საეკლესიო სამართალი - რას წარმოადგენენ საეკლესიო კანონები და რისთვის არის ის საჭირო - აპოკალიფსისი

Перейти к контенту
რას წარმოადგენენ საეკლესიო კანონები და რისთვის არის ის საჭირო?
საეკლესიო სამართალი
რა სახის კანონები არსებობს ეკლესიაში? რას არეგულირებენ ისინი? კანონები საჭიროა, რათა ადამიანს წაართვას თავისუფლება თუ პირიქით, რათა დაეხმაროს? საერთოდ, რატომ არსებობს ეკლესიაში იურიდიული ფორმალიზმი? ნუთუ კანონთა გარეშე შეუძლებელია ცხონება?

ამ და სხვა კითხვებზე პასუხობს წმიდა ტიხონის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის ზოგადი და რუსული საეკლესიო ისტორიისა და საეკლესიო სამართლის კათედრის მასწავლებელი დეკ. დიმიტრი პაშკოვი.

***

რას წარმოადგენენ საეკლესიო კანონები და რისთვის არის ის საჭირო?

სიტყვა "კანონი" - ბერძნული წარმომავლობისაა და ითარგმნება, როგორც "წესი", "ნორმა". კანონები წარმოადგენენ ეკლესიაში მიღებული და ყველასთვის სავალდებულო ქცევის წესებს. ამიტომაც შეიძლება ითქვას, რომ კანონი ეკელსიაში, თავისი შინაარსითა და აზრით, იგივეა, რაც კანონი სახელმწიფოში.

საეკლესიო კანონების აუცილებლობა საზოგადოდ გასაგებია. ნებისმიერ საზოგადოებაში, ჩვენ უნდა შევესაბამებოდეთ ქცევის მასში განსაზღვრულ და მიღებულ წესებს. ასეა ეკლესიაშიც. როგორც კი მისი წევრი გახდება, ადამიანი ვალდებულია დაემორჩილოს ეკლესიის საზღვრებში მოქმედ ნორმებს, ანუ - კანონებს.

შეიძლება მოვიტანოთ ასეთი შედარება. როდესაც საავადმყოფოში ვმკურნალობთ, ჩვენ ვაწყდებით განსაზღვრულ წესებს, რომლებსაც - გვინდა ჩვენ ეს თუ არა - უნდა დავემორჩილოთს. და საავადმყოფოს ეს კანონები თავიდან შეიძლება ზედმეტად ან აბსურდულადაც კი მოგვეჩვენოს მანამ, სანამ მათ დანიშნულებაში წვდომას არ შევეცდებით.

ამასთან ეკლესიაში შეუძლებელია იყოს კანონიკური ფორმალიზმი. ყოველი ადამიანი ინდივიდუალურია, და ამიტომაც მის საეკლესიო ცხოვრებაში უდიდეს როლს თამაშობს სულიერი მოძღვარი. იცის რა მასთან მისული ადამიანის სუსტი და ძლიერი მხარეები, მღვდელი, კანონიკურ ნორმებზე დაყრდნობით, საკმაოდ თავისუფლად მოქმედებს. არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ კანონთა ძირითადი მასივი ჩამოყალიბდა დიდი ხნის წინათ, ჯერ კიდევ პირველ ათასწლეულში, და მრავალი კანონი შეუძლებელია ბუკვალურად იქნას დღეს გამოყენებული. ამიტომაც, მოძღვრებს საკმაო სივრცე რჩებათ "მანევრირებისთვის" (ამას თვით კანონებიც ვარაუდობენ, როდესაც მღვდელს, მაგალითად, შესაძლებლობას აძლევენ შემცოდე პირს შეუმოკლონ ან, პირიქით, გაუზარდონ ეპითიმიები), და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, როდესაც ლაპარაკია ისეთ რთულ და განსაკუთრებულად დელიკატურ საქმეზე, როგორიც მოძღვრობაა.

