საეკლესიო სამართალი - დანაშაული და საეკლესიო სასჯელი ძველი საყოველთაო ეკლესიის კანონების მიხედვით - განყოფილება II - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
დანაშაული და საეკლესიო სასჯელი ძველი საყოველთაო ეკლესიის კანონების მიხედვით
უფალი და მაცხოვარი - იესუ ქრისტე
ავტორი: ი. მილოვანოვი.

წყარო: Христианское чтение. 1887. № 5-6. СПБ.


 
 
განყოფილება II
 
 
დანაშაულობათა და სასჯელთა შესახებ განსაკუთრებით
 
I
 
იმ დანაშაულთა შესახებ, რომლებიც მიმართულია სარწმუნოების წინააღმდეგ
 
 
 
§ 22. სარწმუნოების უარყოფა
 
კანონები: მოც. 62; 1 მსოფლ. 11, 12; ანკ. 1—9; II. ალექს. 1—14; ბას. დ. 73, 81; გრ. ნოს. 2.
 
 
I. სარწმუნოების ცნება შედგება ორი ელემენტისგან: შინაგანი შეგნებისგან ან გრძნობისგან და მისი გარეგანი გამოვლინებისგან; სხვაგვარად - რწმენისა და აღმსარებლობისგან. აქედან გამომდინარე სარწმუნოების უარყოფაც შეიძლება ორგვარი იყოს. ის ხან წარმოადგენს, როგორც რელიგიურ შეხედულებათა ცვლილებას, როგორც რელიგიის შეცვლას სხვა რელიგიის უპირატესობის შეგნებიდან და პირველის ანუ ადრინდელის ნაკლოვანებებიდან გამომდინარე; რისი გარდაუვალი შედეგი ხდება რწმენის აღმსარებლობის შეცვლა.
 
სხვა დროს რწმენის უარყოფის ფაქტში შესამჩნევია მხოლოდ აღსარების არარსებობა, მიუხედავად იმისა, რომ გულში, როგორც გრძნობა, ის შეიძლება არსებობდეს: სხვაგვარად, ადამიანი აჩვენებს ერთს, მაგრამ გულში იმარხავს სხვას, თანაც ეს მაჩვენებლობა მთავრდება მოტივით, რომელმაც ის გამოიწვია. გარეგან საეკლესიო სასამართლოს საქმე აქვს მხოლოდ გარეგან მოქმედებებთან, და დანაშაული შეიძლება იყოს მხოლოდ გარეგანი ფაქტი. აქედან გამომდინარე რწმენის უარყოფა, როგორც რელიგიური შეხედულების ან გრძნობის შეცვლა, რომელიც გარეგნულად აღმსარებლობის შეცვლაში არ არის გამოვლენილი, სასამართლოს გასარჩევ საქმეს არ წარმოადგენს. რჩება მხოლოდ რწმენის აღმსარებლობა, როგორც გარეგანი ქმედება, რომელიც მისაწვდომია დაკვირვებისთვის.
 
ამიტომაც, დანაშაულის თვალსაზრისით, სარწმუნოების უარყოფად იწოდება რწმენის აღმსარებლობის შეცვლა, დამოუკიდებლად იმისა გულწრფელია ის თუ თვალთმაქცური; სხვაგვარად, ეს არის რაიმე სხვა, და არა ქრისტიანული რწმენის აღიარება, თუნდაც ის დროებითი, მოკლევადიანი იყოს, ან კიდევ ჩადენილი იყოს რაიმე აუცილებლობით.
 
ასე გაიგება ეს საკითხი საეკლესიო კანონებში. ყველა მათგანი გამოცემულია რწმენისგან ზოგიერთი ქრისტიანის განდგომის გამო, დევნულების დროს გარეგანი ძალადობის გავლენით, და მხედველობაში ჰყავთ უპირატესად ისეთი ქრისტიანები, რომლებიც თუმც კი აღიარებდნენ წარმართულ რწმენას, მაგრამ ამას აკეთებდნენ არა შინაგანი რწმენით, არამედ აუცილებლობის გამო, რათა თავიდან აერიდებინათ ტანჯვა და სიკვდილი.
 
რწმენისგან განდგომის გამოვლინებას, ანუ გარეგან ნიშანს წარმოადგენს საზოგადოდ კერპთაყვანისმცემლობა, მათდამი სხვადასხვა სახის მსხვერპლშეწირვა, სხვადასხვა სახის პატივის მიგება და კერპშენაწირის ჭამა. ამა თუ იმ ფორმით გამოვლენილი ეს საქმიანობა, - დანაშაულობის თვალსაზრისით ერთი და იგივეა. უფრო მნიშვნელოვანია მოტივები, რომლებმაც ის გამოიწვია, ასევე ადამიანის სუბიექტური მდგომარეობა კერპშეწირვის დროს. ამ მიმართებით საეკლესიო კანონები განასხვავებენ შემდეგ შემთხვევებსა და მოქმედებებს:
 
a) რწმენისგან განდგომა სულმოკლეობისა და შიშის გამო (I მსოფლ. 11; ბას. დ. 81);
 
b) რწმენის უარყოფა მუქარებისა და წამების გამო (ანკირ. 6; ბას. დ. 81; გრ. ნოს. 2);
 
c) რწმენისგან ნებაყოფლობითი განდგომა (ბას. დ. 73; გრ. ნოს. 2);
 
d) კერპშეწირულობა მხიარული ან მწუხარე სახით (გამომეტყველებით), ნათელი ან სამგლოვიარო შესამოსელით (ანკ. 4-5);
 
e) მრავალგზისი კერპშეწირვა (ანკირ. 8);
 
f) ქრისტიანთა დევნულებაში მონაწილეობის მიღება (ანკ. 8);
 
g) თავიანთ ბატონთაგან იძულებული მონების კერპთაყვანისმცემლობა (პ. ალექს. 6);
 
h) მოჩვენებითი შეშლილობა (პ. ალექს. 5);
 
i) კლირიკოსთა განდგომა სარწმუნოებისგან (მოც. 62; ანკირ. 1-2; პ. ალექს. 10).
 
 
II. ჩამოთვლიან რა დანაშაულებრივ მოქმედებებს, კანონები უთითებენ სარწმუნოებიდან განდგომის იმ შემთხვევებსაც, რომელთაც ეკლესიის წევრებს დანაშაულში არ უთვლიდნენ. ასე, მაგალითად, ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებოდნენ შემდეგი პირები:
 
ა) ის ქრისტიანები, რომლებსაც თავიანთი რწმენის შენარჩუნება სურდათ და ამიტომ ტანჯვაზე ნებაყოფლობით კი არ მიდიოდნენ, არამედ მადევართაგან თავს გაქცევით შველოდნენ (ანკირ. 3; პ. ალექს. 13). ასეთ ქმედებას ზოგიერთთა მხრიდან წმ. პეტრე ალექსანდრიელი შემდეგი ისტორიული ფაქტებით ამართლებს: მოციქულთა თავი პეტრე, ჩაგდებული საპყრობილეში, ... ღამით გაიქცა და გადაურჩა მოსისხლე ჰეროდეს ხელებს და მას არანაირი ბრალი არ დასდებია. ზუსტად ასევე გაექცნენ დევნულებას მოგვები, რომლებმაც ქრისტეს თაყვანი სცეს; იოსები საღმრთო ყრმასთან და ღვთისმშობელთან ერთად; ელისაბედი იოანე ნათლისმცემელთან ერთად". მაგრამ ამისთვის მათ არავინ კიცხავს (იქვე). ეს მოქმედება მაშინაც კი არ ითვლება დანაშაულად, როდესაც გაქცეულის ნაცვლად ისჯებიან სხვები (იქვე).
 
