საეკლესიო სამართალი - მოციქულთა კანონები 1-20 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
მოციქულთა კანონები
ქრისტეს მოციქულები


1. ზონარას, არისტინესა და ბალსამონის განმარტებები ნათარგმნია გამოცემიდან: Правила святых апостол и святых отец с толкованиями. Москва. 1876 г.

2. კანონთა ფორმულირებები და განმარტებები სლავური Кормчая-დან ("მესაჭე") ნათარგმნია იმავე გამოცემიდან.

3. კანონთა განმარტებები ბერძნული ΠΗΔΑΛΙΟΝ-იდან ("პიდალიონი" - "მესაჭე") ნათარგმნია გამოცემიდან: Пидалион. Том I. Правила Святых Апостолов. Изд. Александро-Невский Ново-Тихвинский  женский монастырь. 2019 г.
1

ეპისკოპოსი ხელდასხმული უნდა იყოს ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ.


ზონარა: ქიროტონიას დღეს ხელდასასხმელად არჩეულ კანდიდატისთვის წასაკითხ და მასზე  სულიწმიდის გარდამომწვევ ლოცვებს უწოდებენ, რადგან მღვდელმთავარი ხელის გაწვდენით აკურთხებს ხელდასასხმელს. მაგრამ ძველად ქიროტონიას თვით არჩევას უწოდებდნენ, რადგან, როდესაც ქალაქის მოსახლეობას მღვდელმთარვის არჩევის  ნება ეძლეოდა, შეკრებილთაგან ზოგნი ერთს უჭერდნენ მხარს, სხვები კი მეორეს. ამიტომაც, მრავლის მიერ არჩეულს უპირატესობა რომ ჰქონოდა, ამომრჩევლები, როგორც ამბობენ, ხელს იწვდენდნენ და მღვდელმთავარსაც ამ გაწვდენილი ხელების დათვლით აირჩევდნენ, ანუ ვინც ხმათა უმრავლესობას მიიღებდა, მღვდელმთავრადაც იმას აირჩევდნენ. აქედან არის აღებული ქიროტონიის სახელწოდებაც, რომელსაც იმავე აზრით იყენებდნენ კრების მამები, რა აზრითაც იყენებდნენ მას ძველად და ქიროტონიას არჩევას უწოდებდნენ. ლაოდიკიის კრების  მე-5 განწესებაში ნათქვამია: "ხელდასხმები არ უნდა მოხდეს მსმენელთა თანდასწრებით" - ქიროტონიები კი კრებამ უწოდა არჩევებს. მღვდელმთავრის ხელდასხმაზე  ჩვეულებისამებრ მრავალი იკრიბება, მაგრამ არჩევის დროს, ასარჩევი კანდიდატის წინააღმდეგ რაიმე ბრალდების წამოყენების გამო, ზოგიერთს ამ  ბრალდებათა გახმოვანებისას იქ ყოფნა და მოსმენა ეკრძალება. - ეპისკოპოსის ხელდასხმის უფლებას ეს კანონი აძლევს ორ ეპისკოპოსსაც; ხოლო ეპისკოპოსის არჩევის უფლებას პირველი კრების მეოთხე კანონი იმ ეპარქიის  ყველა ეპისკოპოსს განუწესებს, უკიდურეს შემთხვევაში სამს მაინც, თუკი  სხვები თავიანთ წერილობით თანხმობას განაცხადებენ ამ ხელდასხმაზე.

არისტინე:  ეპისკოპოსი ხელდასხმული უნდა იყოს ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ. ხოლო  ეპისკოპოსის არჩევაში სამ ეპისკოპოსზე ნაკლები არ უნდა მონაწილეობდეს, თუ ამ ღონისძიებაზე ეპარქიის ყველა ეპისკოპოსის შეკრებას რაიმე მიზეზი არ აბრკოლებს. ეძებე აგრეთვე, ნიკეის კრების მე-4, კართაგენის მე-13 და ანტიოქიის მე-19 კანონები.

ბალსამონი: მოციქულთა ეს კანონი ლაპარაკობს ქიროტონიაზე, რომელსაც ეკლესიაში მღვდელმთავარი აღასრულებს, პავლე მოციქული სიტყვისამებრ: "ჴელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხჳსა ცოდვათა" (1 ტიმ. 5:22) და არა ხელის გაწვდენით არჩევაზე, როგორც ძველად აკეთებდა ამას ქალაქის მოსახლეობა და როგორც ამბობდა ზოგიერთი, რომლებიც დაუწერელ გადმოცემას მისდევდნენ.  მართალია, ლაოდიკიის კრება თავის მეხუთე კანონში ბრძანებს, რომ ხელდასხმები არ უნდა მოხდეს მსმენელთა თანდასწრებით, რომლის გამოც ზოგიერთები ასკვნიდნენ, რომ ეს კანონი ლაპარაკობს არჩევაზე, მე მიმაჩნია, რომ ისინი ცუდად მეტყველებდნენ, რადგან ეკლესიაში ქიროტონიები მრავალთა თვალწინ, მაგრამ საიდუმლო ლოცვებით აღსრულდება. მეტიც, როდესაც ნიკეის კრების მეოთხე  კანონი განსაზღვრავს, რომ ეპისკოპოსის არჩევა აღესრულდება ეპარქიის ყველა,  უკიდურეს შემთხვევაში სამი ეპისკოპოსის მიერ, - თუკი სხვები, ასეთ შემთხვევაში, თავიანთ წერილობით თანხმობას განაცხადებენ, - მიკვირს, როგორ ამბობდა ზოგიერთი, რომ ეს კანონი, რომელიც ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ ეპისკოპოსის ხელდასხმაზე ლაპარაკობს, შეიცავს აზრს  მღვდელმთავრის არჩევაზე.
2

მღვდელი ხელდასხმული უნდა იყოს ერთი ეპისკოპოსის მიერ, ასევე დიაკონიც და სხვებიც სამღვდელო დასიდან.


ზონარა: მღვდლებისა და დიაკვნების არჩევისა და ხელდასხმის უფლებას ეს კანონი აძლევს ეპისკოპოსს, რომელსაც ხელდასმულები უნდა დაექვემდებარონ.

არისტინე: ერთ ეპისკოპოსს შეუძლია ხელი დაასხას მღვდელსა და დიაკონს. ნათელია.

ბალსამონი: თანამიმდევრულად გვეძლევა რა განწესებანი ქიროტონიების შესახებ, ეს კანონიც საფუძველს გვაძლევს წინამორბედი კანონი ეპისკოპოსთა ხელდასხმებს განვაკუთვნოთ და არა მათ არჩევებს. რადგან არ არის განწესებული მღვდელი, დიაკონი ან სხვა რომელიმე კლერიკოსი ჯერ აირჩიონ, შემდეგ კი ხელი დაასხან.
3

თუ  ეპისკოპოსი ან მღვდელი საკურთხეველზე მსხვერპლად შესწირავს უფლის მიერ განწესებულის გარდა სხვა რამეს, თაფლს, ან რძეს, ან ღვინის ნაცვლად თაფლუჭს  (მათრობელ სასმელს), ან ფრინველს, ან რომელიმე ცხოველს, ან ცერცვეულიდან რაიმეს ახალი ხორბლის თავთავის კონისა და ყურძნის გარდა, თავის დროზე, განიკვეთოს, რადგანაც არ არის ჯეროვანი საკურთხეველში სხვა რამის შეტანა, გარდა ზეთისა ასანთებლად და საკმევლისა წმიდა შესაწირავის დროს.


ზონარა: უფალმა, ასწავლა რა თავის მოწაფეებს უსისხლო მსხვერპლის აღსრულება, ამცნო მათ შეესრულებინათ იგი პურითა და ღვინით. ამიტომაც, მოციქულებმა აკრძალეს პურისა და ღვინის ნაცვლად საკურთხეველში სასმელის სხვა რომელიმე სახეობის  გამოყენება, მაგალითად, თაფლუჭისა. თაფლუჭად კი იწოდება ყოველივე, რაც ათრობს, გარეშე ღვინისა. ასეთია ადამიანების მიერ ხელოვნურად წარმოებული სასმელები, მაგალითად, არაყი, ან სხვა მსგავსი რამ. მოციქულებმა ნება დართეს მწიფე ყურძნის, ახალმოწეული ხორბლის თავთავებისა და მომწიფებული, ანუ საჭმელად ვარგისი ბოსტნეულის მოტანაც (რადგან ამაზე მიანიშნებს გამოთქმა: "თავის დროზე"); თუმც, ამათი შეწირვა ნებადართულია არა როგორც მსხვერპლისა, არამედ, როგორც პირველმოწეული ნაყოფისა. ნებადართულია ზეთის შეწირვაც, ასანთებად ნათლისა ჭეშმარიტი ნათლისა მიმართ და საკმევლისა წმიდა  შესაწირავის დროს. წაიკითხე აგრეთვე ტრულის კრების კანონები 28, 32, 57.

არისტინე: მღვდელი, რომელიც საკურთხეველში შესწირავს რძეს, თაფლს ან თაფლუჭს ან ცხოველებს და ბოსტნეულს - გარდა ახალმოწეული თავთავებისა, ყურძნისა, ზეთისა და საკმევლისა, დაემხოს თავისი პატივისგან.

ყოველივე ზემოთჩამოთვლილიდან ზოგიერთის შეტანა საკურთხეველში აკრძალულია იმიტომ, რომ ასეთია ელინური ჩვეულება, ზოგისა კი იმიტომ, რომ წესია იუდეველთა. ხოლო ახალი ნაყოფის, ბოსტნეულისა და ყურძნის შეწირვა უფლის მიმართ, როგორც სამადლობელისა, ნებადართულია.

ბალსამონი: ღვთაებრივმა მოციქულებმა, რომლებმაც აკრძალეს ძველაღთქმისეული სისხლიანი მსხვერპლი, როდესაც პირუტყვი იკვლებოდა, ყველას უფლის მიერ მოცემული უსისხლო მსხვერპლის აღსრულება ამცნეს
და განაწესეს იმ მღვდლის დამხობა, რომელიც ამის საწინააღმდეგოს მოიმოქმედებს. თაფლუჭად კი იწოდება ყოველივე, რომელიც ღვინის გარეშე იწვევს თრობას. როდესაც კანონი ამბობს: "ხორბლის თავთავის  კონისა და ყურძნის გარდა", არ იფიქრო, რომ მათი შეწირვაც ნებადართულია, არამედ, ესეც აკრძალულია. მაგრამ, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება მათი ეკლესიაში  მიტანა ვითარც შეწირულობისა და მიეცემა მღვდელს, როგორც მოწეული  პირველნაყოფი, რათა გვიკურთხოს და ვმადლობდეთ უფალს, რომელიც გვაძლევს პურს  ჩვენი არსობისა და ყოველივეს რაც ჩვენი სიცოცხლისთვის საჭიროა. ამიტომაც, ჩვეულებისამებრ პატრიარქთანაც მიაქვთ ყურძენი ვლაქერნის ღვთაებრივ ტაძარში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დასრულების შემდეგ. მე ვიცნობდი ერთ-ერთი მონასტრის პატიოსან იღუმენს, რომელიც დაამხეს თავისი პატივისგან იმისათვის, რომ ბოროტი ადამიანის შეგონებით ყველი და ხორცი შეიტანა საკურთხეველში, თითქოსდა მათით შესაძლებელი იყო მრავალ დაავადებათა განკურნება. ზეთი და საკმეველი საკურთხეველში მიაქვთ არა  სამსხვერპლოდ, არამედ ტაძრის გასანათებლად და ჭეშმარიტი ნათლისა და  ღმრთისადმი მადლობის აღსავლენად. წაიკითხე აგრეთვე VI მსოფლიო კრების 28 და  32-ე კანონები.
4

ხოლო სხვა ყველაფერი, პირველი ნაყოფები და ხილი,  უნდა გაეგზავნოს ეპისკოპოსსა და მღვდელს სახლში და არა საკურთხეველში.  ცხადია, ეპისკოპოსი და მღვდლები ამას გაუყოფენ დიაკვნებსა და ეკლესიის სხვა  მსახურებს.


ზონარა:  მწიფე ნაყოფი საკურთხეველში კი არ უნდა შეიტანონ, არამედ, ღმრთის სამადლობლად. ნაყოფის შეწირვის მსურველმა სახლში უნდა გაუგზავნოს ის ეპისკოპოსსა და მღვდელს, ხოლო მათ არა მარტო თავიანთთვის გამოიყენონ შემოწირულობა, არამედ კლერიკოსთა მთელ დასსაც დაუნაწილონ.

არისტინე: მწიფე ნაყოფს სახლში უგზავნიან ეპისკოპოსსა და მღვდელს; წინამძღვარნი კი მათ კლერიკოსებსაც დაუნაწილებენ.

ყურძნის გარდა, სხვა, პირველმოწეული მწიფე ნაყოფი საკურთხეველში კი არ უნდა  შეიწიროს, არამედ სახლში გაეგზავნოს ეპისკოპოსებსა და პრესვიტერებს, რომლებიც შემდეგ გაუყოფენ მათ დიაკვნებსა და სხვა კლერიკოსებს. ხოლო  ყურძენს, რომელიც ეკლესიაში მიაქვთ დანარჩენი ნაყოფებისგან განსხვავებით, ასეთი უპირატესობა იმიტომ აქვს, რომ მისგან იწურება ღვინო უსისხლო მსხვერპლშეწირვისთვის.

ბალსამონი: დააკვირდი, ამ კანონშიც  განწესებულია, რომ ტაძარში ეპისკოპოსს მიუტანენ ბოსტნეულსა და ყურძენს, როგორც პირველმოწეულ ნაყოფს; ხოლო სხვა დანარჩენს სახლში გაუგზავნიან, რათა მით ღმერთს ღირსეული მადლობა აღუვლინონ. ხოლო თუ როგორ შეიწირება წმინდათა  და გარდაცვლილთა სახელზე მიტანილი წანდილი, ანუ კორკოტი, რომელსაც  სხვადასხვა ნაყოფებითაც ამშვენებენ, შეიტყობ ათანასე დიდის სიტყვიდან  გარდაცვლილთა შესახებ. შენ კი იგულისხმე, რომ მოცემული კანონი აქეზებს ეპისკოპოსებს იზრუნონ თავიანთ კლერიკოსებზე და ეკლესიის შემოწირულობანი  მათაც შეარგონ.
5

ეპისკოპოსი,  მღვდელი, ან დიაკონი ნუ განიშორებს თავის მეუღლეს ღვთისმოსაობის  მომიზეზებით და თუ განიშორებს, თავი უნდა დაანებოს მღვდლობას. თუ განაგრძობს ამას, უნდა განიკვეთოს.


ზონარა: ძველად ცოლ-ქმრისთვის უმიზეზო გაყრა ნებადართული იყო და ეყრებოდნენ ერთმანეთს როდესაც მოესურვებოდათ; მაგრამ უფალმა, როგორც სახარებებში წერია, ეს უარყო. ამრიგად, უფლის მცნების თანახმად, მოციქულები კრძალავენ გაყრას. აქ ჯერ ხელდასხმულებზეა ლაპარაკი, რომელთაც განუწესებენ, რომ ხელდასხმული კლერიკოსი თუ განიშორებს თავის მეუღლეს ღვთისმოსაობის მომიზეზებით, უნდა  დაყენდეს მანამ, სანამ ისევ უკან არ დაიბრუნებს. ხოლო თუ არ დაიბრუნებს,  მაშინ სრულად უნდა დაემხოს პატივისგან, რადგან ასეთ შემთხვევაში კნინდება  ქორწინება, თითქოსდა საქორწილო თანაცხოვრება უწმინდურებას წარმოშობდეს; არადა წმიდა წერილი ქორწინებას წმიდას უწოდებს და ცოლ-ქმრის საწოლს კი  შეუგინებელს. კანონმა ახსენა ეპისკოპოსებიც, რომლებსაც ცოლები ჰყავდათ, რადგან იმ დროს, სჯულიერად დაქორწინებულ ეპისკოპოსებს თავიანთ ცოლებთან  ცხოვრების უფლება ჰქონდათ. ტრულის კრებამ, რომელსაც მეექვსესაც უწოდებენ,  მეოცე კანონით ეს აკრძალა. უმიზეზო განქორწინება სამოქალაქო კანონითაც აკრძალულია, თუმცა დაწესებულია გარკვეული მიზეზები რომელთა საფუძველზეც შესაძლოა მოხდეს კანონიერი განქორწინება.

არისტინე: მღვდელი, თუ მეუღლეს განიშორებს, განიკვეთოს; ხოლო ამის შემდეგაც თუ არ შეიწყნაროს, დაემხოს პატივისგან.

ვინმე  პრესვიტერი ან დიაკონი ნუ განიშორებს თავის მეუღლეს მოჩვენებითი ღვთისმოსაობის და არა საფუძვლიანი მიზეზის გამო, უნდა განეყენოს. ხოლო  განყენების შემდეგაც თუ არ გამოსწორდება, - დაემხოს თავისი პატივისგან. იხილე აგრეთვე ტრულის მეექვსე კრების კანონები 12 და 13, რომელშიც განიხილება იგივე საკითხი.

ბალსამონი:  მეექვსე მსოფლიო კრებამდე, რომელიც ტრულის სამეფო პალატებში ჩატარდა,  ეპისკოპოსებს უფლება ეძლეოდათ ჰყოლოდათ ცოლები საეპისკოპოსო ხარისხის მიღების შემდეგაც, როგორც ჰყავთ ცოლები, მაგალითად, მღვდლებსა და დიაკვნებს  მათი ხელდასხმის შემდეგ. ამრიგად, რადგან იუსტინიანეს 117-ე ნოველის გამოცემამდე, რომელიც მოთავსებულია ბასილიკონის 28-ე წიგნის მე-7  ტიტლოსში, ყოველ მსურველს უფლება ჰქონდა გაყროდა თავის მეუღლეს ყოველგვარ მიზეზს გარეშე, წინამდებარე კანონი განაწესებს, რომ ეპისკოპოსს, მღვდელს ან დიაკონს, უფლება არა აქვთ ღვთისმოსაობის მომიზეზებით გაეყარონ თავიანთ მეუღლეებს. ამ კანონის განწესებამ მღვდლებთან და დიაკვნებთან დაკავშირებით (რადგან ეპისკოპოსს, ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ, უკვე აღარა აქვს ცოლთან თანაცხოვრების უფლება) ძალა დაკარგა, რადგან ამჯერად, ყოველს, ვინც  უნდა იყოს ის, შეუძლია გაეყაროს თავის ცოლს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზთა გამო, რომლებიც ჩამოთვლილია ხსენებულ ნოველაში. კერძოდ: 1) რომელიმე მეუღლის შეთქმულება მეფის წინააღმდეგ; 2) ცოლის მრუშობა; 3) მეუღლეთაგან ერთის მიერ მეორის სიცოცხლის ხელყოფა; 4) თუ ცოლმა იქეიფა ქმრის ნების გარეშე ან ტანი დაიბანა უცხო მამაკაცებთან ერთად; 5) თუ ცოლმა ღამე გაათია ქმრის სახლის გარეთ, თანაც არა თავის მშობლებთან; 6) თუ ცოლი, ქმრისგან მალულად დაიარებოდა დოღზე; 7) თუ მეუღლეთაგან ერთ-ერთმა აირჩია მონაზვნური ცხოვრება და კიდევ სხვა მიზეზები, რომლებიც ჩამოთვლილია ამ ნოველაში.
6

ეპისკოპოსმა, მღვდელმა ან დიაკონმა საკუთარ თავზე არ უნდა აიღოს ამსოფლიური საზრუნავი; წინააღმდეგ შემთხვევაში სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს.
 
 
ზონარა. ჩამოთვლილ პირებს კანონის მიხედვით ეკრძალებათ საერო საქმეებისადმი შედგომა; რადგან კანონს სურს, რომ ისინი თავისუფლად ეწეოდნენ საღმრთო მსახურებას, და თავს უფლებას არ აძლევდნენ ჩაერიონ საერო საქმეებსა და სახალხო მშფოთვარებაში; თუ ასე არ აღასრულებენ, მაშინ უნდა დაემხონ. იგივეს განაწესებენ კრებათა სხვადასხვა განწესებები. სამოქალაქო კანონებიც უკრძალავენ სამღვდელო პირებს საერო საქმეებისადმი შედგომას და ნებას რთავენ მხოლოდ ობოლ ბავშვებზე მზრუნველობას, თუკი ისინი ამ საქმისთვის კანონიერად იქნებიან მოწოდებულნი.
 
არისტინე. საერო საზრუნავს შედგომილ მღვდელს, მღვდლობა ჩამოერთმევა.
 
არა აქვთ უფლება ეპისკოპოსს ან პრესვიტერს, ან დიაკვანს სამარცხვინო მონაგების გამო საკუთარ თავზე აიღონ საერო საზრუნავი, გარდა იმისა, როდესაც არასრულწლოვნებზე მზრუნველობისკენ კანონით იქნებიან მოწოდებულნი, ან სხვა რაიმე სახით მოუწოდებენ მათ აიღონ მზრუნველობა ქვრივებზე, ობლებსა და ავადმყოფებზე. იმის შემდეგ, რაც მათ გააფრთხილებენ დატოვონ საერო საქმეები, და არ შეისმენენ, არამედ კვლავ გააგრძელებენ თავიანთ საქმიანობას, უნდა დაემხონ პატივისგან.
 
ბალსამონი. მღვდელმსახურებზე, რომლებიც შედგომილნი არიან საერო სამსახურს, ჩვენ საკმარისად ვწერეთ წინამდებარე კრებულის (1) მე-8 ტიტლოსის მე-13 თავში. მაგრამ რადგან მოციქულთა ეს კანონი ამბობს, რომ კლერიკოსი, რომელიც ასე მოიქცევა, უნდა დაემხოს, ხოლო მოციქულთა 81-ე კანონი და სხვა კანონებიც ამბობენ: ან შეწყვიტოს ან დაემხოს, ვინმემ შეიძლება იკითხოს: რას უნდა მივდევდეთ? და მე ვფიქრობ, რომ იმ კანონს, რომელიც უფრო კაცთმოყვრულია; რადგან წმიდა სინოდი დიდ და უპატიოსნეს ეკონომოს არისტენს ოცდაათი დღის განმავლობაში შეახსენებდა თავი შეეკავებინა მოსამართლის საერო სამსახურისგან.
_______________
 
1. იგულისხმება ბალსამონის განმარტებები პატრიარქ ფოტიოსის ნომოკანონზე.
 
_______________
7

თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი  ბრწყინვალე აღდგომას ბუნიობის წინ იდღესასწაულებს იუდეველებთან ერთად, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს.
 