მაგრამ, ნუთუ შეუძლებელია სულის ცხონება ამ ფორმალიზმის გარეშე?

საქმე აქ თვით ჩვენშია და არა ფორმალიზმში. რადგან ნათლისღების შემდეგაც არასრულყოფილ არსებებად ვრჩებით, ბევრს ვცოდავთ, ვზარმაცობთ, ვართ ეგოცენტრულები და ა. შ., საჭიროა ჩვენი ცხოვრება ჩვენივე სარწმუნოების შესაბამისად მოვაწესრიგოთ და ღვთითსათნო ცხოვრებას მივყვეთ.

რა თქმა უნდა, ღმერთთან ჩვენი ურთიერთობა ნორმატიულ რეგულირებას არ ექვემდებარება. მაგალითად, ყოველი ადამიანის პირადი საქმეა, თუ როგორ ილოცებს სახლში: ხანგრძლივად, მოკლედ, ანთებული კანდლის წინაშე თუ მის გარეშე, ხატის წინ თუ ხატის გარეშე, თვალგახელილი თუ თვალდახუჭული, მდგომარე თუ მჯდომარე და სხვა, - ეს მისი პირადი საქმეა და დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ რა ვითარებაში და პირობებში იმყოფება თვით მლოცველი. მაგრამ როდესაც ის მიდის მორწმუნეთა შესაკრებელში, ანუ ეკლესიაში, სადაც მისნაირი ბევრია და ყველას გააჩნია თავისი აზრი, ინტერესი და გარკვეული პრიორიტეტი, კონკრეტული კანონები, რომელიც მოაწესრიგებდნენ ამ მრავალგვაროვნებას და ჩააყენებდნენ ერთი მიმართულების კალაპოტში, უბრალოდ აუცილებელია.

მოკლედ რომ ვთქვათ, საზოგადოდ სავალდებულო კანონები საჭიროა იქ, სადაც ჩნდება საზოგადოება, სადაც უკვე საჭიროა მის წევრებს განესაზღვროს კონკრეტული უფლებები და მოვალეობები, რათა თავიდან იქნას აცილებული ქაოსი და უწესივრობანი.

გარდა ამისა, კანონები განამტკიცებენ ეკლესიის იმ თავდაპირველ სახეს, რომელიც გაჩნდა სულთმოფენობის დღეს, და რომელიც უცვალებელია ნებისმიერ სახელმწიფოში, კულტურასა და საზოგადოებრივ ფორმაციაში. ეკლესია ყოველთვის და ყველა დროს ერთი და იგივეა: ასეთ იყო ის I საუკუნეში, მსოფლიო კრებათა ეპოქაში და გვიანდელ ბიზანტიაში, ასეთი იყო გუშინ და ასეთია დღესაც. სწორედ კანონები იცავენ ეკლესიის უცვალებლობას საუკუნეების განმავლობაში.

განა სახარებაში სადმე უსწავლებია ქრისტეს რაიმე განწესებების დაცვა?

რა თქმა უნდა, უსწავლებია. ქრისტიანული ცხოვრების ზოგიერთი ნორმა უფალმა პირდაპირ სახარებაშივე მოგვცა. მაგალითად, არსებობს კანონები, რომლებიც არეგულირებენ ნათლისღების საიდუმლოს შესრულებას. და სახარებაში ქრისტე ამ ნორმას პირდაპირ აწესებს: "მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით;  ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ" (მათე 28:19-20).

აქ ჩვენ ვხედავთ ნათლისღების ფორმულას - "სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა", - რომელიც დღესაც წარმოითქმება ამ საიდუმლოს შესრულების დროს. გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ჯერ უნდა ასწავლო, შემდეგ კი მონათლო. აი, სწორედ აქედან იღებს სათავეს ნათლობისწინა კათაკმევლობის (კატეხიზაციის) ინსტიტუტი, როდესაც მღვდელი ან კატეხიზატორი დეტალურად უნდა უხსნიდეს ეკლესიაში მოსულ და ნათლობის მოსურნე ადამიანს ქრისტიანული რწმენისა და ღვთისმოსაობის საფუძვლებს.

