საეკლესიო სამართალი - იმის შესახებ, რომ დაუშვებელია სქიზმატიკოსთა და მწვალებელ-ტრინიტარელთა გადანათვლა. - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
იმის შესახებ, რომ დაუშვებელია სქიზმატიკოსთა და მწვალებელ-ტრინიტარელთა გადანათვლა.

პასუხები ტიპიურ არგუმენტებზე
ნათლისღების საიდუმლო
წინამდებარე პუბლიკაცია ეძღვნება მართლმადიდებლური ეკლესიის ფარგლებს გარეთ აღსრულებულ საიდუმლოებებს, კერძოდ ეკლესიისკენ მოქცეული ყველა მწვალებლისა თუ სქიზმატის გადანათვლისა ან არგადანათვლის საკითხს.
 
აქ განხილულია ტიპიური არგუმენტები, რომელთაც ვაწყდებით მოცემული თემის განხილვისას. კერძოდ, როგორც უახლოესი წარსულის, ასევე თანამედროვე სასულიერო პირთა და თეოლოგთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის გარეთ აღსრულებული ნათლობა უმოქმედოა და მწვალებლობიდან ან სქიზმიდან მოსული პირი თავიდან უნდა მოინათლოს, მიუხედავად იმისა, სწორად შეუსრულდა მას ნათლობა თავის სქიზმატურ / მწვალებლურ საზოგადოებაში თუ არა. ასეთი მიდგომა არასწორია. ამას ადასტურებს მართლმადიდებლური ეკლესიის მთელი ლიტურგიკული პრაქტიკა, ასევე წმიდა მამათა სწავლებები და საეკლესიო დადგენილებები. ამაში დაგვარწმუნებს წინამდებარე განხილვაც.
 
პუბლიკაციის კითხვა მოხერხებული რომ იყოს, თავდაპირველად მოვიტანთ მოწინააღმდეგეთა ფორმულირებებს, შემდეგ კი პუნქტობრივად ვუპასუხებთ.
 
გარდა ამისა, ბოლოში გთავაზობთ დამატებებს საკითხის თემატური დაჯგუფებით, სადაც კონკრეტულ საკითხებზე პასუხები გაცემულია კრებათა და წმიდა მამათა მოწმობების მიხედვით.
 
წყაროები მითითებულია ყოველი კითხვის პასუხის ქვეშ.

***


ამრიგად, ამ ტექსტში მოცემულია პასუხები შემდეგ ტიპიურ არგუმენტაციაზე:
 
1) ღირ. იოანე დამასკელის სიტყვები: "თუ მამის, ძისა და წმინდა სულის მიმართ ნათელღებულნი (და მსწავლელნი ღმრთეების ერთი ბუნებისა სამ ჰიპოსტასში) კვლავაც ახლად ნათელიღებენ, ახლად ჯვარსაცმევენ ისინი ქრისტეს" - მისი კერძო აზრია და წმიდა გადმოცემაში რეცეფცია არ გაუვლია.
 
2) დამოწმებულ 1-ელ ციტატაში ღირ. იოანე დამასკელი წერს იმათი ნათლობის განუმეორებლობაზე, ვინც პირველი ნათლობა მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიიღო. როდესაც მამები და კრებები (იხ. დამატება 1) მწვალებელთა ნათლობის აღიარებაზე ლაპარაკობენ - მხედველობაში ჰყავთ ეკლესიის წიაღში მყოფი მწვალებლები.
 
3) ნათლობის განმეორების საკითხი (კერძოდ - მიღების წეს-განგებაში), დოგმატური კი არა დისციპლინარული საკითხია, მაშასადამე, ის დადგენილებები, რომლებიც ადრე გაკეთდა (მათ შორის 1-ელ დამატებაში მოტანილებიც. იხ. ქვემოთ) - შეიძლება გადასინჯულ იქნან.
 
