Перейти к контенту

საეკლესიო სამართალი - ეპისკოპოსთა მონაზვნობის შესახებ - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
ეპისკოპოსთა მონაზვნობის შესახებ
ჯვრისწერა
ავტორი: ეპისკოპოსი იოანე (სოკოლოვი).

წინასიტყვაობა
 
უსამღვდელოესი იოანე (სოკოლოვი), სმოლენსკის ეპისკოპოსი, 1842 წელს მოსკოვის სასულიერო აკადემიაში კურსის მეორე მაგისტრის ხარისხით დამთავრების შემდეგ, აკადემიაში ზნეობრივი და სამოძღვრო ღვთისმეტყველების კათედრაზე ბაკალავრად დატოვე, საიდანაც ორ წელზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ პეტერბურგის აკადემიაში საეკლესიო სამართალმცოდნეობის კათედრაზე გადაიყვანეს და აქ ინსპექტორად დანიშნეს. 1853 წელს მან მიიღო ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხი ნაშრომისთვის: "საეკლესიო სამართალმცოდნეობის კურსის გამოცდილება". შემდეგ ის იყო პეტერბურგის სასულიერო სემინარიის რექტორი (1855–57 წწ.), ყაზანის სასულიერო აკადემიის რექტორი შვიდი წლის განმავლობაში (1857–1864 წწ.), და ბოლოს, პეტერბურგის აკადემიისაც, თანაც რჩებოდა ღვთისმეტყველების პროფესორად. 1865 წელს აკურთხეს ეპისკოპოსად და დანიშნეს ვიბორგის ვიკარიუსად, ხოლო 1866 წელს დაინიშნა სმოლენსკის ეპარქიის ეპისკოპოსად, სადაც ორ წელზე ოდნავ მეტი ხნით იმსახურა და 1869 წლის 17 მარტს მოულოდნელად გარდაიცვალა.
 
უაღრესად ნიჭიერი და მრავალმხრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანი, ხასიათით ურყევი და დამოუკიდებელი, ოფიციალურ ურთიერთობებში მეტწილად მშრალი და თუნდაც მკაცრი, — უსამღვდელოესი იოანე უპირველეს ყოვლისა ცნობილია, როგორც გამორჩეული საეკლესიო მქადაგებელი და ნიჭიერი სასულიერო პუბლიცისტი, რომელსაც მიეწერება ახალი ეპოქის დასაბამი, რაც გულისხმობდა ქადაგებაში ცხოვრებისეულ-პრაქტიკული მიმართულებისა და სასულიერო ჟურნალისტიკაში საზოგადოებრივი ცხოვრების ფაქტების რელიგიურ-ზნეობრივ გაშუქებ და შეფასებას; ამავე დროს, ის განთქმული იყო როგორც მეცნიერი და პროფესორი, საეკლესიო სამართალმცოდნეობის სისტემის შემოქმედი და ღრმა აზროვნების მქონე ღვთისმეტყველი, რომელიც ფლობდა ბრწყინვალე დიალექტიკასა და ნატიფ ფილოსოფიურ ანალიზს, ორიგინალურ არგუმენტაციასა და თავისუფალ, ძლიერ მქადაგებლურ მეტყველებას. ბეჭდურ გამოცემებში ხელმისაწვდომია მისი "მოძღვრებები", აგრეთვე "აკადემიური ლექციები დოგმატურ და ზნეობრივ ღვთისმეტყველებაში".
 
წინამდებარე კვლევა "ეპისკოპოსთა მონაზვნობის შესახებ" პირველად გამოქვეყნდა 1863 წელს ჟურნალში "Православный Собеседник" ("მართლმადიდებელ თანამოსაუბრე") და წარმოადგენდა პასუხს იმ დროს ცხარედ განხილვად საკითხზე — ქორწინებაში მყოფ პირთა ეპისკოპოსად დაშვების შესახებ. ავტორი, მისთვის ჩვეული ცოდნის სიფართოვითა და აზრის ძალით, ისტორიულ ფაქტებსა და კანონიკურ განჩინებებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში ეპისკოპოსები აუცილებლად მონაზვნები უნდა იყვნენ.
 
ვინაიდან განხილულ საკითხს დღესაც არ დაუკარგავს აქტუალობა, ამასთანავე ძველი ჟურნალიდან კვლევის გამოყენება არცთუ მოსახერხებელია და არც ყველა დაინტერესებული პირისთვისაა ხელმისაწვდომი, გადაწყდა მისი ცალკე წიგნად გამოცემა.
 
 
* * *
 
უდავოა, რომ ქრისტიანობის პირველ ოთხ საუკუნეში ეპისკოპოსებს შეეძლოთ ქორწინებაში ყოფნა. მაგრამ ეს არც წესს წარმოადგენდა და არც საყოველთაო ჩვეულებას; ეს ეპისკოპოსთა უმრავლესობაშიც კი არ გვხვდებოდა. ქორწინება მხოლოდ მათ უმცირესობას შემორჩა და ქრისტიანობის უძველეს ხანაში ის დაშვებული იყო მხოლოდ როგორც დროის გარემოებებით განპირობებული აუცილებელი დათმობა, რამეთუ უქორწინებლობა და ქალწულობა, რომლებიც ძველ (იუდურ და წარმართულ) სამყაროში ნაკლებად ცნობილი და სრულიად უჩვეულო იყო, ვერ შეძლებდნენ უეცრად, თავიანთი ღვაწლის სიმაღლისა და სიმკაცრის გამო, ახლადმოქცეულ საზოგადოებაში დამკვიდრებას; ამ დროს კი (ეკლესიაში) იძულებულნი იყვნენ ეპისკოპოსები, ისევე როგორც მთელი კლირი, აუცილებლობის გამო საერო, ოჯახურ ცხოვრებაში მყოფი ფენებიდან აერჩიათ. კიდევ დიდხანს, თითქმის მე-5 საუკუნემდე, არა მხოლოდ სასულიერო იერარქიის მდგომარეობა (რაც გულისხმობს ეკლესიის მწყემსებისა და მსახურთა პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებას, და არა სასულიერო ხელისუფლების შინაგან, საეკლესიო მოწყობას), არ იყო და ვერც იქნებოდა დამორჩილებული განსაკუთრებულ წესებს, არამედ თავად უქორწინებლობისა და ქალწულობის მდგომარეობაც, რომელსაც ნებაყოფლობით ირჩევდნენ საერო ქრისტიანები, ზუსტი განწესებებით ჯერ კიდევ არ იყო განსაზღვრული.
 
ამის დამადასტურებელი შეიძლება იყოს ის, რომ პირველ საუკუნეებში თავად ასკეტები, რომლებიც თავს უძღვნიდნენ ქალწულობას, ლოცვასა და მარხვას, დაუბრკოლებლად რჩებოდნენ საოჯახო და საზოგადოებრივ წრეში. ამრიგად, ეპისკოპოსთა ქორწინება პირველ საუკუნეებში სულაც არ უნდა გავიგოთ როგორც არასრულყოფილება, ყოველ შემთხვევაში, როგორც განუსაზღვრელობა. ჩვენი მსჯელობის სისწორეს ადასტურებს მეექვსე მსოფლიო კრება, რომელიც ეპისკოპოსებისგან ცალსახად მოითხოვს უქორწინებლობას, თუმცა შენიშნავს, რომ ამას ამბობს, "არა მოციქულთა კანონმდებლობის გასაუქმებლად ან შესაცვლელად, არამედ მრევლზე მზრუნველობის მიზნით, მათი გადარჩენისა და უკეთესობისაკენ წარმართვისათვის; აგრეთვე, იმიტომ, რომ ბიწი არ მოეცხოს სამღვდელო წოდებას", და შემდეგ, აფართოებს რა მონაზვნობის წრეს და აძლიერებს მის მნიშვნელობას ეკლესიაში, იგივე კრება მიუთითებს ამის მოტივზეც: "რადგან თვალსაჩინოა, რომ ეკლესიამ, ღვთის მადლით, ფრიად ძალმოსილებას და წარმატებას მიაღწია, და საღვთო მცნებათა დამმარხველნი მტკიცე და კეთილსაიმედონი არიან" (მე-6 მსოფლიო კრების მე-12 და მე-40 კანონები).
 
