საეკლესიო სამართალი - "პიდალიონი" ეკლესიაში უმაღლესი ძალაუფლების შესახებ - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
"პიდალიონი" ეკლესიაში უმაღლესი ძალაუფლების შესახებ
მსოფლიო საეკლესიო კრება
არსებობს მსოფლიო საეკლესიო კრებათა ოთხი განმასხვავებელი თავისებურება, რომელთა ხსენება შეიძლება ვნახოთ მრავალ ადგილას, განსაკუთრებით დოსითეოსის თხზულებებში. ამ თავისებურებათაგან სამი მეორადია და ზოგიერთ მსოფლიო კრებას ზოგიერთ ადგილობრივ კრებასთან აერთიანებს, ხოლო მეოთხე მიეკუთვნება მხოლოდ მსოფლიო კრებებს; ის, ასე ვთქვათ, წარმოადგენს ყველა მსოფლიო კრების არსებით, ფუძემდებლურ და საკუთრივ განმასხვავებელ თავისებურებას.
 
მსოფლიო კრებათა პირველი თვისება მდგომარეობს იმაში, რომ მათ იწვევს არა პაპის ან რომელიმე პატრიარქის, არამედ სამეფო განკარგულება. მაგრამ ეს განეკუთვნება სარდიკიის კრებასაც, რომელიც კონსტანციუსისა და კონტანტის განკარგულებით იქნა მოწვეული, იგივე ითქმის ანტიოქიის კრებაზეც, რომელიც იმავე კონსტანციუსის ბრძანებით იქნა მოწვეული (თუმცა მისი მიზანი სულაც არ მდგომარეობდა იმაში ანტიოქიის ტაძრის განახლებაში).
 
მეორე თვისება იმაშია, რომ კრებებზე მიდის დავა რწმენაზე, და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება - დოგმატური ოროსი; ასე იყო ყოველ მსოფლიო კრებაზე. მაგრამ ასეთი თანმიმდევრობა ახასიათებდა ადგილობრივ კრებებსაც: მაგალითად, კართაგენის კრებას, რომელიც მოიწვიეს პელაგიუსის და ცელესტიუსის მწვალებლობათა წინააღმდეგ, და რომელმაც გამოსცა დოგმატური განსაზღვრებანი.
 
მესამე თვისება მდგომარეობს იმაში, რომ მსოფლიო კრების მიერ გადმოცემული დოგმატები და კანონები უნდა იყოს მართლმადიდებლური, ღვთისმოსავი და საღმრთო წერილის თანხმიერი, ასევე ის უნდა ეთანხმებოდეს ადრე მოწვეულ მსოფლიო კრებებს. ამიტომაც წმ. მაქსიმეს ფართოდ გავრცელებული გამოთქმა: "ადრინდელი კრებებს განამტკიცებს ღვთისმოსავი რწმენა და კვლავ - დოგმატთა სიმართლეს განსჯიან კრებები". მაგრამ ეს თავისებურება, ზოგიერთი ადგილობრივი კრების გარდა, თითქმის ყველა ადგილობრივი კრებისთვის არის დამახასიათებელი.
 
მეოთხე და ბოლო თვისება მდგომარეობს იმაში, რომ მსოფლიო კრებათა ყველა განსაზღვრებასა და კანონიკურ განწესებას უნდა დაეთანხმოს საყოველთაო ეკლესიის ყველა პატრიარქი და მღვდელმთავარი: ან პირადად, ან თავიანთი წარმომადგენლების სახით, ან კიდევ - თუ წარმომადგენლები არ არიან - ეპისტოლეების მეშვეობით. პატრიარქთა და მღვდელმთავართა ეს საყოველთაო (მსოფლიო) თანხმობა, როგორც უკვე ზემოთ ვთქვით, მსოფლიო კრების განმასხვავებელი ფუძემდებლური თავისებურებაა. ფუძემდებლურია ის იმიტომ, რომ საფუძვლად უდევს ყველა მსოფლიო კრებას, და საკუთრივ, ამგვარ უფლებას მას აძლევს "მსოფლიო კრების" წოდება; განმასხვავებელია ის იმიტომ, რომ არ განეკუთვნება არც ერთ ადგილობრივ კრებას და, მით განასხვავებს მსოფლიო კრებებს ადგილობრივთაგან.
 