 
ზონარა. ზოგიერთი გაზაფხულის ბუნიობად მიიჩნევს 25 მარტს, სხვები კი - 25 აპრილს. მე კი ვფიქრობ, კანონი არც ერთს გულისხმობს და არც მეორეს. რადგან ხშირად პასექი იდღესასწაულება 25 აპრილამდეც, და ხდება, როდესაც მას 25 მარტამდეც ვდღესასწაულობთ, ასე რომ, (თუკი ასე გავიგებთ გაზაფხულის ბუნიობას) შეიძლება ისეც მოხდეს, რომ პასექი ამ კანონის საწინააღმდეგოდ იქნას ნაზეიმები. ამრიგად, როგორც ჩანს, პატივსაცემი მოციქულები გაზაფხულის ბუნიობას სხვა რაღაცას უწოდებენ. ამ კანონის მთელი მცნება კი შემდეგშია: ქრისტიანებმა პასექი არ უნდა იდღესასწაულონ იუდეველებთან ერთად, ანუ მათთან ერთად ერთსა და იმავე დღეს; რადგან ჩვენს პასექს წინ მათი არასაზეიმო ზეიმი უნდა უძღოდეს, და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა აღსრულდეს ჩვენი პასექი. მღვდელმსახური, ვინც ასე არ შეასრულებს სასულიერო პატივისგან უნდა დაემხოს. იგივე განსაზღვრა ანტიოქიის კრებამაც თავის პირველ განწესებაში, როდესაც თქვა, რომ პასექის ზეიმობის განსაზღვრება ნიკეის პირველი (მსოფლიო) კრების განსაზღვრებაა, თუმცა, ნიკეის კრების განწესებებში ასეთი კანონი არ მოიპოვება.

არისტინე. ვინც იუდეველებთან ერთად აღასრულოს პასექი დაემხოს. ნათელია.
 
ბალსამონი. ღვთაებრივ მოციქულებს არ სურთ პასექი იუდეველებთან ერთად ვიზეიმოთ, ამიტომაც განსაზღვრეს, რათა უფლის პასექი ჩვენში იუდეველთა სჯულიერი პასექის დადგომის შემდეგ აღესრულოს. ისინი პასექს გაზაფხულის ბუნიობის წინ ასრულებენ, ხოლო გაზაფხულის ბუნიობა დგება არა 25 ან 20 მარტს, როგორც ზოგიერთი ამბობს, ან კიდევ რომელიმე განსაზღვრულ დღეს, არამედ სხვადასხვა დროს, რადგან გაზაფხულის ბუნიობას მზისა და მთვარის წრიული გამოთვლებით ანგარიშობენ. მოსემ სჯულად დააწესა, რათა იუდეველებს პასექი, ანუ ბოროტებისგან გამოსვლა, ყოველწლიურად, ეგვიპტის მონობიდან დავდახსნის მოსაგონებლად აღესრულებინათ, და ის სხვა დროს არ აღესრულება, თუ არა გაზაფხულის ბუნიობამდე, როდესაც ახალმთვარეობა დგება, ანუ მარტის თვის მეთოთხმეტე დღემდე.
 
უფლის პასექს, ანუ ჩვენს გამოხსნას ეშმაკის ტყვეობიდან, ჩვენც ვზეიმობთ, რომელი გამოხსნაც ჩვენმა ღმერთმა ქრისტემ ჯვარზე თავისი ვნებით გვიბოძა. მაგრამ ჩვენ პასექს ვდღესასწაულობთ არა მაშინ, როდესაც იუდეველთა პასექი აღესრულება, არამედ მას შემდეგ, რაც გაზაფხულის ბუნიობა დადგება და პირველი თვის (მარტის) მე-14 დღე შესრულდება ან მარტის თვის პირველ მთვარეს, სწორედ ამ შვიდეულში, რადგან სწორედ მაშინ იყო ქრისტეს ვნება და მკვდრეთით აღდგომა. იხილე ასევე წმიდათა შორის მამის ჩვენის იოანე ოქროპირის მე-8 ჰმილია, რომელიც მან პასექზე დაწერა; ასევე კართაგენის კრების 73-ე განწესება და ის, რაც მასში პასექს ეხება.
8

თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან კრებულის სხვა წევრი, მსხვერპლშეწირვის დროს არ ეზიარება, დაე, მიზეზი წარმოადგინოს, და თუ იგი საპატიოა, შენდობილ იქნეს; იმ შემთხვევაში კი, თუ მიზეზი ვერ დაასახელა, საეკლესიო ერთობიდან განიკვეთოს, როგორც მორწმუნე ერისათვის ზიანის მომტანი და, თავისი საქციელით მწირველის მიმართ ეჭვის აღმძვრელი, რომ მან თითქოს მსახურება არასწორად აღასრულა.
 

ზონარა. კანონს სურს, რომ ყველანი ყოველთვის მზად და ღირსნი იყონ ზიარების მისაღებად, განსაკუთრებით კი მღვდელმსახურნი. ამიტომაც ამბობს, თუ ვინმე მათგან მსხვერპლშეწირვის დროს არ ეზიარებაო ან მიზეზი უნდა დაასახელოსო, და საპატიო თუ აღმოჩნდა, შენდობილ იქნასო, ხოლო თუ არ იტყვის, განიკვეთოსო. რადგან ამით ის მწირველი მღვდელმსახურის მიმართ ეჭვს აღძრავს, თითქოსდა არ სურდა მისგან ზიარების მიღება, რადგან მის მსახურებას თითქოს რაღაც აბრკოლებდა.
 
არისტინე. მღვდელმა, რომელიც არ ეზიარება, უნდა თქვას მიზეზი; თუ არ იტყვის, განიკვეთოს; რადგან მწირველის მიმართ ეჭვი აღძრა.
 
მღვდელი ან სხვა ვინმე სამღვდლო დასისგან, თუ არ ეზიარება და არ იტყვის მიზეზს, ასე რატომ იქცევა, დე განიკვეთოს, რადგან ეჭვს აღძრავს უსისხლო მსხვერპლის აღმასრულებელის მიმართ.
 
ბალსამონი. არავის სმენია, ეპისკოპოსი ან პრესვიტერი შესულიყოს საკურთხეველში, აღესრულებინოს მღვდელმსახურება და საღმრთო სიწმიდეებს არ ზიარებულიყოს. თუ ვინმე რამე ამდაგვარს იზამს, ის არა მარტო განკვეთილ უნდა იქნას, არამედ მკაცრადაც დაისაჯოს, თუკი არ დაასახელებს ყველაზე საპატიო და ცხად მიზეზს, რომელიც უბრკოლებდა მას საღმრთო სიწმიდის ზიარებას, რათა მისი ამ ქმედებისგან რამენაირი საცთური არ წარმოიშვას. მაგრამ დიაკვანთაგან ბევრი შეგვინიშნავს, რომლებიც შედიან საკურთხეველში და არათუ არ ეზიარებიან, სიწმიდეს ახლოსაც არ ეკარებიან. თუკი ვინმე მათგანი ხელით შეეხება სიწმიდეს და არ ეზიარება, წინამდებარე კანონის საფუძველზე განიკვეთება. ზოგიერთები ასე განმარტავდნენ ამ კანონს; სხვები კი ამბობენ, რომ ამ განწესებით განიკვეთება ყოველი მღვდელმსახური, ვინც არ ეზიარება, თუნდაც ის საკურთხევლის გარეთ იდრეს, რაც მეტად მძიმეა.
 
სხვა განმარტება. მე-8 და მე-9 კანონების შინაარსს ზოგიერთები თავისებურად განმარტავდნენ, ჩვენ სხვაგვარად. ამიტომაც, შევაჯამებთ რა ამ კანონებში ნათქვამს, ვამბობთ, სამღვდლო დასის წევრები და წმიდა საიდუმლოთა მსახურები, რომლებიც წირვის დროს არ ეზიარებიან, უნდა განიკვეთონ, თუ არ დაასახელებენ საპატიო მიზეზს. ხოლო ის მღვდელმსახურები, რომლებიც არ ეხებიან სიწმიდეს საკურთხეველში და ყველა ერისკაცი, ვინც არ იმყოფება ან არ რჩება ტაძარში წირვის დასრულებამდე და ღირსეულთა ზიარებამდე, როგორც უწესივრობის მოქმედი უნდა განიკვეთოს. ამბობენ, რომ ჩვენ ყველანი, მართალნი ერისკაცნი და მღვდელმსახურნი, რომლებიც არ ვეხებით სიწმიდეთ, წმიდა საიდუმლოთ ყოველთვის უნდა ვეზიარებოდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დავექვემდებარებით განკვეთას, მაგრამ ეს გაწესების საწინააღმდეგოცაა და შეუძლებელიც. ამიტომ მე-9 კანონში განსაზღვრულია იმ მართალთა დასჯა, რომლებიც ბოლომდე არ ესწრებიან წირვას, მაგრამ არ უმატებს: თუ არ ეზიარებიანო. ასე გაიგე ეს კანონიც ანტიოქიის კრების მეორე განწესების საფუძველზე.
9

ყველა მორწმუნე, რომელიც ეკლესიაში შედის, წმიდა წერილს ისმენს, მაგრამ ბოლომდე არ ესწრება ლოცვასა და წმიდა ზიარებას, როგორც ეკლესიაში უწესობის ჩამდენი, საეკლესიო თანაზიარობიდან განყენებულ იქნეს.
 
ზონარა. წინამდებარე კანონი ითხოვს, რათა წმიდა მსხვერპლის აღსრულების დროს, ყველანი ბოლომდე რჩებოდნენ ლოცვისა და ზიარების დასრულებამდე. რადგან მაშინ ერისკაცთ მოეთხოვებოდათ მუდმივი ზიარება. არსებობს სარდიკიისა და ტრულის კრების კანონები, ასევე ანტიოქიის კრების კანონი, რომლებიც განაწესებენ, რომ განკვეთას ექვემდებარება ის, ვინც ზედიზედ სამი კვირა დაესწრება ღვთისმსახურებას და არ ეზიარება. ამიტომაც წინამდებარე კანონი, როგორც უწესობის მოქმედთ, განკვეთს მათ, ვინც ლოცვების დასრულებასა და ზიარებას არ ესწრება. ანტიოქიის კრების მეორე კანონიც იგივეს ბრძანებს.
 
არისტინე. განკვეთე ის ვინც არ ესწრება ლოცვას და ზიარებას. განკვეთას უნდა დაექვემდებაროს ის, ვინც ეკლესიაში ბოლომდე არ დგას, არამედ ჯერ კიდევ წმიდა ლიტურგიის მიმდინარეობისას ეკლესიიდან გადის; რადგან ასეთი ეკლესიაში უწესობას ჩადის.
 
ბალსამონი. წინამდებარე კანონის განსაზღვრება მეტად მკაცრია. რადგან განკვეთს ეკლესიაში მისულთ, მაგრამ ბოლომდე არ დამსწრეთ და არ მოზიარეთ. მსგავსადვე განაწესებენ სხვა კანონებიც, რათა ყველანი მზად და ღირსეულ იყვნენ ზიარებისა, და განკვეთას უქვემდებარებენ მათ, ვინც სამი კვირის განმავლობაში არ ეზიარება.
10

ვინც საეკლესიო თანაზიარობიდან განყენებლთან ერთად ილოცებს, თუნდაც სახლში, თვითონაც განყენებით დაისაჯოს.

 
ზონარა. განკვეთილნი, რა თქმა უნდა ცოდვის გამო განიკვეთებიან. ამიტომ მათთან თანაზიარობა არავის უნდა ჰქონდეს. რადგან თანაზიარობა აჩვენებდა ზიზღს განმკვეთელისადმი ან ბრალდებას, თითქოსდა არასწორად განკვეთა. ამრიგად, ვინც საეკლესიო თანაზიარობიდან განყენებულთან ერთად ილოცებს, თუნდაც არა ეკლესიაში, არამედ სახლში, ისიც განკვეთას დაექვემდებარება. იგივეს ბრძანებს კართაგენის კრების მე-9 განწესება.
 
არისტინე. განყენებულთან ერთად მლოცველი იმავე მსჯავრს დაექვემდებაროს. ვინც მწვალებლებთან ერთად ილოცებს ეკლესიაში, ან სახლში მათსავით განკვეთილ იქნას.
 
ბალსამონი. გამოთქმა თანაზიარობიდან განყენებული ნიშნავს - განკვეთას. ამრიგად, ვინც განკვეთილთან ერთად ილოცებს, სადაც გინდ იყოს და როდესაც გინდ იყოს, თვითონაც უნდა განიკვეთოს. ეს დაწერილია მათთვის, ვინც ამბობს, რომ განკვეთილი გაგდებულია ეკლესიიდან და მაგრამ, თუკი ვინმე მასთან ერთად იგალობს სახლში, ან მინდორში, დამნაშავე არ იქნება. მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა ეკლესიაში ილოცებ განკვეთილთან ერთად თუ მის გარეთ. თუმცა, განკვეთილთან ლაპარაკი აკრძალული არ არის. წაიკითხე ასევე კართაგენის კრების მე-9 განწესება.
 
 
***
  
დამატებითი განმარტებები:
 
სლავური "კორმჩაია" (მესაჭე). განკვეთილთან ერთად მლოცველი, თვითონაც განიკვეთოს.
 
განმარტება: ვინც მწვალებელთან ერთად ილოცებს ეკლესიაში ან სახლში ილოცებს ეკლესიისგან განკვეთილებთან, თვითონაც განიკვეთოს.
 
 
ბერძნული "პიდალიონი" (მესაჭე). გამოთქმას თანაზიარობიდან განყენებული (κοιννητος) სამი მნიშვნელობა გააჩნია. ის მიანიშნებს (1) ან იმას, ვინც დგას ეკლესიაში და სხვა ქრისტიანებთან ერთად ლოცულობს, მაგრამ საღმრთო საიდუმლოებებს არ ეზიარება; (2) ან იმას, ვინც არ ეზიარება, არ დგას მართლებთან და არ ლოცულობს ეკლესიაში მათთან ერთად, არამედ განკვეთილია, ანუ გამოსულია ეკლესიიდან და არ მონაწილეობს საზოგადო ლოცვებში; (3) ან ნიშნავს ისეთ კლერიკოსს, რომელიც განკვეთილია კლერიკოსთაგან, მაგალითად: ეპისკოპოსი თავის თანა-ეპისკოპოსთაგან, პრესვიტერი თავის თანა-პრესვიტერთაგან ან დიაკვანი თავის თანა-დიაკვანთაგან და ა. შ.
 
მართლაც, ყოველი ვინც გაუცხოებულია თანაზიარობას (სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეკლესიაში მყოფ მართალთაგან განკვეთილია) ერთდროულად საიდუმლოთაგანაც განიკვეთება, მაგრამ საიდუმლოთაგან განკვეთილი ყოველთვის როდი განიკვეთება მართალთა კრებულისგან. ასე მაგალითად, კლერიკოსთა დასისგან დამხობილი (თანამოდასეთაგან განკვეთილია), ან სინანულში მყოფი - მართლებთან ერთად არ ეზიარება, მაგრამ არ გადის ეკლესიიდან კათაკმევლებთან ერთად.
 
წინამდებარე კანონში გამოთქმა თანაზიარობიდან განყენებული ნაგულისხმევია მეორე მნიშვნელობით. ამიტომაც ამბობს: ვინც საეკლესიო თანაზიარობიდან განყენებულთან ერთად ილოცებს, თუნდაც არა ეკლესიაში, არამედ სახლში, ვინც გინდ იყოს, - ღმრთისმსახური თუ ერისკაცი, დე მასავით განკვეთილ იქნეს ეკლესიისგან და ქრისტიანთა ლოცვისგან. რადგან ლოცვაში თანაზიარობა, რომელსაც ის განკვეთილთან ერთად აღასრულებს, თანაც მაშინ, როდესაც დანამდვილებით იცის, რომ ის განკვეთილია, შეურაცხყოფას აყენებს განმკვეთელს და ჩირქს სცხებს მას, როგორც უსამართლოდ მოქმედს (Пидалион. Том I. Правила Святых Апостолов. Изд. Александро-Невский Ново-Тихвинский  женский сонастырь. 2019 г. Стр. 203).
11
 
სამღვდელო კლირის წევრი, რომელიც კლირიდან განკვეთილ პირთან ერთად ილოცებს, თვითონაც განიკვეთოს.
(მოც. 28; ანტიოქ. 4; კართ. 10).
 
 
ზონარა. ზოგიერთ პატივაყრილს მხოლოდ მღვდელმოქმედება ეკრძალება, მაგრამ არ ეკრძალება მათთან (მღვდელმსახურებთან - "აპოკ." რედ.) ერთად თანაზიარობა ან ეკლესიაში ერთად დგომა; სხვებს კი პატივაყრასთან ერთად თანაზიარობაც ეკრძალებათ და განკვეთასაც ექვემდებარებიან. ამრიგად, ეს განწესება ან უნდა განიმარტოს ასე: ვინც პატივაყრილთან და ამავდროულად განკვეთილთან ერთად ილოცებს, თვითონაც უნდა განიკვეთოს; ან გამოთქმა: "ერთად ილოცებს" უნდა გავიგოთ "ერთობლივი მღვდელმსახურების" აზრით. რადგან მიუხედავად იმისა, რომ პატივაყრილი განკვეთილი არ ყოფილა, ვინც მასთან ერთად იმსახურებს თვითონაც პატივაყრილ უნდა იქნას.
 
არისტინე. პატივაყრილთან ერთად მლოცველი იმავე სასჯელს უნდა დაექვემდებაროს. ვინც ილოცებს ან იმსახურებს პატივაყრილთან ერთად თვითონაც პატივაყრილი უნდა იქნას.
 
ბალსამონი. ზოგიერთს აქ გამოყენებული გამოთქმა: "ერთად ილოცებს" ესმოდა "ერთობლივი მღვდელმსახურების" აზრით. მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, რადგან განწესება მოცემულია ყოველ კლერიკოსზე, და არა მარტო მღვდელზე. სხვები კი ამბობდნენ, რომ აქ პატივაყრილი განკვეთასაც ექვემდებარება, რის გამოც იკრძალება ლოცვა მასთან ერთად. ჩემი აზრით კი განწესების მიზანია დასაჯოს ყოველი კლერიკოსი, რომელიც ერთობლივად ილოცებს პატივაყრილ კლერიკოსთან, - როდესაც გინდ იყოს და რომელი კლერიკოსიც გინდ იყოს, - და პატივაყრის შემდეგ რაიმე მღვდელმსახურებას აღასრულებს. ამიტომ ისიც პატივაყრას უნდა დაექვემდებაროს; ამასთან, ვინც რომელიმე განკვეთილთან ერთად ილოცებს, ექვემდებარება არა პატივაყრას, არამედ განკვეთას, როგორც ამას ბრძანებს მე-10 კანონი.


***
 
დამატებითი განმარტებები:
 
სლავური "კორმჩაია" (მესაჭე). პატივაყრილთან მლოცველი, თვითონაც პატივაყრილ უნდა იქნას.
 
განმარტება. თუკი ვინმე ილოცებს, ანუ იმსახურებს ეპისკოპოსის მიერ პატივაყრილ პრესვიტერთან, თვითონაც პატივაყრილი უნდა იქნას.
 
 
ბერძნული "პიდალიონი" (მესაჭე). წინამდებარე განწესება შეიძლება განიმარტოს ორგვარად. თუკი გამოთქმაში "ერთად ილოცებს" იგულისხმება "ერთობლივი მსახურება", მაშინ განწესების მთელი აზრი მდგომარეობს შემდეგში: კლერიკოსი, რომელიც შეგნებულად იმსახურებს პატივაყრილ კლერიკოსთან ერთად, თვითონაც მასავით პატივაყრილ უნდა იქნას (ეს განმარტება უფრო სწორია). ხოლო თუ "ერთად ილოცებს" საკუთრივ ერთობლივ ლოცვაზე მიანიშნებს, მაშინ კანონის აზრი ასეთი იქნება: კლერიკოსი, რომელიც შეგნებულად ილოცებს იმ კლერიკოსთან ერთად, რომელიც არა მარტო დამხობილია სასულიერო წოდებიდან, არამედ თავისი დამხობის შემდეგ გაბედავს და კლერიკოსისთვის დამახასიათებელ რაიმე მღვდელმოქმედებას შეასრულებს, ან კიდევ, დამხობილ იყო რა ცოდვათა გამო კლერიკოსთა დასიდან, კვლავ იმავე ცოდვაში ჩავარდება და თან ეკლესიიდან და მართალთა ლოცვათაგანაც განკვეთილი იყო, - ამდაგვართან მლოცველ, ვიმეორებ, კლერიკოსს მასავით პატივი უნდა აეყაროს.
12

თუ საეკლესიო თანაზიარებიდან განყენებული კლირიკოსი, ან ერისკაცი, ან სასულიერო დასში მიღებისათვის უღირსი პირი, წავა და მას ხვა ქალაქში მიიღებენ წარმომადგენლობითი სიგელის გარეშე, განყენებულ იქნეს შემწყნარებელი და შეწყნარებულიც.

(მოც. 13,32,33; IV მსოფლ. 11,13; ტრულ. 17; ანტიოქ. 6,7,8,11; ლაოდ. 41,42; სარდიკ. 9; კართ. 23,106).


ზონარა. სიტყვა "ან" აქ არ უნდა განიმარტოს გამონაკლისის აზრით, რადგან ის აქ გამოყენებულია, როგორც განმყოფი. განწესება ორი კატეგორიის ადამიანებზე მსჯელობს: განკვეთილებსა და მიღებისთვის უღირს პირებზე; პირველად მიღებისთვის უღირს პირებზე მსჯელობს. ზოგიერთი კლერიკოსი, მაგალითად, წიგნისმკითხველი ან მგალობელი, დიაკვნად ან პრესვიტერად ხელდასხმის მიღებას ცდილობს. შესაძლოა ხელდამსხმელმა ეპისკოპოსმა, მათთან დაკავშირებული ვითარებების გამოკვლევისა და ზოგიერთი დამაეჭვებელი გარემოების აღმოჩენის შემდგომ, ხელდასხმისგან თავი შეიკავოს და ხელდასხმა გადადოს მანამ, სანამ მათზე აღძრული ეჭვები არ განქარდება. ამასობაში ხელდამსხმელზე განაწყენებული ხელდასხმის მოსურნენი მიმართავენ სხვა ეპისკოპოსს და მათ მიერ შეიწყნარებიან. სწორედ ამას კრძალავს მოცემული კანონი, და აწესებს, რომ ის, ვინც ხელდასხმის ღირსად არ ჩათვალა ერთმა ეპისკოპოსმა, არც სხვა ეპისკოპოსმა უნდა მიიღოს იმ ეპისკოპოსის წარმომადგენლობითი სიგელის გარეშე, რომელთანაც წარმოებდა მოკვლევა. წარმომადგენლობითი სიგელი კი ეძლევა კლერიკოსს, განკვეთილ ერისკაცს ან წიგნისმკითხველს, რომელიც სხვა ქალაქში მიემგზავრება და, რომლითაც იქაურ ეპისკოპოსს ეცნობება, რომ ისინი გახსნილნი არიან ეპითიმიებისგან, ანუ მართალნი არიან. ამის შესახებ უფრო ვრცლად არის ნათქვამი IV კრების 11-ე კანონში. თუკი ვინმე ასეთს მიიღებს, კანონი მიმღებსაც და მიღებულსაც განკვეთას დაუქვემდებარებს. წაიკითხე ანტიოქიის კრების მე-6 და ქალკიდონის კრების 13-ე კანონი.

