რელიგია - "სულიერი" ტურიზმი - მონასტრების შავი ჭირი, თუმცა, ზოგ მონასტერს მოსწონს - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
აპოსტასია > რელიგია
"სულიერი" ტურიზმი - მონასტრების შავი ჭირი, თუმცა, ზოგ მონასტერს მოსწონს
მონასტრული სიმყუდროვე
ჩვენთან ერთ-ერთ "ბრენდულ" მონასტერში იყო შემთხვევა. მღვდელდიაკვანმა ღამით აგურით ჩაამსხვრია პლასტიკატის ყველა ფანჯარა, გაქელა ვარდები, გადაღუნა ფანრები ყვირილით: "ტურიზმიო ამბობ? მუზეუმიო?! არა!... ხუმრობ!!! აი შენ ტურიზმი მუზეუმითურთ!" მონასტერი მთელი ღამე ითმენდა ამ დაკა-დაკას". თავის აზრებს სულიერ ტურიზმზე გვიზიარებს მღვდელი კონსტანტინე კამიშანოვი.
 
 
რად გადავაქციეთ სამოთხის ფილიალი
 
მონასტრები ფუძნდებოდა იმისთვის, რათა წუთისოფლისგან განშორებულთ შესაძლებლობა ჰქონოდათ ეცხოვრათ სულის ლაბორატორიაში, ორანჟერეაში, რომლისგანაც შემდეგ ერში დასანერგად იღებენ ეპისკოპოსებს და სულიერ მოძღვრებს. ნამდვილი მონასტერი - ეს არის სამოთხის ფილიალი, რომელშიც მდუმარებასა და ლოცვაში იზრდებიან ანგელოზივით ადამიანები.
 
მონასტრები იგივეა, რაც ტყე დედამიწისთვის. ისინი იძლევიან სულის ჟანგბადს. თუკი გაჩეხავ, გაქელავ, ასფალტის გზებს გაიყვან მათკენ, - პლანეტა დაიღუპება, რადგან საკუთარ ანაორთქლში დაიხრჩობა. მონასტრებს გაფრთხილება სჭირდებათ, როგორც რელიქტურ ტყეებს. თუ ისინი, პლიაჟებივით და სასტუმროებივით, ტურისტული კულტურის ობიექტები გახდებიან, მაშინ გადაშენდებიან, როგორც დაბინძურებული, დაჩებურეკებული, სოჭის მუსიკალური სანაპირო გადაშენდა, და მისით მოწამლული მღვრიე ზღვა, ნაგავი, შაურმა და პლაჟის დამსვენებლები ყველაფერს ახრჩობენ.
 
ტურისტები ტარაკნებივით არიან, მათ შესანსლეს მთელი სივრცე სინას უდაბნოს მონასტრებიდან ვიდრე სოლოვკებამდე. ნახევრად შიშველ უსაქმურებს სურთ მზის ამოსვლას სინას მთაზე შეხვდნენ. სად მოსე და სად ეს აქლემებზე შემჯდარი ცნობისმოყვარეები, რომლებმაც ფულით იყიდეს შესაძლებლობა დამდგარიყვნენ იმ ადგილებზე, სადაც ვლინდებოდა ღმრთის ძალი? ეს არ არის სულიერება. ეს არის თავის სულიერებაში დარწმუნებული მეშჩანობის ნაგავი. ის ამავე თავდაჯერებულობით შესანსლავს ყველაფერს, რაც კი მისაწვდომია.
 
დიახ, მომლოცველები ყოველთვის იყვნენ, მაგრამ არავინ ატარებდა მილიონობით მომლოცველს - ავტობუსებით, მატარებლებით, თვითმფრინავებით, - ასეთი არასოდეს ყოფილა. და კიდევ, არის კი ეს მომლოცველობა? სოლოვკებზე (რუსეთი - "აპოკ." რედ.), მაგალითად, ათასობით მომლოცველი ცხოვრობდა და შრომობდა. აქ კი რა ხდება? მომლოცველმა შეჭამა ფუნთუშა, პირჯვარი გადაიწერა და მორჩა!
 