ბ) დამნაშავეებად არ მიიჩნეოდნენ ის ქრისტიანებიც, რომლებსაც ძალდატანებით აიძულებდნენ ხელში სჭეროდათ რაიმე კერპშესაწირი, ან მიეღოთ მცირედი საჭმელი, რითაც მტრებს ეგონათ, რომ უკიდურეს შემთხვევაში რამენაირ მონაწილეობას მიაღებინებდნენ წარმართულ მსხვერპლშეწირვებში. ასე, მაგალითად, მდევრები ძალდატანებით უდებდნენ ხელში მოწამეებს ანთებულ საკმეველს და კერპებთან მიჰყავდათ, თითქოსდა მოწამენი მათ ღმერთებს მსხვერპლს სწირავდნენ (ანკირ. 3; პ. ალექს. 14). ასეთი კერპმსახურებისთვის ბრალი არავის ეკისრებოდა: არც კლირიკოსებს, არც ერისკაცთ (იქვე).
 
გ) დანაშაულად არ ითვლებოდა დაცემა, რომელიც გამოწვეული იყო ძლიერი წამებით, მაგრამ შემდეგ აღხოცილი იყო ქრისტესთვის ახალი და უმეტესი ტანჯვის დათმენით, მათი გადატანით ბოლომდე (პ. ალექს. 8).
 
დ) თანაზიარობაზე დაიშვებოდნენ ის დაცემულნიც, რომლებიც, საკუთარი სულიერი და ხორციელი ძალების, ასევე თავიანთი რწმენისა და ნების სიმტკიცის მოიმედენი ნებაყოფლობით გადიოდნენ რწმენის აღსარებაზე სატანჯველად, მაგრამ ვერ შეძლეს და ამ თავდაჯერებულობამ ისინი დაცემამდე მიიყვანა (პ. ალექს. 9).
 
ე) ცოდვად არ ითვლებოდა ისიც, როდესაც ზოგიერთი ფულით მოისყიდიდა მადევრებს, ან წმ. პეტრე ალექსანდრიელის გამოთქმით "გადაიხადეს ვერცხლი, რათა ტანჯვა-წამებისაგან შეუშფოთებლად გადარჩენილიყვნენ" (კან. 12). "მათ გაიღეს ფულადი ხარჯი და დანაკარგი, - ამბობს ის, - რათა სული არ დაეკარგათ და არ წარეწყმიდათ, რაც სხვებს არ გაუკეთებიათ ანგარებისმოყვარეობის გამო, ... ისინი მდევართა წინაშე ღმრთისმსახურებად გამოჩნდნენ და ვერცხლის სიძულვილითა და არაფრად ჩაგდებით აღასრულეს ნათქვამი, რომ "კაცის სულის ხსნა არის სიმდიდრე მისი" (იგავ. 13,8).
 
 
III. რწმენისგან განდგომისთვის სასჯელის დაწესებისას მხედველობაში მიიღება შემდეგი პირობები და ვითარებები:
 
ა) პირი, რომელმაც უარყო სარწმუნოება, რომელ წოდებას ეკუთვნის - კლირიკოსთა დასს თუ საეროს; და თუკი განდგომილი კლირიკოსია, რაზე თქვა მან უარი: უშუალოდ სარწმუნოებაზე თუ მხოლოდ საკუთარ წოდებაზე (მოც. 62).
 
ბ) რა მოსაზრებით უარყო ქრისტიანმა რწმენა: უბრალო შიშის გამო თუ ტანჯვათა მიმართ შიშის გამო; თვით ტანჯვისა და სისასტიკის დროს თუ რაიმე ანგარებიანი მოსაზრებით (სხვადასხვა სახის გამორჩენის გათვალისწინებით, რასაც ქრისტიანს ჰპირდებოდნენ მდევნელები) (ბას. დ. 81; 1 მსოფლ. 11; გრ. ნოს. 2).
 
გ) თვითონ გამოცხადდა, ნებაყოფლობით, ტანჯვა-წამებაზე თუ მიიყვანეს (პ. ალექს. 10).
 
დ) თვითონ უშუალოდ შეწირა კერპებს მსხვერპლი თუ სხვებს აიძულებდა ამის გაკეთებას თავის ნაცვლად (როგორც ბატონები აიძულებდნენ მონებს, პ. ალექს. 7).
 
ე) რა გრძნობით წირავდა კერპს ადამიანი: გულგრილად, დაუდევრად, მხიარული სახით თუ აშკარა გლოვით და გულის შემუსვრილობით (ანკირ. 4, 5).
 
ვ) სინამდვილეში სწირავდა კერპს თუ მხოლოდ იმყოფებოდა საკერპეში, და თუ სწირავდა, რამდენჯერ: ერთხელ თუ რამოდენიმეჯერ (ანკირ. 5, 8).
 
ზ) ინანიებს თუ არა თავის ცოდვას, და რამდენად ღრმად და გულწრფელად; თუ სრულიად, უიმედოდ განდგა ქრისტიანული რწმენისგან (პ. ალექს. 4).
 
ამის შესაბამისად, ბრალეულეობის ხარისხი ასე განისაზღვრება: ა) უმეტეს დამნაშავედ მიიჩნევიან და უფრო მეტი სასჯელები განუწესდებათ პირებს, რომლებიც ნებაყოფლობით განუდგნენ რწმენას (ბას. დ. 73; გრ. ნოს. 2); ბ) უფრო ნაკლებად - იმ ქრისტიანებს, ვინც განდგნენ სულმოკლეობისა და შიშის გამო (ბას. დ. 81; I მსოფლ. 11). გ) კიდევ უფრო შემწყნარებლურად უდგებიან მათ, ვინც რწმენას განუდგა ტანჯვის შედეგად (ბას. დ. 81. გრ. ნოს. 2); "რადგან, როგორც შენიშნავს წმ. გრიგოლ ნოსელი, მათი სული კი არ დაქვემდებარებია დაცემას, არამედ სხეულებრივმა უძლურებამ ვერ შესძლო წინააღდგომოდა სატანჯველთ" (კან. 2); დ) შედარებით ყველაზე იოლ სასჯელს დაექვემდებარებიან პირები, რომლებსაც თვითონ არ შეუწირავთ კერპთათვის მსხვერპლი, მაგრამ თავის ნაცვლად სხვებს შეაწირვინეს (პ. ალექს. 7); პირები, რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ თავიანთი ბატონების ნებით ან მათ ნაცვლად (პ. ალექს. 6); პირები, რომლებიც მოჩვენებითად ან პირმოთნეობით აჩვენებდნენ თავს არაქრისტიანებად (პ. ალექს. 5).
 
რწმენისგან განდგომისთვის დაწესებულია შემდგომი სასჯელები:
 
ა) რწმენის უარყოფისას სულმოკლეობითა და შიშით, დამნაშავენი განიკვეთებიან (ზიარებისგან), დანაშაულის ხარისხისდა მიხედვით, ან თერთმეტი წლით (ბას. დ. 81) ან თორმეტი წლით (I მსოფლ. კრება 11). თუ შიშის მიზეზი იყო მტრების რეალური მუქარა, მაშინ სასჯელი მსუბუქდება, ის შეიძლება შემოიფარგლოს ექვს წლიანი განკვეთით (ზიარებისგან) (ანკირ. 6).
 
ბ) მძიმე ტანჯვის მიზეზით რწმენისგან განდგომილები განიკვეთებიან რვა წლით (ბას. დ. 81); გრიგოლ ნოსელის მიხედვით: "ეპითიმიის ზომა დაცემულის სინანულად მოქცევის შემდგომ, განისაზღვრება სიძვით შემცოდეთა მაგალითისამებრ" (კან. 2), ანუ 9 წლიანი განკვეთით (იხ. მისივე კან. 4).
 
გ) რწმენისგან ნებაყოფლობითი განდგომისთვის ერისკაცი, სინანულის შემთხვევაში, განიკვეთება მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში (ბას. დ. 73; გრ. ნოს. 2) და მხოლოდ სიკვდილის წინ ეღირსება ზიარება (ibid). გამოჯანმრთელების შემთხვევაში ასეთები ექვემდებარებიან ადრინდელ სასჯელს ვიდრე სიკვდილამდე (ibid, წმ. გრიგოლთან).
 
