საეკლესიო სამართალი - მოციქულთა კანონები 1-5 - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
მოციქულთა კანონები
ქრისტეს მოციქულები
1

ეპისკოპოსი ხელდასხმული უნდა იყოს ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ.


ზონარა: ქიროტონიას დღეს ხელდასასხმელად არჩეულ კანდიდატისთვის წასაკითხ და მასზე  სულიწმიდის გარდამომწვევ ლოცვებს უწოდებენ, რადგან მღვდელმთავარი ხელის გაწვდენით აკურთხებს ხელდასასხმელს. მაგრამ ძველად ქიროტონიას თვით არჩევას უწოდებდნენ, რადგან, როდესაც ქალაქის მოსახლეობას მღვდელმთარვის არჩევის  ნება ეძლეოდა, შეკრებილთაგან ზოგნი ერთს უჭერდნენ მხარს, სხვები კი მეორეს.  ამიტომაც, მრავლის მიერ არჩეულს უპირატესობა რომ ჰქონოდა, ამომრჩევლები, როგორც ამბობენ, ხელს იწვდენდნენ და მღვდელმთავარსაც ამ გაწვდენილი ხელების  დათვლით აირჩევდნენ, ანუ ვინც ხმათა უმრავლესობას მიიღებდა,  მღვდელმთავრადაც იმას აირჩევდნენ. აქედან არის აღებული ქიროტონიის  სახელწოდებაც, რომელსაც იმავე აზრით იყენებდნენ კრების მამები, რა აზრითაც იყენებდნენ მას ძველად და ქიროტონიას არჩევას უწოდებდნენ. ლაოდიკიის კრების  მე-5 განწესებაში ნათქვამია: "ხელდასხმები არ უნდა მოხდეს მსმენელთა თანდასწრებით" - ქიროტონიები კი კრებამ უწოდა არჩევებს. მღვდელმთავრის ხელდასხმაზე  ჩვეულებისამებრ მრავალი იკრიბება, მაგრამ არჩევის დროს, ასარჩევი კანდიდატის წინააღმდეგ რაიმე ბრალდების წამოყენების გამო, ზოგიერთს ამ  ბრალდებათა გახმოვანებისას იქ ყოფნა და მოსმენა ეკრძალება. - ეპისკოპოსის ხელდასხმის უფლებას ეს კანონი აძლევს ორ ეპისკოპოსსაც; ხოლო ეპისკოპოსის არჩევის უფლებას პირველი კრების მეოთხე კანონი იმ ეპარქიის  ყველა ეპისკოპოსს განუწესებს, უკიდურეს შემთხვევაში სამს მაინც, თუკი  სხვები თავიანთ წერილობით თანხმობას განაცხადებენ ამ ხელდასხმაზე.

არისტინე:  ეპისკოპოსი ხელდასხმული უნდა იყოს ორი ან სამი ეპისკოპოსის მიერ. ხოლო  ეპისკოპოსის არჩევაში სამ ეპისკოპოსზე ნაკლები არ უნდა მონაწილეობდეს, თუ  ამ ღონისძიებაზე ეპარქიის ყველა ეპისკოპოსის შეკრებას რაიმე მიზეზი არ  აბრკოლებს. ეძებე აგრეთვე, ნიკეის კრების მე-4, კართაგენის მე-13 და ანტიოქიის მე-19 კანონები.

