Перейти к контенту

რელიგია - რმე-ს სინოდის დადგენილება სამრევლო ტაძრებში მღვდელთა და მღვდელმონაზონთა თვითნებობის შესახებ - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
აპოსტასია > რელიგია
რმე-ს სინოდის დადგენილება
სამრევლო ტაძრებში მღვდელთა და მღვდელმონაზონთა თვითნებობის შესახებ
დეკ დიმიტრი სმირნოვის მწვალებლობა
წინამდებარე პუბლიკაცია ეხება მეტად საჭირბოროტო საკითხს - სასულიერო პირთა (მღვდელმოძღვართა და მონაზონთა) თვითნებობას ერისკაცთა დამოძღვრის სფეროში. ამ თვითნებობის ერთ-ერთი გამოხატულებაა "კურთხევების" გაცემა ან არგაცემა. მაგალითად, ცნობილია შემთხვევები, როდესაც მღვდელმა თავის სულიერ შვილს უცხოეთში გამგზავრების ან სხვა რომელიმე ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო საქმის აღსრულების "კურთხევა" არ მისცა. ფაქტობრივად შექმნილია ვითარება, როდესაც "კურთხევა" გაგებულია, როგორც რეზოლუცია ან ნებართვა, რომლის გარეშეც თითქოსდა ერისკაცს არაფრის გაკეთების უფლება არა აქვს.
 
ამგვარი "სულიერი" მორჩილება, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მონასტრულ მორჩილებასთან და არც არის სავალდებულო ერისკაცისთვის, სცილდება მორჩილების მართლმადიდებლური გაგების ჩარჩოებს და მეტად მახინჯ ფორმებს იღებს. 1998 წელს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში შედგა სპეციალური სხდომა, რომელმაც მიიღო კანონები და მითითებები მღვდელთათვის, სადაც მათ გარკვეული მოქმედებები ეკრძალებად. ეს სხდომა და მისი განწესებან კარგად აჩვენებენ, თუ სანამდე შეიძლება მივიდეს რელიგიური საზოგადოება, რომელიც ამახინჯებს მართლმადიდებლურ ცნებებს და ყოფა-ცხოვრებაში არასწორად იყენებს მათ.
 
ქვემოთ ჩამოწერილ განწესებებში ასახული პრობლემატიკა საკმაოდ აქტუალურია საქართველოშიც, ამიტომაც გადავწყვიტეთ მისი თარგმნა და გამოქვეყნება. იქნებ ვინმემ შეისმინოს ან სასულიერო პირთაგან ან ერისკაცთაგან და შეეშვან როგორც ცრუ-მოძღვრობას, ასევე ცრუ-მორჩილებას და იცხოვრონ ისე, როგორც ამას მართლმადიდებლური სწავლა-მოძღვრება და საეკლესიო რჯულმდებლობა ითხოვს.
 
 
საიტ "აპოკალიფსისის" რედაქცია. თბ. 2026 წ.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის განსაზღვრება ბოლო დროს ზოგიერთი მოძღვრის მიერ "შეკვრისა და გახსნის" (მთ. 18:18) მათთვის ღმრთითბოძებული ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გახშირების შესახებ.
 
 
ცნობა:
 
ბოლო დროს გახშირდა სულიერ პრაქტიკაში (გარკვეული უფლებების) ბოროტად გამოყენების შემთხვევები, რომლებიც ნეგატიურად აისახება საეკლესიო ცხოვრების მდგომარეობაზე.
 