ისეთი დრო დადგა, როდესაც ვერავინ ვერსად შეაფარებს თავს. ვერც მხეცი და ვერც ადამიანი. უკანასკნელ ლომსაც კი კინოკამერებით დასდევენ. მიწიდან, მარიანის ღრმულიდან ამოაძრვენენ ყველაფერს, და თუ არ შეჭამეს, ფოტოსურათს მაინც გადაუღებენ. ყველგან მოწყენილი ქალბატონები დაიარებიან შიშველ ფეხებზე ამოცმული პლიაჟური ფლოსტებით, ნაყინით, ფოტოაპარატით და ვარდისფერი საფულეთი. იგივე მდგომარეობაა ათონზეც.



ტურისტები ბელო-ეზერსკის მონასტრის ტერიტორიაზე
ფოტო აღებულია საიტიდან:
http://rasfokus.ru/photos/cat/new/photo1724659.html

 
ექსპრეს-მხცოვნები და ქრისტიანობის დემო-ვერსია
 
ღირ. სერგი რადონეჟელი და სერაფიმე საროველი არც ერთხელ არ ყოფილან ათონზე. არ მსმენია, რომ ისინი, ვინც რეგულარულად დაიარებიან მომლოცველურ მოგზაურებოებში, ქალაქში დარჩენილებზე უკეთესად იღვწოდნენ სულის მაცხოვნებელი ღვაწლით. სამაგიეროდ ზუსტად ვიცი, რომ ცხონდებიან ისინი, ვინც პურს აძლევს მათხოვრებს, ეხმარება ღარიბებს და შეეწევა ავადმყოფებს.
 
დიახ, მღვდელს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია თავისი სულიერი შვილი გააგზავნოს კონკრეტულ ადამიანთან, კონკრეტულ მონასტერში. ზუსტად ისევე, როგორც სადღაც კემეროვოში მომუშავე ექიმს, რომელმაც იცის, რომ მოცემულ პაციენტთან მუშაობისთვის მას არ ჰყოფნის კვალიფიკაცია, შეუძლია ის გააგზავნოს მოსკოვში. მაგრამ არა მოსკოვის ქუჩებში საბოდიალოდ. გულის კლინიკური გამოკვლევის ცენტრებში ავადმყოფები ავტობუსებით და ვაგონებით როდი დასეირნობენ და მთავარ ექიმთან ჩაის დასალევად როდი მიდიან ამგვარ კლინიკებში. ისინი თავიანთი მკურნალი ექიმების მიერ გაგზავნილნი არიან კონკრეტულ სპეციალისტთან. ასე უნდა იყოს სულიერ ცხოვრებაშიც.
 
ნამდვილ მღვდელს, ისევე როგორც ნამდვილ ექიმს, არა აქვს უფლება შეასრულოს გიჟის ან თავმოყვარე ავადმყოფის კაპრიზები და მით ხელი შეუწყოს მათ სიკვდილს. ნამდვილი ექიმი მკურნალობს, რაც ზოგჯერ წლების განმავლობაში გრძელდება. საჭიროა რეჟიმის დაცვა და რეგულარულად წამლების მიღება, ისიც საკუთარი მკურნალი ექიმის დაკვირვებით.
 
ვინმემ შეიძლება იკითხოს - რა შუაშია აქ ტურისტული მოგზაურობა მონასტერში?
 
***
 
"სულიერი ტურიზმი" - მონასტრების შავი ჭირია. მაგრამ მრავალ მონასტერს ის მოსწონს. ბევრი მათგანი ჩამწყვდეულია ქრისტიანობის ამ დემოვერსიაზე: იღუმენები ხელში აყვანილი საჩვენებელი ცხვრებით, ბერები მგლებით, ენოტებით და სტრაუსებით, პურით, თაფლით, რძით, გალანტერეათი, ზარებით, სამარხვო წვნიანებით, ორცხობილებით, გასეირნებებით წყაროზე, ტურისტების გაუთავებელი ქაქანით, ექსპრეს-მხცოვნებით და ხუთ წუთში გამოთქმული წინასწარმეტყველებებით.
 