ასე ესმოდათ ეს თვით პირველი საუკუნეების ეკლესიის მამებსაც. წმინდა იოანე ოქროპირი, მოციქულ პავლეს სიტყვებზე (1 ტიმ. 3:2), აღნიშნავს: "ის, რაც აქ ითქმის ეპისკოპოსთა ქორწინებაზე, არ ეხება სხვა დროებს: რამეთუ ეპისკოპოსს შეშვენის სრული სიწმინდითა და პატიოსნებით შემკობა, მაგრამ იუდეველთა და ელინთა შორის, რომლებიც თავშეუკავებლობას იყვნენ მიცემულნი, უდიდეს საქმედ ითვლებოდა ისიც კი, რომ ერთი ცოლი ჰყოლოდა: ამიტომ მოციქულს არ დაუდგენია კანონი (ეპისკოპოსთა ქორწინების შესახებ), არამედ მხოლოდ გამოიჩინა ლმობიერება თავისი დროის ადამიანთა შეხედულებების მიმართ" (Бес. на Иова 2). ნეტარი თეოდორიტეც (იმავე მოციქულის სიტყვებზე) წერს: "ქრისტიანობის ქადაგება ახალდაწყებული იყო; წარმართები არ იღწვოდნენ ქალწულებაში; იუდეველები კი არ ცნობდნენ მას, რამეთუ შვილთა დაბადებას ღვთის კურთხევად მიიჩნევდნენ. მაშ, რადგან შეუძლებელი იყო მარტივად მოეძებნათ ხორციელი სიწმინდის დამცველნი, მოციქულმა ბრძანა ხელდასხმა ქორწინებაში მყოფთაგან, ოღონდ მხოლოდ იმათი, ვინც პატივს სცემდა უმანკოებას (ე. ი. ერთხელ დაქოწინებულნი იყვნენ)" (Толк. На 1 Тим.).
 
ახლა, მოდი, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით განვიხილოთ ყველა საეკლესიო წესი და ისტორიული ფაქტი, რომლებიც ამ საკითხს ეხება.
 
მოციქული პავლე ეპისკოპოს ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში წერს: "ეპისკოპოსი უნდა იყოს ერთი ცოლის ქმარი" (1 ტიმ. 3:2). არ უარვყოფთ, რომ მოციქულის ეს სიტყვები შეიძლება პირდაპირ მღვდელმთავრებს მივაკუთვნოთ, მაგრამ უფრო ზუსტად მიგვაჩნია მათი პრესვიტერებისადმი მიკუთვნება, რამეთუ:
 
1) მოციქული, ამ თავში სასულიერო პირთა მოვალეობების გადმოცემისას და თავდაპირველად ეპისკოპოსებზე საუბრის შემდეგ, პირდაპირ გადადის დიაკვნებზე (მუხ. 8 და შემდგ.), რომელთა შესახებაც იმავე წესს იმეორებს: "იყოს ერთი ცოლის ქმარი" (მუხ. 12), მაგრამ არ მოიხსენიებს პრესვიტერებს. ამასთანავე ცნობილია, რომ სამოციქულო ხანაში ეპისკოპოსის სახელწოდება ენიჭებოდათ პრესვიტერებსაც, სულიერი მწყემსების ზოგადი მნიშვნელობით, რამეთუ, უშუალოდ თავად მოციქულთა ზედამხედველობითა და მართვით, ქრისტიანთა ცალკეულ თემებში გაცილებით მეტი იყო (და გაცილებით მეტიც სჭირდებოდათ) პრესვიტერი, ვიდრე ნამდვილი ეპისკოპოსი (საქ. 20:17–28).
 
იგივე მოციქული ტიტეს მიმართ ეპისტოლეში, კერძოდ პრესვიტერებზე საუბრისას, ამბობს, რომ ისინი უნდა იყვნენ "ერთი ცოლის ქმრები" (ტიტ. 1:6) და მყისვე ამატებს მიზეზს: "რამეთუ ეპისკოპოსი უნდა იყოს უბიწო" (მუხ. 7). ხოლო ის, რომ იგი აქ ეპისკოპოსებს პრესვიტერებს უწოდებს და არა პირიქით, ცხადია მოციქულისვე წინამდებარე სიტყვებიდან; იგი ტიტეს წერს: "ამისთვის დაგტოვე კრეტაში, რათა ყოველ ქალაქში დააწესო პრესვიტერები" (მუხ. 5). ტიტეს, როგორც ეპისკოპოსს, მარტოს არ შეეძლო კუნძულის ყველა ქალაქში ეპისკოპოსების ხელდასხმა, რამეთუ ეპისკოპოსებს ან თავად მოციქულები აწესებდნენ, ან ეპისკოპოსთა კრებები (2 ტიმ. 1:6).
 
მოციქული პავლე ტიმოთეს მიმართ მიწერილ მთელ ეპისტოლეში საუბრობს მის ურთიერთობაზე მხოლოდ მისდამი დაქვემდებარებულ პრესვიტერებთან და არა ეპისკოპოსებთან (1 ტიმ. 5:17, 19 და 22), რაც ბუნებრივიც იყო; რამეთუ ეფესოში, სადაც ტიმოთე ეპისკოპოსობდა, იმჟამად სხვა ეპისკოპოსები არ იყვნენ და ვერც იქნებოდნენ, ვინაიდან როგორც მოციქულთა დროს, ისე მათ შემდეგაც, ჩვეულებრივ, თითო ქალაქში მხოლოდ ერთი ეპისკოპოსი წესდებოდა — ამასვე მოითხოვდნენ განწესებებიც. ისიც უნდა ითქვას, რომ ტიმოთე, რომელიც თავად მოციქულმა პავლემ აკურთხა ეპისკოპოსად ჯერ კიდევ ახალგაზრდობის წლებში, უქორწინებელი დარჩა, რაც, უეჭველად, თავად მოციქულის იმ რწმენით იყო განპირობებული, რომ ასეთი მდგომარეობა უპირატესია; ეს ჩანს იქიდანაც, რომ მოციქული პავლე ამ საკითხთან დაკავშირებით ტიმოთეს მკაცრ წესებს უდგენდა (1 ტიმ. 4:12, 5:22, 2 ტიმ. 2:22), მაშინ როდესაც სხვა მხრივ ლმობიერებას იჩენდა ხორციელი უძლურებების მიმართ; მაგალითად, ნებას რთავდა ღვინო ზომიერად დაელია (1 ტიმ. 5:23).
 