ამიტომაც, როდესაც კოპრონიმეს დროს ვლაქერნაში კრება ჩატარდა, რომელსაც ხატმებრძოლეებმა მსოფლიო კრება უწოდეს, მაშინ წმ. გერმანემ, წმ. დამასკინემ და სტეფანე მცირემ, ასევე მრავალმა სხვამ, და თვით მეშვიდე მსოფლიო კრებამ თავის VI საქმეში, თქვეს, რომ სხვა პატრიარქთა თანხმობის გარეშე ეს არა თუ მსოფლიო კრება არ არის, არამედ საერთოდ არც კი არის კრება. ეპიფანემ ხომ კრების სახელით წაიკითხა: "როგორ არის ეს დიდი და მსოფლიო კრება, როდესაც ის არავინ მიიღო და მას სხვა ეკლესიათა არც ერთი წარმომადგენელი არ დაეთანხმა, პირიქით, ანათემასაც კი გადასცა იგი?" თითქმის იგივე ბრძანა წმიდა მაქსიმემ მონოთელიტ პიროსის ცრუკრებაზე, რომელსაც ის მსოფლიოს უწოდებდა.
 
მე ვამტკიცებ, რომ მსოფლიო კრების ფუძემდებლურ თავისებურად წარმოადგენს მასთან თანხმობა და მისი მიღება ყველა პატრიარქის მიერ, და საკმარისი არ არის მათი პირადი (ან მათ წარმომადგენლების) დასწრება. რომის პაპი პირადად არც ერთ მსოფლიო კრებას არ ესწრებოდა, ხოლო მეორე და მეხუთე კრებებზე პაპები დამასი და ვიგილიუსი თავიანთი ლეგატებითაც კი არ იყვნენ წარდგენილნი. და მაინც, ეს მსოფლიო კრებები მსოფლიოდ რჩებიან, რადგან ეს პაპები მათ დადგენილებებს დაეთანხმნენ და ისინი ეპისტოლეებისა და ხელმოწერების მეშვეობით მიიღეს.
 
რაც შეეხება იმას, რომ მსოფლიო კრების არსს პირადი (ან წარმომადგენლების) დასწრება კი არ წარმოადგენს, არამედ თანხმობა, მტკიცდება ორი - სარდიკიისა და ფლორენციის კრებებით. სარდიკიის კრება თავიდან მსოფლიო კრებად იწოდებოდა (იხ. მისი დადგენილებების შესავალი), და მას ესწრებოდა ყველა პატრიარქი - ზოგი პირადად, ზოგი თავისი წარმომადგენლის მეშვეობით. მაგრამ მათ შორის წარმოიშვა გაყოფა, და სარდიკიის კრების დადგენილებებს ყველა აღმოსავლელი პატრიარქი და მღვდელმთავარი არ დაეთანხმა; ამიტომ ის თავიდან თუ მოწვეული იყო როგორც მსოფლიო კრება, თავისი შედეგებით ადგილობრივი კრების რანგში გამოვიდა.
 
ზუსტად ასეთივე იყო ფლორენციის კრებაც. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოდ იწოდებოდა, ასეთს არ წარმოადგენს. იმის გამო, რომ ანტიოქიისა და მთელი აღმოსავლეთის წარმომადგენელი, ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ალექსანდრია - ვლაპარაკობ უწმიდეს მარკოზ ეფესელზე - არ დაეთანხმნენ მის დადგენილებებს, ეს კრება მსოფლიოდან ადგილობრივი კრების რანგში ჩამოქვეითდა. და რას ვიტყვი ადგილობრივს? - ის, თუ სამართლიანად ვიტყვით, ცრუკრება გახდა, რადგან მსოფლიო კრების მესამე თავისებურებასაც ვერ პასუხობდა: მისი დადგენილებები წმიდა წერილის საწინააღმდეგოც იყო და არც ადრე მოწვეულ მსოფლიო კრებათა დადგენილებებს ეთანხმებოდა.
 