არისტინე. ვინც სხვა ადგილას მიღებისთვის უღირსად მიჩნეულს მიიღებს, თვითონაც მიღების უღირსია.

თუკი ეპისკოპოსი ვინმეს ცხოვრებას იკვლევს, რათა გაიგოს არის თუ არა ის ღმრთის წმიდა ეკლესიაში მიღების ღირსი, და ამ დროს, როდესაც წარმოებდა მოკვლევა, ეს პიროვნება იქიდან წავა და სხვა ეპისკოპოსს მიმართავს, ის კი წარმომადგენლობითი სიგელის გარეშე, რომელიც ამ ადამიანის რწმენისა და ცხოვრების უბიწოებას დაადასტურებდა, შეიწყნარებს, ორივე, მისაღებიც და მიმღებიც უნდა განიკვეთონ.


***

დამატებითი განმარტებები:

ბერძნული"პიდალიონი" (მესაჭე): "თუ ვინმე კლერიკოსი ან ერისკაცი, რომელიც განკვეთილია ან უარყოფილია, წავა და მას სხვა ქალაქში მიიღებენ წარმომადგენლობითი სიგელის გარეშე, შემწყნარებელიც და შეწყნარებულიც განიკვეთონ".

(მოც. 32,33; IV მსოფლ. 11,13; VI მსოფლ. 17; ანტიოქ. 6-8, 11; სარდიკ. 7-9; ლაოდ. 41,42; კართ. 31, 97, 116).

განმარტება: სხვა არის - განკვეთილი, და სხვა - უარყოფილი. განკვეთილი განიშორება ეკლესიისგან და მართალთა ლოცვისგან, ხოლო უარყოფილი არ მიიღება მღვდელმთავრის მიერ, რასაც შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს. ამრიგად, მოცემული განწესება, რომელიც ორივეს ახსენებს, აქ მხოლოდ უარყოფილზე მსჯელობს. ამიტომაც ნაწილაკს "ან" სიტყვიდან "განკვეთილი" გააჩნია არა განმარტებითი, არამედ განმყოფი მნიშვნელობა, რომელიც ერთმანეთისგან მიჯნავს "განკვეთილსს" და "უარყოფილს" (1).

შედეგად, კანონი ადგენს: თუ კლერიკოსი ან ერისკაცი, მღვდელმთავრისგან უარყოფის შემდეგ, წავა სხვა ქალაქში და იქ მიღებულ იქნება ადგილობრივი მღვდელმთავრის მიერ, თუნდაც არ გააჩნდეს წარმომადგენლობითი სიგელი თავისი მღვდელმთავრისგან, რომელიც დაამოწმებმდა მათ რწმენას, ცხოვრებას, ხელდასხმას, განსაკუთრებით კი მათი რეპუტაციის შემლახავ ბრალდებებს (2), განკვეთილ იქნან მათი მიმღები მღვდელმთავარიც, და ისინიც, ვინც ამგვარად იქნენ მიღებულნი. მღვდელმთავარი იმიტომ, რომ კანონის საწინააღმდეგოდ წარმომადგენლობითი სიგელის გარეშე მიიღო ისინი; ხოლო ესენი იმიტომ, რომ არ იზრუნეს მიეღოთ წარმომადგენლობითი სიგელები, რომლებიც მათ სუფთა რეპუტაციას დაადასტურებდნენ; ან კიდევ იმიტომ, რომ, მოატყუეს ეპისკოპოსი და მიღებულ იქნენ (ერისკაცი შეიძლება უარყოფილ იქნას იმ მიზეზით, რომ თავისი მღვდელმთავრისგან დადანაშაულებულია რაიმე გადაცდომაში, ხოლო კლერიკოსი - იმ მიზეზით, რომ ცდილობდა ხელდასხმის მიღებას, როდესაც მღვდელმთავარი, რომელმაც მასთან დაკავშირებული ცნობები შემოიკრიბა, იპოვა მისი ხელდასხმისთვის დამაბრკოლებელი გარემოებები).


შენიშვნები ("პიდალიონიდან"):

1. ნათელია, რომ მოციქულთა 10-ე და 11ე კანონებში იგულისხმებიან საეკლესიო თანაზიარობიდან განკვეთილი და სასულიერო წოდებისგან პატივაყრილი პირები, რომლებიც იმავე საეპისკოპოსო ოლქში რჩებიან, რომლებშიც განკვეთილ იქნენ. წინამდებარე კანონში კი - იგულისხმებიან განკვეთილები, რომლებიც წავლენ სხვა საეპისკოპოსო ოლქში.

2. კლერიკოსები, რომლებიც ერთი ადგილიდან გადადიოდნენ სხვა ადგილზე, ჩვეულებისამებრ იღებდნენ სამი სახის სიგელს. ორი სახის სიგელს იღებდნენ ისინი, ვისაც ჰქონდათ უბიწო რეპუტაცია. მათგან ერთი იწოდებოდა საკონსულო სიგელად, რადგან აჩვენებდა, თუ რომელი კონსულის დროს და რომელ დღეს იყო კლერიკოსი ხელდასხმული (იხ. კართაგ. კრების 97-ე კან.); მას ხელს აწერდა მღვდელმთავარი და საჭირო იყო იმისთვის, რათა ნათელი ყოფილიყო ხელდასხმის წესრიგი: ვინ იყო ადრე ხელდასხმული და ვინ გვიან; ხოლო მეორე სახის სიგელი იწოდებოდა სამშვიდობო ან განსატევებელ სიგელად. ის აჩვენებდა, რომ კლერიკოსები იყვნენ დათხოვნილნი (გაშვებულნი) და არ ეკრძალებოდათ კლერიკოსის ხარისხის შესაბამისი მსახურების შესრულება იქ, სადაც მიდიოდნენ (იხ. ანტიოქ. 7 და 8, VI მსოფლ. 17 და კართაგ. 31).

ამ ორი სიგელის გარდა მესამე სახის სიგელს იღებდნენ ის კლერიკოსები, რომელთაც გააჩნდათ მათი რეპუტაციის შემლახავი ბრალდებები, მაგრამ შემდგომში გამართლებულნი იქნენ. ის იწოდებოდა წარმომადგენლობით, ანუ კანონიკურ სიგელად, რადგან წარადგენდა მათ, აღუდგენდა რა კეთილ სახელს და შელახულ რეპუტაციას (იხ. ლაოდიკ. 41, ანტიოქ. 8, განსაკუთრებით VI მსოფლ. 11 და წინამდებარე მოც. 12-ე კანონები). ის, ვინც იღებდა სამშვიდობო, ანუ განსატევებელ სიგელს, უკვე აღარ საჭიროებდა საკონსულო ან წარმომადგენლობითი სიგელის მიღებას. ხოლო ის, ვინც წარმომადგენლობით ან საკონსულო სიგელს იღებდა, ვალდებული იყო მათ გარდა კიდევ განსატევებელი სიგელიც აეღო. სწორედ ამიტომ ღვთაებრივი ოქროპირი (11-ე ჰომილია ებრაელთა მიმართ ეპისტოლეზე; 11-ე ჰომილია ეფესელთა მიმართ ეპისტოლეზე) ამბობს: "საჭიროა, რათა მღვდლები ამოწმებდნენ უცხო კლერიკოსებსა და მღვდელმსახურებს, რომლებიც მათ საეპისკოპოსო ოლქში სტუმრობენ, თუკი ისინი თავს კლერიკოსებსა და მღვდლებს უწოდებენ. რადგან უსაფრთხო როდია მათთან ურთიერთობა და მათი შეწყნარება შემოწმების გარეშე; და, როგორც მართავენ დავას და გამოიკვლევენ, ნამდვილად მართლმადიდებელნი არიან თუ არა, ასევე გამოკვლეულ უნდა იქნას, ნამდვილად ხელდასხმული მღვდლები არიან თუ არა ისინი. რადგან არ არის სულერთი: იქნები თუ არა თანაზიარობაში მათთან, ვინც ნამდვილად მღვდელია ან მათთან, ვინც ასე მხოლოდ თავს უწოდებს, მაგრამ მღვდელი არ არის; რადგან თუკი განურჩევლად დავიწყებთ ყველას მიღებას, ეკლესიის საქმეები გადმოყირავდება. თუმცა, თუკი სხვა ადგილას გადასულები ეძებენ ეძებენ მხოლოდ სარჩოს და ხელმძღვანელობას, როგორც ღატაკნი, მღვდელმთავარმა არ უნდა გამოჰკითხოს მას ამგვარ საგნებზე" (Ioan. Chrysost. Hom. in Hebr. 11.4 // PG 63, 96; Hom. in Eph. 11.5 // PG 62, 86).

მიაქციე ყურადღება, რომ კართაგენის კრების 31-ე (23 (32)-ე - "აპოკ." რედ.) კანონის მიხედვით განტევების სიგელს თავიანთი მიტროპოლიტებისგან იღებდნენ გამგზავრების მოსურნე ეპისკოპოსებიც. გარდა ამისა, ღატაკნი იღებდნენ სამშვიდობო სიგელებს, რათა IV მსოფლ. კრების 11-ე კანონის მიხედვით ევლოთ მოწყალების მოსაკრეფად. ეპისკოპოსთა სიგელები ეგზავნებოდათ ასევე იმპერატორებს და კარის არხონტებს, კერძოდ, "სავედრებელი სიგელები" ობოლთა, მიუსაფართა და ღარიბთა შეწევნისათვის და სარდიკიის კრების 7-9 კანონების მიხედვით მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის. ხოლო ეპისკოპოსებს, პრესვიტერებს და კლერიკოსებს, რომლებიც მიემგზავრებოდნენ იმპერატორთან, უნდა ჰქონოდათ სამიტროპოლიო ოლქის ყველა ეპისკოპოსისგან გაცემული სიგელი, განსაკუთრებით კი - მიტროპოლიტისგან, ანტიოქიის კრების 11-ე კანონის მიხედვით. "ეს სიგელები, - ნათქვამია "არმენოპულოსში", - იწოდებიან სამშვიდობო ეპისტოლეებად" (Краткое изложение правил. Разд. 3, тит. 2). ზემოთ კი ნათქვამი იყო, რომ წარმომადგენლობითი სიგელები უნდა მოწმობდნენ სარწმუნოებაზეც; და აი, რატომ: რადგან არიანელებმა შეცვალეს ნათლისღების წესი და, როგორც კედრენე* ამბობს, დაიწყეს წარმოთქმა: "სახელითა უმეტესითა მამისათა და უმცირესითა ძისათა და უქვემოესითა სულიწმიდისათა", ასევე, შეცვალეს დიდებისმეტყველება: "დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა", და დაიწყეს თქმა: "დიდება მამასა ძის მიერ სულიწმიდაში" – და მართლმადიდებლობის ნიღბით აცთუნებდნენ მრავალთ, მართლმადიდებლები რომ არ მოტყუებულიყვნენ, დაწესდა წარმომადგენლობითი სიგელების დაწყება შემდეგნაირა: "მ. ძ. ს. წ.", ანუ "მამა, ძე, სული წმიდა". საქმეის გადმოცემის შემდეგ კი სიგელი იბეჭდებოდა სიტყვით "ამინ".

________________

* გიორგი კედრენე (ბერძ. Γεώργιος Κεδρηνός) — XI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი, ავტორი თხზულებისა „ისტორიული მიმოხილვა“ (ბერძ. Σύνοψις ίστοριών), რომელიც მოიცავს მსოფლიოს ისტორიას ქვეყნის დასაბამიდან 1059 წლამდე. – "აპოკ." რედ.
________________

ასევე მიაქციე ყურადღება, რომ არსებობდა ჩვეულება ახალხელდასხმულ პატრიარქთათვის გაეგზავნათ და მათგანაც მიეღოთ სამი სახის სიგელი (ეპისტოლე), რომელთაც კრებით და ურთიერთმოსაკითხ სიგელს უწოდებდნენ და, რომლებითაც დასტურდებოდა მათი ხელდასხმები. კრებითად იწოდებოდნენ ეპისტოლეები (სიგელები), რომელთაც ყოველი პატრიარქი უგზავნიდა სხვა პატრიარქებს და, რომელშიც ის აღიარებდა საყოველთაო ეკლესიის თანხმიერ მართლმადიდებლურ რწმენას. სიგელები ასე იმიტომ იწოდებოდნენ, რომ კრებითად იწერებოდა. ურთიერთმოსაკითხ სიგელებს წარმოადგენდნენ იმგვარი ეპისტოლეები, რომლებშიც პატრიარქი ითხოვდა, რათა სხვა პატრიარქებს პასუხად გამოეხატათ თავიანთი თანხმობა მათ ქიროტონიაზე. ხოლო ხელდასხმის სიგელები - ეს ისეთი ეპისტოლეებია, რომლებსაც ადგენდნენ პატრიარქის აღსაყდრების დროს. მათ დღეს მისასალმებელ სიგელსაც უწოდებენ (იხ. დოსითეოსი**. თორმეტწიგნეული. გვ. 468).

________________

* დოსითეოს II ნოტარასი. იერუსალიმის პატრიარქი (ბერძ. Πατριάρχης Δοσίθεος Β΄ Νοταράς) (1641-1707) — XI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი, ავტორი თხზულებისა „ისტორიული მიმოხილვა“ (ბერძ. Σύνοψις ίστοριών), რომელიც მოიცავს მსოფლიოს ისტორიას ქვეყნის დასაბამიდან 1059 წლამდე. – "აპოკ." რედ.
________________
13

ხოლო თუ განყენებული იყო, სასჯელი გაუგრძელდეს, როგორც ცრუსა და ღვთის ეკლესიის მომატყუებელს.


ზონარა. წინა განწესება ლაპარაკობს მიღების უღირს, მაგრამ ჯერაც ხელდაუსხმელ და არაგანკვეთილზე; ხოლო წინამდებარე კანონი განსაზღვრავს უკვე ხელდასხმულზე და განკვეთილზე, რომელიც, განკვეთის შემდეგ, გულგამწყრალი, მივიდა სხვა მღვდელმთავართან და მან ის შეიწყნარა, რადგან არაფერი იცოდა მისი განკვეთის შესახებ. კანონი ამდაგვარ დამრღვევს სასჯელს უგრძელებს.

არისტინე. არ არის მიღების ღირსი ის, ვინც დამალავს თავის განკვეთას. თუკი ვინმე განკვეთილი იყო თავისი ეპისკოპოსის მიერ და წავა სხვა ეპისკოპოსთან, დამალავს, რომ განკვეთილი იყო და ეპისკოპოსი მას მიიღებს, განკვეთილს სასჯელი უნდა გაუგრძელდეს, რადგან მან მოატყუა ღმრთის ეკლესია.

ბალსამონი. სხვა არის - განკვეთილი, და სხვა - მიღების უღირსი, ანუ ისეთი, რომელიც ეპისკოპოსმა რაიმე თანამდებობაზე უნდა მიიღოს, რადგან განკვეთილს საეკლესიო შესაკრებელში შესვლა ეკრძალება; ხოლო მიღების უღირსი მრავალი მიზეზის გამო ხდება მიუღებელი. სიტყვა: "ან" აქ დგას როგორც განმყოფი, როგორც ეს დასტურდება მე-13 კანონით, რომელიც ამბობს: "თუ საეკლესიო თანაზიარებიდან განყენებული" და ა. შ. ამრიგად წინამდებარე (12-ე და 13-ე) კანონები ამბობენ, რომ ის, ვინც რაიმე საეკლესიო ხარისხში მიღების უღირსად აღიარებულს თავისი ეპისკოპოსის წარმომადგენლობითი სიგელის გარეშე მიიღებს, უნდა განიკვეთოს. თუკი მიღებულ იქნება არა მიღების უღირსი, არამედ განკვეთილი, მაშინ ამდაგვარის მიმღებიც უნდა განიკვეთოს, ხოლო განკვეთილს სასჯელი გაუგრძელდეს. იხილე ასევე IV კრების. 11-ე, ანტიოქიის მე-6 და ქალკედონის 13-ე.


***

დამატებითი განმარტებები:

ბერძნული"პიდალიონი" (მესაჭე): ხოლო თუ განყენებული იყო (1), სასჯელი გაუგრძელდეს, როგორც ცრუსა და ღვთის ეკლესიის მომატყუებელს.

განმარტება: წინამდებარე კანონი გაერთიანებულია მე-12 კანონთან როგორც აზრით, ასევე მსჯელობის წყობითა და ენით. წინა განწესება, როგორც უკვე ვთქვით, მსჯელობს უარყოფილ კლერიკოსზე ან ერისკაცზე, ხოლო ეს მსჯელობს განკვეთილ კლერისკოსზე ან ერისკაცზე, კერძოდ: თუკი კლერიკოსი ან ერისკაცი, რომლებიც მოკვეთილ იქნებიან თავიანთი მღვდელმთავრის მიერ, წავლენ სხვა ადგილას, დამალავენ და არ აღიარებენ, რომ ის განკვეთილია, და ამის გამო მიღებულ იქნება ადგილობრივი მღვდელმთავრის მიე4რ (რომელმაც არ იცოდა ამ განკვეთის შესახებ), ამდაგვარს სასჯელს უხანგრძლივებს, რადგან მან მოიტყუა ეკლესიის წინაშე და დასცინა, როგორც მას, ასევე იმ ადგილის მღვდელმთავარს.


შენიშვნები ("პიდალიონიდან"):

1. სხვა კოდექსებში წინამდებარე კანონი აქ მთავრდება, შემდგომი სიტყვები არ არის.
14

ეპისკოპოსს არა აქვს უფლება თავისი ეპარქია დატოვოს და სხვაგან გადავიდეს, თუნდაც ამაში ბევრი ვინმე არწმუნებდეს. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამას რაიმე საპატიო მიზეზი აიძულებს, როცა შეუძლია დიდი სარგებელი მოუტანოს იქაურ მრევლს ღვთისმსახურების სიტყვით, და ეს უნდა გააკეთოს არა თვითნებურად, არამედ მრავალი ეპისკოპოსის გადაწყვეტილებითა და თავისი ღრმა რწმენით.


ზონარა. სხვადასხვა კრებითი კანონები ეპისკოპოსებს თავიანთი ეკლესიებიდან სხვა ეკლესიებში გადასვლას უკრძალავენ და განუწესებენ იმ ეკლესიაში დარჩენას, რომელმაც ის მიიღო, რათა ამან უთანხმოება არ წარმოშვას. არ უნდა ვიფიქროთ კანონები ურთიერთგამომრიცხავ განკარგულებებს იძლეოდნენ. ზოგიერთი კანონი ეპისკოპოსს უწესებს არ შეიცვალოს ეკლესია და უკრძალავს ამას; ხოლო წინამდებარე კანონი საპატიო მიზეზით, დიდი სარგებლობისთვის სხვა ეკლესიაში ეპისკოპოსის გადასვლაზე მსჯელობს. შესაძლოა რომელიმე ეკლესიის ეპისკოპოსი არც ისე დახელოვნებული მქადაგებელი იყოს, ხოლო მოწვეულს მჭევრმეტყველება და მოხდენილი ქადაგება ახასიათებდეს, რის გამოც შესაძლოა მისი მიწვევა იმ ქალაქში აუცილებელი გახდეს. მაგრამ კანონის მიხედვით, ასეთ შემთხვევაშიც კი ეპისკოპოსმა ეს თვითნებურად არ უნდა გააკეთოს, არამედ მრავალ ეპისკოპოსთა კრებითი მოწოდებით. ამრიგად, კრებათა კანონები ეპისკოპოსს თავისი ოლქიდან სხვა ოლქში გადაბარგებას და მისი მმართველობის მიტაცებას უკრძალავენ, თუნდაც ის ეკლესია დაქვრივებული იყოს. ასე განაწესებს ანტიოქიის კრების 16-ე კანონი. ხოლო მოციქულთა წინამდებარე განწესება ეპისკოპოსს უკრძალავს სხვა ოლქში საქადაგებლად და იქაური ხალხის დასამოძღვრად დროებით გადასვლას, და მაშინაც კი ეს არა თვითნებურად, არამედ მოწოდებითა და რწმენით უნდა გააკეთოს.

არისტინე. ნუ გადახვალ საყდრიდან საყდარზე. იქაურ ქრისტიანთათვის, როგორც უკეთ დამმოძღვრელი, თავს თუ სასარგებლოდ ჩათვლი, ესეც მრავალ ეპისკოპოსთა განსჯითა და დარწმუნებით უნდა გააკეთო. ეპისკოპოსმა არ უნდა მიატოვოს თავისი ოლქი და სხვა საყდარს მიაშუროს, თუ ის გამოცდილი ქადაგი არ იქნება და იქაურ ქრისტიანთა მიერ უფრო სასარგებლოდ არ იქნება მიჩნეული; და ესეც კი მრავალ ეპისკოპოსთა განსჯითა და დარწმუნებით უნდა გააკეთოს. თუმცა, ამ კანონმა ძალა დაკარგა, რადგან ანტიოქიის კრების 16-ე კანონი დასაშვებად მიიჩნევს ამგვარ გადასვლას მხოლოდ სრული კრების, მიტროპოლიის ეპისკოპოსთა თანდასწრებითა და დამტკიცებით. მაგრამ ეპისკოპოსს, რომელსაც თავისი ეკლესია გააჩნია სხვა ქალაქში გადასვლის არანაირ უფლებას არ აძლევენ არც ანტიოქიის კრების 21-ე, არც ნიკეის კრების 15- და არც სარდიკიის კრების 1-ლი კანონები.