ექსპრეს-მხცოვნები ისეთ სახეს იღებენ, თითქოსდა სულიერად კურნავენ. ხოლო ექსპრეს-ავადმყოფები ისე იქცევიან, რომ იკურნებიან თურმე. მათ ერთმანეთი იპოვეს. სვამენ ექსპრეს-ყავას, დაიარებიან ექსპრეს-ტურებზე და ჩართულნი არიან ექსპრეს-ტარიფებში. ექსპრეს-ცხოვრება, ექსპრეს-სიყვარული და ექსპრეს-სიკვდილი. ყველაფერი ჩართულია. ყველაფერი, რაც კი საჭირო არ არის ნამდვილი ცხოვრებისთვის.
 
შემდეგ ასეთი ტურისტები მოვლენ სახლში და იქ შინაურებს ჭამნენ. ექსპრეს-მხცოვანი გაიღიმებს და წავა თავის მონასტერში რათა მოცოცხოს მორჩილი ბერები. სპონსორები წყაროებზე არიან გასულები. დემოვერსია გამორთულია.
 
ჩვენთან ერთ "ბრენდულ" მონასტერში იყო შემთხვევა. მღვდელდიაკვანმა ღამით აგურით ჩაამსხვრია პლასტიკატის ყველა ფანჯარა, გაქელა ვარდები, გადაღუნა ფანრები ყვირილით: "ტურიზმიო ამბობ? მუზეუმიო?! არა!... ხუმრობ!!! აი შენ ტურიზმი მუზეუმითურთ!" მონასტერი მთელი ღამე ითმენდა ამ დაკა-დაკას. ბეჭდიანი მხცოვანი თავის ნათესავ-მოძღვართან ერთად შორიახლო იჯდა და არაფერი ესმოდა. ბერები იცავდნენ მდუმარებას და ჩუმად ლოცულობდნენ თავიანთ სენაკებში, რადგან ჩარევას საჭიროდ არ მიიჩნევდნენ.
 
ძმა მღვდელდიაკვანი კი უბრახუნებდა ამ "სილამაზეს" მთელი ღამის განმავლობაში... რა თქმა უნდა, ის მალე გააგდეს...
 
დიდება ღმერთს, რომ ჩვენში არ არიან სტრაუსები...
 
რიაზანის საავტობუსო გაჩერებებზე გამოკრულია განცხადებები ორგანიზებულ შემოსევებზე:
 
- მხცოვან ვლადიმირთან (ლოთობის სამკურნალოდ), სოფ. ...
 
- ბერ ილიოდორთან ეშმაკის განდევნაზე, მონასტერი ...
 
- მოგზაურობა მონასტრებში: დივეევო, კოლომნა, სანაქსარი - 4 დღე, 3 ღამე...
 
- მამაო იოანესთან რჩევისთვის ...
 
… ღირებულება ასეთი და ასეთი, დარეკეთ ამა და ამ ტელეფონზე ...
 
ახლა ვერც ერთი სავანე, ვერანაირ მიყრუებულ ადგილში ვერ დაემალება ტურისტებს. ყველგან მიწვდებიან და ყევლგან ჩაის დასალევად და ენის ჭარტალის მოსასმენად მიდიან. დიდება ღმერთს, რომ მათ გვერდი აუარეს ჩვენს მონასტერს, რომელიც რიაზანის კრემლის ცენტრშია განლაგებული. არ არის არც სასტუმრო სენაკები, არც ბერი-გიდი, არც პასქები, არც ორცხობილები მხცოვნებითურთ, არც წინასწარმეტყველებები, არც შელოცვები, არც წყაროები, არც ენოტები აქლემებითა და ალაბაებით (შუააზიური ნაგაზი - "აპოკ." რედ.). დიდება უფალს, განსაკუთრებით ალაბაებისა და სტრაუსებისთვის, რომ ისინი არ გვყავს. ტურისტები თაგვებივით დაძვრებიან მთელ სავანეში, მაგრამ ეს კიდეევ არაფერი. თვალში თითს მაინც არ გვატაკებენ. მთვრალებს კი კრემლის მილიცია დევნის.
 