4) ტექსტები, რომელსაც ეფუძნება ავტორი - არ განეკუთვნებიან მიღების წეს-განგებას. ისინი ლაპარაკობენ მართლმადიდებელთა გადანათვლის დაუშვებლობაზე, რომლებიც ადრე მონათლულები იყვნენ, მაგრამ განდუდგნენ ეკლესიას. კერძოდ, ციტატა კართაგენის 57 (68)-ე კანონიდან - არ განმარტავს დონატისტების გადანათვლის გარეშე მიღების მიზეზს, არამედ გმობს დონატისტების სწავლებას, რომლებიც გადანათლავდნენ განდგომილებს. ხოლო იერუსალიმის კრების აღსარება ლაპარაკობს მწვალებელთა რწმენის არასრულყოფილებაზე, რომლებიც ეკლესიაში უკვე ნათლისღების მეშვეობით არიან მიღებულნი.
 
5) მიღების წეს-განგებისადმი მკაცრი მიდგომა ვარაუდობს ეკლესიისკენ ყველა მოქცეულის გადანათვლას. მაგრამ ეს შეიძლება არ გაკეთდეს იკონომიით იმ შემთხვევაში, თუკი ეს ეკლესიის სარგებლობისთვის არის გამიზნული.
 
6) სწავლებას მიღების წეს-განგების იკონომიურობის შესახებ მისდევდა ოთხი წმინდანი - წმ. კვიპრიანე კართაგენელი, ბასილი დიდი, ნიკოდიმე მთაწმინდელი და ილარიონ ტროიცკი.
 
7) კანონთა წიგნში (Книга Правил) არის კანონები, რომლებიც ითხოვენ სამების სახელზე მონათლულთა გადანათვლას, მაშასადამე ღირ. იოანე დამასკელის და სხვა მამათა თუ კრებათა სიტყვები, რომლებიც შემოკრებილია პირველ დამატებაში (იხ. ქვემოთ) - ან არასწორია, ან კიდევ არასწორად არის განმარტებული.
 
8) ეკლესიის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც ნათლობასთან დაკავშირებით შეიცვალა მიღების წესი, თანაც ერთსა და იმავე ჯგუფებთან (კერძოდ - კათოლიკეებთან) მიმართებაში, მაშასადამე არაეკლესიური ნათლისღების აღიარების საზოგადო კრიტერიუმი არ არსებობს.
 
9) კართაგენის კრების დადგენილებას წმ. კვიპრიანე კართაგენელის დროს მხარი დაუჭირა იმ დროის ეკლესიათა უმრავლესობამ, მოგვიანებით კი ის "აისახა" VI მსოფლიო კრების მე-2 კანონში მისი "შეცვლის ან გაუქმების" აკრძალვით, მაშასადამე მას გააჩნია მსოფლიო მნიშვნელობა.
 
10) მსოფლიო კრებათა კანონების (II.7, VI, 95) თანახმად, ეკლესია განსაზღვრულ მწვალებელთა წარმომადგენლებს იღებს გადანათვლის გარეშე. მაგრამ მოციქულთა 46-ე და 47-ე კანონები - ითხოვენ ყველა მწვალებლის ნათლობას. რადგან მოციქულთა კანონების ავტორიტეტი მსოფლიო კრებათა ავტორიტეტზე დაბალი არ არის, ერთადერთი მეთოდი თავიდან ავიცილოთ წინააღმდეგობა ამ კანონებს შორის, იქნება ვარაუდი, რომ კანონები, რომლებიც აწესებენ მწვალებელთა მიღებას გადანათვლის გარეშე - მიღებულია იკონომიით.
 
11) ცნობილია წმ. ლუკა კრიმელის განკარგულება იმათი გადანათვლის შესახებ, ვინც მართლმადიდებლურ ეკლესიაშია მონათლული, მაგრამ არასწორი ფორმით (პკურებით). მაგრამ სხვა შემთხვევებში პკურებითი ნათლობა ნამდვილ ნათლობად არის აღიარებული. ასევე ცნობილია, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანზე არ იციან, იყო თუ არა ის ნამდვილად მონათლული - ის დაუყოვნებლივ უნდა მოინათლოს. თუკი ამ შემთხვევებში შეიძლება მართლმადიდებლურ ეკლესიაში მონათლულის გადანათვლა, მითუმეტეს არაფერია საშინელი იმაში გადავნათლოთ მწვალებელი ან სქიზმატი.
 