ბალსამონი. წინამდებარე 14-ე კანონის განსაზღვრებით ეპისკოპოსს არა აქვს თავისი ოლქიდან სხვა ოლქში გადასვლის უფლება, თუნდაც ამას იქ მყოფი ხალხის სასარგებლოდ აკეთებდეს და სხვა ოლქის ხალხი სთხოვდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარ რამეს კრებითი დავალებით აღასრულებს. ხოლო ანტიოქიის კრების 16-ე კანონი ამბობს, რომ უნდა დაემხოს ის, ვინც მიიტაცებს უეპისკოპოსო ეკლესიას სრული კრების თანხმობის გარეშე. შენ კი უწყოდე, თუმც წინამდებარე მოციქულთა 14- კანონი არ სჯის იმას, ვინც ასწავლის თავის საზღვრებს გარეთ, სხვა განწესებები პატივისგან ამხობენ მათ, ვინც საკუთარ საზღვრებს გარეთ რაიმე საეპისკოპოსოს აღასრულებს. ხოლო მეფის განკარგულებით საკუთარ ფარგლებს გარეთ გამგებლობა დასაშვებია. თუმცა, როდესაც ერთი მიტროპოლიტი დაადანაშაულეს მისდამი დაქვემდებარებულ სხვადასხვა საეპისკოპოსოებში ქადაგებისთვის, რადგან ამის შესახებ არაფერი უწყოდნენ ადგილობრივმა ეპისკოპოსებმა, თავს იმით იმართლებდა, რომ ამაში ვერავითარ დარღვევას ვერ ხედავდა. მისი თქმით ეს ეპისკოპოსები მისი ხელისუფლების ქვეშ იმყოფებოდნენ, ამიტომაც, წინამდებარე კანონით ამდაგვარს სასჯელი არ უნდა დაედოს და სხვა ეპარქიებში ქადაგება და განკარგულებების გაცემა შესაძლოა მხოლოდ საეპისკოპოსო მსახურების უფლებამოსილებაც არ იყოს; მაგრამ ამგვარი განმარტება დიდმა კრებამ არ მოიწონა. ამრიგად, შენიშნე წინამდებარე 14-ე კანონში ნათქვამი და დაამატე მას ტრულის კრების 20-ე კანონის განწესება ეპისკოპოსზე, რომელიც სხვის ფარგლებში ასწავლის და ორივე კანონი ერთმანეთს შეათანხმე.

სხვა განმარტება. წინამდებარე 14-ე კანონიდან ჩანს, რომ იგმობა ეპარქიიდან ეპარქიაში ეპისკოპოსის ბოროტგანზრახული გადასვლა; მაგრამ ნებადართულია გადაადგილება, რომელიც კეთილი მიზნით, საპატიო მიზეზით, ღვთისმოსაობის განმტკიცებისთვის და მრავალ ეპისკოპოსთა დარწმუნებით აღსრულდება. ზოგიერთები ამბობენ, რომ წინამდებარე კანონით ნებადართულია ეპისკოპოსის გადაადგილება, ოღონდ კანონიდან ჩანს, რომ ეს მხოლოდ ეპისკოპოსის დროებითი მოწოდებაა სწავლა-მოძღვრების საქადაგებლად; ასეთებმა დაე ისმინონ: რის საფუძველზე ამტკიცებენ ამას, როდესაც კანონი მსგავს არაფერს ამბობს? შემდეგ, რა სარგებლობას ნახავს დაქვრივებული ეკლესიის მრევლი იმ ეპისკოპოსის სწავლებისგან, რომელიც იქ ერთხელ ან ორჯერ, ან კიდევ მთელი წელიწადი ასწავლის, თუკი არანაირ სხვა სამღვდელმთავრო მსახურებას არ აღასრულებს და, მისი ამგვარი მოწოდება მრავალ ეპისკოპოსთა დარწმუნებისგან მომდინარეობდეს? თუკი მოწოდებული მღვდელმთავრის უფლებიდან გამომდინარე არ იქადაგებს, მაშინ არც მრავალ ეპისკოპოსთა დარწმუნებაა საჭირო; რადგან ერთსაც შეუძლია ღვთისმოსაობის ქადაგება. ვინც საწინააღმდეგოს ამტკიცებს, ის დაადანაშაულებს დიდ გრიგოლ ღვთისმეტყველს, და წმიდა პროკლეს, ასევე სხვა საყდრებს კონსტანტინოპოლსა და საპატრიარქო საყდრებზე, როგორც უღირსად მსახურებს გადაადგილების შემდეგ, რისი დაშვებაც მიუღებელია.

***

დამატებითი განმარტებები:

ბერძნული"პიდალიონი" (მესაჭე): ეპისკოპოსს არა აქვს უფლება თავისი ეპარქია დატოვოს და სხვაგან შეიჭრას, თუნდაც ამაში ბევრი ვინმე არწმუნებდეს. ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ამას რაიმე საპატიო მიზეზი აიძულებს, როცა შეუძლია დიდი სარგებელი მოუტანოს იქაურ მრევლს ღვთისმსახურების სიტყვით, და ეს უნდა გააკეთოს არა თვითნებურად, არამედ მრავალი ეპისკოპოსის გადაწყვეტილებითა და თავისი ღრმა რწმენით.

განმარტება: სხვა არის სხვისი საეპისკოპოსო ოლქში შეჭრა და მისი მიტაცება, და სხვა - გადაადგილება თუ გადასვლა ერთი საეპისკოპოსო ოლქიდან სხვაში (1). მიტაცება გამოიხატება იმაში, რომ მღვდელმთავარი, რომელიც მისდევს ანგარებით მიზნებს, თვითნებურად ტოვებს საკუთარ საეპისკოპოსო ოლქს (ან, თუ არ გააჩნია საკუთარი ოლქი და დარჩენილია უქმად (*) და განუკითხავად იტაცებს სხვას, რაც სარდიკიის კრების 1-ლი და მე-2 კანონებით იგმობა და ექვემდებარება კანონიკურ ეპითიმიებს. ხოლო გადასვლა მდგომარეობს იმაში, რომ ეპისკოპოსი დიდი საჭიროების და ღვთისმოსაობის განმტკიცების მიზნით, ასევე მრავალ ეპისკოპოსთა თხოვნით გადადის ერთი საეპისკოპოსო ოლქიდან სხვაში, რათა სარგებელი მოუტანოს იქაურ მრევლს ღვთისმსახურების სიტყვით (და ეს, ცხადია, დროებით, და არა მთელი სიცოცხლის განმავლობაში), რაც დასაშვებია იკონომიური მოსაზრებით (2).
_________________________

(*) უქმი მღვდელმთავრის ცნებას (πίσκοπος σχολάζων) ასე განმარტავს ეპ. ნიკოდიმე (მილაში): ეს არის "კონკრეტული ეკლესიისთვის კანონიკურად არჩეული და ხელდასხმული ეპისკოპოსი, რომელიც რაიმე გარეგანი მიზეზების გამო ვერ ჩადის თავის ეპარქიაში, და შედეგად, ვერ ასრულებს მასში თავის საეპისკოპოსო მსახურებას" (Правила Православной Церкви с толкованиями Никодима, еп. Далматинско-Истрийского: в 2 т. Репр. воспр. изд. 1911-1912 гг. Свято-Троицкая Сергиева лавра, 1996. Т. 2 С. 75).
_________________________

ამიტომაც წინამდებარე კანონის განსაზღვრებით ეპისკოპოსს არა აქვს უფლება გამორჩენის მიზნით თვითნებურად, რაიმე საპატიო მიზეზის გარეშე, დატოვოს თავისი საეპისკოპოსო ოლქი და მიიტაცოს სხვა, თუნდაც ამისკენ მას აიძულებდნენ. მას ნება ეძლევა გადავიდეს სხვა საეპისკოპოსო ოლქში (დაქვრივებულში, მცირეში ან დიდში) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს არიმე საპატიო და მნიშვნელოვანი მიზეზი, რომელიც აიძულებს მას გადადგას ამგვარი ნაბიჯი, საკუთრივ რომ ვთქვათ, როდესაც, სხვებისგან განსხვავებით, შეუძლია დიდი სარგებელი მოუტანოს იქაურ მრევლს ღვთისმსახურების სიტყვით და დიდი სულიერი შემწეობა გაუწიოს ქრისტიანებს. მაგრამ ეს მან უნდა გააკეთოს არა თვითნებურად, არა საკუთარი მოსაზრებით, არამედ მრავალ ეპისკოპოსთაგან არჩევითა და განსჯით, დაჟინებული თხოვნებისა და დარწმუნებების შემდეგ (3).


შენიშვნები ("პიდალიონიდან"):

1. ბალსამონის და ბლასტარისის აზრით, გადაადგილება განსხვავდება გადასვლისგან. გადაადგილება ხდება ისეთ შემთხვევებში, როდესაც რომელიმე ბრძენი და ღვთისმოსავი მღვდელმთავარი (რომელსაც ამავდროულად გააჩნია საკუთარი საეპისკოპოსო ოლქი) გადაადგილდება უფრო დიდ ან მცირე საეპისკოპოსო ოლქში, რათა განამტკიცოს იმ ადგილას საშიშროების ქვეშ მყოფი ღვთისმოსაობა, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი იყო გადაადგილებული სასიმიდან კონსტანტინოპოლში. ხოლო გადასვლა ხდება მაშინ, როდესაც რომელიმე უქმი მღვდელმთავარი (შესაძლოა იმიტომ, რომ მისი საეპისკოპოსო ოლქი წარმართებს აქვთ დაპყრობილი) თავისი სიბრძნის და ღვთისმოსაობის გამო, კრების საერთო გადაწყვეტილებით გადადის სხვა, უქმ საეპისკოპოსო ოლქში. როგორც ბალსამონი ამბობს, ერთიც და მეორეც დასაშვებია წინამდებარე კანონისა და ანტიოქიის 16-ე კანონის საფუძველზე.

2. იხილე ნეტარსახსენებელ პატრიარქ დოსითეოსის "იერუსალიმელ პატრიარქთა ისტორია", წიგნი 3, გვ. 220. არმენოპულიც ნათლად ამბობს (განწესებათა მოკლე გადმოცემა. განყოფილება 1, ტიტლ. 4), რომ ეპისკოპოსის ასეთი გადასვლა, როგორზეც ლაპარაკია ამ კანონში, ხდება მხოლოდ დროებით, ხალხის დასახმარებლად, და არა სამუდამოდ. ამიტომ ეპისკოპოსი კვლავ უნდა დაბრუნდეს თავის საეპისკოპოსო ოლქში.

3. ასე მაგალითად, უწმიდესი პროკლე კიზიკელმა, გრიგოლ ღვთისმეტყველმა სასიმიდან და მრავალმა სხვამ, იკონომიითა და აუცილებლობით დატოვეს თავიანთი საეპისკოპოსო ან სამიტროპოლიო ოლქები, რომლებიც ადრე ეკუთვნოდათ, და გადავიდნენ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საყდარზე. ასე იქნა გადაადგილებული მელეტი სევასტიიდან ბერიაში, შემდეგ კი ანტიოქიაში; ალექსანდრე - ფლავიადადან (რომელიც ანზარვთან ახლოს იყო) იერუსალიმში; დიდი ევსტათი - სირიის ბერიიდან ანტიოქიაში და სხვა. მაგრამ, რადგან, დოსითეოსის თქმით (თორმეტწიგნეული. წიგნი 3. გვ. 221), იკონომია, განსაკუთრებით დღეს, მრავალთათვის ბიწიერების საბაბი გახდა, გადაადგილებებიც ხდება უგუნურად და უკანონოდ. რადგან ის, რაც ზოგჯერ იკონომიური მოსაზრებით და აუცილებლობითაა დაშვებული ეკლესიისთვის კანონი ვერ გახდება. ამიტომაც კრებითი პასუხი, რომელიც მანუილ კონსტანტინოპოლელმა გასცა 1250 წ-ს და რომელშიც ნათქვამია, რომ ეპისკოპოსი, რომელიც უარს იტყვის თავის საეპისკოპოსო ოლქზე, მიტროპოლიტისა და დანარჩენ ეპისკოპოსთა გადაწყვეტილებით შეიძლება გადაადგილებულ იქნას სხვა საეპისკოპოსო ოლქში, დამღუპველია და მიუღებელია როგორც კანონთა საწინააღმდეგო. არეთა კესარიელიც ამბობს: "გადაადგილებები ხდება ანგარებისა და ამაო დიდების მოსურვებით; ამაზრზენია ყოველ ამ მოსურვებათაგანი: ერთნი როგორც კერპთმსახურებითი, სხვები როგორც მთიების (**) სნეულება" (Aretha Caesariensis. Scripta minora. Vol. 1, 27. 28–30 // В. G. Teubner. Leipzig, 1968).
_________________________

(**) მთიების, ანუ ცისკრის ვარსკვლავის, იგივე ლუციფერის სნეულებაში არეთა კესარიელი გულისხმობს ამპარტავნებას, რადგან მთიებზე (ლუციფერზე) ასეა ნათქვამი: "როგორ ჩამოემხე ციდან, მთიებო, ძეო განთიადისა! მიწას დაენარცხე, ხალხთა მტარვალო! გუშინ ამბობდი: ცად ავხდები, ღვთის ვარსკვლავთა ზემოთ ტახტს დავიდგამ და დავჯდები საკრებულო მთაზე, ჩრდილო კალთებზე. მაღლა ღრუბლებში ავიჭრები, უზენაესს გავუტოლდებიო! მაგრამ შავეთში ჩადიხარ, ქვესკნელის უფსკრულებში" (ესაია 14:12-15). – "აპოკ." რედ.
_________________________

იულიუს რომაელიც წერდა ევსებიანელებს: "თქვენ თუ ნამდვილად მიგაჩნიატ, რომ ეპისკოპოსებს თანაბარი და ერთნაირი პატივი გააჩნიათ, და არ მსჯელობთ მათზე ქალაქთა სიდიდის მიხედვით, მაშინ მართებდა მას, ვისაც მცირე ქალაქი მიენდო, მისდამი მინდობილ საზღვრებში დარჩენილიყო და არ დაეკნინებინა იგი. ხოლო თუ ის გადადის იმ ქალაქში, რომელიც მისთვის არ მიუციათ, ამით აჩვენებს, რომ შეიყვარა ამაო დიდება და პატივი, და მოიძულა მისთვის ღმრთისგან ბოძებული ქალაქი" (Julius I. Ad Antioch. 5 // PL 8, 890A.). და პაპი დამასიც, როგორც თეოტორიტე ბრძანებს (წიგნი 5, თ. 10), პავლინეს წერდა: "ერთი საეპისკოპოსო ოლქიდან მეორეში გადამსვლელი ჩვენი თანაზიარობისთვის უცხო უნდა გახდეს მანამ, სანამ კვლავ არ დაუბრუნდება თავის საეპისკოპოსო ოლქს. თუკი ეპისკოპოსი ერთი ადგილიდან სხვა ადგილზე გადავა, მის ადგილზე კი ხელს დაასხამენ სხვა ეპისკოპოსოს, სამწყსოს მიმტოვებელს უნდა წაერთვას სამღვდელმთავრო პატივი მანამ, სანამ არ გარდაიცვლება ის, ვინც მის ნაცვლად მისავ ოლქში იყო ხელდასხმული" (Theod. Суг. Hist. eccl. V, 11 // PG 8 2, 1221D–1224A) (იხ. ასევე: სოკრატე. წიგნი. 7, თ. 36) (PG 67, 817-821). შენიშნე, რომ იკონომიური მოსაზრებებიდან გამომდინარე ხდებოდა ეპისკოპოსთა დაქვეითებაც, ანუ მათი გადაადგილება დიდი ოლქიდან უმცირესში. ასე, მაგალითად, იოანე კოდონატი გადაადგილებულ იქნა ალექსანდრიიდან ტვიროსში. რომელიღაც სჯულმდებელმა თქვა: "ორი საეპისკოპოსო ოლქის დამსაკუთრებელს ორცოლიანს ვუწოდებთ".
15

თუ მღვდელი, დიაკონი, ან საერთოდ ვინმე კლირის წევრთაგან, დატოვებს თავის მსახურების საზღვრებს, სხვაგან გადავა, დამკვიდრდება იქ და იცხოვრებს თავისი ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე, ასეთმა, ვბრძანებთ, აღარ იმსახუროს და მით უფრო, თუ მან თავისი ეისკოპოსისა არ შეისმინა, რომელმაც უკან დაბრუნება მოუწოდა. ხოლო თუკი ამ უწესობაში დარჩება, მაშინ თანაზიარობაში იყოს როგორც ერისკაცი.


ზონარა. ქალკედონის კრების მეექვსე კანონი განაწესებს არავის დაასხან ხელი დანიშნულების გარეშე, არც საეპისკოპოსოში, ან რაომელიმე ტაძარში თუ მონასტერში. შედეგად, ასე ხელდასხმული თუ დატოვებს ეკლესიას, რომლის კლირიკოსადაც იყო წოდებული და გადავა სხვა ეპარქიაში, ეს კანონი მას მღვდელმსახურებას აუკრძალავს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი მას მოუწოდებდნენ დაბრუნებულიყო და არ დაბრუნდა. თუმცა, როგორც ერისკაცი შეიძლება თანაზიარობაში იყოს. პირველი მსოფლიო კრების 16-ე და მეოთხე მსოფლიო კრების მე-5 კანონებიც იგივეს ამბობენ.

არისტინე. ყოველი კლირიკოსი, რომელიც წავა თავისი ოლქიდან და იცხოვრებს სხვა ოლქში და ეპისკოპოსი მოუწოდებს დაბრუნებისკენ, ის კი არ დაბრუნდება, თანაზიარობისგან უნდა განეყენოს. თუკი ვინმე კლირიკოსთაგან დატოვებს თავის ოლქს, გადავა სხვა ოლქში და არ დაბრუნდება, თან იმის შემდეგაც, რაც მას მოუწოდებს საკუთარი ეპისკოპოსი, ამდაგვარმა არ უნდა იმსახუროს. ხოლო თუკი ამ უწესობას გააგრძელებს, უნდა დაემხოს პატივისგან. თუმცა, თანაზიარობაში შეიძლება იყოს როგორც ერისკაცი. იხილე ასევე ანტიოქიის კრების მესამე კანონი.

ბალსამონი. ქალკიდონის კრების მეექვსე კანონის განწესებით კლირიკოსებს ხელი არ უნდა დაასხან დანიშნულების გარეშე, არამედ უნდა მიუთითონ რომელ საეპისკოპოსოში, ტაძარში ან მონასტერშია განწესებული. ასევე მათ არა აქვთ უფლება საკუთარი უფროსი მსახურების ნებართვის გარეშე გადავიდნენ სხვა ეპარქიებში და იქ კლირიკოსის რანგში აღასრულონ თავიანთი მოვალეობები. ის, ვინც მსგავს რამეს ჩაიდენს, კანონი განკვეთს; განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მოუწოდებენ, ის კი არ მოისურვებს დაბრუნებას ადრინდელ ეპარქიაში. თუმცა, ამგვარ კლირიკოსს, როგორც ერისკაცს, კანონი სხვა ქალაქში ცხოვრებას არ უკრძალავს. იხილე ასევე I კრების 16-ე და IV კრების მე-5 კანონები. ამრიგად, შენიშნე, რომ კლირიკოსისთვის, რომელსაც სხვა საზღვრებში სურს ცხოვრება და კლირიკოსის მოვალეობების შესრულება აუცილებელია არა მარტო წარმომადგენლობითი წერილი, არამედ განტევებითი სიგელიც ეპისკოპოსისგან, რომლის კლირში არის ის ჩარიცხული. თუ ის ასეთ წერილებს არ წარადგენს, მსახურება უნდა აკრძალოს. იხილე ასევე ტრულის კრების 17-ე კანონი.
16

თუ ეპისკოპოსი, რომელთანაც მსგავსი შემთხვევა მოხდება, არად ჩააგდებს მასთან გადმოსული სასულიერო პირის მსახურების ამკრძალავ განწესებას და მას თავისთან დასში მიიღებს, მაშინ თავად ასეთი ეპისკოპოსის განკანონება უნდა მოხდეს მსახურებიდან, როგორც უწესობის დამნერგველისა.
 
 
ზონარა. წინა კანონი მსახურებაზე არ უშვებს იმათ, ვინც ტოვებს საკუთარ ოლქს, სადაც მიიღეს ხელდასხმა. ხოლო წინამდებარე კანონი განაკანონებს იმ ეპისკოპოსს, რომელთანაც ისინი მოვიდნენ და, რომელმაც ისინი თავის დასში კლერიკოსებად შეიწყნარა, თანაც იცოდა, რომ აკრძალულნი იყვნენ. ასეთი ეპისკოპოსის განკანონება უნდა მოხდეს მსახურებიდან, რადგან ნერგავს უწესობას და არეულობას.
 
არისტინე. წინდაწინ მცოდნე და ამდაგვართა შემწყნარებელი იმავე სასჯელს ექვემდებარება. ეპისკოპოსი, რომელმაც იცის აკრძალვის შესახებ, რომელიც ასეთ კლერიკოსს განუწესდა, და შეიწყნარებს მას, როგორც კლერიკოსს, თვითონაც განკანონდება, როგორც უწესობის დამნერგველი.
 
ბალსამონი. იხილე: წინამდებარე კანონი განაკანონებს ეპისკოპოსს, რომელიც თავის კლირში ჩარიცხავს სხვა ოლქიდან გადმოსულ და საკუთარი ეპისკოპოსისგან განტევების წერილის არმქონე კლირიკოსს. მხოლოდ კართაგენის ეპისკოპოსს აქვს უფლება თავის კლირს შეუერთოს სხვა ოლქებიდან გადმოსული კლირიკოსები მათ ხელდამსხმელთა განტევების წერილის გარეშე. ამის შესახებ წაიკითხავ კართაგენის კრების კანონებში, მაგრამ კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსსაც აქვს მსგავსადვე მოქცევის ძალაუფლება. მეფე იუსტინიანეს მე-3 ნოველა ან ბასილიკონის მე-2 თ. მე-2 ტიტლ. ბრძანებს შემდეგს: თუკი ღვთისმოშიშ მონასტრებში აკრძალული გვაქვს ერთი მონასტრიდან მეორეში გადასვლა, მითუმეტეს ვუკრძალავთ ამას უღვთისმოსავეს კლირიკოსებს, რადგან ასეთი მოსურვება ვერცხლისმოყვარებისკენ და ვაჭრობისკენ მიდრეკილების მაჩვენებლად მიგვაჩნია. თუკი ოდესმე შენი ნეტარება ან ზოგჯერ სამეფო ძალაუფლება აღიარებს ამგვარი გადაადგილების საჭიროებას, სხვაგვარად არ უნდა მოხდეს ეს, თუ არა ჩვენს მიერ განსაზღვრული რიცხვის თანხმობით. ეს ნოველა გაეგზავნა კონსტანტინოპოლის იმდროინდელ პატრიარქს. შენიშნე, რომ მეფესაც აქვს კლირიკოსთა გადაადგილების უფლება.