შეიძლება ვინმემ ამ საკითხთან დაკავშირებით მოციქულის სიტყვებზეც მიუთითოს: "ნუთუ უფლება არა გვაქვს მოვიყვანოთ და-დედანი (ძვ. ქართ.: "დათა მათ დედათა" – "აპოკ."რედ.), როგორც სხვა მოციქულებს, უფლის ძმებსა და კეფას?" (1 კორ. 9:5). აქ მოციქული, ერთი შეხედვით, გამოხატავს, რომ მასაც ჰქონდა შესაძლებლობა და უფლება, სურვილის შემთხვევაში, ეცხოვრა ქორწინებით, როგორც სხვა მოციქულებს, და აქედან გამომდინარე, შეიძლება თუ არა დავასკვნათ, რომ მოციქულთა მაგალითის მიხედვით, ეპისკოპოსებისთვისაც დასაშვებია ქორწინება? მაგრამ მოციქულის მთელ მონათხრობთან მითითებული თავის კონტექსტის უფრო დაკვირვებით განხილვისას ირკვევა, რომ მოციქული საუბრობს არა ქორწინებით თანაცხოვრებაზე, არამედ სამოციქულო მოგზაურობებში ქალების თანხლებაზე სახარების საქადაგებლად.
 
როგორც თავად მაცხოვარს მოგზაურობებში თან დაჰყვებოდნენ კეთილმსახური ქალები, რომლებიც თავიანთი ქონებით ემსახურებოდნენ მას, ასევე ზოგიერთ მოციქულსაც მიჰყვებოდნენ მსგავსი ქალები — როგორც უშუალოდ სახარების ქადაგებაში თანამოღვაწეობის, ისე პირად საჭიროებებში მომსახურების მიზნით. წმიდა პავლეს, თავისი განსაკუთრებული მოსაზრებების გამო, არ სურდა მსგავსი თანამშრომელი ქალების ყოლა. თავად გამოთქმა: "დათა მათ დედათა" აჩვენებს, რომ აქ იგულისხმება არა საქორწინო, არამედ სუფთად ზნეობრივი ურთიერთობა (1).
 
______________
   
1. ბერძნულ ტექსტში სიტყვა: "ცოლი" — γυναῖκα — დგას განმსაზღვრელი არტიკლის, τήν-ის, გარეშე: რაც ნიშანია, რომ საუბარია ქალზე — ზოგადად, და არა ცოლზე, პირდაპირი მნიშვნელობით.
 
"აპოკ." რედ. შენიშვნა: დედანში, საიდანაც წინამდებარე ტექტს ვთარგმნით, სქოლიოში არის შეცდომა, კერძოდ, ავტორის ტექსტში ბერძნულად წერია: γυναἴχα, უნდა იყოს γυναῖκα (გინეიკა). ასეა ახალი აღთქმის ბერძნულ ტექსტებში.
 
შეცდომაა ასევე სინოდალურ (რუსულ) და თანამედროვე ქართულ თარგმანებშიც, რომელიც, სავარაუდოდ თარგმნილია რუსულიდან. მთარგმნელმა რუსულ ტექტში მოცემული сестра-жена (შეად.: "Или не имеем власти иметь спутницею сестру жену, как и прочие Апостолы..." (1 Кор. 9:5)) გადათარგმნა, როგორც "მორწმუნე ცოლი", რაც დედნის ტექსტს და მის შინაარსს არ შეესაბამება. იხ. ბერძნ.: "μὴ οὐκ ἔχομεν ἐξουσίαν ἀδελφὴν γυναῖκα περιάγειν ὡς καὶ οἱ λοιποὶ ἀπόστολοι καὶ οἱ ἀδελφοὶ τοῦ κυρίου καὶ Κηφᾶς" (Α΄ Κορ.9:5). ძველ ქართულშია: "არა ნუ გუაქუსა ჴელმწიფეაბჲ დათა მათ დედათა მიმოყვანებად, ვითარცა სხუათა მათ მოციქულთა და ძმათა უფლისათა და კეფას?" (1 კორ. 9:5).
______________

მოციქულთა ცნობილი კანონები (სულ 85), რომლებიც მოიცავენ სამოციქულო ეკლესიის კანონიკურ გადმოცემებს და შეკრებილია II საუკუნის მიწურულს ან III საუკუნის დასაწყისში, იხსენიებს ეპისკოპოსთა ქორწინებას. მე-5 კანონში ნათქვამია: "ეპისკოპოსმა, მღვდელმა ან დიაკონმა არ უნდა გააძევოს თავისი ცოლი კეთილკრძალულების საბაბით". აქედან ჩანს, რომ იმხანად (ე. ი. I და II საუკუნეებში) უქორწინებლობა კანონით სავალდებულო არ იყო ეპისკოპოსთათვის და რომ ქორწინებაში მყოფ პირთაგან მღვდელმთავრის კათედრაზე აღსაყდრებულნი არ იყვნენ ვალდებულნი, უარი ეთქვათ ქორწინებაზე.
 
მაგრამ ამასთანავე ცხადია, რომ აზრი ცოლ-ქმრობის სასულიერო ხარისხთან შეუთავსებლობის და ამ უკანასკნელის პირველისგან განცალკევების შესახებ უკვე აღწევდა ეკლესიაში, თანაც ისე ძლიერად, რომ ფესვს იდგამდა თავად სამღვდელოებაში, და არა მხოლოდ ეპისკოპოსთა შორის, არამედ სასულიერო ხარისხის ყველა საფეხურზე; ოღონდ ზოგიერთნი ამ აზრს საქმეში არასწორად იყენებდნენ: ისინი ან რელიგიური გრძნობით აღთყინებულნი ძალით განუტევებდნენ ცოლებს, ან კეთილმსახურების საბაბს იშველიებდნენ მხოლოდ იმისთვის, რომ გაეწყვიტათ მათთვის არასასურველი კავშირი. ეკლესია ვერც ერთს და ვერც მეორეს ვერ მოიწონებდა.
 
თუმცა ეს კანონიც არაფერს ამბობს თავად ამ აზრის წინააღმდეგ — არა მხოლოდ სამღვდელოების უქორწინებლობის, არამედ უკვე ქორწინებაში მყოფ სასულიერო პირთა განშორების შესახებ, ოღონდ იმ პირობით, რომ ეს განშორება არ უნდა ყოფილიყო იძულებითი და განპირობებული ყოფილიყო ჭეშმარიტი, და არა მოჩვენებითი კეთილმსახურებით. ასეთი აზრი, ყოველ შემთხვევაში სასულიერო ხარისხის უმაღლეს საფეხურებთან მიმართებაში, შემდეგი სამოციქულო კანონებითაც მტკიცდება. 26-ე კანონში ნათქვამია: "ვბრძანებთ, კლირში გაწევრიანებულ იმ უქორწინებელ პირთაგან, რომლებსაც ქორწინება სურთ, ამის უფლება მხოლოდ წიგნისმკითხველებსა და მგალობლებს მიეცეთ".
 
მაშასადამე, იმ ხანა უკვე მრავლად იყვნენ უქორწინებელი სასულიერო პირები, თუმცა ყველა მათგანი როდი იტანდა თავშეკავებისა და სიწმინდის ღვაწლს; მაგრამ აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ ქორწინება არა მხოლოდ არ ითვლება საჭიროდ ან სასარგებლოდ სასულიერო ხარისხისთვის, არამედ დაშვებულია მხოლოდ ხელდასხმამდე: ხელდასხმის შემდეგ კი თავად ხარისხი წარმოადგენს უკვე დაბრკოლებას ქორწინებისთვის. მაშასადამე, ხარისხი კი არ ემორჩილება ქორწინებას ან ერგება მას, არამედ ქორწინება ექვემდებარება ხარისხს, და, აქედან გამომდინარე, რაც უფრო მაღალია სასულიერო ხარისხი, მით უფრო დაბალ საფეხურზე დგას ქორწინება. აი, სად დევს უკვე სასულიერო ხარისხის უმაღლესი საფეხურის — მღვდელმთავრობის უქორწინებლობის წესის ჩანასახი. ჩვენი დასკვნის სისწორეს ადასტურებს სამოციქულო და პირველი საუკუნის ეკლესიის განსაკუთრებული გადმოცემა, რომელიც კანონებში არ არის შეტანილი, მაგრამ შემორჩა საეკლესიო აზროვნებასა და ცხოვრებას. კერძოდ, გადმოცემების კრებულში, რომელიც ცნობილია კლიმენტი რომაელის სახელით, გამოთქმულია ასეთი აზრი: "ეპისკოპოსისთვის კეთილია უქორწინებლობა; ხოლო თუ არა, სულ ცოტა, იყოს ერთი ცოლის ქმარი" (ἀπό μιᾶς γυναἴκος)" (См. Reliquiae juris eccles. antiquissimi. ed. de Lagarde. 1856. 77).
 