12) მამათა განსჯა არამართლმადიდებელთა ნათლისღების აღიარების შესახებ განეკუთვნება მხოლოდ იმ ჯგუფებს, რომლებმაც შეინარჩუმეს იერარქიის სამოციქულო მემკვიდრეობა. მაგრამ ერისკაცთ არა აქვთ ნათლობის უფლება (იხ. ბასილი დიდი 1, მოციქულთა 47), ამიტომაც იმ საზოგადოებებში მონათლულები, რომელთაც არ გააჩნიათ სამოციქულო მემკვიდრეობა (მაგალითად, ყველა ეპისკოპოსის პატივაყრის გამო) - ეკლესიაში შემოერთების დროს უნდა მოინათლონ.
 
13) კანონები განაწესებენ კონკრეტულ ჯგუფთა მიღებას, მაგრამ თუ რომელიმე ჯგუფების (მაგ. უკრაინელი სქიზმატების) შესახებ კრებითად მიღებული კანონები არ არსებობს - ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ეპისკოპოსს თვითონ შეუძლია გადაწყვიტოს, თუ როგორ მიიღოს ეკლესიისკენ მოქცეული: ნათლისღებით თუ მის გარეშე, როგორც ამას აკეთებდა წმ. ბასილი დიდი, როდესაც პასუხობდა წმ. ამფილოქე იკონიელის კითხვებს.
 
14) წმ. ათანასე დიდი თავის "მეორე სიტყვაში არიანელთა წინააღმდეგ" წერდა არიანელთა და ყველა სხვა მწვალებელთა ნათლობის უმოქმედობაზე.


***
 
 
ახლა კი უფრო დეტალურად განვიხილოთ ყოველი საწინააღმდეგო მოსაზრება:
 
 
1) ღირ. იოანე დამასკელის სიტყვები "თუ მამის, ძისა და წმინდა სულის მიმართ ნათელღებულნი (და მსწავლელნი ღმრთეების ერთი ბუნებისა სამ ჰიპოსტასში) კვლავაც ახლად ნათელიღებენ, ახლად ჯვარსაცმევენ ისინი ქრისტეს" - მისი კერძო აზრია და წმიდა გადმოცემაში რეცეფცია არ გაუვლია.
   
 
პასუხი:
 
1.1. აი სრული ციტატა: "თუ მამის, ძისა და წმინდა სულის მიმართ ნათელღებულნი (და მსწავლელნი ღმრთეების ერთი ბუნებისა სამ ჰიპოსტასში) კვლავაც ახლად ნათელიღებენ, ახლად ჯვარსაცმევენ ისინი ქრისტეს, როგორც ამბობს საღვთო მოციქული: "შეუხლებელია, რომ ერთგზის განათლებულნი" (და ასე შემდეგ) ... კვლავ განახლდნენ სინანულში, თავის თავში ახლად ჯვარს აცმევენ რა და განაქიქებენ ქრისტეს" (ებრ. 6,4-6). მაგრამ ისინი, ვინც წმინდა სამების მიმართ არ ნათელღებულან, საჭიროა მათი ახლად ნათლისცემა, რადგან თუმცა ამბობს მოციქული, რომ "ქრისტეს მიმართ" და "მისი სიკვდილის მიმართ ნათელვიღეთ" (რომ. 6,3), ... ნათლისღება სახეა ქრისტეს სიკვდილისა, რადგან სამი ჩაძირვის გზით უფლის დასაფლავების სამ დღეს მოასწავებს ნათლისღება" (ღირ. იოანე დამასკელი. მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა. წიგნი 4, თ. 9 (82)).
 