ბალსამონი: მოციქულთა ეს კანონი ლაპარაკობს ქიროტონიაზე, რომელსაც ეკლესიაში მღვდელმთავარი აღასრულებს, პავლე მოციქული სიტყვისამებრ: "ჴელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხჳსა ცოდვათა" (1 ტიმ. 5:22) და არა ხელის გაწვდენით არჩევაზე, როგორც ძველად აკეთებდა ამას ქალაქის მოსახლეობა და  როგორც ამბობდა ზოგიერთი, რომლებიც დაუწერელ გადმოცემას მისდევდნენ.  მართალია, ლაოდიკიის კრება თავის მეხუთე კანონში ბრძანებს, რომ ხელდასხმები  არ უნდა მოხდეს მსმენელთა თანდასწრებით, რომლის გამოც ზოგიერთები ასკვნიდნენ, რომ ეს კანონი ლაპარაკობს არჩევაზე, მე მიმაჩნია, რომ ისინი ცუდად მეტყველებდნენ, რადგან ეკლესიაში ქიროტონიები მრავალთა თვალწინ, მაგრამ საიდუმლო ლოცვებით აღსრულდება. მეტიც, როდესაც ნიკეის კრების მეოთხე  კანონი განსაზღვრავს, რომ ეპისკოპოსის არჩევა აღესრულდება ეპარქიის ყველა,  უკიდურეს შემთხვევაში სამი ეპისკოპოსის მიერ, - თუკი სხვები, ასეთ შემთხვევაში, თავიანთ წერილობით თანხმობას განაცხადებენ, - მიკვირს, როგორ ამბობდა ზოგიერთი, რომ ეს კანონი, რომელიც ორი ან სამი  ეპისკოპოსის მიერ ეპისკოპოსის ხელდასხმაზე ლაპარაკობს, შეიცავს აზრს  მღვდელმთავრის არჩევაზე.

2

მღვდელი ხელდასხმული უნდა იყოს ერთი ეპისკოპოსის მიერ, ასევე დიაკონიც და სხვებიც სამღვდელო დასიდან.


ზონარა: მღვდლებისა და დიაკვნების არჩევისა და ხელდასხმის უფლებას ეს კანონი  აძლევს ეპისკოპოსს, რომელსაც ხელდასმულები უნდა დაექვემდებარონ.

არისტინე: ერთ ეპისკოპოსს შეუძლია ხელი დაასხას მღვდელსა და დიაკონს. ნათელია.

ბალსამონი: თანამიმდევრულად გვეძლევა რა განწესებანი ქიროტონიების შესახებ, ეს კანონიც საფუძველს გვაძლევს წინამორბედი კანონი ეპისკოპოსთა ხელდასხმებს განვაკუთვნოთ და არა მათ არჩევებს. რადგან არ არის განწესებული მღვდელი, დიაკონი ან სხვა რომელიმე კლერიკოსი ჯერ აირჩიონ, შემდეგ კი ხელი დაასხან.
3

თუ  ეპისკოპოსი ან მღვდელი საკურთხეველზე მსხვერპლად შესწირავს უფლის მიერ განწესებულის გარდა სხვა რამეს, თაფლს, ან რძეს, ან ღვინის ნაცვლად თაფლუჭს  (მათრობელ სასმელს), ან ფრინველს, ან რომელიმე ცხოველს, ან ცერცვეულიდან რაიმეს ახალი ხორბლის თავთავის კონისა და ყურძნის გარდა, თავის დროზე, განიკვეთოს, რადგანაც არ არის ჯეროვანი საკურთხეველში სხვა რამის შეტანა, გარდა ზეთისა ასანთებლად და საკმევლისა წმიდა შესაწირავის დროს.


ზონარა: უფალმა, ასწავლა რა თავის მოწაფეებს უსისხლო მსხვერპლის აღსრულება, ამცნო მათ შეესრულებინათ იგი პურითა და ღვინით. ამიტომაც, მოციქულებმა აკრძალეს პურისა და ღვინის ნაცვლად საკურთხეველში სასმელის სხვა რომელიმე სახეობის  გამოყენება, მაგალითად, თაფლუჭისა. თაფლუჭად კი იწოდება ყოველივე, რაც ათრობს, გარეშე ღვინისა. ასეთია ადამიანების მიერ ხელოვნურად წარმოებული სასმელები, მაგალითად, არაყი, ან სხვა მსგავსი რამ. მოციქულებმა ნება დართეს მწიფე ყურძნის, ახალმოწეული ხორბლის თავთავებისა და მომწიფებული, ანუ საჭმელად ვარგისი ბოსტნეულის მოტანაც (რადგან ამაზე მიანიშნებს გამოთქმა: "თავის დროზე"); თუმც, ამათი შეწირვა ნებადართულია არა როგორც მსხვერპლისა, არამედ, როგორც პირველმოწეული ნაყოფისა. ნებადართულია ზეთის შეწირვაც, ასანთებად ნათლისა ჭეშმარიტი ნათლისა მიმართ და საკმევლისა წმიდა  შესაწირავის დროს. წაიკითხე აგრეთვე ტრულის კრების კანონები 28, 32, 57.