მოციქულთა მე-40 კანონში ვკითხულობთ: "ცხადი და გასაგები იყოს ეპისკოპოსის საკუთარი ქონება (თუ მას პირადული გააჩნია), და ცხადი და გასაგები – უფლისა (ანუ საეკლესიო), რათა ეპისკოპოსს სიკვდილის წინ საკუთრების დატოვება შეეძლოს – ვისთვისაც და როგორც უნდა; ეს იმისათვის, რომ საეკლესიო ქონების სახელით არ იქნეს განკარგული ეპისკოპოსის საკუთრება, რომელსაც შეიძლება ცოლ-შვილი ჰყავდეს..."
 
აქედანაც ჩანს, რომ თუკი იმდროინდელი მღვდელმთავრები ქორწინებაში იმყოფებოდნენ, ეს ყველას არ ეხება და ეს არც წესი იყო და არც საყოველთაო ჩვეულება; ასევე არც ისე ხშირი მოვლენა; მხოლოდ ზოგჯერ თუ მოიძებნებოდა ეპისკოპოსი, რომელსაც ცოლი და შვილები ჰყავდა.
 
და ბოლოს, მოციქულთა 51-ე კანონი ამბობს: "თუ ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი ან საერთოდ ვინმე სამღვდელოთაგანი განუდგება ქორწინებას, ხორცსა და ღვინოს არა დათმინების ღვაწლის გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ სისაძაგლედ მიიჩნევს, - გამოსწორდეს, თუ არადა, სამღვდელო წოდებიდან განიკვეთოს და ეკლესიიდან გაძევებულ იქნეს". რას გვამცნობს ეს კანონი? იმას, რომ თუკი სასულიერო ხარისხში მოწონებული არ არის ქორწინებისადმი ზიზღი, როგორც რაიმე ბიწიერი და ღვთის საწინააღმდეგო, სამაგიეროდ, მოწონებულია ქორწინებისგან განშორება — ქალწულობისა და სიწმინდის ღვაწლის გამო.
 
აქაც მნიშვნელოვანია ისტორიული მითითება იმაზე, თუ რაოდენ ძლიერი ყოფილა უკვე იმ ხანაში უქორწინებლობისკენ სწრაფვა სასულიერო წოდებებში; ზოგჯერ საჭიროც კი ხდებოდა ამ სწრაფვის შეკავება და მისი მოქცევა სათანადო საზღვრებში. და განა სიმართლე არ არის, რომ ყველა ეს სამოციქულო კანონი, ბუკვალურად უშვებს რა სამღვდელოების ქორწინებას, თავისი აზრითა და არსით, და ფაქტობრივადაც, გაცილებით მეტს მეტყველებს უქორწინებლობის სასარგებლოდ? მართლაც, უკვე მე-2 საუკუნეში ჩნდება მკაფიო აზრი მთელი სამღვდელოების უქორწინებლობის კანონისადმი დამორჩილების შესახებ. ამ ხანიდან შემორჩენილია კორინთოს ეპისკოპოს დიონისეს ეპისტოლე კრეტელებისადმი, სადაც ეპისკოპოსებს განზრახული ჰქონდათ ამ კანონის შემოღება.
 
დიონისე თავის ეპისტოლეში არწმუნებს მათ, არ იჩქარონ ყველა სასულიერო პირს მოსთხოვონ უქორწინებლობა, არამედ გაითვალისწინონ მრავალთა უძლურება. ეპისკოპოსებმა პატივი სცეს ამ რჩევას, მაგრამ, თავის მხრივ, დიონისეს მიუგეს, რომ საჭიროა უფრო მყარი საზრდოს მიწოდებაც და კლირიკოსთა განმტკიცება უფრო სრულყოფილი სწავლებით, რათა ისინი მუდმივად სწავლების ტკბილ საზრდოს მიღებით, ბავშვურ ცხოვრებაში არ დაბერდნენ (Евсевия ист. ц. 4, 23).
 
ცნობილია აგრეთვე, პირველი სამი საუკუნის ისტორიკოსთა მოწმობით, რომ იმ ხანაში ქრისტიანთა დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდნენ ის მწყემსები, რომლებიც არა უბრალოდ უქორწინებელ და ქალწულებრივ, არამედ სწორედ განდეგილურ ცხოვრებას ეწეოდნენ (Евсевия ист. ц. 6, 9. 23). საიდან მომდინარეობდა ეს? რას ეფუძნებოდა თავად აზრი სამღვდელოების უქორწინებლობის შესახებ, თანაც, ვამბობთ, არა მხოლოდ ეპისკოპოსების, არამედ ყველა სასულიერო პირის უქორწინებლობაზე? ეს გამომდინარეობს თავად ქრისტიანობის არსიდან და ეფუძნება თავად სახარების სულს. ქრისტეს სახარება, თავისი არსითა და მთელი თავისი სწავლების სულით, რაკიღა ადამიანს მოსწყვეტს ქვეყნიერებას, მიწასა და ხორცს, და მიისწრაფვის მისი სრული სულიერებისკენ, და აჰყავს იგი ცისკენ და ღვთისკენ, სწორედ ამიტომ ქორწინებას უქორწინებლობას ამჯობინებს და ამაღლებს ქალწულებას ქორწინებაზე, თუმცა სულაც არ უარყოფს და არ ამცირებს ამ უკანასკნელს. ამრიგად, სახარების სულით გამსჭვალული ეკლესიის აზრით, ეკლესიის მწყემსებმა, როგორც სახარების მქადაგებლებმა და ქრისტიანობის წარმომადგენლებმა, ყველაზე ადრე და ყველაზე მეტად თავად უნდა განახორციელონ მისი სული, ასახონ თავიანთ ცხოვრებაში მისი მაღალი იდეები და მისწრაფებები.
 
სწორედ ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ მოციქულებს არ დაუდგენიათ ერთმნიშვნელოვანი წესი ეპისკოპოსთა უქორწინებლობის შესახებ, ეკლესიამ თავიდანვე შეიმუშავა ქრისტიანი მწყემსის სულიერი იდეალი — ქალწულებრივ სიწმიდეში; და ეს არ მომხდარა არც სამოციქულო სწავლების საწინააღმდეგოდ და არც მის მიღმა, რამეთუ მოციქული პავლე ნათლად და ცალსახად ამჯობინებს უქორწინებლობასა და ქალწულებას ქორწინებას — თუნდაც ქრისტიანთა საერო ცხოვრებაშიც კი (1 კორ. 7:1, 7, 8, 26, 29, 32, 34, 38).
 