დამატებითი განმარტებები:

ბერძნული "პიდალიონი" (მესაჭე). ძველი ჩვეულებით მხოლოდ კართაგენის ეპისკოპოსს აქვს უფლება მიიღოს კლერიკოსი საიდანაც სურს (რა თქმა უნდა, მისდამი დაქვემდებარებულ ეპისკოპოსთაგან) და კართაგენის 64-ე კანონის თანახმად (1) ჩარიცხოს ის თავისი საეპისკოპოსო ოლქის ეკლესიებში. სხვა ეპისკოპოსებს ამგვარი უფლება არასოდეს ეძლევათ. ამიტომაც წინამდებარე მოციქულთა კანონი, დაკავშირებული წინა კანონთან, როგორც სიტყვით, ასევე აზრით, ამბობს: "თუკი ეპისკოპოსი, რომლის საეპისკოპოსო ოლქში იმყოფებიან ეს უცხო კლირიკოსები, და თუმც კი უწყის, რომ კანონიერად არიან აკრძალულნი მსახურებაში თავიანთი მღვდელმთავრების მიერ, და მიუხედავად ამისა უგულებელჰყოფს ამ აკრძალვას და მათ კლირიკოსებად, ანუ მათი ხარისხის შესაფერისი მსახურების შემძლედ შეიწყნარებს, ამგვარი, ვაგრძელებ, ეპისკოპოსი განკანონდეს როგორც უწესობისა და საცთურების დამნერგველი".
 
 
შენიშვნები ("პიდალიონიდან"):
 
 
1. ბალსამონის თქმით, იუსტინიანეს მე-3 ნოველით ამგვარი უფლება მიეცა კონსტანტინოპოლის უწმიდეს პატრიარქსაც, რათა მიეგოს მას ჯეროვანი პატივი, - ჰქონდეს უფლება აიყვანოს ან მიიღოს კლერიკოსები სხვა (რა თქმა უნდა, მისდამი დაქვემდებარებულ) საეპისკოპოსო ოლქებიდან და მიაკუთნოს ისინი თავისი საეპისკოპოსო ოლქების ეკლესიებს მათი მღვდელმთავრის განტევების სიგელის გარეშეც. მაგრამ ძმათმოყვარეობის შენარჩუნებისა და კიდევ იმისთვის, რომ არ მოხდეს რაიმე საცთური, მან უნდა მიიღოს ეს კლირიკოსები ისე, რომ მათ შესახებ ჰკითხოს თავიანთ მღვდელმთავარს და აიყვანოს მისივე ნებართვით, როგორც ამას უთითებს კართაგენის ხსენებული კრების 64-ე კანონი. ბლასტარისი კი ("სინტაგმაში" – "აპოკ". რედ.) ასო A-ს მე-9 თავში ამბობს, რომ იუსტინიანეს 130-ე ნოველის თანახმად ბულგარეთისა და კვიპროსის მღვდელმთავრებმაც მიიღეს უფლება შეიწყნარონ კლერიკოსები სხვა, მათდამი დაქვემდებარებული ოლქებიდან, და აიყვანონ ისინი ეპისკოპოსის ხარისხში.
17

ის პირი, ვინც წმიდა ნათლისღების შემდეგ ორჯერ იყო ქორწინებაში, ან ხარჭა ესვა, არ შეიძლება ეკურთხოს ეპისკოპოსად, მღვდლად ან დიაკვნად, და მეტიც, საერთოდ ვერ გახდება სასულიერო დასის წევრი.
 
 
ზონარა. ჩვენ გვწამს, რომ წმიდა ნათლისღების საღმრთო საბანელი ნებისმიერ მწიკვლს განბანს, რომლითაც მონათლულები ნათლობამდე იყვნენ შემწიკვლულნი. ნათლობამდე ჩადენილი ვერანაირი ცოდვა ვერ შეუშლის ახალმონათლულს მიიღოს მღვდლობა. მაგრამ, ვინც ნათლისღების შემდეგ ჩაიდენს სიძვას ან ორჯერ დაქორწინდება, ის მღვდლობის ვერც ერთი ხარისხის ღირსი ვერ გახდება.
 
არისტინე. ორჯერ დაქორწინებული ან ხარჭის მყოლი მღვდელი ვერ გახდება. ორჯერ დაქორწინებულთაგან არავინ, მითუმეტეს ვისაც ხარჭა ესვა, სამღვდლო დასში არ მიიღება.
 
ბალსამონი. ვინც ნათლისღების საიდუმლოს შემდეგ ორჯერ დაქორწინდება ან სიძვა-მრუშობას მიეცემა, მას კანონი უკრძალავს ეპისკოპოსობას და საერთოდ, რაიმე სამღვდლო მოქმედების აღსრულებას, თუმცა უყურადღებოდ ტოვებს ნათლობამდე ჩადენილ ყველა ცოდვას, რადგან ნათლობა განახლების საწყისი და სულიწმიდის მადლის საქმეა. წაიკითხე ასევე წმიდა ბასილი დიდის 20-ე კანონი. მაგრამ, არ ვიცი, როგორ რჩებოდნენ ორჯერ დაქორწინებული წიგნისმკითხველები თავიანთ ხარისხებში და სამღვდელმთავრო განკარგულებებით უმაღლეს წოდებებსაც იღებდნენ. წაიკითხე ასევე იუსტინიანეს 137-ე ნოველა, რომელიც მოთავსებულია ბასილიკონის მე-3 წიგნის 1-ელ ტიტლოსში და, რომელშიც მრავალ საეკლესიო საკითხებთან ერთად განისაზღვრება ისიც, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ორჯერ დაქორწინებულ კლირიკოსთა შემთხვევაში. წაიკითხე ასევე წინამდებარე კრებულის 23-ე თავი და ისიც, რაც მანდ წერია.
 
სხვა განმარტება: 17-ე კანონის წინამდებარე განმარტებაში ჩვენ ვწერდით, რომ არ ვიცით, როგორ რჩებოდნენ ორჯერ დაქორწინებული წიგნისმკითხველები თავიანთ ხარისხებში, არამედ სამღვდელმთავრო განკარგულებებით უმაღლეს წოდებებსაც იღებდნენ. ახლა კი კანონთა და განწესებათა საფუძვლიანი  განხილვის შემდეგ, მივედით დასკვნამდე, რომ წინამდებარე 17-ე და 18-ე კანონები მსჯელობენ მღვდელმთავრებზე, მღვდლებზე, დიაკვნებსა და იპოდიაკვნებზე, და არა წიგნისმკითხველებზე. რადგან, ისინი (ანუ ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები - "აპოკ." რედ.) თუ მეორედაც დაქორწინდებიან, იქნება ეს ხელდასხმამდე თუ ხელდასხმის შემდეგ, დაემხობიან პატივისგან, ხოლო წიგნისმკითხველები, თუ ხელდასხმამდე ორჯერ იქორწინებენ დაემხობიან, ხოლო თუ ხელდასხმის შემდეგ - მიეტევებათ, ოღონდ სხვა, უფრო მაღალ საეკლესიო ხარისხებზე აღარ დაიშვებიან. იუსტინიანეს 137-ე ნოველა ან ბასილიკონის მე-3 წიგნის 1 ტიტლოსის 31-ე და 32-ე თავებში ნათქვამია: თუ პრესვიტერი ან დიაკვანი, ან იპოდიაკვანი ხელდასხმის შემდეგ დაქორწინდება, უნდა განიდევნოს კლირიკოსთა დასიდან და თავისი ქონებითურთ უნდა გადაეცეს იმ ქალაქის ფენას, რომლის კლირიკოსიც იყო. ხოლო თუ წიგნისმკითხველი მეორედ დაქორწინდება ან პირველი ქორწინებით შეირთავს ქვრივ ქალს ან ქმარს გაშორებულს, ან კიდევ ისეთს, რომელთა დაქორწინება წმიდა კანონებით კლირიკოსს ეკრძალება, სხვა, უფრო მაღალ საეკლესიო ხარისხში ვეღარ დაწინაურდება; თუკი რაღაცნაირად ის მაინც მოხვდება უმაღლეს დასში, უნდა ჩამოქვეითდეს მისგან და აღდგეს ადრინდელში. თუკი გსურს ეს კანონი მიუყენო წიგნისმკითხველთ, მაშინ თქვი, რომ შეუძლებელია წიგნისმკითხველი გახდეს ვინმე, ვინც ხელდასხმამდე ორჯერ იყო დაქორწინებული, და საქმის გამორკვევის შემდეგ, დაემხობა. მაგრამ ხელდასხმის შემდეგ მეორედ დაქორწინებულ წიგნისმკითხველს შეღავათს უწევენ, ოღონდ უმაღლეს ხარისხებში დაწესების უფლება აღარ ექნება. აუცილებელია ასევე ითქვას, რომ მღვდელმთავრების განკარგულებებით ორჯერ დაქორწინებულ წიგნისმკითხველებს განაწესებენ დომესტიკოსებად ((ბერძნ. δομέστικος, ლათინურიდან: domesticus) სამოქალაქო, საეკლესიო და სამხედრო ტიტული გვიან რომაულ იმპერიასა და ბიზანტიის იმპერიაში - "აპოკ." რედ.) და სხვა საეკლესიო მსახურებად. ამრიგად, ჩვენ ვამბობთ, რომ საეკლესიო ხელისუფლებანი და თანამდებობანი საკუთრივი მნიშვნელობით როდი იწოდებიან ხარისხებად. რადგან საკუთრივი აზრით ხარისხად მღვდლის, დიაკვნის, იპოდიაკვნისა და წიგნისმკითხველის ხარისხები იწოდება, ხოლო ხოლო თანამდებობება და ხელისუფლება არის მათი შენახვის პატივი და საშუალება. ამიტომაც მცირე ასაკიდანვე წიგნისმკითხველად მყოფი, თუკი ორჯერ დაქორწინდება, წინააღმდეგობის გარეშე შეიძლება განწესებულ იქნას კლირიკოსად, დომესტიკოსად ან ერის შემომკრებად, მაგრამ დიაკვანი ან იპოდიაკვანი ვერ გახდება. ხოლო ვინც ამის საწინააღმდეგოს გაბედავს დაემხობა თავისი პატივისგან.
 
 
დამატებითი განმარტებები:
 
ბერძნული "პიდალიონი" (მესაჭე). უამრავი ცოდვაც რომ ჰქონდეს კაცს ჩადენილი ნათლისღებამდე, ისინი მღვდლობის მიღებასა და კლირის წევრად ყოფნაში მას ხელს ვერ შეუშლიან, რადგან ჩვენ გვწამს, რომ ამ ცოდვებს წმიდა ნათლისღება ჩამობანს. მაგრამ ეს არ ეხება ცოდვებს, რომლებიც მან ნათლისღების შემდეგ ჩაიდინა. ამიტომაც წინამდებარე კანონი განსაზღვრავს, რომ ის, ვინც წმიდა ნათლისღების შემდეგ ორჯერ დაქორწინდება (ორჯერ კი ქორწინდება არა მარტო ის, ვინც მეორე ქალზე ქორწინდება, არამედ ისიც, ვინც მღვდლის კურთხევით დაწინდავს მეორე ქალს, ან სხვის მიერ დაწინდულზე დაქორწინდება) (1), ან ცოლის მაგივრობას უწევს ხარჭა (2), მღვდელმთავარი, პრესვიტერი ან დიაკვანი და, საერთოდ, წმიდა სამღვდლოს დასის წევრი ვერ გახდება და სამღვდლო ხარისხს ვერ ეღირსება (3).
 
 
შენიშვნები ("პიდალიონიდან"):
 
1. დაწინდვა, რომელიც აღსრულდება იმპერატორ ალექსი კომნენოსის განწესებით და პატრიარქ ნიკოლოზის მითითებით, ანუ ჩვეულებრივი ლოცვებით და დაწინდულთათვის ტრადიციული ამბორით, თანაც იმ პირობით, რომ ქმარი იქნება 15 წლის, ხოლო პატარძალი 13-ისა (იმპერატორ ლეონ ბრძენის ნოველის მიხედვით), სრული ქორწინებისგან არ განსხვავდება (იმპერატორ ნიკიფორ ბოტანეატესის დადგენილებისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქ იოანე ქსიფილინოსის გადაწყვეტილების თანახმად, რომელიც მან სინოდთან ერთად მიიღო და დაადასტურა ნიკიფორეს დადგენილება). *

__________
 
* "პიდალიონის" ავტორებმა აქ დაუშვეს ისტორიული ხასიათის შეცდომა. ჯერ იოანე ქსიფილინოსმა თავის კრებასთან ერთად მიიღო ორი მოცემული დადგენილება, შემდეგ კი ბოტანეატესმა (უკვე სხვა პატრიარქების დროს) დაამტკიცა იგი თავისი კანონით.
 
__________

სამოქალაქო კანონი არ აქორწინებს შეუღლებულ ნათესავებს და არც კანონიერად დაწინდულებს, როდესაც ამას ხელს უშლის ახლო ნათესაობა. გარდა ამისა, სინოდალური ტომოსი ადგენს, რომ დაწინდვა შეიძლება დაირღვეს მხოლოდ იმ მიზეზების გამო, რა მიზეზებითაც ირღვევა ქორწინებაც. სწორედ ამიტომ VI მსოფლ. კრების 98-ე კანონი მრუშობაში ადანაშაულებს იმას, ვინც ცოლად შეირთავს სხვისგან დაწინდულს, როდესაც დამწინდველი ჯერაც ცოცხალია. ცხადია, მრუშობად იწოდება ცოდვა გათხოვილ ქალთან. შედეგად, კრება დაწინდვას სრულ ქორწინებად მიიჩნევდა. სათქმელი გვრჩება ის, რომ ბასილი დიდიც თავის 69-ე კანონში წიგნისმკითხველს, რომელიც ქორწინებამდე შევიდა ცოლ-ქმრულ კავშირში თავის დაწინდულთან, არ აკისრებს შვიდწლიან ეპითიმიას, როგორც სიძვის ჩამდენს (იმ მიზეზით, რომ დაეცა არა სხვის, არამედ საკუთარ ცოლთან), მაგრამ განაყენებს მსახურებისგან ერთი წლით იმისთვის, რომ სულმოკლეობა გამოიჩინა და ჯვრისწერის დასრულებას არ დაელოდა. ამრიგად, რადგან კანონიერად აღსრულებული დაწინდვა, როგორც ზემოთ ითქვა, ქორწინებას უტოლდება, ის, ვინც მხოლოდ დაიწინდა მეორე ქალთან ან სხვაზე დაწინდულთან დაქორწინდა, მეორედ დაქორწინებულად მიიჩნევა. სხვა ნიშნობა, რომელიც მხოლოდ სიტყვას და წინდს (გირაოს) ეფუძნება, ეკლესიის აკრიბიის მიხედვით, არ წარმოადგენს და არც იწოდება დაწინდვად, ამიტომაც საეკლესიო კანონები თავისთავად შეუძლებელია მათ წინააღმდეგ მოქმედებდნენ (უფრო დეტალურად დაწინდვის შესახებ იხ. სწავლება ქორწინების შესახებ. თ. II) (მხედველობაშია «Διδασκαλία περ συνοικεσίων» კანონთა კომპილაცია, რომლის შემდგენელი თვით ნიკოდიმოსია და მოთავსებულია "პიდალიონის" ბოლოში). ბალსამონიც ზემოთთქმულის დასტურად ამბობს, რომ დაწინდული ადრე ნახსენები ნოველა-განწესებისა და დადგენილების თანახმად, თუკი თავის დაწინდულის გარდაცვალების შემდეგ შეირთავს სხვა ქალს, მღვდელი ვერ გახდება, რადგან მეორედ დაქორწინებულად მიიჩნევა.  მაგრამ, თუკი ის დაიწინდა სხვაგვარად, მაშინ შეიძლება ეღირსოს ხარისხს, რადგან მეორედ დაქორწინებულად არ ჩაითვლება (Греко-римское право. Ответ 7. С. 365). თუმცა, შენიშნე, რომ, მართალია დაწინდვა უთანასწორდება ჯვრისწერას, ის, მიუხედავად ამისა, მთლად ტოლფარდოვანი როდია სრულყოფილი ქორწინებისა, არამედ მასზე უმცირესია (იხ. ასევე შენიშვნა 2 ანკ. კრების 25-ე კანონი).
 
2. ფოტის "ნომოკანონის" მიხედვით (ტიტლ. 13, თ. 5), ხარჭა - ეს არის წესიერი ქალი, რომელთან მცხოვრები, ღიად მოწმობს რა მასთან თანაცხოვრებაზე, ყველას უჩვენებს, რომ ეს ქალი მისთვის ცოლივითაა. ხოლო თუკი ის ამის შესახებ ღიად არ ადასტურებს, მაშინ ის ამ ქალთან გარყვნილებას ეწევა. ან კიდევ სხვაგვარად: ხარჭა - ეს არის ქალი, რომელიც კანონიერად ცხოვრობს მამაკაცთან დაუქორწინებლად. მაგრამ შენიშნე, თუმც სამოქალაქო კანონები ხარჭის ყოლის უფლებას იძლევიან, ჩვენი ეკლესიის კანონები არავითარ შემთხვევაში არ რთავენ ნებას ქრისტიანებს ჰყავდეთ ასეთი ცოლები. ამიტომაც წმ. ნიკიფორეს 33-ე კანონი ბრძანებს, თუ ვინმეს ჰყავს ხარჭა და არ სურს მისი მიტოვება, ან მასზე დაქორწინება, მღვდელმა მისგან ეკლესიისთვის არ უნდა მიიღოს უბრალო შემონაწირიც კი და მსახურებაც, რადგან თავისი საქმეებით ის შეურაცხყოფს და არცხვენს საეკლესიო კანონებსა და განწესებებს. პეტრე, ხარტოფილაქსი და დიდი ეკლესიის დიაკვანი, თავის მე-5 პასუხში ასევე ბრძანებს: "არავინ უნდა მიიღოს შემოწირულობა, არც სანთელი, არც ზეთი, არც საკმეველი იმის სახლისგან, ვინც ქალთან უკურთხებლად (დაუქორწინებლად - "აპოკ." რედ.) ცხოვრობს". ხოლო მეძავი ხარჭისგნა განსხვავდება იმით, რომ მეძავი სცოდავს მრავალთან, ხარჭა კი - მხოლოდ ერთთან.
 
3. როდესაც ბასილი დიდი თავის 12-ე კანონში ლაპარაკობს, რომ "ორჯერ ქორწინებულებს კანონი სრულიად განაყენებს მღვდელმსახურებისაგან", მას მხედველობაში აქვს მოციქულთა ეს 17-ე კანონი, როგორც თანხმიერად განმარტავენ ამას ბალსამონი და ზონარა. ამიტომაც ცხადია, რომ, ღვთაებრივი ბასილის, ამ სამოციქულო კანონის საუკეთესო კომენტატორის აზრით, ის, ვინც ორჯერ იქორწინებს, ვერც იპოდიაკვანი გახდება, ვერც წიგნისმკითხველი, ვერც მგალობელი, ვერც მეკარიბჭე. ისინი ხომ მსახურთა საზოგადო სახელით იწოდებიან (იხ. ასევე 1-ლი შენიშვნა VI მსოფლ. კრების 15 კანონზე), თუმცა, ლაოდიკიის კრების კანონებში (21-23) მსახურად უპირატესად იწოდება მეკარიბჭე, და ასრულებენ საეკლესიო მსახურებას, თუმც სხვადასხვაგვარს. სწორედ ამგვარი მსახურებისგან, როგორც ბასილი დიდი ამბობს, მოციქულთა ეს კანონი სრულიად განსაზღვრულად განაყენებს მეორედ ქორწინებულებს.
 
თუკი ფოტის "ნომოკანონი" (ტიტლ. 9, თ. 29), რომელსაც მისდევდა ბალსამონი, ამბობს: "წიგნისმკითხველი, რომელიც მეორედ შეირთავს ცოლს ან ცოლად აიყვანს კანონთა მიერ აკრძალულს (ლაპარაკია ისეთ ქალზე, რომელთან ქორიწნება სჯულიერად ხელდასხმის დამაბრკოლებელია (მაგალითად, მეორედ გათხოვილზე)), დარჩება თავის წოდებაში, მაგრამ უფრო მაღალ წოდებაზე აღარ აღიყვანება", მაშინ უპირატესობა უნდა მივანიჭოთ სამოციქულო კანონისა ავტორიტეტს და ბასილი დიდის განწესებას, და არა სამოქალაქო კანონებს.
 
ჯერ-ერთი, იმიტომ, რომ წმიდა ფოტი თავის "ნომოკანონში" მიზნად ისახავდა მოეცა უპირველესად ნოველათა კრებული, და არა წმიდა კანონები, მეორეც, იმიტომ, რომ წიგნისმკითხველის წოდება, რომელსაც ბალსამონი მღვდელმსახურთა ხარისხებს განაკუთვნებს, სამღვდლო რიგთაგან არის. ამასთან მოციქულთა განწესება, რომელსაც ახლა განვიხილავთ, ბრძანებს: "ვინც წმიდა ნათლისღების შემდეგ ორჯერ იყო ქორწინებაში საერთოდ ვერ გახდება სასულიერო დასის წევრი". და თუკი ბასილი დიდი სრულიად განაყენებს მეორედქორწინებულთ მსახურებისგან, განა უფრო მეტად არ უნდა ითქვას ეს წიგნისმკითხველზე, რომელსაც უპირატესობა გააჩნია სხვა, უქვემოეს მსახურებთან შედარებით?
 
ამრიგად, ნათელია, რომ წიგნისმკითხველიც, კლირში მიღების შემდეგ თუ მეორედ დაქორწინდება, უნდა დაემხოს თავისი პატივისგან. VI მსოფლიო კრების მე-3 კანონი ამბობს, რომ მღვდელმსახურთა რიცხვიდან, ვინც იმ დროს უცოდინრობით შთავარდა მეორედქორწინების ცოდვაში, ისინი, ვინც დამონებულნი არიან ამ უსჯულოებას, აეყაროთ პატივი, ხოლო ისინი, ვინც თვით შეიცნო ბოროტება და დაარღვიეს ეს უსჯულო ქორწინება, განსაზღვრული ვადით უნდა შეწყვიტონ მღვდელმსახურება, ამის შემდეგ კი კვლავ მიიღონ თავიანთი სამღვდლო ხარისხები, ოღონდ უფრო მაღალ ხარისხებში ვეღარ წაიწევიან.
 
