საეკლესიო სამართალი - დანაშაული და საეკლესიო სასჯელი ძველი საყოველთაო ეკლესიის კანონების მიხედვით - განყოფილება I - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
დანაშაული და საეკლესიო სასჯელი ძველი საყოველთაო ეკლესიის კანონების მიხედვით
უფალი და მაცხოვარი - იესუ ქრისტე
ავტორი: ი. მილოვანოვი.

წყარო: Христианское чтение. 1887. № 5-6. СПБ.


 
 
განყოფილება I
 
 
ზოგადად დანაშაულისა და სასჯელის შესახებ
 
I.
 
§ 1.
 
§ 2.
 
§ 3.
 
§ 4.
 
§ 5.
 
§ 6.
 
§ 7.
 
§ 8.
 
 
II.
 
სასჯელთა სახეობები
 
I. ერისკაცთა განკვეთა
   
§ 9.
 
§ 10.
 
§ 11.
 

II. კლირიკოსთა განკვეთა
 
§ 12.
 
§ 13.
 
§ 14.
 

III. სასულიერო პატივის აყრა
 
§ 15.
 
§ 16.
 
§ 17.
 
§ 18.
 

IV. ანათემა ანუ ეკლესიიდან მოკვეთა
 
§ 19.
 
§ 20.
 
§ 21.


***

განყოფილება I
 
ზოგადად დანაშაულისა და სასჯელის შესახებ
 
 
I.
 
§ 1. საეკლესიო კანონებში არ არსებობს დანაშაულის განსაზღვრება. თვით სიტყვა "დანაშაული" იშვიათად გვხვდება (იხ. ბასილი დიდის 73, 81-ე; პეტრე ალექსანდრიელის 1-ლი; გრიგოლ ნოსელის მე-6; ტრულის (VI მსოფლ.) კრების 21-ე; კართაგენის 14-ე კანონები) (1). უფრო გავრცელებულია და გამოყენებაშია სხვა ტერმინი; ეს არის - ცოდვა (ἁμαρτία), რომლითაც შეცვლილია სიტყვა "დანაშაული". მაშ, რა არის ცოდვა? - საეკლესიო კანონებში არც ამაზე გვაქვს მზა პასუხი და მკაცრი ლოგიკური განსაზღვრება. მაგალითად, ტრულის კრება ლაპარაკობს "ცოდვის ხარისხზე", "ცოდვის სნეულებაზე", ზიანის სხვადასხვა სახეობებზე, რომლებიც "მომდინარეობენ ცოდვისგან" (კან. 102), მაგრამ თვით ცოდვის ცნება მოცემული არ აქვს. ზუსტად ასევე წმ. გრიგოლ ნოსელი დეტალურად განიხილავს თავის კანონებში ცოდვის სხვადასხვა სახეობას, მათ წყაროებს, რომლებიც ჩაბუდებულია ადამიანის სულში, მაგრამ რა არის საზოგადოდ ცოდვა? - ამაზე დუმს.
 
________________
 
1. ბასილი დიდის 81-ე კანონი: "ბარბაროსთა მიერ რბევის დროს ბევრმა უღალატა ღმრთის მიმართ სარწმუნოებას, საწარმართო ფიცი შეასრულა და კერპებისთვის გრძნებით შეწირული უწესო საჭმელი ჭამა...." ტრულის კრების 21-ე კანონი: "ვინც ისეთი კანონსაწინააღმდეგო დანაშაული ჩაიდინა, რისთვისაც თავისი წოდებიდან სრული და სამუდამო განკვეთა დაიმსახურა და ერისკაცთა რიგებში იქნა გადაყვანილი..."
 
________________
 
ცოდვის საზოგადო განსაზღვრება გვხვდება წმიდა წერილში. მოციქული და მახარობელი იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: "ცოდვის ყოველი ჩამდენი ურჯულოებასაც სჩადის, და ცოდვა არის ურჯულოება (ἀμαρτία ἐστιν ή ἀνομία )" (1 იოანე 3:4). სიტყვა ცოდვა (ἁμαρτία) მის მიერ გამოყენებულია იმავე მნიშვნელობით, როგორც ის გვხვდება უფლის ცნობილ ქადაგებაში: "თუ შენი ძმა შესცოდავს შენს მიმართ..." (მათე 18:15). მოციქული პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს; "...რჯულით შეიცნობა ცოდვა" (რომ. 3:20), შედეგად, სჯულის გარეშე არ არსებობს ცოდვა, და ცოდვა არის უსჯულოება, ანუ სჯულის დარღვევა, მისგან გადახრა.
 