ამ სიტყვებს, მართლმადიდებლური ეკლესიის გარეთ აღსრულებული ნათლობის აღიარების პირობებზე და მწვალებელ-ტრინიტარელთა გადანათვლის დაუშვებლობაზე იმოწმებენ დოგმატური ღვთისმეტყველების სამი კლასიკური ნაშრომის ავტორები: სილვესტრ მალევანსკი (1828-1908), ფილარეტ გუმილევსკი (1805–1866) და მიტრ. მაკარი ბულგაკოვი (1816-1882) - იხ. დამატება 1-ლი: §§ 1.11; 1.13 და 1.14. ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ ამ აზრმა გაიარა რეცეფცია გადმოცემაში.
 
 
2) დამოწმებულ 1-ელ ციტატაში ღირ. იოანე დამასკელი წერს იმათი ნათლობის განუმეორებლობაზე, ვინც პირველი ნათლობა მართლმადიდებლურ ეკლესიაში მიიღო. როდესაც მამები და კრებები (იხ. დამატება 1) მწვალებელთა ნათლობის აღიარებაზე ლაპარაკობენ მხედველობაში ჰყავთ ეკლესიის წიაღში მყოფი მწვალებლები.
   
 
პასუხი:
 
2. 1. ციტატის მეორე ნაწილში ღირ. იოანე დამასკელი მამის, ძისა და წმინდა სულის მიმართ ნათელღებულთ უპირისპირებს მათ, ვინც წმინდა სამების მიმართ არ ნათელღებულან. მაგრამ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში ყოველთვის ნათლავდნენ მხოლოდ მამის, ძის და სულიწმიდის სახელზე. ამგვარად, ციტატის მეორე ნაწილი შეიძლება განეკუთვნოს მხოლოდ იმათ, ვინც არასწორად არის მონათლული მართლმადიდებლური ეკლესიის ფარგლებს გარეთ. ვარაუდი იმისა, რომ ციტატის პირველი ნაწილი პირიქით, - მეტყველებს იმათზე, ვინც მართლმადიდებლურ ეკლესიაშია სწორად მონათლული - ფრაზას მთლიანობაში უაზროს ხდის.
 
შევნიშნავთ, რომ სილვესტრ მალევანსკი, მიტრ. ფილარეტი (გუმილევსკი) და მიტრ. მაკარი (ბულგაკოვი) ღირ. იოანე დამასკელის ამ სიტყვების განმარტებაში ბრძანებდნენ, რომ ის ეხებოდა მართლმადიდებლური ეკლესიის ფარგლებს გარეთ მონათლულებს - იხ. 1-ლი დამატებიდან: § 1 და, § 1.11, § 1.13 და § 1.14
 
2.2. 1-ლი დამატების არც ერთ ციტატაში არ არის არანაირი მითითება იმაზე, რომ იგულისხმება ეკლესიის წიაღში მყოფი მწვალებლები. წმ. დიონისეს ციტატაში §.1.1, რომელიც ფორმით ახლოსაა ღირ. იოანე დამასკელის ციტატასთან, ფორმით სწორი ნათლობის მქონე ტრინიტარების ანტითეზას წარმოადგენს სხვა მწვალებლობათაგან ეკლესიისკენ მოქცეულთა "ნათლობა", საიდანაც შეიძლება გავაკეთოთ დასკვნა, რომ განწესების პირველ ნაწილში ტრინიტარებიც "მოდიან ეკლესიაში".
 
§ 1.2, §1.9, §1. 11-ში პირდაპირ ლაპარაკია "ეკლესიისკენ მოქცეულებზე" §1.12-ში - "ნათლობის შესახებ, რომელიც აღსრულებულია არამართლმადიდებლურ საზოგადოებაში". §1.3, §1.4, §1.6, §1.7, §1.13, §1.14-ში ნახსენებია კონკრეტული მწვალებლური და სქიზმატური დაჯგუფებები.
 