მაგრამ იმავე კრებამ განსაზღვრა ამიერიდან კვლავ ძალაში იყოს მოციქულთა წინამდებარე კანონი, რომელსაც ის სიტყვასიტყვით იმეორებს. პაპი ურბანოსი კი ეპისკოს ბინონს წერდა: "მეორედქორწინებულ დაქვრივებულ კაცებს სამღვდლო ხარისხებისგან განვაყენებთ" (Urb. II. Ер. 24. 7 // PL 151, 307В). ამიტომაც განდევნა იოანე მრავალმოწყალემ ძალიან მდიდარი მეორედქორწინებული კლირიკოსი, რომელიც მას პურით ამარაგებდა და 150 ფუნტ ოქროსაც აძლევდა, ოღონდ ხელი დაესხათ მისთვის დიაკვნად. წმინდანმა მას ასეთი ღირსშესანიშნავი სიტყვებით უპასუხა: "უმჯობესია მზე დაბნელდეს, ვიდრე დაძაბუნდეს საღმრთო სჯული" (Симеон Метафраст. Житие Иоанна Милостивого) (См. PG 114, 916С–917С). ნეტარი ავგუსტინეც ამბობს: "ვბრძანებთ, რათა არავინ დაასხას ხელი არც მეორედქორწინებულებს, არც არაქალწულებთან დაწინდულებს და არც გაუნათლებლებს" (Томос любви. С. 314).
18

ვინც დაქორწინებლია ქვრივზე, მეუღლეობიდან განტევებულზე, მეძავზე, მონაზე, ან მსახიობზე, ასეთი პირი ვერ გახდება ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი, ვერც საერთოდ – სასულიერო დასის წევრი.
 
 
ზონარა. იუდეველთა ძველ სჯულშიც მღვდლებს ეკრძალებოდათ მეძავზე, ტყვე ქალზე ან მონებზე და ისეთ ქალებზე დაქორწინება, რომლებიც სარჩო-საბადებელს სამიკიტნოს ან სასტუმროს მლობელობით მოიპოვებდნენ, ასევე ქმარგაშორებულებთან. მაშ, თუკი მათთვის სჯულით დაწესებული იყო ამგვარი რამ, მითუმეტეს ჯეროვანია იგი სახარებისეული მღვდლობისთვისაც. რადგან "აქ არის ის, ვინც ტაძარზეც უმეტესია" (მათე 12:6). ამიტომაც წინამდებარე კანონი უფლებას არ აძლევს მღვდლებს დაქორწინდნენ ქვრივებზე ან ქმართაგან განტევებულებზე, მეძავებზე, მონებზე ან იმათზე, ვინც სანახაობებში მონაწილეობს (სცენაზე). რადგან დაუჯერებელია იმდაგვართა უბიწოება, ვინც უწესივროდ ცხოვრობს და უსირცხვოდ საუბრობს ყოველ შემხვდურთან. ამრიგად, მას, ვინც ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთზე დაქორწინდება, კანონი უფლებას არ აძლევს ხელდასხმულ იქნას რომელიმე სასულიერო ხარისხზე.
 
არისტინე. მღვდელი, რომელიც მეუღლეობისგან განტევებულზე დაქორწინდება ან ქვრივზე, ან მოახლეზე, ან კიდევ გაშმაგებულზე, არაწმიდაა. ის, ვინც ცოლად შეირთავს მოურიდებელ ქალს და არა ქალწულს, არამედ სხვისგან უარყოფილს, ან ქვრივს, ან მოახლეს, ან გაშმაგებულს, სამღვდლო ხარისხზე არ დაიშვება.
 
ბალსამონი. დააკვირდი წინამდებარე კანონს: მას სურს, რომ არა მარტო ხელდასასხმელი ეწეოდეს უბიწო ცხოვრებას, არამედ მისი თანამეცხედრეც. ამიტომაც ხელდასასხმელთ უკრძალავს შეეუღლონ იმგვარ ქალებს, რომლებიც ჩამოთვალა, რადგან მათი უბიწოება, მათივე ცხოვრების ცუდი ვითარებების გამო, საეჭვოა. ამრიგად, ვინც ამგვარ ქალს შეეუღლება, ის მღვდლობის ღირსი ვერ გახდება. ხოლო თუ მღვდლობის მიღების შემდეგ მღვდლის ცოლი შთავარდება მრუშობის ცოდვაში და მღვდელი მას გაიჩერებს, - უნდა დაემხოს პატივისგან. წაიკითხე ასევე წინამდებარე კრებულის მე-9 ტიტლოსის 29-ე თავი, ასევე ანკირიის კრების 10-ე კანონი და ისიც, რაც წინამდებარე ორი კანონის განმარტებაში წერია.
 
 
დამატებითი განმარტებები:
 
ბერძნული "პიდალიონი" (მესაჭე). თუკი იუდეველ მმღვდლებს ეკრძალებოდათ მეძავის ან საკუთარი ქმრისგან მიტოვებულის, ან საერთოდ სახელშელანძღული ქალის შერთვა, რადგან წერილი ბრძანებს, რომ მღვდელმა: "ქვრივი, ქმარს გაცილებული, შერცხვენილი, ბოზი და ამგვარნი არ უნდა ითხოვოს. მხოლოდ ქალწული უნდა ითხოვოს ცოლად თავისი ხალხიდან... რადგან წმიდა არის იგი თავისი ღვთისთვის" (ლევ. 21:7 და 14), - რამდენად უმეტესაც უნდა იყოს ეს აკრძალული სახარებისეულ მღვდელთათვის? - "აქ არის ის, ვინც ტაძარზეც უმეტესია" (მათე 12:6). ამიტომაც მოციქულთა წინამდებარე კანონი განსაზღვრავს: "ვინც დაქორწინებლია ქვრივზე, მეუღლეობიდან განტევებულზე, მეძავზე, მონაზე, ან მსახიობზე, რომლებიც მონაწილეობენ კომედიებსა და სცენურ წარმოდგენებში და ასრულებენ სხვადასხვა როლებს, ასეთი პირი ვერ გახდება ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკონი, ვერც საერთოდ – სასულიერო დასის წევრი", რადგან ყველა ეს ქალი სახელშელანძღულია და გაკიცხული. ხოლო მღვდელმსახური ყველა მიმართებაში უნდა იყოს: "უმწიკვლო, ერთი ცოლის ქმარი, ფხიზელი, გონიერი, ღირსეული, სტუმართმოყვარე, განმსწავლელი" (1 ტიმ. 3:2).

VI მსოფლიო კრების მე-3 კანონი ბრძანებს, რომ ის პრესვიტერი, დიაკვანი და იპოდიაკვანი, ვინც ქვრივზე იქორწინა ან ხელდასხმის შემდეგ შევიდა სჯულსაწინააღმდეგო ქორწინებაში, ცოლებთან გაყრის შემდეგ მოკლე დროით აკრძალულ უნდა იქნან მსახურებაში და დაედოთ ეპითიმია. შემდეგ შეუძლიათ კვლავ მიიღონ თავიანთი სასულიერო ხარისხები, მაგრამ უმაღლეს წოდებებში ვეღარ წაიწევიან. მართალია, მაშინ VI მსოფლიო კრებამ ამდაგვართა მიმართ იკონომია გამოიყენა, მან მაინც განსაზღვრა, რომ იმ დროიდან კვლავ შესულიყო ძალაში მოციქულთა წინამდებარე კანონი.
19

ვინც ორ დაზე იყო დაქორწინებული, ანდა თავის დისწულზე ან ძმისწულზე, ასეთი პირის ადგილი დასში არ არის.
 
 
ზონარა. კანონით აკრძალული ქორწინება, არა მარტო ხელს უშლის კლირიკოსთა დასში ყოფნას, არამედ ეპითიმიასაც უქვემდებარებს. საერო კანონიც სჯის უკანონო ქორწინების მიმღებს და არღვევს ამგვარ უსჯულო ქორწინებას.
 
არისტინე. დაუშვებელია კლირიკოსთა დასში მიღებულ იქნას ის, ვინც ორ დაზე იყო დაქორწინებული, ანდა თავის დისწულზე ან ძმისწულზე. ამგვარი არა მარტო კლერიკოსი ვერ გახდება, არამედ მძიმე ეპითიმიებსაც დაექვედებარება, თანაც მისი უსჯულო შეუღლებაც დაირღვევა.
 
ბალსამონი. ამრიგად, ვინც დისწულზე ან ძმისწულზე, ან ორ დაზე, დეიდაზე ან მამიდაზე დაქორწინდება, კანონი კლირიკოსთა დასში ყოფნას უკრძალავს და ასეთი უსჯულო ქორწინების სრულ დარღვევასაც ითხოვს. შენ კი უწყოდე, რომ არა მარტო რაიმე ამგვარის ჩამდენი, არამედ სხვა ქორწინებაში მყოფი, რომელიც სისხლით ნათესაობის გამო აკრძალულია, არ უნდა იქნას მიღებული კლირიკოსთა დასში, არამედ უნდა დაექვემდებაროს ეპითიმიას. ხოლო თუ როგორი ეპითიმიები ეკუთვნით სისხლის აღრევის ჩამდენთ, გაიგებ ბასილი დიდის სხვადასხვა განწესებებიდან.
 
 
დამატებითი განმარტებები:
 
ბერძნული "პიდალიონი" (მესაჭე). ქორწინებათაგან ერთნი დაუშვებელია - მაგალითად, როდესაც, ვინმე ქორწინდება ნათესავზე ან მწვალებელზე; სხვები - კანონსაწინააღმდეგოა, მაგალითად, როდესაც ვინმე ცოლად ირთავს ქალს, რომლის მეურვე ბავშვობიდან იყო მისი მამა; კიცხევის ღირსია ისეთი ისეთ ქორწინებაც, როდესაც ვინმე ცოლად აიყვანს ღმრთისთვის მიძღვნილ მონაზონს ქალს. ცოლ-ქმრობის ყველა ეს სახეობა უსჯულოებად იწოდება (ისევე, როგორც VI მსოფლ. კრების მე-3 კანონში იწოდებიან უსჯულოდ ქორწინებები, რომელთა შესახებაც ლაპარაკია მოციქულთა 17-ე და 18-ე კანონებში).
 
წინამდებარე კანონი ლაპარაკობს მხოლოდ დაუშვებელ ქორწინებებზე, და განსაზღვრავს: "ვინც ორ დაზე იყო დაქორწინებული, ანდა თავის დისწულზე ან ძმისწულზე, ასეთი პირის ადგილი დასში არ არის", რადგან ნებისმიერი დაუშვებელი ქორწინება, იქნება ეს სისხლით ნათესაობითი თუ სხვაგვარი, არა მარტო ხელს უშლის კლირიკოსთა დასის წევრობას, არამედ ეპიტიმიასაც ექვემდებარება. რადგან ბასილი დიდი, როდესაც 78-ე და 87-ე კანონებზე მსჯელობს იმათ შესახებ, ვინც დაქორწინებული იყო ორ დაზე, განსაზღვრავს 7 წლით განაყენონ ისინი წმიდა საიდუმლოთაგან (78-ე კანონი).
 
ნეოკესარიის კრება თავის მე-2 კანონში ქალს, რომელიც გათხოვილი იყო ორ ძმაზე, სიკვდილამდე უზიარებლობას განუწესებს.
 
ხოლო ბასილი დიდის 27-ე კანონი განსაზღვრავს, რომ პრესვიტერი, რომელიც უცოდინრობით შევა უკანონო ქორწინებაში, ანუ ცოლად შეირთავს ნათესავს, მხოლოდ მღვდლის პატივით უნდა სარგებლობდეს, სხვა მღველმოქმედებათაგან კი თავი შეიკავოს, არც ვინმე აკურთხოს, არც საიდუმლოდ, არც აშკარად, და არც ვინმე უნდა აზიაროს.
 
VI მსოფლიო კრებას თავის 26-ე კანონში სიტყვა-სიტყვით მოჰყავს ბასილი დიდის ეს კანონი, და ამატებს, რომ უსჯულო ცოლ-ქმრობა ჯერ უნდა დაირღვეს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეცეს მღვდელს ისარგებლოს მღვდლის პატივით.
 
თეოფილე თავის მე-5 კანონში ამბობს, რომ დიაკვანი, რომელმაც თავის ძმისშვილთან (დისშვილთან) იცხოვრა ნათლისღებამდე, ხოლო ხელდასხმულ იქნა უკვე ნათლისღების შემდეგ, არ დაემხობა, თუკი ცოლი გარდაიცვალა ან მან თვითონ მიატოვა იგი ისე, რომ არ შესულა (ნათლისღების შემდეგ - "აპოკ." რედ.) მასთან ხორციელ კავშირში.
 
სამოქალაქო კანონი (წიგნი 60, ტიტლ. 37) კი ადგენს, რომ ყველა დაუშვებელი ქორწინება უნდა დაირღვეს და მათი მონაწილეები დაისაჯონ. სამოქალაქო განკარგულებით, ვინც სქესობრივად ცხოვრობდა ორ დასთან ან საკუთარ ძმისშვილ/დისშვილთან, ცხვირები უნდა დააჭრან და ჯოხით სცემონ. ასე უნდა მოეპყრან როგორც ქმრებს, ასევე ცოლებს, რომლებიც მათთან ერთად ეწეოდნენ გარყვნილებას. და თუკი გაყრას არ ისურვებენ, მაშინ საჭიროა მათი გაყრა ძალდატანებით, მმართველი ხელისუფლების დახმარებით.
20

თუ კლირიკოსი ვინმეს თავდებად დაუდგება, განიკვეთოს.
 
 
ზონარა. თავდებნი ხდებიან ან საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის. ვინც სხვას უდგება თავდებად, ის ამას აკეთებს ან მონაგებისთვის ან სიყვარულის გამო, რომლის მიხედვითაც ჩვენთვის ნამცნებია თავნი ჩვენნი დავდოთ ძმათა ჩვენთათვის. ამრიგად აკრძალულია სხვისთვის თავდებობა, მაგალითად მეზვერესთვის. მეზვერეობა - უძველესი ბოროტებაა; მეზვერეებად კი იწოდებიან ისინი, ვინც სასყიდელს იღებს ღალის აკრეფისგან. თუკი მათ არ გააჩნიათ პირადი ქონება, მაშინ მათგან ითხოვენ თავდებობას და მათაც ვიღაც მოჰყავთ, ვინც მათ სახელზე საკუთარ ქონებას ჩადებს. ამრიგად, ეს და ამის მსგავსი თავდებობა კლირიკოსს ეკრძალება, რათა მშფოთვარე საქმეებს არ მიეცნენ, და თავი აარიდონ სასამართლო დავასა და კინკლაობას, რამეთუ ასეთ შემთხვევაში შესაძლოა ეჭვი აღუძრან სხვებს, თითქოსდა ამას ანგარების გამო აკეთებენ. ანგარება კი კლირიკოსისთვის უცხო უნდა იყოს. აქედან გამომდინარე ასეთი კლირიკოსები დაემხობიან პატივისგან. მაგრამ თუ ვინმეს მიერ სასამართლოზე გამოძახებული კლირიკოსი მოითხოვს თავდებობას საკუთარი თავისთვის იმაში, რომ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება, მაშინ თავდების მიმცემი ეპითიმიას არ დაექვემდებარება; მეოთხე მსოფლიო კრებაზე შეკრებილი მამები და მათთან ერთად მყოფი მეფის მრჩეველები ეგვიპტელი ეპისკოპოსებისგან ითხოვდნენ თავდებობას იმაში, რომ სასამართლოზე მოვიდოდნენ, ხოლო თუკი რომელიმე მათგანს თავდებობის შესაძლებლობა არ გააჩნდა და გადავადებას ითხოვდა, მაშინ ფიცის დადებას უბრძანებდნენ. მაგრამ თუკი კლირიკოსი შეხვდება ადამიანს, რომელიც სასამართლოში მიჰყავთ და რომელიც თავდებობას ითხოვს იმაში, რომ გამოცხადდება ან სხვა რაიმესთან დაკავშირებით; ან კიდევ შეხვდება ადამიანს, რომელიც ციხეში უნდა ჩასვან იმისთვის, რომ ვერ წარადგინა თავმდები, და, პატიმარზე გულაჩვილებული, თვით დაუდგება თავდებად, რადგან ამგვარი თანადგომისკენ გაჭირვებულის საცოდაობამ მიდრიკა, ასეთ შემთხვევაში, არა მგონია ის დაექვემდებაროს პატივის აყრას, არამედ შეწყნარებულ იქნება ღმრთისგან და კეთილგონიერ კაცთაგანაც, როგორც სახარებისეული მცნების აღმასრულებელი. საერო კანონიც ბრძანებს, რომ კლირიკოსები, ვინც სასამართლოს ექვემდებარებიან, უნდა წარადგენდნენ თავდებობას.
 
არისტინე. კლირიკოსი არ უნდა იყოს თავმდები. ხოლო თუ ვინმეს თავდებად დაუდგება, დაემხობა. არ მართებს კლირიკოსს სასამართლო საქმეების ტვირთვა სამარცხვინო ანგარების გამო. რადგან თუკი, მაგალითად, პავლემ ხელშეკრულება დადო ხაზინასთან ან კერძო პირთან, და თუ მას არ ენდობიან და ითხოვენ თავმდებს, და თავმდებად კლირიკოსი დაუდგება, ამგვარი დამნაშავედ ჩაითვლება და პატივი უნდა აეყაროს, რადგან არად ჩააგდო ეს აკრძალვა რაიმე სახის ანგარების გამო. თუკი კლირიკოსი შეხვდება გაჭირვებაში მყოფ დაპატიმრებულ ადამიანს, რომელიც საპატიმროდან სხვანაირად ვერ გავა, თუ ვინმე თავდებად არ დაუდგება, რომ არ გაიქცევა, და კლირიკოსი ამ ადამიანისადმი თანაგრძნობისა და კაცთმოყვარების გამო საკუთარ თავზე აიღებს ასეთ პასუხუსმგებლობას, ანუ იტყვის, რომ სასამართლოზე გამოცხადდება, მაშინ არა თუ არ დაექვემდებარება დამხობას, არამედ ქების ღირსადაც კი ჩაითვლება, როგორც მოყვასისათვის საკუთარი სულის დამდები.
 
ზოგჯერ სასამართლოსადმი დაქვემდებარებულ კლირიკოსებს სთხოვენ თავდებობას იმაში, რომ გამოცხადდებიან; ამის გამო მათ პატივს არ აჰყრიან, რადგან ქალკედონის მეოთხე კრების აქტებში წმიდა კრება და მასზე დამსწრე დიდებულები ითხოვდნენ, რათა ეგვიპტელ ეპისკოპოსებს წარედგინათ თავდებობა იმაში, რომ დარჩებიან, ხოლო იმათგან, ვინც ამგვარ თავდებობას ვერ წარადგენდა, ითხოვდნენ ფიცის დადებას.
 
ბალსამონი. ზოგიერთის თქმით, თავდებობის პირობა გულისხმობს, როდესაც კლირიკოსი თავდებად უდგება სხვა პირს; სხვათა განმარტებით კი, ეს საკუთარი თავისადმი კლერიკოსის თავდებობას ნიშნავს. ამრიგადო, ამბობენ, დაემხობაო ის კლირიკოსი, რომელიც სასამართლომდე ან წარმოებამდე არ დაიშვება სიღარიბის თუ სხვა საპატიო მიზეზის გამო, რისთვისაც იყენებს თავმდებთ, რათა თვითონ გათავისუფლდეს საზრუნავისგან. ამგვარი პირის დამხობა საკმაოდ სასტიკია და მოციქულთამიერი კაცთმოყვარებისთვის შეუფერებელი. მაგრამ კლირიკოსის თავდებობა სხვა პირისთვის ზოგჯერ შესაძლოა დასჯადიც იყოს. რადგან, თუკი კლირიკოსი ანგარების გამო დაუდგება ვინმეს თავდებად, ის უნდა დაემხოს, რადგან მსგავსი თავდებობა სამარცხვინოა. თუმცა, ის არ დაექვემდებარება ამგვარ სასჯელს, თუ თანაგრძნობის ან რაიმე კეთილი მიზეზის გამო თავდებად დაუდგება ვინმე ღარიბს. მე-4 მსოფლიო კრებაზეც იყვნენ ეპისკოპოსები და კლირიკოსები, რომლებსაც თავდებობას სთხოვდნენ, და არც ერთ მათგანს ზიანი არ განუცდია. ასე გაიგე ის, რაც თავდებობას ეხება. წაიკითხე ასევე იუსტინიანეს 123-ე ნოველა, რომელიც შესულია ბასილიკონის მე-3 წიგნის 1-ელ ტიტლოსში ან ამ ტიტლოსის 13-ე თავი, რომელშიც, სხვათა შორის, ნათქვამია, შემდეგი: პრესვიტერებს, დიაკვნებს და იპოდიაკვნებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ნათესაური კავშირის გამო მოუწოდებენ მეურვეობად ან მზრუნველობად, ამგვარი მსახურების აღების ნებას ვაძლევთ. და ცოტა ქვემოთ კიდევ ასე: მაგრამ არა სახალხო ღალის ამკრეფებად, არც მათ მიმღებებად, არც სხვათა ქონების გადასახადების გადამხდელებად, არც სახლთა მმართველებად, არც შუამდგომლებად სასამართლოზე. ამგვარ საქმეებში მონაწილეობის უფლებას არ ვაძლევთ არც ეპისკოპოსს, არც ეკონომოსს ან სხვა კლირიკოსს რომელი ხარისხისაც გინდ იყოს, არც ბერს საკუთარი ან ეკლესიის, ან კიდევ მონასტრის სახელით, რათა ამ მიზეზით რაიმე ზიანი არ მიადგეს წმიდა სახლებს, და რაიმე დაბრკოლება არ შეექმნას საღმრთო მსახურებას.
 
ამრიგად, ნოველას ამ სიტყვებიდან, რომელშიც ნათქვამია, რომ სამღვდლო პირთაგან არავინ შეიძლება იყოს თავმდები ამგვარ საქმეებში, ანუ ჩამოთვლილებში, კარგად ჩანს, რომ კლირიკოსი თავმდები შეიძლება იყოს მხოლოდ სხვა ღვთისმოსავურ საქმეებში, ისევე როგორც თვითონაც შეუძლია აწარმოოს ამგვარი საქმეები. ეძებე ასევე წინამდებარე კრებულის მე-9 ტიტლოსი. თ. 4 და 27 და რაც მასში წერია, ასევე ქალკედონის კრების 30-ე კანონი.
 