ამგვარად, საზოგადოდ, საღმრთო სჯულის ყოველგვარი დარღვევა, იქნება ის აღსრულებული საქმით (de facto), თუ მხოლოდ აზრებსა და განზრახვებში, არის ცოდვა, რომელიც ადამიანს აკისრებს პასუხისმგებლობას, ან უკიდურეს შემთხვევაში ითხოვს სინანულის გზით მისი სინდისის განწმენდას. მაგრამ აშკარაა, რომ ასეთი ზოგადი აზრით გაგებული ცოდვა, ანუ როგორც გონებისა და გრძნობის სინდისის საწინააღმდეგო ყოველგვარი მიმართულება, არ შეიძლება გარეგანი საეკლესიო სასამართლოს საგანი იყოს (forum externum) და აყვანილ იქნას დანაშაულის ხარისხში. საეკლესიო სჯულმდებლობაში სასჯელი გამოითქმის მხოლოდ სჯულის de facto-დ, ანუ საქმით დარღვევის შემთხვევაში, მაგრამ არასოდეს მისი დარღვევით აზრებში, განზრახვით ან სიტყვით (ნეოკ. 4).
 
ამგვარად, ყოველი ცოდვა დანაშაული როდია; არამედ მხოლოდ ის, რომელიც გამოიხატა გარეგანი საქმით, გახდა ფაქტი, რომელიც არღვევს გარეგან იურიდიულ წესრიგს საეკლესიო საზოგადოებაში. სანამ ცოდვა გამოხატულ არ იქნა გარეგან მოქმედებაში, ან თუნდაც გამოიხატა, მაგრამ ეს მოქმედება ატარებს საიდუმლო ქმედების სახეს, რომელიც მხოლოდ ჩამდენისთვის არის ცნობილი, მანამ მას კავშირი აქვს მხოლოდ ეკლესიასთან, როგორც საღმრთო დაწესებათან, რომელიც ცოდვებისგან განწმენდს სულს, და ამ სახით ხდება ან შინაგანი საეკლესიო სამსჯავროს მონაპოვარი და საგანი ან კიდევ აღსარების (სინანულის) საიდუმლოსი (forum internum). ნათქვამიდან გამომდინარეობს ის, რომ ცოდვად დანაშაულის აზრით იწოდება მხოლოდ სჯულის აშკარა დარღვევა საქმით. ამის შესაბამისად ცნება დანაშაულის შესახებ ასე უნდა ჩამოყალიბდეს: დანაშაული არის სჯულის ან სამართლის დარღვევა გარეგანი, ხილული მოქმედებით.
 
 
§ 2. VI მსოფლიო კრების გამოთქმით "არაერთგვაროვანია ცოდვის სენი, არამედ განსხვავებული და მრავალსახოვანი" (102-ე კანონი). წმ. გრიგოლ ნოსელი დანაშაულთა მთელ ერთობლიობას, რაც კი შესაძლოა ეკლესიის წევრისთვის, სამ მთავარ კატეგორიად ჰყოფს, რომელთა საფუძველშია ჩვენი სულის სამი უმთავრესი უნარი და, რომლებიც ადამიანური საქმიანობის წყაროს წარმოადგენენ: "ჩვენი სულის ხილული ნაწილი სამია თავდაპირველი დაყოფისამებრ: ძალა სიტყვიერი (გონიერი), ძალა გულისთქმისა (სურვილისა) და ძალა გულისწყრომისა (გაღიზიანებისა, გაბრაზებისა). აქ არის სათნო მოღვაწეობის წარმართვის საშუალებაც და სიბოროტისკენ მიდრეკილთა დაცემაც" (1-ლი კანონი).
 