ზოგიერთი მღვდელმსახური, რომელმაც მღვდლობის საიდუმლოში მიიღო მრევლის სულიერად დამწყემსვის უფლება, მიიჩნევს, რომ ასეთი უფლება ადამიანთა სულებზე განუსაზღვრელ მბრძანებლობას ნიშნავს. მათ ავიწყდებათ, რომ ურთიერთობა სულიერ მოძღვარსა და სულიერ შვილს შორის უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთ პატივისცემასა და ნდობას, ასეთ მოძღვრებს უსიტყვო მორჩილების წმიდად მონაზვნური ცნება გადააქვთ ერისკაცსა და მის სულიერ მამაზე, იჭრებიან სამრევლოს წევრთა პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, საკუთარ ნებას უმორჩილებენ სულიერ ცხოვართ და ივიწყებენ ღმრთითბოძებულ თავისუფლებას, რომლისკენაც არის მოწოდებული ყველა ქრისტიანი (გალ. 5:13). სულიერი ხელმძღვანელობის მსგავსი დაუშვებელი მეთოდები ზოგიერთ შემთხვევაში მორწმუნისთვის ტრაგედიად იქცევა, რომელსაც თავისი უთანხმოება მოძღვართან მთლ ეკლესიაზე გადააქვს. ასეთი ადამიანები ტოვებენ მართლმადიდებელ ეკლესიას და არც თუ იშვიათად სექტანტების ბადეში ეხვევიან.
 
ზოგიერთი მოძღვარი უკანონოდ აცხადებს სამოქალაქო ქორწინებას ან მეუღლეთა შორის ითხოვს გაყრას, რომლებიც უკვე დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ამა თუ იმ ვითარებათა გამო საეკლესიო ჯვრისწერა არ ჩაუტარებიათ. ხდება ისეც, რომ სულიერი მოძღვარი ითხოვს ისეთი მეუღლეების გაყრას, როდესაც ერთი რომელიმე არ ეკუთვნის მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. სხვა მონაზონი მღვდელმსახურები (მღვდელმონაზვნები) თავიანთ სულიერ შვილებს უკრძალავენ დაქორწინებას და მათ მონაზვნობის მიღებას აიძულებენ იმის საფუძველზე, რომ თურმე მონაზვნობა ქორწინებაზე უმეტესია.
 
ისეც ხდება, რომ მოძღვარი ზიარებას არ აძლევს პირებს, რომლებიც "ჯვარდაუწერლად" არიან დაქორწინებულნი (სამოქალაქო ქორწინებით), რადგან ასეთ ქორწინებას სიძვასთან აიგივებენ; თავიანთ სულიერ შვილებს უკრძალავენ მეორედ ქორწინებას იმის საფუძველზე, რომ თითქოსდა მეორედ ქორწინება ეკლესიისგან გაკიცხული იყოს: უკრძალავენ მეუღლეებს განქორწინებას იმ შემთხვევაში, როდესაც ამა თუ იმ ვითარებათა გამო ოჯახური ცხოვრება მეუღლეებისთვის შეუძლებელი ხდება.
 
არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მოძღვარი თავის სამრევლოში ამა თუ იმ წევრს "არ აკურთხებს" სიყვარულით ცოლის შერთვაზე ან გათხოვებაზე, არამედ სთავაზობს "მორჩილებით" შევიდეს საქორწილო ურთიერთობაში იმ პირთან, რომელსაც თვით მოძღვარი უწევს რეკომენდაციას.  
 
ასევე ყოფილა ვითარება, როდესაც მოძღვარმა თავისი მრევლის წევრს აუკრძალა მიემართა სამედიცინო დახმარებისთვის, უკრძალავს თავის მრევლს სამოქალაქო მოვალეობის აღსრულებას, მაგალითად, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, სავალდებულო სამხედრო მსახურებას და სხვა. ზოგიერთი მოძღვარი თავის მრევლს თავს ახვევს ამა თუ იმ პოლიტიკურ შეხედულებებს. სხვა მღვდლები საერო სასწავლებლებში სწავლებას "არასაჭიროდ" ან ცხონებისთვის მავნედ მიიჩნევენ. მსგავსი მოთხოვნები არა თუ არღვევენ თითოეული ქრისტიანის უფლებას მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, არამედ წინააღმდეგობაში ამყოფებენ მოქმედ კანონმდებლობასთან.
 