 
3) ნათლობის განმეორების საკითხი (კერძოდ - მიღების წეს-განგებაში), დოგმატური კი არა დისციპლინარული საკითხია, მაშასადამე, ის დადგენილებები, რომლებიც ადრე გაკეთდა (მათ შორის 1-ელ დამატებაში მოტანილებიც) - შეიძლება გადაისინჯონ.
 
 
პასუხი:
   
3.1. პირველ პარაგრაფში (§ 1) ნაჩვენებია, რომ ღირ. იოანე დამასკელი მოციქულის ტექსტის საფუძველზე მიიჩნევდა, რომ ის, ვინც სამებისადმი რწმენით და წმიდა სამების სახელზე იყო მონათლული და კვლავ მოინათლებოდა, - თავიდანვე ჯვარს აცვამდა ქრისტეს.
   
3.2 კართაგენის 419 წ-ის კრების 57 (68-ე კანონი) ეკლესიაში ნათლისღების განმეორების გარეშე დონატისტების მიღების საფუძვლად იმოწმობს სხვა სამოციქულო საკითხავს: "როგორც წმიდა მოციქული ამბობს: "ერთი არს ღმერთი, ერთი - სარწმუნოება, ერთი - ნათლისღება" (ეფეს. 4:5), და ვისაც ერთხელ უკვე მიცემული აქვს ნათელი, მეორედ მიცემა უჯეროა".
 
3.3. "ვრცელი კატეხიზმოს" თანახმად გადანათვლის დაუშვებლობა დაფიქსირებულია სარწმუნოების სიმბოლოში: "სარწმუნოების სიმბოლოში ნახსენებია არა ყველა საიდუმლო, არამედ მხოლოდ ნათლისღება, რადგან ნათლობის მიმართ იყო ეჭვი: ხომ არ უნდა გადანათლულიყო ზოგიერთი ადამიანი (მაგალითად, მწვალებელები); საჭირო იყო ამ საკითხის გადაწყვეტა, რაც გაკეთდა კიდეც სარწმუნოების სიმბოლოში, რომლის მიერაც ჩვენ ვაღიარებთ "ერთსა ნათლისღებასა"".
 
3.4. მართლმადიდებლურ სიმბოლურ წიგნებში ასევე განიხილება მიღების წეს-განგების საკითხები ნათლობასთან მიმართებაში. "აღმოსავლეთის კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის მართლმადიდებლურ აღმსარებლობაში" ვკითხულობთ: "ეს საიდუმლო (ანუ ნათლობა), კათოლიკე და მართლმადიდებლური ეკლესიის თანახმად, ერთხელ მიღების შემდეგ არ უნდა განმეორდეს, იმ პირობით, რომ პირს, რომელიც ასრულებდა ნათლობას, მართლმადიდებლურად სწამდა ერთი სამიპოსტასოვანი ღმერთი და ზუსტად, რაიმე ცვლილების გარეშე წარმოთქვამდა სიტყვებს, კერძოდ: სახელითა მამისათა, და ძისათა, და წმიდისა სულისათა. ამინ" (Православное исповедание Кафолической и Апостольской Церкви Восточной, 102, пер. Сергия Федорова https://vk.com/doc-184478279_510010786).
 
3.5.  აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სარწმუნოებრივ აღმსარებლობაში, რომელიც მიიღო იერუსალიმის 1672 წლის კრებამ, ნათქვამია: "უარვყოფთ, როგორც ბილწ სისაძაგლეს (იმ აზრს), თითქოსდა "რწმენის უკმარობა არღვევდეს საიდუმლოს სისრულეს. რადგან მწვალებლებს (რომლებსაც ეკლესია მათ მიერ მწვალებლობის უარყოფის შემდეგ იღებს და კათოლიკე ეკლესიას უერთებს) მიუხედავად იმისა, რომ რწმენა თავიდან არასრული ჰქონდათ, მიღებული აქვთ სრული ნათლობა; ამიტომაც, შემდეგ, როდესაც მათ სრულყოფილი რწმენა მიიღეს, უკვე აღარ ნათლავენ" (Исповедание Православной веры Восточной Церкви, принятое Иерусалимским собором 1672 года (Послание патриархов восточно-кафолической церкви о православной вере 1723 г.), 15, пер. Сергия Федорова и Петра Пашкова https://vk.com/doc-184478279_510010771).
   