პირველი ამ უნართაგანის, ანუ გონების არანორმატიულ საქმიანობას, საზოგადოდ ის განაკუთვნებს შემდეგ ბიწიერ მოქმედებებს: "ღვთის არაკეთილად მსახურება, საქმისა და საგანთა ბუნების, ჭეშმარიტად კეთილისა და მცდარის აღრევა იმ ზომამდე, რომ "ნათელს ბნელად თვლის და ბნელს ნათლად" (ესაია 5:20)"; კერძოდ: სარწმუნოების უარყოფა, მიდრეკილება იუდეველობისკენ, კერპთაყვანისმცემლობა, მწვალებლობა, მისნობა და ჯადოქრობა (კანონი მე-2).
 
მითითებულ უნართაგან მეორის შეცვლა და ცოდვა სულის ამ ნაწილისა ის არის, როცა ვინმე შეცვლის თავის გულისთქმას უსხეულო ფუჭი დიდებისა ან ხორცის გარედან ცხებული მშვენიერების მიმართ (1-ლი კანონი); აქედან მოდის: "ქონების სიყვარული, გემოთმოყვარეობა, დიდების მოყვარეობა და ყველაფერი ამის მსგავსი, რაც მოჰყვება რობოტების მონათესავე საქმეებს (ibid), ასევე სიძვა და მრუშობა (მე-4 კანონი) და სხვა.
 
რაც შეეხება ჩვენი სულის მესამე უნარს - გაღიზიანებას, გულისწყრომას, წმ. გრიგოლ ნოსლის თქმით, "სულის ამ ნაწილის დაცემა ის არის, რაც ყველასთვის ცხადია: შური, სიძულვილი, ავსიტყვაობა, განკითხვა, ერთმანეთს შორის ბრძოლა, შფოთი, ბოროტების მიმგებელი ფიქრი და განზრახვა, დიდხანს გაგრძელებული ავის გულში ჩამარხვა, მკვლელობა, მოსისხლეობა" (კანონი მე-4), ანგარება, პარვა, საფლავის მძარცველობა, სიწმიდეთ მკრეხელობა, საეკლესიო ნივთების მიტაცება, მევახშეობა (კანონები: მე-5-8) და სხვა. წმ. გრიგოლ ნოსელის თქმით: "ბევრია გულისწყრომის ცოდვიანი ქმედება და ყველა ბოროტია. ჩვენმა წმინდა მამებმა საჭიროდ არ მიიჩნიეს ყველაფერზე დაწვრილებით ლაპარაკი..." (კანონი მე-4).
 
ასეთია ზოგადი სახით დანაშაულობათა დაყოფა შინაგანი წყაროს თვალსაზრისით, რომლისგანაც ისინი მოედინებიან. მაგრამ, ამის გარდა, დანაშაულობათა დაყოფა სხვანაირადაც შეიძლება. ასე მაგალითად:
 
ბოროტმოქმედების სახეობის, დარღვეული კანონის დიდი ან მცირე მნიშვნელობით და დანაშაულის სიმძიმით, დანაშაულებრივი მოქმედებანი შეიძლება დაიყოს: დანაშაულად (erimen) და გადაცდომად, ცდომილებად (delictum) (2). პირველს უნდა განვაკუთვნოთ სჯულის დარღვევის ყველა მნიშვნელოვანი შემთხვევა, რომელსაც მოსდევს დიდი პასუხისმგებლობა და თან ახლავს მძიმე სასჯელები. ასეთებია, მაგალითად: სარწმუნოების უარყოფა, მწვალებლობა, სქიზმა (განხეთქილება), მკვლელობა, ჯადოქრობა, სიძვა, მრუშობა, სისხლის აღრევა, ქალების მოტაცება და ა. შ. ხოლო გადაცდომებს (ცდომილებებს) უნდა მივაკუთვნოთ შედარებით ნაკლები მნიშვნელობის ცოდვები, განაწესის დარღვევები (3), რომლებიც თუმც იმსახურებენ სასჯელს, მაგრამ ნაკლებად მკაცრს.
 
სანიმუშოდ მივუთითებთ შემდეგ კანონებს: ეკლესიიდან გამოსვლა ღვთისმსახურების დამთავრებამდე (ანტიოქ. მე-2 კანონი); მღვდლების მიერ ზიარებისთვის თავის არიდება (მოციქ. მე-8); დუქნებში შესვლა (მოციქ. 54); თამაშები და სანახაობები (VI მსოფლ. კრების 24-ე); თავზე თმების კულულებად დახვევა სხვათა საცთუნებლად; კლირიკოსთა მიერ შეუფერებელი ტანისამოსის ტარება (VI მსოფლ. კრების 27-ე კანონი) და სხვა.
 