გახშირდა შემთხვევები, როდესაც ესა თუ ის მოძღვარი ქმნის ისეთ საეკლესიო თემს, რომელშიც ცხოვრება აგებულია თვით მოძღვრის ავტორიტეტზე, რომელსაც აძლიერებს საეკლესიო მღვდელმთავრობისადმი ნეგატიური დამოკიდებულებით, ასევე სხვა მოძღვრებისა და სამრევლო თემებისადმი. ასეთმა მოძღვრებმა დაივიწყეს, რომ მათი ამოცანაა - ადამიანების ღმერთთან მიყვანა, და არა მრევლისა და სხვადასხვა სამრევლოების ურთიერთ დაპირისპირება. მსგავს სამრევლოებში იქმნება საკუთარი განსაკუთრებულობის ატმოსფერო, რომელიც შეუთავსებელია კრებით სულთან, რომელსაც ეფუძნება მართლმადიდებლური ეკლესია.
 
 
დავადგინეთ:
 
1) მხედველობაში ვიღებთ რა ერისკაცთა საჩივრებს ცალკეულ მოძღვართა გაუმართლებელ მოქმედებებზე, მიეთითოთ მღვდლებს, რომელიც ეწევიან სულიერ მოღვაწეობას, რომ დაუშვებელია დასამოძღვრი მრევლის იძულება და მიდრეკა, მათი ნების საწინააღმდეგოდ, შემდეგი მოქმედებებისა და გადაწყვეტილებებისკენ:
 
ა) მონაზვნობის მიღება;
 
ბ) რომელიმე საეკლესიო მორჩილების აღება;
 
გ) რაიმე სახის შემოწირულობის გაღება;
 
დ) დაქორწინება;
 
ე) განქორწინება ან დაქორწინებაზე უარის თქმა, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ქორწინება კანონიკური მიზეზების გამო შეუძლებელია;
 
ვ) ქორწინებაში მეუღლეობრივ მოვალეობაზე უარის თქმა;
 
ზ) უარის თქმა სამხედრო-სავალდებულო სამსახურზე;
 
თ) უარის თქმა არჩევნებში მონაწილეობაზე ან სხვა რომელიმე სამოქალაქო მოვალეობის შესრულებაზე;
 
ი) უარის თქმა სამედიცინო დახმარებაზე;
 
კ) უარის თქმა განათლების მიღებაზე;
 
ლ) უარის თქმა სამსახურში მოწყობაზე ან სამუშაო ადგილის შეცვლაზე;
 
მ) უარის თქმა საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე.
 
2) შევახსენებთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოძღვარს, რომლებიც ეწევიან სულიერ მსახურებას, რომ სავალდებულოა სულიერ პრაქტიკაში მივდევდეთ მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა წერილისა და წმიდა გადმოცემის ასოსა და სულს, წმიდა მამათა მცნებებსა და კანონიკურ დადგენილებებს; რომ მართლმადიდებელი მოძღვრებისთვის დაუშვებელია სულიერ პრაქტიკაში რომელიმე ზნეობრივი ან სხვა მოთხოვნების დანერგვა, რომლებიც სცილდება საეკლესიო დადგენილებების მიერ განსაზღვრულ მცნებებს, და მაცხოვრის თქმით: "მძიმე ტვირთი აჰკიდოთ ხალხს" (ლკ. 11:46).
 
3) ყველა სულიერ მოძღვარს შევახსენებთ, რომ ისინი მოწოდებულნი არიან თავიანთ სულიერ შვილებს დაეხმარონ რჩევებითა და სიყვარულით ისე, რომ ამით არ დაარღვიონ თითოეული ქრისტიანისთვის ღვთითბოძებული თავისუფლება. ხაზი გაუსვან, რომ უსიტყვო მორჩილება, რომელსაც ეფუძნება მორჩილის ურთიერთობა მხცოვნისადმი მონასტრებში, არ შეიძლება სრული სახით იქნას გამოყენებული სამრევლო ეკლესიებში მღვდლებსა და მათ მრევლს შორის. განსაკუთრებით ვუთითებთ იმაზე, რომ დაუშვებელია მოძღვართა მხრიდან ისეთ საკითხებში ჩარევა, რომლებიც დაკავშირებულია სიძის ან პატარძლის არჩევაზე სამრევლოდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სამრევლოს წევრი თვითონ ითხოვს ამგვარ კონკრეტულ რჩევას.
 