ამრიგად, ცხადია, რომ ზოგიერთ პატრიარქთა თანხმობის არარსებობა მსოფლიო (შემადგენლობით) კრებასაც კი ავტორიტეტის მიხედვით ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე კრებად გადააქცევს. და პირიქით: ყველა პატრიარქის თანხმობა მთელ მსოფლიოში შემადგენლობის მიხედვით ადგილობრივ კრებას მსოფლიო და საყოველთა კრების რანგში აწევს (ავტორიტეტის თვალსაზრისით). ამიტომაც მსოფლიო კრებათა (განსაკუთრებით მეექვსე მსოფლიო კრების) მიერ მიღებული ადგილობრივი (შემადგენლობით) კრებები იძენენ მსოფლიო და კათოლიკე (საყოველთაო) კრების ავტორიტეტსა და სტატუსს.
 
ზემოთთქმულიდან გამომდინარე სულაც არ არის ძნელი განსაზღვრება მიეცეს მსოფლიო კრებას. ის იქნება შემდეგი სახის: "მსოფლიოდ იწოდება კრება, რომელიც მოწვეულია იმპერატორის მიერ, გამოსცა ღვთისმოსავი და მართლმადიდებლური განსაზღვრება, თავის განსაზღვრებებში თანხმიერია წმიდა წერილისა და ადრე მოწვეული მსოფლიო კრებების, მიღებულია კათოლიკე ეკლესიის ყველა პატრიარქისა და მღვდელმთავრის ან მათი წარმომადგენლების მიერ - პირადი დასწრებით ან წარმომადგენელთა მეშვეობით, - ან, მათი არყოფნის შემთხვევაში, ეპისტოლეებითა და ხელმოწერებით".
 
ყოველი მსოფლიო კრება, რომელსაც ეს განმასხვავებელი თავისებურება გააჩნია, არის კიდევაც წმიდა კათოლიკე ეკლესია, რომლისაც ჩვენ გვწამს სარწმუნოების სიმბოლოს მიხედვით.
 
აქედან ღვთისმეტყველები გამოყოფენ მსოფლიო კრების კიდევ ოთხ თვისებას:
 
პირველი, - მისი გადაწყვეტილებები მარადიულია და არ ექვემდებარებიან ცვალებადობას, რადგან უფალი ამბობს: "ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე" (იოანე 14:16) - "და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ" (მათე 28:20)
 
მეორე, - მისი გადაწყვეტილებები უცთომელი და უცოდველია, რადგან ეკლესია, რომელსაც განასახიერებს კრება, არის"ჭეშმარიტების სვეტი და საფუძველი" (1 ტიმ. 3:15); მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებები თვით სულიწმიდის გადაწყვეტილებებია, რომელიც, როგორც ნათქვამია, "ჭეშმარიტების სული, წაგიძღვებათ ყოველი ჭეშმარიტებისაკენ" (იოანე 16:13). ეს განსაკუთრებულად ნათლად ჩანს მსოფლიო კრებების მაგალითზე, რადგან თუკი წმ. გრიგოლ საკვირველთმოქმედის მე-8 კანონი ადგილობრივ კრებებზე ამბობს, რომ კრების მამებამდე სულიწმიდა განსიჯს, რამდენად უფრო განეკუთვნება ეს მსოფლიო კრებებს? რადგან მათზე თვით სულიწმიდა წარდგება, განანათლებს მამებს და არ აძლევს მათ ცთომილების დაშვების უფლებას თავიანთ გადაწყვეტილებებში. რადგან, როგორც კართაგენის კრება წერს პაპ კელესტინეს: "მსჯავრს შთაბერავს ღმერთი კრებაზე შეკრებილ უკეთურ მღვდლებს", როგორც კართაგენის კრება წერს პაპ კელესტინეს.
 