________________
 
2. ტერმინი გადაცდომა გვხვდება საეკლესიო კანონებში. ასე, მაგალითად, ანტიოქიის მე-15 კანონი ამბობს: "თუ რაიმე ცდომილებისთვის ბრალდებული ეპისკოპოსი გასამართლებულ იქნება სამთავროს ეპისკოპოსების მიერ... (სლავურ სჯულისკანონშია: "аще который епископ, будучи обвиняем в некоторых проступках судим будет от всех епископов тоя области..."
 
3. შეად.: Das kanonische Gerichtsverfahren und Strafrecht von. München. B. II, 5. 20.
 
________________
 
 
მოქმედების ფორმის მიხედვით დანაშაულობანი შეიძლება დაიყოს დანაშაულებრივ აღსრულებად და დანაშაულებრივ დაუდევრობად, ან იმის არშესრულებად, რაც სჯულით იყო განწესებული.
 
პირველი სახის მოქმედებით ხდება იმისი აღსრულება, რაც აკრძალულია, მაგალითად: "არა კაც ჰკლა, არა იმრუშო, არა იპარო"; ამიტომ არის მკვლელობა, სიძვა-მრუშობა და პარვა დანაშაულებრივი ქმედებანი.
 
მეორე სახის მოქმედებებით არ აღსრულდება ის, რაც უნდა გაკეთებულიყო, კანონის განწესების შესაბამისად. მაგალითად, კანონი განაწესებს: დადგენილ დღეებში მარხვას, ღვთისმსახურებაზე დასწრებას, უფლის უწმიდეს ხორცთან და სისხლთან ზიარებას; აქედან მომდინარეობს: მარხვების დაუცვებლობა, ღმრთისმსახურებისა და ზიარებისგან თავის არიდება - ესენი დანაშაულებრივი გადაცდომებია.
 
ქრისტიანებში სამი უმთავრესი სახის მოვალეობაა: მოვალეობა ღმრთისადმი, მოყვასისადმი და საკუთარი თავისადმი. ზნეობრივი კანონის გარდა ამ მოვალეობებს ეკისრებათ საეკლესიო სჯულის შესრულებაც, რომლის მეშვეობით განსაზღვრულ გარეგან ფორმებში ხორციელდება ზნეობრივი იდეები და ისინი ცხოვრების გარეგანი პირობებისა და მოთხოვნილებებისადმი გამოიყენება.  მათი დარღვევა იწვევს დანაშულობებს, რომლებიც არღვევენ ყველა ამ მოვალეობას და ისინი შეიძლება დაიყოს სამ კლასად: დანაშაულობანი რწმენის, ზნეობრიობის და საეკლესიო დისციპლინის წინააღმდეგ.
 
ქრისტიანულ ეკლესიაში ორი უმთავრესი ფენა ანუ წოდებაა: კლირიკოსთა და ერისკაცთა; ორი უმთავრესი მოვალეობაა: ზოგად-ქრისტიანული, რომელსაც ადამიანს თვით ეკლესიის წევრობა აკისრებს, და კლირიკოსული. აქედან მომდინარე დანაშაულობანი იყოფა ზოგად და განსაკუთრებულ (მსახურებით) დანაშაულებად. პირველს განეკუთვნება რწმენის, ზნეობის, ღვთისმოსაობის და ქრისტიანული კეთილმსახურების წინაშე ჩადენილი დანაშაულობანი; ხოლო მეორე - ყველა დანაშაული, რაც კი ღმრთისმსახურებას ეხება.
 
 
§ 3. თუკი "არაერთგვაროვანია ცოდვის სენი, არამედ განსხვავებულია და მრავალსახოვანი" (VI მსოფლიო კრების 102-ე კანონი), თუკი ადამიანის დანაშაული თავისი არსით განსხვავებულია და ეკლესიისა და მოყვასისადმი მიყენებული ზიანიც სხვადასხვაა, მაშინ მათი საზღაური და სასჯელიც განსხვავებული უნდა იყოს. სწავლება სასჯელის ზომაზე ან დასჯადობის ხარისხზე ერთი დანაშაულისთვის, სხვა დანაშაულთან შედარებით, - საკმაოდ მნიშვნელოვანი საგანია კანონიკური სჯულმდებლობის თვალსაზრისით.
 