4) ხაზი უნდა გაესვას ნეგატიურ ან ქედმაღლურ დამოკიდებულებას ქორწინებისადმი. ყველა მღვდელმსახურს შევახსენებთ ღანგრის კრების 1-ელ კანონს: "თუ ვინმე აძაგებს ქორწინებას და გმობს ქმართან თანამცხოვრებ მორწმუნე და ღვთის მოშიშ დედაკაცს, ან კიცხავს, რომ მას სასუფეველში შესვლა არ შეუძლია, შეჩვენებულ იყოს". განსაკუთრებულად ხაზს ვუსვამთ იმას, რომ მონაზვნობის მიღება თითოეული ქრისტიანის პირადი არჩევანის საქმეა, და არ შეიძლება მისი მიღება ამა თუ იმ მოძღვრისადმი "მორჩილების" მიზეზით.
 
5) შევახსენებთ მღვდელმონაზვნებს (მონაზვნებს), რომ ღანგრის კრების 21-ე კანონის თანახმად დაუშვებელია "მოღვაწეობის გადაქცევა ამპარტავნების საბაბად", და "ქედმაღლურად ყურება იმათ მიმართ, ვინც მარტივი ცხოვრებით ცხოვრობს" (ანუ ქორწინებაშია) და "სიახლეები შემოაქვს (საღვთო) წერილისა და საეკლესიო კანონების წინააღმდეგ". იმავე კრების 10-ე კანონი ბრძანებს: "თუ ვინმე უფლის მიერ ქალწულობის შემნახველი ქედმაღლობს ქორწინებულზე, შეჩვენებული იყოს".
 
6) ვასწავლით რა საეკლესიო ქორწინების აუცილებლობას, მოძღვრებს შევახსენებთ, რომ მართლმადიდებლური ეკლესია პატივისცემით ეყპრობა სამოქალაქო ქორწინებას, ასევე ისეთ ცოლ-ქმრიბას რომელშიც ერთი რომელიმე მხარე ეკუთვნის მართლმადიდებლურ რწმენას, წმიდა მოციქულ პავლეს სიტყვების შესაბამისად: "რადგანაც ურწმუნო ქმარი მორწმუნე ცოლისაგან განიწმინდება, ურწმუნო ცოლი კი - მორწმუნე ქმრისაგან. თორემ თქვენი შვილები არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან (1 კორ. 7:14).
 
7) შევახსენებთ მოძღვრებს იმასაც, რომ თავისი დამოკიდებულებით მეორედ ქორწინების მიმართ ეკლესია ხელმძღვანელობს მოციქულ პავლეს სიტყვებით: "ცოლიანი ხარ? ნუ ეძებ ცოლთან გაყრას. ცოლგანაშვები ხარ? ნუ ეძებ ცოლს. მაგრამ თუ იქორწინებ, არ შესცოდავ, და თუ ქალწული გათხოვდება, არც ის შესცოდავს... ქალი რჯულითაა შეკრული, სანამ ქმარი ცოცხალი ჰყავს, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, თავისუფალია: ვისაც უნდა, იმას გაჰყვეს, მხოლოდ უფლის მიერ" (1 კორ. 7:27-28; 39).
 
8) შევახსენებთ მოძღვრებს იმის აუცილებლობას, რომ საჭიროა განსაკუთრებული უბიწოებისა და სამოძღვრო სიფრთხილის დაცვა მრევლთან იმგვარი საკითხების განხილვისას, რომლებიც მათი ოჯახური ცხოვრების ამა თუ იმ ასპექტებთან არის დაკავშირებული.
 
9) განსაკუთრებით ვუთითებთ მოძღვრებს იმას, რომ დაუშვებელია თავიანთ გარშემო შექმნან ისეთი თემები, რომლებშიც ადგილი ექნება ოპოზიციურ და კრიტიკულ დამოკიდებულებას, როგორც საეკლესიო ხელმძღვანელობის, ასევე სხვა მოძღვრებისა და სამრევლო ეკლესიების მიმართ.
 
10) ხაზს ვუსვამთ იმასაც, რომ დაუშებელია საეკლესიო ამბიონის გამოყენება ამა თუ იმ პოლიტიკურ შეხედულებათა საქადაგებლად.
 
