პუბლიკაციები - წინასწარმეტყველები, რომლებიც უკანასკნელ ჟამს ამხელენ ანტიქრისტეს - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოკალიფსისი > პუბლიკაციები
წინასწარმეტყველები, რომლებიც უკანასკნელ ჟამს ამხელენ ანტიქრისტეს
(გამოცხ.11:3-4)
წმ. წინასწარმეტყველნი ილია და ენოქი
"აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე" (მალ. 4:4).
 
ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორიის თანახმად, სასტიკმა და ბოროტმა იმპერატორმა დომიციანემ (81-96 წწ.) თავისი მმართველობის ბოლო წლებში განახორციელა ქრისტიანთა მეორე დევნულება. ამ დევნულების შედეგად წმიდა მოციქული იოანე, რომელსაც ეკლესიამ ღვთისმეტყველი უწოდა, გადასახლებულ იქნა კუნძულ პატმოსზე, სადაც მან ღმრთისგან უკანასკნელ დღეთა შესახებ მიიღო გამოცხადება.
 
ამ გამოცხადებათა შორის არის წინასწარმეტყველება ტაძრის გაზომვის შესახებ (გამოცხ. 11:1-2), ანტიქრისტეს მოსვლაზე (გამოცხ. 11:7), ასევე წინასწარმეტყველება ორ მოწმეზე, რომლებიც საყოველთაო განდგომილების ჟამს მოვლენ საღმრთო ჭეშმარიტების ქადაგებით (გამოცხ. 11:3-4). სწორედ ეს მოწმეები ჩამოხსნიან ნიღაბს პირმოთნე-ანტიქრისტეს და უწოდებენ მას ცოდვის კაცსა და წარწყმედის ძეს (2 თესალონიკ. 2:3). აი ციტატა წმიდა იოანეს წინასწარმეტყველებიდან:
 
"მივცემ ჩემს ორ მოწაფეს და ათას ორას სამოცი დღე იწინასწარმეტყველებენ ძაძით მოსილნი. ესენია ორი ზეთისხილი და ორი სასანთლე, რომლებიც დგანან დედამიწის უფლის წინაშე" (გამოცხ. 11:3-4).
 
ამ ფრაგმენტის თანახმად, ანტიქრისტეს ამხელს ორი პიროვნება, რომლებიც გამოჩნდებიან ძაძით მოსილი მაწანწალების სტატუსით და ქადაგების სრულიად განსაზღვრული ვადით - 1260 დღე (3,5 წელიწადი ანუ 42 თვე).
 
ეს წინასწარმეტყველები მოვლენ არა როგორც უძლური ცხვრები. ისინი მიიღებენ თავდასხმისა და დაცვის სულიერ იარაღს, ასე რომ ვერავინ შეძლებს მათ ვნებას (გამოცხ. 11:5). მათ ექნებათ ძალაუფლება დაკეტონ ცა, რათა გამოიწვიონ გვალვა და ძლიერება დააზიანონ დედამიწა (გამოცხ. 11:6). მოწმენი მოვლენ, რათა არა მარტო ამხილონ ანტიქრისტე, არამედ... მოკლულ იქნან მის მიერ (გამოცხ. 11:7). ამის შემდეგ კი - მკვდრეთით აღდგებიან სადიდებლად ღმრთისა (გამოცხ. 11:11).
 
წმიდა იოანე ღვთისმეტყველი არ ასახელებს ამ წმინდანთა ვინაობას... ამიტომ ჩნდება კითხვები: 1) ვინ არიან ეს წინასწარმეტყველნი? 2) რატომ უნდა მოვიდნენ სწორედ ისინი, და არა სხვები? და 3) რატომ უნდა მოკვდნენ ისინი? მოდი, გავარკვიოთ...
 
1. ვინ არიან ეს წინასწარმეტყველნი? ძველი საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ეს მოწმეები არიან - წინასწარმეტყველნი ენოქი და ილია. ღირ. ეკუმენიოს ტრიკიელი წერს: "ეკლესიის გადმოცემაში გაბატონებულია ძველი სწავლება, რომ ილია თეზბიტელის შემდეგ მოვა ენოქი, რომლის გამოჩენა წინ უსწრებს ქრისტეს მეორედ მოსვლას და, რომელიც ანტიქრისტეს მოსვლის შემდეგ უნდა მოხდეს. რადგან ამბობენ, რომ ჯერ ისინი მოვლენ და ამხელენ ანტიქრისტეს ცრუ სასწაულებს და უქადაგებენ ხალხებს, რომ არავითარი აუცილებლობა არ არის დაუჯერონ ამ ცოდვილსა და მტარვალს" (ღირ. ეკუმენიოს ტრიკიელი, გამოცხადების განმარტება).
 