დ) კერპთაყვანისცემასა და წარმართულ ნადიმებზე უდარდელი ან მხიარული სახით მონაწილეობისთვის ბრალეულნი განიკვეთებიან ექვსი წლით (ანკირ. 4); თუ ვინმემ კერპებს მსხვერპლი შეწირა აშკარა გულშემოსვრილობით და გლოვით, თანაზიარობაში შეიწყნარება "ზიარების გარეშე", თანაც სამწლიანი შევრდომის შემდეგ (ანკირ. 5).
 
ამ უკანასკნელთაგან ვისაც არ უჭამია კერპშენაწირი, არამედ მხოლოდ ესწრებოდა მას საკერპეში, თანაზიარობაში მიიღებიან ზიარების გარეშე, იმის შემდეგ, რაც ორ წელს გაატარებენ შევრდომილებთან (ibid.).
 
ე) ვინც კერპი შეწირა ორჯერ და სამჯერ უნდა განიკვეთოს ექვსი წლით (ანკირ. 8).
 
ვ) რწმენისგან განდგომა და ქრისტიანთა დევნა, მათი იძულება განდგომილებისკენ, - ამგვარ დანაშაულში მხილებულნი განიკვეთებიან ათი წლით (ანკ. 9).
 
ზ) ბატონები, რომლებიც საკუთარი თავის ნაცვლად მონებს აწირვინებენ კერპთადმი, განიკვეთებიან სამი წლით (პ. ალექს. 7); ხოლო კერპშემწირველი მონები ერთი წლით (პ. ალექს. 6).
 
თ) პირები, რომლებიც მხოლოდ მოაჩვენებენ თავს არაქრისტიანებად, იყენებენ ხრიკებს ტანჯვათა ასაცილებლად, განიკვეთებიან ექვსი თვით (პ. ალექს. 5).
 
ი) მღვდელმსახური, რომელიც განუდგება რწმენას, შემდეგ კი "ჭეშმარიტად" განაახლებს ღვაწლს, და არა მოჩვენებითად, სამუდამოდ აიკრძალება მღვდელმსახურებაში (ანკირ. 1, 2; პ. ალექს. 10), ოღონდ ხარისხისთვის დამახასიათებელი პატივის შენარჩუნებით (ibid.).
 
ეპისკოპოსებს უფლება ეძლევათ შეამსუბუქონ სასჯელი, თუკი ისინი იპოვიან საფუძველს დამნაშავის მორჩილებასა და სათნოებაში (ანკირ. 2).
 
კ) რწმენისგან განდგომილი კლირიკოსი, რომელიც არ შეინანებს განიკვეთება ეკლესიიდან (მოც. 62); თავისი წოდების უარმყოფელი და მით რწმენის აღსარებისგან განდგომილი - დაემხობა პატივისგან (ibid.). სინანულის შემდეგ ამგვარნი ეკლესიაში მიიღებიან როგორც ერისკაცნი (ibid.).
 
შენიშვნა: გარდა ყოველივე ამისა განდგომილნი კარგავდნენ კლირიკული ხარისხებისა და თანამდებობების მიღების უფლებას (I მსოფლ. კრება 10), და თუ ასეთს მიიღებდნენ, მაშინ მათთვის დაუყოვნებლივ უნდა აეყარათ პატივი (ibid.).


§ 23.
 
ერესი და განხეთქილება
 
კანონები: II მსოფლ. კრება 1, 7; III მსოფლ. კრება 1 - 7; VI მსოფლ. კრება 1; VII მსოფლ. კრება 1; ბას. დ. 1; კართ. კრება 79, 30; ათანასე ალექს. ეპისტ. რუფინიანეს.
 
1. ერესის (მწვალებლობის) ცნებას წმ. ბასილი დიდი შემდეგნაირად განგვიმარტავს: "ძველებმა, - ამბობს ის, - დააწესეს მხოლოდ იმათი ნათლისღების შეწყნარება, რომლებიც არაფერში განდგომიან სარწმუნოებას; ამიტომ ზოგს ერესი დაარქვეს, ზოგს განხეთქილება და ზოგს კიდეშესაკრებლობა (თვითნებური თავშეყრა). ამიტომაც მწვალებლები მათ უწოდეს სრულიად განშორებულებს და თვით სარწმუნოებაში გაუცხოებულებს" (1-ლი კან.). ამრიგად, სიტყვის საზოგადო მნიშვნელობით, ერესი ეს არის სარწმუნოებისგან სრული ჩამოცილება და უცხოქმნა; სხვაგვარად რომ ვთქვათ, ერესი, ანუ მწვალებლობა, ეს არის თავისებური რწმენა, რომელიც მოიცავს ისეთ ელემენტებს, რომლებიც მართლმადიდებლობისთვის უცხოა, განსხვავდება მართლმადიდებლური სწავლებისგან და წარმოადგენს კონკრეტული აზროვნების ან მიმართულების დამახასიათებელ ნიშანს.
 
სქიზმატები, - აგრძელებს წმ. ბასილი დიდი, - არიან ისინი, ვისაც საეკლესიო და, ასევე, მკურნალობას დაქვემდებარებულ საკითხებში განსხვავებული აზრები აქვთ" (იქვე). ამრიგად განხეთქილება ეს არის უთანხმოება ან აზრთა სხვაობა ისეთ რელიგიურ საგნებზე და საეკლესიო საკითხებზე, რომლებიც ეხებიან ქრისტიანული რელიგიის უფრო გარეგან, საწესჩვეულებო მხარეს და, რწმენასა და ცხონებას საგრძნობ ზიანს არ აყენებენ. მათი განკურნება იოლად შეიძლება (1).
 
____________________
 
1. აქ მხედველობაშია მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური განხეთქილება; რაც შეეხება საეკლესიო განხეთქილებას, როგორც ცნობილი ეკლესიის ორ ნაწილად გაყოფა, რომელთაგანაც თითოეულს თავისი ეპისკოპოსი ჰყავს, აქ განხილული არ არის. ამ დარღვევით ერესი შეადგენს ყველაზე სამარცხვინო და დანაშაულებრივ ქმედებას. ის შენიშნავს, რომ ერეტიკოსთა ნათლობა, როგორც სრულიად გაუცხოებულთა, ეკლესიის მიერ არ შეიწყნარებოდა; სქიზმატიკოსთა ნათლობა მიიღება; რაც შეეხება პირებს, რომლებიც ეკუთვნიან ე. წ. კიდეშესაკრებელთა საზოგადოებას, მათი გამოსწორება შეიძლება შეგონებებითა და სინანულით (1-ლი კან.).
   
____________________
 
 
უკეთესად რომ გაირკვეს ერესისა და სქიზმის ცნებები და თავიდან იქნას აცილებული ამ და მათ მსგავს დანაშაულებათა ურთიერთაღრევის შესაძლებლობა, წმ. ბასილი დიდი, თვალსაჩინოდ, მაგალითებით მოხმობით ასე განასხვავებს მათ: უპირველეს ყოვლისა ის გამოყოფს ერესს (მწვალებლობას) და სქიზმას (განხეთქილებას) "თვითნებური თავყრილობებისგან", ან ისეთი შეკრებებისგან, როცა "დაუმორჩილებელი მღვდლები ან ეპისკოპოსები და მათთან ერთად განუსწავლელი მრევლი ცალკე იკრიბება". მაგალითად, "თუკი ვინმე, ცოდვაში მხილებული და მღვდელმსახურებიდან დაყენებული, არ დაემორჩილა კანონებს, არ დაუტევა მღვდელმსახურების უფლება და მასთან ერთად ზოგიერთი სხვაც განუდგა კათოლიკე (საყოველთაო - "აპოკ." რედ.) ეკლესიას". შემდეგ, მას მიემხრობიან სხვებიც, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგებიან საეკლესიო ხელისუფლებას და მის განკარგულებებს. - ეს არის "თვითნებური თავყრილობა".
 