არისტინე: მღვდელი, რომელიც საკურთხეველში შესწირავს რძეს, თაფლს ან თაფლუჭს ან ცხოველებს და ბოსტნეულს - გარდა ახალმოწეული თავთავებისა, ყურძნისა, ზეთისა და საკმევლისა, დაემხოს თავისი პატივისგან.

ყოველივე ზემოთჩამოთვლილიდან ზოგიერთის შეტანა საკურთხეველში აკრძალულია იმიტომ, რომ ასეთია ელინური ჩვეულება, ზოგისა კი იმიტომ, რომ წესია იუდეველთა. ხოლო ახალი ნაყოფის, ბოსტნეულისა და ყურძნის შეწირვა უფლის მიმართ, როგორც სამადლობელისა, ნებადართულია.

ბალსამონი: ღვთაებრივმა მოციქულებმა, რომლებმაც აკრძალეს ძველაღთქმისეული სისხლიანი მსხვერპლი, როდესაც პირუტყვი იკვლებოდა, ყველას ამცნეს უფლის მიერ მოცემული უსისხლო მსხვერპლის აღსრულება და განაწესეს იმ მღვდლის დამხობა, რომელიც ამის საწინააღმდეგოს მოიმოქმედებს. თაფლუჭად კი იწოდება ყოველივე, რომელიც ღვინის გარეშე იწვევს თრობას. როდესაც კანონი ამბობს: "ხორბლის თავთავის  კონისა და ყურძნის გარდა", არ იფიქრო, რომ მათი შეწირვაც ნებადართულია, არამედ, ესეც აკრძალულია. მაგრამ, ეს ნიშნავს, რომ შეიძლება მათი ეკლესიაში  მიტანა ვითარც შეწირულობისა და მიეცემა მღვდელს, როგორც მოწეული  პირველნაყოფი, რათა გვიკურთხოს და ვმადლობდეთ უფალს, რომელიც გვაძლევს პურს  ჩვენი არსობისა და ყოველივეს რაც ჩვენი სიცოცხლისთვის საჭიროა. ამიტომაც, ჩვეულებისამებრ პატრიარქთანაც მიაქვთ ყურძენი ვლაქერნის ღვთაებრივ ტაძარში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის დასრულების შემდეგ. მე ვიცნობდი ერთ-ერთი მონასტრის პატიოსან იღუმენს, რომელიც დაამხეს თავისი პატივისგან იმისათვის, რომ ბოროტი ადამიანის შეგონებით ყველი და ხორცი შეიტანა საკურთხეველში, თითქოსდა მათით შესაძლებელი იყო მრავალ დაავადებათა განკურნება. ზეთი და საკმეველი საკურთხეველში მიაქვთ არა  სამსხვერპლოდ, არამედ ტაძრის გასანათებლად და ჭეშმარიტი ნათლისა და  ღმრთისადმი მადლობის აღსავლენად. წაიკითხე აგრეთვე VI მსოფლიო კრების 28 და  32-ე კანონები.
4

ხოლო სხვა ყველაფერი, პირველი ნაყოფები და ხილი,  უნდა გაეგზავნოს ეპისკოპოსსა და მღვდელს სახლში და არა საკურთხეველში.  ცხადია, ეპისკოპოსი და მღვდლები ამას გაუყოფენ დიაკვნებსა და ეკლესიის სხვა  მსახურებს.