3.6. მოტანილი ტექსტები, წმიდა წერილზე დაფუძნებით (იხ. §§ 3.1-3.2) გადანათვლის პრინციპულ დაუშვებლობაზე უთითებს, რადგან მთლიანობაში ატარებენ დოგმატურ ხასიათს (§§ 3.3-3.5). ამგვარად, მიღების წეს-განგების ფორმასთან დაკავშირებულ საკითხს ნათლისღებასთან მიმართებაში გააჩნია დოგმატური მნიშვნელობა.
 
 
4) ტექსტები, რომლებიც ციტირებულია §§ 3.2-3.5. არ ეხებიან მიღების წეს-განგებას. ისინი ლაპარაკობენ იმ მართლმადიდებელთა გადანათვლის დაუშვებლობაზე, რომლებიც ადრე მონათლულნი იყვნენ, მაგრამ განუდგნენ ეკლესიას. კერძოდ, მოტანილი ციტატა კართაგენის კრების 57 (68) კანონიდან - არ განმარტავს დონატისტების ეკლესიაში გადაუნათლავად მიღების მიზეზს, არამედ გმობს დონატისტთა სწავლებას, რომლებიც თავიდან ნათლავდნენ განდგომილებს. ხოლო იერუსალიმის კრების აღმსარებლობა ლაპარაკობს მწვალებელთა რწმენის არასრულყოფილებაზე, რომლებიც უკვე მიღებულ იქნენ ეკლესიაში ნათლისღებით.
   
 
პასუხი:
 
კართაგენის კრების (419 წ.) 57 (68)-ე კანონების ანალიზის დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ მითითებული განწესება ფაქტობრივად შედგენილია კართაგენის 401 წლის ანტიდონატისტური კრების მიერ, რომლის ყველაზე აქტიური მონაწილე ნეტ. ავგუსტინე იყო. ის დეტალურად სწავლობდა დონატისტთა ტექსტებს. თავის წიგნში "ნათლისღების შესახებ დონატისტთა წინააღმდეგ", რომელიც დაიწერა 400-401 წლებში (ე. ი. პრაქტიკულად იმ კრების ერთდროულად, რომელმაც მიიღო ციტირებული კანონი) ნეტ. ავგუსტინე ასაბუთებს დონატისტებში მონათლულთა გადანათვლის პრაქტიკის ცთომილებას მართლმადიდებლობაში, და ეფუძნება იმას, რომ დონატისტები არ გადანათლავენ განდგომილებს: "დონატისტთაგან არავინ უარყოფს, რომ ნათლობა გააჩნიათ თვით სარწმუნოებისგან განდგომილთაც კი (apostatas), რომლებიც გარდაუვალად, როდესაც ბრუნდებიან ეკლესიის წიაღში, მიიღებიან სინანულით, რადგან ვერავინ დაკარგვს ნათლობის მადლს. ასევე ისინიც, ვინც სქიზმის მკრეხელობით (sacrilegium) ტოვებს ეკლესიის ერთობას, განსაზღვრულად ინარჩუნებს ნათლობის მადლსაც, რომელიც მათ თავიანთ წასვლამდე მიიღეს, იმის გათვალისიწინებით, რომ მათი დაბრუნების შემთხვევაში, ის მათზე კვლავ არ სრულდება, რითაც მტკიცდება ის, რომ ნათლობა, რომლებიც მათ მიიღეს ჯერ კიდევ ეკლესიის ერთობაში, შეუძლებელი იყო დაეკარგად მისგან განცალკევების შემდეგ" (Св. Августин Блаженный Иппонийский. О Крещении против донатистов. Книга I, 2. Пер. иеромонаха Афанасия (Букина), Труды и переводы № 1, 2018, с. 113).
 