"სინანულის შესახებ სხვანაირი აზროვნება, ვიდრე ეს ეკლესიაშია დამკვიდრებული - არის განხეთქილება. ხოლო მწვალებლობა კი არის, მაგალითად, მანიქეველური, ვალენტიანური, მარკიონიტული, პეპუზიანური და სხვა, ვინაიდან აქ ადგილი აქვს განსხვავებას თვით ღმერთისადმი რწმენაში". ასე, მაგალითად, "პეპუზიანელები აშკარად მწვალებლები არიან, რამეთუ მათ გმობა წარმოთქვეს სულიწმიდაზე, - უკეთურად და უსირცხვოდ მიაკუთვნეს რა ნუგეშინისმცემლის სახელწოდება მონტანს და პრისკილას" და, სხვათა შორის, ნათლობას მის სახელზე აღასრულებდნენ.
 
შემდეგ, იმისთვის, რათა აჩვენოს, რომ ამ დანაშაულობათა შორის ერესი (მწვალებლობა) ყვლაზე მძიმე და სამარცხვინოა, ის შენიშნავს, რომ მწვალებელთა ნათლობა, როგორც სრულიად გაუცხოებულ პირთა, ეკლესიის მიერ არ შეიწყნარებოდა; სქიზმატების ნათლობა მიიღება; ხოლო რაც შეეხება პირებს, რომლებიც ეკუთვნიან ე. წ. კიდეშესაკრებელთა საზოგადოებას, მათი გამოსწორება შესაძლებლად მიაჩნდათ შეგონებებითა და სინანულით (1-ლი კან.).
 
 
2. დახასიათების სისრულისთვის, უფრო ნათელი და უცდომელი წარმოდგენა რომ გვქონდეს ერესის არსზე, აუცილებელია განვიხილოთ, თუნდაც ზოგიერთი, ქრისტიანობის ისტორიაში ცნობილი მწვალებლობების სახეობები, რათა მათი, როგორც ნორმის მეშვეობით, შესაძლებელი იყოს უკეთურების ყოველ სხვა გამოვლინებაზე მსჯელობა, რათა დავინახოთ როგორ ცრუსწავლებებს მიიჩნევდა ეკლესია მწვალებლობად.
 
ა) არიანული მწვალებლობა. მისი არსი შემდეგშია: "ჭეშმარიტი ღმერთი, საკუთრივი აზრით, მხოლოდ მამა ღმერთია. ხოლო ღმრთის ძე და სულიწმიდა მეორეხარისხოვანი ღვთაებრივი არსებები არიან, რომლებიც მამის დაქვემდებარებაში იმყოფებიან, როგორც თავიანთი ყოფიერების მიზეზთან და წყაროსთან. თუკი მამამ შვა ძე, შობილს ყოფიერების დასაბამი გააჩნია; აქედან კი გამოდის, რომ იყო დროს, როდესაც ძე არ იყო და, რომ ძე იშვა დროში, და არა მარადისობიდან... ძე წარმოიშვა მამის ნებით არა არსიდან, არამედ არარსებობიდნა, ანუ, რაც იგივეა - შეიქმნა. როგორც ქმნილება, ძე არ არის თანასწორი მამისა; როგორც ქმნილება, ის ექვემდებარება შეზღუდულობის პირობებს; და ბოლოს, როგორც ქმნილება, ის ექვემდებარება ცვალებადობას და თავისი ბუნებით შეიძლება მიდრეკილ იყოს კეთილისკენ ან ბოროტისკენ.
 
ბ) მაკედონიანელთა მწვალებლობა. ამ ერესის არსი მდგომარეობს სწავლებაში, რომ წმ. სამების მესამე პირი - სულიწმიდა მომსახურე ქმნილებაა, რომელიც არ არის თანაზიარი მამისა და ძის ღმრთეებისა და დიდებისა.
 
გ) ნესტორიანული მწვალებლობა. ნესტორიანელები ასწავლიდნენ, რომ ქალწულ მარიამისგან იშვა ადამიანი, და არა ღმერთი სიტყვა; რადგან მოკვდავი შობს ბუნებით მოკვდავს. იესუ ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელშიც ჩასახლდა ღვთაება. ღმერთ სიტყვისა და ადამიან იესუს არსებითი შეერთება ერთ პირში, თევდორე მომფსვესტელის აზრით, ღვთაების შეზღუდვა იქნებოდა, ამიტომაც ის შეუძლებელია. შესაძლებელია მათი მხოლოდ გარეგანი შეერთბა, ან უკეთესად რომ ვთქვათ ერთის შეხება მეორესთან... თევდორე მომსფსვესტელის სწავლებით ღმერთი სიტყვა და ადამიანი იესუ სრულიად განცალკევებული და დამოუკიდებელი პიროვნებები არიან. ამიტომაც ის, გამოთქმებს, რომლებიც ეხებოდა კაც იესუს, არავითარ შემთხვევაში არ იყენებდა სიტყვა-ღმერთთან მიმართებაში. მაგალითად, მისი აზრით, არ შეიძლებოდა თქმა: ღმერთი იშვა, ღვთისმშობელი, რადგან ღმერთი კი არ იშვა მარიამისგან, არამედ ადამიანი; ან კიდევ: ღმერთი ევნო, ღმერთი ჯვარს ეცვა, რადგან კვლავ, ივნო ადამიანმა იესუმ, და არა ღმერთმა.
 
ასეთია, მაგალითად, ნესტორიანელთა სწავლება იესუ ქრისტეში ორი ბუნების შეერთების შესახებ. ბოლო დასკვნები მისგან ასეთია: ეს არის ღმერთ-სიტყვის განკაცების საიდუმლოს, ადამიანების იესუ ქრისტეს ტანჯვითა და სიკვდილის გამოსყიდვის უარყოფა, რადგან ჩვეულებრივი ადამიანის ტანჯვას და სიკვდილს შეუძლებელია მაცხოვნებელი მნიშვნელობა გააჩნდეს კაცთა მთელი მოდგმისთვის, და ბოლოს და ბოლოს ეს არის მთელი ქრისტიანობის უარყოფა.
 
 
3. მწვალებლობის საწინააღმდეგოდ, განხეთქილების საგანს, წმ. ბასილი დიდის თქმით (1-ლი კან.), წარმოადგენენ საეკლესიო საგნები და ისეთი საკითხები, რომლებიც ექვემდებარებიან მკურნალობას, ანუ ისინი რწმენასა და ცხონებას არსებით ზიანს არ აყენებენ და იოლად შეიძლება განიკურნოს. ასეთია, მაგალითად, ნოვაციანელთა სწავლება, რომლებიც მართლმადიდებლობას გამოეყო ეკლესიის სიწმიდეზე თავისებური შეხედულების გამო. ნოვაციანელები ფიქრობდნენ, რომ ის სიწმიდეს არ შეეფერებოდა მეორედ ქორწინება და შეცოდების შემდეგ სინანული.
 
