Перейти к контенту

საეკლესიო სამართალი - კანონთა მნიშვნელობა მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში - აპოკალიფსისი

Пропустить меню
Пропустить меню
კანონთა მნიშვნელობა მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში
ჯვრისწერა
საეკლესიო კანონები – ის ძირითადი წესებია, რომლებიც განსაზღვრავენ მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრების წესრიგს, ანუ მის შინაგან მოწყობას, დისციპლინას, ქრისტიანთა ცხოვრების კერძო ნიუანსებს. ბევრი ადამიანისთვის – როგორც რწმენისაგან შორს მდგომთათვის, ისე ეკლესიის ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეთათვის – ხშირად გაუგებარია ეს იურიდიული ფორმალიზმი. რისთვის არის ის საჭირო? ანუ კანონების გარეშე ცხონება შეუძლებელია?


რა წარმოადგენენ საეკლესიო კანონები?
 
თვით ტერმინი „კანონი“ ბერძნული წარმომავლობისაა და ითარგმნება როგორც „წესი“, „ნორმა“. ფართო გაგებით სიტყვა „კანონიკური“ ნიშნავს „კანონიერს, აღიარებულს“. ყველა კანონი თავისი მრავალფეროვნებით ჩამოყალიბდა საეკლესიო ისტორიის პირველ ათასწლეულში. ზოგი შედგენილ იქნა საეკლესიო კრებების მიერ, ზოგიც – საეკლესიო ავტორიტეტების, ანუ წმიდა მამების მიერ. შესაბამისად, მათ ყოფენ კრებით – მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა, აგრეთვე მოციქულთა და წმიდა მამათა კანონებად.
 
პირველი კანონები გამოჩნდა ქრისტიანთა დევნულების პერიოდის დასასრულს, როდესაც გაჩნდა საჭიროება, როგორმე სისტემაში მოეყვანათ და მოეწესრიგებინათ ეკლესიის ცხოვრება. უკვე IV საუკუნის დასასრულს ეკლესიამ დაიწყო თავისი სამართლის კოდიფიცირება – ასე გამოჩნდა პირველი კანონიკური კრებულები. ზოგი შედგენილი იყო ქრონოლოგიური წესით, ზოგი კი თემატურად, სამართლებრივი რეგულირების საგნების მიხედვით. VI საუკუნეში ჩნდება შერეული კრებულები, ე.წ. „ნომოკანონები“. ისინი მოიცავდნენ ეკლესიის მიერ მიღებულ და, აგრეთვე, იმპერატორთა კანონებს, რომლებიც ეხებოდნენ ეკლესიის ცხოვრებას.
 
არ შეიძლება არ ვთქვათ ე.წ. "მოციქულთა განწესებების" შესახებ. ეს ძეგლი არ არის დაკავშირებული იესუ ქრისტეს მოწაფეებთან, მაგრამ ამ სახელწოდებას ამართლებენ განსაკუთრებული მნიშვნელობითა და ავტორიტეტულობით. ეს კანონები გაჩნდა სირიის ტერიტორიაზე IV საუკუნეში. მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითადი კანონიკური კორპუსი მოთავსებულია კრებულში, რომელსაც „კანონთა წიგნი“ ეწოდება. ის შეიცავს "მოციქულთა", მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა კანონებს, აგრეთვე წმიდა მამათა ავტორიტეტულ გამონათქვამებს.


რით განსხვავდებიან კანონები დოგმატებისგან?
 