რა თქმა უნდა, კრემლში მთელი გზა ქალაქური გართობებია. სიმღერებს მეგაფონში გაჰყვირიან მთელი ღვთისმსახურების განმავლობაში. და ეს ნორმა გახდა.
 
ტურისტებიდან უცხოელებს პირველი ადგილი უპყრიათ. მათ ურიგოდ იღებენ. "ჩვენ გვაინტერესებს, როგორ ლაპარაკობენ რუსები ღმერთზე... ეს წარმოუდგენელია... ჩვენ გვეგონა, რომ აქ წითელი დათვი დაბაჯბაჯებს წითელი დროშით ხელში".
 
და ამ უბედურებისგან არ არსებობს დაცვა. სიტყვა ბერი ტურისტებს სასაცილოდაც არ ჰყოფნით.
 
მონასტრული სივრცე ჩვენთან (ანუ რუსეთში - "აპოკ." რედ.) "ხალხის" მონაპოვრად მიიჩნევა. მაგრამ მონასტრების სული და ლოცვის დრო - რა თქმა უნდა, ამ "ხალხისთვის" სულაც არ არის მონაპოვარი, არამედ ზედმეტი ტვირთიას. ხან ახალდაქორწინებულები შამპანიურს ასხამენ საკურთხევლის სარკმლის წინ და ყვირიან: "Горько!" (კოცნის და მტლაშა-მტლუშის აღმნიშვნელი ტერმინი რუსულ ქორწილებში - "აპოკ." რედ.). ხან ბერებს მიშტერებიან ნახევრად ტიტველი გოგონები. მაგრამ ეს არაფერი იმასთან შედარებით, რაც დივეევოში ან სხვა "ბრენდულ" ტურობიექტებზე ხდება. ჩვენთან, რიაზანის გულში, შედარებით მეტად გვაქვს შენარჩუნებული შინაგანი სიმყუდროვე.



ტურისტები მონასტერთან
ფოტო აღებულია ღია ინტერნეტ წყაროებიდან
 
 
ერში სიმყუდროვეა, როგორც ტყეში, მონასტერში კი ხმაურია, როგორც ბაზარში
 
ცხოვრობდა ერთი ღვთისმოსავი კაცი. დადიოდა ქარხანაში ან კანტორაში. ჩუმად ცხონდებოდა. აჩრდილივით იყო. ყველას ეფერებოდა და ესალმებოდა. ყველაზე ლოცულობდა. დილით და საღამოს განაწესი ჰქონდა. მსახურებაზე სანთელივით იდგა. კანკელის წინ კი ღმერთს ჭვრეტდა. არსებითად, ეს ერისკაცი უხილავი ბერივით იყო. და უეცრად, რაღაცამ უკბინა და ჩააგონა: "წადი მონასტერში!!!" როგორც ჩეხოვის დებივით: "მოსკოვში, მოსკოვში, მოსკოვში!!!"
 
წავიდა მონასტერში და დაიწყო... რომელ ჭვრეტაზეა ლაპარაკი! ხან ტურისტები, ხან აქტივისტები, ხან ეპარქიის მდივანი... მშვიდობით გულის სიმყუდროვევ. მშვიდობით გონებით ლოცვავ. იყო მყუდროებაში და აღმოჩნდა ბაზარში. შემდეგ წავიდა - თვითონაც არ უწყის სად. თავში წარმოიდგინა წიგნური მონასტერი, აქ კი ... ხან კაცთა საერთო საცხოვრებელი ღვინით და მუშტი-კრივით სავანეში, ხან კიდევ მომლოცველთა უსასრულო და მომაწყინებელი ჩივილი. ეს სად მოხვდა?
 
ჯვარსახოვნად იწვა იატაკზე, ღელავდა გოდებამდე, ფიქრობდა ანგელოზური წესის აღებას და სამნეო ნაწილის გამგეობა მისცეს. გონებით ვერაფერს მიწვდა. მანტია, ჯვარი, საქმეები, სულში კი კატები ჩხავიან. აქ, მონასტერში ან უნდა გაკადნიერდე და გაუხეშდე, ან კიდევ მონასტრის ფანრები უნდა ამტვრიო ბოთლებით.
 