თავდაპირველად ეკლესიამ ეს მხოლოდ იმიტომ არ აქცია მწყემსთათვის კანონად, რომ კაცთა უძლურებანი გაითვალისწინა; თუმცა ის იმდენად იყო გამსჭვალული სასულიერო ხარისხისთვის დამახასიათებელი სიწმიდის იდეით, რომ სასულიერო პირთა მიერ ნებაყოფლობით მიღებულ უქორწინებლობასაც კი ძალზე მკაცრად უყურებდა: მას სულაც არ სურდა მისი შემოფარგვლა მხოლოდ ცხოვრების გარეგნული მხარით, მხოლოდ ქორწინებრივი თანაცხოვრებისგან განშორებით; უქორწინებელთაგან იგი უკვე მოითხოვდა გადამჭრელ განშორებას ქალთა სქესისგან და მათთან ყოველგვარი, თუნდაც უმწიკვლო ურთიერთობისგან თავის შეკავებას.
ჯვრისწერა
სწორედ ამიტომ, ეკლესია თავიდანვე უკრძალავდა უქორწინებელ სასულიერო პირებს საკუთარ სახლებში მდედრობითი სქესის პირთა ყოლას, თუნდაც ჩვეულებრივი საოჯახო სამსახურისთვის, გარდა უახლოესი ნათესავი ქალებისა, – და უპირველეს ყოვლისა, ამას მოითხოვდა ეპისკოპოსებისგან. ასე, მაგალითად, 267 წელს ქრისტეს შობიდან, ანტიოქიის კრებამ საზეიმოდ დაგმო ანტიოქიის ეპისკოპოსი პავლე, სხვა დანაშაულებთან ერთად იმის გამოც, რომ, იყო რა უქორწინებელი სახლში ქალები ჰყავდა და ამის ნებას თავის სამღვდელოებასაც აძლევდა, თუმცა მათთან უსჯულო კავშირში მხილებული არ ყოფილა (იხ. ევსების "საეკლესიო ისტორიაში" კრებითი ეპისტოლე პავლეს შესახებ. ევს. 7, 30).
 
მეოთხე საუკუნის დასაწყისშივე საეკლესიო კანონები, როდესაც კლირიკოსთა ქორწინებაზე საუბრობენ, ეპისკოპოსთა ქორწინებას დუმილით უვლიან გვერდს. ასეთია შემდეგ კრებათა კანონები: ანკვირიის (10), ნეოკესარიის (1) და ღანგრის (4). ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ უკანასკნელი კრების კანონი: "თუ ვინმე შეურაცხყოფს ქორწინებულ მღვდელს, თითქოსდა მის მიერ შეწირული სიწმინდის ზიარება არ არის ჯეროვანი, შეჩვენებულ იყოს". აქ ძალზე დროული და მნიშვნელოვანი იქნებოდა ქორწინებაში მყოფი ეპისკოპოსის ხსენება, რომელზეც, უეჭველად, კიდევ უფრო მეტი საყვედური წამოვიდოდა მცდარად მოაზროვნეთაგან, როგორც ლიტურგიის აღსრულებისთვის უღირსზე; თუმცა ის ნახსენები არ არის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასეთი ეპისკოპოსები მეტისმეტად ცოტანი იყვნენ, ხოლო ღანგრის ოლქში, სადაც მღვდლებზე მსგავსი საყვედურები ისმოდა, სავარაუდოდ, საერთოდ არ ყოფილან ქორწინებული ეპისკოპოსები, ანდა ისინი ხელდასხმის შემდეგ სამუდამოდ ტოვებდნენ თავიანთ ცოლებს.
 
ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაზე დაისვა სამღვდელოების ქორწინების საკითხი და მრავალი ეპისკოპოსის მიერ (რომელთა შორისაც უამრავი მღვდელიც იყო) შემოთავაზებულ იქნა, რომ უქორწინებლობა მთელი სამღვდელოებისთვის საყოველთაო წესად ქცეულიყო; იმდენად ღრმად იყო უკვე დამკვიდრებული უქორწინებლობა ჩვეულებად და კანონად, თანაც არა რომელიმე კერძო, ადგილობრივ ეკლესიაში, არამედ მსოფლიო ეკლესიაში, რამეთუ კრებაც მსოფლიო იყო. მაგრამ ზოგიერთმა სხვა ეპისკოპოსმა, რომელთა შორისაც განსაკუთრებით გამოირჩეოდა პაფნუტი, ერთ-ერთი ეგვიპტელი მკაცრი მოღვაწე და ქალწული, დაარწმუნა კრება, არ დაეკისრებინა ეს ტვირთი ყველასთვის, რამეთუ იგი ყველასთვის ადვილად ასატანი როდი იყო. ამიტომ კრება შემოიფარგლა მხოლოდ შემდეგი დადგენილებით: "დიდი კრება გამონაკლისის გარეშე აწესებს, რომ არც ეპისკოპოსს, არც ხუცესს, არც დიაკონს და საერთოდ არავის სამღვდელოთაგანს არ მიეცეს უფლება თანასახლეულად იყოლიოს დედაკაცი, გარდა დედისა, ან დისა, ან დედისა და მამის დისა, ან ისეთი პირებისა, რომლებიც ყოველი ეჭვისაგან თავისუფალი იქნებიან" (კანონი 3). ცხადია, რომ აქ იგულისხმებიან უქორწინებელი კლირიკოსები; და აღსანიშნავია, რომ ეს დადგენილება ამადვროულად დამტკიცებულ იქნა რომის იმპერიის სამოქალაქო კანონებითაც (Cod. Theod. episc. et cler. 19).
 
ამასთანავე, კრებამ ხელშეუხებლად დატოვა სასულიერო პირთა ქორწინება, რომელიც მათ ხელდასხმამდე ჰქონდათ მიღებული (Созомен ист. 1. 22). მაგრამ ეპისკოპოსთათვის ამ დროსაც, ე.ი. კრებაზე, და მთელი IV და V საუკუნეების განმავლობაში, ჯერ კიდევ არ არსებობდა განსაკუთრებული წესი; და IV საუკუნეში ჯერ კიდევ გვხვდებიან ქორწინებაში მყოფი ეპისკოპოსები (როგორც, მაგალითად, გრიგოლ ნოსელი, გრიგოლ ნაზიანზელი, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მამა). მიუხედავად ამისა, აზრი ეპისკოპოსის ხარისხის სრულყოფილი ქალწულობის შესახებ სულ უფრო და უფრო მტკიცდებოდა და თავად პრაქტიკით მკვიდრდებოდა ეკლესიაში.
 
უკვე იმპერატორი კონსტანტინე, პირველი მსოფლიო კრებისადმი მიმართვაში, სხვა ქება-დიდებებთან ერთად, გამოთქვამს იმასაც, რომ ისინი (რა თქმა უნდა არა ყველა, მაგრამ უეჭველად უმრავლესობა: სხვაგვარად ასეთი ქება მეფის ბაგეებიდან და მთელი ქრისტიანული სამყაროს მწყემსთა საზეიმო კრებაზე ძალზე უადგილო იქნებოდა), ანუ ეს ეპისკოპოსები, ქალწულებრივი სიწმიდის ზიარნი იყვნენ (იხ. ეს მიმართვა ევსებისთან კონსტანტინეს ცხოვრების ისტორიაში). წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, კესარიის ეპისკოპოსის კათედრაზე წმინდა ბასილი დიდის არჩევის ხსენებისას, წერს: "ყოველგვარი დავა ამის თაობაზე უადგილო იყო; რამეთუ ცნობილი გახლდათ, ვინ იყო უპირატესად არჩევის ღირსი; თითოეული ამას ნათლად ხედავდა, ყველა საუკეთესო მოქალაქე, მთელი სამღვდელოება და ჩვენი ნაზორეველნი (ე. ი. მონაზვნები), რომლებზეც უპირატესად უნდა შეჩერებულიყო ასეთი არჩევანი, და ამ შემთხვევაში ეკლესია არ გადააწყდებოდა ბოროტებას. რამეთუ კეთილგონიერთაგან ვინ დაიწყებდა ბასილის გარდა სხვის ძებნას, ქორწინების საკვრელით შეუკრავს, უხორცო და თითქმის უსისხლო მეუდაბნოვეს?" (სიტყვა მამის ქებაზე).
 