VI მსოფლიო კრების მამათა თქმით, შეიძლება "ერთ, ან მეორე საკითხში ზომიერების დაუცველობის გამო, სნეულისათვის დახმარება უშედეგო აღმოჩნდეს" (კანონი 102-ე), ანუ სასჯელების, როგორც გამოსწორების საშუალების არასწორმა, არამიზანშეწონილმა სარგებლობამ, შეცდომებმა სასჯელთა გამოყენების საქმეში შეიძლება დასჯის მიზნის საწინააღმდეგო შედეგამდე მიგვიყვანოს და სასურველი სარგებლობის ნაცვლად ზიანი მოგვიტანოს. ამ მიმართებით აღსანიშნავია მოციქულთა დადგენილებების მსჯელობა.
 
ამ უკანასკნელთა თვალსაზრისით, ადამიანის ყოველი დანაშაულებრივი ქმედება ეკლესიის მკაცრ დაგმობას უნდა იმსახურებდეს (წიგნი II, თ. 43); მაგრამ დამნაშავის დასჯა არაერთგვაროვანი უნდა იყოს, სასჯელის ხარისხიც განსხვავებული, დანაშაულის სიმძიმისა და სხვადასხვა ვითარებების შესაბამისად. "აზრი, გადაწყვეტილება ან განაჩენი (sententia ἀποφασισ), - ნათქვამია მოციქულთა დადგენილებებში, - ყოველ ცოდვაზე ერთნაირი არ უნდა იყოს, არამედ თითოეულის შესაბამისი. ყოველი შეცოდება, როგორც დიდი, ასევე მცირე, კეთილგონივრულად უნდა იქნას გარჩეული; სხვაგვარად განსაჯეთ საქმით აღსრულებული ცოდვა, და სხვაგვარად - ბოროტსიტყვაობა, კიდევ სხგვაგვარად - ეჭვი. ერთნი მხოლოდ სასჯელის მუქარით დააშინეთ, მეორეთ - გლახაკთადმი მოწყალების გაცემა დაუწესეთ, ხოლო მესამეთ - მკაცრი მარხვები; დანარჩენები, მათი დანაშაულის სიდიდისდა შესაბამისად, განკვეთეთ. სჯულსაც ერთი და იგივე სასჯელი არ განუწესებია ყოველი შეცოდებისთვის: სხვაა ღმრთის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვები, სხვა  - მღვდელთა წინააღმდეგ, სხვაა კიდევ ტაძრის წინააღმდეგ და საკურთხეველისა; სხვა არის ცოდვა ჩადენილი მეფის წინაშე, სხვა - ჯარისკაცის წინაშე... და კვლავ განსხვავებულია ცოდვები, რომლებიც ჩადენილია მშობლების ან ნათესავების წინააღმდეგ, ზოგი ცოდვა ნებაყოფლობითია და ზოგიც - უნებლიე, ზოგი ცოდვისთვის სიკვდილს ექვემდებარებიან დამნაშავენი, სხვა დანაშაულთათვის კი - გაროზგვას ან ზარალის ანაზღაურებას. თქვენც ასე მოიქეცით, სხვადასხვა ცოდვისთვის სხვადასხვა სასჯელები დააწესეთ, რათა რაიმე უსამართლობა არ შეიპაროს თქვენში და არ განარისხოთ ღმერთი" (წიგნი 11. თ. 48).
 