იგივე სახელებს (ენოქსა და ილიას) ვხვდებით ანდრია კესარიელთანაც და მღვდელმოწ. იპოლიტე რომაელთანაც. ანდრია, ეთანხმება რა მრავალ საეკლესიო მოძღვარს, მიიჩნევს, რომ "ეს ორი მოწმე, ენოქი და ილიაა" (ანდრია კესარიელი. აპოკალიფსისის განმარტება). მღვდელმოწ. იპოლიტე რომაელი, ერთმანეთს ადარებს რა ქრისტეს ორ მოსვლას (პირველსა და მეორეს), ამბობს: "მისი პირველი მოსვლის წინამორბედი იყო იოანე ნათლისმცემელი; მეორე და დიდებით მოსვლის წინ კი, წარმოაგზავნის ენოქს, ილიასა და იოანე ღვთისმეტყველს" (მღვდელმოწ. იპოლიტე რომაელი. სამყაროს აღსასრულის შესახებ).
 
2. რატომ სწორედ ისინი, და არა სხვები? წმიდა მამები, გამოცხადების 11-ე თავის მე-3-4 მუხლების განმარტებაში გვთავაზობენ განმარტების სხვადასხვა მეთოდებს და არგუმენტებს. მაგალითად, ანდრია კესარიელი იყენებს ალეგორიულ (სიმბოლურ) მეთოდს, და ამ მეთოდის ჩარჩოებში აქცენტს აკეთებს ორი მოწმის მეტაფორულ განსაზღვრებაზე, როგორც ორ ზეთისხილზე (გამოცხ. 11:4). ანდრიას აზრით, მოწმეები ასე შემთხვევით როდი იწოდებიან, არამედ წინასწარმეტყველ ზაქარიას აზრობრივი მონახაზის მიხედვით, რომელიც თავის ხილვაში ასევე ორ ზეთისხილზე მსჯელობს (ზაქ. 4:3). ზაქარიასთან ორი ზეთისხილი აღნიშნავდა სჯულსა და წინასწარმეტყველთ (ნეტ. იერონიმე სტრიდონელი. ზაქარიას წინასწარმეტყველების განმარტება). იოანესთან ორი ზეთისხილი სჯულსა და წინასწარმეტყველებს აღნიშნავს. ანუ ენოქსა და ილიას.
 
ღირ. ეკუმენიოს ტრიკიელი მიმართავს წინასახეობრივ (ტიპოლოგიურ) მეთოდს. ის (ეკუმენიოსი) ძირითადად ეყრდნობა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებს და ციტატებს ახალი აღთქმიდან. ძველ აღთქმაში ილიაზე ღირ. ეკუმენიოსთან  უთითებს წინასწარმეტყველი მალაქია, როდესაც ამბობს: "აჰა, მოგივლენთ ელია წინასწარმეტყველს უფლის დღის, დიდის და საშინელის დადგომამდე" (მალ. 4:4). ხოლო ახალი აღთქმიდან ეკუმენიოსი იმოწმებს უფალ იესუ ქრისტეს გამოხმაურებას წმ. იოანე წინამორბედზე. ამ გამოხმაურებაში წინამორბედი შედარებულია ილიას, რომელიც უნდა მოვიდეს: "და თუ გნებავთ გაიგოთ, ეს არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს" (მთ. 11:14). რაც შეეხება ენოქს, ღირ. ეკუმენიოსი მისი მისიის დასადასტურებლად იმოწმებს ციტატებს ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან, სადაც ნათქვამია, რომ ენოქი გადასახლებულია ღმერთთან ისე, რომ სიკვდილი არ უხილავს (ებრ. 11:5).
 
3. რატომ უნდა მოკვდნენ ეს წინასწარმეტყველნი? იმიტომ, რომ ორივე ეს ადამიანი ფიზიკური სიკვდილით დღემდე არ მომკვდარა, არამედ შენარჩუნებულნი არიან ერთგვარ დაფარულ ადგილას (არა ზეცაში) და თავიანთი საიდუმლო მისიის აღსრულებას ელოდებიან.
 
სწორედ მათ, ამ ჯერაც არგარდაცვლილ მოწმეებს (რომლებიც განგებულებითად აიყვანა ღმერთმა და დრომდე ინარჩუნებს), მოუწევთ იგემონ სიკვდილი, რათა, შესაძლოა, უკანასკნელებმა დაიცვან ხრწნილების მიწიერი კანონი. რადგან მათი სიკვდილის შემდეგ დაუყოვნებლივ დასცემს მეშვიდე საყვირი, რომლის შემდეგაც დადგება მეორედ მოსვლა და საუკუნო სამსჯავრო.
 
ამრიგად, საეკლესიო გადმოცემაში წინასწარმეტყველთა სახელებთან დაკავშირებით, რომლებიც უკანასკნელ ჟამს ამხელენ ანტიქრისტეს, არსებობს წმიდა მამათა თანხმობა (consensus patrum). მათი სახელებია: ენოქი და ილია. სწორედ ეს წინასწარმეტყველები ამხელენ ანტიქრისტეს ბოლო დღეებში, ჯერ-ერთი, ძველი წინასწარმეტყველებების მიხედვით; და მეორეც, რადგან ისინი სჯულისა და წინასწარმეტყველთა გამოხატულებანი არიან. დასასრულ, იმიტომ, რომ ისინი არიან ერთადერთი ადამიანები, რომელთაც სიკვდილი არ განუცდიათ, არამედ ცოცხლად იქნენ აყვანილნი ზეცად.
 
 
საიტი "აპოკალიფსისი".
 
მომზადებულია მართლმადიდებლური წყაროების მიხედვით. 2023 წ.
Назад к содержимому