 
დამატებითი განმარტებები:
 
ბერძნული "პიდალიონი" (მესაჭე). გამოთქმა "თავდებობას" გააჩნია ორი მნიშვნელობა, რადგან შეიძლება ადამიანი თვითონაც გახდეს სხვა ადამიანის თავდები (1), ან სხვას სთხოვოს თავდებობა საკუთარი თავისთვის. წინამდებარე კანონი გამოთქმას "თავდებობა" პირველი მნიშვნელობით იყენებს და ამბობს: "თუ კლირიკოსი ვინმეს თავდებად დაუდგება, განიკვეთოს", რადგან ამგვარ თავდებობას ძირითადად მიმართავენ ადამიანური მოვალეობების შესრულებისას, ანუ ისეთ საქმეებში, რომლებიც საბაჟო გადასახადებთან, ხარკთან, ფულთან და საერთოდ სავაჭრო ხელშეკრულებებთან არის დაკავშირებული. ამგვარ საერო და წუთისოფლის საქმეთაგან კლირიკოსები თავისუფალნი უნდა იყონ. მეტიც, ამგვარი თავდებობისგან იბადება მრავალი საცთური, რომელშიც კლირიკოსი ნებაყოფლობით არ უნდა ჩაერიოს, რათა, როგორც მეიგავე ამბობს, "მახეში არ გაება შენი ბაგის ნათქვამით და არ გამოგაცალონ ქვეშაგები" (იგავნი 6:1; 22:26-27).
 
ამრიგად, კლირიკოსები მონაგების გულისთვის არ უნდა თავდებობდნენ საყოფაცხოვრებო საკითხებში. მართალია, ნამცნები გვაქვს სულიც კი დავდოთ მოყვასის სიყვარულისთვის, მაგრამ არა საყოფაცხოვრებო მოვალეობათა გამო, არამედ, როგორც ბასილი დიდი ბრძანებს (იხ. 162 მოკლედ გადმოცემული კანონი), მხოლოდ ძმათა სარგებლობისთვის, ღმრთის გულის მოგების მიზნით (PG 31, 1188ВС) – ამ მიზნით კლირიკოსებს არა მარტო მართებთ გახდნენ ძმათა თავმდებნი, არამედ სულიც კი გაწირონ მათთვის. მაგალითად, თუ კლირიკოსი შეხვდება ადამიანს, რომელსაც უსამართლოდ მიათრევენ ციხისკენ, რადგან არავინ ჰყავს, ვინც შეძლებდა მისთვის თავდებობას მოსამართლის წინაშე, შეებრალება იგი და თავდებად დაუდგება ძმას, ამგვარი კლირიკოსი, ვამბობ, არ დაემხობა პატივისგან, მეტიც, მას აქებენ ღმერთი და ადამიანები, როგორც სახარებისეული ღვთაებრივი მცნების აღმსრულებელს. წერილი ხომ ამბობს: "სიკეთის ქმნა ისწავლეთ, ეძიეთ სამართალი, შეეწიეთ ჩაგრულს, განიკითხეთ ობოლი, ქვრივს გამოესარჩლეთ... იხსენი საკვდავად წაყვანილნი და დაიფარე დასახოცად განწირულნი" (ეს. 1:17; იგავნი 24:11). და ეს ყველაფერი განეკუთვნებოდა პირველ მნიშვნელობას, იმას, რომ არ უნდა დავდგეთ სხვის თავდებად.
 
თავის მხრივ, IV მსოფლიო კრებამ, გაიგო რა გამოთქმა "თავდებობა" მეორე მნიშვნელობით, 30-ე კანონში მოითხოვა ეგვიპტელ ეპისკოპოსებს აეღოთ თავდებობა სხვებისთვის იმაში, რომ არ გაშორდებიან კონსტანტინოპოლს მანამ, სანამ ხელდასხმული არ იქნება ალექსანდრიის არქიეპისკოპოსი.
 
ამგვარად, მოციქულთა 20-ე და VI მსოფლ. კრების 30-ე კანონები თანხმიერნი არიან და არ ეწინააღმდეგებიან ერთურთს, რადგან მოციქულები გამოთქმას "თავდებობა" იყენებენ ერთი მნიშვნელობით, IV მსოფლიო კრება კი - სხვა მნიშვნელობით (2).
 
 
შენიშვნები ("პიდალიონიდან"):
 
1. ამ აზრით ქალებსაც არა აქვთ თავდებობის უფლება, ანუ თვით რომ დაუდგნენ თავდებად ვინმეს. მაგრამ თუ დაუდგებიან, თავდებობაში დადანაშაულებულ არ იქნებიან. ქალებს თავდებობისთვის სასამართლოში დაიბარებენ მხოლოდ მაშინ, თუკი ის აიღებს რაიმე საზღაურს იმისთვის, რომ თავდებად დადგა, რადგან საზღაური, რომელიც მან მიიღო, დამნაშავეს ხდის თავდებობაში (არმენოპული. წიგნი 3, ტიტლ. 6).
 
2. ფოტის "ნომოკანონის" მიხედვით (ტიტლ. 9. თ. 34), "კოდექსის" 1-ლი წიგნის მე-3 ტიტლოსის 25-ე და 32-ე დადგენილებით განსაზღვრულია, რომ ეპისკოპოსებმა და საერთოდ კლირიკოსებმა, როდესაც ასამართლებენ, არ წარადგინონ თავმდებნი საკუთარი თავისთვის. მაგრამ, როგორც ბალსამონი ამბობს, ეს დადგენილებები, იმის შემდეგ, რაც ნოველები გაწმინდა კონსტანტინე პორფიროგენეტმა, არ იქნა ჩართული "ბასილიკონში" და, ამიტომაც, არანამდვილი და ძალის არმქონეა; ან კიდევ ეს დადგენილება უკრძალავს კლირიკოსებს გახდნენ თავმდებნი, როგორც ვთქვით, სავაჭრო საქმეებში და ადამიანურ მოვალეობათა შესრულებაში, და არა იმაში, რაც მცნების მიხედვით უნდა გაკეთდეს ძმათა სასარგებლოდ.
 
იუსტინიანეს 123-ე ნოველაც ამბობს, რომ კლირიკოსები, როდესაც სამართლდებიან, არ უნდა თავდებობდნენ, არამედ მხოლოდ პირობა უნდა დებდნენ გირაოსთან ერთად და ისიც ფიცის გარეშე. ხოლო სასამართლოში მოდავე მღვდელმთავრები არც თავდებს იძლევიან და არც პირობას დებენ. მხედველობაში იქონიე, რომ ზოგიერთებს პირობად ესმით ის, რასაც ჩვეულებრივ მაჭანკლობას უწოდებენ, რადგან მღვდელმსახურებს და კლირიკოსებს დაწინდვისა და დაქორწინების დროს მაჭანკლობა არ შეჰფერით.
21

პირი, რომელიც ადამიანთა ძალადობის შედეგად გახდა საჭურისი, ან დევნის პერიოდში მამაკაცური ასო წაერთვა, ან ამ მდგომარეობაში დაიბადა, თუ ღირსია, ეპისკოპოსად დადგინდეს.


ბალსამონი. ეს ოთხი, ანუ წინამდებარე და მისი მომდევნო განწესება შეიწყნარებენ იმათ, ვინც კლირში შესვლამდე იქნენ დასაჭურისებული დაავადების ან მტერთა შემოსევის გამო, და ამდაგვართ კლირიკოსთა შორის ჩარიცხავენ, თუკი, რა თქმა უნდა, ღირსეულნი იქნებიან. მაგრამ, ვინც თავს გამოისაჭურისებს მღვდლობის მიღების შემდეგ, თუნდაც დაავადებით იყოს იძულებული, ასევე ისინი, ვინც მღვდლობის მიღებამდე დაავადების გარეშე მოიკვეთა შვილთა გამჩენი ასონი, დაისჯებიან, კერძოდ: პირველნი დაემხობიან პატივისგან, ხოლო მეორეთ არ დაუშვებენ კლერიკოსთა დასში. რაც შეეხება ერისკაცთ, ვინც თავი დაისაჭურისა არა სნეულების ან ძალადობით გამო, სამი წლით განიკვეთენ (ზიარებისგან - "აპოკ." რედ.). ამიტომ უფრო გონიერი ადამიანები, სანამ თავიანთ შვილებს სნეულებათა გამო დაასაჭურისებდნენ, უმეტესწილად ჯერ ეკლესიაში მიდიან და შვილთა სნეულების, ასევე მათი დასაჭურისების შესახებ აცხადებენ.
 
სამოქალაქო კანონებიც მკაცრად სჯიან მათ, ვინც საკუთარ შვილს ან მონას ასაჭურისებს, ან კიდევ სხვა ადამიანს, თუ ის რაიმე სნეულებით არ არის დაავადებული. წაიკითხე ასევე წინამდებარე კრებულის პირველი ტიტლოსის მე-14 თავი, ასევე იმპერატორ ლეონ ბრძენის 60-ე ნოველა.
 
საჭურისები არიან სამი სახის, კერძოდ: 1) ვინც ყრმობის ასაკში მოაკლდა სასქესო ორგანოებს, რომლებიც შესაძლოა დაზიანდა მშობლების მიერ და გამოუსადეგარი გახდა; 2) ვისაც დაბადებიდანვე არა აქვს სასქესო ასო და ბოლოს 3) რკინის მეშვეობით დასაჭურისებულნი.
 
პირველი ორი კატეგორიის საჭურისები, დაუბრკოლებლად შეიძლება დაშვებულ იქნან სამღვდლო ხარისხებში, რადგან ისინი საკუთარი თავის მიმართ ჩადენილ არანაირ ბოროტქმედებაში არ იმხილებიან. ხოლო მესამენი, ზემოთგადმოცემული განწესების თანახმად, ზოგჯერ დაიშვებიან მღვდლობაზე, ზოგჯერ კი არა.
 
 
არისტინე. ადამიანთა ძალადობით დასაჭურისებული ან ბუნებით საჭურისი, მიიღებს მღვდლობას, თუკი ღირსია, ხოლო საკუთარი თავის დამსაჭურისებელი ვერა. ვინც დასაჭურისდა არა საკუთარი ნების გამო წინამდებარე განწესებას არ დაექვემდებარება, და ეს მისთვის არ იქნება დაბრკოლება მღვდლობის ხარისხის მისაღებად, თუ ღირსეულია. მაგრამ თუ ვინმე ნებაყოფლობით დაისაჭურისებს თავს, ვერანაირად გახდება კლირის წევრი, ხოლო თუ უკვე იყო კლირში, დაემხობა მისგან, როგორც ბოროტმოქმედი საკუთარი სიცოცხლისა და ღმრთის ქმნილების მიმართ.


***

დამატებითი განმარტებანი:

პიდალიონი: საჭურისები არიან სამი სახის: 1) ანორქიტები, 2) საჭურისები განუვითარებელი სასქესო ორგანოებით და 3) კასტრატები.
 
1) ანორქიტები - არიან ისინი, ვინც დედის მუცლიდან საკვერცხეებისა და სასქესო ასოს გარეშე დაიბადნენ. ამდაგვარ ადამიანებზე უფალმა თქვა: "არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ" (მათე 19:12). ასეთი იყო დოროთე, ანტიოქიის ეკლესიის პრესვიტერი, როგორც ამას მოწმობს ევსები თავის "საეკლესიო ისტორიაში" (წიგნი 7, თ. 32) (1).
 
2) საჭურისები განუვითარებელი სასქესო ორგანოებით არიან ისინი, ვისაც მშობლებმა ბავშვობაში ორგანოები მიუჭყლიტეს ან სასქესო ასოზე მოუჭირეს, რის გამოც შვილთა გაჩენის უუნარონი გახდნენ.
 
3) კასტრატები - კი არიან ისინი, ვისაც სასქესო ასოები ან დანით, ან კიდევ რაიმე სხვა იარაღით თუ მეთოდით მოაჭრეს (2).
 
ნათქვამის შემდეგ მივმართოთ წინამდებარე კანონს, რომელიც ამბობს: "პირი, რომელიც ადამიანთა ძალადობის შედეგად გახდა საჭურისი, ან დევნის პერიოდში მამაკაცური ასო წაერთვა, ან ამ მდგომარეობაში დაიბადა, თუ ღირსია, ეპისკოპოსად დადგინდეს" (3), რადგან ის დამნაშავე არ არის ამ დასაჭურისებაში, არამედ მისი საჭურისობა გამოწვეულია ბუნებით ან კიდევ ბოროტი ადამიანების მოქმედებით, ამიტომ უმჯობესია ამდაგვარი შევიწყალოთ, არ დავსაჯოთ და არ შევიძულოთ.
 
მოციქულთა მომდევნო 22-24-ე კანონები ასევე შეიცავენ განწესებებს საჭურისობის შესახებ. ხოლო I მსოფლიო კრების 1-ლი კანონი ამბობს: "ვინც ავადმყოფობისას მკურნალების მიერ იქნა ასოწართმეული, ან ბარბაროსთაგან დასაჭურიესებული, ასეთი პირი სასულიერო დასში დარჩეს, ერისკაცი კი კლირში მიღებულ იქნას; ხოლო თუ ვინმემ, ჯანმრთელ მდგომარეობაში მყოფმა, თავად გამოისაჭურისა თავი, ასეთი პირი, თუ დასის წევრია, უნდა შეწყვიტოს მღვდელმოქმედება და ყოველივე, რაც მღვდელმსახურებასთან არის დაკავშირებული, ხოლო თუ ერისკაცია, ვერ გახდება კლირიკოსი". I მსოფლიო კრების ამ კანონს ორგზისი კრების მე-8 განწესება ამატებს: "თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, ან დიაკონი მხილებული იქნება ვისმეს გამოსაჭურისებაში თავისი ხელით, ან ვისმეს მხარს დაუჭერს და მოუწონებს ასეთ საქციელს, განკვეთით უნდა დაისაჯოს; ხოლო თუ ერისკაცი იქნება იგი, უზიარებელი უნდა იყოს; მაგრამ არ დავსჯით მღვდლებს, რომელნიც გამოსაჭურისების თანახმანი არიან სნეულების დროს და ასეთ ერისკაცებსაც არ განვაკანონებთ".
 
 
შენიშვნები "პიდალიონიდან":
 
1. PG 20, 721В.
 
2. ზოგიერთ კასტრატს მოჭრილი აქვთ საკვერცხეებიც და სასქესო ასოც - ამდაგვართ უკვე აღარ შეუძლიათ სქესობრივი კავშირის დამყარება ქალებთან, სხვებს მხოლოდ საკვერცხეები აქვთ მოჭრილი, მაგრამ არა ასო. ამ უკანასკნელთ შეუძლიათ შესცოდონ ქალებთან, თუმცა არ შეუძლიათ გააჩინონ შვილები, და ხორციელ ვნებებს უფრო ძლიერ განიცდიან, ვიდრე ისინი, ვისაც ყველა ორგანო ჯანსაღი აქვს და შვილთა გაჩენის უნარიც გააჩნიათ. ასე ბრძანებს მათზე ბასილი დიდი თავის ჰომილიაში "ქალწულობის შესახებ" (Basil. Magn. De virgin. 61 // PG 30, 796AC.); მათზე აქვს ნათქვამი ზირაქსაც: "საჭურისისგან ქალწულის გაუპატიურების მცდელობაზე" (ზირ. 20:4 და 30:21). სავარაუდოდ, ასეთი იყო პენტეფრი, მეფე ფარაონის ევნუქი (ზოგიერთ ქრისტიან ქრონისტთაგან (იოანე მალალა, გიორგი კედრენე და სხვები) მიიჩნევდნენ, რომ ფარაონი - გამოსვლის დროინდელი ეგვიპტის მეფის კერძო სახელი იყო), იოსებ მშვენიერის ბატონი: ჩვენ ვკითხულობთ, რომ მას ჰყავდა ცოლი, რომელიც იოსების შეცდენას ცდილობდა.
 
ასევე აღსანიშნავია, წმიდა ავგუსტინეს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც ვინმე ყმაწვილმა იგემონ ფელიქსს გაუგზავნა წერილი, სადაც ითხოვდა დასაჭურისებულიყო ერთ ექიმთან, რომელიც იმპერატორის განკარგულების გამო ამის გაკეთებას ვერ ბედავდა, რადგან დასაჭურისება - უკეთური და არკძალული საქმეა, როგორც ღვთაებრივი, ასევე საიმპერატორო კანონებით. გარდა ამისა, ღვთაებრივი იუსტინე თავის მე-2 აპოლოგიაში ლაპარაკობს ზოგიერთ შემთხვევაზე, რომლითაც მტკიცდება, რომ მათ არ შეეძლოთ არავის დასაჭურისება იგემონის ნებართვის გარეშე (Just. Martyr. Apol. 1. 29 // PG 6, 373A.).
 
3. ასეთი იყო ნიკიტა, რომლის შესახებაც ლაპარაკობს ნიკიტა ხონიატი: "იყო ვინმე ევნუქი, სახელად ნიკიტა, ყოველგვარი მადლითა და სათნოებით შემკული, ის მღვდელმთავრობდა ქალაქ ხონაში" (Nicet. Chon. De Manuele Comneno V II, 7 // PG 139, 569A). ევნუქი იყო კონსტანტინოპოლის პატრიარქი ეგნატე. გარდა ამისა, ევნუქებზე ლაპარაკობს ღმერთი მეორე სჯულში: "ვერ შევა კვერცხებჩაჭყლეტილი და ასომოკვეთილი უფლის საკრებულოში" (მეორე სჯლ. 23:1).
22
 
თავისი თავის გამომსაჭურისებელი არ იქნეს სასულიერო დასში მიღებული, რამეთუ იგი თვითმკვლელი და საღმრთო ქმნილების მტერია.

(მოც. 21,23,24; I მსოფლ. 1; ორგზ. 8).
  
ზონარა. სნეულების გარეშე თავის გამომსაჭურისებელი, სასქესო ასოების დამზიანებელი, საერო კანონებითაც ისჯება და თანაც ისე, რომ დასაჭურისებულ მონათა გათავისუფლებას ბრძანებენ, ხოლო იმათ, ვინც ისინი დაასაჭურისეს, იმავე სახით ასახიჩრებენ, ქონებას ართმევენ და გადასახლებას უქვემდებარებენ. ეს (დასაჭურისება - "აპოკ." რედ.) წმიდა კანონებითაც აკრძალულია. თუმცა დასაჭურისებულს არ ერთმევა უფლება მღვდელი გახდეს, თუკი მან თვითონ არ გამოისაჭურისა თავი, რადგან ის, ვინც სხვებმა დაასაჭურისეს, როგორც ძალადობის მსხვერპლი, უფრო შეწყალების ღირსია, და არა სიძულვილისა. ამიტომაც ამდაგვარი შეიძლება მღვდელი გახდეს.
 
ასევე ის, ვინც ბუნებითად არის მოკლებული სასქესო ორგანოებს (ამდაგვართ სახარებაში უფალმა დაბადებიდან საჭურისები უწოდა), დაუბრკოლებლად შეიძლება ჩაირიცხოს კლირიკოსთა დასში. მაგრამ ვინც საკუთარი ნების ისაჭურისებს თავს, არა თუ არ დაიშვება კლირიკოსთა შორის, არამედ თუ ადრევე მოასწრო კლირიკოსი გამხდარიყო, კლირიდან უნდა განიდევნოს.
 
ხოლო თუ თავს გამოისაჭურისებს ერისკაცი, ის სამი წელი უზიარებელი უნდა იყოს; რადგან ასეთები, ამ საქმის საშიშროებიდან გამომდინარე, საკუთარი თავზე ბოროტმზრახველებად  და ღმრთის ქმნილების მტრებად განიხილებიან. რადგან ღმერთმა ისინი შექმნა მამაკაცური ბუნებით, ისინი კი თვითონ იცვლებიან და სხვა, უცნაურ ბუნებას იღებენ, არც მამაკაცები არიან, - რადგან მამაკაცთათვის თვისობრივის აღსრულება და ადამიანის გამრავლება აღარ შეუძლიათ, - და არც ქალები, რამეთუ თავიანთი ბუნებით შვილების დაბადება არ ძალუძთ.
 
იგივეს განაწესებს პირველი მსოფლიო კრების პირველი კანონი
 

***

დამატებითი განმარტებანი:
 
 
პიდალიონი: "თუ ვინმე დასაჭურისდა კაცთა ბოროტების გამო ან მამაკაცური ასოები დევნულების დროს დაკარგა, ან ასეთად დაიბადა, მაგრამ ღირსეული ადამიანია, შეიძლება გახდეს ეპისკოპოსი".
 
ამის წინა კანონს მსჯავრი გამოაქვს საკუთარი ნების წინააღმდეგ დასაჭურისებულთა შესახებ, ხოლო წინამდებარე განწესება ეხება ნებაყოფლობით დასაჭურისებულთ. ის ამბობს: «ჯანმრთელად მყოფი, თუ თავს საკუთარი ნებით გამოისაჭურისებს, - და არა აქვს მნიშვნელობა საკუთარი ხელით იზამს ამას თუ მის დასაჭურისებას სხვას დაავალებს, - კლირიკოსი არ უნდა გახდეს (1), რადგან თვითმკვლელი და საღმრთო ქმნილების მტერია".
 
ღმერთმა ის მამაკაცად შექმნა, ყველა თავისი ორგანოებით, მან კი, ისინი მოიჭრა და თავი უცნაურ არსებად იქციქა: ის უკვე არც მამაკაცია (რადგან არ შეუძლია აღასრულოს ის, რაც მამაკაცთათვის არის დამახასიათებელი, ანუ ქვეყანაზე გააჩინოს მისი მსგავსი ადამიანები), და არც დედაკაცი (რადგან არ შეუძლია განიცადოს ის, რაც თვისობრივია ქალთათვის, ანუ ატაროს ჩვილი საშოში და დაჰბადოს), არამედ რაღაც მესამე, ვიღაც საშინელება, შეიძლება ითქვას, საშუალო რამ კაცსა და ქალს შორის.
 
იხ. ასევე მოციქულთა 21-ე კანონის განმარტება.
 