იგივე წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი აღნიშნავს, რომ მის დროს ბევრი აყოვნებდა საიდუმლოებათა მიღებას, თვით ნათლისღებისასაც, სხვადასხვა მიზეზთა შორის იმის გამოც, რომ სურდათ მათი მიღება ეპისკოპოსთა და (თუნდაც) პრესვიტერთაგან — ოღონდ უქორწინებლებისგან (სიტყვა ნათლისღების შესახებ).
 
ეკლესიის საყოველთაო და გაბატონებული ხედვა, გამოხატული არა კერძო მოსაზრებებში, არამედ იმდროინდელ რეალურ ჩვეულებებში, შეგვიძლია ვიხილოთ წმინდა ეპიფანე კვიპროსელის სიტყვებში. საეკლესიო ჩვეულებების აღწერისას, ის ამბობს: "სამღვდელოება უმეტესწილად შედგება ქალწილებისა და მონაზვნებისგან; ხოლო თუ არ იქნებოდნენ ამის შემძლე მონაზვნები, მაშინ ცოლებისგან თავშეკავებულთაგან, ან ერთქორწინების შემდეგ დაქვრივებულთაგან" (Изложение веры. 21.). იგივე ამბობს: "ვინც ქორწინებაში ცხოვრობს და კვლავ შვილებს შობს, ის, თუნდაც ერთი ცოლის ქმარი იყოს, ეკლესიის მიერ არ მიიღება ეპისკოპოსად და პრესვიტერად, თუნდაც დიაკვნად და იპოდიაკვნად, არამედ მხოლოდ თავშეკავებით, ცოლზე უარის მთქმელი ან დაქვრივებული, განსაკუთრებით იქ, სადაც მკაცრად არის დაცული საეკლესიო კანონები.
 
შენ მეტყვი: ზოგიერთ ადგილას პრესვიტერები, დიაკვნები და იპოდიაკვნები კვლავ შობენ შვილებს. მაგრამ ეს ხდება არა განწესებათა მიხედვით, არამედ მხოლოდ დროთა განმავლობაში ეკლესიათა გამრავლების პირობებში, ადამიანთა აზრების მოდუნებისა და მსახურთა ნაკლებობის გამო. რაც შეეხება თავად ეკლესიას, მან, რომელიც ყოველთვის ითვალისწინებს რა ყველაზე შესაფერისს და ხელმძღვანელობს რა წმიდა სულის მინიშნებით, საჭიროდ სცნო ეზრუნა იმაზე, რომ ღვთისმსახურება აღსრულებულ ყოფილიყო კონცენტრირებულად და სულიერი მოვალეობანი შესრულებულ ყოფილიყო სრულიად დამშვიდებული სინდისით. მღვდელ, დიაკონი და ეპისკოპოს, მოულოდნელი მსახურებებისა და მოთხოვნილებების გამო, ყოველთვის თავისუფალნი უნდა იყო ღვთისთვის" (Panar. haer. 59, 4).
 
სასულიერო ხარისხის ყველა, თუნდაც უდაბლეს საფეხურზეც კი ასეთი მკაცრი ხედვის პირობებში, არაფერია სათქმელი პირველ საუკუნეებში ეპისკოპოსთა ქორწინებაზე, როგორც საყოველთაო, ჩვეულებრივ მოვლენაზე; შეუძლებელია კიდეც სერიოზულად შევხედოთ ამას, როგორც ეკლესიისთვის დამახასიათებელ რამეს და, როგორც სხვა დროისთვის სამაგალითოს: ცხადია, რომ ეპისკოპოსთა ქორწინება იყო კერძო საქმე და არა საყოველთაოდ მიღებული ჩვეულება, რომ ეს მხოლოდ გამონაკლისი იყო, როგორც ლმობიერება იმ პირთა მიმართ, რომლებიც სხვა მხრივ ღირსნი იყვნენ ხარისხისა, ამ მხრივ კი უძლურნი — ლმობიერება, რომელიც განსაკუთრებულად აუცილებელი იყო საეპისკოპოსო კათედრათა არაჩვეულებრივი გავრცელების პირობებში; ცნობილია, რომ იმ ხანაში არა მხოლოდ ყოველ ქალაქს და პროვინციის მთავარ ქალაქს ჰყავდა განსაკუთრებული ეპისკოპოსი, არამედ უმცირეს დასახლებებშიც კი იყვნენ მღვდელმთავრები, ხშირად კი — სოფლებშიც. სასიმა, სადაც ეპისკოპოსად ეკურთხა წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, ნისა, სადაც იყო წმინდა გრიგოლ ნოსელი, ძალზე მცირე და ღარიბი დასახლებები იყო. მხოლოდ IV საუკუნის მიწურულს აკრძალეს კრებებმა ეს სამომავლოდ (ლაოდიკ. 57, სარდიკ. 6).
 
ანტიოქიის კრება (341 წ.), იმეორებს რა სამოციქულო კანონს ეპისკოპოსის მიერ საეკლესიო ქონების მართვის შესახებ (სწორედ იმას, რომელზეც ზემოთ მივუთითეთ), უკვე გამორიცხავს კანონიდან ეპისკოპოსის ცოლის ხსენებას, რომელიც სამოციქულო კანონში გვხვდება (ანტიოქ. 24); მაგრამ ამის შემდეგ (კან. 25) კრება იხსენიებს ეპისკოპოსის შვილთა რჩენას, რითაც გვაგრძნობინებს, რომ ეკლესიის ურყევი აზრი— ეპისკოპოსები, რომლებიც ქორწინებული მდგომარეობიდან იყვნენ ხელდასხმულნი, ხელდასხმის შემდეგ უნდა განშორებოდნენ ცოლებს და მხოლოდ თავიანთ ოჯახებისთვის გაეწიათ აუცილებელი დახმარება სარჩენად, საკუთარ სახლებს გარეთ და საეკლესიო ქონებასთან ყოველგვარი კავშირის გარეშე. ასეც იყო სინამდვილეში და ეს დაადასტურა მეექვსე მსოფლიო კრებამ (კან. 48, იხ. ქვემოთ).
 