დოგმატებში ჩამოყალიბებულია თვით ეკლესიის მოძღვრება, ხოლო კანონები აწესრიგებენ საეკლესიო ცხოვრების ნორმებს. თუ ამ უკანასკნელთა გარკვეული რედაქტირება, ცვლილება და თანამედროვე გარემოებებთან შეგუება შესაძლებელია, დოგმატები უცვლელნი და ურყევნი რჩებიან. დოგმატები ქადაგებენ ჭეშმარიტებას, ისინი გვეუბნებიან იმის შესახებ, რაც რეალურად არსებობს, ხოლო კანონები ეხმარებიან ეკლესიას არსებობაში, რათა უსაფრთხოდ იცურაოს ცოდვილ და მძვინვარე მიწიერ ოკეანეში. საეკლესიო კანონების მთავარი ამოცანაა ქრისტიანული მოძღვრების მარადიული და უცვლელი კანონები გამოყენებულ იქნას ცვალებად საეკლესიო ცხოვრებაში.
 
ამიტომ, თითოეულ კანონში ერთი მხრივ ჩანს მისი საფუძვლები ეკლესიის დოგმატურ მოძღვრებაში, ხოლო მეორე მხრივ – განპირობებულობა ისტორიული მოვლენებითა და გარემოებებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კანონის გამოჩენის მომენტში და, რომლებიც შემდგომში შესაძლებელი იყო შეცვლილიყვნენ. ამგვარად, თითოეული კანონის საფუძველში ძევს დოგმატი, ხოლო თავისი კონკრეტული და ზედმიწევნითი მნიშვნელობით ის ასახავს საეკლესიო ცხოვრების წარმავალ გარემოებებს.
 

"ყაზარმული წესები"
 
ბევრს არ ესმის, რისთვის არსებობს ეს ყველა წესი და ქცევის ნორმა, განა ისინი რამეს ცვლიან ცხონების საქმეში? ერთი მხრივ, თითქოს არა. მთავარია – არ ხელყო დოგმატები, დანარჩენში კი თავისუფლები ვართ ისე მოვიქცეთ, როგორც გვსურს. თუმცა, მაგალითად, როდესაც საავადმყოფოში სამკურნალოდ ვხვდებით, ნებსით თუ უნებლიეთ ვიწყებთ არსებული წესრიგის დაცვას, ვასრულებთ სამედიცინო პერსონალის მოთხოვნებსა და დანიშნულებებს. ასეა საქმე სამსახურშიც, საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც, ყველგან, სადაც არის საზოგადოება, ადამიანთა თავყრილობა, სადაც გარკვეული წესებისა და მოვალეობების დაუცველობის შემთხვევაში იოლია გადაეშვა ქაოსსა და უწესრიგობაში.
 
ეს ხომ არ გვაწუხებს? არავინ ეწინააღმდეგება ასეთ ფორმალიზმს. პირიქით, სხვადასხვა შეხედულებების, ინტერესებისა და გამორჩეულობების მქონე ადამიანთა საზოგადოებებში შეუძლებელია არსებობა გარკვეული წესების გარეშე, რათა მთელი ეს მრავალფეროვნება გარკვეულ ერთგვაროვნებამდე მივიყვანოთ, თითოეულის ქცევა დავარეგლამენტიროთ, რათა არავინ შევიწროვდეს და არსებული უფლებები არ დაირღვეს. ვინმე იტყვის, რომ ეკლესიის მიმართ ამ ყველაფრის გამოყენება შეუძლებელია, ყველას ხომ გვახსოვს, მწიგნობართა და ფარისეველთა მაგალითიდან, როგორ შეუძლია ასომ მოკლას სული. კანონიკური სამართლის მიმართ სულ უფრო ხშირად ისმის წინადადება, გავათავისუფლოთ ეკლესია იმ "ბორკილებისაგან", რომლითაც ბოჭავენ მას კანონები, მოვაცილოთ ეს მძიმე და უხერხული "ხუნდები" და თავისუფლად მივყვეთ მაცხოვრის მოწოდებას – თაყვანი ვცეთ ღმერთს "სულითა და ჭეშმარიტებით".
 