ზონარა:  მწიფე ნაყოფი საკურთხეველში კი არ უნდა შეიტანონ, არამედ, ღმრთის სამადლობლად. ნაყოფის შეწირვის მსურველმა სახლში უნდა გაუგზავნოს ის ეპისკოპოსსა და მღვდელს, ხოლო მათ არა მარტო თავიანთთვის გამოიყენონ შემოწირულობა, არამედ კლერიკოსთა მთელ დასსაც დაუნაწილონ.

არისტინე: მწიფე ნაყოფს სახლში უგზავნიან ეპისკოპოსსა და მღვდელს; წინამძღვარნი კი მათ კლერიკოსებსაც დაუნაწილებენ.

ყურძნის გარდა, სხვა, პირველმოწეული მწიფე ნაყოფი საკურთხეველში კი არ უნდა  შეიწიროს, არამედ სახლში გაეგზავნოს ეპისკოპოსებსა და პრესვიტერებს, რომლებიც შემდეგ გაუყოფენ მათ დიაკვნებსა და სხვა კლერიკოსებს. ხოლო  ყურძენს, რომელიც ეკლესიაში მიაქვთ დანარჩენი ნაყოფებისგან განსხვავებით, ასეთი უპირატესობა იმიტომ აქვს, რომ მისგან იწურება ღვინო უსისხლო მსხვერპლშეწირვისთვის.

ბალსამონი: დააკვირდი, ამ კანონშიც  განწესებულია, რომ ტაძარში ეპისკოპოსს მიუტანენ ბოსტნეულსა და ყურძენს, როგორც პირველმოწეულ ნაყოფს; ხოლო სხვა დანარჩენს სახლში გაუგზავნიან, რათა მით ღმერთს ღირსეული მადლობა აღუვლინონ. ხოლო თუ როგორ შეიწირება წმინდათა  და გარდაცვლილთა სახელზე მიტანილი წანდილი, ანუ კორკოტი, რომელსაც  სხვადასხვა ნაყოფებითაც ამშვენებენ, შეიტყობ ათანასე დიდის სიტყვიდან  გარდაცვლილთა შესახებ. შენ კი იგულისხმე, რომ მოცემული კანონი აქეზებს ეპისკოპოსებს იზრუნონ თავიანთ კლერიკოსებზე და ეკლესიის შემოწირულობანი  მათაც შეარგონ.
5

ეპისკოპოსი,  მღვდელი, ან დიაკონი ნუ განიშორებს თავის მეუღლეს ღვთისმოსაობის  მომიზეზებით და თუ განიშორებს, თავი უნდა დაანებოს მღვდლობას. თუ განაგრძობს ამას, უნდა განიკვეთოს.


ზონარა: ძველად ცოლ-ქმრისთვის უმიზეზო გაყრა ნებადართული იყო და ეყრებოდნენ ერთმანეთს როდესაც მოესურვებოდათ; მაგრამ უფალმა, როგორც სახარებებში წერია, ეს უარყო. ამრიგად, უფლის მცნების თანახმად, მოციქულები კრძალავენ გაყრას. აქ ჯერ ხელდასხმულებზეა ლაპარაკი, რომელთაც განუწესებენ, რომ ხელდასხმული  კლერიკოსი თუ განიშორებს თავის მეუღლეს ღვთისმოსაობის მომიზეზებით, უნდა  დაყენდეს მანამ, სანამ ისევ უკან არ დაიბრუნებს. ხოლო თუ არ დაიბრუნებს,  მაშინ სრულად უნდა დაემხოს პატივისგან, რადგან ასეთ შემთხვევაში კნინდება  ქორწინება, თითქოსდა საქორწილო თანაცხოვრება უწმინდურებას წარმოშობდეს; არადა წმიდა წერილი ქორწინებას წმიდას უწოდებს და ცოლ-ქმრის საწოლს კი  შეუგინებელს. კანონმა ახსენა ეპისკოპოსებიც, რომლებსაც ცოლები ჰყავდათ,  რადგან იმ დროს, სჯულიერად დაქორწინებულ ეპისკოპოსებს თავიანთ ცოლებთან  ცხოვრების უფლება ჰქონდათ. ტრულის კრებამ, რომელსაც მეექვსესაც უწოდებენ,  მეოცე კანონით ეს აკრძალა. უმიზეზო განქორწინება სამოქალაქო კანონითაც აკრძალულია, თუმცა დაწესებულია გარკვეული მიზეზები რომელთა საფუძველზეც შესაძლოა მოხდეს კანონიერი განქორწინება.