გარდა ამისა, უფალმა იესუ ქრისტემ ერთქორწინება (ერთცოლიანობა ან ერთქმრიანობა) ნორმად დააწესა (მათე 19:4-9). სწორედ მისი სიტყვების საფუძველზე განავითარა ეკლესიამ თავისი სწავლება ქორწინების საიდუმლოზე. მაგრამ ოდნავ შეამსუბუქა სახარების "სიმკაცრე", სადაც, როგორც ცნობილია, ნათქვამი: "ვინც გაეყრება თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც განაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს" (მათე 19"9). ეკლესია, რომელიც გაგებით ეკიდება ადამიანურ უძლურებას და ესმის, რომ ყველას არ შეუძლია იტვირთოს მარტოობის მძიმე უღელი, გარკვეულ ვითარებათა გათვალისწინებით მეორედ და მესამედ ქორწინების უფლებას იძლევა.

მაგრამ, არსებობენ სხვა კანონებიც, რომლებიც პირდაპირ ახალი აღთქმიდან არ არის აღებული. სულიწმიდით გაბრძნობილი ეკლესია გამოდის, როგორც ქრისტეს სჯულმდებლობის გამგრძელებელი, ის აფართოვებს და აზუსტებს თავის სამართლებრივ ნორმებს. ამასთან, გავიმეორებ, თვით ეს დეტალიზაცია და მთლიანობაში ეკლესიის სჯულმდებლობითი საქმიანობა ეფუძნება იმ პრინციპებს, რომლებიც მაცხოვრის მიერ გვებოძა სახარებაში.

როგორი კანონები არსებობენ? და რას არეგულირებენ ისინი?

საეკლესიო კანონი ძალზედ ბევრია. შესაძლებელია მათი დაყოფა სხვადასხვა დიდ ჯგუფებად. არსებობს, მაგალითად, ეკლესიის მართვისა და ადმინისტრაციული წესრიგის დამარეგულირებელი კანონები. არსებობს "დისციპლინარული" კანონები, რომლებიც მორწმუნეთა ცხოვრებისა და კლერიკოსთა მსახურების პირობებს არეგულირებენ.

არსებობენ დოგმატური ხასიათის კანონები, რომლებიც გმობენ მწვალებლობებს. არის კანონები, რომლებიც აწესრიგებენ ეკლესიის ტერიტორიულ მართვას. ეს კანონები განსაზღვრავენ უმაღლეს ეპისკოპოსთა - მიტროპოლიტთა, არქიეპისკოპოსთა და პატრიარქთა უფლება-მოვალეობებს, ისინი განსაზღვრავენ ასევე კრებათა ჩატარების რეგულარობას და ა. შ.

ყველა კანონი მთელი მისი მრავალგვარობიდან გამომდინარე ჩამოყალიბებულ იქნა საეკლესიო ისტორიის პირველ ათასწლეულში, და ზოგიერთი მათგანი გარკვეული თვალსაზრისით მოძველდა. მაგრამ ეკლესია ამ ძველ კანონებს მაინც პატივს მიაგებს და ძალიან დეტალურად სწავლობს, რადგან მსოფლიო კრებათა უნიკალური ეპოქა წარმოადგენს ერთგვარ ეტალონსა და ნიმუშს მომდევნო საუკუნეთათვის.

ჩვენს დროებაში, მართალია, ზოგიერთი ამ ძველი ნორმიდან ქცევის პირდაპირი წესები არ გადმოგვაქვს, მაგრამ მათი სულისკვეთება და პრინციპები მაინც რჩება, რათა განახლებულ ვარიანტში დავაწესოთ ისეთი ნორმები, რომლებიც ძველი საუკუნეების სულისკვეთების შესაბამისი იქნება და დღევანდელი დღის მოთხოვნილებასაც უპასუხებს.