რუსი პუბლიცისტი ა. ი. გეორგიევსკი წერს, რომ მთავარი რელიგიაში სულის სრულყოფაა, მაგრამ ამისათვის საჭიროა შესაბამისი გარეგანი ფორმაც, რომლითაც სული თავის იდეებს გამოხატავს. კანონი არის არა იმდენად საეკლესიო დისციპლინა, რომელიც უზრუნველყოფს წესრიგსა და ერთგვაროვნებას ეკლესიაში, რამდენადაც მაცხოვნებელი საზომი,  რომელსაც გვაძლევს დედა ეკლესია სახარებისეულ მცნებათა სწორად და მართლმადიდებლური სულისკვეთებით აღსრულების მიზნით.
 
კანონთა მნიშვნელობის შესახებ სმოლენსკის ეპისკოპოსი იოანე (სოკოლოვი) წერდა: "… საეკლესიო კანონები შეიცავენ ზნეობრივი წესების გამოვლენას, გამოყენებასა და დაცვას; და უეჭველია, რომ უკანასკნელნი პირველთა გარეშე შეიძლებოდა ან არასწორად გაგებულიყვნენ, ან არასწორად აღსრულებულიყვნენ, რითაც დაკარგავდნენ თავიანთ ძალას და ვერ მიაღწევდნენ მიზანს – ქრისტიანული საზოგადოების სულიერ სრულყოფას“.
 
ხოლო ხარკოვის უნივერსიტეტის პროფესორი მ. ა. ოსტროუმოვი მიიჩნევს, რომ საეკლესიო სამართლის შინაარსი ეკლესიის თითოეულ წევრს აძლევს საშუალებას თავისუფლად და თავდადებით აღასრულოს თავისი რელიგიურ-ქრისტიანული მოვალეობები მადლით აღორძინებისთვის, რომელიც აუცილებელია ღვთის სასუფევლის მისაღწევად. ზემოაღნიშნულის ფონზე შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ დაუშვებელია კანონების რაიმე მძიმე უღლად მიჩნევა. მღვდელი ნიკოლოზ ჩერნიშევი ამბობდა, რომ კანონები, ეს არის „ღვთის მადლის ადამიანზე მოქმედების კანონზომიერება“. სამართლებრივი კანონი მისი შინაგანი, დაფარული აზრით გაიაზრება, როგორც "ადამიანში მოქმედი სულიწმიდის კანონზომიერი ეკლესიური გამოვლინება.
 
გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს კანონების კიდევ ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი ფუნქცია – მორჩილების ფუნქცია. მორჩილება მართლმადიდებელი ქრისტიანის ცხოვრების უმთავრესი ნაწილია. მორჩილება მშობლებისადმი, სულიერი მამისადმი, საერო ხელისუფლებისადმი, ეკლესიის წესდებებისადმი – ეს ყველაფერი ერთი და იმავე გზის ეტაპებია, რაც გულისხმობს ადამიანის მიერ საკუთარი ცოდვილი ნების უარყოფას. საეკლესიო წესების დაცვით ქრისტიანი მაცხოვრის მთავარ მცნებას აღასრულებს: "ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე" (მარკოზი 8:34). ათანასე, კოვროველი ეპისკოპოსი, წესდების "წვრილმანთა" აღსრულებას ქრისტესადმი უმცირესში ერთგულებად მიიჩნევდა.
 
ხოლო ცხონების საქმეში, როგორც ვიცით, წვრილმანები არ არსებობს. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, და უმცირესი განუყრელად არის დაკავშირებული უდიდესთან. ჩვენი მოძღვრები მიიჩნევდნენ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია აღვზარდოთ მწყემსი და მრევლი საეკლესიო სულისკვეთებით, წმიდა ეკლესიის სიყვარულით, მისდამი და მისი წმიდა წესდებებისადმი მორჩილებით... მათი აღსრულებით ქრისტიანი ავლენს სიყვარულს ჩვენი დედა-ეკლესიის მიმართ. ვისაც ჭეშმარიტად სწყურია ცხონება, მან უნდა შეიყვაროს წმიდა ეკლესია – ერთადერთი სარწმუნო წინამძღოლი ცხონებისკენ.
 