ასეთები (ანუ სქიზმატები - "აპოკ". რედ.) იყვნენ დონატისტები, რომლებიც ერთმანეთში ურევდნენ ხილული და უხილავი ეკლესიის ცნებებს, და პირველზე მეორის თვისებები (მაგ.: სიწმიდე და სხვა თვისებები) გადაჰქონდათ. აიღეს რა საფუძვლად აზრი, რომ ეკლესია წმიდა უნდა იყოს, ისინი მას მის წევრთა სიწმიდეში ხედავდნენ. ამიტომაც თუკი ეკლესია თავის წიაღში ითმენს ცოდვილებს, ის, დონატისტთა აზრით, წმიდად უკვე ვეღარ ჩაითვლება. თვით ეკლესიის საიდუმლოებანიც კი, რომელსაც ცოდვილი და ბიწიერი მღვდელმსახურები აღასრულებდნენ, მათი გაგებით, კარგავდნენ სიწმიდის ხასიათს, და უმოქმედონი ხდებოდნენ. ამგვარი შეხედულებებიდან გამომდინარე, ისინი ითხოვდნენ ეკლესიიდან გაერიცხათ ყველა ცოდვილი წევრი და არანაირად შეიწყნარებდნენ სინანულის დისციპლინას. ამ შეხედულებებს მათ მიუმატეს ისიც, რომ ეკლესიას სახელმწიფოსგან სრულიად განცალკევებული ცხოვრებით უნდა ეცხოვრა ისე, რომ არ შეერია საკუთარი ინტერესები უკანასკნელის ინტერესებთან.
 
ჩვენ სპეციალურად მოკლედ გადმოვეცით დონატისტების შეხედულების არსი, რათა გვეჩვენებინა, რომ მათ სწავლებას თავის ობიექტში არაფერი გააჩნდა ისეთი, რასაც შეეძლო შეერყია ქრისტიანობის საფუძვლები და მნიშვნელობა. ეკლესიასთან მათი შეხედულებების განსხვავებას გააჩნდა არა სარწმუნოებრივი, არამედ, თუ შეიძლება ითქვას, დისციპლინარული ხასიათი.
 
 
4. ერეტიკოსთა მოქმედებები და მწვალებლობათა გავრცელების მეთოდები საეკლესიო კანონებში სხვადასხვა სახელწოდებებით არის აღნიშნული. მას განეკუთვნება შემდეგი გამონათქვამები: ა) წარმოთქვას, დაწეროს ან ჩამოაყალიბოს სხვა მრწამსი, გარდა იმისა, რაც ნიკეაში სულიწმიდით შეკრებილმა მამებმა დადგინეს (III მსოფლ. კრების მე-7 კან.); ბ) "მიემხრობა განდგომილთა თავყრილობას" (III მსოფლ. კრების 1-ლი კან.); გ) "გაიზიარებს მწვალებელთა სწავლებას" (ibid.); დ) მონაწილეობას მიიღებენ განდგომილებაში, მიემხრობიან განდგომილებს ან შეუერთდებიან მათ (III მსოფლ. კრებ. მე-2 კან.).
 
მწვალებლობასა და განხეთქილებაში ბრალდებულებად მიიჩნევიან და განისჯებიან ის პირები, რომლებიც არა მარტო მათი მთავარი წარმომადგენლები არიან, რომლებიც იგონებენ და ავრცელებენ ცრუ-სწავლებებს სხვა ადამიანებს შორის, არამედ ყველა ისინიც, ვინც შეიწყნარებს მას და სხვადასხვა საშუალებით ხელს უწყობს უკეთურების განმტკიცებას და გავრცელებას. თუმცა, კანონებში განსხვავდებიან "უკეთურების წარმომადგენლები", "უკეთურების თვითნებურად აღმასრულებელნი", "თანაშეზრდილნი" მათთან, ისინი ვინც მწვალებლობას იძულებით და ძალდატანებით მიუერთდნენ და "მწვალებლობის დამცველები" (წმ. ათანასეს ეპისტოლე რუფინიანეს).
 
 
5. სასჯელი. სარწმუნოების სიმბოლოში გადმოცემული სარწმუნოებრივი დოგმატების დამახინჯებისთვის, წმ. მამათა მიერ დამტკიცებული რწმენის გარდა, სხვა რწმენის გამოგონებისა და გავრცელებისთვის, - დამნაშავენი ექვემდებარებიან: ეპისკოპოსები საეპისკოპოსო ღირსების აყრას, კლირიკოსები კლირიდან განდევნას, ერისკაცები - ანათემას (III მსოფლ. კრების მე-4; VI მსოფლ. კრების 1-ლი კან.).
 
თავისთავად იგულისხმება, რომ სასჯელი ადამიანებს მიეცემათ გამოუსწორებლობის შემთხვევაში, იმის შემდეგ რაც ამ პირებმა მიიღეს წინასწარი დარიგებაც. უეჭველია ისიც, რომ სასჯელები შეიძლება შემსუბუქდნენ ან გაძლიერდნენ, დანაშაულობის ხარისხის შესაბამისად.
 
რაც შეეხება სქიზმაში გასვლას, კანონებში ჩვენ არ შეგვხვედრია რაიმე სპეციალური სასჯელი ამ დანაშაულისთვის. თუმცა, უეჭველია, რომ მისი ჩამდენნი შესაბამისი სასჯელის გარეშე არ დარჩებოდნენ.


§ 24
 
ურთიერთობა სხვაგვარადმორწმუნეებთან
 
I. ტერმინ ურთიერთობაში უნდა ვიგულისხმოთ, ნაწილობრივ, ადამიანთა ჩვეულებრივი ყოფა-ცხოვრებითი, მაგრამ უპირატესად რელიგიური ურთიერთობანი. ამგვარი ურთიერთობის საგანს ანუ ობიექტს წარმოადგენს:
 
ა) წარმართული კულტი ყველა მისი ამავსებელი შინაარსით: სხვადასხვა დღესასწაულები, რელიგიური წეს-ჩვეულებები, ცერემონიები და რიტუალები; ბ) იუდაური რელიგია თავისი ღვთისმსახურებით, მრავალგვაროვანი და მრავალრიცხოვანი რიტუალურობით; გ) მწვალებლური ცრურწმენა მისი ჩვეულებებითა და რიტუალებით, რომლებიც მჭიდრო-განუყრელ კავშირშია მწვალებელთა მსოფლმხედველობსთან და სწავლებასთან.
 
საეკლესიო განწესებებში მითითებულია რელიგიუირი ურთიერთობის შემდეგი მოქმედებები ან გამოვლინებები:
 
ა) ლოცვითი ურთიერთობა მწვალებლებთან. კანონები: მოც. 45-65; ლაოდ. 9.
 
როგორც მოტანილი კანონებიდან ჩანს, დანაშაულებრივი მოქმედება საზოგადოდ მდგომარეობს მწვალებელთა სალოცავ სახლთა და ობიექტთა მონახულებაში, რომლებიც მათში წმინდად მიიჩნევა; მწვალებლებთან ერთობლივ ღვთისმსახურებაში, საზოგადო ლოცვა და წირვა მათთან ერთად. კერძოდ, ამ კატეგორიას ეკუთვნიან: მწვალებელთა სინაგოგაში შესვლა ლოცვის მიზნით (65-ე კან.), ან მონაწილეობის მიღება მათ ღვთისმსახურებაში, მართლმადიდებელ კლირიკოსთა მხრიდან მწვალებელთა დაშვება მართლმადიდებლურ ტაძარში ერთობლივი მსახურებისთვის; ღვთისმსახურების შესრულება მათ ტაძრებში; მწვალებლებთან საზოგადო ლოცვა სახლებში (შეად. оп. курс. ц. законов. Иоанна 1, стр. 191); მწვალებელთა სასაფლაოების ან "მოწამეთა ადგილების" მონაზულება საზოგადო ლოცვისთვის და კერძოდ, სასწაულთა გზით - სნეულებათაგან განკურნებისთვის (ლაოდ. 9).
 