როდესაც ერთი მოქალაქე კანონს არღვევს, სასამართლო მას დასჯის. მაგრამ, როგორ ხდება ეკლესიაში? გათვალისწინებულია თუ არა სასჯელი ამა თუ იმ საეკლესიო კანონის დარღვევისთვის?

თუკი ვილაპარაკებთ საეკლესიო სამართალზე, რომელიც არეგულირებს ქრისტიანის ღვთივსათნო ცხოვრებას, კანონიკური სანქციები უპირველეს ყოვლისა დამნაშავე ადამიანს ართმევენ უმთავრესს - ქრისტესთან თანაზიარობას ევქარისტიის საიდუმლოში. ეს შურსძიება კი არ არის ან დასჯა, ამ სიტყვის ფართე მნიშვნელობით, არამედ "თერაპევტული" ზომა, რომელიც გამიზნულია იმისკენ, რათა განკურნოს ესა თუ ის სულიერი სნეულება. მაგრამ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი და არსებითია გაკეთდეს დამატება: ამა თუ იმ საეკლესიო სასჯელის გამოყენების საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სულიერი მოძღვარი ან, თუ უფრო მაღალ დონეს ავიღბთ, ეპისკოპოსი. ამასთან ყოველი შემთხვევა ცალკე განიხილება, და კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე ესა თუ ის გადაწყვეტილება მიიღება.

ამგვარად, საეკლესიო კანონები უფრო წააგავენ წამლებს, ვიდრე კანონებს. კანონი უფრო ფორმალურად მოქმედებს, სჯულმდებელი და აღმასრულებელი ხელისუფლება დამოუკიდებელნი უნდა იყოს.

ამ აზრით, ის, ვინც კანონს იყენებს (ეპისკოპოსი ან მღვდელი) უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც იქცევა კარგი და ყურადღებიანი ექიმი. ხომ არ დაიწყებს მკურნალი ახალი პრეპარატებით თავისი პაციენტის წამებას, თუკი ადრე დანიშნულმა წამლებმა მასზე დადებითად იმოქმედა! მაგრამ, თუკი მკურნალობას ვერ მოაქვს სასურველი შედეგი, მაშინ ექიმი სხვა პრეპარატების გამოყენებას დაიწყებს მანამ, სანამ პაციენტი არ გამოჯანმრთელდება. და თუკი მედიცინაში მკურნალობის წარმატებულობის მაჩვენებელი პაციენტის გამოჯანმრთელებაა, ეპისკოპოსისა და სულიერი მოძღვრისთვის მსგავს დასტურს მორწმუნის გულწრფელი სინანული წარმოადგენს.

საკუთრივ, ეს არის სწორედ ის, რისთვისაც არსებობენ საეკლესიო სანქციები: განაწყონ ადამიანი სინანულისა და გამოსწორებისკენ, რათა შეეწიონ მას სულიერ ზრდაში, რათა მორწმუნემ, რომელსაც ეპითიმია დაედო, განიცადოს შინაგანი გარდატეხა და შეინანოს. ეს საჭიროა იმისთვის, რათა მან შეიგნოს, თუ რაოდენ განაშორებს მის მიერ ჩადენილი ცოდვა ღმრთისგან  და მოინდომოს კვლავ აღადგინოს ღმერთთან ურთიერთობა.

სად არის დაფიქსირებული საეკლესიო კანონები? არის თუ არა რაიმე კრებულები, რომლებშიც ისინი კლასიფიცირებული და წარმოდგენილია?