11) მოვუწოდებთ ეპარქიალურ მღვდელმთავრებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმას, თუ როგორ ახორციელებენ მოძღვრები მათდამი მიბარებულ ეპარქიებში მრევლის სულიერ დაპურებას. მოძღვრებმა უნდა გააძლიერონ ზედამხედველობა მართლმადიდებლური ეკლესიის დადგენილებებისა და ნორმების მკაცრად დაცვის შესრულებაზე, რომლებიც სულიერი პრაქტიკის სხვადასხვა ასპექტს ეხება.
 
12) მოვუწოდებთ მართლმადიდებელი ეკლესიის მორწმუნეებს მიმართონ თავიანთ მმართველ მღვდელმთავარს ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც სულიერი მოძღვარი აჭარბებს "შეკვრისა და გახსნის" ღმრთითბოძებულ ძალაუფლებას. მართლმადიდებელ მრევლს შევახსენებთ, რომ სულიერი მოძღვრის რჩევები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს წმიდა წერილს, წმიდა გადმოცემას, წმიდა მამათა სწავლებას და მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ დადგენილებებს; ხოლო თუ ამგვარი რჩევები სცილდება მითითებულ დადგენილებებს უპირატესობა უნდა მიენიჭოს უკანასკნელთ. ამასთან დაკავშირებით თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ ღირ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვებს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ურთიერთობა სულიერ შვილსა და მის მოძღვარს შორის: ლოცვითა და ცრემლით ევედრე ღმერთს მოგივლინოს უვნებო და წმიდა ხელმძღვანელი. მაგრამ თვითონაც უნდა მისდევდე საღმრთო წერილს, განსაკუთრებით კი წმიდა მამათა პრაქტიკულ რჩევებს, რათა, როდესაც მათ ადარებ იმას, რასაც შენი მოძღვარი გასწავლის, თვითონ დაინახო ეს, როგორც სარკეში, და შედარებით გაარკვიო თანხმიერია თუ არა იგი საღმრთო წერილთან, შეინარჩუნო თუ არა იგი შენს გულში და შენს ფიქრებში, ხოლო ცრუ და უცხო გამოავლინო და უკუაგდო, რათა არ ცდუნდე. რადგან უწყოდე, ბევრნი ეწევიან ამ დღეებში მაცდურ საქმიანობასა და ცრუმოძღვრობას".
 
13) ეუწყოს ყველა ეპარქიულ მღვდელმთავარს, რათა წინამდებარე დადგენილება გააცნონ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებს, მონაზვნებსა და ერისკაცთ.
 
 
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი.
 
 
წმიდა სინოდის წევრები:
 
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ვლადიმირი.
 
სანკტ-პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტი ვლადიმირი.
 
სრულიად ბელორუსიის  საპატრიარქო ეგზარქოსი, მინსკისა და სლუცკის მიტორპოლიტი ფილარეტი.
 
კრუტიცკისა და კოლომნის მიტროპოლიტი იუვენალი.
 
სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტი კირილე.
 
კრასნოდარისა და ნოვოროსიისკის არქიეპისკოპოსი ისიდორე.
 
სარატოვისა და ვოლსკის არქიეპისკოპოსი ალექსანდრე.
 
ვიტებსკისა და ორშანსკის ეპისკოპოსი დიმიტრი.
 
სარანსკისა და მორდოვიის ეპისკოპოსი ბარსონუფი.
 
ჩიტისა და იმიერბაიკალეთის ეპისკოპოსი ინოკენტი.
 
მურმანსკისა და მონჩეგორის ეპისკოპოსი სიმონი.
 
მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველი, სოლნეჩნოგორის არქიეპისკოპოსი სერგი.
 
 
წყარო: https://k-istine.ru/pseudoconfession/pseudoconfession-186.htm

პუბლიკაცია თარგმნა და გამოსაქვეყნებლად მოამზადა საიტ. "აპოკალიფსისის" რედაქციამ. 2026 წ.
Назад к содержимому