ხოლო ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ეკლესია, მან უნდა შეიყვაროს ყველაფერი ის, რაც მისგანაა მოცემული ჩვენს სახელმძღვანელოდ, რაც მისგანაა ბოძებული და დადგენილი. კერძოდ, ღვთისმსახურებასთან დაკავშირებით ძვირფასი უნდა იყოს ყოველი, თუნდაც უმცირესი დეტალი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს თავისი ღრმა აზრი და თავისთავად ღირებულია, არამედ იმიტომაც, რომ ის წმიდა ეკლესიის მიერ გადმოგვეცა. ყოველ ასეთ დეტალს, ყოველ, თუნდაც საღვთისმსახურებო წვრილმანს (თუ შეიძლება ასე ითქვას), ეკლესიის ერთგული შვილები ისეთივე მზრუნველობით დაიცავენ, როგორც იცავენ ისინი რაიმე თავისთავად უმნიშვნელო, მაგრამ უძვირფასეს ნივთს, რომელიც საყვარელი დედისაგან დაგვრჩა.
 

როგორ გავიგოთ და გამოვიყენოთ საეკლესიო კანონები სწორად?
 
წმიდა მამები მიიჩნევენ, რომ თანამედროვე გარემოებებთან დაკავშირებით საეკლესიო კანონთა გამოყენებისას, აუცილებელია მხედველობაში მივიღოთ თავდაპირველად ჩადებული აზრი, ისტორიისა და კულტურის ასპექტები. აქ არ არსებობს ერთი რეცეპტი, ერთიანი წესი ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის. აუცილებელია იყო სულიერი ადამიანი და გქონდეს სულიერი განსჯა, რათა არა უბრალოდ ბრმად მიჰყვე კანონის ასოს, არამედ იფიქრო და მოახდინო მანევრირება. თითოეული ადამიანი ინდივიდუალურია, ამიტომ მის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს სულიერი მამა. იცის რა ყველა მისი ძლიერი და სუსტი მხარე, მას შეუძლია თავისუფლად იმოქმედოს არსებული კანონიკური ნორმების შესაბამისად.
 
თავად კანონები გულისხმობენ, რომ მღვდელს უფლება აქვს შეუმციროს ან გაუხანგრძლივოს სასჯელი (ეპიტიმია) ქრისტიანს რაიმე შეცდომისთვის, თუმცა თავისი რჩევებით ის არ უნდა ერეოდეს სულიერი შვილის  პირად საქმეებსა და ღმერთთან მის ურთიერთობაში. ეს ეხება, მაგალითად, ლოცვას. ადამიანი თავისუფალია გადაწყვიტოს, რამდენი დრო დახარჯოს მასზე, აანთოს თუ არა ლამპარი, დაწოლილმა წაიკითხოს ლოცვა თუ ფეხზე მდგომმა. მთავარია, ლოცვაში შედგეს ღმერთთან ურთიერთობა. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ კანონების დიდი ნაწილი ჩვენ მიერ ისე არ სრულდება, როგორც ეს თავდაპირველად იყო განზრახული. ავიღოთ მაგალითად მოძღვრება ქორწინების საიდუმლოს შესახებ. ყველამ ვიცით, რამდენად მკაცრად უდგებოდა მაცხოვარი ამ საკითხს, კრძალავდა წყვილთა განქორწინებას, მაგრამ დღეს ეკლესია, ადამიანური უძლურების გათვალისწინებით, უშვებს მეორე და მესამე ქორწინებასაც კი.
 
სულიწმიდით ძღვანებული ეკლესია ქრისტეს, როგორც კანონმდებლის საქმის გამაგრძელებელია. ის აფართოებს, აზუსტებს და განაახლებს სამართლებრივ ნორმებს. მაგრამ ეს დეტალიზაცია და მისი მთელი კანონშემოქმედებითი მოღვაწეობა ეყრდნობა იმ პრინციპებს, რომლებიც მაცხოვარმა სახარებაში მოგვცა. ჩვენს დროში ამ უძველესი ნორმებიდან თუ პირდაპირ სახელმძღვანელოებს არ შევქმნით მოქმედებისთვის, სულ მცირე, მათ სულისკვეთებასა და პრინციპებს ვიყენებთ, რომლებიც დღევანდელი დღის მოთხოვნილებებს პასუხობენ.
 