არისტინე: მღვდელი, თუ მეუღლეს განიშორებს, განიკვეთოს; ხოლო ამის შემდეგაც თუ არ შეიწყნაროს, დაემხოს პატივისგან.

ვინმე  პრესვიტერი ან დიაკონი ნუ განიშორებს თავის მეუღლეს მოჩვენებითი ღვთისმოსაობის და არა საფუძვლიანი მიზეზის გამო, უნდა განეყენოს. ხოლო  განყენების შემდეგაც თუ არ გამოსწორდება, - დაემხოს თავისი პატივისგან. იხილე აგრეთვე ტრულის მეექვსე კრების კანონები 12 და 13, რომელშიც განიხილება იგივე საკითხი.

ბალსამონი:  მეექვსე მსოფლიო კრებამდე, რომელიც ტრულის სამეფო პალატებში ჩატარდა,  ეპისკოპოსებს უფლება ეძლეოდათ ჰყოლოდათ ცოლები საეპისკოპოსო ხარისხის მიღების შემდეგაც, როგორც ჰყავთ ცოლები, მაგალითად, მღვდლებსა და დიაკვნებს  მათი ხელდასხმის შემდეგ. ამრიგად, რადგან იუსტინიანეს 117-ე ნოველის გამოცემამდე, რომელიც მოთავსებულია ბასილიკონის 28-ე წიგნის მე-7  ტიტლოსში, ყოველ მსურველს უფლება ჰქონდა გაყროდა თავის მეუღლეს ყოველგვარ მიზეზს გარეშე, წინამდებარე კანონი განაწესებს, რომ ეპისკოპოსს, მღვდელს ან დიაკონს, უფლება არა აქვთ ღვთისმოსაობის მომიზეზებით გაეყარონ თავიანთ მეუღლეებს. ამ კანონის განწესებამ მღვდლებთან და დიაკვნებთან დაკავშირებით (რადგან ეპისკოპოსს, ეპისკოპოსად ხელდასხმის შემდეგ, უკვე აღარა აქვს ცოლთან თანაცხოვრების უფლება) ძალა დაკარგა, რადგან ამჯერად, ყოველს, ვინც  უნდა იყოს ის, შეუძლია გაეყაროს თავის ცოლს მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზთა გამო, რომლებიც ჩამოთვლილია ხსენებულ ნოველაში. კერძოდ: 1) რომელიმე მეუღლის შეთქმულება მეფის წინააღმდეგ; 2) ცოლის მრუშობა; 3) მეუღლეთაგან ერთის მიერ მეორის სიცოცხლის ხელყოფა; 4) თუ ცოლმა იქეიფა ქმრის ნების  გარეშე ან ტანი დაიბანა უცხო მამაკაცებთან ერთად; 5) თუ ცოლმა ღამე გაათია ქმრის სახლის გარეთ, თანაც არა თავის მშობლებთან; 6) თუ ცოლი, ქმრისგან მალულად დაიარებოდა დოღზე; 7) თუ მეუღლეთაგან ერთ-ერთმა აირჩია მონაზვნური ცხოვრება და კიდევ სხვა მიზეზები, რომლებიც ჩამოთვლილია ამ ნოველაში.
Назад к содержимому