ამრიგად, ნეტ. ავგუსტინე (ისევე, როგორც ჩანს, კრების სხვა მონაწილეებიც) მიიჩნევდა, რომ დონატისტები არ გადანათლავენ განდგომილებს (ასეა თუ არა ეს სინამდვილეში - მოცემულ შემთხვევაში არაარსებითია). იმავდროულად ცნობილია, რომ თვით ნეტ. ავგუსტინე მტკიცედ ემხრობოდა სწავლებას სქიზმატიკოსთა მიერ აღსრულებულ საიდუმლოთა სინამდვილის შესახებ (თუმცა, მათ მაცხოვნებლად არ მიიჩნევდა). იმის გათვალისიწინებით, რომ ის გახლდათ კართაგენის ეკლესიის ლიდერი-ღვთისმეტყველი, ხოლო წმ. ავრილი კართაგენელი, რომელსაც ეკუთვნის თვით კანონის ტექსტი - ნეტ. ავგუსტინეს პირადი მეგობარი და თანამოაზრე იყო - აზრი იმის შესახებ, თითქოსდა ციტირებული სიტყვები ნიშნავდეს არა დონატისტთა გადანათვლის დაუშვებლობას, არამედ დონატისტთა პრაქტიკის დაგმობას განდგომილთა ხელმეორედ ნათლობის შესახებ - პრაქტიკულად შეიძლება დაუჯერებლად ჩავთვალოთ.
 
4.2. თვით მართლმადიდებლურ ეკლესიაში დავა განდგომილთა გადანათვლაზე - არც სიმბოლოს შედგენის დროს და არც გვიან - არ ყოფილა: მათი გადანათვლის აუცილებლობის აზრს (განსხვავებით აზრისა სქიზმატიკოსთაგან და მწვალებელთაგან მონათლულთა გადანათვლის აუცილებლობის შესახებ) - არავინ მიჰყვებოდა. ვარაუდი იმის შესახებ, რომ იერუსალიმის კრების აღმსარებლობა დაკავშირებული არ არის მიღების წეს-განგებასთან - დეტალურად განიხილება სტატიაში: Фёдоров С. Учение о действительности таинств во внецерковных сообществах по "Посланию Восточных Патриархов". https://pravblog.ru/pravoslavie/uchenie-o-dejstvitelnosti-tainstv-vo-vnetserkovnyh-soobshhestvah-po-poslaniyu-vostochnyh-patriarhov-v/. უმნიშვნელოვანეს არგუმენტად შეიძლება დავიმოწმოთ მოტანილი ლინკები (იხ. ასევე პ 7.3), სადაც მოტანილია აღმსარებლობის ავტორის - პატრ. დოსითეოს იერუსალიმელის საკმაოდ ხისტი სიტყვები წმ. კვიპრიანე კართაგენელის ეკლესიოლოგიასთან დაკავშირებით.
 
 
5) მკაცრი მიდგომა წეს-განგებისადმი ვარაუდობს ეკლესიისკენ ყოველი მოქცეულის გადანათვლას. მაგრამ იკონომიით ეს შეიძლება არ გაკეთდეს იმ შემთხვევაში, თუკი ეს უმჯობესია ეკლესიის სასარგებლოდ.
   
 
პასუხი:
 
5.1. საეკლესიო იკონომიის შესახებ სწავლების შესაბამისად (იხ. მაგალითად, დიმიტრი ხომატინოსის მსჯელობა: Димитрий      Хоматин. Письмо 150 (577) Защитительное слово к святейшему патриарху Константинопольскому господину Герману и его синоду (Pitra J.B. Juris ecclesiastici graecorum v.6, col.577-588).  http://ex-redechni.livejournal.com/29213.html) "იკონომია - ეს არის თავდაპირველი სიკეთის აღდგენა განსაკუთრებული მეთოდით, თუკი ვინმე ვარდება რთულ ვითარებაში და ბრკოლდება მათ გამო". იკონომია ჩვეულებისამებრ იზღუდება დროისა და ადგილის ვითარებებით. თვით ნიკოდიმე მთაწმინდელიც - მიღების-წესგანგების "იკონომიური თეორიის" შემქმნელი - აღიარებს, რომ იკონომია, აკრიბიისგან განსხვავებით - არ აიყვანება კანონის რანგში (1).
 