მესამე, მას გააჩნია უმაღლესი ძალაუფლება, რომელიც აღემატება სხვა ყველა დანარჩენს, ასე რომ ის სამართლიანსა და ჭეშმარიტს არა მარტო რჩევის სახით გვაძლევს, არამედ უფლებაც აქვს განგვიწესოს და დაგვავალდებულოს მისი შესრულება, ხოლო მოწინააღმდეგეებს შესაბამისი საეკლესიო სასჯელით დაუწესოს, განსაჯოს და განხილოს პაპების, პატრიარქების და საერთოდ, გამონაკლისის გარეშე, ყველა მღვდელმთავრის, კლირიკოსისა და მართლის საქმე.
 
მეოთხე, დასასრულ, მსოფლიო კრებას უფლება აქვს გამოიტანოს დადგენილება და ზღვარი დაადოს ყოველგვარ დავასა და გარჩევებს, იქნება ეს კერძო თუ საზოგადო, და შეწყვიტოს ყოველგვარი ერეტიკოსთა და სქიზმატიკოსთა ყოველგვარი მტრობა და წინააღმდეგობა. ამის შესახებ თავის 18-ე კატექეტურ სიტყვაში წმ. კირილე იერუსალიმელი ამბობს, რომ ეკლესია კათოლიკეა იმიტომ, რომ საერთოდ (καθόλου) ყოველგვარი წუნის და რაიმე განსხვავების გარეშე ასწავლის და სთავაზობს კაცობრივ ცნობიერებას ყველა დოგმატს ხილულისა და უხილავის შესახებ.
 
ამიტომაც სწორედ მსოფლიო კრება წმიდა წერილს ყველგან უმაღლეს მსაჯულად წარადგენს ყველა საეკლესიო საკითხთან დაკავშირებით, და ამ მსაჯულის გადაწყვეტილებები და დადგენილებები, როგორც ამას მეორე მსოფლიო კრების მე-6 კანონი ბრძანებს, რომელიმე უმაღლეს სასამართლოში აპელაციას არ ექვემდებარება.
 
აპელაცია ხომ საქმის ერთი სასამართლოდან მეორეში, უფრო უმაღლეს ინსტანციაში გადატანაა; მაგრამ, როგორც მეფეთა კანონების IX წიგნი გვამცნობს (იხ. ტიტული 1), "ეპისკოპოსთა საეჭვო დადგენილებები ექვემდებარებიან აპელაციას სამიტროპოლიო სასამართლოზე, მიტროპოლიტთა - ოლქის ეგზარქოსის ან პატრიარქის სასამართლოზე, ხოლო პატრიარქთა საეჭვო დადგენილებებისთვის აპელაცია მიეცემა მსოფლიო კრებას; ამით აპელაციის ყოველგვარი შესაძლებლობა მთავრდება, რადგან უკვე მსოფლიო კრებაზე უზენაესი სამსჯავრო აღარ არსებობს". თუკი ამბობენ, რომ პატრიარქის მსჯავრი აპელაციას არ ექვემდებარება, რაც წერია იუსტინიანესა და ლეონ ბრძენის კანონთა წიგნებში, ეს ნათქვამია იმ აზრით, რომ ერთი პატრიარქი არ შეიძლება მეორის გადაწყვეტილებათა მოსამართლე იყოს; მსოფლიო კრებას ეს არ ეხება, რადგან მას შეუძლია განმეორებით განიხილოს ნებისმიერი საქმე, რომელზეც ადრე პაპმა ან პატრიარქმა მსჯავრი გამოიტანა ისე, თითქოსდა მანამდე არანაირი გადაწყვეტილება არ ყოფილიყო მიღებული.
 