ამრიგად მოციქულთა დადგენილებები ითხოვენ კეთილგონივრულ მიდგომას დანაშაულობათადმი, მათ ყურადღებით განხილვას და ყოველმხრივ გამოკვლევას. მართალია, მათი მოთხოვნა მოტივირებულია მით, რომ "უსამართლობა არ უნდა შეიპაროს" საქმეში მისდამი სხვაგვარი დამოკიდებულების შემთხვევაში; მაგრამ ასევე ძნელი არ არის იმის დანახვა, რომ აქ მხედველობაშია მიღებული სასჯელისაგან მომდინარე სარგებლობა, რომელსაც საეკლესიო სასამართლო განაწესებს. ეს სარგებლობა ცოდვილის გამოსწორებაში მდგომარეობს, კერძოდ: ცოდვის თავიდან აცილება ან მისდამი მიდრეკილების შემცირება, ცნობილი ცოდვითი ჩვევის დაძლევა რაიმე ღვაწლის დაწესებით, რომელიც ამ დანაშაულებრივი ქმედების საპირისპიროა, და შეუძლია ეს ცოდვითი მიდრეკილება მოსპოს. ეს მიზანი მიიღწევა მხოლოდ დანაშაულისა და სასჯელის მკაცრი შესატყვისობით, ზუსტად ისევე, როგორც ფიზიკური სნეულებების დროს სწრაფი და უეჭველი სარგებლობა მიიღება მხოლოდ იმ წამლებისგან, რომლებიც პირდაპირ დაავადების წინააღმდეგ არის მიმართული.
 
ზოგადი სწავლება სასჯელთა გამოყენებაზე - განსაკუთრებული საფუძვლიანობით და დეტალურობით არის გადმოცემული ტრულის (VI მსოფლიო) კრების შემდეგ განსაზღვრებაში: "ვინც ღმერთისგან მიიღო შეკვრისა და გახსნის ხელმწიფება, უნდა განიხილავდეს ცოდვის ხარისხსა და ცოდვის ჩამდენის მოსაქცევად მზადყოფნას და ამის გათვალისწინებით შეუმზადებდეს მათ სნეულებისაგან განსაკურნებელ წამალს, რათა ერთ, ან მეორე საკითხში ზომიერების დაუცველობის გამო, სნეულისათვის დახმარება უშედეგო არ აღმოჩნდეს; რადგან არაერთგვაროვანია ცოდვის სენი, არამედ განსხვავებული და მრავალსახოვანი და ბოროტების მრავალ ნერგს აღმოაცენებს, რომელთაგან უკეთურება უხვად დაინთხევა და შემდეგ ვრცელდება, ვიდრე არ მოხდება მკურნალის ძალ-მადლით მისი შეჩერება, ამიტომ, ვისაც მკურნალობის ხელოვნების გამოჩენა მართებს, მან პირველ რიგში უნდა განიხილოს ცოდვის ჩამდენის განწყობა და დაკვირვება მოახდინოს მასზე: სულიერი სიმრთელისაკენ ილტვის იგი, თუ პირიქით, საკუთარი ზნით სნეულებას მიიზიდავს და, ამასთან, როგორ წარმართავს თავის საქციელს; თუკი მკურნალს არ ეწინააღმდეგება და სულიერ წყლულებს დანიშნული წამლებით განიკურნავს, ასეთ შემთხვევაში ღირსებისამებრ მიესაწყაოს მას მოწყალება, რამეთუ ღმერთს და სამწყსოს წინამძღოლად ხელთდასხმულსაც მთელი საზრუნავი იქით აქვთ მიმართული, რომ შეცდომილი ცხოვარი მოაბრუნონ და გველის მოწყლული განკურნონ; არც სასოწარკვეთის ციცაბოზე განდევნა ეგების, არც აღვირის მიშვება, განლაღებული ცხოვრებისა და დაუდევრობისათვის, არამედ დაუყოვნებლივ რაიმე სახით, ან მკაცრი და შემკვრელი, ან უფრო რბილი და მსუბუქი სამკურნალო საშუალებით, საჭიროა სნეულების წინააღმდეგ აღდგომა და წყლულის გასამართლებლად მოღვაწეობა; სინანულის ნაყოფის მიღება და ადამიანის ბრძნულად წარმართვა, რომელიც ზეციური განათლებისათვის არის მოწოდებული. ჩვენ გვმართებს ერთის და მეორის ცოდნაც - პატიოსანი მოშურნეობაც მონანულისა და წესის შესაბამისად მოთხოვნაც; ხოლო, ვინც არად აგდებს სრულყოფილი სინანულის მნიშვნელობას, მათ მიმართ გადმოცემისამებრ უნდა მოვიქცეთ, როგორც საღვთო ბასილი გვასწავლის".

Назад к содержимому