რა საჭიროა მონასტერში წასვლა, თუკი მთელი დღე ისე ხარ, თითქოსდა მოსფილმის გადასაღებ მოედანზე იყო? სახლში უფრო მეტი სიმყუდროვე იყო. ძველად მონაზვნები სპეციალურად ჯვალოთი იმოსებოდნენ, რომ შეუმჩნეველნი ყოფილიყვნენ, ახლა კი პოპ-ვარსკვლავებივით გახდნენ.
 
უიშვიათესი და უძვირფასესი - ზეციური კანდელი, რომელსაც ბერი ღვაწლსა და ჭვრეტაში, მსახურებასა და ღმრთითშთაგონებულ წიგნებში მოიპოვებს, იცვლება ტურისტების ლაყბობით და იაფფასიანი სამონასტრო სავაჭრო ჯიხურით.
 
 
ბერს არ გააჩნია ერის გადარჩენის ამოცანა
 
მონასტრის მომაბეზრებელ სტუმრობებში, სადაც არავინ გეძახის და გპატიჟებს, არის საშინელი სულიერი არადელიკატურობა და უპატივცემობა. ძვირფასი ქვების მოპარვა - ცოდვაა, ხოლო ბერის დროის მოპარვა - ორმაგი ცოდვა. მონასტერთა განაწესებში არაფერია ნათქვამი, რომ ამ ნახევრად-ანგელოზებს აქვთ ერის სწავლების დანიშნულება.
 
***
 
ჩვენი ბერები კი ხარობენ თავიანთი "განსაკუთრებული" გზით, თავი ანგელოზებად მოაქვთ... შედეგად? აცხოვნებენ თუ არა საკუთარ თავს? ერი კი მაინც ბნელი და გაუნათლებელი რჩება.
 
 
***
 
ერის განსწავლა - განსაკუთრებული ნიჭია. ის თვით ერში ხორციელდება: ეკლესიათა კათედრებზე, სამრევლოებში, სიტყვით და საქმით ქადაგებებში. ხოლო მონასტერი - ჩუმი ბაღია, რომელშიც უხილავად მწიფდებიან და იზრდებიან ზეციური ყვავილები. ბერის ამოცანაა არა ერის, არამედ საკუთარი თავის გადარჩენა. ანდა, როგორ უნდა იყონ ბერები ტურისტულ სავანეში? როგორ სულიერებას აკრეფენ ისინი ამ მწეველი, გარყვნილი და უსაქმური "მომლოცველებისგან"? ცხადია, თუ როგორს. და კრეფენ კიდევაც. რომელი მხცოვანი შეიძლება ჩამოყალიბდეს სავანეში, რომელიც ტურისტული ბიზნესის ნაწილია, - სასტუმროს, პლიაჟის და სუვენირების მაღაზიის გაგრძელებაა?
 
განა მონასტერი ის ადგილი უნდა იყოს, სადაც უფასოდ შეგიძლია "ტვინი ახადო" ადამიანს, რომელიც იძულებულია გისმინოს და ვერსად გაიქცევა, რადგან წასასვლელიც არსად აქვს?..
 
სულიერი ტურიზმი მისი დღევანდელი სახით - ეს სულიერი ცხოვრების ამაზრზენი სუროგატი და იმიტაციაა. მადლი გჭირდება? ემსახურე ცოლს, როგორც ქრისტეს. საშინელ სამსჯავროზე არავინ გკითხავთ რამდენჯერ იყავით ათონზე, არამედ იმას, თუ ვის რა სიკეთე გაუკეთეთ. გაიხსენეთ სიკვდილის ჟამი და საშინელი სამსჯავროს მთავარი კითხვა:
 
ღმრთის სასუფეველი თქვენშია, და არსად სხვაგან.
 
მაშ, რას ვეძებთ საკუთარ გულს გარეთ?

წყარო: Православие и мир.

თარგმანი: საიტი "აპოკალიფსისი". 2021 წ. 21 მაისი.
Назад к содержимому