მაგრამ ის, რომ ასეთი აზრები და ჩვეულებები არა მხოლოდ აღმოსავლეთის ეკლესიის, არამედ სხვათა სულისკვეთებასაც წარმოადგენდა, ადასტურებს: ა) IV და V საუკუნეთა აფრიკის კრებათა დადგენილებანი, რომლებიც ხშირად და დაჟინებით იმეორებენ: "ეპისკოპოსი, მღვდელი, დიაკონი და ყველა, ვინც შეეხება სამღვდელო ჭურჭელს, რგორც მცველნი სიწმინდისა, მეუღლეთაგან განეყენონ" (კართაგ. 3, 4, 34, 81); ბ) დასავლეთის კრებათა და რომის პაპთა დადგენილებანი, რომლებიც ქორწინებისგან თავშეკავებას ავრცელებდნენ არა მხოლოდ ყველა სასულიერო პირზე, არამედ დაბალი ხარისხის სამღვდელოებაზეც, და არც კი კმაყოფილდებოდნენ ქორწინებულთა აღთქმებით, ეცხოვრათ ცოლებთან ქალწულებრივად, არამედ გადაჭრით მოითხოვდნენ ცოლების მიტოვებას (Concil. Illiber. 33, 65. Siricii p. (an. 385) can. 3. Innocentii (404) can. 2. Concil. Avrel. 2. Can. 7. Caet.). ამრიგად, რომის ეკლესიაში სამღვდელოების უქორწინებლობა დამკვიდრდა ჯერ კიდევ გრიგოლ VII-ემდე დიდი ხნით ადრე, რომელმაც მხოლოდ გააძლიერა ეს წესი იმით, რომ ეკლესიიდან განკვეთა ყველა ქორწინებული სასულიერო პირი, მათ ქორწინებას ჩამოართვა ყოველგვარი, თუნდაც სამოქალაქო მნიშვნელობა და განკვეთას უქვემდებარებდა თვით იმ საერო პირებსაც კი, რომლებიც ცოლიანი პრესვიტერებისგან საიდუმლოებებს ეზიარებოდნენ (Gratian decret. Cap. 10. 11. Dist. 31).
 
ამასობაში მწიფდებოდა მონაზვნობა, რომელიც სამოციქულო დროიდან ჯერ განდეგილობის, ანუ მეუდაბნეობის, შემდეგ კი სამონაზვნო საერთო საცხოვრებლის სახით ვითარდებოდა. რადგან საფუძველშივე მოიცავდა ქვეყნისა და ყოველივე იმისგან განშორებას, რაც ქვეყანაშია, მონაზვნობა უფრო მტკიცედ იდგამდა ფესვს ეკლესიაში და უფრო ღრმად აღწევდა მის ცხოვრებაში, — რადგან თავად ეკლესიასაც თავის საფუძვლებში არაფერი ჰქონდა საერთო ქვეყნიერების სულთან. მონაზვნობა წარმოადგენდა ეკლესიის სახარებისეული სულის უწმიდეს გამოვლინებას, მისი შინაგანი, სულიერი ცხოვრების უმაღლეს განვითარებას, მისი შინაგანი, უმნიშვნელოვანესი მისწრაფებების ნაყოფს — კაცობრიობაში სულიერი ცხოვრების აღზრდისა და ხორციელი ცხოვრებისგან მისი შესაძლო განშორების გზით. სწორედ ამიტომ, მონაზვნობამ არა მხოლოდ თავიდანვე მოიპოვა ყველაზე მტკიცე მოქალაქეობის უფლება ეკლესიაში, არამედ ღირსებისა და ძალის მხრივ პირველივე საუკუნეებიდან შეიძინა აშკარა უპირატესობა — საერო (თეთრ) სამღვდელოებასთან შედარებით.
 
გასაგებია, რომ იმ ხანა უქორწინებლობის შესახებ გაბატონებული აზრი, ერთი მხრივ, როგორც მდგომარეობისა, რომელიც ყველაზე მეტად და უპირატესად შეეფერება საიდუმლოთა მსახურებს, ხოლო მეორე მხრივ მონაზვნობის განვითარებასთან ერთად, არა შემთხვევით, არამედ გარდუვალად და სრულიად ბუნებრივად, სრული თანაგრძნობით შეერწყა საეკლესიო ცხოვრება და თავისთავად, მთელი ძალით ილტვოდა მისკენ, როგორც ყველაზე მახლობელი ნიადაგისკენ, რათა მასში ეძებნა სრული, პრაქტიკული განხორციელება.
 
ამრიგად, შეიძლება ითქვას, განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე, ბუნებრივად აღმოცენდა და გავრცელდა ეკლესიაში განზრახვა — შემოეყვანა მონაზვნობა სამღვდელოებაში: და თავისთავად ცხადია, რომ ეს უფრო სწრაფად და უპირატესად უნდა განხორციელებულიყო სასულიერო ხარისხის უმაღლეს საფეხურზე, მღვდელმთავრობაში, როგორც ხარისხში, რომელიც სხვებთან შედარებით უმაღლეს სიწმიდესა და სულიერ სიმაღლეს მოითხოვს. მართლაც, როგორც კი განვითარდა მონაზვნობა ეგვიპტეში (ხოლო იქ ის დამკვიდრდა და გავრცელდა სხვა ადგილებზე უადრეს), უკვე მრავლად ჩნდებიან მონაზვნები სამღვდელმთავრო კათედრებზე.
 
აღსანიშნავია, რომ წმინდა ათანასე ალექსანდრიელმა, რომელმაც, როგორც ცნობილია, უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღო ნიკეის კრებაში და, მაშასადამე, კარგად იცოდა და შეითვისა მისი მსჯელობანი (ხოლო კრება, როგორც ზემოთ ვნახეთ, მსჯელობდა ცოლიან სამღვდელოებაზეც), კრების შემდეგ (326 წ.) ეგვიპტის მთავარეპისკოპოსად ხელდასხმისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყო მონაზვნების ეპისკოპოსად დაწესება; ის იძახებდა მათ უდაბნოებიდან, ხშირად მათივე ნების საწინააღმდეგოდაც, — მონაზვნებისგან მრავალი ეპისკოპოსის მაგალითით არწმუნებდა ამ დანიშვნის უხალისოდ მიმღებთ, — და შემდეგ თავადვე მოწმობდა ასეთი არჩევანის სრულ გამართლებასა და ეკლესიისთვის განსაკუთრებულ სარგებელს (См. творения св. Афанасия т. 1. Стр. 362 по русс. изданию).
 
ეს წესი სწრაფად გავრცელდა ყველა იმ ქვეყანაში, სადაც კი მონაზვნობა მკვიდრდებოდა; ათანასე ეგვიპტეში, ბასილი დიდი კაპადოკიაში, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი ბიზანტიაში, ამფილოქ თრაკიაში, იაკობი მესოპოტამიაში, ეპიფანე კვიპროსზე: მეოთხე საუკუნის ყველა ეს მნათობი, რომლებიც ეპისკოპოსის კათედრებზე ისხდნენ, განდეგილთა წიაღიდან აღმოცენდნენ. ეს პირები ეპისკოპოსობამდე საქალაქო ტაძართა სასულიერო და საეკლესიო მსახურთა თანამდებობებს იკავებდნენ და მონაზვნობას ინარჩუნებდნენ; იმდროინდელი ისტორიკოსებიც წერენ, რომ პრესვიტერები და დიაკვნებიც მრავლად იყვნენ ხელდასხმულნი მონაზონთაგან საქალაქო ეკლესიებისთვის (Палладий в жизни Златоуста). ასეთი წესის წინააღმდეგ პროტესტი არსაიდან ისმოდა. ზოგიერთ ადგილას, მაგალითად, ეგვიპტეში, სირიასა და მესოპოტამიაში, მონაზონთა შორის საუკეთესონი მღვდელმთავრის ხარისხს კონკრეტულ ეპარქიაზე დანიშვნის გარეშეც კი იღებდნენ: ერთი მხრივ, მათი სამაგალითო ცხოვრებისადმი პატივისცემის გამო, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ ეკლესიის არამშვიდობიანი მდგომარეობა მწვალებლობებთან და სხვადასხვაგვარ არეულობებთან ბრძოლაში მოითხოვდა, მუდამ მზადყოფნაში ჰყოლოდათ ისეთი ადამიანები, რომელთაც ეკლესიის დაცვა შეეძლოთ (Созомен ист. 6, 34).
 