დანაშაული და სასჯელი
 
ახლა კი ყველაზე მთავარი – სასჯელი, რომელიც კანონის დარღვევას მოსდევს. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია არის მინიატურული სახელმწიფო თავისი სასამართლოთი, მაინც შეუფერებელია მართლმსაჯულების, როგორც სასჯელის განხილვა, ამა თუ იმ გადაცდომისთვის. ეკლესია სამკურნალო დაწესებულებაა და მისი ნებისმიერი „თერაპიული“ ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რათა განკურნოს ესა თუ ის სულიერი სნეულება. მსაჯული აქ, რომლის როლშიც გამოდის მღვდელი ან ეპისკოპოსი, მოქმედებს ისევე, როგორც კარგი და გულისხმიერი ექიმი. ის არ აწამებს პაციენტს, არ ატარებს მასზე ექსპერიმენტებს, არამედ ნიშნავს წამალს არსებული ჩვენებებისა და უკუჩვენებების გათვალისწინებით.
 
ანუ ისიც მანევრირებას ახდენს, წამლის შედგენილობასა და მასში არსებულ მოქმედ ნივთიერებებზე დაყრდნობით. თუ მკურნალობა შედეგს არ იძლევა, ექიმი ნიშნავს სხვა წამალს, სანამ პაციენტი გამოჯანმრთელებისაკენ არ წავა, ხოლო სულიერი მამა ნიშნავს „მკურნალობას“, რომელიც მოწოდებულია მორწმუნე მიიყვანოს სინანულამდე. სწორედ ამისათვის არსებობს საეკლესიო სანქციები – რათა დაეხმარონ ქრისტიანს სულიერ ზრდაში, ხოლო ამ გზაზე დაბრკოლებებისა და შეფერხებების წარმოქმნისას შეძლოს მათი გადალახვა, განიცადოს შინაგანი გარდატეხა და მოინანიოს, აღადგინოს კავშირი და ზიარება ღმერთთან.
 

უცოდინრობა არავის ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან
 
ყოველი ქრისტიანისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს არსებული საეკლესიო კანონები, რათა გაიგოს, რა უფლებები და მოვალეობები აქვს მას ეკლესიაში. ეს ძალზედ სასარგებლოა ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც. მაგალითად, ადამიანს ეპატიჟებიან ნათლიად, მას კი არსებული ცრურწმენების გამო უარის თქმას უფრთხის, მიუხედავად იმისა, რომ იცის – მომავალი ნათლულის მშობლები ტაძარში არ დადიან. მაგრამ უმჯობესია უარი თქვას, ვიდრე გახდეს საკუთარი სუსტი ნებისა და კანონთა უცოდინრობის მძევალი, რადგან ცნობილია, რომ ნათლიას მოვალეობაა უზრუნველყოს საზოგადოების ახალი წევრის, როგორც ჭეშმარიტი და მოშურნე ქრისტიანის, ჩამოყალიბება.
 
მნიშვნელოვანია იცოდეს ყველა ეს ნიუანსი, რადგან გამოცდილი ქრისტიანები ხომ მაგალითს აძლევენ საზოგადოების სხვა, ახლად მოსულ წევრებს. თითოეული ქრისტიანისთვის სასარგებლოა პირად სარგებლობაში ჰქონდეს "რჯულისკანონი" ("კანონთა კრებული") და მიმართოს მას საჭიროების შემთხვევაში.
 
უფალი შეგვეწიოს!


წყარო: zapiski.elitsy.ru

ტექსტი ითარგმნა და მომზადდდა საიტ "აპოკალიფსისის" რედ. მიერ.
Назад к содержимому