ბოროტება, არამედ სულ უფრო და უფრო ამრავლეს იგი, ასე რომ, "მათ შორის მცხოვრები ეს ალალ-მართალი (ლოტი) ყოველდღე იტანჯებოდა თავისი მართალი სულით, როცა ხედავდა და ისმენდა მათ ურჯულოებას" (2 პეტრე 2:8).

ანგელოზებმა "სიბრმავე მოჰგვარეს სოდომელებს დიდიან-პატარიანა" (იხ. დაბ. 19:11), მაგრამ სანამ ანგელოზთაგან დაბრმავდებოდნენ ისინი უკვე დაბრმავებულები იყვნენ, თანაც საკუთარი ნებით. მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რათა საკუთარ თავში გაექელათ ღმრთის ხატება, რაც ჯერ კიდევ უნარჩუნებდა მათ ადამიანობას. შედეგად, როგორც წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს, "ყოველგვარ მიტევებას მოაკლდნენ".


რით არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის სოდომისა და გომორას დაღუპვის ისტორია?

უსჯულო, ბილწი და გარყვნილი ადამიანებით დასახლებული ორი ქალაქის განადგურება, - საშინელი, მაგრამ საკმაოდ მეტყველი მაგალითია იმისა, თუ რით დასრულდება ცოდვის სჯულითა და ღმრთის მცნებების უარყოფით ცხოვრება, როდესაც ადამიანები განუდგებიან საკუთარი ცხოვრების გააზრების ყოველგვარ მოწოდებას. სალაპარაკოდ გამხდარი "სოდომური ცოდვა" მოცემულ შემთხვევაში - ამოსავალი წერტილია იმ გრძელი გზისა, რომელიც სოდომისა და გომორას მცხოვრებთათვის ცეცხლოვანი წვიმით დასრულდა (არა აქვს მნიშვნელობა ბუნების რომელი მოვლენა გამოიყენა ღმერთმა თუ ეს იყო მისი უშუალო სასწაული, რათა ბოლო მოეღო ამ ცოდვისთვის). "გზადაგზა" ამ ცოდვას კიდევ სხვა უამრავი ცოდვა მიეკრა: ბოროტება, სიყვარული თვითკმაყოფილებისკენ, აბსოლუტური უზნეობა, უზრდელური და კადნიერი დამოკიდებულება მოყვასისადმი... სწორედ ამდაგვარ მდგომარეობამდე დაეცა ნოეს დროინდელი კაცობრიობა და მათთვისაც სიცოცხლე წარღვნით დასრულდა. ახლა კი ღმერთს კაცთა სნეულების წყაროს ამოშანთვა ცეცხლითა და გოგირდის გადმოსხმით დასჭირდა.

ოღონდ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ქალაქთა მცხოვრებლები ისეთი უჩვეულო ცოდვილები იყვნენ, რომელთაგანაც ჩვენ შორს ვდგავართ.
სოდომის დანგრევა
სოდომის დანგრევა, უილიამ ტერნერი, 1805 წ.

ერთხელ ძალიან საინტერესო კითხვა დაუსვა თავის მსმენელებს განკაცებულმა ღმერთმა იესუ ქრისტემ: "იქნებ გგონიათ, რომ ის თვრამეტი კაცი, რომლებსაც დაეცა სილოამის გოდოლი და გასრისა ისინი, უფრო მეტად ბრალეუღნი იყვნენ, ვიდრე იერუსალიმის ყოველი მკვიდრი?" და თვითონვე უპასუხა: "არა, გეუბნებით თქვენ; მაგრამ თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით" (ლუკა 13:4-5).

უფალს მხედველობაში ჰქონდა უმარტივესი რამ: არასოდეს უნდა ცთუნდეს ადამიანი საკუთარ თავთან მიმართებაში. ღმერთი სოდომელებსაც აფრთხილებდა, როდესაც მათ თვალწინ ლოტის მაგალითი მისცა, მიუგზავნა მძარცველთა მთელი არმია, ბოლოს კი ქალაქებში ანგელოზები წარაგზავნა. ჩვენ სხვა მაგალითებით შეგვაგონებს, მათ შორის სოდომის მაგალითითაც. საკითხი მხოლოდ იმაშია, მივაქცევთ თუ არა მათ ყურადღებას - თუ თვალებს დავხუჭავთ და ყურებს დავიხშობთ? შევცვლით ჩვენს ცოდვილ ცხოვრებას - თუ გავაგრძელებთ მას ისე, როგორც მივეჩვიეთ? სოდომელებიც მათ ჩვეულ ცხოვრებას მისდევდნენ ვიდრე დასასრულამდე, და ეს დასასრული უკიდურესად საშინელი აღმოჩნდა.

წყარო: foma.ru

Назад к содержимому