თუკი IV და V საუკუნეთა ისტორიკოსები ჯერ კიდევ მოწმობენ, რომ იმ ხანაში უქორწინებლობის სიმკაცრე ყველგან ერთნაირად არ იყო დაცული და, რომ აღმოსავლეთშიც ეპისკოპოსები ქორწინებას ნებაყოფლობით ერიდებოდნენ, და არა უცვალებელი კანონის მოთხოვნით (2); მეორე მხრივ ვხედავთ, რომ ცოლებთან თანაცხოვრება ეპისკოპოსებისგან განსაკუთრებულ ნებართვას მოითხოვდა (3), ხოლო ის ეპისკოპოსები, რომლებიც ხელდასხმისას თანაცხოვრების შეწყვეტის ვალდებულებას იღებდნენ და შემდეგ კვლავ უშვებდნენ ამას, სასამართლოსა და ხარისხიდან განკვეთას ექვემდებარებოდნენ (4). ეს უკვე კანონის ძალაზე მიუთითებს. მაგრამ საეკლესიო პრაქტიკაში ასეთი, ერთი შეხედვით, წინააღმდეგობრივი მოვლენები იმით აიხსნება, რომ ეპისკოპოსთა უქორწინებლობის შესახებ კანონი არსებობდა, ოღონდ დაუწერლად. საჭირო იყო და რჩებოდა მხოლოდ საეკლესიო კანონთა კრებულში მისი შეტანა, რაც მომდევნო, VI საუკუნეში მოხდა კიდეც.
 
______________
 
2. ამას ამბობს სოკრატე, და თან შენიშნავს, რომ აღმოსავლეთში თვითონ იცნობდა ეპისკოპოსებს, რომლებიც თავიანთ ცოლებთან ცხოვრობდნენ და შვილებიც ჰყავდათ. ისტ. 2, 52.
 
3. რადგან, მაგ., ალექსანდრიელმა არქიეპისკოპოსმა თეოფილემ პენტაპოლელ ეპისკოპოს სინეზიუსს ცოლთან თანაცხოვრების ნება დართო.
 
4. ამგვარი რამის გამო წმ. იოანე ოქროპირმა ხარისხი აჰყარა ეფესოს ეპისკოპოს ანტონინეს. იხ. პალადიუსი ოქროპირის ცხოვრებაში.
 
______________
 
დაწერილი კანონი მანამდე იმიტომ არ არსებობდა, რა მიზეზითაც არ არსებობდა წერილობითი წესები მრავალ სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე. პირველი საუკუნეების ეკლესია უფრო სულით ხელმძღვანელობდა, ვიდრე წერილით, უფრო ცოცხალი პრაქტიკით, ვიდრე მკვდარი ასოთი, და უფრო თავისი შინაგანი ცხოვრების უშუალო განვითარებაში ვლინდებოდა, ვიდრე ადმინისტრაციულ ფორმებში. სწორედ ამიტომ, ეკლესიის კანონმდებლობა ყოველთვის გადმოცემათა ხასიათს ატარებდა. ეკლესია არც ჩქარობდა კანონების შედგენასა და დაწერას, არამედ გაცილებით მეტად სურდა ასპარეზი გაეხსნა ქრისტეში დამკვიდრებული თავისი სულის ცოცხალი ძალებისა და მისწრაფებებისთვის, და სანამ განაწესს გამოსცემდა, კეთილ აზრს დროსა და ძალას აძლევდა სრულად მომწიფებისთვის; ხოლო უკვე მომწიფებულ აზრს კანონის სამოსელს აცმევდა. სწორედ ამიტომ არის ეკლესიის გადმოცემები და დადგენილებანი, დროისა და ადგილთა ყველა ცვლილების, თავად ეკლესიისა და ადამიანურ საზოგადოებათა მდგომარეობის მიუხედავად, ასე მტკიცე და სიცოცხლისუნარიანი; მათი ძალა სულია, და არა ასო.
 
VI საუკუნიდან ეპისკოპოსთა ქორწინების საკითხი გადაჭრილად შეიძლება ჩაითვალოს. აზრი სამღვდელოების უქორწინებლობის შესახებ უკვე იმდენად მომწიფდა, რომ ის, როგორც სავალდებულო მოთხოვნა, სამღვდელოების ყველა წევრისთვის შეუძლებლად იქნა მიჩნეული; სამაგიეროდ, უცვალებელ კანონად დამტკიცდა ეპისკოპოსის ხარისხისთვის: ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთი მხრივ, როგორც ცხოვრების განსაკუთრებული სიმკაცრე, რომელიც აუცილებელია სასულიერო ხარისხის ისეთი მაღალი საფეხურისთვის, როგორიც მღვდელმთავრობაა, ხოლო მეორე მხრივ, როგორც ლმობიერება (და არა როგორც ვალდებულება, აუცილებლობა, თუ განსაკუთრებული სარგებელი) ხარისხის დანარჩენი საფეხურებისთვის.
 
და ახლა, მას შემდეგ, რაც ყველაფერი მიმოვიხილეთ პირველი საუკუნეების განწესებებში, გადმოცემებსა და მაგალითებში, განა ცხადი არ ხდება, რომ ეპისკოპოსთა უქორწინებლობის ჩვეულებად დამკვიდრდა არა შემთხვევით, არამედ სრულიად თანმიმდევრულად; არა რომელიმე ერთი ადგილობრივი ეკლესიის მეშვეობით და არა გვიანდელ ხანაში, არამედ თავიდანვე მთელ მსოფლიო ეკლესიაში; არა რომელიმე ერთი წოდების ან კასტის განსაკუთრებული გავლენით, რომელმაც გარკვეულ გარემოებათა გამო მოიპოვა უპირატესობა ეკლესიაში (ვგულისხმობთ მონაზვნებს), როგორც ეს დღეს ზოგიერთს მიაჩნია, არამედ თავად მსოფლიო ეკლესიის სულისკვეთებით, სახარების უწმიდესი სულის ზემოქმედებით; და, ბოლოს, ის დამკვიდრდა არა ადმინისტრაციული გზით, ხელისუფლების ძალითა თუ გარეგან კანონთა ვალდებულებით (ეს ყოველივე მოგვიანებით მოხდა), არამედ თავად მორწმუნეთა საზოგადოების შეგნებისა და დარწმუნების, პრაქტიკისა და ქრისტიანული ცხოვრების განვითარების გზით, რომელიც თანდათან, ქრისტიანობის თავდაპირველივე ხანიდან მწიფდებოდა და იზრდებოდა სულიერ იდეებსა და მისწრაფებებში.
 
მონაზვნობა წინ არ უსწრებდა ამ დადგენილებას, როგორც მის სათავეს, არამედ მხოლოდ შეერწყა მას და გაერთიანდა მასთან ეკლესიის სულისა და მისწრაფებების ერთობაში ორივე მხრიდან, ისე რომ შეიძლება ითქვას: მონაზვნობას კი არ მოუხდენია გავლენა ეპისკოპოსობაზე, რათა დაუფლებოდა მას, არამედ ეპისკოპოსობა (რომელიც, თავდაპირველი დადგენილების მიხედვითაც, მონაზვნობამდე არსებობდა) მოახდინა გავლენა მონაზვნობაზე, რათა გაეთავისებინა იგი და მის ფორმაში შემოსილიყო.


გაგრძელება იქნება.

პუბლიკაცია ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. 2026.

წყარო: О монашестве епископов / Иоанн, епископ Смоленский - Почаев: Типография Почаево-Успенской Лавры, 1904 // URL: azbyka.ru
Назад к содержимому