მწვალებლებთან ლოცვითი ურთიერთობისთვის დაწესებულია შემდეგი სასჯელები: მოციქულთა 45-ე კანონის მიხედვით, კლირიკოსი განიკვეთება ზიარებისგან, მაგრამ 65-ე კანონის მიხედვით დაემხობა პატივისგან. ამგვარი წინააღმდეგობის ახსნისას ბალსამონი შენიშნავს, რომ პირველ მითითებულ კანონში იგულისხმება არა ის, რომ ეპისკოპოსები ან სხვა კლირიკოსები ტაძარში ლოცულობდნენ მწვალებლებთან ერთად, რადგან ამგვარნი მოციქულთა 65-ე კანონის მიხედვით პატივის აყრას უნდა დაექვემდებარონ... არამედ, "გამოთქმა "ერთად ილოცებს" მიიღე ნაცვლად გამოთქმისა "ჩვეულებრივი ურთიერთობა ექნება" და "შემწყნარებლური იქნება მწვალებელთა ლოცვისადმი", რადგან ასეთებს, როგორც ზიზღის ღირსთ, უნდა ვერიდოთ და არ გვქონდეს მართან თანაზიარობა. ამიტომაც საკმარისად მიიჩნიეს განკვეთით დასჯა" (ბალს. განმარტება). ასეთი განმარტება სრულიად ეთანხმება ბერძნულ ტექსტს, სადაც მლოცველთა ნაცვლად გამოყენებულია გამოთქმა - σννευξάαενος.
 
 
ΙΙ. ა) კლირიკოსები, რომლებიც მწვალებლებს ღვთისმსახურებაზე დაუშვებენ, უნდა დაემხონ (45 კან.), ხოლო ერისკაცები, მწვალებლებთან რელიგიური ურთიერთობისთვის, განიკვეთებიან საეკლესიო თანაზიარობისგან (65 კან.).
 
ბ) მართლმადიდებლურ საღვთისმსახურებო პრაქტიკაში მწვალებლურ წეს-ჩვეულებათა დაშვება. ამ კატეგორიას განეკუთვნება შემდეგი სახის მოქმედებანი: ა) ნათლისღების საიდუმლოს შესრულება "ერთგზის შთაფლვით, უფლის სიკვდილთან მიმართებაში" (მოც. 50), რაც ხდებოდა ევნომეველთა და სხვა მწვალებელთა მიბაძვით; ბ) ნათლობა უფლის მცნების საპირისპიროდ, "სამი დაუსაბამოს, ან სამი ძის, ან სამი ნუგეშინისმცემლის მიმართ" (მოც. 49-ე კან.), იმ მწვალებელთა მიბაძვით, რომლებიც ასწავლიდნენ სამღმერთობას, და სამ სამებასაც კი, ამიტომ ნათლავდნენ მითითებული საშუალებით; გ) ტაძართა კურთხევა მათში წმიდა ნაწილთა დადების გარეშე (VII მსოფლ. კრების მე-7 კან.), ხატმებრძოლთა მსგავსად; დ) სამწმიდაო გალობის წარმოთქმა მასში მწვალებლური ჩანართის - "რომელი ჯვარს ეცვი" ჩვენთვის დამატებით (VI მსოფლ. კრების 81-ე კან.).
 
სასჯელი. ყველა მითითებული მოქმედებისთვის კლირიკოსებს აეყრებათ სასულიერო პატივი (იგივე განწესებები).
 
გ) რელიგიური ურთიერთობანი იუდეველებთან და წარმართებთან. მოციქულთა კანონები: 7, 65, 70, 71; VI მსოფლ. კრება: 62, 65; ანტიოქ. 1; ლაოდიკ. 29, 39.
 
აღნიშნულ კანონებში მითითებულია იუდეველებთან და წარმართებთან ქრისტიანთა ურთიერთობის შემდეგი გამოვლინებები:
 
ა) ლოცვა იუდეველთა სინაგოგაში; საკერპეებში წარმართულ ღვთისმსახურებაზე დასწრება; იქ შესაწირავის შეწირვა, მაგ.: ზეთისა და სანთლების (მოც. 65 და 71 კან.).
 
ბ) მონაწილეობა იუდაურ და წარმართულ დღესასწაულებში, მარხვებში, რელიგიურ რიტუალებსა და ჩვეულებებში, მათგან თავიანთი სადღესასწაულო ძღვენის მიღება თანაზიარობის ნიშნად (მოც. 70, 71; ლაოდ. 29, 39; VI მსოფლ. კრების 62-ე და 65-ე კან.).
 
გ) პასექის დღესასწაულობა იუდეველებთან ერთად (მოც. მე-7 კან.).
 
სასჯელი. კლირიკოსები დაემხობიან პატივისგან, ერისკაცები განიკვეთებიან ზიარებისგან (იგივე კან.)
 
დ) აპოკრიფული წიგნების საეკლესიო გამოყენება. მოც. 60-ე კან.
 
აპოკრიფულად (ψευδεπίγραφα) იწოდებოდნენ წიგნები, რომლებიც დაწერილი იყო მოციქულების ან სარწმუნოების სხვა მოძღვართა სახელით, სინამდვილეში კი შედგენილი იყო ბოროტგანმზრახველ პირთაგან. ეს წიგნები აღსავსე იყო ცრუ, მწვალებლური და მავნე აზრებით. ასეთ წიგნებს განეკუთვნებოდნენ, მაგალითად: სახარებები, რომლებიც ატარებდნენ მოციქულთა სახელებს - თომასი, ფილიპესი და სხვა. მოციქულთა საქმეები: პეტრესი, ანდრიასი და სხვა; ასევე წიგნი იესუს ბავშვობაზე და სხვა მრავალი.
 
სასჯელი. სასულიერო პატივის აყრა (მოც. 60-ე კან.).
 
ე) ეკლესიებში მოწამეთა შესახებ "ცრუ მონათხრობთა" წაკითხვა. VI მსოფლ. კრების 63-ე კანონი.
 
აღნიშნულ "მონათხრობებში" იგულისხმება თქმულებანი ქრისტიან მოწამეებზე, რომლებიც ჭეშმარიტების მტრების მიერ იყო შედგენილი და მიზნად ისახავდნენ მოწამეობრიობის მნიშვნელობის გაუფასურებას, მოწამეთა ღვაწლის იმ სახით წარმოდგენას, რომ ერთში ისინი აღძრავდნენ საცდურს, სხვებში გაოგნებას, მესამეში კი ურწმუნოებას (იხ. განმარტებები).
 
მოცემულ შემთხვევაში პასუხისმგებელ პირებად მიიჩნევიან არა მარტო ისინი, ვინც საკითხავად სთავაზობს სხვებს ასეთ წიგნებს, არამედ მსგავსი ნაწარმოებების მსმენელებიც და ამგვარ თქმულებათა ჭეშმარიტებად შემრაცხველებიც.
 
სასჯელი: - ანათემა.
 
შენიშვნა:. განხილული დანაშაულის კატეგორიას თავისი შინაგანი ხასიათით ძალიან უახლოვდება "ხატების წინააღმდეგ ცრუ წერილთა შეკრება და გავრცელება ხატთაყვანისცემის დაკნინების მიზნით, რათა წარმოაჩინონ მისი შეუსაბამობა წმიდა წერილთა და წმიდა მამათა თხზულებებთან, - ასეთი მოქმედება აქვს მხედველობაში VII მსოფლიო კრებას (კან. მე-9) და ამისთვის ბრძანებს - კლირიკოსის დამხობას, ხოლო ერისკაცთა და მონაზონთა - განკვეთას (იქვე).


§ 25.
 
ჯადოქრობა
 
კანონები: VI მსოფლ. კრებ. 61; ანკირ. 24; ლაოდიკ. 36; ბას. დიდი 72, 83; გრიგ. ნოს. 3.
 