 
 
შენიშვნები "პიდალიონიდან"
 
1. ზოგიერთმა უგუნურმა მწვალებელმა, განსაკუთრებით ვალეზიანელებმა, როდესაც ისმინეს უფლის სიტყვები; "თუკი გაცთუნებს შენი მარჯვენა თვალი, ამოითხარე და გადააგდე" და "თუ გაცთუნებს შენი მარჯვენა ხელი, მოიკვეთე და გადააგდე" (იხ. მათე 5:29-30 და ლუკა 9:45), უკეთურად და არასწორად განმარტეს იგი. როგორც ამ მწვალებელთა შესახებ ბრძანებს ღვთაებრივი ეპიფანე, ისინი ამბობდნენ, რომ საჭიროა იმ ასოების მოკვეთა, რომლებიც ადამიანებს ცოდვისკენ უბიძგებენ (Epiph. Adv. haer. 58.1 // PG 41, 1012AC.). ამრიგად, ისინი, ვინც ჯანმრთელია და მოიკვეთს თავისი სხეულის ასოებს, დაისჯება მოციქულთა წინამდებარე კანონით, რადგან საღმრთო ქმნილების მტერია. უფლის ზემოთდამოწმებული სიტყვები არ შეიძლება ბუკვალურად გავიგოთ - ისინი მეტაფორულად განიმარტებიან. თუკი ჩვენ გვყავს ნათესავები ან მეგობრები, ისეთივე ახლობლები და ძვირფასები, როგორც საკუთარი სხეულის ასოებია, მაგრამ მათთან მეგობრობა ღმრთის სიყვარულში გვაბრკოლებს, მაშინ გვმართებს ამგვარი მიდრეკილებაზე და მეგობრობაზე უარის თქმა, თუკი ყველაფერს ღმრთის სიყვარულსა და სულის ცხონებას ვამჯობინებთს. ასე განმარტავენ მაცხოვრის ამ გამონათქვამს ღვთაებრივი ოქროპირი, თეოფილაქტე, ეპიფანე და სხვა მამები.
 
ასევე შენიშნე, რომ გრიგოლ ღვთისმეტყველი საჭურისებს უწოდებს "კაცებს ქალთა შორის და ქალებს კაცთა შორის" (Greg. Nazianz. Or. 43. 47 // PG 36, 557B), ხოლო ბასილი დიდი (წერილი სიმპლიკიას. ეპისტოლე 115) საჭურისთა გვარს "უპატიოს და ყოვლადდაღუპულს" უწოდებს, რადგან ესენი არიანო "არაქალნი, არაკაცნი, დაბადებისთანავე რკინამისჯილნი", კიდევ მრავალი ეპითეტებით ახასიათებს მათ და ამატებს, რომ არ იმსახურებენ ნდობას მოწმეებად სამსჯავროზე (Basil. Magn. Ер. 115 // PG 32, 532А). ღვთაებრივი მოციქული საკუთარი ნებით თავის გამომსაჭურისებელს წყევლის ღირსად მიიჩნევს. ისინი, ვინც რყვნიდა გალატელებს, მან ასეთი სიტყვებით დაწყევლა: "ო, ნეტა განიდევნებოდნენ (ποκόψονται) (სლავურ თარგმანში: "отсечени") (ოქროპირისა და თეოფილაქტეს განმარტებით - "დასაჭურისებულნი") თქვენი შემაშფოთარნი" (გალატ. 5:12).
23
 
კლირიკოსი, რომელიც თავის თავს გამოისაჭურისებს, განიკვეთოს, რამეთუ იგი თავის მკვლელია.
 
(მოც. 21,22,24; I მსოფლ. 1; ორგზ. 8).


***
 
დამატებითი განმარტებანი:
 
 
პიდალიონი: ეს კანონიც, წინა განწესების მსგავსად, დასაჭურისებაზე მსჯელობს - ოღონდ თუ წინა განსაზღვრავს, რომ ის, ვინც ერისკაცობაში მყოფი, თავს ნებაყოფლობით დაისაჭურისებს, კლირიკოსი ვერ გახდებაო, ეს განსაზღვრავს: "თუკი ვინმე, ვინც უკვე კლირიკოსია, რომელიც თავის თავს გამოისაჭურისებს ან სხვას სთხოვს მის დასაჭურისებას, თუმცა სრულიად ჯანმრთელია და ამას არ საჭიროებს, დაემხოს პატივიდან, რადგან თავის მკვლელია" (1) და, არა მარტო საღმრთო განწესებები, არამედ სამოქალაქო კანონებიც სჯიან საკუთარი თავის დამსაჭურისებლებს: ქონების კონფისკაციით, გადასახლებით, თანასწორი შურისგებით (ანუ თუ ვინმემ სხვა დაასაჭურისა იმას თავადაც ასაჭურისებდნენ).
 
თუ დასაჭურისებული იქნება მონა, ჯანმრთელი ან სნეული, კანონები მის გათავისუფლებას ბრძანებენ (იხ. ფოტის ნომოკანონი. ტიტლ. 1, თ. 14). წაიკითხე ასევე მოციქულთა 21ე- კანონის განმარტება.
 
 
შენიშვნები "პიდალიონიდან"
 
1. მოციქულთა წინამდებარე განწესების თანახმად, როგორც ამას სოკრატე მოწმობს, დიმიტრი ალექსანდრიელმა სასულიერი პატივისგან დაამხო ორიგენე, რადგან მან თავი დაისაჭურისა (სავარაუდოდ, "პიდალიონის" ავტორები უშვებენ შეცდომას - ორიგენეს თვითდასაჭურისებაზე და ამ დანაშაულისთვის მისთვის სასულიერო პატივის აყრაზე ცნობას გვაწვდის არა სოკრატე სქოლასტიკოსი, არამედ ევსები კესარიელი. იხ.: Euseb. Hist. eccl. VI, 8 // PG 20, 536–537) (თუმცა სხვები ამბობენ, რომ ორიგენემ, რომელიც ძალიან განათლებული იყო, გამოიგონა რაღაც მცენარეული წამალი, რომლითაც ხორციელი დაუოკებლობა ამოაშრო). წაიკითხე ასევე ეპიფანე, რომელიც 64-ე მწვალებლობის შესახებ ბრძანებს, რომ არსებობდა ხმები ორიგენეს თვითდასაჭურისების შესახებ (Epiph. Adv. haer. 64. 3 // PG 41, 1076B). ღვთაებრივი ათანასეც, როდესაც ლეონტი ანტიოქიელზე ჰყვება, რომელსაც კათედრა ეპყრა ევდოქსიმდე, ამბობს, რომ მას არც მღვდელმთავრის წოდება უნდა ჰქონოდა, არც უნდა ზიარებულიყო, რადგან თავი დაისაჭურისა ვინმე ევსტოლიასთან დაუბრკოლებლად რომ ეცხოვრა, და რომელსაც მანამდეც ჰქონდა კავშირი მასთან, თუმცა ქალწულად მოჰქონდა თავი (იხ.: 1-ლი აპოლოგია კონსტანციუსის წინაშე) (სინამდვილეში ეს შემთხვევა აღწერილია "არიანელთა ისტორიაში": Athanas. Alex. Hist, arian. 28 // PG 25b, 725A).
24
 
ერისკაცი, რომელიც თავის თავს გამოისაჭურისებს, სამი წლით განკანონებულ იქნეს ზიარების საიდუმლოდან, რამეთუ იგი თავისი სიცოცხლის მტერია.
 
(მოც. 21,22,23; I მსოფლ. 1; ორგზ. 8).
 
 
ბალსამონი. ამ თავთა განმარტება იხილეთ ზემოთ. ასევე წაიკითხეთ წმიდა ბასილი დიდის ჰომილია ქალწულობაზე, წმიდა ეპიფანეს ჰომილია და მმარხველის ნომოკანონი დასაჭურისებულთა შესახებ.
 
 
***

დამატებითი განმარტებანი:
  
პიდალიონი: თუ ვინმე ჯანმრთელი საკუთარ თავს გამოისაჭურისებს ან სხვას დაავალებს მის გამოსაჭურისებას, - ერისკაცი თუ იყოს, წინამდებარე კანონი მას ზიარებიდან და ქრისტიანთა შეკრებიდან სამი წლით განაკანონებს, რადგან, დასაჭურისებით მან ხელი აღმართა საკუთარ სიცოცხლეზე.
25
 
ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, მხილებული სიძვაში, ფიცის გატეხვაში, ან მოპარვაში, სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს, მაგრამ საეკლესიო თანაზიარებიდან არ განკანონდეს, რადგან წმიდა წერილი ამბობს: "... არშურ-იგო ორგზის ერთბამად ჭირსა შინა" (ნაუმ. 1,9). იგივეს განვაწესებთ დასის სხვა წევრების მიმართაც.
 
(მოც. 29,30; I მსოფლ. 9; ტრულ. 4,21; ნეოკეს. 1,8; კართ. 27; ბასილი დიდი 3,32,51,70,82)
 
 
ზონარა. მითითებულ დანაშაულობებში შთავარდნილები, ამავდროულად არ ექვემდებარებიან განკვეთას, რადგან პატივიდან დამხობა საკმაო სასჯელია ამ დანაშაულობათათვის, და ორჯერ მათი დასჯა არ უნდა ხდებოდეს. მაგრამ არის სხვა დანაშაულობები, რომლებში მხილებულნი ერთსა და იმავე დროს პატივიდანაც ემხობიან და საეკლესიო თანაზიარობიდანაც განიკვეთებიან, მაგალითად, ისინი, ვინც მღვდელმთავრობა ფულით ან ხელისუფალთა დახმარებით მიიღო.
 
არისტინე. სიძვაში ან ფიცის გატეხვაში, ან მოპარვაში მხილებული მღვდელი დაემხობა, მაგრამ არ განიკვეთება, რამეთუ წმიდა წერილი ბრძანებს: "არშურ-იგო ორგზის ერთბამად ჭირსა შინა" (ნაუმ. 1:9). სიძვაში ან ფიცის გატეხვაში, ან მოპარვაში მხილებული მღვდლისთვის საკმარისია დასჯა პატივის აყრით, ამიტომ ის კიდევ თანაზიარობიდანაც არ უნდა განიკვეთონ, რათა ამგვარად ერთი დანაშაულისთვის ორმაგ დასჯას არ დაექვემდებაროს, რაც კაცთმოყვარეობის საწინააღმდეგოა.
 
ბალსამონი. ნუ ამბობ, რომ სიტყვები: "არშურ-იგო ორგზის ერთბამად ჭირსა შინა" (ნაუმ. 1:9) ეხება ყოველ პატივასაყრელ მღვდელს რა დანაშაულიც გინდ ჰქონდეს ჩადენილი. რადგან ფულით ან ხელისუფლების შუამდგომლობით მღვდლობის მიმღებნი - ერთდროულად პატივიდანაც ემხობიან და თანაზიარობიდანაც განიკვეთებიან, როგორც ბრძანებენ ამას მოციქულთა 29-ე და 30-ე კანონები. არამედ თქვი, რომ ეს სიტყვები ეხება მხოლოდ კანონში მითითებულ და მათ მსგავს დანაშაულობებს. ეძებე ასევე წმ. ბასილი დიდის მე-3, 32-ე და 51-ე კანონები. მაშ, შენიშნე, რომ ეპისკოპოსები და კლერიკოსები, რომლებიც ამგვარად დაემხობიან კლირიდან, მართლებთან ერთად თანაზიარობას არ აკლდებიან. წაიკითხე ასევე წმ. ბასილი დიდის 32ე- კანონი.
 

***
 
დამატებითი განმარტებანი:
 
 
პიდალიონი: ყველა მღვდელმსახური და კლირიკოსი წმიდა და უმწიკვლო უნდა იყოს, ამიტომაც წინამდებარე განწესებას გამოაქვს შემდეგი განსაზღვრება. თუკი ეპისკოპოსი, პრესვიტერი ან დიაკონი მხილებულ იქნებიან, ანუ, დამტკიცებული იქნება, რომ შთავარდნენ სიძვაში, ფიცის გატეხვაში (1), ან მოპარვაში, თანაც სერიოზულ მოპარვაში, რომელიც ექვემდებარება სისხლის სამართლებრივ დასჯას, იოანე მმარხველის 28-ე განწესების თანახმად, უნდა დაემხოს სასულიერო ხარისხიდან, მაგრამ არ უნდა განიკვეთონ მართლმორწმუნეთა საკრებულოდან და ქრისტიანთა ლოცვითი თანაზიარობიდან (2) (სისხლის სამართლებრივი დასჯა, როგორც ბალსამონი ფოტის "ნომოკანონის" მე-9 ტიტლოსის 25-ე თავში განმარტავს, - ეს არ გახლავთ თავის მოჭრა ან სხვა სახის სიკვდილით დასჯა, მაგრამ შეიძლება იყოს გადასახლება, დაბრმავება ან ხელის მოკვეთა და სხვა). საღმრთო წერილი ბრძანებს: "... არშურ-იგო ორგზის ერთბამად". მღვდელმსახურთა მსგავსად, ყველა სხვა კლირიკოსებსაც, რომლებიც ჩამოთვლილ ცოდვებში იქნებიან მხილებულნი, სასულიერო პატივიდან დაამხობენ, მაგრამ მორწმუნეთა თანაზიარობიდან არ განიკვეთენ.
 
წინამდებარე კანონში ყურადღება უნდა მივაქციოთ ორ რამეს.
 
პირველი: მღვდელმსახურები და კლირიკოსები, რომლებმაც ჩამოთვლილი დანაშაულობანი ჩაიდინეს, თუმც კათაკმევლებივით არ განიკვეთებიან თანაზიარობიდან ბასილი დიდის მე-3, 32-ე და 51-ე კანონების მიხედვით (ანუ ეკლესიაში ქრისტიანთა შესაკრებელიდან და ლოცვითი თანაზიარობიდან), იმავე ბასილი დიდის თანახმად, არ ეზიარებიან უპატიოსნეს საიდუმლოთ, და როგორც უღირსნი იმყოფებიან ეპითიმიის ქვეშ მანამ, სანამ მღვდელმთავარი ან მათი სულიერი მოძღვარი ჩათვლის ამას საჭიროდ (3).
 
და მეორე: მღვდელმსახურებსა და კლირიკოსებს მხოლოდ პატივისგან დაამხობენ, მაგრამ არ განიკვეთენ, თუკი ისინი მხილებულნი არიან არა ნებისმიერ, არამედ წინამდებარე განწესებაში ჩამოთვლილ (ან მათ მსგავს) ცოდვებში (როგორიცაა მრუშობა ან სიწმიდეთმკრეხელობა). რამეთუ არის სხვა ცოდვებიც, რომელთა გამო მღვდელმსახურებს და კლირიკოსებს, როდესაც ისინი მათში მხილებულნი არიან, ერთდროულად პატივიდანაც ამხობენ და თანაზიარობიდანაც განიკვეთენ (მაგალითად, ფულით ან ხელისუფლების დახმარებით ხელდასხმისთვის. იხ. მოციქულთა 29 და 30).
 
მიაქციე ყურადღება, რომ თუკი პატივისგან დამხობილი მღვდელმსახურები და კლირიკოსები, ოღონდ არა განკვეთილნი თანაზიარობიდან ზემოთჩამოთვლილი ცოდვებისთვის, დამხობის შემდეგ კვლავ მიეცემიან ამ ან სხვა შეცოდებებს, მაშინ მათ სრულიად განიკვეთენ ეკლესიიდან კათაკმეველთა მსგავსად.
 
სწორედ ამიტომაც ნეოკესარიის 1 კანონი განსაზღვრავს, რომ თუ პრესვიტერი ჩაიდენს სიძვას ან მრუშობას, ის ეკლესიიდან განიკვეთება და გადავა მონანულ ერისკაცთა რაგნში, რაც მშვენივრად ეთანხმება წინამდებარე მოციქულთა კანონს, თუკი ისე გავიგებთ, რომ ნეოკესარიის კანონი ლაპარაკობს პრესვიტერზე, რომელმაც სიძვა ან მრუშობა ჩაიდინა ორჯერ ან სამჯერ.
 
 
შეთანხმება
 
ნეოკესარიის მე-8 კანონში ნათქვამია, რომ მღვდელი, რომელიც აგრძელებს ცხოვრებას თავის ცოლთან, რომელმაც იმრუშა, უნდა დაემხოს პატივისგან. ხოლო VI მსოფლ. კრების 21-ე კანონი ბრძანებს: "ვინც ისეთი კანონსაწინააღმდეგო დანაშაული ჩაიდინა, რისთვისაც თავისი წოდებიდან სრული და სამუდამო განკვეთა დაიმსახურა, თუკი ნებაყოფლობით შეინანებს, მაშინ მას უფლება ეძლევა თმები კლერიკოსის მსგავსად შეიკვეცოს. ხოლო თუ არ მოინდომებს მონანიებას, ასეთ შემთხვევაში თმები ერისკაცთა მსგავსად გაიზარდოს".
 
ბასილი დიდი 17-ე კანონში ამბობს, რომ ის პრესვიტერები, რომლებიც (აუცილებლობით ან საფრთხის გამო) ფიცი დადეს, რომ არ შეასრულებენ სამღვდელო საქმეებს. საჯაროდ მღვდელმსახურების უფლება არა აქვთ (რათა მათი ფიცის მცოდნენი არ დააბრკოლონ), მაგრამ შეუძლიათ იმსახურონ კერძო სახით. ამასთან უნდა შეინანონ ის, რომ მაშინდელი ფიცის გამო.
 
ხოლო 70-ე კანონში იგივე მამა გვთავაზობს, რომ თუკი დიაკვანი ან პრესვიტერი ქალთან შესცოდავს მხოლოდ კოცნით, ზონარას თანახმად დროებით უნდა შეწყვიტოს მღვდელმოქმედება, მაგრამ საიდუმლოებებთან ზიარება პრესვიტერებთან და დიაკვნებთან ერთად შეეძლება. ხოლო თუკი აღმოჩნდება, რომ მან უფრო მეტში შესცოდა, ვიდრე კოცნა იყო, მაშინ უნდა დაემხოს.
 
VI მსოფლიო კრების მე-4 კანონი პატივიდან დაამხობს ეპისკოპოსს, პრესვიტერს და დიაკონს ან ნებისმიერ კლირიკოსს, რომელიც სქესობრვი კავშირს დაამყარებს ღმერთს შეწირულ ქალთან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მონაზონთან. იოანე მმარხველი ამბობს, რომ თუკი ვინმე ხელდასხმამდე მალაკიის ცოდვაში შთავარდება (რომელსაც ზოგიერთები განმარტოვებულ სიძვას უწოდებენ), ეპითიმიას უნდა დაუქვემდებარონ და ამის შემდეგ მისცენ საეკლესიო ხარისხი. ხოლო ამ ცოდვაში მღვდლობის მიღების შემდეგ შთავარდება, ღვთისმსახურება ერთი წლით აეკრძალოს და სხვა ეპითიმიებსაც დაექვემდებაროს, შემდეგ კი იმსახუროს. ხოლო თუკი ცოდვის აღიარების შემდეგ მეორედ და მესამედაც მიეცემა ამ ვნებას, დაემხოს პატივისგან და წიგნისმკითხველთა რაგნში გადაინაცვლოს (იხ. იოანე მმარხველის 10-ე კანონი).
 
 
 
შენიშვნები "პიდალიონიდან"
 
1. მიაქციე ყურადღება, რომ ფიცის გატეხვას კანონი ჭეშმარიტი ფიცის გატეხვას უწოდებს, ხოლო სამოქალაქო კანონები, ფოტის "ნომოკანონის" 13-ე ტიტლოსის 18-ე თავის თანახმად, - ცრუ ფიცსაც. მღვდელმსახური, რომელიც ასე თუ ისე ფიცს გატეხავს, დაემხოს.
 
2. ასევე მიაქციე ყურადღება, რაოდენ ედრება სიწმიდეთმკრეხელობა მოპარვას, და მასზე მძიმეც არის, რადგან სიწმიდეთმკრეხელობაში მხილებულ ეპისკოპოსს, პრესვიტერს ან დიაკონს, ორგზისი კრების 10-ე კანონის თანახმად პატივიდან ამხობენ. რადგან სახელმწიფო ღალატი სიწმიდეთმკრეხელობის მსგავსია, მღვდელმსახური, რომელიც მხილებულ იქნება სახელმწიფოს ღალატში, უნდა დაემხოს. ხოლო თუ რა არის სახელმწიფოს ღალატი იხ. წმ. მოციქულთა 72-ე კანონის 1-ლი შენიშვნა. მიაქციე ყურადღება შემდეგსაც: რადგან მოციქულთა 61-ე კანონი კრძალავს იმის ხელდასხმას, ვინც ხელდასხმამდე სიძვაში ან მრუშობაში იყო მხილებული ან სხვა ცოდვაში, რომელიც დაუშვებელია მართლმორწმუნისთვის, ხოლო ცოდვები, რომელთაც წინამდებარე კანონი ასახელებს, დაუშვებელია, მაშინ მათთვისაც არა მარტო პატივი უნდა აეყაროს მღვდელმსახურს, არამედ არც უნდა მიუშვან ხელდასხმამდე, ასე რომ ხელდასხმამდე მათში მხილებულნი მღვდლობას არ უნდა ეღირსონ.
 
3. თუკი ვინმე იტყვის, რომ რაკიღა დამხობილ კლირიკოსებს არ შეუძლიათ ეზიარონ, ამით უკვე ორმაგად ისჯებიან - დაე უწყოდენ: მათ არ სჯიან ორმაგად იმ აზრით, რომ დამხობის შემდეგ, მოციქულთა ამ კანონის თანახმად, ეკლესიიდან არ განიკვეთებიან (ხოლო ეკლესიიდან მათი განკვეთა საჭირო არ არის რადგან, მათ უკვე ვეღარ დაუბრუნდებათ ადგილი ვერც კლირში და ვერც სამღვდელოებაში, როგორც ამას ამბობს წმ. ბასილი დიდი მე-3 კანონში).
 
ასე რომ განვსაჯოთ, მაშინ ერისკაციც ორმაგად ისჯება, რაც არასწორია. არადა, როდესაც ერისკაცები სასიკვდილოდ სცოდავდნენ, მათ არა მარტო განდევნიდნენ მართალთა საკრებულოდან კათაკმევლებთან ერთად, არამედ ზიარებიდანაც განკვეთავდნენ. მაგრამ არავინ ამბობს მათ ორმაგად სჯიანო. და ეს იმიტომ, რომ საღმრთო ზიარებისგან თავშეკავება მათთვის სასჯელად არ მიიჩნეოდა. ვინც ამას არ ეთანხმება, უწყოდეს, რომ დამხობილი კლირიკოსები, იმავე ბასილის მე-3 კანონის თანახმად, არა მარტო თავს უნდა იკავებდნენ თანაზიარობისგან, არამედ, გულშემუსვრილობით ყოველმხრივ უნდა იმონებდნენ საკუთარ ხორცს, განეშორებოდნენ სიამტკბილობას და ვნებებს.
 
გარდა ამისა, კიდევ შენიშნე, რომ პატივისგან ამხობენ არა მარტო იმათ, ვინც სიძვით ან მრუშობით ან კიდევ სხვა რამით სცოდა, რომელიც მღვდელმსახურებს ხელდასხმის შემდეგ პატივს ართმევს, არამედ იმათაც, ვინც ეს ცოდვები ჯერ კიდევ ხელდასხმამდე ჩაიდინეს (თუკი ისინი ხელდასხმის შემდეგ მათ აღიარებენ ან მხილებულნი იქნებიან). იხილე I მსოფლიო კრების მე-9 კანონი.
Назад к содержимому