ზუსტად ასევე პროვინციის მმართველის (ἐπάρχος) სამსჯავრო, თუმც არ ექვემდებარება აპელაციას, რადგან სხვა მმართველს არ შეუძლია განმეორებით განიხილოს ერთი და იგივე საქმე, ყველა საეჭვო შემთხვევაში, როდესაც თვით მმართველის გადაწყვეტილება საკმარისი არ არის, საქმეს განიხილავს და განაჩენს გამოიტანს თვით მონარქი. ამრიგად, როგორი ძალაუფლებაც გააჩნია თვითმპყრობელს (მონარქს) სახელმწიფოში, იგივე ძალაუფლება გააჩნია მსოფლიო კრებას - ეკლესიაში.
 
მე ვთქვი, რომ მსოფლიო კრება, და არა წმიდა წერილია (როგორც ამტკიცებენ ლუთეროკალვინისტები) უმაღლესი მსაჯული ეკლესიაში, რადგან წმიდა წერილი მრავალ ადგილას ბუნდოვანია, და ამიტომ ყოველ ერეტიკოსს შეუძლია ის თავის სასარგებლოდ და წერილის აზრის კიდევ უფრო გაბუნდოვანებისკენ მიაბრუნოს. ეს კი ნიშნავს, რომ გარდაუვალად საჭიროა განმარტება, რათა გავიგოთ წმიდა წერილის ჭეშმარიტი აზრი, მისი მიცემა კი არავის ძალუძს, მსოფლიო კრების გარდა. გარდა მისა, წმიდა წერილის ჭეშმარიტ კათოლიკე წიგნთა გარდა მწვალებლებმა გაბედეს შეეთხზათ ყალბი და ერეტიკული წიგნები, და მხოლოდ მსოფლიო კრება განსაზღვრავს ჭეშმარიტ წიგნებს, უარყოფს რა ცრუ და აპოკრიფულ თხზულებებს. ამიტომაც ამბობს წმ. ავგუსტინე, რომ სახარებასაც კი არ დაუჯერებდა, მისკენ რომ არ მოუწოდებდეს კათოლიკე ეკლესიის ავტორიტეტი.
 
ამრიგად, ყოველივე ზემოთთქმულიდან გამოდის ასეთი დასკვნა: არავის შეუძლია ეწინააღმდეგოს მსოფლიო კრებას, და ამასთან დარჩეს ღვთივსათნო და მართლმადიდებელი. ყველა, გამონაკლისის გარეშე, მარტივად და უპირობოდ უნდა დაემორჩილოს მათ, ხოლო ის, ვინც ეწინააღმდეგება მსოფლიო კრებებს, თვით სულიწმიდას ეწინააღმდეგება, რომელიც მსოფლიო კრებათა მიერ მეტყველებს. ამგვარი კაცი ხდება ერეტიკოსი და ექვემდებარება ანათემას; ამიტომაც წმ. პაპი გრიგოლ დიდი 1-ლი წიგნის 24-ე წერილში ანათემას გადასცემს ყველას, ვინც არ ემორჩილება მსოფლიო კრებებს. და თვით კრებებიც ანათემას გადასცემენ იმათ, ვინც არ ემორჩილება კრებათა დადგენილებებს.
 
და რას ვიტყვი მწვალებლებზე? - ის, ვინც ეკლესიას არ ემორჩილება, წარმართი და უკეთურია, ხოლო მსოფლიო კრება თვითვე განასახიერებბს ეკლესიას. უფალი ამბობს: "თუ არც ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი" (მათე 18:17). ხოლო უმაღლესი სამსჯავრო და განაჩენი ეკლესიაში - მსოფლიო კრებაა, როგორც წმ. ავგუსტინე ბრძანებს.

წყარო: https://vk.com/@photian-pidalion
Назад к содержимому