ჯადოქრობაში (μαντεία) იგულისხმება საზოგადოდ მომავლის მოჩვენებითი წინასწარმეტყველება ჯადოების გამოყენებით, უწმიდურ სულთა გამოძახებით, სისხლიანი მსხვერპლშეწირვით და ა. შ. (შეად. опыт. курс. ц. законов. Иоанна II, стр. 452). კერძოდ, ამ ცოდვას, როგორც ეს ქვემოთ დამოწმებული კანონებიდან ჩანს, განეკუთვნება შემდეგი მოქმედებები:
 
a) მომავლის წინასწარმეტყველება ღრუბლების მიხედვით, "ღრუბლების განხილვით". როგორც ბალსამონი წერს: "ღურბელთმდევნელნი იგონებენ, თითქოსდა მათი მეშვეობით ცნობენ ჭეშმარიტებას. ღრუბლის დანახვისას, რომელიც მტრედს წააგავს, ისინი ამბობენ, რომ მკითხველს საშიშროება ემუქრება; თუ ღრუბელი "ადამიანს ჰგავს, რომელიც ქარქაშიდან ხმალს იღებს", ომის მაუწყებელია; თუ ლომს წააგავს, მაშინ წინასწარმეტყველებენ საიმპერატორო განკარგულების გამოცემას და სხვა (Толк. на 61 пр. Трул. соб.).
 
b) მკითხეობა ზოგიერთი წმინდანის სახელების მიხედვით, საერო და სამღვდლო გალობათა მეშვეობით (იქვე. ბალს. იხ. ასევე опыт. курс. ц. законов. Иоанна I, стр. 452; II, стр. 452, в примеч.).
 
c) ჯადოქრობა. "ჯადოქრებად, - ამბობს ბალსამონი, - იწოდებიან ისინი, ვინც ხელის გულზე მკითხაობს, იხედება ჭურჭელში, მათი მსხვერპლნი რაიმეს ეკითხებიან თავიანთ მამას - სატანას, და საერთოდ, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც თავს უთმობენ ეშმაკთ" (ibid.).
 
d) მომავლისა და ადამიანების ბედ-იღბლის წინასწარმეტყველება ზეციურ მნათობთა და ვარსკვლავთა მოძრაობის, ადამიანის დაბადების დღეებისა და საათების მიხედვით და სხვა.
 
II. განსახილველ ცოდვაში დანაშაულობის ამგვარი ან სხვა სიმძიმის ხარისხის დასადგენად მხედველობაში მიიღება ქვემოთ ჩამოთვლილი ვითარებანი, რომელთა საფუძველზეც არის ძირითადად განპირობებული საეკლესიო სასჯელი ჯადოქართა მიმართ:
 
ა) ჯადოქრობით გატაცება შეიძლება იყოს ადამიანის უბრალო უმეცრების და წარმართული ცრურწმენის გამოვლინება, მას შესაძლოა არ ჰქონდეს არანაირი რელიგიური მნიშვნელობა და არ იყოს საზიანო ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის (ასეთი სახის ჯადოქრობა აქვს მხედველობაში ანკირიის კრების 24-ე და VI მსოფლ კრების 61-ე კანონებს, ასევე ბას. დ. 83-ე კანონს. იხ ასევე ანკირ. 24-ე კანონის განმარტება).
 
ბ) ჯადოქართა ხელოვნებისადმი მიმართვა, ბასილი დიდის თქმით, შეიძლება იყოს "მოგვთადმი საკუთარი თავის მიცემის" შედეგი (72 კან.). ეს უკვე არის ჯადოქრობაში მონაწილეობა, მათი სწავლებისა და კანონებისადმი, ასევე მთელი იმ ბოროტებისადმი მიდევნება, რომელიც შეიძლება მომდინარეობდეს ჯადოქრობიდან (ესა აქვს მხედველობაში ბასილი დიდს თავის 72-ე კანონში).
 
გ) შემწეობისთვის თვით ჯადოქართადმი მიმართვა, როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი ამბობს, ზოგჯერ შეიძლება გამოწვეული იყოს მხოლოდ გარკვეული "აუტანელი გაჭირვების" გამო (მე-2 კან), როგორიცაა უბედურება, სულის აუტანელი ჭმუნვა და სხვა.
 
დ) დასასრულ, ჯადოქრობისადმი მიდვნება შეიძლება იყოს ბოროტგანზრახვით, როდესაც ადამიანის კარგავს რწმენას ქრისტესადმი და განდგომილი ხდება (გრიგ. ნოს. მე-2 კან).
 
ე) ჯადოქართაგან ერთნი, მათი შეგონებისა და დარიგების შემდეგ, იოლად ტოვებენ თავიანთ სამარცხვინო და ქრისტიანთათვის შეუფერებელ საქმიანობას; სხვები კი გახევებულნი არიან ამ საქმიანობაში, არიან გამოუსწორებელნი და არ ექვემდებარებიან შეგონებას, ამგვართა გამოსწორების იმედი ძალიან მცირეა (VI მსოფლ. კრების 61-ე კან.).
 
როდესაც ადამიანში ჯადოქრობა წარმაოდგენს მხოლოდ მისი უმეცრებისა და ცრუმორწმუნეობის შედეგს, ის ნაკლები სიმკაცრით ისჯება (ანკირ. 24; ბას. დ. 83; VI მსოფლ. 61-ე კან.), და მხოლოდ უწმინდურ, ქრისტიანული საღი რწმენის საწინააღმდეგო ქმედებად განიხილება, რომელსაც შეუძლებელია შეუერთდეს ცრუმორწმუნეობა.
 
თუკი დანაშაული არის დაჯერებულობის, თანამონაწილეობის ნაყოფი, როდესაც ადამიანი უკვე მისდევს ჯადოქრობის კანონებს, მაშინ ის განიხილება, როგორც სულის მომაკვდინებელი ქმედება, რომელსაც სხვებიც წარსაწყმედად მიჰყავს, და ამიტომაც ამგვარი ქმედება ადამიანის მკვლელობას უთანაბრდება (ბას. დ. 72-ე).
 
როდესაც ჯადოქრობა აღიარებულია გარკვეული დონის რელიგიური მნიშვნელობის მქონე საქმიანობად და, ვინმე ჯადოქრებს თავისი სულის განსაკუთრებული მდგომარეობის გამო მიმართავს ("აუტანელი გაჭირვება"), მაშინ ის განისჯება, როგორც რწმენისგან განმდგარი, რომელმაც რწმენას მძიმე სატანჯველთა გამო უღალატა (გრ. ნოს. 3). თუკი ჯადოქრობის საქმიანობა უერთდება თვით რწმენის დაკარგვას, მაშინ უკვე ის განდგომილებად მიიჩნევა (გრიგ. ნოს. 3) და განდგომილივით დაისჯება (იქვე). ყველაზე მძიმე ეს დანაშაული არის მაშინ, როდესაც ის შერწყმულია გამყარებასთან, სიჯიუტესთან, მოუნანიებლობასთან და გამოუსწორებლობასთან (VI მსოფლ. კრებ. 61-ე კან.).
 
III. სასჯელი. ჯადოქრობის პირობებისა და სახეობების შესაბამისად სხვადასხვაა სასჯელიც. კერძოდ:
 
1. ჯადოქრობისთვის - მკითხაობით, ექიმბაშობით, "გათვალვისა" და სხვა ჯადოებისგან "მოხსნის" მიზნით წარმოებული შეფუცვებითა და შელოცვებით, - ერთი სიტყვით მოქმედებებით, რომლებიც ავლენენ მხოლოდ უმეცრებას და ცრუმორწმუნეობას, მაგრამ არ გააჩნიათ რელიგიური მნიშვნელობა და არ აზიანებენ მოყვასთან სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, - დამნაშავენი ზიარებისგან განიკვეთებიან 5-6 წლით (ანკირ. 24; ბას. დ. 83; VI მსოფლ. კრებ. 61).
 
2) "ჯადოქრებისთვის თავის მიცემა", - ანუ მონაწილეობისთვის მათ ჯადოქრობაში, მისნობაში, მათი წესებისა და სწავლებების მიყოლისთვის, მთელი იმ ბოროტების შეწყნარებისთვის, რაც ჯადოქრობიდან მოდის, - დამნაშავენი მკვლელთა თანასწრორად ისჯებიან (ბას. დ. 72), ანუ ზიარებისგან განიკვეთებიან 20 წლით (შეად. ბას. დ. 86-ე კან.).
 