______________
 
1. "…იკონომია, რომელსაც ზოგჯერ იყენებდა ზოგიერთი წმიდა მამა, არ შეიძლება ჩაითვალოს არც კანონად და არც ნიმუშად" (Пидалион, 371. цит. по Говорун С. Из истории богословских споров XVIII века по проблеме латинского крещения, 2.1 http://www.pravoslavie.ru/archiv/anabaptism.htm).
 
______________
 
ამავდროულად ჩვენ ვხედავთ მრავალ საეკლესიო განწესებას, რომლებიც პირდაპირ განგვიწესებენ გარკვეული ჯგუფები მივიღოთ გარკვეული სახით, თანაც ეს განწესებები არ იზღუდებიან არც დროითი მოქმედებით (გადანათვლის შესახებ კანონისგან განსხვავებით, რომელიც VI მსოფლიო კრების მე-2 კანონის თანახმად მოქმედებდა მხოლოდ აფრიკაში და ისიც წმ. კვიპრიანე კართაგენელის დროს). ამგვარად, ეს კანონი არ შეიძლება იკონომიად ჩაითვალოს.
 
5.2 აღწერილი მიდგომა ვარაუდობს მიღების წეს-განგების ვარიატიულობას: ვითარებიდან გამომდინარე, ეკლესიური სარგბლობისთვის ერთი და იგივე ადამიანები ან შეიძლება თავიდან მოინათლონ, ან კიდევ მიღებულ იქნან ნათლისღების გარეშე. მაგრამ მოციქულთა 47-ე კანონი კრძალავს ასეთ ვარიატიულობას:
 
მოციქულთა 47-ე კანონი: "თუ ეპისკოპოსი ან მღვდელი ხელახლა მონათლავს ჭეშმარიტად ნათეღებულს, ან უკეთურთაგან შებილწულს არ მონათლავს, განკვეთილ იქნეს, როგორც ჯვრისა და უფლის სიკვდილის შეურაცხმყოფელი, და მღვდლის ცრუმღვდლისაგან არ გამრჩეველი".
 
ჯერ-ჯერობით არ შევალთ რა იმის განხილვაში, თუ ვინ იგულისხმება მოცემულ კონტექსტში "უკეთურთაგან შებილწულებში", აღვნიშნავთ, რომ მოცემულ კანონთან შესაბამისობაში "ვარიატიულობა" (ანუ იკონომია) აკრძალულია "ჭეშმარიტად ნათელღებულისადმიც" და "უკეთურთაგან შებილწულთადმიც". და მათ, ვინც ხელმეორედ მონათლავენ პირველთ და იმათ, ვინც არ მონათლავენ მეორეთ - კანონი პატივისგან დამხობას განუწესებს, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება მიღების წეს-განგების "იკონომიურ თეორიას".
   
5.3. მოციქულთა 47-ე კანონში ლაპარაკია მიღების წეს-განგებაში შესაძლო საშიშროების შესახებ; ამას ერთხმად აღიარებდნენ როგორც იმ აზრის მომხრეები, რომლებიც ლაპარაკობდნენ ყველა სქიზმატის და მწვალებლის აუცილებელ გადანათვლაზე - ფირმილიანე კესარიელი და წმ. ბასილი დიდი, - ასევე მისი მოწინააღმდეგეებიც - წმ. დიონისე დიდი და ღირ. იოანე დამასკელი (იხ დანართი 2).


გაგრძელება იქნება.
 
წყარო: vk.com.

მასალა ითარგმნა და მომზადდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ. თბილისი. 2023 წ.
Назад к содержимому