რა თქმა უნდა. ეკლესიამ თავისი სამართლის კლასიფიცირება დაიწყო IV ს-ის მიწურულიდან. სწორედ ამ ეპოქაში, როდესაც დასრულდა ქრისტიანთა დევნა, ჩნდება კანონთა უზარმაზარი რაოდენობა, რომელთა სისტემატიზირება და მოწესრიგება აუცილებელი იყო. ასე გაჩნდა პირველი კანონიკური კრებულები. მათგან ერთნი ჩამოყალიბდნენ ქრონოლოგიურად, სხვები - თემატურად, სამართლებრივი საგნის რეგულირების შესაბამისად. VI ს-ში გაჩნდა შერეული შინაარსის ორიგინალური კრებულები, "ნომოკანონები" (ბერძნ. სიტყვიდან "ნომოს" - იმპერატორის კანონი; "კანონი" - საეკლესიო განწესება). ისინი შეიცავდნენ, როგორც საეკლესიო, ასევე იმპერატორთა მიერ მიღებულ კანონებს, რომლებიც ეხებოდა ეკლესიას.

არსებობს ასევე ე. წ. მოციქულთა კანონებიც. თვით ქრისტეს მოწაფეებთან მათ პირდაპირი კავშირი არ გააჩნიათ და ასეთი სახელწოდება, ყველაზე სავარაუდოდ, განსაკუთრებული მნიშვნელობისა და ავტორიტეტულობის გამო მიიღეს. ეს კანონები სირიის ტერიტორიაზე, IV ს-ში გაჩნდა.

ძველი კანონების ყველაზე ცნობილ კრებულს "დიდი სჯულისკანონი" ეწოდება. მასში შესულია, როგორც "მოციქულთა" კანონები, ასევე ის კანონებიც, რომლებიც მიიღეს მსოფლიო და ადგილობრივმა კრებებმა; მათში ასევე შეტანილია ავტორიტეტულ წმიდა მამათა შეხედულებები საეკლესიო ცხოვრების სხვადასხვა პრობლემაზე.

სჭირდება თუ არა ერისკაცს საეკლესიო სამართლის ცოდნა?

მე ვფიქრობ, სჭირდება. კანონთა ცოდნა ნებისმიერ ადამიანს დაეხმარება გაიგოს, თუ როგორი უფლებები და მოვალეობები გააჩნია მას ეკლესიაში. გარდა ამისა, საეკლესიო კანონები ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც სასარგებლოა.

მაგალითად, ახალშობილი ბავშვის სიცოცხლე საფრთხეშია და საჭიროა მისი დაუყოვნებლივ მონათვლა. შეუძლია თუ არა ამისი გაკეთება თვით დედას სამშობიარო სახლში, და თუ შეუძლია (და ეს მართლაც ასეა), როგორ უნდა გააკეთოს ეს სწორად, რათა ნათლისღების საიდუმლო აღსრულებულად ჩაითვალოს? ან, დავუშვათ, თქვენ მიგიწვიეს ნათლიად. რას ნიშნავს ეს კანონიკური თვალსაზრისით, როგორი მოვალეობები გეკისრებათ ასეთ შემთხვევაში? მრავალი რთული შეკითხვა ჩნდება ქორწინების საიდუმლოსთან დაკავშირებით. მაგალითად, შეიძლება თუ არა კანონიკური თვალსაზრისით სხვაგვარადმორწმუნესთან ან სხვა რელიგიის წარმომადგენელთან დაქორწინება? და ა. შ.

ასეთ შემთხვევაში რის წაკითხვას ურჩევდით ერისკაცთ? სად შეუძლია მან გაიგოს საკუთარი ეკლესიური უფლებებისა და მოვალეობების შესახებ?

ბოლო დროს არაერთხელ გამოიცა დეკ. ვლადისლავ ციპინის საეკლესიო სამართლის შესანიშნავი კურსი; თუ გსურთ გაეცნოთ საეკლესიო კანონებს, შეგიძლიათ შეისწავლოთ ზემოთ ნახსენები "დიდი სჯულისკანონი". დღევანდელი ეკლესიების ნორმატიული აქტები გამოქვეყნებულია მათ გამოცემებში ან ოფიციალურ საიტებზე და სხვა.

წყარო: foma.ru
Назад к содержимому