3. რაიმე საჭიროების ან უბედურების, ან კიდევ უკიდურესი შეჭირვების გამო ჯადოქრობით (მისნობა, მკითხაობა და ა. შ.) გატაცებულები - 10 წლით განიკვეთებიან (შეად. გრ. ნოს. მე-2 და მე-3 კან.).
 
4. პირები, რომლებიც გახევდებიან ჯადოქრობაში, იქნებიან გამოუსწორებელნი და იმედსაც კი არ დატოვებენ გამოსწორებისა, დაკარგავენ თვით იესუ ქრისტესადმი რწმენას, - ეკლესიიდან მოიკვეთებიან (VI მსოფლ. კრების 61-ე; გრ. ნოს. მე-2 და მე-3 კანონები).


§ 26.
 
ფიცის დარღვევა
 

კანონები: მოც. 25; ბას. დ. 10, 29, 82, 64.
 
ფიცი საზოგადოდ ეწოდება რაიმე ცნობილი საქმის დაუყოვნებლივი შესრულების დაპირებას, რომლის არშესრულების შემთხვევაში მფიცავი საკუთარ თავზე იღებს განსაზღვრულ ზიანს. ფიცი სხვადასხვა სახისა და ხარისხისაა, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ საქმეს ეხება იგი, რას ეფუძნება, როგორი სიტყვებით და სახით (კერძო თუ საზეიმო) გამოიხატება. ზოგჯერ ის შეიძლება გამოხატულ იქნას, როგორც მღვდელმოქმედება, ეკლესიის წინაშე; სხვა დროს ის წარმოითქმება რელიგიური წეს-ჩვეულებების გარეშე, კერძო სახით, რამოდენიმე ადამიანის, მეგობრების ან ქვეშევრდომების წინაშე (ბას. დ. 17 და სხვ.). გარდა ამისა, ფიცი თავისი მიზნითაც არაერთგვაროვანია. ზოგი წარმოითქმება კეთილი მიზნით, სხვა, ბასილი დიდის მიხედვით, "ბოროტგანზრახულად" (კან. 29).
 
ცხადია ყოველგვარი ფიცის დარღვევა არ არის დანაშაული და ფიცის ყოველი დარღვევა ერთნაირად დანაშაულებრივი როდია. ფიცს, რომელიც დადებულია ბოროტგანზრახულად, აუცილებელი ძალა არა აქვს, ის მხოლოდ თავისთავად არის დანაშაულებრივი, და განიკითხება არა მაშინ, როდესაც არ შესრულდა, არამედ პირიქით, როდესაც მოქმედებაში მოჰყავთ. "თუ ვინმე, - ამბობს წმ. ბასილი დიდი, - შემჩნეული იქნება ფიცით სხვის მიმართ ბოროტების ჩადენაში, დაე, მოინანიოს კადნიერი ფიცის მიცემა, მაგრამ ფიცისადმი კეთილკრძალულების საბაბით, ნუ გამყარდება ბოროტებაში" (კან. 29).
 
"ფიცის დაცვას, - აგრძელებს წმ. ბასილი, - ჰეროდესთვის სარგებელი არ მოუტანია, რომელიც, იმის გამო, რომ ფიცი არ დაერღვია, წინასწარმეტყველის მკვლელი იქმნა. ფიცი საერთოდაც აკრძალულია, მით უფრო განკითხვას იმსახურებს ბოროტების ჩასადენად მიცემული ფიცი. ამიტომ, ფიცის დამდებმა თავისი აზრები უნდა გამოასწოროს, და არა - თავისი ურჯულოების დამტკიცებას ეცადოს. გამოიძიე დაწვრილებით ეს შეუსაბამობა. თუ ვინმემ დაიფიცა, თავის ძმას თვალი ამოთხაროს - კეთილი იქნებოდა მისთვის ამ ფიცის შესრულება? ან თუ ვინმემ დაიფიცა მკვლელობა ჩაიდინოს, ან რომელიმე მცნება დაარღვიოს... " (ibid.). მსგავს შემთხვევებში კანონებით განწესებულია ცრუფიცობის ან არასწორი ფიცის მიმცემმა "ისწავლონ, რომ ნაჩქარევად არ დაიფიცონ და არ შეინარჩუნონ ბოროტი განზრახვა", არამედ "მოინანიონ კადნიერი ფიცის მიცემა" (ბას. დ. 29).
 
ამრიგად, საკუთრივი აზრით, ფიცის დარღვევად იწოდება და საეკლესიო დანაშაულობათა კატეგორიას განეკუთვნება მხოლოდ ისეთი ფიცის დარღვევა, რომელიც წარმოთქმულია ღმერთის სახელით, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმის გამო, თანაც ისეთ ვითარებებში, რომელიც ამტკიცებს ფიცის დამრღვევის სრულ ბრალეულობას (შეად. архим. Иоанн опыт. к., ч. II, стр. 86). რაც უფრო საზეიმოდ არის წარმოთქმული ფიცი, მით უფრო მნიშვნელოვანია ის შემთხვევა, რომელსაც ის ეხება, და მით დანაშაულებრივია მისი დარღვევა და პირიქით.
 
II. ნამდვილი ცრუმოფიცის, ანუ ფიცის დამრღვევის განკითხვისას ასევე ყურადღება ექცევა იმ ვითარებებს, რომლის დროსაც იქნა ფიცი დარღვეული; ან იმ ზრახვებს, რომლებმაც ადამიანი ამ სახის დანაშაულობამდე მიიყვანა. თუკი მან ეს ფიცის არსზე და სავალდებულობაზე ფუქსავატური შეხედულებით და ღმრთისადმი შეგნებული უპატივცემობით ჩაიდინა, რომლის სახელითაც იფიცებოდა, მაშინ ის დაისჯება, როგორც "სარწმუნოების მოღალატე" (ბას. დ. 82-ე კანონი). მაგრამ, "თუკი ძალადობითა და შეჭირვებით დაარღვიეს იგი, ექვემდებარებიან ნაკლებად მძიმე სასჯელს" (ibid.).
 
საეკლესიო სასამართლოს დამოკიდებულება ფიცის დარღვევის ფაქტებისადმი იგივეა, როგორც რწმენისგან განდგომის შემთხვევებში. როგორც იქ დაცემა, რომელიც გამოწვეული იყო მდევნელთა მხრიდან სასტიკი ტანჯვა-წამებით, ნაკლები სიმკაცრით ისჯებოდა, ვიდრე დაცემა, რომელიც გამოწვეული იყო არა იძულებითი ძალადობით, ასევე აქაც.
 
ფიცის დარღვევისთვის დაწესებულია შემდეგი სასჯელები:
 
1) "ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი, მხილებული ... ფიცის გატეხვაში... სასულიერო წოდებიდან განიკვეთოს, მაგრამ ეკლესიის ერთობიდან არ უნდა იქნეს განყენებული" (მოც. 25-ე კანონი). უქვემოესი კლირიკოსები კლირიდან განკვეთით ისჯებიან (ibid.).

 2) თუკი ერისკაცი დაარღვევს ფიცს რაიმე ჭირვების ან ძალადობის გამო, ექვემდებარება 6 წლიან უზიარებლობას (ბას. დ. 82-ე). თუ ვინმე დაარღვევს ფიცს, რაიმე აუცილებლობის, შეჭირვების ან ძალდატანების გარეშე, ის საერთო ლოცვებისგან განიკვეთება 7 წლით, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ ერთობაში მიღებულ იქნება "ზიარების უფლების გარეშე" (ibid.); სრულ ერთობაში ის აღდგება 10 წლის შემდეგ (ბას. დ. 64-ე კან.).


გაგრძელება იქნება.

თარგმანი: საიტ "აპოკალიფსისის" რედ. თბილისი 2023 წ.

წყარო: Христианское чтение. 1887. № 5-6. СПБ.
Назад к содержимому